მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა დიდი მარხვა

 

ვნების შვიდეული

დიდი ხუთშაბათი

 

 

აჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთჳს შიშთჳლ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგანს სენისა, რომელმან მოძღუარსა თჳსსა ზედა ესევითარი იკადრა. არმედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ, კაცთ-მოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!

 

ღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახლისა აღთქმისა, დღეს მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისისა საქმისა და ჩვენი სჯულისა, მზგავსადვე დღევანდელი დღე იყო შევსება და დასრულება მისისა სჯულის დებისა“.

 

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

 

 

საიდუმლო სერობა

 

უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს პასექს ზეიმობდნენ. დღესასწაულის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი ერთი წლის ბატკანს ან თიკანს კლავდა, მთლიანად წვავდა და ოჯახთან ერთად შეექცეოდა. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით - გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.

 

 

სად აღესრულა საიდუმლო სერობა

 

ბეთანიიდან მომავალმა მოწაფეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეჭამათ პასექი, უფალმაც არაფერი უთხრა მათ, რათა მღვდელმთავრებთან შეთანხმებულ იუდას დროზე ადრე არ გაეცა იგი. მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა და უთხრა, რომ იერუსალიმის კარიბჭესთან კოკით მიმავალი კაცი შეხვდებოდათ. სახლში, რომელშიც იგი შევიდოდა, პატრონი მათთვის გამზადებულ ოთახს დაახვედრებდათ.

 

 

იუდას მხილება

 

საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა გვიჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ბოლომდე უნდა ვეცადოთ.

 

 

ზიარების საიდუმლო

 

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19), - შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: „სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ზიარება.

 

როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი დემონებს განაგდებს ჩვენგან და მცველად ანგელოზებს უხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიღებთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით რეალურად გარდაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის - ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი თავად უფალი იესო ქრისტეა.

 

 

ფერხთბანა

 

შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ. მორჩილება თავი და ბოლოა ყოველგვარი სათნოებისა.

 

იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.

 

ადამიანს შემოქმედისგან თავისუფალი ნება აქვს მინიჭებული, ამიტომ მაცხოვარი ცდილობს, იუდამ არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი ნებით თქვას უარი თავის განზრახვაზე. ადამიანთა გამოხსნაც თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს.

 

* * *

 

დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ  მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.

 

მოამზადა ალექსანდრე კაპანაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.

 

 

დიდ ხუთშაბათს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველი თავისი სწავლანი უმშვენიერესი და უტკბილესი სიტყვებით, რომლითაც ნუგეში სცა და გამოეთხოვა საყვარელ მოწაფეებს.

 

ამ დღეს შესრულდა უფლის სერობა, რომელშიც გარკვეული საიდუმლოა ჩადებული. მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება 7 საიდუმლო: ნათლისღება, ზიარება, მირონცხება, აღსარება, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესთაგან საიდუმლოს წარმოადგენს ზიარება.

 

„და ვითარცა ჰსჭამდეს იგინი, მიიღო იესო პური და ჰმადლობდა და განჰსტეხა, და მიჰსცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი“ (მათე 26, 27).

 

იესო ჰმადლობდა, სანამ განსტეხდა პურს. მაცხოვარი ამით გვასწავლის, რომ ჩვენც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს მუდამ. ჩვენი მადლიერება შემოქმედს არაფერს მატებს, ჩვენ კი მასთან გვაახლოებს და როდესაც ტაძარში სრულდება ჟამის წირვა (ბერძნულიდან „ეუხარისტია“), ეს ნიშნავს იმას, რომ აღვავლენთ უფლისადმი მადლობას. ეს არის განსხვავება მისი მრავალი მოწყალებისა ჩვენზე.

