„სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა. ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა
შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია. ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის
გატაცებების გამო. ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს. სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით. ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ
ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე. ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც
დაღუპვას სინანულის გზით გაურბის. ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით. როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის? საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ერთხელ ან კვირაში
ერთხელ, არამედ ყოვლდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება
ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი
ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე
თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას. რამდენს ვიტირებთ და ვინანებთ იმის გამო, რომ ამქვეყნად არ ვტიროდით და არ
ვინანიებდით. ხედვა თვისთა ცოდვათა და მისგან შობილი სინანული არის საქმე, რომელსაც მიწაზე
დასასრული არა აქვს. ცოდვის ხედვით იბადება განმწმედი სინანული; თანდათანობით
განწმედილი გონების თვალი იწყებს ადამიანის არსების ისეთი ნაკლოვანებებისა და
დაზიანების ხედვას, რომელსაც ადრე თავისი დაბინდული გონებით სრულებით ვერ ამჩნევდა. დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელა თავისი
მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა,
რადგან სადაც სინანულია, იქ ღვთისაგან შენდობა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის
ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან, უნდა
ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ განვწმენდთ, ესეც უფლის მადლითა და
შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ
ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმიდას: „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის
და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა“. სინანული რომ არ არსებობდეს, არც ცხონება იქნებოდა. ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, იგი კეთილ გზას ადგას და შეუძლია, ცოდვათა
მიტევების იმედი ჰქონდეს. ვიყოთ ნინეველნი და არა სოდომელნი, ვუმკურნალოთ ცოდვას, რათა ცოდვით არ
აღვესრულოთ. არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა. ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება. უფალს ისე არ განარისხებს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ
გვსურს შევიცვალოთ. ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია.
ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა,
იქნებ ახლაც, ამავე წამს. გაფრთხილდი, რათა მაშინღა არ გაგახსენდეს სინანული, როცა
სასოწარკვეთილებისთვისღა გექნება დარჩენილი დროცა და ადგილიც! ზოგჯერ, როცა ტაძარში ვდგავარ, სულს ღვთის ახლომყოფობის შეგრძნება ეუფლება.
მაშინ მე ხატების კი არა, თვით წმინდანთა გარემოცვაში ვექცევი, მსახურებაზე
ჩამოსულთ რომ აუვსიათ ტაძარი და ყოველი მხრიდან გამომცდელად შემომცქერიან. რისთვის
ავარიდო მათ მზერას თვალი, ან ბნელ კუთხეში რისთვის მივიმალო, როცა ღვთის რჩეულნი
სახეში კი არა, ჩემს გულში იყურებიან? გული კი სად დაიმალება? და ვდგავარ ასე უმწეო
და უღირსი მათი ყოვლისმხედველი მზერის წინაშე. რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელთაც გუშინ ვერც კი ვამჩნევდი,
დღეს თავიანთი სიღრმითა და სიბრძნით მაოცებენ, ისე რომ, მიჩნდება სურვილი, ზეპირად
დავისწავლო და მთელი ცხოვრება სულში ვატარო? ამის მიზეზი ჩემი გულის არამდგრადობაა.
გუშინ ის გაყინული იყო და, ამდენად, მხოლოდ მოხდენილობა და სიმკაცრე
აღაფრთოვანებდა, დღეს კი ის დნობაშეპარულ თოვლს ჰგავს და სინათლესა და სითბოს
შეჰხარის. მაინც, რა ხდება ჩემი გულის სიღრმეში, სადაც ვერც ჩემი მზერა, ვერც ჩემი
გონება ვერ წვდება? იქ, ისევე, როგორც კამარაზე ამობრწყინდება და ჩაესვენება მზე,
ყოველდღიურად იბადება და კვდება სინანული. შევედ საკუთარ (თავში) გულში, მოიკრიბე მაცხოვნებელი გულის სიტყვანი და მით ეცადე განფიცხებული გულის დამსხვრევას... მოიგონე მოწყალება ღვთისა და დაირცხვინე... მოიგონე მართლმსაჯულება მისი და შეძრწუნდი... ნუ გადაიჩეხები სასოწარკვეთილების უფსკრულში... ნუ გაურბიხარ ღმერთს: რამეთუ სად გაექცევი მას? უფალი, რომელიც მზადაა დაგსაჯოს, მიგითითებს თავშესაფარზე - სინანულზე... ხსნის ერთი კარი ჰქონდა წარღვნას - კარი კიდობნისა, ერთი კარი აქვს ცოდვათაგან წარღვნასაც, - სინანულის კარი... შეხედე - ყველამ გაიარა ეს კარი: მონანულმა ავაზაკმა, ზაქემ, მეძავმა დედაკაცმა, ქრისტეს უარმყოფელმა პეტრემ, ქრისტეანეთა მდევნელმა პავლემ... მივედ შენც და დადექ მეზვერესთან, მხმობელი ხმითა მისითა: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას! სინანული ის მომენტია, როცა განახლებული ძალით და ხელახლა უნდა დავფიქრდეთ
ცხოვრებასა და საკუთარ თავზე. ცხოვრებაზე - როგორი ჩაიფიქრა ის უფალმა ჩვენთვის, და
საკუთარ თავზე - როგორი ცხოვრება შევქმენით ჩვენ. სინანული სწორედ იმაში
მდგომარეობს, რომ ერთგვარად შევაფასოთ განსხვავება უფლის მიერ ჩაფიქრებულსა და
ჩვენს მიერ განხორციელებულს შორის; ჩვენთვის მოცემულსა და ჩვენს მიერ გამოყენებულს
შორის, შესრულებულსა და შეუსრულებელს შორის. |