მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მამათა გამონათქვამები

 

ეკლესიასა და ცხონებაზე

 

 

კაცმა მღვდელს ჰკითხა: „თუ ღმერთი ყველგანაა, რატომ უნდა ვიაროთ ეკლესიაში?"
მღვდელმა უთხრა: „მთელი ატმოსფერო წყლით ივსება, მაგრამ როცა კაცს სწყურია, ის მაინც მიდის წყაროსთან ან ჭასთან დასალევად."



ჭკვიანი ადამიანი ეკლესიაში საკუთარი თავის შესაცვლელად მოდის, სულელი კი - ეკლესიის შესაცვლელად.



"ქრისტეს სხეული, ანუ ეკლესია, უბრალოდ ნაგებობა კი არა, სულიერი ორგანიზმია".



"ეკლესია არის ზეჰუმანური და ზეადამიანური დაწესებულება , სადაც "აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ვართ ქრისტე იესოში"
(გალატელთა მიმართ 3,28)



ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



"ამქვეყნიურ ეკლესიას მებრძოლი ეკლესია ეწოდება, ზეციურს კი - მოზეიმე".
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმინდა სერაფიმე საროველი



ქრისტიანმა სულის ხსნა თავის ერთადერთ, უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს, ყველაფერი დანარჩენი კი საშუალებებად ამ მიზნის მისაღწევად. ყველა ამქვეყნიური საქმე, რა მნიშვნელოვანი და დიდიც არ უნდა გვეჩვენოს, წვრილმანი საქმიანობაა. უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ყველა საქმეთა შორის ჩვენი ხსნა უნდა იყოს.
მღვდელი აბრამ ნეკრასოვი



როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი



ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმინდა ეფრემ ასური



ეკლესიაში დუმილზე: წარმოიდგინე, რომ ვიღაც, მეფის წინაშე წარდგა და ესაუბრება მას, მაგრამ მონის ძახილზე ტოვებს მეფეს და მასთან იწყებს საუბარს; ასეთია ისიც, ვინც საუბრობს და დაბნეული ხდება ღვთისმსახურების დროს".
წმინდა ეფრემ ასური



✞ ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა, - იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის. ✞
წმინდა ეფრემ ასური



ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმ. კიპრიანე კართაგენელი



ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე



ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმ. იოანე ოქროპირი



უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი



შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
წმინდა იოანე ოქროპირი



აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
წმ. იოანე ოქროპირი



ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ – ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
წმინდა იოანე ოქროპირი



ცათა სასუფეველი არ მოვა, თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცეცხლოვან გეენიაზე. მრავალი ადამიანისათვის უკვე დადგა ჯოჯოხეთი.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი



ცხონების საქმეს ვერ იქმ ქრისტეს გარეშე, ქრისტე კი ვერ იქმს შენს გარეშე.
წმინდა ფილარეტ მოსკოველი



ადამიანთა უმრავლესობა, ტაძარში დადის სიტყვით - «მომეცი». მომეცი ჯანმრთელობა, მომეცი ფინანსური კეთილდღეობა, მომეცი ოჯახი, მომეცი შვილები. ძალიან მცირედნი თუ მიდიან ტაძარში სიტყვებით: «მომიტევე, უფალო! მაპატიე, რომ ვცოდავდი. შემინდე, რომ არ მიყვარდა. მომიტევე, რომ დაგივიწყე შენ». სამწუხაროდ, უმეტესობა, ამ სიტყვებს არა და არ წარმოთქვამს. ტაძარში მრავალი წლის მანძილზე სიარულის შემთხვევაში მათ არ ესმით, რომ ტაძარში უნდა მივიდეს მონანიე ცოდვილი, მონანული სახით და არა ცრუ მართალი, რომელმაც პატივი დასდო ღმერთს, იმით, რომ ტაძარში იმყოფება...
არქიმანდრიტი კირილე (პავლოვი)



იცით რა არის ეკლესიური ცხოვრება? - უპირველეს ყოვლისა, იგი საკუთარ თავთან გამკლავების ხელოვნებაა!"
დეკანოზი დავით ციცქიშვილი



ეკლესია გვაფრთხილებს, რათა სულიერი სვლა დავიწყოთ, ერთგულების, ერთსულოვნებისა და თავდადების გრძნობა განვავითაროთ - ლოცვით, მარხვით, მორჩილებით... ამ ყველაფერმა კი უფალთან მიგვიყვანოს“.
დეკანოზი პეტრე გიორგაძე/



"საკურთხევლიდან, როგორც სამოთხიდან გამოედინება ოთხი მდინარე და ეს არის ოთხი სახარება".
წმინდა გრიგოლ მცირე



"სულიერი განადგურება შეუძლებელია ქრისტიანების, რადგანაც ჩვენ გვაქვს განცდა დაუსრულებელი სიცოცხლის ანუ მარადიულობის.
უამრავი მხედართმთავარი, იმპერატორი, ქალაქმთავარი დაეცა და განადგურდა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მაგრამ ეკლესია გადარჩა და თავის არსებობას აგრძელებს.
ნუ შეგეშინდებათ ქრისტიანებო, თუ ეკლესიის წიაღში რაიმე უსამართლობას ან უზნეობას იხილავთ, ეს იმიტომ ჩანს ასე ნათლად, რომ თეთრ წმინდა მიტკალზე წითელი ლაქა რომ დავაწვეთოთ, ის ნათლად შესამჩნევი ხდება, ვიდრე სიწმინდე და სითეთრე მიტკლისა.
ასევეა ეკლესიაშიც, ვინც უზნეოდ ცხოვრობს , როგორც მუწუკი, ისე ამჩნევია ჩვენს ეკლესიას, მაგრამ მუწუკის დასასრული მისი განკურნებაა ან სხეულიდან მოცილება.
არ განიკითხოთ, ეკლესიის ბრალი ეს არ არის, რადგანაც ეკლესია წმინდაა თავისი ბუნებით".
დეკანოზი შიო პაიჭაძე



"ტაძარში ღვთისმოშიშებით უნდა იდგე, რათა ცოდვების შემცირების ნაცვლად არ გაიმრავლო ისინი"
წმინდა იოსებ ათონელი



"როდესაც შენ ტაძარში ხარ, იცოდე, რომ უკვე ზეცაში ხარ!"
ღირსი იუსტინე პოპოვიჩი



"თუ გსურს, რომ საყდარში მისვლა უნაყოფოდ არ დარჩეს შენთვის, ესრეთ მოიქეცი: რა გუნებაზეც ხარ იმ დღეს, როდესაც მიდიხარ ტაძარში, შეგიძლია იმ გუნებითვე შეხვიდე, ესე თუ მხიარული ხარ რისგანმე, იმ დღეს შედი ტაძარში მხიარულად, მადლობა შესწირე ღმერთს, რომელმან მოგცა მხიარულება. თუ მწუხარე ხარ რისგანმე, შეიყვანე შენთან შენი მწუხარება ტაძარში, ისარგებლე მწუხარე გუნებით, მწუხარებითა და შემუსვრილი გულით ილოცე იმ დღეს. ყოველ შემთხვევაში უგრძნობელად და დაფანტული გონებით ნუ ხარ ტაძარში".
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)