|
"ადამიანებისაგან ხშირად გვსმენია - "უფლის მწამს, მაგრამ მღვდლის არა"-ო და საშინელი არგუმენტები მოჰყავთ. თუკი ასეთ ადამიანებს ღვთისმსახურის არ სწამთ, რომელსაც თვალით ხედავენ, უფლისას როგორ ირწმუნებენ, როცა მას ვერ ხედავენ, განა ამით შეურაცხყოფას არ აყენებს მას?" "მოძღვრის სიტყვას უდიდესი ზემოქმედება აქვს მორწმუნეთა გულებზე, და, იმისდა მიხედვით, ჯეროვნად წარემართება იგი თუ უჯეროდ, თემის აღშენებაც შეუძლია და დაქცევაც" "ჩვენ მეტად ვართ დავალებულნი სულიერ მწყემსთაგან, ვიდრე ხორციელ მშობელთაგან, რადგან ესენი გვშობენ ქვეყნისათვის და ქვეყანაში ცხოვრებისათვის, ხოლო მოძღვარნი ზეცისათვის და ღმერთთან საუკუნო ცხოვრებიდათვის". "მორჩილება მოძღვრისა თავისებური მოწამეობაა" "შენი შრომა კურთხევის გარეშე ფუჭია" "უცხოს განკითხვაზე საშიში საკუთარი მოძღვრის განკითხვაა. მაშინ თვით ღმერთს განიკითხავ" „მოძღვარმა გითხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა გითხრა, ბაგენი მოძღვრისა - ბაგენია ქრისტესი. თუ იმას განსჯი, რაც მოძღვარმა გითხრა, მაშინ მორჩილი კი არა, კონტროლიორი ხარ მოძღვრის“ „წყარო მშვიდობისა, წყარო მადლისა, წყარო ცხონებისა, წყარო სამოთხისა - შენი მოძღვარია“ "მოძღვარი ჩვენი სულების ცოდვისგან ყველაზე დაზიანებულ მხარეებს ხედავს და მოთმინებით მკურნალობს". წმ. იოანე სინელი: "როგორც ცხვარს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს მწყემსს, ასევე უბრალო სულის ადამიანი წინააღმდეგობას არ უწევს წინამძღვარს და მისდევს მოძღვარს ყველგან, სადაც იგი ისურვებს და რომც დაკლან, წინააღმდეგობას ვერ გასწევს". "შენი რწმენა და სიყვარული სულიერი მამისადმი აზრობრივად აუწყე ღმერთს და უფალი უხილავად ამცნობს მას ამ სიყვარულის შესახებ, მასაც ამავე გრძნობით აღავსებს შენ მიმართ და კეთილად განაწყობს" "წმინდა ანატოლი ოპტელი ამბობს: "სულიერი მამის თანხმობის გარეშე ათქმას და კანონებს ნუ დაიდებ. კურთხევით აღსრულებული ერთი მეტანია უფრო მეტ სარგებელს მოგიტანს, ვიდრე ათჯერ თვითნებურად მუხლის მოდრეკა". წმინდა ილარიონ ოპტელი კი გვასწავლის: "გახსოვდეს, სჯობს მოწაფის მოწაფე იყო, ვიდრე მიენდო საკუთარ ნებას და გონებას. ღირსი იოსები ოცდაათი წელი მორჩილებდა წმინდა ამბროსი ოპტელს, მაგრამ მაინც ასე იტყოდა: აბა, რა ვარ ჩემი სულიერი მამის გარეშე? არაფერი!" „წმინდა ბარსანოფი ოპტელი წერს: „სულიერი მამა-შვილის ურთიერთობაში მთავარი მოწაფის რწმენაა. თუ იგი მოძღვარს რწმენით ეკითხება, მაშინ უფალი მისი რწმენისაებრ მოძღვრის საშუალებით უმჟღავნებს მას თავის ნებას“. იოანე ოქროპირი: "ვისაც ქრისტე უყვარს, მას მღვდელიც უყვარს, როგორიც არ უნდა იყოს ის, რადგან მათი მეოხებით გახდით საშინელი საიდუმლოებების ღირსი" "ვინც შეურაცხყოფს მღვდელს, ის ღვთის შეურაცხყოფამდეც მივა" "სამღვდელოება (ყველანაირ) ხელისუფლებაზე უპირატესია იმდენად, რამდენადაც სული უპირატესია სხეულზე" "მღვდლები ჩვენთვის სწორედ ისინი არიან, რომელთაც დაეკისრათ ჩვენი სულიერი შობა და ხელახალი აღორძინება ნათლობით; მათი მეოხებით ჩვენ ვიმოსებით ქრისტეთი და ვიმარხებით ღვთის ძესთან ერთად და ამ ნეტარი მეუფების წევრები ვხდებით. არა მხოლოდ უნდა გვეშინოდეს მათი უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფალთა და მეფეების, არამედ მეტად უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ ვიდრე მამებს, რომლებმაც ჩვენ გაგვაჩინეს ამ ქვეყანაზე, ხოლო ისინი (მღვდელნი) არიან ჩვენი ღვთისგან შობის, ნეტარი ყოფის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მადლიანი შვილობის მიზეზი". წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "ვისაც სწამს, რომ მოძღვრის ხელშია მისი სიკვდილ-სიცოცხლე, ის არასოდეს გაუწევს წინააღმდეგობას მოძღვარს. სწორედ უმეცრება ბადებს სიტყვის შებრუნების სურვილს, რაც ხდება მიზეზი სულიერი და საუკუნო სიკვდილისა". “ის, ვინც სიტყვას შეუბრუნებს თავის სულიერ მამას, ეშმაკებს ახარებს, ხოლო ის, ვინც სიკვდილამდე მორჩილებს მას, თვით ანგელოზებს განაცვიფრებს. რამეთუ ასეთი ადამიანი ღვთის საქმეს სჩადის ძე ღვთისას მსგავსად, რომელიც თავისი მამისადმი მორჩილებას სიკვდილამდე, ჯვარცმამდეც კი აღასრულებდა“. ანდრია კრიტელი: "მღვდლისთვის უმთავრესია, იცოდეს მღვდლობა, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. მღვდელს მღვდლობა მიანიჭებს საღვთო ნათელს, მღვდელს ისე არაფერი ეხმარება, როგორც მღვდლობის ცოდნა" დეკ. გიორგი სხირტლაძე: "თუ ღმერთს აწყენინებთ, სულიერი მოძღვრის ლოცვა ღმერთთან შეგარიგებთ, მაგრამ მოძღვრის განაწყენების შემთხვევაში ღმერთთან ვინღა გვიშუამდგომლებს?" მეუფე იობი: “მოძღვარი თუ მლოცველი და სულიერი ადამიანი იქნება, მრევლი ცხრა მთის იქიდანაც მოვა მასთან“. ღირსი მაკარი ოპტელი: "ცხვრები მწყემსს არ ასამართლებენ, როგორიც უნდა იყოს ის. მღვდლის განკითხვა ნიშნავს, რომ თვითონ ქრისტე განიკითხო. ფრთხილად ამისგან". ღირსი ანტონი: "აღთქმასა და კანონებს ნუ იტვირთავთ თქვენით, მოძღვრის კურთხევის გარეშე, რომლის რჩევით ერთი მეტანიაც კი მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე თვითნებური ათასი" წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "სულიერი მამობა ესაა სხვათა უბედურებათაგან შეიკრიბო საკუთარი მწუხარებანი". "ყოველთა ძღვნეთაგან უმჯობესია სულიერი მამის შეგონებანი". "უპირატესი ადგილი მიანიჭე ღმერთს, შემდეგ კი მოძღვარს, მიწიერ ქრისტეს, შენი ცხოვრების წინამძღოლს. ფრთებასხმულმა იჩქარე მისკენ, დაემორჩილე უსიტყვოდ, იხარე მასთან ერთად, როცა ზევით აღემართები და დაემორჩილე დაცემისას, რომ შიშით შეპყრობილი, ისევ მაღლა აღემართო". წმ. გრიგოლ დიალოღოსი: "დიდი უგუნურება იქნებოდა, კაცი მღვდლობას აპირებდეს და წარმოდგენა არ ჰქონდეს მღვდლობაზე, რომელიც ხელოვნებათა შორის ხელოვნებაა" ილია II: "ყოველი მოძღვარი მოწამეა" "უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელიც ადამიანია, თავისი ადამიანური სისუსტეებითა და უძლურებით, უნდა გვახსოვდეს, რომ მას ბოროტი ძალა უფრო ძლიერ ებრძვის, რათა დაამციროს, დაამდაბლოს და ამით მრევლის რწმენა