მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

მთავარეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე)

 

ქართველი ხალხის მომზადება მაცხოვრის მისაღებად

 

შესავალი

 

ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად - „სხვა არს მთესვარი და სხუა არს მომკელი. მე წარგავლინებ თქვენ მკად, რომელსა თქუენ არა დაჰშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით“ (იოანე 4, 37-38), - უბრძანა ქრისტემ მოციქულებს, ამიტომ ეკლესიის ისტორიკოსები საჭიროდ თვლიან, თავდაპირველად ქრისტეს, ვითარცა მხსნელისა და გამომსყიდველის მისაღებად კაცობრიობის მომზადების პროცესის გადმოცემას. საქართველოს ეკლესიის ისტორიასაც შესავლის სახით წინ უნდა უძღოდეს თხრობა ქართველი ერის სარწმუნოებრივი ყოფის შესახებ ქრისტეშობამდე, მისი მომზადება ქრისტიანობის მისაღებად. საბედნიეროდ, ქართული ეკლესიის ისტორიკოსს შეუძლია ამოკრიბოს ცნობები ძველ აღთქმასა და ქრისტიანობის პირველ მასწავლებელთა თხზულებებში ქართველი ერის ყოფა-ცხოვრების შესახებ ქრიტეშობამდე.

 

დედამიწაზე მცხოვრებ პირველ ხალხთა შორის „დაბადება“ ქართველთა წინაპრებს თობელს, მოსოქსა და ასევე თორგამს იხსენიებს. ისინი იაფეტის ძენი და მისი შთამომავლები იყვნენ. წარღვნის წყალთა დაწდომისა და კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ გამრავლებული ნოეს ძის შთამომავლობა ასეთია: „იაფეტის ძენი - გომერი, მაგოგი, იავანი, თუბალი, მუშექი და თირასი“ (დაბ. 10,2-5). დედამიწის თავდაპირველ ხალხებს, ტომებსა და ცივილიზაციებს სემის, ქამისა და იაფეტის ძეებმა დაუდეს საფუძველი, მათ შორის ქართველთა აღნიშნული წინაპრებიც მოიხსენიებიან, რომელთა შესახებაც ცნობილი თეოლოგი ლოპუხინი წერს - „როგორც დაბადებაში, ისე წმიდა წერილში თუბალი და მესეხი ერთად მოიხსენიებიან, მათი საცხოვრისი განისაზღვრება პალესტინის ჩრდილოეთით.  ასირელი მეფეების ანალებში ერთმანეთის გვერდით მცხოვრები Muski და Tabal ხალხები კილიკიაში მცხოვრებად მიიჩნევა. ჰეროდოტე მათ კოლხებთან ერთად მოიხსენიებს. მეცნიერები თვლიან, რომ ისინი ცხოვრობდნენ ტიგროსისა და ევფრატის სათავეებში“. თარგამოსი ანუ თოგორმა იყო იაფეტის პირმშოს გომერის მესამე ძე. იოსებ ფლავიუსის, ბიბლიის კომენტატორებისა და ძველი ქართველი ისტორიკოსების თანახმად, ამ სახელებში ქართული ტომები იგულისხმებიან. სიმონ ჯანაშიამ ქართული ეთნოსის შესახებ კონცეფცია ასე ჩამოაყალიბა: „უძველეს დროში, დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ, წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე და სამხრეთ ევროპაშიც (ბალკანეთი, აპენინისა და პირინეის ნახევარკუნძულები) ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ: შემდგომ ამ მოდგმის ხალხთა ადგილსამყოფელი თანდათან იზღუდებოდა. II წ. ათასწლეულის დამდეგისათვის წინა აზიის მკვიდრი ხალხებიდან ცნობილი იყვნენ ხეთები და სუბარები. ხეთი სუბარები ქართველ ტომთა წინაპრები არიან. ხეთები ცხოვრობდნენ მცირე აზიაში, სუბარებს ეჭირათ ტერიტორია ჩრდილო მესოპოტამიიდან კავკასიონამდე; ხეთა - მითანის სამეფოების ხანაში კავკასია ეჭირათ ხეთურ-სუბარელი მოდგმის ხალხებს“ (შ. მესხია, სიმონ ჯანაშია, 1951 გვ.14). გ. მელიქიშვილი წერს: „ენობრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო და ქართველი ხალხის შემადგენლობაში უნდა შესულიყო ძველაღმოსავლური ცივილიზაციის შემქმნელი ხალხების (ხურიტების, ხეთების, ურარტუელების) გარკვეული ნაკადი“ (ნარკვ. I. გვ.327). ნ.მარს გაურკვევია, რომ იაფეტური „...ქართული ენა (საკუთრივ ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური) წარმომდგარია ერთის მამამთავრის ენისაგან...“ (დ.კარბელაშვილი, ნ.მარის საიუბილეო კრებული, 1834, გვ.270).

