მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

პირველი ქრისტიანები

 

იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალებით დასრულდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე, რომელსაც მოციქულთა საუკუნე ეწოდა. ყველამ, ვინც იხილა განხორციელებული სიტყვა ღვთისა - იესო ქრისტე - და მოუსმინა მას, უფალში განისვენა, მაგრამ მაცხოვრისგან მიღებული ძალაუფლება მოციქულებმა თავიანთ მოწაფეებს გადასცეს. ამიერიდან მათ უნდა ექადაგათ სახარება დედამიწაზე, აღესრულებინათ საიდუმლონი და ღვთის სიტყვის შემწყნარებელნი ყოვლადწმინდა სამების სახელით მოენათლათ.

 

იესო ქრისტემ თავის მორწმუნეთ აღუთქვა, რომ მუდამ მათთან იქნებოდა. ამ აღთქმის სასოებით განმტკიცებული ეკლესია იმთავითვე უშიშრად შეხვდა თავდასხმებს. დევნა და შევიწროება კი არ აუძლურებდა, პირიქით, ზრდიდა და ძალას მატებდა მას. ქრისტიანთა მოთმინება და იმ სახელმწიფოს კეთილმოქალაქეობა, რომელიც მათ უმოწყალოდ დევნიდა, წარმართებსაც კი აოცებდა.

 

პირველ ეკლესიას, რომელშიც მოციქულები და მათი მოწაფენი მოღვაწეობდნენ, უკვე ჰქონდა თავისი ადათ-წესები, რომელთა შესახებაც „საქმე მოციქულთა“ და ეპისტოლენი მოგვითხრობენ. მოციქულთა სწავლებას ეკლესია უდიდესი მოკრძალებით ეპყრობოდა და მოწიწებით იცავდა.

 

პირველი სამი საუკუნის მანძილზე შეკრებილი „წესები და დადგენილებანი მოციქულებისა“ უაღრესად მნიშვნელოვანი წყაროა ძველი ეკლესიის იერარქიისა და ღვთისმსახურების შესასწავლად. ამ წყაროს თანახმად, ახალმოქცეულს ნათლისღების წინ ქრისტეს მოძღვრებას განუმარტავდნენ. ამ რიტუალს „განმზადება“ ეწოდებოდა. ამას მოჰყვებოდა რწმენის აღიარება. თავდაპირველად მრწამსის გადმოსაცემად საყვოელთაო, დადგენილი ტექსტი არ არსებობდა, მორწმუნე წრმენას გულიდან ამოსული სიტყვებით გამოხატავდა. მაგალითად, ასე: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა“. ნათლობა წმინდა სამების სახელით, ჩვეულებრივ, წყალში სამგზის შთაფვლით აღესრულებოდა, რაც სიმბოლურად ძველი კაცის დასაფლავებას, მისი ცოდვების მოკვდინებასა და ახალი ცხოვრებისთვის დაბადებას განასახიერებდა. „საქმე მოციქულთაში“ ხშირად იხსენიება მთელი ოჯახების მონათვლა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვილებს ქრისტიანობის პირველსავე საუკუნეებში ნათლავდნენ. ახალმონათლულნი ცოდვებისგან განბანისა და სულიერი განწმენდის ნიშნად თეთრი, სპეტაკი სამოსლით იმოსებოდნენ. ზოგიერთ ეკლესიაში არსებობდა ადათი, რომლის მიხედვითაც მათ, როგორც ახალი ცხოვრებისათვის დაბადებულ ჩვილებს, თაფლსა და რძეს ასმევდნენ. ნათლობის შემდეგ მოციქულები მონათლულებს ხელდასხმით სულიწმიდის მადლს ანიჭებდნენ. „საქმე მოციქულთადან“ ვიცით, რომ მონათლულმა სამარიელებმა მადლი სულისა წმიდისა მანამდე ვერ მიიღეს, სანამ მათთვის პეტრემ და იოანემ არ ილოცეს და ხელი არ დაასხეს. იგივე მოხდა ეფესოშიც - აპოლოსის მომხრეებს სულიწმინდის მადლი და ენების ცოდნა მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც მათ პავლე მოციქულმა დაასხა ხელი. ასე რომ, ხელდასხმის საიდუმლო იმთავითვე იყო გამოყოფილი ნათლისღების საიდუმლოსგან. შემდეგში - მოციქულთა დროშივე - ამ მიზნით მირონცხებაც გამოიყენეს (მორწმუნეები ისე გამრავლდნენ, რომ მოციქულებს, უბრალოდ, აღარ შეეძლოთ, თითოეული მათგანისთვის დაესხათ ხელი, ამიტომაც მოხარშეს და აკურთხეს მირონი).

