საეკლესიო ისტორიის მეათე წიგნი შეიცავს შემდეგს:
I. ღვთისგან ჩვენთვის ბოძებული მშვიდობის შესახებ.
II. ეკლესიათა აღდგენის შესახებ.
III. ყველა ადგილზე [წარმოებულ] განახლებათა შესახებ.
IV. შესხმითი სიტყვა სასიხარულო მოვლენების გამო.
ეკლესიათა აგებასთან დაკავშირებით წარმოთქმული შესხმითი სიტყვა, მიძღვნილი ტვიროსელთა ეპისკოპოს პავლინესადმი.
V. ქრისტიანებთან დაკავშირებით საიმპერიო კანონების ასლები.
ასლი სხვა საიმპერიო დადგენილებისა, რომელიც ასევე იქნა შექმნილი, და აღნიშნავს, რომ ძღვენი მხოლოდ კათოლიკე ეკლესიას უნდა მიეცეს.
ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს ეპისკოპოსთა სინოდის რომში გამართვას ეკლესიათა ერთობისა და ერთსულოვნების გამო.
ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს, მეორედ გაიმართოს სინოდი ეპისკოპოსთა ყოველგვარი გათიშულობის აღმოფხვრის გამო.
VI. სასულიერო პირთა საზოგადოებრივი სამსახურისაგან განთავისუფლების შესახებ (ასლი საიმპერიო ეპისტოლის, რომლის მეშვეობით ეკლესიებს ებოძება ფული).
VII. მოგვიანებით ლიკინიუსის ბოროტმოქმედებისა და მისი დაღუპვის შესახებ (ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს, ეკლესიების წინამდგომლები განთავისუფლებულ იქნან ყოველგვარი საზოგადოებრივი ვალდებულებისაგან).
VIII. კონსტანტინეს გამარჯვებისა და იმ წყალობათა შესახებ, რაც მის მიერ გაცემულ იქნა რომაელთა ძალაუფლების ქვეშევრდომთათვის.
I
მადლი ღმერთს, ყოვლიერების მეუფესა და ყოვლისმპყრობელს ყველაფრისთვის, ყველაზე დიდი მადლობა ჩვენი სულების მაცხოვარსა და გამომსყიდველს, იესო ქრისტეს, რომლის მეშვეობით ყოველთვის ვლოცულობთ გარედან და გონებაში შფოთისაგან ჩვენი სიმშვიდის მტკიცედ და შეურყევლად დაცვისათვის. ლოცვებთან ერთად ეკლესიის ისტორიის გონებით გავნლილ ნაწილს დავუმატებთ მეათე ტომს, და ამას შენ მოგიძღვნით, ჩემთვის უწმინდესო პავლინე[1], შენ მოგიხმობ როგორც მთელი ამ ნაშრომის ბეჭედს; და რიცხვით სრულში შესაბამისად ადგილობრივ ეკლესიათა აღდგენის სრულ შესხმით სიტყვას განვაწესებთ ღვთის სულის მორჩილნი ისე, როგორც გვიბრძანებს: "უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა; რამეთუ საკვირველი საქმეები ქმნა: იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმინდა მკლავმა. უფალმა ცნობილი გახადა მისი ხსნა, ხალხების წინაშე გააცხადა მისი სიმართლე" (ფს. 98, 1‑2).
და აი, წინასწარმეტყველებათა ბრძანების შესაბამისად აწ ახალ სიმღერას შემოვძახებთ, რადგან ამ საშინელი და ბნელი სანახაობებისა და ამბების შემდეგ ახლა ასეთი სანახაობისა და შესხმის ღირსი გავხდით, რაც ჩვენამდე მრავალ მართალს და ღვთის მოწამეს გულით ეწადა, ეხილა მიწაზე და ვერ იხილა, მოესმინა და ვერ მოისმინა (შდრ. მათ. 13, 17). მაგრამ მათ მთელი მოსწრაფებით ჰპოვეს გაცილებით უკეთესი თვით ცაში და სამოთხეში, და ღვთიური განცხრომით წარტაცებულ იქნენ. ჩვენ კი ვაღიარებთ, რომ ეს მოვლენები უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ; ზეაღმატებულად ვართ განცვიფრებული ამ დიდი საბოძვარის მიზეზის მადლით, გვიკვირს მისი და მთელი სულის ძალით სათანადოდ თაყვანს ვცემთ და აღწერილი წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებას დავამოწმებთ, რომელთა მეშვეობით ნათქვამია: "მოდით და იხილეთ უფლის საქმეები, რა სასაწაულებიც ქმნა მან დედამიწაზე, შეწყვიტა ომები დედამიწის კიდეებამდე. მშვილდს დაამტვრევს და საჭურველს შემუსრავს, და ფარებს ცეცხლით დაწვავს" (ფს. 46, 8‑9). განვაგრძობთ თხრობას მოხარულნი იმით, რომ ეს სიტყვები ჩვენზე აღსრულდა.
ზემოხსენებული გზით გაუჩინარდა ღვთისმოძულეთა მთელი მოდგმა და ადამიანთა პირისაგან ერთბაშად აღიგავა, ისე რომ კვლავ აღსრულდა ღვთის სიტყვა, რომელიც ამბობს: "ვნახე უღმერთო ამაღლებული და აღზევებული როგორიც ლიბანის ნაძვები და გავიარე, და, აჰა, აღარ იყო, და ვეძებე მისი ადგილი, და არა იპოვა" (ფს. 36, 35‑37). და აწ ნათელმა და გასხივოსნებულმა დღემ, მას შემდეგ, რაც მას აღარ ჩრდილავს ღრუბლები, ციური სინათლის სხივებით მთელ მსოფლიოში განაბრწყინა ქრისტეს ეკლესიები. ჩვენი კრებულის გარეთ მყოფთაც არ ჰქონიათ შური, და ჩვენთან ერთად, თუ თანასწორად არა, მაინც სარგებლობდნენ ღვთისგან ჩვენდამი ბოძებული გადმოღვრისა და წილმქონეობისაგან.
II
ყველა ადამიანი იყო თავისუფალი ტირანების ძალაუფლებისაგან. და პირვანდელი ბოროტებებისაგან გამოხსნილი, თითოეული მათგანი თავისებურად აღიარებდა ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ღვთისმოსავთა გამო მებრძოლს. მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ, რომლებიც ღვთის ქრისტეზე ვამყარებთ იმედებს, გვქონდა ენითაუწერელი სიხარული და ღვთიური რამ მხიარულება ყვაოდა ყველა ადგილას, რომლებიც მცირე ხნის წინ ტირანების უღმერთობით იყო დანგრეული, და როგორც დიდი და სასიკვდილო დაზიანებისაგან აღდგენილი და კვლავ საძირკვლიდან უსაზღვრო სიმაღლემდე აღმართული ტაძრები გაცილებით ძლიერ ბრწყინავდა, ვიდრე ისინი, რომლებიც ძველად დაანგრიეს.
და იმპერატორებიც, ყველაზე უზენაესნი, ქრისტიანების გამო ერთი მეორეზე მიყოლებით კანონების გამოცემით უფრო მეტად და დიდად განამტკიცებდნენ ჩვენდამი ღვთის დიდ საბოძვარს; და ეპისკოპოსებიც გამუდმებით ღებულობდნენ იმპერატორისაგან პირად წერილებს, პატივს და ფულს. მათგან ურიგო არ იქნება, ამ ნაშრომში, როგორც წმინდა ფილაზე, წიგნში თავის დროზე ჩავწერო ლათინურიდან ბერძნულ ენაზე გადმოთარგმნილი სიტყვები, რათა ჩვენს შემდეგ ყველასათვის ხსოვნის მეშვეობით იქნას შემონახული.
III
ამის შემდეგ წარმოგვიდგა სანახაობა, რისთვისაც ჩვენ ყველა ვლოცულობდით და რასაც ძლიერ ვესწრაფოდით: განახლებათა დღესასწაულები ქალაქებში და ახლად აგებული სამლოცველოების კურთხევები, ეპისკოპოსთა ერთად შეკრებები, შორიდან უცხო ქვეყნებიდან მოსულთა თავყრილობები, ერთი მრევლის მეორესადმი კეთილგანწყობა, ქრისტეს სხეულის ასოების ერთ ჰარმონიად შეკრებილთა ერთობა. მომავლის საიდუმლოდ მომასწავებელი წინასწარმეტყველის სიტყვის თანახმად ძვალი ძვალს უერთდებოდა და სახსარი სახსარს, და ყველაფერი, რასაც წინასწარმეტყველური სიტყვა იგავების მეშვეობით უტყუარად მოასწავებდა (შდრ. ეზეკ. 37, 7‑10). ერთი იყო ყველა ასოს გავლით გავრცელებული ღვთიური სულის ძალა; და ყველას ერთი სული ჰქონდა და სარწმუნოების ერთიდაიგივე მოშურნეობა; და ყველასგან ერთი საგალობელი განადიდებდა ღმერთს. წინამძღვრები სრულად მსახურობდნენ, მღვდლები მღვდელმოქმედებდნენ და აღასრულებდნენ ეკლესიის ღვთივშვენიერ წესებს ასე ფსალმუნების გალობითა და დანარჩენი ღვთისგან ჩვენთვის გადმოცემული სიტყვების მოსმენით, საღვთო და საიდუმლო მსახურების აღსრულებით; და [წარმოდგენილი] იყო მაცხოვრის ვნებების გამოუთქმელი სიმბოლოები. ერთობლივად ყველა ასაკის მამაკაცი და ქალი გონების მთელი ძალით მლოცველი და მადლიერების შემწირველი გონებითა და სულით სიკეთეთა მიზეზს, ღმერთს მიაგებდა პატივს.
იქ დამსწრე [ეკლესიის] მმართველთაგან ყველა წარმოთქვამდა შესხმით სიტყვებს, როგორიც თითოეულს შეეძლო, და შთააგონებდა საყოველთაო ზეიმს.
IV
და ერთი კაცი ზომიერად ნიჭიერი[2], ვისაც შედგენილი ჰქონდა სიტყვა, გამოვიდა შუაში. და როდესაც მწყემსების უმრავლესობა იქ იმყოფებოდა და დუმილითა და წესრიგის დაცვით ყურადღებას მიაპყრობდა, საეკლესიო კრებაზე პირადად ერთი ყველაფერში საუკეთესო და ღვთისსათნო ეპისკოპოსის მიმართ, ვისი მოშურნეობით და მონდომებით ტვიროსში აიგო ფინიკიაში განსაკურებით მშვენიერი ტაძარი, წარმოთქვა შემდეგი სიტყვა:
ეკლესიათა აგებასთან დაკავშირებით წარმოთქმული შესხმითი სიტყვა, მიძღვნილი ტვიროსელთა ეპისკოპოს პავლინესადმი
ღვთის მოყვასნო და მღვდელნო, რომელთაც გმოსავთ წმინდა პოდირი და დიდების ციური გვირგვინი, ღვთიური ცხება და სულიწმინდის სამღვდელო შესამოსელი; და ღვთის წმინდა ტაძრის ახალგაზრდა სიამაყევ, მოხუცის სიბრძნით ღვთისგან პატივდებულო, ნორჩი და მწვერვალამდე ასული სათნოების უხვი საქმეებითა და ქმედებებით წარმოჩენილო, ვისაც თვით მთელი ქვეყნიერების მომცველმა ღმერთმა ქრისტესთვის მის მხოლოდშობილ და პირმშო სიტყვისთვის, და მისი წმინდა და ღვთივშვენიერი სძლისთვის დედამიწაზე სახლის აგებისა და აღდგენის გამორჩეული პატივი მიანიჭა. ზოგი ისურვებს, გიწოდოს ან ახალი ბესელიელი, საღვთო კარვის ამგები, ან სოლომონი, ახალი და გაცილებით უკეთესი იერუსალიმის მეფე, ან ახალი ზორობაბელი, ღვთის ტაძრის პირველზე გაცილებით მეტი დიდებით