 

ქრისტეშობამდე IV ათასწლეულში არსებობდა არადიფერენცირებული, მთლიანი გაერთიანება წინარე ქართველებისა, რომელიც მეტყველებდა საერთო ენაზე, მათ უწოდებენ პროტო-ქართველური ენის მატარებელ ეთნოსს (ეპისკ. ანანია ჯაფარიძე, ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია, 1994, გვ.22). ამ პროტოქართველურ ეთნოსთან, თ.გამყრელიძის თანახმად, მცირე აზიაშივე ურთიერთობა ჰქონია ფუძეინდოევროპული ენის მატარებელ ეთნოსს IV ათასწლეულში. ამავე დროს მას ურთიერთობა ჰქონია ფუძესემიტურ ენაზე მეტყველ ეთნოსთანაც. ს.ჯანაშიას, ნ.მარისა და სხვათა თანახმად, პროტოქართველური ენის მატარებელი ეთნოსი განფენილი იყო დედამიწის ვრცელ რეგიონში. იგი მოიცავდა ხმელთაშუაზღვისპირეთს, კავკასიას, პამირს, აფრიკის ჩრდილოეთ ზღვისპირეთს (დ.კარბელაშვილი, იქვე გვ.38). ნ.მარის თეორიის თანახმად ენდოევროპიელები „არსაიდან არ მოსულან, ისინი იგივე იაფეტელები არიან. ინდოევროპული ენა იგივე იაფეტური ენების შემდგომი საფეხური, მათი სტანსფორმაციაა ახალ სტადიაზე“ (იქვე, გვ.38). დადასტურებული ფაქტია ქართულ-ინდოევროპული ენობრივი სიახლოვე წინა აზიაში. მათ მჭიდრო კონტაქტები ჰქონიათ ერთმანეთთან. ყურადღებას იპყრობს გარკვეული მსგავსება ქართველურ და ძველ ანატოლიურ ინდოევროპულ (ხეთურ, ლუვიურ, ფალაურ) ენებს შორის (გ.გიორგაძე, ინდო-ევროპულ-ქართული ენობრივი პარალელები, საენათმეცნიერო კრებული, 1979, გვ.62). ს.ჯანაშია პროტოხეთებს ანუ ხათებს წინა აზიის ზოგიერთ სხვა ტომთან ერთად ქართველთა უშუალო წინაპრებად მიიჩნევდა. პროტოქართველები ხმელთაშუაზღვისპირეთში თანდათანობით ინდოევროპელებად ტრანსფორმირებულან, მცირე აზიასა და კავკასიაში კი მათ ძველი ეთნიური სახე უკეთ დაუცავთ. წმიდა ბიბლიაში დედამიწის პირველმოსახლეთა შორის ქართველთა წინაპრების დასახლება ერთდროს მათი მრავალრიცხოვნებით და მნიშვნელობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

 

 

ქართველი ხალხის მომზადება მაცხოვრის მისაღებად

 

ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველის ეზეკიელის პირით გამოთქმული უფლის სიტყვა ქართველთა წინაპრებსაც - თუბალს, მეშექსა და თოგორმასაც შეეხო. ეზეკიელი და იმჟამინდელი სხვა წინასწარმეტყველები ქრისტეშობამდე VII-VI საუკუნეებში როგორც რჩეულ (ებრაელებს), ასევე სხვა ერებსაც ღვთისაგან მოწეულ მძიმე სასჯელთა შესახებ უწინასწარმეტყველებდნენ. უფალს ნებავდა არა ხალხების სიკვდილი და გაქრობა, არამედ გაწვრთნა - „მიხვდებიან ხალხები, რომ მე უფალი ვარ, რომ წმიდა ვარ ისრაელში“ (ეზეკ. 39,7); „წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა ვაჩენ ჩემს სიწმიდეს შენში, გოგ, მათ თვალწინ“ (ეზეკ. 38,16).

 

უფალმა მისი სახელი რომ ეცნოთ, ჩრდილოეთის ხალხები და მათ შორის ქართველთა წინაპრებიც ისრაელის ქვეყნის წინააღდმეგ წაიყვანა და მათში თავისი სიწმინდე გამოავლინა. წინასწარმეტყველი ეზეკიელი თუბალსა და მეშექს ახსენებს სხვა ჩრდილოელ ხალხებთან ერთად, რომელთაც ისრაელზე გაილაშქრეს. ეზეკიელზე ადრე ისრაელის მეზობლად მცხოვრებ დიდ ხალხთა ლაშქრობის შესახებ იერემია წინასწარმეტყველი წერდა. საქმე ის იყო, რომ წინასწარმეტყველებანი უშუალოდ შეეხებოდა ისრაელს, უფლის ერს, რომელიც აღთქმულ მიწაზე დასახლებას ეღირსა, მაგრამ ცოდვების გამრავლებით აღთქმა უფალთან დაარღვია. ამიტომაც იგი გადასახლებითა და სხვა ერის მონობაში ყოფნით უნდა დასჯილიყო.

 

იერემია ქადაგებდა: „აჰა მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, მაგრამ ხალხს, ძველისძველ ხალხს, ხალხს, რომლის ენა არ გეცოდინება და ვერ გაიგებ რას ლაპარაკობს, ძლიერი ვაჟკაცები არიან ყველანი“ (იერემ. 5,15-16). „რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს, შენს დოვლათს და განძეულობას დავატაცებინენ ყველა ცოდვის გამო“ (იერემ. 15,12-13). „აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხებზე“ (იერემ. 25,9).

 

როგორც ჩანს, ქართველთა წინაპრები ერთ პერიოდში გაბატონებულან კიდეც ისრაელში, ამას მიუთითებს დავით წინასწარმეტყველი თავის 119-ე ფსალმუნში: „ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან“ (ფსალმ. 119 (120), 5. იხ. დაბ 25,12; იერ. 49,18-19; ეზეკ. 27,13).

 

წინასწარმეტყველების თანახმად ისრაელიანები ქალდეველთა მეფე ნაბუქოდონოსორს ბაბილონში უნდა გადაესახლებინა, რის გამოც უფლის მიერ ქალდეველებიცა და სხვა ჩრდილოელი ხალხებიც დაისჯებოდნენ. ეს დასჯა, როგორც აღინიშნა, შემდეგ მიზანს ემსახურებოდა: როგორც ღვთისგან რჩეულ, ისე სხვა მასთან ურთიერთობაში მყოფ ერებს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნოთ, ხსნის არსს უნდა ჩასწვდომოდნენ და უნდა გასჩენოდათ სასოება უფლისაგან გადარჩენისა, მანამდე კი ხალხების ჭეშმარიტი ღმერთისაკენ მოქცევა იყო საჭირო. უფალი ბრძანებდა: ერთ წამს გავიფიქრებ რომელმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებასა და განადგურებას, მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისაგან, რომლის გამო ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი“ (იერემია 18,7-8).