 

ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება ანუ ევქარისტია მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას პურის განტეხასაც უწოდებდნენ. თავდაპირველად ევქარისტია მორწმუნეთა სახლებში აღესრულებოდა, რადგან პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ტაძრები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, მაგრამ „საქმე მოციქულთაში“ გვხვდება მრავალი მითითება, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამა თუ იმ სახლში ერთად ლოცვისათვის  ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი, რომელსაც შემდეგში მხოლოდ ეს დანიშნულება ენიჭებოდა და ამის გამო ეკლესიას უწოდებდნენ (მოგეხსენებათ, „ეკლესია“ ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს). პურის განტეხა, ანუ ევქარისტია, რა თქმა უნდა, იმ სახით სრულდებოდა, როგორც უფალმა აღასრულა. მისი თანმხლები რამდენიმე სიტყვა ლიტურგიის მთელ არსს გამოხატავს. მოციქულები მათ მხოლოდ პურსა და ღვინოზე სულიწმიდის გარდამოსვლისთვის ვედრება მიუმატეს.

 

ღმრთისმსახურების ნაწილი იყო წმინდა წიგნების კითხვა, ფსალმუნებისა და სხვა საგალობლების გალობა და ლოცვები, რომლებშიც მორწმუნენი კურთხევას გამოითხოვდნენ ღვთის საიდუმლოს აღსასრულებლად შემოწირულ პურსა და ღვინოზე (უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო ძღვენი თავად მორწმუნეებს მოჰქონდათ). პური და ღვინო, მას შემდეგ, რაც სულიწმიდის გარდამოსვლით იკურთხებოდა, რომელნიც ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, მათთან კი, ვისაც ავადმყოფობის გამო არ შეეძლო ლიტურგიაზე დასწრება, ის დიაკვნებს მიჰქონდათ.

 

საიდუმლოს აღსრულების წინ დამსწრენი ერთმანეთს ამბორისყოფით ესალმებოდნენ ნიშნად იმ სიყვარულისა, რომელიც ქრისტეს შვილებს უნდა აერთებდეს. შემდეგ ეს წესი შეიცვალა (როგორც ჩანს, მორწმუნეთა კრებულის რიცხოვრივი ზრდის გამო), მაგრამ მისი ხსოვნა აქამდე შემორჩა სიტყვებში: „ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა“. საკურთხეველში მდგარი მღვდელმსახურნი ამ წესს ახლაც ძველებურად აღასრულებენ და ერთმანეთს ეამბორებიან.

 

პირველი ქრისტიანები ყოველდღე ეზიარებოდნენ, მაგრამ როცა ქრისტიანთა დევნის გამო ღვთისმსახურების ყოველდღე აღსრულება შეუძლებელი გახდა, ზიარება უფლის დღეს - კვირას - დაადგინეს.

 

თავიდან, ვიდრე ყველა მოციქული იერუსაილმში იმყოფებოდა, ისინი სალოცავად ძველი აღთქმის ტაძარში დადიოდნენ, მაგრამ იქ ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ. ლოცვისთვის განსაკუთრებით მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამი იყო დადგენილი: მესამე ჟამს სულიწმიდა გარდამოხდა ზეცით, მეექვსე ჟამს უფალი ჯვარს აცვეს, ხოლო მეცხრე ჟამს მაცხოვარი ჯვარზე აღესრულა.

 

მგზნებარე სიყვარულითა და მადლიერებით აღსავსე გული პირველ ქრისტიანებს განუწყვეტელი ლოცვის ძალას აძლევდა, მაგრამ როგორ ევედრებოდნენ, როგორ ადიდებდნენ ისინი უფალს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით, ერთი რამ ცხადია: მსახურების წესი და რიგი იმთავითვე ყოფილა დადგენილი. როგორც გარდამოცემა გვამცნობს, იაკობისა და მარკოზის ლიტურგიის წესები მოციქულთა დროიდანვე არსებობდა. არსებითად, ეს ერთი ლიტურგია იყო და ერთმანეთისგან მხოლოდ დეტალებით განსხვავდებოდა. ღვთისმსახურებას ქრისტიანები თავიდანვე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. ამაზე მეტყველებს პავლე მოციქულის ეპისტოლე, რომელშიც ის კორინთელებს ლიტურგიის წესის მიხედვით აღსრულებისკენ მოუწოდებს.

 

გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ „მამაო ჩვენოსთან“ ერთად „უფალო, შემიწყალეც“ მოციქულების დროიდანვე იგალობებოდა. თავიდანვე უნდა ყოფილიყო ლიტურგიაში შეტანილი აგრეთვე ანგელოზთა გალობანი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა; დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, - და ქერუბიმთა გალობა: „ალილუია“ და „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“. მეორე საუკუნის დასაწყისიდან წერილობითი ძეგლები უკვე ამ სიტყვებით სრულდება.

 

ადრევე უნდა შეეტანათ ღვთისმსახურებაში გალობანი ღმრთისმშობლისა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა“ და სვიმეონ მიმრქმელისა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო მშვიდობით“.

 

როგორც „საქმე მოციქულთადან“ ვიგებთ, გარდა დადგენილი საათებისა, ქრისტიანები ღამის ლოცვაზე იკრიბებოდნენ. ევქარისტიის საიდუმლო დევნის პერიოდში ან ღამით, ან ცისკრისას აღესრულებოდა. შეკრების ადგილი ხშირად მიწისქვეშა აკლდამა და მღვიმე (კატაკომბა) იყო.

 

ღვთისმსახურებისას იყენებდნენ სანთლებსა და ჩირაღდნებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სიბნელის გასაფანტად; მათი ანთება სულიერ ზეიმსა და სიხარულს გამოხატავდა და სიმბოლურად იმ ნათელზე მიანიშნებდა, რომელიც განკაცებულმა უფალმა სამყაროში მოიტანა.

 

პირველ ქრისტიანთა ეპისკოპოსს არაჩვეულებრივად რთული და მნიშვნელოვანი მოვალეობა ჰქონდა: გარდა მღვდელმსახურებისა და საიდუმლოთა აღსრულებისა, მას უნდა განესაჯა ყველა ის საქმე, რომელიც ქრისტიანთა შორის აღიძვრებოდა, რადგან ქრისტიანები გასაგები მიზეზების გამო სამოქალაქო სასამართლოს არ მიმართავდნენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ წარმართული სულით გაჟღენთილი კანონები სრულიად არ შეესაბამებოდა ქრისტეს მცნებებს; მეორეც, სამოქალაქო სასამართლოზე წარმართულ ფიცს ან წარმართული რიტუალის აღსრულებას მოითხოვდნენ, რასაც ქრისტიანები, ცხადია, ვერ შეასრულებდნენ. ეპისკოპოსი კი სახარების სულითა და სინდისით სჯიდა. პავლე მოციქული კორინთელებს საყვედურობს, წარმართების სამსჯავროს რატომ მიმართეთო და არწმუნებს, რომ საერთოდ არიდონ თავი ჩხუბსა და კამათს, რამეთუ ისინი ქრისტიანული სიყვარულის სულს არ შეესაბამება.

