შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ
სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ
და შენს საწინააღმდეგოდ. სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი, მაგრამ მოლაყბე – არც ერთი. ნუ მისცემ შენს თავს უფლებას ილაპარაკო და ჩაერიო ისეთ საქმეებში, რომელიც შენ არ
გეხება. მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ „ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშორდით“. გადაეჩვიეთ კამათს, იგი აფორიაქებს რა გულს, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს; ყოველგვარ
უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ. ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი,
როცა ის თქმას სჯობს. ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს.
რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ
აბოროტება და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო. მბრძანებლობ კუჭზე? ენაც დაიმორჩილე, რადგან როცა მეორის
მონა დარჩები, პირველისგან გათავისუფლება უსარგებლო არ იყოს. ძეო ჩემო! ნუ განამრავლებ სიტყვებს: მრავალსიტყვაობა
განაშორებს შენგან ღმერთის სულს. ძმათა კრებულში ყოფნისას შეინარჩუნე მშვიდი მდგომარეობა. თუ
რაიმეს გამო საჭიროება შეგექმნება, მიმართო მათ, თქვი ამის შესახებ მოკლედ და
თავმდაბლობით. უფალი მუდამ იცავს შენ სულს, მანამ შენ იცავ შენს ენას. არასოდეს დაიფიცო არც იმაზე, რაც საეჭვოა, და არც იმაზე, რაც
უეჭველია. ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება
- უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც „არარა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს“
(მარკოზ. 15, 5) მას, ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნურაფერს ეტყვი. ნურასოდეს ნუ ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც
აპირებ, - აღასრულე იგი ისე, რომ არ განაცხადო წინასწარ. მავნეა სიტყვა, რომელსაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს მსმენელთათვის. სიტყვა აზრის გარეგნული არსია და როგორც ცუდი აზრისაგან ითესება ჩვენს სულში ცოდვა, ასევე ცუდი სიტყვისაგან ითესება იმის სულში ცოდვა, ვინც ჩვენ გვისმენს. მრავლისმეტყველება შეაგინებს ადამიანს. ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს
საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს. სულიერ ზრდასა და მრავლისმეტყევლებას შორის - უკუპროპორციულობაა. სული წმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით. მრავალმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს. უნდა განიხილო თუ ვის ეუბნები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებლობას ღებულობს,
მაშინ ესაუბრე მას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ ისაუბრებ. მრავალმეტყველება არის საჯდომელი, რომელზედაც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება
და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. მრავალმეტყველება არის ნიშანი უგუნურებისა, კარი
ავსიტყვაობისა, წარმძღვანელი უჯერო სიცილისაკენ, მსახური სიცრუისა, ამომძირკველი
გულის სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, წინამორბედი ძილისა, გამფლანგველი
ყურადღებისა, გამანადგურებელი გულითადობისა, გაცივება წმინდა სითბოსი, შელახვა
ლოცვისა. საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზეც გააჩნია ძალაუფლება; ხოლო
მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორც საჭიროა, საკუთარი თავი. მცირედთ თუ ძალუძთ შეაკავონ წყალი კაშხალის გარეშე; და უფრო მცირედნი არიან
ისეთნი, რომელთაც ძალუძთ დაადუმონ თავაშეუკავებელი ბაგენი. იბატონე საკუთარ ენაზე და სიტყვებს ნუ განამრავლებ. უფალი მანამდე უფრთხილდება შენს სულს, ვიდრე შენ საკუთარ ენას უფრთხილდები. როგორ დავიცავთ გულს, თუკი ჩვენი ენა ღია კარს ჰგავს? სულიერ ზრდასა და მრავალმეტყველებას შორის უკუპროპორციულობაა. იოლი და
მაცდუნებელია სულიერი დაძაბულობის შეცვლა ყბედობით. ეს არის საცდური ყოველი
„მასწავლებლობისა“. ამიტომაც მანამდე, სანამ რამეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა
დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა სულიერად მას ეს ნაამბობი და მართლაც საჭიროა თუ
არა იცოდეს ეს ამბავი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო. |