მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მამათა გამონათქვამები

 

სულიერ მოძღვარზე

 

 

სულიერი მამობა ესაა სხვათა უბედურებათაგან შეიკრიბო საკუთარი მწუხარებანი
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი



თუ მოძღვარი უღირსად ცხოვრობს და იმას არა იქმს, რასაც ასწავლის, შენ არ მისცემ უფალს პასუხს ამისთვის. შენ რაჲ, თუ ის ცუდად ცხოვრობს? იგი თვით მისცემს პასუხს და დაისჯება. მოძღვარი ისეთივე სუსტია, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი და ამიტომ არცაა გასაკვირი, თუ სცოდავს, როგორც ადამიანი. ამისთვის გმართებს მისთვის ლოცვა, რათა გამოსწორდეს; ეს ყველას სარგებლობას მოუტანს. თუ სწორად ასწავლის და შეუფერებლად ცხოვრობს, შეხედე – უსმინე მოძრვრებს და ნუ მიბაძავ მათ, თუ ცუდად ცხოვრობენ. ასე ურჩია ქრისტემ მწიგნობრებსა და ფარისევლებზე: ყოველსა უკვე რაოდენსა გვეტყოდიას თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვიან და არა ყვიან (მათე 23, 2-3)
ტიხონ ზადონელი



მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე. მაშ, ილოცე, რათა მოძღვარი იყოს ბრძენი და კეთილი, და ქრისტეს სამწყსოც იქნება კეთილწარმატებული.
ტიხონ ზადონელი



ნუთუ შენ უარყოფ და უპატიოდ გაისტუმრებ მეფის მიერ მოგზავნილ მსახურს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ძველი, ჭუჭყიანი შესამოსელი აცვია და დიდებული ეტლით არ მოსულა შენთან, არამედ ფეხშიშველი გამოგცხადებია და ასე მოურთმევია შენთვის ხელმწიფის წერილი, მისი ანდერძი, რომლითაც მეფე მთელს თავის სამეფოსა და სამკვიდრებელს სწორედ შენ გიანდერძებს?! ნუთუ ყოველივე ამაზე უარს იტყვი მხოლოდ იმის გამო, რომ მეფის მსახური არ მოგეწონება და უღირსად მიიჩნევ მას?! რა თქმა უნდა, ასე არ იქმ, მეტიც, დიდის პატივითაც მიიღებ უაღრესი სიხარულის მომტან მსახურს, და სწორიც იქნები. ხოლო თუ ასე არ მოიქცევი, იცოდე, რომ მეფის უდიდესი რისხვა დაგატყდება თავს და სასტიკად დაგსჯის! თუ ასეა ქვეყნიური მეფის გამო, რატომ უგულებელსყოფ ზეციური მეუფის ანდერძს, მომადლებულს შენთვის, რომელშიც იგი თავის ძედ, მემკვიდრედ გაცხადებს და ზეციურ სამარადისო სამეფოს გაძლევს სამემკვიდროდ დაუსრულებელი საუკუნეებისათვის, და უგულებელსჰყოფ იმის გამო, რომ მისი მსახური უღირსად ჩაცმული და უდიერი გეჩვენება! განა იქნება ამაზე მეტი უგუნურება?!...
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი



ჩვენ მოძღვრებისაგან გაცილებით მეტად ვართ დავალებულები, ვიდრე ჩვენი ხორციელი მამებისაგან, რომლებიც ჩვენ ამ ქვეყნისა და ამ ქვეყანასთან ერთად საცხოვრებელად გვაჩენენ, ხოლო ისინი კი - ზეცისა და ღმერთთან ერთად მარადიული ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი



მღვდელბს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი.
წმ. ნილოს სინელი



თუკი არ იცი მღვდელი ღირსია თუ არა მღვდლობის ხარისხის, ნუ მოიძულებ მას. ქრისტეს მცნების გამო როგორც ოქროს ვერ მოაკლებს ბრწყინვალებას ჭუჭყი, კიდევაც რომ დაფაროს იგი, როგორც სუფთა მარგალიტს ვერაფერს ავნებს უსუფთაო და უკეთური საგნების შეხება, ამის მსგავსად მღვდლობა არ იბილწება ადამიანისაგან, კიდეც რომ არ ყოფილიყო ის მღვდლობის ღირსი ხარისხის მიღების დროს.
წმ. ეფრემ ასური



ღმრთის წყალობა ისეთი არაა, რომ მღვდლის სათნოებებზე იყოს დამოკიდებული.
წმ. იოანე ოქროპირი



როდესაც მრევლი ზოგიერთ მოძღვარს ხედავს, რომელიც თავისი საქციელით არ შეესაბამება თავის ხარისხის ღირსებას, შფოთდება და ორჭოფობს, არის კი ნამდვილად ღმრთისმსახურება ის, რასაც ეს მოძღვრები ასრულებენ? ასეთი ერისკაცების დასამშვიდებლად და სანუგეშოდ წმიდა იოანე ოქროპირის ნათქვამს მოვიტანთ: „მღვდელი მხოლოდ პირს აღებს, დანარჩენს კი ღმერთი აღასრულებს“ - ჭეშმარიტია წმიდა ოქროპირის შენიშვნა! მთესველი ხანდახან ჭუჭყიანი ხელით თესავს მარცვალს, მაგრამ ამის მიუხედავად ღმრთის კურთხევით მინდვრები მდიდარ მოსავალს იძლევა.
ნოვგოროდის ეპისკოპოსი იაკობი



წმიდა მოძღვრება არ კარგავს თავის სიწმიდეს იმით, რომ ცოდვილი ბაგეებით იქადაგება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი



როდესაც სასარგებლო სიტყვა გესმის, ნუ განსჯი მას, ვისგანაც გესმის, რომ არ მოიკლო სასარგებლო სწავლება.
აბბა თალასე