მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მარხვა სულის განწმენდის საშუალებაა და არა მიზანი

 

დიდი მარხვა

 

ყოველი რელიგიის მიმდევარი იმ მოძღვრებას მიჰყვება, რომელზეც თავად ეს რელიგიაა დაფუძნებული. ნებისმიერ რელიგიაში ღრმადმორწმუნეობა შესაბამისი მოძღვრების პრინციპებითა და მითითებებით ხელმძღვანელობას გულისხმობს. ასევე, თუკი ადამიანი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ არ ლოცულობს და არც მარხულობს, ის ღრმადმორწმუნეობაზე თავად ამბობს უარს. ამიტომ მარხვა თითქოსდა ერთგვარი საზომია ქრისტიანისთვის: ვინც მარხულობს, ის მორწმუნე ქრისტიანად აღიქმება. მაგრამ მარხვას მარტოოდენ გარეგნული დაცვა როდი ნიშნავს ჭეშმარიტ ქრისტიანობას. მით უმეტეს, აღნიშნული საკითხი დღევანდელ დღეს მეტ აქტუალურობას იძენს, რადგან ხშირად მარხვის გარეგნული აღსრულებით ვკმაყოფილდებით და ზოგიერთი საკვებისაგან თავშეკავება ცოცხალი რწმენის გამოხატულებად მიგვაჩნია. ამიტომ მარხვის სულიერი მნიშვნელობის უკეთესად აღქმის მიზნით მისი განვითარების მოკლე ისტორია მოვიშველიოთ.

 

 

მარხვის ზოგადი ისტორია

 

ღმერთმა პირველი მარხვა სამოთხეში დაუდგინა ადამს, რაც კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვას გულისხმობდა. ამ ერთადერთი მცნების დარღვევის შემდეგ სამოთხის გარეთ დარჩენილი კაცობრიობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ვერ ივიწყებს მარხვის მნიშვნელობას, რასაც თითქმის ყველა წარმართულ რელიგიაში არსებული მარხვის ტრადიციები ადასტურებს. მით უმეტეს, მარხვის მნიშვნელობა არ დაკარგულა თავად ღვთისგან დამწყსილ ერში - ებრაელებში.

 

თავად მარხვას დღევანდელობასთან შედარებით განსხვავებული სახე ჰქონდა. რაიმე სახის საკვების მიღებისგან კი არ იკავებდნენ თავს, არამედ დროის გარკვეული პერიოდი საერთოდ არ იკვებებოდნენ. მარხვის ხანგრძლივობა ძირითადად ერთ დღით განისაზღვრებოდა.

 

ძველ აღთქმაში გვხვდება სამდღიანი, შვიდდღიანი და განსაკუთრებულ შემთხვევებში ორმოცდღიანი მარხვები, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანები არაფერს იხმევდნენ, მხოლოდ წყალს სვამდნენ. ამის მაგალითს მოსე სჯულისმდებელი და ილია წინასწარმეტყველი გვაძლევენ.

 

მარხვებს სხვადასხვა მიზეზით ინახავდნენ: ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში, განსაცდელის ჟამს ღვთისაგან წყალობის მოლოდინში და დიდი სინანულის ნიშნად.

 

მთლიანობაში ებრაული საზოგადოება ქრისტეს მოსვლისას ძირითადად ერთდღიანი მარხვებით შემოიფარგლებოდა, რასაც განსაკუთრებული და ინდივიდუალური მარხვის შემთხვევები ემატებოდა. იმ დროისათვის იუდეველთა სასულიერო წრეებში კვირაში ორდღიანი მარხვა დაწესდა. ამაზე წმინდა სახარებაში მეზვერისა და ფარისევლის იგავი მოწმობს, სადაც ფარისეველი ამბობს: „ვიმარხავ ორ გზის შაბათსა შინა“ (ლუკა 18:12), თუმცა ამგვარი მარხვა ყველასთვის სავალდებული არ იყო.

 

საინტერესოა, მარხვისადმი თავად ქრისტეს დამოკიდებულება. მანვე მარხვის უდიდეს მნიშვნელობაზე პირდაპირ მიგვანიშნა, როდესაც ის ლოცვასთან ერთად ბოროტი ძალის მარაცხების აუცილებელ პირობად წარმოაჩინა: „ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მათ. 17:21).

 

ასევე, ქრისტე მოჩვენებითად მმარხველ ფარისევლებს ამხელს და ჭეშმარიტი მარხვის საზომს გვიდგენს: „და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაითა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამინ გეტყვით თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა სენსა და დაიბანე პირი შენი, რაითა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (მათ. 6:16-18).