 

იესო ქრისტე ძველი აღთქმიდან არაფერს არ არღვევს, ის აღასრულებს. როგორც მოგეხსენებათ, ებრაელები პასექის დღესასწაულს უფლის მიერ ეგვიპტის ტყვეობიდან გამოხსნის მოსაგონებლად აღნიშნავენ ნისანის 14 რიცხვში (მარტი-აპრილი), მზის ჩასვლის შემდგომ თუმცა კი პასექის მიღება უფრო ადრეც შეიძლებოდა, განსაკუთრებით გალილეიდან მოსულთათვის. მაცხოვარი, როგორც ძველი ყველა წესის აღმსარებელი, სარგებლობს ამ წესით და სერობასაც ნისანის 13 რიცხვის ხუთშაბათს აღასრულებს, დანიშნული დროიდან ერთი დღით ადრე. ეს იმის გამო, რომ ჯვარზე დაკანონებული საპასექო სერობის დღეს უნდა მიეტანა თავი თვისი მსხვერპლად. როგორც პასექი ჭეშმარიტ ტარიგს, პურის ნაჭრებს ურიგებს მოციქულთ, რითაც სიმბოლურად განასახიერებდა აღთქმული ქვეყნის სიუხვეს, მომდინარეს რძითა და თაფლით. ხანდახან ამ ადათის შესრულებით, ოჯახის უფროსი განსაკუთრებულ კეთილმოსურნეობას გამოხატავდა მისდამი, ვისაც განტეხილ პურს აწოდებდა.

 

უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და თავი თვისი მიგვიძღვანა საგზლად. ამიტომ მუდამ უნდა ვმადლობდეთ, როგორც ჩვენს მაგიერ, ასევე ყველას მაგიერ. ამით შევძლებთ მომაკვდინებელი ცოდვის, შურის, აღმოფხვრას ჩვენში და სიყვარულის დანერგვას, ადამიანი უძლური ხდება შურდეს მისი, ვის მაგივრადაც ჰმადლობს.

 

„და მიიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მიჰსცა მათ და ჰრქუა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათე 26, 27-28).

 

უფლის სისხლი, ღირსეულად მიღებული, შორს განაგდებს ჩვენგან დემონებს და უხმობს ანგელოზთ მცველად. და როგორ ჭირდება დღეს ქვეყნიერებას ანგელოსთა მფარველობა. ჯვარზე დანთხეულმა ამ წმიდა სისხლმა განწმიდა კაცობრიობა. ეს სისხლია ჩვენი სულების მხსნელი, განმბანელი ცოდვებისაგან.

 

არსებობს მეტად საყვარელი სიტყვა - „მეგობარი“ ე.ი. ორი ან ჯგუფი მოსიყვარულე ადამიანებისა, რომლებიც იმდენად ახლო სულიერ კავშირში არიან ერთმანეთთან, რომ ფიზიკური გამოვლინებით, როგორც ხალხური ტრადიცია გადმოგვცემს, ერთი გობიდან საკვების თანაზიარნი არიან. და რაოდენ უფრო მეტად თანაზიარნი ხდებიან ქრისტიანები, როდესაც ერთი ბარძიმიდან იღებენ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდლის მიერ სული წმიდის გარდამოწვევით გარდაიქცევა რეალურ იესო ქრისტეს წმიდა სისხლად და ხორცად. წმიდა ზიარების მიღების შემდგომ უფალი იესო ქრისტე შემოდის ჩვენში და ჩვენს სხეულში დაივანებს. ვეზიარებით ქრისტეს, ვერთიანდებით ერთმანეთთან. ჭეშმარიტად ქრისტეს სხეულის (ეკლესიის) წევრები ვხდებით. რაოდენ უფრო მეტია სიყვარული ჩვენს შორის, ვიდრე ჩვეულებრივ მეგობრებს შორის. სწორედ იმისათვის განაზავა მან თავისი სხეული და შეგვირწყა, რომ შევიქმნეთ ერთნი, როგორც ერთი სხეული, რომლის თავი არის ქრისტე. ეს მხოლოდ ჩვენს მიმართ უფლის ძლიერი სიყვარულის გამო მოხდა. უფალი გვასაზრდოებს თავისი სხეულით იმისთვის, რომ შევიქმნეთ მეტად კეთილშობილნი, ჩვენთვის ზრუნავს ამ ქვეყნად და მით-უფრო იზრუნებს იმქვეყნად, მარადიულობაში. ჩვენს ტაძარში მორწმუნეთა ზიარების დროს სრულდება გალობა: „ხორცი ქრისტესი მივიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ“.

