მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

წმინდა წერილის წიგნთა სამწერლობო ენა;
ძველი აღთქმის წიგნების ბერძნული თარგმანები;
სეპტუაგინტის (სამოცდაათთა თარგმანის) ისტორია
არისტეოსისა და მღვდელთმთავარ ელეაზარის წერილების განხილვა.

 

„სეპტუაგინტა“- ს წარმომავლობის ისტორია

 

ძველი აღთქმის წიგნები (ძირითადი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, კანონიკური წიგნები) დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე, რომელსაც ეწოდება ივრითი (სიტყვა „ივრითი“ ითარგმენა როგორც ზედსართავი სახელი – „ებრაული“. მდედრობითი სქესის სიტყვა აქ გამოყენებულია იმიტომ, რომ არსებითი სახელი „საფა“ („ენა“, „სიტყვა“, „მეტყველება“), რომლისგანაც წარმომდგარია ხსენებული ზედსართავი სახელი, ივრითზე არის სწორედ მდედრობითი სქესი.). ამასთან, ძველი ებრაული ენა იმით არის გამორჩეული, რომ მაშინ თანხმოვნები არ იწერებოდა. ეს გარემოება კი, თავისთავად, ვითარებას საკმაოდ აძნელებდა იმ თვალსაზრისით, რომ არაებრაელისთვის ხსენებული ენით სარგებლობა თითქმის შეუძლებელი ხდებოდა, თუკი საგანგებოდ არ მოხდებოდა მისი შესწავლა. ეს გარემოება კი დიდად უშლიდა ხელს იმას, რომ არაებრაელთათვის შესაძლებელი ყოფილიყო „წმიდათა წმიდა“ წერილების გაცნობა. მართალია, წმინდა წერილის წიგნებში უდიდესი სიბრძნე იყო დაუნჯებული და, შესაბამისად, მათი წაკითხვა უმნიშვნელოვანეს საქმიანობად შეიძლებოდა მიჩნეულიყო ნებისმიერი ეროვნების ადამიანისათვის, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, თავად ძველი ებრაული ენის სირთულე ამგვარ მისწრაფებას თითქმის მიუწვდომელს ხდიდა. აქედან გამომდინარე, წმინდა წერილები, გარკვეულწილად, ჩაკეტილ და მიუწვდომელ საგანძურად რჩებოდა გარეშეთათვის (არაებრაელთათვის, ებრაული ენის არმცოდნეთათვის). ამას ერთვოდა ისიც, რომ ებრაელები მიუღებლად განიხილავდნენ შესაძლებლობას ხსენებული წიგნების სხვადასხვა ენებზე თარგმნისა, რასაც ისინი, ძირითადად, ორი მიზეზით ხსნიდნენ: ერთი მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ ებრაული ენა მათ მიერ საღვთო წარმომავლობად მიიჩნეოდა, შესაბამისად, შეუსაბამო და საკმაოდ დამცრობილი საქმე იქნებოდა ამ ენაზე შესრულებული ასევე საღვთო წარმომავლობის წერილები სხვა რომელიმე ენაზე (როგორი დიდი ისტორიის მქონეც არ უნდა ყოფილიყო) გადათარგმნილიყო.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი გაგებით ძველი ებრაულიდან წმინდა წიგნების სხვა ენაზე გადათარგმნა თავად იმ წერილების დამაკნინებელ საქმედ გაიგებოდა. ხოლო მეორე მხრივ, ეს დასაშვებადაც რომ მიჩნეულიყო, ანუ რომ დათანხმებოდნენ ებრაელები სხვა ენაზე გადათარგმნას და ეს დამაკნინებლად არ განხილულიყო, მათი თქმით, მაინც მიუღწეველი იქნებოდა, რადგან, ენის იმავე საღვთო წარმომავლობის გათვალისწინებით, შეუძლებელი აღმოჩნდებოდა ებრაულიდან სხვა ენაზე გადათარგმნა წმინდა წიგნებისა ისე, რომ ტექსტების შინაარსი არ დარღვეულიყო და არ დაკარგულიყო. ყოველივე აქედან გამომდინარე, წმინდა წიგნები (ებრაული უძველესი წიგნები) ვიდრე კონკრეტულ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის კვლავ გამოუყენებელ საგანძურად რჩებოდა.