 

აღსანიშნავია, რომ ქრისტე და მისი მოწაფეები მუდმივად არ მარხულობდნენ,რ ასაც მაცხოვარი შემდეგი მიზეზით ხსნიდა: „ვერ ხელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად“ (მარკ. 2:19). აქ მაცხოვარი სიძეს საკუთარ თავს უწოდებს, ხოლო მისი მიწიერი ცხოვრების პერიოდს საქორწინო დღესასწაულს ადარებს. ამიტომ ამ დროს მარხვა არ ეგებისო. შემდეგ მაცხოვარი ამბობს: „არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა“ (მარკ. 2:20), ამიტომ, წმიდა ეკლესია ითვალისწინებს რა მის ამ დარიგებას, სიძის ხელმეორედ მოვლის მოლოდინში მარხვას ინახავს.

 

ახალ აღთქმაში ვხედავთ, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტიანები მარხვებს ინახავენ, თუმცა თავდაპირველად, როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ იუდეური სულისკვეთება ჰქონდათ. უკვე მეორე საუკუნეში ძველ ქრისტიანულ საკანონმდებლო მოძღვრებაში - „დიდაქეში“ მარხვასთან დაკავშირებით შემდეგი განჩინება გვხვდება: „პირმოთნეთა (ფარისევლები) მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათს და ხუთშაბათს ხვდება. თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა პარასკევს“. ხოლო მოციქულთა დადგენილებებში, IV საუკუნეში, აღნიშნულ დღეებთან დაკავშირებით უკვე პირდაპირი განმარტება გვაქვს, რასაც მაცხოვრის გაცემასა და ვნებას უკავშირებენ.

 

ამავე პერიოდში ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა უკვე ყველასთვის სავალდებულო გახდა.

 

 

როგორ წარმოიშვა დიდი მარხვა

 

დღევანდელ დღეს დიდმარხვასა და ვნების კვირას ერთ მთლიანობად მოვიაზრებთ. თუმცა ეს არის წლიური ეკლესიური ციკლის ორი განსხვავებული პერიოდი. მათ შორის არის ორი არასამარხვო დღე: ლაზარეს შაბათი და ბზობის კვირა.

 

დიდმარხვისა და ვნების კვირის წარმოშობას სხვადასხვა მიზეზი გააჩნია.

 

ვნების კვირის წარმოშობა დაკავშირებულია ქრისტიანთა სურვილთან - ქრისტეს ვნების გახსენება მარხვითა და ლოცვით აღინიშნოს.

 

დიდმარხვის წარმოშობა მიეკუთვნება ნათლობისათვის განმზადებულთათვის (კათაკმეველთათვის) განკუთვნილ მოსამზადებელ პერიოდს. ორივე ეს მოვლენა აღდგომის წინ აღესრულებოდა. ვნების კვირაც და ნათლობაც აღდგომის წინა დღეებს უკავშირდება.

 

ამრიგად, დღეს ექვსი არასრული კვირა - ორმოცი დღე ვმარხულობთ, ლაზარეს შაბათისა და ბზობის კვირის გამოკლებით.

 

მოდით ვნახოთ, როგორ წარმოიშვა ეს ორი ტრადიცია. დაახლოებით მესამე საუკუნემდე ვნების კვირაში მარხვასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირი მიდგომა არსებობდა. ზოგი მიიჩნევდა, რომ მხოლოდ წინა დღე უნდა ემარხულა, ზოგი თვლიდა, რომ მხოლოდ ორი დღე, ზოგიც მთელი კვირა მარხულობდა.

 

რაც შეეხება კათაკმეველთათვის განკუთვნილ მარხვას, მას სხვა საფუძველი გააჩნია. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ძველი ტრადიციის მიხედვით, ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდების წინ მარხულობდნენ. კათაკმეველთა მიმართაც ამგვარი მოთხოვნა ვრცელდებოდა, თუმცა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრულ ორმოც დღემდე არ იყო შეთანხმება.

 

თუკი დღეს ნათლობის ყველა მსურველს მაშინვე ვნათლავთ, ძველ ეკლესიაში კათაკმეველს სურვილი ქმედებით უნდა დაემოწმებინა. ამის შესახებ მოგვთხრობს წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი II საუკუნეში. იგი ამბობს, რომ კათაკმევლებმა ლოცვითა და მარხვით ნათლობის წინ ღმერთისგან ცოდვათა შენდობა უნდა გამოითხოვონ და შემდგომ ამატებს: „ჩვენც მათთან ერთად ვლოცულობთ და ვმარხულობთ“.

