მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა დიდი მარხვა

 

მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება

 

 

იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან. უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე. ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე. მერმე ამისა შემდგომად ჰქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად. ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა? ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს. და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა. ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი. ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს. ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა. მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა. და მე მიხარის თქვენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა. ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა.

 

და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა. ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ.  და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს.  ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა. ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან. ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე? ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ. ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა. რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა. ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით, და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე. და ცრემლოოდა იესუცა. იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი! ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა? ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ? აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე! და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.

 

მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.

იოანე 11, 1-45

 

 

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

 

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ",

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა.

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაჲ.

იოანე ზოსიმე

 

 

უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებებიდან

 

„ქართული ენა - ეს არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი.“

 

„ჩვენ ვართ იმ მიწა-წყლის შვილები, სადაც ინახება მთელი ქრისტიანობის სანუკვარი სიწმინდე - კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სადაც დაინთხა სისხლი მრავალი ათასი მოწამისა, რომელთაც თავისი სიცოცხლის ფასად დღემდე შემოგვინახეს ჩვენი ენა და რწმენა.“

 

„ჩვენი ერი ჯვარცმული ერია. ჩვენი ქვეყანა აერთებს ევროპასა და აზიას. ბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა, მოსპობა, მაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ის, რაც ყველაფერზე ძვირფასია - სული. ვერ წაგვართვა ნიჭი, ვერ წაგვართვა ჩვენი ქართული ენა... დღეს ზეციური და მიწიერი საქართველო ერთითა პირითა და ერთითა გულით მადლობას სწირავს შემოქმედს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა ჟამთა სიავის ორომტრიალში, რომელმაც შეგვინარჩუნა რწმენა, ტკბილი ენა და კულტურა.“

 

„საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა - მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს, აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვა. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები - მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯებაო. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისათვის, რომ საქართველო, თვით უკანასკნელ ჟამსაც კი, შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს.“

 

„განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ, მუსლიმანებო და ქრისტიანებო. ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმინდა მიწაში. ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები.“

 

„ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმინდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს: საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული. მათ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან თუ ქართველთა შორის დაიკარგა გრძნობა და განცდა ამ ჭეშმარიტებისა, გადამრჩენელ ბილიკს ვერასდროს მივაგნებთ.“

 

„ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ, უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი“, მთელ მსოფლიოში უსაჩინოესი „ვეფხისტყაოსანი“ და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმინდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები ჩვენს სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში. ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!“ (გრიგოლ ორბელიანი). ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს გულკეთილი შვილებს.“

 

„ჯერ კიდევ წმინდა ილია მართალი თავის პუბლიცისტურ წერილებში ებრძოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნილ ანტიქართულ ისტორიოგრაფიულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ერთიანი ქართველი ერი წარმოდგენილი იყო განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებად. აღნიშნული კამპანიის გაგრძელება იყო ის, რომ იმპერიულმა ძალებმა დაიწყეს მეგრულად და სვანურად საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა და სცადეს წირვა-ლოცვის ჩატარებაც, მაგრამ ამ კუთხის შვილებმა და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცეს.“

 

„რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა უდიდესი შინაგანი ძალა, თავისი მოწამეების, განმანათლებლების, პოეტების, მხატვრებისა და თავისი უშიშარი და თავისუფლებისმოყვარე ხალხის სახით. ერთი მთავარი წყაროთაგანი, საიდანაც ქართველები იღებდნენ სულიერ ძალებს - ესაა უძველესი და მადლიანი ქართული ენა, რომელზეც საოცრად მდიდარი ლიტერატურა შეიქმნა, ესაა ენა, რომლის შესახებ ღირსმა მამამ, იოანე ზოსიმემ, თქვა: „ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს.“

 

„არის ღირებულებანი, რომელნიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნება და ყალიბდება და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებელი სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული; მუსიკა - ყველას რომ აღაფრთოვანებს; ჩვენი ენა და მწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა; ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი. აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათ? სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ.“

 

„სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის მეცადინეობა ყოველი ჩვენგანის ვალია, რათა „ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!“ ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, პირველ ყოვლისა, ეს ეხება ქართულ ენას.

 

ძველქართული პოეზიის ბრწყინვალე ძეგლის, „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲს“, ავტორი, ღირსი მამა იოანე ზოსიმე ამბობს: „და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან“.

