არცერთი ვნება ისე საძულველი არაა, როგორც ამპარტავნება და
არცერთი არ იმსახურებს იმდენ დაცინვას, როგორც ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარე ადამიანი ყველაზე უსამართლოა. მას არაფერი
მოუტანია თან დაბადებისას და იმდენს ზრუნავს მიწიერ საუნჯეზე, თითქოს ყველაფერს თან
წაიღებს აღსასრულისას. ოქროზე ფიქრით და ზრუნვით დაკავებულ ადამიანს არ შეუძლია
ისწაფოს ცისკენ და სურდეს მარადიული, უხრწნელი საუნჯე. მისი გული ისეა ჩაკეტილი
სიმდიდრეში, როგორც ლოკოკინა - თავის ნიჟარაში, რომელსაც არც სურვილი აქვს და არც
შესაძლებლობა, მოცილდეს მას. შეუძლებელია ერთად გიყვარდეს ვერცხლიც (ფული - მ.ბ.)
და სულიც. შეძენის სურვილი მშობლებში ხშირად ბუნების ხმას ახშობს,
ძმებში ჩხუბს იწვევს, უდაბნოებს მკვლელებით ავსებს, ზღვებს - მეკობრეებით, ქალაქებს
კი - ცილისმწამებლებით. ლითონის ჩხრიალი ვერცხლისმოყვარის სმენას იმდენა იპყრობს,
რომ ამის გამო მისი ყური უფლის სიტყვას ვეღარ ისმენს. ისმინეთ ყოველთა ვერცხლისმოყუარეთა, რომელნი შეპყრობილ ხართ სენითა იუდაისითა.
ისმინეთ და განეკრძალენით ბოროტისა ამის ვნებისაგან. უკუეთუ იგი ქრისტეს თანა იყო
და ესოდენი სწავლნი მის მიერ ასმიოდეს და მადლი სასწაულთმოქმედებისაჲ მიეღო, და
ამას ყოველსა ზედა, ვინაითგან არა ეკრძალა ვნებისა მისგან, ესევითარსა მთხრებლსა
შთავარდა, რაიმე ვყოთ ჩუენ, უმეცართა მათ, რომელნი მარადის ამის საწუთროისადა
შემსჭუალულ ვართ? შეუძლებელია ვერცხლი და სული (ღვთისა) ერთდროულად გიყვარდეს. ჯოჯოხეთი არ იტყვის „კმარა“ (იგავნი 30, 16) და მომხვეჭელი არ აღიარებს:
„საკმარისია“. ვერცხლისმოყვარესათვის სიმდიდრე იგივეა, რაც შეშლილისთვის - მახვილი. ყველა ცოდვა ადამიანთან ერთად ბერდება, მხოლოდ მომხვეჭელობა დღითიდღე
ახალგაზრდავდება. მაცხოვრის მცნება მოუხვეჭელობის შესახებ: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა
ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და
განიპარიან“ (მათე 6, 19) არა მხოლოდ მდიდრებს შეეხება, არამედ ღარიბებსაც, რადგან
ღარიბ-ღატაკიც შეიძლება თავის ერთადერთა მანეთიანთან ისე იყოს მიჯაჭვული, როგორც
მდიდარი - ათას მანეთთან. გამდიდრება გსურს? ღმერთს დაუმეგობრდი და მდიდართა შორის უმდიდრესი იქნები. ვერცხლისმოყვარეობა რაც მეტს პოულობს, მეტს ეძებს. თუკი შენ იესოს მორჩილებას შეწყვეტ და უსამართლოდ შეკრებას დაიწყებ, იუდასაებრ
დაგემართება, რომელმაც არათუ შეიკრიბა რამე, არამედ სული და ხორცი წარიწყმიდა. ვინც მატერიალურ სიმდიდრეს ფლობს, მუდამ დარდიანი და შეწუხებულია, ან ქონებას
დაკანკალებს, არავინ წამართვასო, ან სული არ წამართვანო. ასეა ძუნწი კაცი, რომელსაც
სტკივა მაგრამ მოკუმშული ხელი; მან თავისი გულიც მოკუმშა და ქვად აქცია. იმისთვის,
რომ განიკურნოს, მას ტანჯული ადამიანი უნდა შეხვდეს და შინაგანად შეძრას, მაშინ
იძულებული გახდება, თავისი მოკუმშული ხელი ნელ-ნელა გაშალოს, ქვადქცეული გულიც
მოლბება და ადამიანის გულად იქცევა, და მისთვისაც გაიხსნება სამოთხის კარი. |