სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ. როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი
მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ
ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი. ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ
ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს. რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული,
ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს. ცოდვები შეიძულე და არა ცოდვილი. ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული იმაში მდგომარეობს, რომ თავი შეიკავოს
სამართლიანი შურისძიებისგანაც კი და იგი ღმერთს მიანდოს. „ჩემი არს შურისმიგებაჲ და
მე მივაგო - იტყვის უფალი“ (რომ. 12, 19). მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და
განარისხო თავად ღმერთი. რაც უფრო მეტად სცოდავს ვინმე ჩვენს წინაშე, მით მეტად უნდა ვესწრაფვოდეთ მასთან
შერიგებას, რადგან ამისათვის უფრო მეტი ცოდვა მიგვეტევება. მტერსაც უნდა შეურიგდე, თუკი იგი მშვიდობას გთხოვს. რადგან ვინც სხვას არ
შეუნდობს, მას ვერ აცდება ღვთის სასჯელი. შენდობის მიუცემლობით სხვას იმდენად ვერ ავნებ, როგორც საკუთარ თავს. ნუ იტყვი: „მტერს სამაგიეროს მივუზღავ“, რადგან ზეცაში გყავს მართლმსაჯული. ვინც საკუთარი თავის გამო შურს თვითონ იძიებს, იგი თითქოს ღმერთს განიკითხავს
სამართლიანობის უქონლობის გამო. მოწყალების მრავალი სახე არსებობს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან
საკუთარი ცოდვების შენდობა მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მთავარი უფლის სახელით
მიტევებაა. წყენა კი არ არის უბედურება, არამედ ის, რომ იგი სიძულვილს გვიჩენს მის მიმართ,
ვინც გვაწყენინა და ჩვენი გულისთვის ნაცნობი ხდება სიძულვილის, ბოროტებისა და
შურისძიების გრძნობა. მოყვასს წყენისათვის სანაცვლოს ნუ მიაგებ, არამედ მიუტევე, რამეთუ თვითონ
საჭიროებ მიტევებას უფლისაგან. ვისაც სურს, მოვალეს მკაცრად მოჰკითხოს, ახსოვდეს, რომ თვითონაც ღმერთის
მოვალეა. წყენის მიტევება უცილობელი პირობაა იმისა, რომ ღვთისაგან საკუთარი ცოდვებისთვის
შენდობა მივიღოთ, შეუძლებელია მეორე პირველის გარეშე. „ნუ განიკითხავთ და არა
განიკითხნეთ“ (ლუკ. 6, 37) - ბრძანებს უფალი. მიუტევე მოყვასს ასი ლეპტა, რათა უფალმა ტალანტების გროვა მოგიეტვოს. თუ მოყვასმა ძალიან გაწყენინა, რაც მეტს შეუნდობ, მით მეტად შენდობილი იქნები
ღმერთისგან. დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე - იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე. ძლიერი ქარი ღრუბლებს გადაყრის, ბოროტების ხსომა კი კეთილ გრძნობებს განდევნის
სულიდან. მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება. თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები...
ღმერთი არ მიგიღებს. |