 

წმიდა ტრაპეზით გარდამოედინება სულიერი წყარო. მასზეა ხე დანერგილი, რომელიც ისხამს მარად უჭკნობ ნაყოფს. ეს წყარო ანაყოფიერებს გვალვებს, წარმოქმნილს ჩვენს სულში. ეს წყარო არის სინათლის, რომელიც გამოსცემს სხივებს ჭეშმარიტებისას, რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა უმთვრესი და უმაღლესი საიდუმლო ზიარებისა, რომელიც დააფუძნა მაცხოვარმა დღევანდელ დღეს. ეს არის საიდუმლო ჩვენი სარწმუნოებისა, რომელიც თუ სასოებით და ღირსებით იქნა მიღებული, გამოსცვლის კაცის ბუნებას. ნებისმიერ დღეს შეუძლია ადამიანს ეზიაროს, თუ სათნადოდ იქნა მომზადებული, მაგრამ არსებობს ქრისტიანული ტრადიცია ზიარებისა დიდ ხუთშაბათს. ერთ-ერთ მძიმე სასჯელად ითვლებოდა, თუ ამ დღეს ვინმეს უზიარებლად დატოვებდნენ.

 

ჩვენს ტაძრებში წმიდა ზიარების წინ ხშირია ხმაური. გავისენოთ სახარებიდან, რომ ანგელოზნი აღმატებულნი ჩვენზე, რა პატივით და მოწიწებით იდგნენ უფლის საფლავთან, სადაც უკვე აღარ ესვენა მაცხოვარი, რამეთუ აღმსდგარი იყო. ჩვენ კი, მივეახლებით რა წმიდა ტრაპეზს, სისხლსა და ხორცს უფლისა, შფოთით, განკითხვით, რა პატიებას მივიღებთ? როგორ შეგვიძლია ვეზიაროთ ამ მსხვერპლს თუ გული და გონება ჩვენი არ არის განწმენდილი, დამდაბლებული და ღია სიყვარულისა და ჭეშმარიტების დასავანებლად?

 

„და აღსდგა სერობასა მისგან და დაჰსდუა სამოსელი თვისი, და მიიღო არდაგი, და მოირტყა იგი და მიიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა“ (იოანე 13, 4-5).

 

დააწესა რა მაცხოვარმა უმთავრესი ქრისტაინული საიდუმლო ზიარებისა, დაბანა ფერხნი მოწაფეთა, მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა. იგი არ არის ამაყი ბელადი. ხალხი თავის სახელით რომ მიჰყავს, ის თავისი მოწაფეების მორჩილი მსახურია და ქვეყანაზე პირველობას, დიდებას ან თაყვანისცემას არ ეძიებს. ქრისტე ასწავლის მოციქულთ, რომ მათაც ერთმანეთს უნდა დაბანონ ფეხი. „რამეთუ სახე მიგეც თქუენ, ეგრეთ თქუენცა ჰყოფდეთ“ (იოანე 13, 5).

 

ამ დღეს ქრისტიანი უნდა იხსენებდეს განსხვავებული გრძნობით და სასოებით. ამ დღეს მაინც უნდა დაივიწყოს სოფელი და ყოველი ამაოება, განუშორებლად, სულითა და გულით უნდა იყოს მაცხოვართან და ეზიაროს მის ჯვარსა და ვნებებს.

 

იუდა, ქრისტეს მოწაფეთაგანი, ტრაპეზის მონაწილე და მიმღებელი უფლის აურაცხელი სიკეთეებისა, ხდება გამცემი, იესომ იცის მისი განზრახვა, მაგრამ პირველად მას ბანს ფერხს. უფალს უნდა ამით შეაჩეროს ბოროტ განზრახვაში, ქრისტეს შეეძლო იუდას სიბოროტის ალაგმვა, მაგრამ ადამიანს აქვს შემოქმედისაგან მინიჭებული ნების თავისუფლება, იუდას აძლევს თავისუფლებას თავისი ნებით და არა ძალდატანებით დაატოვებინოს ბოროტი გადაწყვეტილება, ასე ხდება ადამიანთა გამოხსნაც. ხოლო თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს ხსნა კაცობრიობისა და არა უფლის ძალდატანებით.