 

ეზეკიელის სიტყვებით, უფლის მიერ არა მხოლოდ ისრაელთან მებრძოლი, არამედ ის ერებიც დაისაჯნენ, რომელთაც ისრაელის დახმარება შეეძლოთ და არ დაეხმარნენ. უფლისმიერი სასჯელის შედეგად დაეცა ათასწლეულთა მანძილზე სახელოვანი ეგვიპტე, როგორც ეზეკიელი წინასწარმეტყველებდა: „ადამის ძევ, გამართე გოდება ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე და უთხარი: ჭაბუკ ლომს ჰგავდი ხალხთა შორის და გველეშაპივით იყავი-თქო ზღვებში, ირქინებოდი შენს მდინარეებში... ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემს სათხეველს ხალხთა სიმრავლეში და ამოგათრევენ ჩემი ბადით“ (ეზეკ. 32,1-3). მართლაც, ქრისტესშობამდე, VI საუკუნის შემდეგ ებრაელთა ბაბილონის ტყვეობის ხანიდან, სახელოვანი ეგვიპტე დაეცა და V-I საუკუნეებში უმნიშნველო, სხვებზე დამოკიდებულ ქვეყნად იქცა. ასევე აღსრულდა წინასწარმეტყველებანი სხვა ხალხებზეც, განსაკუთრებულად კი, ბაბილონსა და ქალდეველთა ქვეყანაზე, შუამდინარეთზე, რომელთა შესახებაც ნათქვამი იყო: „მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ერს მათი უსჯულოებისათვის და ქალდეველთა ქვეყანასაც გადავაქცევ უდაბნოდ“. დღემდე უდაბნოა ეს მხარე, რომელიც იერემიასა და ეზეკიელის ეპოქაში აყვავებული და მდიდარი ყოფილა. ცხადია, უნდა აღსრულებულიყო ქართველთა წინაპართა მიმართაც გამოთქმული წინასწარმეტყველება.

 

ქართველი ხალხის ყველაზე გამოჩენილი ტომები დაამარცხა და მათი ერთი ნაწილი უფრო ჩრდილოეთით, კავკასიაში, გადაასახლა ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა. ასე, რომ უფალს ნაბუქოდონოსორის ხელით არა მხოლოდ ებრაელები, არმაედ იბერიელებიც გადაუსახლებია როგორც ამას იერემია წინასწარმეტყველებდა: „და მაინც შეიჭამებიან შენი შემჭმელები, ჩემი მტრები, ტყვეობაში წავლენ ყველანი“ (იერემია, 30,16).

 

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მამად წოდებულმა ევსევი კესარიელმაც მიაქცია ყურადღება და თავის „ქრონიკებში“ ჩართო ცნობა ნაბუქოდონოსორის მიერ იბერიელთა ანუ ქართველთა დამარცხების, დატყვევებისა და გადასახლების შესახებ: „ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ჰერაკლეზე უფრო ძლიერი იყო, მას შემდეგ, რაც საომარი ჯარი შეკრიბა, მიაღწია ლიბიელთა ქვეყანაში და იბერთა ქვეყანაში, აჯობა მათ. გააცამტვერა და დაიმორჩილა, მათგან ერთი ნაწილი გადაასახლა მან პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეზე და იქ დაასახლა“ (გეორგიკა, I, 1961, გვ.30).

 

ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ევსევი კესარიელის ცნობა, რადგანაც იგია ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის მეცნიერული შესწავლის ფუძემდებელი, და თუკი იგი თვლიდა თავს ვალდებულად თავის შრომებში ქართველთა წინაპრებისადმი მიძღვნილი ამბები გადმოეცა, მით უმეტეს ეს ევალება საქართველოს ეკლესიის ისტორიკოსს, რომელმაც იცის, რომ ევსევი კესარიელი ძველი ავტორის, ქრისტეშობამდე IV-III საუკუნეებში მცხოვრები ისტორიკოსის მეგასთენეს ცნობას იყენებდა. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ევსევი კესარიელი დაახლოებული პირი იყო მოციქულთა სწორ იმპარატორთან - კონსტანტინესთან, აღსანიშნავია, რომ ძველი დროის მეორე ცნობილი ისტორიკოსი ეკლესიისა, ასევე ეპისკოპოსი და იოანე ოქროპირის საუკეთესო მოწაფეთაგანი თეოდორიტე კვირელი იმავეს წერს ქართველთა წინაპრების შესახებ. კერძოდ, წინასწარმეტყველ ეზეკიელის ტექსტის განმარტებისას ეხება ჩვენს წინაპრებს. ეზეკიელი წინასწარმეტყველებდა: „უთხარი, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ გოგ, როშის, მუშექის და თუბალის მთავარო! გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ... თოგორმის სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად“ (ეზეკ. 32,26).

