მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მარიამობის მარხვა

 

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

 

მარიამობის მარხვა 1(14) აგვისტოდან იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, უცნობია აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

 

წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, IV საუკუნის ბოლოს არ სცილდება. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი ნეტარ იერონიმეს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტის ეკუთვნის. მიძინების დღესასწაულისადმია მიძღვნილი საეკლესიო საგალობლები, რომლებიც კოზმა მაიუმელსა (VII ს.) ად იოანე დამასკელს (VIII ს.) მიეკუთვნება. შემორჩენილია V საუკნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საგალობელიც.

 

საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა (უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა დაკანონდა).

 

როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიცაის არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

 

ჯერ კიდევ  მე-12 საუკუნეში კონსტანტინოპოლის ცნობილი პატრიარქი ბალსამონი სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობის შესახებ წერდა.

 

ანასტასი კესარიელის ცნობით კი, მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გამხდარა, რაც საყოველთაოდ იქცა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა (ეს დაახლოებით VI საუკუნეში, ლეონ ფილოსოფოსის მეფობის დროს მომხდარა), ე.ი. რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა.

 

უფრო ადრე ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო გახლდათ - იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვადღით შემოიფარგლება, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.

 

რაც შეეხება დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად“ დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა ყოფილა. ამ კრების შესახებ ბალსამონი წერს: „იმ დროისათვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმიდა პატრიარქმა დაამოწმა: „მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი - პირველ (15) აგვისტოს, მეორე კი თხუთმეტ (28) ნოემბერს უნდა დაიწყოს“.

 

მოამზადა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, აგვისტო, 2004 წ.