 

ბიზანტიურის პერიოდისა და თანამედროვე ბერძნული ენის ნორმებისა და პრაქტიკის მიხედვით, მისი სახელი გამოითქმის არა პტოლემაიოსად, არამედ: პტოლემეოსად, რადგან ბერძნული αι („ალფა“ და „იოტა“ – „აი“) ხსენებულ პერიოდებში უკვე „ე“-დ ითქმის. აქედან, დაწერილობა πτολεμαιος გამოითქმის როგორც – „პტოლემეოს“. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებული მეფე ანტიკურ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც არა ბიზანტიური და თანამედროვე, არამედ კლასიკური ბერძნული ენის პერიოდი იყო (ბერძნული ენის ისტორიაში გამოიყოფა სამი დიდი ეტაპი – კლასიკური ბერძნული ენა, ბიზანტიური ბერძნული და თანამედროვე ბერძნული (არის, ასევე, მათი ქვეპერიოდები), როდესაც αι არა „ე“-დ, არამედ ჩვეულებრივ „აი“-დ გამოითქმოდა (კლასიკური ბერძნული ენისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელია ის, რომ როგორც იწერებოდა, ისე გამოითქმოდა), ამასთან, ზოგადად სახელების გაჟღერება, ძირითადად, სწორედ კლასიკური ბერძნულით უფრო მიღებულია, ამიტომ მართებულად მივიჩნიეთ ყველგან „პტოლემაიოსი“ დაგვეწერა და არა „პტოლემეოსი“ (თუმცა, კვლავ აღვნიშნავთ, ეს მხოლოდ ენობრივი საკითხია და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს).

 

პტოლემაიოს II ფილადელფოსი მეფობდა ძვ. წ. აღ.-ით 282-246 წლებში. როგორც მიიჩნევენ, სახელწოდება „ფილადელფოსი“ მან მიიღო იმის გამო, რომ უყვარდა საკუთარი და – არსინოე, რომელიც ცოლად მოიყვანა. სხვათა შორის, ისტორიის მიხედვით, ზედმეტი სახელი „ძმათმოყვარე“ ეწოდა არა მხოლოდ პტოლემაიოს II-ს, არამედ არსინოესაც, რადგან მას უყვარდა საკუთარი ძმა. ამიტომ მიიჩნევა, რომ ზედწოდება „ძმათმოყვარე“ ორივეს (და-ძმის) ეპითეტად იყო. თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაფუძნებით, შესაძლოა მსგავსი მოსაზრების არმიღებაც. იოსებ ფლავიუსი ამგვარად მოიხსენიებს მას: „ამისა შემდგომად მეფობასა ეგჳპტისასა მიმღებელმან ძმისა მოყუარემან და მპყორებლმან მისმან“ (იოსებ ფლავიოსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი, II, წიგნი XII, 2, 4-5), რაც ალბათ, გამორიცხავს დის სიყვარულიდან გამომდინარე მის მეტსახელს. ასევე, ცნობას, რომ თითქოს საკუთარი დის შეყვარებისა და ცოლად მოყვანის გამო ეწოდა პტოლემაიოსს ზედმეტი სახელი, არ ეთანხმება წმ. ეპიფანე კვიპრელის უწყება, რომლის მიხედვითაც ხსენებული მეფე ამგვარადაა შეფასებული: „აწ რაჲთა მიზეზი-ცა იგი თარგმანებისა მის გამოუცხადო ყოველთა, რომელ-იგი შემდგომად პირველისა მის პტოლემეოსისა მეორე პტოლემეოს მეფობდა ალექსანდრიას, რომელი იწოდა ძმათმოყუარე, კეთილისმოყუარე, კაცი სიბრძნისმოყუარე“ (თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეპიფანე კჳპრელ ეპისკოპოსისა, თხრობაჲ და უწყებაჲ ყოველთა მათ წიგნთა, რომელნი შეკრიბნა მეფემან პტოლემეოსის ზე, თარგმანებაჲ მათი.