 

თეოდორიტე განმარტავს „გოგ და მაგოგ სკითური ტომებია, ხოლო მოსოხ, ამბობენ კაბადოკიელები არიანო, თობელ კი იბერებიო... სახლი თოგარმისა (ვარიანტი: თოგარმასი), ის ამბობს, რომ ესენი ფრიგიელები არიანო... ფრიგიელები და გალატები, იბერები და სპარსელები და ეთიოპიელები, ამბობს წინასწარმეტყველი, სკვითებთან ერთად ლაშქრობდნენ... იძულებული გახადეს მონაწილეობა მიეღოთ ომში“ (გეორგიკა, I, გვ.223).

 

ეზეკიელი ნაბუქოდონოსორის ეპოქაში თობელისა და მოსოქის დასჯის შესახებ წერს, ძველი ბერძნული წყაროები და ქრისტიანი ისტორიკოსები ნაბუქოდონოსორის მიერ იბერების დამარცხების შესახებ გვაუწყებენ, ამიტომაც უნდა ვიფიქოთ, რომ ისინი ერთსა და იმავე ამბავს აღწერენ, რომელიც ქართველთა წინაპრებს შეეხება. არსებობს სხვა, თანამედროვე ისტორიული მეცნიერების განვითარების შედეგად მოპოვებული მონაცემებიც, რომლებიც ამასვე ადასტურებენ. მეშექისა და თუბალის ძველი დიდების დაცემა და მათი უმნიშვნელო ტომებად ქცევა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ისტორიკოსებს. პირველქართველთა დიდებულება, მათი სახელმწიფოები, ქალაქები, კულტურის ბრწყინვალება აჩრდილად იქცა. ქრისტეშობამდე ხუთი-ოთხი საუკუნით ადრე ქართველთა დაცემის შესახებ ივანე ჯავახიშვილი წერს: „თუმცა ასურულ წყაროებში ჩვენი ერის მაშინდელი მდგომარეობა დაწვრილებით არ არის აღწერილი, მაგრამ IV საუკუნის ქართველი ტომების ყოფა-ცხოვრებას თუ იმდროინდელ მდგომარეობას შევადარებთ, შეუძლებელია, მაინც არ შევამჩნიოთ, რომ ჩრდილოეთისაკენ წაწეულ ქართველებს ცხადი დაქვეითება ეტყობათ... სადღა იყო წინანდელი სიმდიდრე, სასახლეები, აურაცხელი განძი და ქონება, რომლის ხელში ჩაგდებას თავის დროზე ასურეთის ბატონები კვეხულობდნენ ხოლმე. წინათ მათ ქალაქები ჰქონდათ, IV საუკუნეში კი სალაპარაკოდაც არ ღირდა... წინათ ქართველები ძლიერ და მდიდარ ერად ითვლებოდნენ, აღებ-მიცემობისთვის შორეულ ქვეყნებში მიდიოდნენ და ყველგან სახელი ჰქონდათ გავარდნილი. IV საუკუნეში კი ისინი პატარ-პატარა ტომებად იყვნენ დანაწილებულნი, მამაცობის პატივი მეზობლებშიღა ჰქონდათ შერჩენილი, მსოფლიოში კი მათი სახელი აღარ ისმოდა“ (ივ. ჯავახიშვილი, ტ. I, გვ.70).

 

დიახ, ჩვენი ერი დაეცა, ეზეკიელის წინასწარმეტყველება თუბალსა, მეშექსა და თოგორმაზე აღსრულდა. ეზეკიელი ქრისტეშობამდე VI ს-ში ცხოვრობდა, IV ს-ში ქართველთა ძველი დიდება აღარ არსებობდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათი სახსენებელი უფალმა არ გააქრო, რადგანაც ისინი უფლის ერს არა დამოუკიდებლად, არამედ სკვითების („გოგის“) იძულებით ლაშქრავდნენ. ს.ჯანაშიას სიტყვით რომ ვთქვათ, ერთ დროს ვრცელ მიწა-წყალზე მცირე აზიასა, სამხრეთ ევროპასა, კავკასიასა და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მცხოვრები ქართული გვარტომობის ხალხები, ქრისტეშობამდე IV საუკუნისათვის მხოლოდ კავკასიაში შეყუჟულ ტომებად იქცნენ, მაგრამ უფალ ღმერთს ისინი არ დაუვიწყებია, მეფე ფარნავაზის დროს მისცა ძალა, რათა ჩამოეყალიბებინათ ერთიანი, „ქართლის სამეფოდ“ ცნობილი სახელმწიფო და დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მოსახელობა ერთიან ერად შეკრა. I საუკუნეში, ქრისტეს აღდგომის შემდეგ, დედა ღვთისას მიეცა აღთქმა ქართველი ერის ღვთისაგან „არაუგულებელყოფის“ შესახებ. ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მისი წილხვდომილი ერის შესახებ უბრძანა: „ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულებელვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის“ (ქართლის ცხოვრება, I, გვ.38). ღვთისმშობლისადმი მიცემული ამ აღთქმით ქართველი ერი ყველა ქრისტესმოყვარე ერის მსგავსად უფლის რჩეულ ერად იქცა. ეკლესიის ძველქართველ ისტორიკოსთა თანახმად, ამ სიყვარულის ნიშნად, პირველ საუკუნეშივე ქართველმა ერმა ზეცით ქსოვილი კვართი უფლისა, ერთიანი, მთლიანი და დაუნაწევრებელი მიიღო, ნიშნად იმისა, რომ „საზეპურო ქართველი ერი“ მის წიაღში შენახული კვართის მსგავსად მთლიანი და დაუნაწევრებელი დარჩებოდა, თუ იგი ქრისტიანობას დაიცავდა.

 

ელოდნენ თუ არა საქართველოში მესიის მოსვლას, ჰქონდათ თუ არა ქართველთა წინაპრებს ცოდნა მხსნელის შესახებ ანდა მისი მოლოდინი?

 

როგორც ძველქართულ საეკლესიო მწერალთა თხზულებებიდან ჩანს, როგორც I, ასევე III-IV საუკუნეებში ჩვენში არამარტო ასეთი სახის ცოდნა, არამედ მისი სარწმუნოებრივი განცდაც არსებობდა. ამაზე I საუკუნეში ელიოზის დედის, ხოლო შემდეგში პირველი ქრისტიანი მეფის, მოციქულთასწორი მირიანის მაგალითიც მეტყველებს.

 

როგორც ცნობილია, უფლის ჯვარცმას საქართველოდან საგანგებოდ მიწვეული ებრაელები ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი დაესწრნენ. იერუსალიმში უფლის ჯვარზე მიმსჭვალვა, წერს ჩვენი მემატიანე, მცხეთაში ელიოზის დედამ განიცადა და ხმამაღალი მოთქმით წარმოთქვა სიტყვები, რომლიდანაც ჩანს, რომ მხსნელის მოლოდინი იმჟამინდელ საქართველოშიც ჰქონდათ: „მშვიდობით, მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ უგუნურებით მოკალით უფალი და მაცხოვარი ყოველთა და იქმენით ბოროტად მკვლელ შემოქმედის თქუენისა“ (ქ.ც. I, გვ.37). მხსნელის განცდა ჰქონია არა მხოლოდ ელიოზის დედას, არამედ მის დას, მთელ მის ოჯახსა და საერთოდ ძველი აღთქმის მიმდევარ მთელ საზოგადოებას. იმდენად ძლიერი ყოფილა ეს განცდა, რომ ელიოზ მცხეთელის მიერ მცხეთაში ჩამოსვენებული უფლის კვართი მისმა დამ მკერდში ჩაიკრა და სული განუტევა - „მეყსეულდან სულნი წარხდეს ნეტარსა მას დედაკაცსა სამ-სახეთა მათ მიზეზთათვის: პირველ უკუე უფლისა სიკუდილისა და ვნებისა მისისათვის, მეორედ რამეთუ ეზიარა ძმა იგი მისი სისხლსა უფლისასა, ხოლო მესამე, ვინაითგან მოეხსენა დედისაცა თვისისა სიკუდილი“ (იქვე, გვ.37).

