განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული,
გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის.
ფსალმუნში წერია: „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო“. სამწუხაროდ, ათასწლეულების
განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღსდგა. თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დაწუხრდები
– ღმერთზე გონიერი როდი ხარ. ნუ შეწყვეტ ლოცვას, ოდეს მაცდურმა უგრძნობელობა გულისა გამთხვიოს. სულით მშრაილ,
თუ ლოცვას განაგრძობ, ცრემლით მლოცველზე მაღლა დადგები. ლოცვა სულის სუნთქვაა. ლოცვა დამღლელი შრომა როდია. იგი შინაგანი საქმიანობაა, სულის თბილი განაზება.
ეს კია, ლოცვა მარხვასა და მღვიძარებას საჭიროებს. მარხვა ვნებებს აცხრობს, მღვიძარება
კი კლავს. ლოცვა ზეცამდე აღაფრთოვანებს ადამიანს, უგზავნის რა ზეციურთა ნიჭთა. დილის ლოცვა ადამიანისთვის იგივეა, რაც დილის ნამი
მცენარისთვის. ის, ვინც დილით საჭირო ყურადღებით ლოცულობს, მთელი დღის მანძილზე
უფრო ბედნიერი და მშვიდია. თუ გაიღვიძებ ღამით, გაიხსენე ღმერთი და ილოცე. როცა ლოცვის დროს მოვუხმობთ უფალს, მისი სახელი შემუსრავს
ყველა ვნებას, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, ეს როგორ ხდება. კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები,
უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს
ლოცვებს. ბრმის განკურნება იერიქონთან მისი დაჟინებული ლოცვის ნაყოფი იყო... მიუტევებელია სიცივე ლოცვის დროს... ილოცო - სწორედ ეს ნიშნავს იცხოვრო... ლოცვა განასხვავებს ჟინს მოთხოვნილებისაგან... ამბობენ ხოლმე, ირგვლივ მყოფნი გვიშლიანო ხელს ლოცვაში. - მაგრამ სახარება მიგვითითებს ბრმაზე, რომელსაც რისხავდნენ, აჩუმებდნენ, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა მოუხმობდა უფალს... ჩვენ ცუდად ვიცით ლოცვა, მაგრამ მაინც უნდა შევსთხოვდეთ უფალს, რათა მოვიდეს და განგვინათლოს გული... რად ისმინა უფალმა ბრმის თხოვნა, როდესაც ის ხმობდა „იესუ, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე“. ისმინა იმად, რომ ბრმის ლოცვა აღსავსე იყო არა მარტო ქრისტეს მესიანურობაში რწმენით, არამედ მისმა ლოცვამ გადალახა ყველა ის დაბრკოლება და საცთური, რაც ხალხისგან შეხვდა... ხშირად ჩვენს ლოცვით სიტყვებს წინ უსწრებენ გულისსიტყვანი, გონება სავსეა სიტყვებით, სახეებით, აზრებით, მოგონებებით, შთაბეჭდილებებით, რომელნიც ხელს გვიშლიან გონება მოვიკრიბოთ ლოცვისას... გაგვიტაცებენ ხოლმე რა გულისთქმები, ვკარგავთ იმის რწმენას და ხსოვნას, რომ უფალი დგას ჩვენს წინაშე და ისმენს ჩვენს ლოცვას... ჩვენც რომ უგულებელსვყოფდეთ ხოლმე იმ ბრმასავით გულისთქმებს და მიუხედავად ყველა იმ სიძნელისა, რაც ლოცვას ახლავს (აკი მამათა სწავლებით ეშმაკი განსაკუთრებით ებრძვის ქრისტიანს ლოცვაში) ჩვენც რომ გამუდმებით ვხმობდეთ სიღრმით გულისად: ძეო დავითისაო, შემიწყალე მე! - უფალიც არ დაახანებდა და აგვისრულებდა სათხოვარს... მაგრამ ჩვენ ლოცვა უბრალო დგომად გადაგვიქცევია და ნაყოფიც არა სჩანს... ჩვენი ლოცვები შესმენილნი არაა არა იმიტომ, რომ უფალი არ გვისმენს, არამედ იმის გამო, რომ ჩვენვე არ გვესმის ჩვენი ლოცვები... |