მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ
წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას
პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.
ვისთვისაც ცნობილია ანგელოზებრივი სახის დიდი ღირსება, ის სხვა წოდებას არ
ესწრაფვის, თუ ნამდვილი მონაზონი გახდები, სულიერი სიხარული გექნება, როგორც
მიწაზე, ასევე ცაში. როცა მონაზონი ქრისტეს გულისათვის უარს ამბობს ადამიანების ნახვაზე, მაშინ ის
ხედავს მრავალ ადამიანს და ღვთაბრივი სახით ლოცვით შეეწევა მათ იმ საქმეებში,
რომელთა შესრულება ადამიანური საშუალებებით შეუძლებელია. მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ
დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა
ადამიანებს. ათონელი წმინდა მამები, ისე როგორც ჩვენ, ადამიანები იყვნენ, ათონი კი, როგორც
სხვა მთები, იყო ველური მთა, მაგრამ რადგან ჩვენი მამები მოშურნეობით იღვწოდნენ,
თვითონაც განიწმინდნენ და მთაც განწმინდეს. ასე რომ, მას ახალ წმინდა მთა ეწოდება,
ჩვენ კი თავს ვიწონებთ იმით, რომ მთაწმინდელები ვართ. მონაზონი წუთისოფლიდან შორს მიდის არა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა სძულს, არამედ
იმიტომ, რომ უყვარს და ამ გზით შეუძლია უფრო მეტად დაეხმაროს ლოცვებით იმ
საქმეებში, რომელთა აღსრულებაც ადამიანთა ძალისხმევით შეუძლებელია და მხოლოდ
ღმერთის ჩარევით აღესრულება. ასე მოდის ღმერთისგან ქვეყნის ხსნა. მონაზვნები - დედა ეკლესიის „რადისტები“ არიან და, ცხადია, თუ ამა სოფლისგან
შორს მიდიან, ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებენ; ისინი „რადიოხარვეზებს“ გაურბიან,
რომ უკეთესი კავშირი იქონიონ უფალთან და ქვეყანას უფრო გამოადგნენ. მონოზვნები, რომლებიც ადამიანთა სულების ხსნით არიან დაინტერესებულნი, უფრო
სიყვარულუხვი მამები არიან, ვიდრე ხორციელი მშობლები და უფრო მეტი შვილი ჰყავთ,
ვიდრე ყველაზე მრავალშვილიან მამას, რამეთუ ყველა საღმრთო ქმნილებას ისინი თავიანთ
შვილებად და ძმებად მიიჩნევენ და თანაგრძნობით ლოცულობენ, რომ თითოეულმა მათგანმა
თავის დანიშნულებას მიაღწიოს - ღმერთთან მიახლოებას. მშობლებმა ხელი არ უნდა შეუშალონ თავიანთ შვილებს, როცა მათ ღმერთი
მონოზვნობისაკენ უხმობს, რამეთუ ეს მისია უაღრესად დიდია და იმაზე მეტია, რასაც
თვითონ სწირავენ ღმერთს საკუთარი მისიით. ერისკაცები გარკვეულ დროს დადიან
ეკლესიაში და ღმერთს დიდი ან პატარა სანთლის დანთებას აღუთქვამენ. მონოზონი კი
ყოველღამ ფხიზლობს ეკლესიაში და მთლიანად საკუთარი თავი აღუთქვა ღმერთს; მისი
სიყვარულით არის ანთებული, მას ადიდებს და მადლობას სწირავს როგორც თავისთვის,
ასევე მთელი ერისთვისაც. სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე
წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები
იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი
მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად. ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო -
სინანულის ცრემლები. |