უნდა იცხოვრო არა „იოალად“, არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის,
შესაძლო დაძაბვით. ვხარჯავთ რა მაქსიმალურ ძალებს, ჩვენ როდი „ვითანგავთ“ თავს,
არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას. ჩვენ ან მოწყენით ვიყურებით წარსულში, ან მომავალს ველოდებით, თითქოს სწორედ მაშინ
უნდა დაიწყოს ნამდვილი ცხოვრება. აწმყო კი, ანუ ის, რაცაა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრება,
სწორედ ამ უნაყოფო დინებასა და ოცნებებში გადის. თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმასზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას. გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი. სიკვდილი არ მოგვიცდის, სანამ ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით. იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შინ, არამედ იმაზე,
რომ შენც მალე შეუერთდები მას. როცა დასაძინებლად მოემზადები, გაიხსენე სიკვდილი, რომლის
სახე და წინკარია ძილი. სიკვდილი საშინელებაა ადამიანისათვის, მაგრამ მორწმუნეს არ ეშინია, როგორც
მფრინავ არსებებს არ ეშინიათ უფსკრულებისა და დაცემის. თუ შესაძლებელია, განუწყვეტლივ ვიგონებდეთ სიკვდილს, რამეთუ ამ ხსენებისაგან იბადება
განშორება ამქვეყნიური ამაო საზრუნავისაგან და განუწყვეტელი ლოცვა, მიუკერძოებლობა
სხეულისადმი და სიძულვილი ცოდვისადმი და სიმართლე რომ ვთქვათ, თითქმის, ყველა ცოცხალი
და ქმედითი სათნოება მისგან იღებს სათავეს. ამიტომაც, თუკი შესაძლებელია, ამას
ვიქმოდეთ ისევე განუწყვეტლივ, როგორი განუწყვეტელიცაა სუნთქვა. ამ ცხოვრების დასასრულს, ვფიქრობ, უსამართლოდ უწოდებენ სიკვდილს, არამედ უფრო
სწორი იქნება სიკვდილისაგან თავდახსნა ვუწოდოთ, ხრწნილებისაგან განთავისუფლება,
მონობის დასასრული, მღელვარებათა შეწყვეტა, ბრძოლათა აღკვეცა, წყვდიადიდან გამოსვლა,
მოსვენება შრომათაგან, თავშეფარება სირცხვილისაგან, გაქცევა ვნებათაგან და საზოგადოდ
რომ ვთქვათ – იგია სამანი ყოველთა ბოროტებათა... შეუპოვრად იბრძოდნენ რა წმინდანები
ამა სოფელთან და ხორცთან და აქედან მომდინარე ყველა ბოროტებასთან... დაუზიანებლად
შეინარჩუნეს ღირსება საკუთარი სულისა. შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან. ამაოდ ევედრება დავით მეფე უფალს, აუწყოს დღენი ცხოვრებისა მისისანი. ყოვლადსახიერი
და ყოვლადბრძენი განგება არ გვაძლევს ამ საშიშ ცოდნას, რათა უკანასკნელი დღის არცოდნით
სასოწარკვეთილებისაგან იხსნას ისინი, ვინც მასში აღმოჩნდებოდნენ თუ რომ სცოდნოდათ
თავისი აღსასრული და, მეორეს მხრივ, ზედმეტი თვითდაჯერებულობისაგან ათავისუფლებს
იმათ, ვინც შორეულად მიიჩნევდნენ თავისი სიკვდილის დღეს – თითოეულ მათგან კი აიძულებს
იფხიზლოს და დაუზარელად აღასრულოს თავისი მოვალეობა. |