 

წმინდა ოთხთავის მიხედვით, ლაზარე მეგობარი იყო ქრისტესი. იგი მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა, ხოლო მის დებს, როგორც ძმის ჭირისუფლებს, სამარადისო ცხოვრება აღუთქვა. აზრი ნათელია, ღვთის ნებით, ქართული ენა მკვდრეთით აღდგენილ წმინდა ლაზარესთან არის გაიგივებული, ხოლო მას ჭირისუფლად შერაცხულია მთელი ქართველი ერი, რომელიც ვალდებულია დღენიადაგ უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს მისთვის, ვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას, მაცხოვარს ჩვენსას, იესო ქრისტეს.

 

მადლობა უფალს, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს. მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურ საქართველოს!.. ყოველი მათგანის მდიდარ ისტორიას მხოლოდ ძუნწი წარწერა გვამცნობს. დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს... გვახსოვდეს, რომ ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისთვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები, თუმცაღა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებული, დინჯი და დარბაისლური ქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებას. ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენს დიდ წინაპრებს მთელი სიღრმით შეუცვნიათ მშობლიური ენის საღვთისმეტყველო ბუნება და რელიგიური ძალისხმევა: „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა“. ღვთის შთაგონებით ასეთი განუზომელი მისია დააკისრეს ქართულ ენას ქრისტიანობის შესანიშნავდა აპოლოგეტებმა, რაიც ავალებს ყოველ ქართველს უძველეს ანბანთა - ასომთავრულისა და ნუსხურის ცოდნას... ყოველმა საშუალოსკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა-ხუცური წერა-კითხვა. ამ საშვილიშვილო საქმეში დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ ძველი ქართული ენის მასწავლებლებს.

 

დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი...

 

ვთხოვ ქართველ მორწმუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ანამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ“.

 

„ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურას, ენას ხასიათს; ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის... დონე მისი გენიის მაჩვენებელია. მაგრამ ერის სულის ყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენაა. იგია იდუმალი და აუხსნელი საუნჯე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.

 

ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისეთივე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო... გაზაფხულზე აყვავებული პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვით დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.

 

ქართული ენის უჩვეულო სილამაზეს იმთავითვე გრძნობდნენ ჩვენი მწერლები. ამიტომაც მრავალი ლექსი და საგალობელი უძღვნეს შესამკობად. მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავს საიდუმლოებით მოცული „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“; ნუ დავივიწყებთ, რომ ენას - ღვთიბოძებულს ამ საგანძურს სასოებით დაცვა და გაფრთხილება უნდა, როგორც ერთ-ერთ საწინდარს ჩვენი ბედნიერებისას.

 

ღვთივკურთხეულნო ივერნო, ძენო და ასულნო უფლისანო, დადგა ჟამი დალოცვისა; დაგბედებოდეთ ჭეშმარიტი რწმენის სიმტკიცე, ენის სიწმინდე, სულის სინათლე, მრავალშვილიანობა, უხვი და ბარაქა. მშვიდობა სუფევდეს თქვენს გულში, ოჯახსა და სამშობლოში... ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ დედობრივი კალთა, დაგიცვათ და დაგიფაროთ.“

 

მოამზადა სერგო კერესელიძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, №7, 2006 წ.

 

 

წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრებიდან

 

ერთხელ ყმაწვილი ექვთიმე მძიმედ დაავადდა. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა, მღვედლთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცვად დაემხო.

 

როცა წმიდა იოანე ეკლესიიდან სენაკში შებრუნდა, მაშინვე ეცა ნელსაცხებლის საამო სურნელი და ნახა, რომ რამდენიმე წუთის წინ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ყრმა სრულიად ჯანმრთელი იჯდა. მან მამამისს მოუთხრო, რომ სანამ ის ეკლესიაში იყო წასული, მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: „რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?“ - „მოვკუდები, დედოფალო“, - მიუგია ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი“. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული „აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა“.

 

ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთმა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“.

 

როგორც ბრძანებს კათოლიკოსი ლეონიდე ოქროპირიძე, წმინდა ექვთიმემ „გაუღვიძა ქართველს თავისი სამშობლო ენის სიყვარული. ამითი ჩაიდგა საძირკველი მეცნიერებისა... ოჰ, რა ბედნიერი, ზნეობაგანსპეტაკებული, მოქალაქეობრივად აღყვავებული, სახელგანთქმული და პატივცემული იქნებოდა ახლაც ქართველობა, რომ ყველანი ვადგეთ წმინდა ექვთიმეს გზას... ყველას ექვთიმეს გაუქრობელი ლამპარი გვენთოს გულში სამშობლო ენის სიყვარულისა...“

 

 

წმინდა ილარიონ ქართველის ცხოვრებიდან

 

