მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მარხვა

 

მარხვა ეს არის თავშეკავება, ნებაყოფლობითი უარის თქმა განსაზღვრულ საკვებზე, გართობაზე - ესაა სამადლობელი მსხვერპლი, რომელსაც უფალს შევსწირავთ იმ დიდი გამომსყიდველი მსხვერპლის სანაცვლოდ, რომელიც იესო ქრისტემ ჩვენი ხსნისთვის გაიღო.

 

გაიხსენეთ, რა მდგომარეობაშია სული უხვი და ნოყიერი კვების შემდეგ, როდესაც მთელ სხეულს სიზარმაცე და მოთენთილობა მოიცავს, თავი მძიმდება, გონება იბინდება, როდსაც სულში ცხოველური ვნებების ინსტიქტი იღვიძებს, სადღაა იმის შესაძლებლობა, რომ ღმერთზე იფიქროთ, ცოდვები მოინანიოთ ან ილოცოთ?! მოყირჭებული ხორცი ადამიანის სრული ბატონ-პატრონი ხდება და კარს უღებს უწმინდურ ვნებათა მთელ სიმრავლეს. მარხვა - ესაა ჩვენზე გაბატონებული ხორცის შემმუსვრელი იარაღი, ეს ღმერთის მიერ მომადლებული შესაძლებლობაა, რომ ადამიანის სულიერი სამყარო ხორცის შეზღუდვის გზით გათავისუფლდეს. მარხვაზე, როგორც სულის ხსნის ერთ-ერთ საშუალებაზე წმიდა წერილიც მოწმობს. ქალაქ ნინევიაში გამეფებული ცოდვების გამო უფალმა ამ ქალაქის განადგურება გადაწყვიტა, როგორც ეს უყო სოდომსა და გომორს. უფალმა ნინევიაში ცნობილი წინასწარმეტყველი იონა გააგზავნა, რათა ნინევიელებისათვის თავისი გადაწყვეტილება ეცნობებინა. მაშინ ნინევიის მეფე: ...ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. გამოაცხადებინა ნინევიაში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა... არ ჭამოს... არც წყალი დალიოს... მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე... ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ! შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო. (იონ. 3. 6-10)

 

ამ მაგალითით ვხედავთ, რომ მარხვა, როგორც ცოდვების მონანიების და შემუსვრის საშუალება, ჩვენზე მოწევნულ ღმრთის რისხვას აგვარიდებს. მაგრამ ის მხოლოდ ამისთვის არ არსებობს. აი, რას ამბობს მის შესახებ წმ. იოანე კიბიაღმწერელი: „მარხვა ბუნებაზე ძალდატანებაა, უარყოფა ყველაფრისა, რაც გემოს ატკბობს; ის სხეულის მხურვალებას აცხრობს, ცბიერ ზრახვებს ამარცხებს, ბილწი სიზმრებისგან გვიხსნის, ის ლოცვის სიწმინდეა, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის შემუსვრა, ლმობიერების კარი, სიმდაბლის სულთქმა, სიხარულის მომნიჭებელი შემუსვრილება, მრავალსიტყვაობისაგან კრძალვა, უვნებლობის მიზეზი, მორჩილების დარაჯი, აღმამსუბუქებელი ძილისა, სიჯანსაღე სხეულისა, ცოდვათაგან დახსნა, ბჭე სამოთხისა და ზეციური ნეტარება“ (კიბე, სიტყვა 14, სტ. 13)

 

ერთი სიტყვით, მარხვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა სულის გადარჩენისათვის. ამასთან, მისი არსი მხოლოდ განსაზღვრული საკვებისაგან თავის შეკავებაში როდი მდგომარეობს. თუ ხორცს არ ჭამთ, მაგრამ საათობით ტელევიზორთან ხართ მიჭაჯვული და სხვადასხვა გასართობ ადგილებში დადიხართ, ეს მარხცა როდია.

 

თუ თქვენ მსუყე საჭმლისაგან და გართობისაგან თავს იკავებთ, მაგრამ სხვებს მათი დაუდევარი ცხოვრებისათვის განსჯით, ეს მით უმეტეს ვერ იქნება მარხვა.

 

მარხვა - ესაა თავშეკავება ყველაფერი იმისგან, რაც შეიძლება ღმერთსა და თქვენს შორის ჩადგეს. მარხვის დროს ქრისტიანები ინტიმური ცოლ-ქმრული ურთიერთობისაგანაც კი იკავებენ თავს, მარხვა - ეს საკუთარ თავში ჩაღრმავება და იქ უფალთან პირისპირ ყოფნაა, ეს თვითანალიზის დროა, საკუთარი ცხოვრების ყურადღებით გადახედვა, მეტ-ნაკლებად აქტიური სულიერი ღვაწლის პერიოდი, რაც ნაკლოვანებათა გამოსწორებას, ვნებათა აღმოფხვრას, სხეულისა და სულის განწმენდას ემსახურება.

 

მარხვისას ადამიანმა უმეტესი დრო ეკლესიაში ყოფნას, საშინაო ლოცვას, მოყვასის დახმარებასა და მოწყალების საქმეს უნდა დაუთმოს.

 

წმიდა მამები მარხვასა და ლოცვას უწოდება ორ ფრთას, რომლითაც ქრისტიანის სული ცად მაღლდება.

 

ეკლესიის მიერ მარხვის მთელის სისტემაა დადგენილი, რომლის დაცვისას ქრისტიანი ახერხებს, რომ სულიერი ღვაწლი წარმატებით აღასრულოს და სულიწმიდის მადლი მოიხვეჭოს.

 

ზოგი შიშობს, რომ თუ ხორცს არ შეჭამს, დაუძლურდება და შრომას ვეღარ შესძლებს. მათ შევახსენებთ, რომ ქვეყნად ყველაზე დიდ და ძლიერი ცხოველები: სპილო, ხარი და კამეჩი ბალახით იკვებებიან. ასევე ადამიანიც მარხვის დროს არა მხოლოდ ფიზიკურ ძალებს და შრომისუნარიანობას არ კარგავს, არამედ მომეტებული ცილისა და ცხიმებისაგან ორგანიზმის განწმენდის ხარჯზე სხეულში სიმსუბუქეს განიცდის, მისი გონებრივი და ფიზიკური აქტივობა შესამჩნევად უმჯობესდება.

 

უფალს ადამიანისთვის ისეთი მცნება არ დაუდია, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანი არ იქნებოდა. ჩვენს დროში ექიმები აღნიშნავენ, რომ მარხვა ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, ზოგიერთი კი, მარხვის სისტემას კვების რეჟიმის ოპტიმალურ სახედ მიიჩნევს. ორსულების, მოხუცებისა და ავადმყოფებისათვის საეკლესიო წესის მიხედვით, მარხვა რამდენადმე მსუბუქდება.

 

ანბანი მართლმადიდებლობისა, თბილისი, 2002 წ.