 

როგორც გადმოცემა გვაუწყებს, რომელიც დაფუძნებულია იმ მოვლენების მონაწილის, არისტეოსის წერილზე, რომელიც შემოკლებით აქვს წარმოდგენილი I საუკუნის იუდეველ ისტორიკოსს – იოსებ ფლავიუსს (დაახლ. 37-100 წწ.), პტოლემაიოს ფილადელფოსმა, თავისი მეფობის მეცხრე წელს, მოინახულა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა და თავისი „წიგნის სამცველოს“ ზედამხედველისგან (ბიბლიოთეკარისგან) – დემეტრიოს ფალერევსისგან (დაახლ. ძვ. წ. აღ.-ით 350-280 წწ.) შეიტყო იქ არსებულ წიგნებთან დაკავშირებული ინფორმაცია. როგორც დემეტრიოსმა აუწყა, იმ დროს ბიბლიოთეკაში უკვე 200 ათასი წიგნი ინახებოდა და იმედოვნებდა, რომ მალე ეს რიცხვი 500 ათასამდე გაიზრდებოდა. სხვათა შორის, სწორედ ხსენებული ბიბლიოთეკარისგან შეიტყო, რომ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მოეპოვებინა იუდაური „სჯულის წიგნები“, რომლებიც ჯერჯერობით მიუწვდომელად რჩებოდა, რადგან დაწერილი იყო ბერძნებისთვის უცნობ ებრაულ ენაზე. მართალია, ებრაული ენა საკმაოდ რთული იყო, თუმცა, თუკი ბრძენი და გულუხვი მეფე ისათნოვებდა, ადვილად შეძლებდა ხსენებული წიგნების ბერძნულ ენაზე თარგმნას. ამასთან, არისტეოსმა, რომლის წერილიც გახლავთ სწორედ პირველწყარო ამ ამბებისა, მეფეს ურჩია, რომ იმისათვის, რათა იუდეველთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა, მას უნდა გაეთავისუფლებინა ეგვიპტეში მყოფი იუდეველი ტყვეები, რომელთა რიცხვიც შეადგენდა 120 ათასს. იოსებ ფლავიუსის ცნობით, დემეტრიოს ფალისევსმა, რომელიც, კვლავ აღვნიშნავთ, იყო მეფის წიგნის სამცველოს ზედამხედველი, პტოლემაიოსს ურჩია, რომ თუკი მოისურვებდა მეფის ბიბლიოთეკაში იუდეველთა „სჯულის წიგნების“ არსებობას, რომლებიც წარმართულ ენაზე (იგულისხმება ბერძნული ენა) ჯერ არ იყო გაჟღერებული, მაშინ მიეწერა იუდეველთა მღვდელთმთავრისთვის, რათა გამოეგზავნა უხუცესნი, თითო ტომიდან ექვს-ექვსი კაცი, რომლებიც სჯულში განსწავლულნი იქნებოდნენ. ხოლო თავის მხრივ მეფეს მოეწონა ეს რჩევა და ბრძანა იუდეველთა მაშინდელ მღვდელთმთავართან – ელეაზართან, წერილის გაგზავნა და, ამასთან, აუწყა, რომ ეგვიპტეში მყოფ იუდეველებს გაათავისუფლებდა და თან დიდძალი ძვირფასეულობა გაუგზავნა.

 

ხოლო საკუთრივ წერილის ტექსტი ამგვარია: „მეფე პტოლემეოს ელეაზაროს მღდელთმთავარსა, გიხაროდენ! მრავალთა სამეფოსა ჩემსა შინა დამკჳდრებულთა იუდელთა, რომელთაცა, ტყუექმნილთა სპარსთა მიერ, ოდეს მძლეობდეს, მამამან ჩემმან პატივ-სცა და რომელნიმე მჴედრობასა შინა დააწესნა უმძლავრესთა სასყიდელთათჳს, ხოლო რომელთამე, მის თანა წარსრულთა ეგჳპტედ, სამცველონი და სოფელნი და ამათი მცველობაჲ არწმუნა, რაჲთა საშინელ იყვნენ ეგჳპტელთათჳს. მთავრობასა უკუე მიმღებელმან, მე ყოველთა მიმართ კაცთმოყუარებაჲ ვიჴუმიე და უფროჲსღა შენთა მოქალაქეთა მიმართ, რომელთაგან უმეტეს ათთა ბევრთა ტყუენი მმონებელნი განუტევნე, ჩემთა საჴსართა მიერ მიმცემელმან მეუფეთა მათთჳს. ხოლო ჭაბუკნი ჰასაკითა მჴედრებრივსა რიცხუსა შინა დავაწესენ და ვიეთნიმე ჩუენ შორის მყოფნი და ჩემისა ეზოჲსა რწმუნებად შემძლებელნი ამას ვაღირსენ, მეჭუელმან შეწირვად ღმრთისა ამას ტკბილად და დიდად შესაწირავად ჩემისა მოურნეობისათჳს. მნებებელმან უკუე ამათცა მიერ მხიარულ-ყოფად ყოველსა სოფელსა შინა მყოფთა იუდელთა, ვინებე სჯულისა თქუენისა გარდათარგმანებაჲ და ნაწერთა მიერ ელლინურთა, ევრაულთაგან გარდაწერილთა, დადებაჲ წიგნის სამცველოსა ჩემსა შინა. კეთილად უკუე ქმნა, გამომრჩეველმან მამაკაცთა კეთილთამან, ექუსთა თითოეულისა ნათესავისაგან, აწღა მოხუცებულთა, წარმოვლინებაჲ, რომელნი ჟამისათჳსცა გამოცდილებით მქონებელ იყვნენ სჯულთა და შემძლებელ-იქმნენ გამოთარგმანებასა მათსა გამოწულილვით ქმნად, რამეთუ ვჰგონებ, ესენი რაჲ სრულ-იქმნენ, დიდი დიდებაჲ მოგუეტყუას ჩუენ. ხოლო წარმოვავლინენ შენდა ამათნი გამომრჩეველნი ანდრეა, მთავარი სხეულისმცველთაჲ, და არისტეოს, უპატიოსნესნი ჩემნი, რომელთა მიერ და შესაწირავნიცა აღსადებელთანი ტაძრად და სხუათა სამსხუერპლოთანი წარმოვავლინენ, ტალანტნი ვეცხლისანი ასნი. და შენ, მაუწყებელმან ჩუენმან რომელნიცა განებნენ, ჰქმნნე სახარულევანნი“.

 

როგორც პტოლემაიოსის მიერ მღვდელთმთავრისადმი მიწერილ წერილში გამოჩნდა, მეფემ თავდაპირველად აუწყა იუდეველი ტყვეების გათავისუფლების შესახებ და გაუგზავნა დიდძალი შეწირულობანი, რომლებიც აღნუსხული აქვს, ასევე, იოსებ ფლავიუსს . შემდეგ უკვე თავისი სურვილის შესახებაც შეატყობინა და უთხრა, რომ გაეგზავნა ალექსანდრიაში სწავლული უხუცესები, რომლებიც სჯულში გამოცდილნი იქნებოდნენ და, ასევე, შემძლენი იმისა, რომ ზედმიწევნით („გამოწულილვით“) კარგად გადაეთარგმნათ ებრაულიდან ბერძნულ ენაზე იუდაური წმინდა წიგნები. შესაბამისად, უხუცესები საკმაოდ კარგად უნდა ყოფილიყვნენ განსწავლულნი იუდაურ სჯულში და უნდა სცოდნოდათ კარგად ბერძნული ენაც (ებრაული, თავისთავად, ასევე, ზედმიწევნით კარგად უნდა სცოდნოდათ).