IX საუკუნეში, ოლიმპოს მთაზე, მონასტრის მამასახლისმა ბრძანა, ტაძრიდან გაეძევებინათ მწირი და მომლოცველი წმინდა ილარიონ ქართველი, ვითარცა უცხო და უმეცარი ელინთა ენისა. მამასახლისმა ღამით ძილსა შინა იხილა, რომ ორმა მხედარმა წაათრია და შეიყვანა დიდ ტაძარში, სადაც ტახტრევანზე იჯდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. უფლის დედამ მრისხანედ უთხრა: „რისთვის გაყარე, საწყალობელო, დიდი მოღვაწე ილარიონი და მისი მხლებელნი და დაივიწყე ჩემი ძის მცნება - უცხოთშემწყნარებლობისა? რად დასცინი მათ მეტყველებას და რატომ ფიქრობ, რომ მხოლოდ ელინთა ენა არის შეწყნარებული ღვთისაგან? მათ ენაზე მეტყველნი მრავალნი დაემკვიდრებიან ამ მთაზე და ცხონდებიან და ვინც მათ არ შეიწყნარებს, ჩემი მტერია, რამეთუ მე მომანიჭა ძემან ჩემმან ეს ერი მათი შეურყეველი მართლმადიდებლობისათვის, რადგან იწრმუნეს ძისა ჩემისა და ნათელ იღეს“. შეშინებული მამასახლისი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ილარიონს, კადნიერებისათვის შენდობა სთხოვა და შეევედრა, დარჩენილიყო და ყოვლადწმიდა დედოფლის რისხვა აერიდებინა მისთვის.

 

 

ქართულ ენაზე ამბობენ...

 

ნიკო მარი: ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა.

 

პროფესორი რიჩარდ მეკელიანი, ქართველოლოგი: გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს.

 

ალბათ ყველას გვახსოვს კინოფილმ „ფესვების“ ფინალი, როცა მის მთავარ გმირს, ემიგრანტ ქართველს, შორეულ საფრანგეთში, სიკვდილის წინ ავიწყდება უცხო ენები და მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს. ამ ემიგრანტი ქართველის პროტოტიპი გახლდათ უცხოეთში გადახვეწილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. გრიგოლ რობაქიძე ვარლამზე მოგვითხრობს „გასაშტერებელ ამბავს იმისა, თუ რა ღრმად იყო იგი იმ ძირებში ჩაფესვილი ბავშვობიდანვე“: „სამშობლოს გარეთ მყოფს გადავიწყებული ჰქონდა ქართული. იცოდა რუსული, ინგლისური, ფრანგული. სიკვდილის ჟამს რუსულიც დავიწყებოდა, ინგლისურიც და ფრანგულიც - თურმე ქართულად იწყო ლუღლუღი. აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი“.

 

მარჯორი უორდროპი: ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას. საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა.

 

რუსი ენათმეცნიერი პ.კ. უსლერი (1816-1875): ქართული ანბანი უკლებლივ აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც საერთოდ ანბანს მოეთხოვება. იგი არის ყველაზე სრულყოფილი ანბანი ანბანთა შორის. ყოველი ბგერა გამოიხატება ცალკეული ნიშნით, ყოველი ნიშანი მუდამ ერთი და იმავე ბგერის გამომხატველია“.

 

წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე: ადამიანს მოაქვს ამ სოფლად თან სხვა საუნჯენიც, სხვა სიმდიდრენიც და ერთი სიმდიდრე ამ სიმდიდრეთა შორის არის მისი ენა. ქართული ენა - დედაენა! რამდენი დაწერილა ამ თემაზედ და ყველა ამ ნაწერებს, ცოტაოდენი გამონაკლისით, თავი რომ მოვუყაროთ და ამ სასწორზედ დავდვათ და მეორე მხარეზედ - მხოლოდ ერთი სიტყვა ამ ენის - ეს ერთი სიტყვა, თვის სიმძიმით და შინაარსით ბუმბულივით აისვრიდა ცაში ყველა ამ ნაწერებს. ტკბილი, მშვნიერი, საამური, ლამაზი, ფაქიზი, სადა, მარტივი, მდიდარი, მოხდენილი და ღმერთმა იცის, კიდევ სხვა რა სახელწოდებით იხსენიებენ ამ ჩვენს ქართულ ენას. ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი კი ამ ენას უფრო მაღალი სახელწოდებით იხსენებს. ეკლესიისთვის ეს ენა, ეს სიტყვა არის ღვთიური საწყისის: „პირველიდგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა“. ჩვენი ერისთვის სიტყვა ნიშნავს იმავე დროს აზროვნებას, რომელიც მას განარჩევს პირუტყვისაგან... ჩვენ გვაქვს სიტყვა განცდილი, გამომუშავებული, ჩვენი წინაპრის მიერი ნაფიქრი და ნააზრევი, ერის მიერ შექმნილი და ამიტომაც არის, რომ ქართული სიტყვა, 2000 წლის, დღეს ჩვენთვის ესევე გასაგებია, როგორც იყო გასაგები ამ ორი ათასი წლის წინათ.