 

უკვე IV საუკუნიდან ეკლესიამ კათაკმეველთა მარხვას, მაცხოვრის მაგალითისამებრ, ორმოცი დღე განესაზღვრა. მაგალითად, წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „თუკი ქრისტიანად გახდომა გსურს, მაშინ ქრისტეს მსგავსად მოიქეცი: მან, უცოდველმა, ორმოცი დღე იმარხულა, ხოლო შენ, ცოდვილს, არ გინდა მარხულობა! თავად განსაჯე, ქრისტიანი როგორ ხარ, თუკი იმ დროს მაძღრობ, როდესაც ქრისტე შენს გამო შიმშილობდა; მაშინ ტკბები, როდესაც იგი მარხულობდა“.

 

საბოლოოდ, მე-4 საუკუნის დასასრულისათვის აღდგომის წინ მარხვის დაცვის ვალდებულება მოციქულთა 69-ე კანონით ყველა მორწმუნისთვის ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა: „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი ან მგალობელი, რომელიც აღდგომის წინ წმიდა ორმოცი, ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხულოს, განკვეთილ იქნეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხორციელი უძლურება ამის საშუალებას არ აძლევს. ერისკაცი კი ასეთი ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს“.

 

თუმცა დასავლეთის ეკლესიაში დიდი მარხვა ყოველთვის და ახლაც შედარებით მსუბუქი სახით აღესრულება, ვიდრე აღმოსავლეთში.

 

რაც შეეხება თავად მარხვის შენახვის სიმძიმეს, თავდაპირველად ამ საკითხის მიმართაც არ იყო ერთგვაროვანი ტრადიცია. ზოგი ხორცის ან რძის ნაწარმის მიღებისგან იკავებდა თავს, ზოგი დღის რაღაც პერიოდი საერთოდ არ იკვებებოდა.

 

საბოლოოდ, მონასტრული ცხოვრების ჩამოყალიბებამ მარხვის წეს-განგებაზე დიდად იმოქმედა. ეს უმთავრესად მონაზვნურ ავტორიტეტთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, რუსეთის ეკლესიამ ჯერ თეოდორე სტუდიელის, ხოლო შემდეგ იერუსალიმის წესდების განჩინება შეითვისა, თუმცა ერისკაცთათვის გარკვეული შეღავათები დააწესა.

 

 

დიდი მარხვის სულიერი მნიშვნელობა

 

მარხვის შესახებ მოკლე ისტორიის გაცნობის შემდგომ გარკვეული ანალიზის ჩამოყალიბება შეგვიძლია. აღნიშნული ანალიზი სულის სარგებლობასთან მიმართებით უნდა წარმოვაჩინოთ, რადგან მარხვის გარეგნული მხარე ყველასათვის გასაგებია, თუმცა მისი მხოლოდ გარეგნულად აღსრულება ყოველგვარ სულიერი შედეგს იქნება მოკლებული.

 

უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვეობაში ადამიანები მარხვას ხშირად გაუცნობიერებლად ინახავენ, ანუ გარკვეული საკვების მიღებისაგან თავს იზღუდავენ, მაგრამ ეკლესიაში არ დადიან, ღვთისმსახურებას არ ესწრებიან და ლოცვებს არ აღასრულებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს წმინდა მამათა რჩევა, რომ მარხვა სულის გაწმენდის საშუალებაა და არა მიზანი. ამიტომ მარხვის შენახვისას ყველამ უნდა გავითვალისწინოთ აღნიშნული სწავლება და მასთან მიმართებით მართებული მიდგომა ჩამოვაყალიბოთ. ახლა სწორედ მარხვის, როგორც საშუალების, სხვადასხვა სულიერი სარგებელი წარმოვაჩინოთ.

 

პირველი სულიერი სარგებელი: როგორც მარხვის შესახებ მოკლე ისტორიამ გვიჩვენა, ის ყველა რელიგიის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათგან მხოლოდ ქრისტიანობაში გააჩნია განწმედის სახე. მაგალითად: ზოგიერთ აღმოსავლურ რელიგიაში, რეინკარნაციის მოძღვრების მიხედვით, ცოცხალი არსებები საკვებად არ გამოიყენება, რადგან მათში შეიძლება რომელიმე დიდებული პიროვნების სული იყოს ჩასახლებული. მათი მონაზვნები, თუკი შემთხვევით მწერს გასრესენ, დიდ სინანულს განიცდიან.

