მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

საეკლესიო მოძღვართა და ისტორიკოსთა ცნობები სეპტუაგინტის შესახებ.

 

სხვათა შორის, სეპტუაგინტას უმაღლეს ღირსებაზე საუბრობს სახელგანთქმული იუდეველი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი – ფილონ ალექსანდრიელიც (დაახ. ძვ. წ. აღ.-ით 25 და დაახ. ახ. წ. აღ.-ით 50 წწ), რომლის მიხედვითაც, მთარგმნელები კუნძულ ფაროსზე ღვთისგან იყვნენ განსულიერებულნი, წინასწარმეტყველებდნენ, ყველა წიგნს ცალ-ცალკე თარგმნიდნენ და, მიუხედავად მათი განცალკევებულობისა, შეადგინეს დედანთან სრულიად იდენტური და ზუსტი თარგმანი, რამაც გამოიწვია საერთო გაკვირვებულობა და დარწმუნებულობა მისი ღვთივსულიერობისა; სწორედ ამიტომ კუნძულ ფაროსზე იყო ყოველწლიური ზეიმი იუდეველთა, და არა მხოლოდ იუდეველთა; მეტიც, პატივი მიეგებოდა იმ ადგილს, საიდანაც აღმობრწყინდა თარგმანის ნათელი“ (De Vita Moysis, II, 5).

 

ფილონ ალექსანდრიელის ამგვარი ცნობა და სეპტუაგინტას ამგვარი შემკულობა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად ზრდის თხრობის უტყუარობას და, კვლავ აღვნიშნავთ, თავად თარგმანის ღირსებას ამოწმებს. არისტეოსის წერილთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. საკითხი დაისმის ამგვარად: ნამდვილად პტოლემაიოს ფილადელფოსის თანამედროვის მიერ არის წერილი შედგენილი თუ არა, და რამდენად გადმოგვცემს უტყუარ ისტორიულ ფაქტებს. დავიწყებთ უკანასკნელით.

 

არქიმანდრიტი იოსებ ბაჟენოვი წერილის დამადასტურებელ წყაროებს სამ კატეგორიად ჰყოფს:

 

1. ძველი ავტორების, არაქრისტიანი მწერლების მოწმობა,

 

2. ძველი რაბინებისა და სამარიელების მოწმობა და

 

3. ადრეული საეკლესიო მოძღვრების მოწმობა.

 

 

ძველი არაქრისტიანი ავტორები:

 

არისტობულე ალექსანდრიელი (დაახლ. ძვ. წ. აღ.-ით 181-124 წწ.), რომელმაც პტოლემაიოს ფილომეტორისთვის (მეფობდა დაახლ. ძვ. წ. აღ.-ით 180-145 წწ.) შეადგინა მცირე გამონაკრები მოსეს კანონებიდან, მოწმობს, რომ ბერძნული თარგმანი, რომლითაც ის სარგებლობდა დამოწმებული ძეგლის შედგენისას, პტოლემაიოს ფილადელფოსის მეფობის დროს არის შედგენილი დემეტრიოს ფალერევსის მონაწილეობით 72 კაცის მიერ, რომლებიც იერუსალიმიდან იყვნენ მოწოდებულნი.

 

ფილონ ალექსანდრიელი თავის შრომაში – „მოსეს ცხოვრება“ – ქებას ასხამს პტოლემაიოს ფილადელფოსს იმის გამო, რომ მან გამოითხოვა იუდეის მეფისა და დიდებული მღვდელთმთავრისგან გამოცდილი კაცები, რომლებმაც თარგმნეს სჯული ქალდეურიდან ბერძნულ ენაზე. დემეტრიოს ფალერევსს ფილონი არ ახსენებს, ხოლო მთარგმნელთა რიცხვისა და ადგილის შესახებ, სადაც მათ შეასრულეს თარგმანი, ეთანხმება არისტეოსს, ამატებს მხოლოდ, რომ „ეს ადგილი გამორჩეულ იქნა განმარტოებისა და სიმშვიდისათვის, რათა ამაოებას განრიდებულ სულს შესძლებოდა სჯულში ჯეროვნად ჩაღრმავება; რომ ამ ადგილზე იუდეველები ყოველთვის აღნიშნავდნენ საზეიმოდ, სადაც იკრიბებოდა ბევრი ადამიანი, გარესეთაგანაც კი“.

 

იოსებ ფლავიუსი, რომლის მიერ გადმოცემული თხრობაც ზედმიწევნით ეთანხმება არისტეოსის ცნობებს, რაც ზემოთ გვაქვს დამოწმებული.

 

 

ძველი რაბინებისა და სამარიელების მოწმობა:

 

რაბი აზარია, რომელმაც მოათავსა არისტეოსის წერილი თავის ერთ-ერთ წიგნში, ამოწმებს იმის შესახებ, რომ ის (არისტეოსის წერილი, რ. მ.) ჯერ კიდევ პტოლემაიოსის დროს გადაითარგმნა ბერძნულიდან ქალდეურ ენაზე. სხვა რაბინები, ეთანხმებიან რა არისტეოსს იმაში, რომ სამოცდაათთა თარგმანი შესრულდა პტოლემაიოს ფილადელფოსის დროს, მხოლოდ სურთ, რომ ეს ყოფილიყო არა სამოცდათორმეტის მიერ აღსრულებული საქმე, არამედ მხოლოდ ხუთი უხუცესისა.

