დიდი იქნება შიში და ძრწოლა და გაშმაგება, როდესაც უფალი შემოჰკრებს მიუკერძოებელ
სამსჯავროს და განიხვნება საშინელი წიგნები, სადაც ჩვენი საქმეებია ჩამოწერილი, სიტყვები
და ყველაფერი, რაც კი ჩაგვიდენია და რის დაფარვასაც ვფიქრობდით ღვთისგან, რომელიც
გამომცდელია გულთა და თირკმელთა. მაშინ თითოეულ ჩვენთაგანს მოეთხოვება რწმენის აღმსარებლობა,
მონათვლის მოვალეობა, სარწმუნოება, სუფთა ყოველგვარი მწვალებლობისგან, ბეჭედი შეუბღალავი
და კვართი შეუმწიკვლებელი... |
რაჟამს განეხმოდიან წიგნნი იგი გულთანი, და გამოსჩნდებოდიან საქმენი ყოველთანი წინაშე შენსა, და ღელე გლოვისა საშინელად გრგვინვით ოხრვიდეს და ეტყინებოდეს, და ცოდვილთა დასნი საუკუნოდ დასჯად წარისხმოდიან, სამართლად განსჯითა შენითა, და უნაყოფოდ სცრემლეოდიან. მაშინ შეგვიწყალენ ჩვენ მადიდებელნი შენნი სახიერ; და გვიჴსენ სატანჯველთაგან, მხოლოო უცოდველო.
ოხრვასა ნესტვისასა, დაცალიერდენ საფლავნი, აღსდგებოდიან მკვდარნი, და შეძრწუნდენ ყოველნი დაბადებულნი, ხოლო იხარებდენ მართალნი შვებითა, ელოდიან მისაგებელსა, რომელთა მიიხვნენ გვირგვინნი; ხოლო ცოდვილნი, მწარედ იგლოვდენ, წარსხმულნი სატანჯველსა მას საუკუნესა დაულევნელსა. მაშინ მეუფეო, ნუ მოიჴსენებ შეცოდებათა მათთა, არამედ ღირს-ჰყვენ ნაწილსა მოყვარეთა შენთასა.
რაჟამს მოხვიდე ღმერთი დიდებით ქვეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდნენ ყოველნი დაბადებულნი; მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე, და საშინელად ოხვრიდეს, წიგნნი განეხვნენ, და დაფარულნი გამოსცხადნენ; მაშინ მიჴსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა, და ღირს-მყავ მარჯვენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო.