მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

კანონიკური და არაკანონიკური წიგნები.

 

კანონიკური და არაკანონიკური წიგნები; ძველი აღთქმის კანონის ისტორია ბერძნული სიტყვა κανων („კანონ“), ისევე როგორც სემიტური „კანე“, თავდაპირველად აღნიშნავდა „ლერწმის ჯოხს“ ან, საერთოდ, „სწორ ჯოხს“, ხოლო აქედან, გადატანითი მნიშვნელობით – ყველაფერი ის, რაც ემსახურება სხვა საგნების გამართვას, გასწორებას, მაგალითად: „შვეული“, ან, ე. წ. „სამართი“. კიდევ უფრო მეტად, განკერძოებული მნიშვნელობით, სიტყვამ κανων მიიღო „წესის“, „ნორმის“, „ნიმუშის“ მნიშვნელობა, როგორი შინაარსითაც ეს სიტყვა გვხვდება პავლე მოციქულის ეპისტოლეში: „რაოდენნი წესსა (τω κανονι) ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა ზედა ღმრთისასა“ (გალ. 6, 16). ეფუძნება რა ამას, ტერმინი κανων და მისგან წარმოქმნილი ზედსართავი სახელი kκανονικος („კანონიკოს“ – კანონიკური) საკმაოდ ადრიდანვე დაერთვოდა იმ წმინდა წიგნებს, რომლებშიც, ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ხედავდნენ სარწმუნოების ჭეშმარიტი სჯულის გამოხატულებას. უკვე წმ. ირინეოს ლიონელი ამბობდა: ჩვენ გვაქვს „ჭეშმარიტების კანონი – ღვთის სიტყვა“. ხოლო წმ. ათანასე ალექსანდრიელი „კანონიკურად“ განსაზღვრავს ისეთ წიგნებს, რომლებიც წარმოსახულია ხსნის წყაროდ, რომელშიც ერთად მოსწავებულია ღვთივსათნო სწავლება. „კანონიკური“ წიგნების „არაკანონიკურისგან“ საბოლოო გაყოფა იწყება წმ. იოანე ოქროპირის, ნეტარი იერონიმესა და ნეტარი ავგუსტინეს დროიდან. ამ დროიდან ეპითეტი „კანონიკური“ მიემართებოდა ბიბლიის იმ წმინდა წიგნებს, რომლებიც მთელი ეკლესიის მიერ აღიარებულნი იყვნენ „ღვთივსულიერი“ ღირსებით, რომლებიც თავის თავში შეიცავდნენ სარწმუნოების წესებსა და ნიმუშებს.

 

რაც შეეხება „არაკანონიკურ“ წიგნებს, ისინი იყოფა ორ ნაწილად – „არაკანონიკური შეწყნარებული“ და „არაკანონიკური შეუწყნარებელი“ „აპოკრიფული“ (αποκρυφος – „დაფარული“, „საიდუმლო“) წიგნები. „არაკანონიკურ შეწყნარებულ“ წიგნებში იგულისხმება ისეთი წერილები, რომლებიც, მართალია, გარკვეული მიზეზების გამო, არ აღრიცხულა კანონში, მაგრამ სასარგებლოა და სამოძღვრებლად გამოსაყენებელი. აქ, ძირითადად, ძველი აღთქმის კანონიკური კრებულის გარეთ დარჩენილი წიგნები იგულისხმება. ძველი აღთქმის წერილთა შორის მრავლად არის ისეთი წიგნები, რომლებიც შინაარსითა და ღირსებით ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან კანონიკურ წიგნებს; ასეთებია მაგალითად: „სოლომონის სიბრძნე“, „ისუ ზირაქის ძის სიბრძნე“, „ტობითი“, „ივდითი“, „ნეემია“ და სხვა. საკუთრივ „სოლომონის სიბრძნესთან“ დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი ადრეული პერიოდიდანვე ავტორიტეტულ ძეგლად იყო მიჩნეული საეკლესიო მოძღვართა მიერ და დღესაც გამოიყენება ღვთისმსახურების ჟამს, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ვისაუბროთ მის რაიმე ნაკლოვანება-უდარესობაზე „კანონიკურ წიგნებთან“ მიმართებით, თუმცა მაინც არ არის აღრიცხული კანონიკურ წიგნებში იუდაურ ტრადიციაში.

 

აქედან გამომდინარე, „არაკანონიკური შეწყნარებული“ წიგნები პირობითად თუ ითქმის არაკანონიკურად, თორემ შინაარსობრივი ღირსების თვალსაზრისით არაფრით არიან ნაკლულევანნი. წმ. ათანასე ალექსანდრიელი საინტერესოდ აფასებს იმ „არაკანონიკურ“ წიგნებს, რომლებიც აპოკრიფებისგან რადიკალურად განსხვავდებიან; აი, რას ბრძანებს მოძღვარი: „არიან სხუანიცა წიგნნი თჳნიერ ამათსა არა განკანონებულნი უკუე, ხოლო დაწერილნივე მამათა მიერ საკითხავად მათთჳს, რომელნი აწღა მოუჴდებოდინ და ენებოს დამოწაფებაჲ კეთილად მსახურებისა სიტყჳსაჲ“.

 

რაც შეეხება აპოკრიფულ წიგნებს, ისინი სრულიად უარყოფილია, როგორც ნაყალბევი და კაცთათვის საზიანო ძეგლები. თუმცა ისეთი ისტორიული დეტალები, რომლებიც თანხვდება სამოციქულო გადმოცემებს და, შესაბამისად, ჭეშმარიტ ცნობებს შეიცავენ, ეკლესიის მოძღვართაგან მიღებულია, როგორც სანდო წყაროსთან წილნაყარი.

 

ასე რომ, ბიბლიის წიგნთა „კანონიკურად“ და „არაკანონიკურად“ დაყოფა მხოლოდ ძველი აღთქმის წიგნებს ეხებათ, რადგან ბიბლიის კრებულში შემავალი ახალი აღთქმის წიგნები ყველა კანონიკურად არის აღიარებული. ძველი აღთქმის „კანონის“ კრებული თუმცა კი ემყარება საკმაო თანხმიერობას, მაგრამ განსხვავებულია თავად წიგნთა რაოდენობრივი დასახელების მხრივ. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ებრაელებს სურდათ თავიანთ წიგნთა რაოდენობრივობა მიესადაგებინათ თავიანთი ანბანის რიცხვთან (ებრაულ ანბანში 22 ასოა) და ამიტომ ხელოვნურად აერთებდნენ ზოგიერთ წიგნს ერთში. მაგალითად: მათ შეაერთეს მსაჯულთა და რუთის წიგნები, მეფეთა პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე წიგნებიც გააერთიანეს; ასევე ერთად შეკრეს 12 მცირე წინასწარმეტყველის წიგნი.

 

მართლმადიდებელი ეკლესია აღრიცხავს ძველი აღთქმის 39 კანონიკურ წიგნს: 1) შესაქმე (დაბადება); 2) გამოსლვათა; 3) ლევიტელთა; 4) რიცხვთა; 5) მეორე სჯულისა; 6) ისუ ნავესი; 7) მსაჯულთა; 8) რუთი 38 ; 9) I მეფეთა; 10) II მეფეთა; 11) III მეფეთა; 12) IV მეფეთა; 13) I ნეშტთა; 14) II ნეშტთა; 15) ეზრა; 16) ნეემია; 17) ესთერი 39 ; 18) იობი; 19) ფსალმუნნი; 20) იგავნი სოლომონისნი; 21) ეკლესიასტე; 22) ქება ქებათა; 23) ესაია; 24) იერემია; 25) გოდება იერემიასი 40 ; 26) ეზეკიელი; 27) დანიელი; 28-39) თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი: ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია.

 

კართაგენის საეკლესიო კრების ინდექსში რუთის წიგნი არ არის შესული.

 

ესთერის წიგნი არ არის შესული ლაოდიკიის საეკლესიო კრების, წმ. ათანასე ალექსანდრიელისა და წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ინდექსებში.

 

ლოპუხინის რედაქტორობით შედგენილ „ბიბლიის განმარტების“ წიგნში იერემიას წინასწარმეტყველება და გოდება გაერთიანებულია და, შესაბამისად, ძველი აღთქმის 38 კანონიკური წიგნია გამოყვანილი. ლოპუხინის რედაქტორობით შედგენილ „ბიბლიის განმარტების“ წიგნში ბარუქი და იერემიას ეპისტოლე არ არის დასახელებული და, შესაბამისად, ძველი აღთქმის 9 არაკანონიკური წიგნია გამოყვანილი.

 

რაც შეეხება არაკანონიკურ წიგნებს, ეკლესიის მიერ აღიარებულია 11 წიგნი:

1) ეზრა ზორობაბელი I; 2) ტობი; 3) ივდითი; 4) სოლომონის სიბრძნე; 5) ისუ ზირაქის სიბრძნე; 6) ბარუქი; 7) იერემიას ეპისტოლე 41 ; 8) ეზრა სუთიელი (სალათიელი); 9) I მაკაბელთა; 10) II მაკაბელთა; 11) III მაკაბელთა.

 

გარდა ამისა, გამოიყოფა არაკანონიკური ჩანართები კანონიკურ წიგნებში: ΙΙ ნეშტთაში XXXVI თავის 23-ე მუხლის მომდევნოდ – მანასეს ლოცვა, წარმოთქმული მის მიერ ბაბილონელთა ტყვეობაში ყოფნისას; ესთერის წიგნში I თავის დასაწყისი, III თავის მე-13 მუხლი, IV თავის მე-17 მუხლი, V თავის პირველი მუხლი, VIII თავის მე-12 მუხლი, X თავის მე-3 მუხლი წიგნის ბოლომდე (ესთერის წიგნის ეს დანართები თავმოყრილია და XI-XVI თავებადაა შეტანილი ლათინურ ბიბლიაში); იობის წიგნში XII თავის ბოლო მე-17 მუხლი; ფსალმუნთა წიგნში - 151-ე ფსალმუნი; დანიელის წიგნში – III თავის 24-90 მუხლების ტექსტი – სამი ყრმის (ანანია, აზარია და მისაელი) გალობა, XIII თავი – სუსანას ამბავი, XIV თავი – ბელისა და ვეშაპის შესახებ. არაკანონიკური წიგნები ებრაულ ბიბლიაში დიდი ხანი არ ჩანდა. გარდა ამისა, ებრაულ ენაზე მათი არსებობის შესახებ არაფერს გვამცნობდა I საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი, რომელსაც მოცემული აქვს ძველი აღთქმის წიგნების სრული სია ებრაულ ენაზე. მეორე მხრივ, არაკანონიკური წიგნებისა და კანონიკური წიგნების არაკანონიკური დანართების არსებობა ბერძნული სეპტუაგინტას (72 ებრაელი უხუცესების თარგმანი ებრაულიდან ბერძნულ ენაზე) შემადგენლობაში ფაქტი იყო. არაკანონიკური წიგნების უმეტესობის მიმართ (I ეზრა, ბარუქი, იერემიას ეპისტოლე, ზირაქის სიბრძნე, 151-ე ფსალმუნი) მკვლევრები ასკვნიდნენ მათი ებრაული წარმოშობის შესახებ. ეს დასკვნები ზოგიერთი ტექსტის მიმართ გაამართლა ყუმრანის ცნობილმა აღმოჩენებმა. ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნებიდან იქ ნაპოვნია ტობის წიგნის არამეული და ებრაული ფრაგმენტები, ზირაქის სიბრძნის რამდენიმე ნაწყვეტი და ფსალმუნთა წიგნის 151-ე ფსალმუნი ებრაულად, აგრეთვე იერემიას ეპისტოლის ბერძნული თარგმანის ფრაგმენტი. (1947 წელს მკვდარი ზღვის მიდამოებში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. შემდეგ ყუმრანის გამოქვაბულში აღმოჩნდა ხელნაწერები, რომლებშიც იყო წმინდა წერილის ტექსტები.)

 

ბიბლიოლოგიაში დღეისათვის ის აზრია დამკვიდრებული, რომ ბიბლიის არაკანონიკური წიგნები წარმოიშვა ჩვ. წ. აღ.-მდე ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში, როდესაც ებრაული ბიბლიის კანონი უკვე დასრულებული იყო. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ჩაითვალა ეს წიგნები არაკანონიკურად და არ შევიდა ებრაული ბიბლიის შემადგენლობაში. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ სად და როდის მოხვდა არაკანონიკური წიგნები ბიბლიის კრებულში, ითვლება, რომ ეს წიგნები თავდაპირველად თარგმნეს სეპტუაგინტას მთარგმნელებმა კანონიკურ წიგნებთან ერთად და შეიტანეს ბიბლიის ბერძნულ კრებულში, შემდეგ კი მათ დაემატა სხვა არაკანონიკური წიგნები, რომლებიც უფრო მოგვიანებით უკვე ბერძნულ ენაზე დაიწერა. ქრისტიანული ეკლესიის დამოკიდებულება არაკანონიკური წიგნების მიმართ სხვადასხვაგვარი იყო. აქ რეფორმაციის პერიოდამდე გამოყოფენ სამ ეტაპს:

 

1) ადრეული საუკუნეების (IV საუკუნემდე) ეკლესიის წმინდა მამები ძველი აღთქმის არაკანონიკურ წიგნებს იხსენიებდნენ როგორც „წერილს“, ან „საღვთო წერილს“, ციტირებდნენ მათგან და კანონიკური წიგნებისგან თითქმის არ განარჩევდნენ.

 

2) IV საუკუნის ბოლოსა და V საუკუნის დამდეგს ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები საბოლოოდ გამოიყო ებრაული კანონის წმინდა წიგნებისგან. ყველა წიგნი, რომელიც ძველ ებრაულ კანონში არ შედიოდა, აპოკრიფად გამოცხადდა.

 

3) მესამე თვალსაზრისი, რომელიც ეკლესიაში IV საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა, პირველი ორის მორიგების ცდას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისის მიხედვით, არაკანონიკური წიგნების გამოყენება სარწმუნოების დასაბუთებისთვის კი აიკრძალა, მაგრამ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს მათი კითხვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. აქედან წარმოდგა ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნების სახელწოდებაც - „საეკლესიონი“. ამ თვალსაზრისის მომხრეებმა ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები გამიჯნეს საკუთრივ აპოკრიფებისგან, რომლებშიც მხოლოდ მწვალებლური ნაწერები იგულისხმებოდა.

 

აქედან გამომდინარე, ცხადად გამოჩნდა, რომ არაკანონიკური წიგნები გაიყო ორ ნაწილად:

 

1. წიგნები, რომლებიც არ შევიდნენ წმინდა წერილის კანონში და მათში ჩართული იყო კერძო აზრებიც, მაგრამ სასარგებლო იყო ადამიანთათვის და ამიტომაც დაშვებული იყო მათი წაკითხვა ეკლესიაში;

 

2. წიგნები, რომლებიც მწვალებლურ აზრებს შეიცავდა და საზიანო იყო კაცთათვის; ასეთ წიგნებს „აპოკრიფი“ („დაფარული“) უწოდეს.

 

დიდ სჯულისკანონში, კერძოდ, წმ. ათანასე ალექსანდიელის 39-ე სადღესასწაულო ეპისტოლეში, საუკეთესოდ არის დახასიათებული კანონიკური, არაკანონიკური და აპოკრიფული წიგნები. ხსენებულ ეპისტოლეში ამ წიგნებს ეწოდება: „განკანონებულნი“, „არაგანკანონებულნი“ („განუკანონებელნი“) და „დაფარულნი“. ეპისტოლის მიხედვით, „განკანონებულ“ წიგნებში იგულისხმება ღვთივსულიერი, კანონიკური წიგნები. ამ „განკანონებული“ წიგნების შესახებ წმ. ათანასე ალექსანდრიელი ამბობს: „ესე არიან წყარონი ცხორებისანი, ვიდრემდის მაგრილობელ ექმნებიან წყურიელთა ამათ შინანი სიტყუანი. მხოლოდ ამათ ოდენ შინა ეხარების კეთილად მსახურებისა მოძღურებაჲ. ნუმცა რაჲ ვისგან შეემატების ამათ, ნუცა კუალად გამო-რაჲმე-ეჴუების ამათ“.

 

„არაგანკანონებულში“ იგულისხმება არაკანონიკური ისეთი წიგნები, რომლებიც სამოძღვრებელი და სასარგებლოა ადამიანთათვის (ასეთი წიგნების შესახებ წმ. ათანასე ამბობს: „არიან სხუანიცა წიგნნი თჳნიერ ამათსა არა განკანონებულნი უკუე, ხოლო დაწერილნივე მამათა მიერ საკითხავად მათთჳს, რომელნი აწღა მოუჴდებოდინ და ენებოს დამოწაფებაჲ კეთილად მსახურებისა სიტყჳსაჲ“). ხოლო „დაფარულში“ იგულისხმება პირდაპირ აპოკრიფული და ნაყალბევი წიგნები, რომლებიც მწვალებელთა მიერაა შექმნილი და სულისთვის არასასარგებლო აზრებს შეიცავს. აი, რას ამბობს საბოლოოდ სამივე სახეობის წიგნზე წმ. ათანასე: „საყუარელნო, არცა მათ განკანონებულთა და არცა ამათ განუკანონებელად საკითხავთა შორის იპოების საჴსენებელი დაფარულთაჲ, არამედ იგინი მწვალებელთანი არიან მოპოვნებულნი, რომელნი წერენ უკუე მათ, ოდესცა ენებოს, ხოლო მისცემენ და შეჰმატებენ მათ ჟამთა, რაოდენნიცა სთნდენ, რაჲთა ვითარცა ძუელთა რათმე სარწმუნო-ჰყოფდენ მათ და მიზეზად აქუნდეს ესე მათ მიერ ცთუნებისა წრფელთაჲსა“.