 

სამარიელები ყველაფერში ეთანხმებიან არისტეოსს; მხოლოდ იმას აღიარებენ, რომ თითქოს სეპტუაგინტას თარგმანი შესრულდა არა ებრაულ-იერუსალიმური ბიბლიიდან, არამედ სამარიული ხუთწიგნეულიდან. რაბინებისა და სამარიელების ამგვარ მოსაზრებას იმეორებს X საუკუნის ცნობილი არაბი ისტორიკოსი.

 

 

და ბოლოს, ადრეული საეკლესიო მოძღვრების მოწმობა.

 

არისტეოსის უწყების უტყუარობას ადასტურებენ საეკლესიო მოძღვრებიც – წმ. იუსტინე მარტვილი (+ 165/166 წ.) (სხვათა შორის, წმ. იუსტინე გვაუწყებს, რომ მან, იმოგზაურა რა ეგვიპტეში, კუნძულ ფაროსზე ნახა იმ სენაკების ნანგრევები, რომლებშიც უნდა ეცხოვრათ მთარგმნელებს და, ასევე, თარგმნის ისტორიასთან დაკავშირებით ცნობები კუნძულის მაცხოვრებელთაგან შეიტყო (იხ. სიტყვა დარიგებითი ელინთა მიმართ. თავი XIII, PG, t. 6, 1857, col. 265-268).) წმ. ირინეოს ლიონელი (+ 202 წ.), კლიმენტი ალექსანდრიელი (+ 215 წ.), წმ. კირილე იურუსალიმელი (+ 386), წმ. ეპიფანე კვიპრელი (+ 403 წ.), ნეტ, ავგუსტინე (+ 430 წ.) და სხვანი. თუმცა, როგორც საეკლესიო მოძღვართა, ისე ისტორიკოსთა (ფილონ ალექსანდრიელი, იოსებ ფლავიუსი) უწყებებში თხრობის უმნიშვნელო განსხვავებულობა მაინც დაინახება, რაც, ძირითადად, სენაკების რაოდენობასა და მთარგმნელთა რიცხობრივ გადანაწილებას მოიცავს. ასე მაგალითად:

 

წმ. იუსტინე მარტვილის ცნობით, თითოეული მთარგმნელისთვის ცალ-ცალკე სენაკი იყო აშენებული და ისინი ამ სენაკებში განცალკევებით მუშაობდნენ (სხვათა შორის, წმ. იუსტინე მარტვილი არა 72 უხუცესს ახსენებს, არამედ 70-ს და, შესაბამისად, მისივე მოწმობით, სენაკიც 70 უნდა ყოფილიყო (იხ. სიტყვა დარიგებითი ელინთა მიმართ. თავი XIII, PG, t. 6, 1857, col. 265, C). ვფიქრობთ, შესაძლოა, ეს იყოს გადამწერთა შეცდომა და არა თავად წმ. იუსტინესგან მომდინარე ცნობა.). მისგან განსხვავებულ ცნობას გვაწვდის წმ. ეპიფანე კვიპრელი, როდესაც ამბობს: „ეგრე-ვე სახედ ესენი-ცა მიავლინნეს, რომელთა გამოთარგმანნეს ძუელნი წიგნნი ფარას ჭალაკსა პირის-პირ ალექსანდრიასა ქალაქსა, სადა-იგი უშენა ოცდაათექუსმეტი სენაკი; ოცდაათექუსმეტთა სენაკთა ორ-ორი შეაყენა დილულითგან მიმწუხრამდის, და მიმწუხრი ოცდაათექუსმეტთა ნავთა შესხნის და წიაღ-მოიყვანნის ტაძართა პტოლემეოს მეფისათა, და მის თანა ისერნიან. და ეგრე-ვე ორ-ორი თითო სარეცელსა დააწვინეს, რაჲთა-მცა ვერ შეუძლეს განზრახვად რაჲსა-მე ძლიერისა, არამედ თჳნიერად ურთიერთას მეცნიერებისა თარგმანონ. და ესრეთ თარგმანნეს შეყენებულთა ორ-ორმან სენაკსა და ორ-ორი ყრმაჲ მათ თანა შეაყენა მსახურებისათჳს მათისა და მზა-ყოფად საზრდელი მათთჳს, მსწრაფლიად წერისათჳს. და სენაკნი იგი მრჩობლ აღაშენნა და სარკუმელნი გუერდით არა დაუტევნა, არამედ ზედა საფანელით სანათურნი განახუნნა. და ესრეთ შეყენებულ იყვნეს კლიტულსა დილეულითგან ვიდრე მწუხრამდე, ვიდრე თარგმანნეს ყოველნი იგი წიგნნი ორ-ორმან ერთსახედ თითოეული წიგნი; იწყეს დაბადებასა და ვითარცა აღასრულიან პირველთა მათ წინაჲსწარმეტყუელთა წიგნი იგი, და მისციან მეორეთა წყვილთა და მათგან მესამეთა, და ესრეთ გარე-მოსლვით. და ესრეთ თითო წიგნი 36 ჯერ ითარგმანნეს ყოველნი წიგნნი, ვითარცა-იგი ზემორე ითქუა, 22-ნი, რომელნი ცხადად თქუმულ არიან, და სამეოცდაათორმეტნი, რომელნი დაფარულ არიან“ (თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეპიფანე კჳპრელ ეპისკოპოსისა, თხრობაჲ და უწყებაჲ ყოველთა მათ წიგნთა, რომელნი შეკრიბნა მეფემან პტოლემეოსის ზე, თარგმანებაჲ მათი, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, 460, Scriptores Iberici, 19, Louvain 1984, p. 14-15;)