შეარყიოს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთი მიზეზით, სხვები არ უნდა შეურაცხვყოთ. განა შეიძლება იუდა ისკარიოტელის გამო უგულებელვყოთ ღვაწლი სხვა მოციქულებისა, რომელთაც თავიანთი წმინდა ცხოვრებითა და მოწამებრივი აღსასრულით დიდების გვირგივინი მოიპოვეს?!" არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): "ჩვენ ხომ აზრადაც არ მოგვდის განვიკითხოთ სასტიკი ბრძოლის ავანგარდში მყოფი ჯარისკაცები, რაგინდ სუსტები და ცუდად გაწვრთნილებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ან რა ცოდვები და ნაკლოვანებებიც არ უნდა ჰქონდეთ, ყველაფერს მივუტევებთ, რაკიღა საშინელ ომში არიან ჩაბმულნი. იგივე ითქმის მღვდლებზეც - მათი ხარისხი მეტად რთული და საპასუხისმგებლოა" "მღვდელმსახურებს განსაკუთრებით ძლიერი განსაცდელები აქვთ, მათთან საბრძოლველად დემონი ყველაზე გამოცდილ და ბოროტების ხელოვნებაში ყველაზე გაწაფულ დაცემულ სულებს აგზავნის, ამიტომ ზოგიერთი მღვდლად ხელდასხმის შემდეგ ისეთ ცოდვებში ვარდება, რომელთა არსებობა მანამდე არც კი გაეგო. ჩვენ ვხედავთ მათ ცოდვებს, რადგნაც მღვდლები გამოსაჩენ ადგილას დგანან, მათთან მებრძოლი დემონები კი ყველასათვის უხილავნი არიან". "მოძღვარი შინაგანად უნდა იყოს მკაცრი; მაშინ მისი ერთი შეხედვაც კი ადამიანს შიშს მოგვრის, შიშს არა მოძღვრისას, არამედ საკუთარი ცუდი საქციელისას" "როცა სულიერი მამა შენთან კი არა, სხვა შვილთან საუბრობს და ამ დროს შენ სიხარულს განიცდი იმის გამო, რომ იგი მადლსა და ხსნის საშუალებას გადასცემს სხვა ადამიანებს, მაშინ მოძღვარი ნამდვილად სულიერად გიყვარს. ხოლო თუ ამ დროს ღიზიანდები, წყენას ან შურს, თუნდაც შინაგანად დაფარულს, საკუთარი თავისაგან შემდეგი სიტყვებით: "როგორი უნამუსო ადამიანები არიან, ჩემს სულიერ მამას აწუხებენ, შეიძლება ის დაავადდეს ასეთი დაძაბულობით" და ასე შემდეგ, მაშინ იცოდე, რომ მასთან სულიერი კი არა, მშვინვიერი მიჯაჭვულობა გაქვს". "მამა ეფრემ კატუნაკელი (+1998) მოგვითხრობს: ვინმე მოძღვარს პირველშეწირულის წირვა უნდა შეესრულებინა. ნელ-ნელა ანთებდა კანდელებს და ტაძარს ამზადებდა, რადგან ათონის მთაზე პირველშეწირულის წირვა შუადღისას სრულდება. მისი მოხუცი მოძღვარი კი აჩქარებდა: მიდი, მამაო, სწრაფად დაიწყეო. მაგრამ მღვდელმონაზონი არ ჩქარობდა. და ამ დროს მას მაცხოვრის ხატიდან მოესმა ქრისტეს ხმა: "იჩქარე, მამაო, შენი მოძღვარი მშიერიაო". "შენი მოძღვრის დალოცვა მთელი სამყაროს ლოცვაზე შეუდარებლად დიდია. გამოითხოვე კურთხევა მოძღვრისგან? მაშინ ნუღარაფრის გეშინია. ჩვენ, მოძღვრები, ეგებ ზოგჯერ ვცდებოდეთ, მაგრამ თუ თქვენ მორჩილად აღასრულებთ კურთხევას, საქმე ავის მაგივრად კეთილად შემოგიბრუნდებათ. ვინც მორჩილებს თავის მოძღვარს, ბაძავს ქრისტეს, რომელიც მორჩილი იყო ზეციური მამისა, ხოლო ღმერთი აკურთხებს თავის მიმბაძველს." სქემმღვდელმონაზონი ექვთიმე (ბერაძე): "ლოცვა-კურთხევის შეუსრულებლობა პირდაპირ ეშმაკის ხახაში ჩავარდნაა" "- როცა ლოცვა-კურთხევას იძლევა, მოძღვარი პირჯვარს გარდასახავს. ამას როგორ ახსნით? - ზოგჯერ ადამიანი ვერ გამოდის გარკვეული ცოდვიდან. მაგალითად, სიგარეტის მოწევისგან, ამის გამო შეიძლება გაუჭირდეს აღსარებაზე მისვლა. მოძღვარი მასზე ბოძებული მადლით პირჯვარს გადასახავს, რომ მადლი გარდამოვიდეს მასზე და შეძლოს ამა თუ იმ ვნების დაძლევა" მღვდელი დავით ოქრუაშვილი: "როდესაც ადამიანი სულიერ სამყაროს გადაგიშლის და ისეთ ცოდვას გაგიმხელს, რომელსაც ზოგჯერ თავის თავთანაც ხმამაღლა ვერ აღიარებს, ის შენთვის ძალიან ახლობელი ხდება, რადგან მის სულიერ სიღრმეებს შეეხე და თუ ეს არ მოხდა, ე.ი. მოძღვარს არ აქვს გულისხმიერება". წმ. იოანე კრონშტადტელი: "ჩვენი საქმე - ადამიანთა ცხონებისთვის ზრუნვა - ფრიად დიდებული და საპატიოა. მთლიანად უნდა მივეცეთ ამ საქმეს და არ ვიფიქროთ არც ფულზე, არც საჭმელსა და ტანსაცმელზე. ვისთვისაც ჩვენ ვიღწვით, მათთვის გაწეული ფასდაუდებელი შრომის გამო უნდა დაგვაჯილდოონ თავიანთი ქონებიდან და ეს არასოდეს დაგვაყვედრონ, უკეთუ სულიერი დავთესეთ მათ შორის, დიდი რამე იქნება, თუ მათგან ხორციელს მოვიმკით. ჩვენ მათი უკვდავი სულების საუკუნო ცხონებისთვის ვმუშაკობთ და ამისთვის ვიღებთ წარმავალ, ხრწნად ნივთებს: ფულს, საჭმელს და ტანსაცმელს". „შენ აღასრულებ უდიდეს და უწმინდეს საქმეს დედამიწაზე. ნუ დაივიწყებ, ნუ გაზარმაცდები, რომ არ მოიწიოს შენზე ზეციური წყევლა. უფალი შურისმგებელი ღმერთია“. „ქრისტეს მსახური ისე უნდა მოიქცეს, რომ მას ხალხი გუნდად დასდევდეს ისე, როგორც ქრისტეს მისდევდა, ანუ მღვდელმა სიტყვით და საქმით უნდა მიიზიდოს მრევლი“. „თქვენი ცხოვრება სამწყსოს სიკეთეს უნდა მიუძღვნათ, ისევე როგორც მშობლები უძღვნიან შვილების კეთილდღეობას“ „ილოცე მათზე [სამწსოზე], მხურვალედ ილოცე, ისე როგორც ლოცულობ მაშინ, როცა თავს ფიქრების მგელი გესხმის“. „მღვდელი, რომელიც სამწყსოსთვის ლოცულობს, ყველანაირად უნდა ეცადოს თავისი ლოცვით მრევლს მლოცველის სული შთაბეროს და ამისთვის სულიწმინდას ევედროს“. "ამბობენ ხოლმე: ის მთელი სულით მსახურებს, გალობს სულიერად, კითხულობს მთელი სულით, საუბრისას სულიდან ამოთქვამს. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც მსახურებს, გალობს, კითხულობს, საუბრობს უსულოდ - თითქოს მარტო ხორცით (სხეულით). საცოდავო სულო, დაცემულო სულო! ხორციელი ვნებებით დამარხულო სულო! როდისღა გათავისუფლები". "ყოველი ღვთისმსახურებისას ანდა საეკლესიო წესის შესრულებისას, შინ, ანდა ქუჩაში უთხარი საკუთარ თავს: მე ახლა მიცქერს ზეცათა მეუფე, ყოვლადწმინდა დედაი მისი, ზეციური მხედრობა (ისინი ხომ ყოველთვის გვხედავენ - არამატერიალურ გონებათაგან კედლები ვერ დაგვფარავენ) და ყოველნი წმინდანი, შეეცადე, რაც შეიძლება წმინდად მოიქცე და რა რაც შეიძლება ფრთხილად" "როცა რაიმე საეკლესიო ლოცვას ხმამაღლა უკითხავ ხალხს, უღირსად ჩათვალე თავი, იმეორებ ღვთის წმინდანთა აღმონათქვამს, წმინდას და დიდებულს" წმ. აბბა დოროთე: "როცა კაცი, რაც არ სურს, იმას აკეთებს მოძღვრის სიტყვისამებრ, ეს ჯვარცმად შეერაცხება" წმ. გაბრიელ ბერი: "თუ ცოდვილია მღვდელი, წესის აღსრულებისას უხილავი თოკებით არის შეკრული და