 

მცხეთაში, და საერთოდ საქართველოში, სადაც ინახებოდა ძველი აღთქმის უდიდესი სიწმინდე - ილია წინასწარმეტყველი ხალენი, სადაც იყო დიდი კოლონია ებრაელებისა, ცხადია უნდა არსებულიყო ცოდნა მესიის შესახებ და მისი მოლოდინი.

 

გარდა ამისა, საქართველოში გარკვეულწილად გავრცელებული ყოფილა ცეცხლთაყვანისმცემლობა ანუ ზოროასტრიზმი და მისი განშტოება მითრაიზმი. ეს იყო მსოფლიოში ერთადერთი რელიგია, რომელიც იცნობდა მესინიზმს (იგულისხმება ბიბლიის გარე სამყარო) თანახმად ემანუილ სვეტლოვისა და მრავალი სხვა თეოლოგისა (ე.სვეტლოვ, ვესტნიკ ცარსტვა ბოჟია, V, ბრიუსელი, 1972, გვ.363). ისრაელის წინასწარმეტყველთა გარდა მხოლოდ მაზდეანობას სწამდა მომავალი სუფევა უფლისა და მოელოდა ამ ქვეყნად მსოფლიოს მხსენის მოსვლას. ამიტომაც ამქვეყნად ჩვენი მაცხოვრის მოვლინების შემდეგ ზარატუშტრას მოძღვრებამ მისია ამოწურა და რამდენიმე საუკუნის მანძილზე მხოლოდ ინერციით არსებობდა, საქართველოში მან ადგილი ქრისტიანობას დაუთმო. მხსნელის მოლოდინის გამო ზარატუშტრას ქურუმები - მოგვები - მივიდნენ პირველნი ჩვენი მაცხოვრის იესოს შობისას მის თაყვანსაცემად.

 

ყოველივე ზემომოყვანილი საინტერესოა „ქართლის ცხოვრების“ ერთი ადგილის განმარტებისათვის, საიდანაც ჩანს, რომ მეფე მირიანი და, ცხადია, ქართული სამყარო III-IV საუკუნეებში მესიის მოსვლის შესახებ განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ.

 

