რამდენადაც ჩვენ მარხვა არ დავიცავით, განგდებული ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ,
რათა დავბრუნდეთ. მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა. ერიდეთ მარხვა საჭმლისგან უბრალო თავშეკავებით განსაზღვროთ. ისინი, ვინც საჭმლისაგან
იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია
არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას. აკრძალვანი, რომელშიც მარხვის დადგენილების შედეგად მოექცევა ჩვენი სხეული არარაობაა
იმ სულიერ სარგებლობასთან, რომელიც შეუძლია მოგვიტანოს მარხვამ. სჯულში წერია, რომ ღმერთმა ისრაელის შვილებს უბრძანა, თავისი მონაგებიდან მეათედი
შეეწირათ ღვთისათვის. მოციქულებმა კი განსაჯეს და გადაწყვიტეს, ყოველ ქრისტიანს თავისი
ცხოვრების წლებიდან შეეწირა მეათედი – წმიდა დიდმარხვის სახით. ღმერთმა ეს წმინდა
დღეები იმისთვის მოგვცა, რომ ვინც ეცდება და ყურადღებითა და სიმდაბლისმოყვარეობით
იზრუნებს თავის სულზე და შეინანებს, მიეტეოს ყველა ცოდვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში
ჩაუდენია. ეცადე ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა. ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს
და ხორცს აპოხიერებს, უსარგებლოა მისი მარხვა. როგორც დასაბამი ნაყოფისა არის ყვავილი, ისე დასაბამი მოღვაწეობისა არის მარხვა. რომელიც სძლევს მუცელს, იგი მოაუძლურებს ვნებას, და რომელიც ჭამისაგან იძლევა, იგი
აღაღორძინებს ბოროტ გულისთქმას. გარდამოცემა მარხვის შესახებ ისეთივე ძველია, როგორც თვით სამყარო. პირველი მცნება,
რომელიც ადამიანს უფლისგან მიეცა, მარხვის შესახებ მცნება იყო. სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება. გადამეტებული საკვები სხეულს მეტისმეტად გადატვირთულ ხომალდს ამსგავსებს, რომელიც
ტალღების მცირეოდენ მოძრაობაზეც კი ფსკერზე ეშვება. დაიმორჩილე სტომაქი, სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ. საზრდელის მიღება შეზღუდე მაშინ, როცა კიდევ მცირედის მიღება
გსურს. სხეულს იმდენი საკვები მიაწოდე, რამდენიც სჭირდება და დღეში
სამჯერ რომ ჭამო, არ გავნებს. მშვინვიერ მარხვაზე ნუ წუხარ, ის არაფერს წარმოადგენს
სულიერი მარხვის გარეშე. მარხვის შემსუბუქება საეკლესიო კანონების მიხედვით
უძლურთათვის დასაშვებია, და ეს სამართლიანია, რადგან უძლურება თავისთავად
გულისხმობს იმ მდგომარეობას (ანუ გრძნობების მოთოკვასა და ხორციელი ვნებების
უმოქმედობას), რის მისაღწევადაც საჭიროა მარხვა. აქედან გამომდინარე, უძლურებაში
მყოფისთვის მარხვით ხორცის დაოკება კი არ არის საჭირო, არამედ უძლური სხეულის
კვებითა და მკურნალობით გაძლიერება, სულის მსახურებისათვის სრულიად უვარგისი რომ არ
გახდეს. არცერთ ჭამისმოყვარულ და მძიმე ცხოველს არ შეუძლია ისეთი სწრაფი სირბილი, როგორც მცირედმჭამელ ირემს: ამის მსგავსად გემოთმოყვარე შეუძლებელია ისეთი აქტიური და ღვაწლისმოყვარე იყოს, როგორც მმარხველი. რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო
მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება. გაიხსენე, რომ სამოთხეში ადამი შენზე ნაკლები სრულყოფილი არ
ყოფილა. წარმოიდგინა, რომ მარხვის გარეშეც შეიძლებოდა ცხოვრება და რა გამოვიდა?
ლოთი შუა სოდომში ცხოვრობდა და სათნოებებით იყო განთქმული. სოდომსგარეთ კი მარხვა
შეწყვიტა და რა მოხდა. მარხვა და ლოცვა განუყრელნი არიან. დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა,
რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“
მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია
და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ
მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო.
რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის
ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა
ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს. |