წმინდა ანგელოზები ასრულებენ საიდუმლოს. მღვდელი მაშინ არის მღვდელი, როცა თვითონ ასრულებს საიდუმლოს". "მკაცრი სიტყვით მიმართავს მწყემის იმ ცხვრებს, რომლებიც სიზარმაცის ან ნაყროვანების გამო ჩამორჩნენ ფარას, რადგან ესეც კეთილი მწყემსის თვისებაა". "ჭეშმარიტ მოძღვარს სიყვარული გიჩვენებს, რადგანაც სიყვარულის გამო იტვირთა ჯვარცმა უდიდესმა მწყემსმა". "ჭეშმარიტი მასწავლებელი ისაა, ვინც ღთისგან უშუალოდ მიიღო სულიერი გონების წიგნი, ჩაიბეჭდა გონებაში და სხვა წიგნები არ სჭიდება. როცა სულიერი მკურნალი ასეთ სიბრძნეს ღვთისგან შეიცნობს, ის ამარცხებს ვნებებს, რომლის განკურნება ბევრმა ვერ შეძლო". ღირსი მაქსიმე აღმსარებელი: "შენს მოძღვარზე საყვედურს ნუ მიიღებ და ნუ წააქეზებ მას, ვინც სახელს უტეხს, რათა უფალი არ განარისხო და არ აღგხოცოს პირისაგან მიწისა". მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე): "მოძღვრის დანიშნულებაა - ადამიანი მიიყვანოს ქრისტესთან და არა საკუთარ თავთან. ამიტომაც გარკვეული საფრთხეები პიროვნული გაკერპების თუ ზედმეტად მინდობისა, იყო და არის. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტესნი ვართ". "თავიდან მორწმუნისთვის მოძღვარი დიდი ავტორიტეტია. შემდეგ მოძღვარმა, როგორც პიროვნებამ, უკან დაიხიოს და ადგილი დაუთმოს ქრისტეს". სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო): "ნათლიასთან, ნათლიმამასთან შეიძლება უბრალოდ ისაუბრო, მოძღვართან ურთიერთობისას კი ღვთის შიში უნდა გქონდეს! უნდა მიხვიდეთ მასთან კურთხევისთვის და ზედმეტი სიტყვა არ უნდა წარმოთქვათ, მაშინ გაგაძლიერებთ და განგკურნავთ კიდეც უძლურების ჟამს სულიერი სნეულებისგან მისი კურთხევა. ხედავთ, რა ძალა აქვს მოძღვრის კურთხევას, თუ მასთან კეთილმოკრძალებით მიხვალთ?" "ზოგიერთი მრისხანებას სიფიცეში ურევს. მრისხანება, გახელება, ბოღმა - ერთი და იგივეა. მაგრამ სიფიცხეა, როცა უფალს მხურვალედ ემსახურები ადამიანთა გადასარჩენად. როცა ხედავ, კაცზე ალერსიანი სიტყვა არ ჭრის, იძულებული ხარ, მკაცრად ელაპარაკო. ზოგიერთი კი ფიქრობს, მოძღვარი გაბრაზებული მესაუბრებაო. ბრაზით კი არა, გაფიცხებით. გაფიცხება კი მოყვასის გადასარჩენად მოშურნეობაა". "ასე რომ, შემინდეთ ქრისტეს გულისთვის ეს სიმკაცრე. სჯობს კაცი განაწყენდეს, ვიდრე განაწყენდეს ღმერთი, მადლი, სინდისი და მღვდლობის მადლი დავკარგოთ... დაგვიფაროს ღმერთმა! ზოგიერთი ფიქრობს: - ასეთი აღფრთოვანებული მოვედი! მოძღვარი კი ყურადღებას არ მაქცევსო. რატომ? იმიტომ, რომ სხვანაირად მოძღვარმა შეიძლება მღვდლობის მადლი დაკარგოს. მან თან უნდა გაიყოლოს ერი და არ პირიქით, ერს გაჰყვეს". "ზოგიერთებს სევდა და სასოწარკვეთა სჭირს. რადგან ადამიანებმა შესცოდეს, ღმერთი კი ამის გამო ეპიტიმიას უგზავნის, რამეთუ კაცი არ უსმენს თავის სინდისს. მოძღვარი ამბობს: "თავი შეიკავეთ ამგვარი მოქმედებისაგან". კაცი კი არც საკუთარ სინდისს უსმენს და არც მოძღვარს. და მაინც ფიქრობს: "მოძღვარი ჩემდამი ასეთი მკაცრი რად არისო?" ასე რომ, შეიძლება მოძღვარმა გაპატიოს, ღმერთმა კი არა". |