რა გვმატებს სულიერ ძალებს? – გადალახული ცდუნება. არასოდეს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისთვის გარდახდე საღმრთო მცნებებს. არ არსებობს არანაირი ბოროტება, არავითარი უბედურება ან
გასაჭირი, რომელიც ცოდვაზე უფრო დამღუპველია. მკვლელი სულს და სხეულს აშორებს ერთმანეთს, ცოდვა კი
სხეულსაც ღუპავს და სულსაც. არ არსებობს დიდი და პატარა ცოდვა. დიდია თუ პატარა, ცოდვა ცოდვაა. პატარ-პატარა
ცოდვებს ჩვენთვის მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე ერთ დიდ ცოდვას, ვინაიდან პატარა ცოდვა
შეუმჩნეველია და მის გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ. დიდი ცოდვა კი „მუდამ თვალწინაა“
(ფს. 50) ტკბილია ადამიანისთვის ცოდვა, მაგრამ მწარეა მისი ნაყოფი. მომავალ ცხოვრებაში ყველა გავიგებთ ერთმანეთის შესახებ: ვინ დაისჯება და ვინ დაჯილდოვდება.
გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენი ცოდვა გაცხადდება. თუ ჩვენ ამაზე ხშირად ვიფიქრებთ,
ნაკლებად შევცოდავთ. ერიდე ადგილებს, სადაც შესაძლოა დაეცე, რაგდან, როცა ვერ ხედავ აკრძალულ ხილს, არც
ისე ძალიან გინდება იგი. იოლად დაცემას არ მიეჩვიო. რადგან ყოველი დაცემისას ხულის ზღუდე ირღვევა და მტრისათვის
შესვლა იოლდება მანამ, სანამ დამარცხებული მთლიანად ტყვეობაში არ აღმოჩნდება. არ არის ამ ქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც
საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს. ბევრად უფრო ადვილია გარეშე მტრის დამარცხება, ვიდრე
საკუთარი თავისა. ადამიანს არ ჰყავს საკუთარ თავზე უფრო დიდი მტერი. ვინც თავის გრძნობებზე მბრძანებლობს, სიმშვიდეში ატარებს
ცხოვრებას. არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძებო მშვიდობიანი კავშირი,
არამედ შენ სხეულში, შენ სულში, შენს სამშვინველში. თავიდან ცოტათი მაინც რომ დავატანოთ ძალა თავს, შემდეგ
ყველაფრის იოლად და სიხარულით კეთებას შევძლებდით. ადამიანის სული ამქვეყნად დინების საწინააღმდეგოდ მიმავალ
გემს ჰგავს: ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და თუ ძალას არ იხმარს გზის გასაგრძელებლად,
ისევ უკან წაიღებს დინება. მტკიცედ მოზღუდე გრძნობათა ორგანოები: მხედველობა, სმენა,
ყნოსვა, გემოვნება და შეხება და ქრისტეს მადლს მოიხვეჭ. ცრემლი ყველას განწმენდს ცოდვათაგან, მაგრამ ცრემლი ღვაწლით
მიიღწევა. ბოროტებით მოპოვებული ბოროტებაში იხარჯება. ვინც რითი სცოდავს, უმეტესწილად იმითი ისჯება. შეცოდა
ზაქარიამ ბაგით, ბაგითვე დაისაჯა (ლუკა 1, 20). ასეთია ღვთის სამართალი! ცოდვის მონა ადამიანს ჰგავს, რომელიც მაღალი მთიდან ჩამოდის:
თავიდან ჰორიზონტი ფართოა, ბევრი სანახაობაა თვალწინ, ბევრი ბილიკია ფეხქვეშ,
მაგრამ რაც უფრო ქვემოთ ჩამოდის, მით უფრო ვიწროვდება ჰორიზონტი, ნაკლებია
სანახაობა. ბოლოს კი ერთი ბილიკი რჩება, რომელსაც უფსკრულისკენ მიყავს იგი. დამნაშავემ, ერთი შეხედვით, რა კარგადაც არ უნდა აიცილოს
სასჯელი ჩადინილი დანაშაულისათვის, მუდამ თან ატარებს მას. გინდა, რომ უფალმა დაფაროს შენი ცოდვები? – ნუ გამოუცხადებ ადამიანებს შენს
კეთილ საქმეებს. რაც ნაკლებად თვლიან თავს ცოდვილად, მით მეტად ცოდვილნი არიან. ცოდვებში ღრმად ჩაძირულნი თავს უფლის უსაზღვრო გულმოწყალებით იმშვიდებენ. მაგრამ არ იფიქროთ, ძმებო, რომ ღვთის კაცთმოყვარება მისი არსების სიწმიდეს გადააჭარბებს, რომ ღვთის გულმოწყალება განაგდებს სამართლიანობას, რომ ღვთის მოთმინება ადამიანთა უსჯულოებასაც მოითმენს. არა, უფალი იმდენად გულმოწყალეა, რამდენადაც სამართლიანი. ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ როცა ვცოდავთ, იმას კი არ უნდა ვფიქრობდეთ,
რომ ღმერთი დაგვსჯის (იგი არავის სჯის), არამედ უნდა გვაწუხებდეს, რომ შეცოდებით
გული ვატკინეთ, ვაწყენინეთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესუს და უნდა გვეშინოდეს, რომ ამით
ჩვენ თავად ვკარგავთ მასთან ერთობის საშუალებას, რაც დამღუპველია ჩვენთვის. ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს
ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია. |