 

იესო ქრისტე ფეხს ბანს იუდას მაშინ, როდესაც იცის რომ გასცემს, მასზე ზრუნავს უკანასკნელ დღემდე. აქ ჩანს უფლის მზრუნველობა და უსაზღვრო სიყვარული ნებისმიერი ცოდვილის მიმართ. ქრისტე ფეხთბანით გვასწავლის მორჩილებას, რომელიც თავი და ბოლოა სათნოებისა. თავისი ხელით ასხამს საბანელში წყალს, სხვას კი არ ავალებს! ამით უნდა შევიმეცნოთ, რომ როდესაც ვაკეთებთ სიკეთეს, მთელი მოდომებით უნდა გავაკეთოთ.

 

იუდა ვერ ჭვრეტს ქრისტეს მოძღვრების სათნო სულს. ამჯერად კი რწმენა ქრისტეს, როგორც მესიის არაჭეშმარიტებაზე, კიდევ უფრო განუმტკიცდა. ჭეშმარიტი მესია, ფიქრობდა ის, თავს არ დაიმცირებდა მონის მოვალეობის შესრულებით. იგი მოწაფეებს ფეხს კი არ დაბანდა, არამედ როგორც მეფე მედიდურად და ამაყად წარუძღვებოდა მათ იუდეველი ხალხის განთავისუფლების აღსასრულებლად. მოძღვარმა მოწაფის ამგვარი განწყობა, ბუნებრივია, იცოდა. „შეჰსძრწუნდა სულითა, და ჰსწამა და ჰსთქუა: „ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: ვითარმედ ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე“ (იოანე 13, 21) იუდას ეძლევა სინანულის საშუალება, ქრისტეს მისი ხსნა და გადარჩენა უნდა. უფრო ადრე ეუბნება მოწაფეებს: „ერთი თქვენგანი ეშმაკი არს“ (იოანე 6, 70). ქრისტე აჩვენებს იუდას, რომ იცნობს მას, როგორც გამცემელს, მაგრამ საჯაროდ არ ამხელს. იცოდა რა ქრისტემ მისი ვერცხლისმოყვარეობია, ფულის პარვა, ყველანაირად ცდილობს, გააღვიძოს მასში სინანული (ფულის შესანახი გუადრუცი ქრისტემ მას მიაბარა). ქრისტეს მზრუნველობა იუდას მიმართ უსაზღვროა. ის თვით ყაჩაღის სულსაც მოათვინიერებდა. მაგრამ იუდა შეუკავშირდა ეშმაკს. სატანა ერთბაშად არ შემოდის ადამიანში. ის ჯერ მრავალ თავდასხმას აწყობს. შემდეგ, როდესაც ადამიანში დაინახავს მიღების მზადყოფნას, მთლიანად ჩასახლდება და დაიპყრობს მას. საშინელია ვერცხლისმოყვარეობა. ის ხურავს ადამიანის გულს, თვალსა და ყურს და პირუტყვის დონემდე დაჰყავს იგი. არ აძლევს საშუალებას სინდისზე დაფიქრებისა. ის ადამიანს ყურმოჭრილ მონად გადააქცევს. ხშირ შემთხვევაში ეს სნეულება მსოფლიოში მრავალი ომი, სისხლისღვრა, წმიდა პავლე მოციქული მასზე დამონებულს უწოდებს კერპთმსახურს.

 

ყოველ ზემოთქმულ მაგალითებს, მოქმედებებს, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სწავლას დღეს წმიდა ეკლესია გამოხატავს ლოცვებით, გალობით, რომელიც განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა ისმინოს ქრისტიანმა. გრძნობა ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მის ცხოვრებას და საქმეს. ჭკუას და გონებას ისე არ ემორჩილება კაცი, როგორც გულის წადილს. გავუხსნათ უფალს ჩვენი გულები, დავემორჩილოთ და ნუ შევეწინააღმდეგებით მას, მარად გვახსოვდეს უფლის სიტყვები: „მცნებასა ახალსა მოგცემთ თქუენ, რათა იყუარებოდეთ ურიერთას...“ (იოანე 13, 34).

 

ნატო ბოკერია
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (116), 2001 წ.