 

ქრისტიანებს ქორწინებისთვის უთუოდ ეპისკოპოსისგან უნდა მიეღოთ კურთხევა. მოციქულთა სწავლება ცოლისა და ქმრის მოვალეობათა შესახებ ადასტურებს, რამოდენა პატივს სცემდნენ ისინი ამ საიდუმლოს. წარმართებისაგან განსხვავებით, სადაც ქორწინება ნაკლებად პატივსაცემი იყო, ქრისტიანებს ეკლესიის მიერ კურთხეული საქორწინო კავშირი ქრისტეს ეკლესიასთან მარადიული კავშირის სახედ მიაჩნდათ. ცოლ-ქმარს ერთობით უნდა ემსახურა ღვთისა და ერთმანეთისთვის და ურთიერთს უფლის წმინდა მცნებათა აღსრულებაში დახმარებოდა. საზოგადოდ, იმ რწმენის საფუძველზე, რომ მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია მარადიულისა და მისთვის მზადებას წარმოადგენს, ნებისმიერი სახის ოჯახურმა ურთიერთობამ და მოვალეობამ ქრისტიანულ ზნეობაში ახალი, უფრო მაღალი მნიშვნელობა შეიძინა.

 

ქრისტიანები გულწრფელად აღასრულებდნენ უფლის მცნებას: „შეიყვარეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“. ერთმანეთი მათ მართლაც ძმებივით უყვარდათ. მდიდრები ქონებას ღარიბებს უნაწილებდნენ. თუ რომელიმე მხარეში შიმშილობა ჩამოვარდებოდა, ქრისტიანები ფულს აგროვებდნენ და იქაურ ძმებს უგზავნიდნენ. ასეთი საქციელი, ბუნებრივია, უცხო იყო წარმართებისთვის, რომელნიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდნენ, ბრწყინვალე სასახლეებსა და ცირკებს აშენებდნენ და ნადიმებისა და ზეიმებისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ. მათ საპირისპიროდ, ქრისტიანული ეკლესიები შეძლებულ წევრთა შემწეობით თავშესაფრებისა და საავადმყოფოების აშენებისთვის ზრუნავდნენ და თუმცა მათ ლხინსა და ზეიმებში არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა, უბედურების ჟამს წარმართებსაც უანგაროდ ეხმარებოდნენ.

 

პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ ადათი, რომლის მიხედვით კვირის პირველ დღეს (ე.ი. კვირას) ეკლესიის ხარჯებისთვის და ღატაკთა დასახმარებლად, ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენს გაიღებდა ხოლმე. ამ ჩვეულებას პავლე მოციქულიც მოიხსენიებს, რომელიც სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი მოძღვრების მქადაგებელნი და ეკლესიის მსახურნი ქრისტიანთა საზოგადოებას უნდა შეენახა. თუმცა თვითონ თავის შენახვა საკუთარი შრომით ერჩივნა. შემოწირულობანი ეპისკოპოსებს ან ხუცესებს ბარდებოდა; მორწმუნეებს მოჰქონდათ ასევე ღვთისმსახურებისთვის საჭირო პური, ღვინო, ზეთი, თაფლი და რძე (ეს ორი, როგორც აღვნიშნეთ, ნათლობის დროს იხმარებოდა).

 

ღვთისმსახურების შემდეგ ქრისტიანები საერთო ტრაპეზს მიუსხდებოდნენ, რომელსაც აღაპები - სიყვარულის საღამოები - ეწოდებოდა. აღაპები ხშირად უწესრიგობის მიზეზად იქცეოდა ხოლმე, ამიტომ შემდეგში ეს ტრადიცია დათმეს, მაგრამ „სიყვარულის საღამოები“ გაგრძელდა მიცვალებულთა მოხსენიებისას, როცა წლისთავზზე მათ საფლავზე შეიკრიბებოდნენ ხოლმე.

 

ქრისტიანთა წეს-ჩვეულებებზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის წარმართი რომაელი მოხელე. მისი თქმით, ქრისტიანები დანიშნულ დღეს, განთიადის დადგომამდე, იკრიბებოდნენ და ქრისტეს, ვითარცა ღმერთს, გალობით ადიდებდნენ. მათ ფარულ შეკრებებში არავითარი დანაშაულებრივი განზრახვა არ შეიმჩნეოდა. პირიქით, ისინი პირობას დებდნენ, რომ არ იქურდებდნენ, ტყუილს არ იტყოდნენ, სხვის ქონებას არ მიითვისებდნენ  და აღთქმას წმინდად იცავდნენ.

მოამზადა დიაკონმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 15, 2005 წ.