 

რაც შეეხება იუდეურ და ისლამისტურ მოძღვრებას, მათი მიხედვით ცხოველები წმინდად და უწმინდურად იყოფიან. თუმცა ძველი აღთქმის ეს თავდაპირველი ღვთაებრივი დადგენილება აღმზრდელობითი ხასიათისაა, რადგან პირუტყვთა გაღმერთების საშიშროება არსებობდა.

 

რაც შეეხება ქრისტიანობას, სადაც არც სულის მრავალგზის მოვლინებას აღიარებენ და არც ღმერთისგან დაბადებულ უწმინდურებას, მარხვის დაწესებას რეინკარნირებული სულის შეურაცხყოფისა და შებილწვის შიშის გამო როდი ითხოვენ. ქრიტიანისთვის მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატება და მსგავსება, ხოლო სხვა ცოცხალ არსებათაგან არაფერია უწმინდური. შესაბამისად, ქრისტიანი უნებური შიშით როდი მარხულობს, არამედ ნებაყოფლობითი თავშეკავებითა და მოთმინებით, რაც კარგად გამოჩნდა ძველ აღთქმაში: მოსე სინას მთაზე ასვლის წინ, ნინეველები უსჯულოებაში დაფლვის შემდგომ და იუდეველები ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ მარხვით ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენას ცდილობენ. ეს არის ღმერთთან შეხვედრისთვის მომზადება, როემლიც ღმერთს კი არ სჭირდება, არამედ მის სიწმინდესთან მიახლოების მოლოდინით აღსავსე ადამიანს. ახალ აღთქმაში ამგვარ შემზადებას ღმერთთან მჭიდრო ურთიერთობის გასამყარებლად, ლოცვაც დაერთვის. ასე რომ მარხვის პირველი სარგებელი სიწმინდესთან მიახლებისთვის მზადებაა, წარსული უსჯულოების უაროფა და მუდმივი ლოცვითი განწყობილების შექმნის ხელშეწყობაა.

 

მარხვის მეორე სარგებელი: თუკი ქრისტეს შემდგომი პერიოდის მარხვის შესახებ ისტორიას დავეყრდნობით, კარგად ჩანს, რომ პირველი ქრისტიანები ხანგრძლივ მარხვას კათაკმეველთა თანაგრძნობითა და მათდამი ერთსულოვნების სურვილის გამოხატვით ინახავენ, რასაც ამოწმებს წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი: „ჩვენც მათთან ერთად ვლოცულობთ და ვმარხულობთ“. თითქოს აღნიშნული გარემოება მარხვის სულიერ სარგებელზე არ მიუთითებს დ აუფრო მეტად მოყვასის მოფრთხილებითა და სარგებლობით არის გამოწვეული. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეკლესიაში ამ საყოველთაო მარხვის დადგინებამ მორწმუნეები უფრო მეტად შეაკავშირა და ერთსულოვნებაში განამტკიცა, რაც ინდივიდუალური სურვილით აღსრულებული მარხვისას ვერაფრით მოხერხდებოდა. ამიტომ დიდი მარხვის საყოველთაობამ სულთა ერთიანობა გამაპირობა.

 

მარხვის მესამე სარგებელი: უმთავრესი მიზანი და მიზეზი ღმერთისგან მარხვის დადგინებისა სწორედ სხეულის შეზღუდვის ხარჯზე სულისთვის გაძლიერებული მსახურების აღსრულებაა. ამ დროს სული უფრო მეტი წარმატებით ახერხებს გულისთქმათაგან, მავნე ჩვეულებათა და მანკიერებათაგან თავდაცვას. მარხვის აღნიშნულ სარგებელზე ძალიან მდიდარი შემოქმედება გაგვაჩნია. ამ შემთხვევაში მხოლოდ წმიდა ბასილი დიდის მოკლე რჩევით შემოვიფარგლოთ: „რამდენსაც წაართმევ სხეულს, იმდენ ძალას შემატებ სულს“.

 

ამრიგად, დიდი მარხვის დადგინების მოკლე ისტორიულმა ცნობებმა და ანალიზმა სულისთვის სათნო სამი განსხვავებული სარგებელი წარმოაჩინა: ღმერთთან შეხვედრის მოლოდინის გამო წარსული უსჯულო ცხოვრების უარყოფა და ლოცვითი განწყობილებით შემოსვა; კათაკმეველთათვის მარხვაში თანაგრძნობის შედეგად განპირობებული ქრისტიანების ერთსულოვანი მსახურება; და უმთავრესი მიზანი - სხეულის შეზღუდვის ფონზე სულისადმი გაძილერებული მსახურება.

 

იღუმენი დიონისე გვიმრაძე
ჟურნალი „კარიბჭე“, №4, 2012 წ.