 

ხოლო როდესაც ელეაზარ მღვდელთმთავარმა წაიკითხა მეფის მიერ გამოგზავნილი წერილი, მანაც მისწერა საპასუხოდ, რომლის ტექსტიც ამგვარია:

 

„მღდელთმთავარი ელეაზაროს მეფესა პტოლემეოსს, მხიარულებაჲ! სიმრთელისა შენისა მიერ და დედოფლისა არსინოჲს და შვილთა შენთა მიერ კეთილად მქონებელ არიან ჩუენნი ყოველნი. ხოლო ეპისტოლისა მიმღებელნი დიდად მხიარულ ვიქმნენით წინააღრჩევასა შენსა ზედა და შემკრებელთა სიმრავლისათა წარვიკითხეთ იგი, განმაცხადებელთა მისდა, რომელი გაქუს ღმრთისა მიმართ პატივი. ხოლო უჩუენენით მას და ფიალნიცა, რომელნი წარმოგევლინნეს, ოქროჲსანი ოცნი და ვეცხლისანი ოცდაათნი და სასუმელნი ხუთნი და ტრაპეზი შესაწირავად თანად სამსხუერპლოთათჳს და შემზადებისათჳს, რომელთა მოქენე იყოს ტაძარი, ტალანტნი ასნი, რომელნი მოიხუნეს ანდრეა და არისტეოს, პატიოსანთა შენთა მოყუარეთა, მამაკაცთა კეთილთა და სწავლულებითა გარდამატებულთა და სათნოებისა შენისა ღირსთა. უწყოდე უკუე უმჯობესისა შენისათჳს მოთმენაჲ ჩუენგან, დაღაცათუ გარეგან ბუნებისა რაჲმე იყოს, რამეთუ ნაცვლისგებაჲ ჯერ-არს ჩუენ მიერ კეთილისმოქმედებათა შენთა, მრავალკერძოდ ჩუენთა მოქალაქეთა ზედა ქმნილთათჳს. მეყუსეულად უკუე შენთჳს და დისა შენისათჳს და შვილთა შენთა და მოყუარეთათჳს შევსწირენით მსხუერპლნი. და სიმრავლემან ლოცვანი ქმნნა ქმნად შენდა გონებისათა და დაცვად შენდა მეფობასა მშჳდობით და გარდაწერასა სჯულისასა მიღებად დასასრულსა უმჯობესისა შენისათჳს, რომელიცა გამოირჩიე. ხოლო გამოვარჩიენ მოხუცებულნიცა მამაკაცნი, ექუსნი თითოეულისა ნათესავისაგან, რომელნიცა წარმოვავლინენ, მქონებელნი სჯულისანი. ხოლო იყოს შენისა კეთილმსახურებისა და სიმართლისაჲ წარმოვლინებაჲ ჩუენდა მომართ გარდაწერილისა სჯულისაჲ, კრძალულებით მომღებელთა თანა. მხიარულებად“.

 

მართლაც, წარივლინა ალექსანდრიაში იერუსალიმიდან 72 უხუცესი, რომლებიც გამორჩეულნი იყვნენ სჯულისეული ცხოვრებით, ებრაული და ბერძნული ენების კარგი ცოდნით და თან წაიღეს პერგამენტზე ოქროს ასოებით დაწერილი „სჯულის წიგნები“. საბოლოოდ, უხუცესები კუნძულ ფაროსზე (რომელიც ალექსანდრიიდან დაახლოებით 1,06 კილომეტრი მანძილზე მდებარეობდა) განაწესეს, რათა იქ მშვიდ ვითარებაში და ამქვეყნიურ შფოთთაგან განრიდებულებს შეესრულებინათ თავიანთი დავალება. ისინი ყოველდღე დღის მეცხრე ჟამამდე დიდი გულმოდგინებითა და სიხარულით მუშაობდნენ. სხვათა შორის, ყოველ დილით მიდიოდნენ ჯერ მეფესთან, ხოლო შემდეგ ზღვაში განიბანდნენ ხელებს, რათა წარმართთა საზოგადოებაში შესვრილი ხელებით არ შეხებოდნენ წმინდა წიგნებს.