წმიდა ნინოს ქადაგებათა და სასწაულთა აღსრულების შემდეგ „მირიან მეფე განკვირდა და იწყო გამოძიებად სჯულისა ქრისტესსა და მრავალგზის ჰკითხავნ ჰურია ყოფილსა მას აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთასა და იგი აუწყებდა ყოველსა. და წიგნიცა, რომელი ჰქონდა მირიან მეფესა ნებროთისი, მას წიგნსა შინა პოვა წერილი ესრეთ: „... უკანასკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფე იგი ცისა... მან გიხილოს ჭირსა შინა და გიხსნეს შენ“ (ქ.ც. I, გვ.105). „ჰურიაყოფილი ეწოდა აბიათარს, რომელიც წმიდა ნინოს მიერ გაქრისტიანებლა და იუდაური სარწმუნოება დაუტოვებია. მას, როგორც ძველი აღთქმის მღვდელს, სცოდნია ძველი აღთქმის წიგნები, მაგრამ გაქრისტიანების შემდეგ ახალი აღთქმის იმდროისათვის არსებულ წიგნებსაც გასცნობია. ამიტომაც მეფემ მისგან მრავალჯერ გამოიკითხა ცნობები „ძეულთა და ახალთა წიგნთასა“. მეფე მირიანს, რომელიც იქამდე ცეცხლთაყვანისმცემელი ყოფილა, „ნებროთის წიგნიც“ ჰქონია. ეს უნდა ყოფილიყო არა ძველი აღთქმის აპოკრიფი, არამედ სწორედ ზოროასტრიზმის სულიერი ცოდნის შემცველი „სპარსების წმიდა წიგნი“ ავესტა, რომელსაც ზოგჯერ ირანულ ბიბლიასაც უწოდებენ. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეულ ვარიანტში ქართველთა ცხოვრების აღმწერელ თხზულებას წინ უძღვის მსოფლიო ისტორიისადმი მიძღვნილი ნაკვეთი, რომელშიც ნებროთი ცეცხლთაყვანისმცემლად და მის ერთ-ერთ მოძღვრადაა გამოყვანილი (კ.კეკელიძე, I, გვ.440).

 

მაშასადამე, წმიდა ნინოს სასწაულთა შემდგომ მეფე მირიანი საგანგებოდ გაეცნო ძველი და ახალი აღთქმის უმთავრეს იდეას და იგი ცეცხლთაყვანისმცემლური სარწმუნოების ძირითად თვალსაზრისს შეადარა. ამის შემდგომ, წერს მემატიანე, „გულისხა ყო მეფემან მირიან, რამეთუ ძუელნი წიგნნი და ახალნი ეწამებოდეს და ნებროთის წიგნიცა დაამტკიცებდა და შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისა“ (ქ.ც. I გვ. 105).

 

რას „ეწამებოდნენ“ ანუ ამტკიცებდნენ „ძუელნი და ახალნი წიგნნი“? რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველებას მესიის მოსვლის შესახებ, რომელსაც „დაამტკიცებდა“ ანუ ეთანხმებოდა „ნებროთის წიგნი“. ამან სულიერად შეძრა მეფე მირიანი და ხელი შეუწყო მის გაქრისტიანებას.

 

სამეფო ოჯახში „ნებროთის წიგნის“ არსებობის შესახებ მოგვითხრობს არა მხოლოდ ლეონტი, მროველი ეპისკოპოსი, არამედ სხვა ისტორიკოსიც - ჯუანშერიც, რომელიც ვახტანგ გორგასლის მატიანეში მეფე ვახტანგს ათქმევინებს - „მამათა ჩვენთა ფარულად ეპყრა წიგნი ესე“. უნდა დავასკვნათ, რომ III-IV საუკუნეებში ქართველი ერის საუკეთესო ნაწილს გაგებული ჰქონდა მესიის მოსალოდნელი მოვლსი შესახებ. ეს საკითხი, რომელიც იხილავს ქართველი ხალხის მომზადებას მაცხოვრის მისაღებად, უფრო გამოწვლილვითაა მოცემული ჩვენს წიგნში „ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია“ (1994).

 

ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „ვუმღერებ ჩვენს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს, დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა“ (ესაია 5,1-2).

 

ვაზის „სავსე მტევნებში“ ის იგულისხმება, რომ უფლის ამქვეყნად მობრძანების ჟამს იგი მის ერს ვითარცა ღმერთი და მესია უნდა მიეღო. მაგრამ „სავსე მტევნების“ გამომღებნი ქართველი და სხვა ქრისტიანი ერები აღმოჩნდნე, რომელთაც შეიყვარეს ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე, და დაიცვეს სარწმუნოება საუკუნეთა მანძილზე, თუმც კი, მათ და კერძოდ ქართველმა ქრისტიანებმა პირველი დევნა I საუკუნეშივე, მეფე ადერკის დროს დაითმინეს.

 

საქართველოს საპატრიარქოს მანგლის-წალკის ეპარქია
2001 წ.