 

უხუცესების მთარგმნელობით საქმიანობას, როგორც არისტეოსის წერილისგან ვიგებთ, დემეტრიოს ფალერევსი ზედამხედველობდა და იუდაური „სჯულის წიგნები“ 72 დღეში იქნა გადათარგმნილი.

 

არისტეოსის წერილის უწყებით, გასრულდა რა მთარგმნელობითი საქმიანობა, დემეტრიოს ფალისევსმა შეკრიბა ალექსანდრიაში მცხოვრები იუდეველები, რომელთაც მთარგმნელთა თანდასწრებით მოისმინეს მთელი თარგმანი და შეაქეს ის ებრაულ დედანთან სრული თანხმობის გამო.

 

ეს უკანასკნელი ცნობა მნიშვნელოვანია იმით, რომ ამოწმებს სეპტუაგინტას ავტორიტეტულობას, რადგან, ერთი მხრივ, თავად ისრაელიანი უხუცესების მიერ ითარგმნა, რომელთათვისაც სჯული და სჯულის წიგნები წმიდათა წმიდა რამ იყო, და ძნელი სავარაუდებელია, რომ მათ მიერ თარგმნილი ნაკლოვანი ყოფილიყო; და მეორე მხრივ, ალექსანდრიაში მცოხვრები უხუცესების მიერ არ იქნებოდა შექებული, რომ არ ჰქონოდა თარგმანს მართლაც ზედმიწევნითი სიახლოვე თავად ებრაულ ტექსტებთან.

 

სახელწოდება „სეპტუაგინტა“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Septuaginta, რაც ნიშნავს „სამოცდაათს“. ლათინურად მისი სრული დასახელება ამგვარია: Interpretatio septuaginta virorum [seniorum] – სამოცდაათი უხუცესი მამაკაცის თარგმანი“. ხშირად მის მოსახსენიებლად გამოიყენება, ასევე, უბრალოდ რომაული ციფრები – LXX, რამაც სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი დასაყრდენი ჰპოვა (И. С. Вевюрко, Септуагинта: древнегпеческий текст Ветхого Завета в истории религиозной мысли). ერთ-ერთი პირველი დამოწმება შემოკლებით სიტყვა „სეპტუაგინტას“ გამოყენებისა გვხვდება ნეტ. ავგუსტინესთან, როდესაც მოკლედ მოგვითხრობს სამოცდაათთა თარგმანის ისტორიას და ასეთ რამეს ამბობს: „მათმა თარგმანმა განისაკუთრა სახელწოდება „სამოცდაათთა თარგმანი“ (Блаженный Августин, О граде Божием, XVIII, 42, Ред. Еремеев С. И., 1998, с. 288). დაზუსტებით საუბარი იმაზე, თუ რატომ დაიმკვიდრა სახელოწოდება „სეპტუაგინტა“ („სამოცდაათი“), მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი წყაროს მიხედვით (და მათ შორის, თავად ნეტ. ავგუსტინეს ცნობითაც) არა 70, არამედ 72 უხუცესმა თარგმნა, საკმაოდ საძნელოა. შესაძლოა, აქ საქმე გვქონდეს გამოთქმის დროს კონკრეტული რიცხვის დამრგვალების შემთხევასთან, მაგალითად: ალბათ, გამოთქმის დროს „სამოცდათორმეტთა თარგმანს“ (რომელიც ლათინურად ასე გამოითქმოდა – septuaginta duo ან: duo et septuaginta) არჩიეს „სამოცდაათთა თარგმანი“.აქედან გამომდინარე, შესაძლოა, კვლავ აღვნიშნავთ, უბრალოდ გამოთქმის გაადვილების თვალსაზრისით შემორჩა სახელწოდება „სამოცდაათთა თარგმანი“.