შემმოსავი; და ასევე თქვენც, ქრისტეს სამღვდელო ფარის ცხვრებო, კეთილ სიტყვათა საკურთხეველო, გონიერების სასწავლებელო, ღვთისმოსაობის სიწმინდევ და ღვთის სათნო პირთა სასმენელო: ძველად, როდესაც საღვთო წერილისგან ამოკითხულ ღვთის სასწაულებრივ ნიშნებს და ადამიანებისადმი უფლის საკვირველ ქველმოქმედებებს ვისმენდით, შეგვეძლო ღვთისადმი აღგვევლინა საგალობლები და ოდები, და გვეთქვა განსწავლულებს: "ღმერთო, ჩვენი ყურებით გვესმა, ჩვენმა მამებმა გვამცნეს ჩვენ საქმე, რაც გააკეთე მათ დღეებში, ძველ დღეებში" (ფს. 44, 1). მაგრამ ახლა არც მოსმენით, არც სიტყვების წარმოთქმით აღვიქვამთ ყოვლად კეთილისა და ყოველთა მეუფის, ჩვენი ღმერთის მაღლიდან გამოწვდილ მკლავს და ციურ მარჯვენას; საქმეებით, როგორც იტყვიან, და საკუთარი თვალებით ვხედავთ ძველად მეხსიერებით გადმოცემულ სარწმუნო და ჭეშმარიტ [ამბებს]. გამარჯვების მეორე სიმღერა უნდა ვიმღეროთ, ხმამაღლა შემოვძახოთ და ვთქვათ: "რაც გვესმა, იმას კიდევაც ვხედავთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში" (ფს. 48, 8). რომელ ქალაქში, თუ არა ამ ახლად აშენებულ, და ღვთისგან შექმნილში, "რომელიც არის ცოცხალი ღმერთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე", რის შესახებაც სხვა რამ საღვთო წინასწარმეტყველება ასე ახარებს: "დიდებული ითქვა შენს შესახებ, ღვთის ქალაქო" (ფს. 86, 3)? მასში შეგვკრიბა ჩვენ ყოვლად კეთილმა ღმერთმა მისი მხოლოდშობილის მადლით, და თითოეულმა მოწვეულმა იგალობოს, არა მხოლოდ იგალობოს, არამედ შესძახოს და თქვას: "გამიხარდა ჩემს მიმართ ნათქვამი: "უფლის სახლში წავიდეთ" და "უფალო, შევიყვარე შენი სახლის მშვენიერება და შენი დიდების დამკვიდრების ადგილი" (ფს. 121, 1; 25, 8). და არა მხოლოდ თითოეულმა ცალ-ცალკე, არამედ ყველამ ერთად ერთი სულითა და ერთი სამშვინველით პატივი მივაგოთ და განვადიდოთ, და ვთქვათ: "დიდ არს უფალი და ძლიერ ქებულ, ჩვენი ღმერთის ქალაქში მის წმინდა მთაზე" (ფს. 47, 2). და ჭეშმარიტად დიდია იგი ადამიანთა ძეებთან და დიდია მისი სახლი, მაღალი, ფართო და სახილველად ლამაზი. დიდი არის უფალი მხოლო შემოქმედი საკვირველებათა, დიდი არის შემოქმედი, დიდ და გამოუკვლეველ, დიდებულ და ჯერარნახულ საქმეთა, რომელნიც ვერ აღირიცხებიან. დიდი არს დროთა და ჟამთა შემცვლელი, მეფეთა დამამხობელი და დამადგინებელი, გლახაკის მიწიდან აღმადგინებელი და ნაკელიდან ღარიბის წამომყენებელი (შდრ. დან. 2, 21; ფს. 113, 7). "დასცა ძლიერები ტახტებიდან და აამაღლა გლახაკნი მიწიდან. მწყურვალენი სიკეთით აღავსო, და ამპარტავანთა მკლავები შემუსრა" (ლუკ. 1. 52‑53). არა მხოლოდ მორწმუნეებისთვის, არამედ ურწმუნოებისთვისაც სარწმუნო ყო ძველ თხრობათა ჩანაწერი, საკვირველმოქმედმა, დიდ საქმეთა მოქმედმა, ყოვლიერების მეუფემ, მთელი ქვეყნიერების შემოქმედმა, ყოვლისმპყრობელმა, ყოვლადკეთილმა, ერთმა და მხოლო ღმერთმა, ვისაც ვუმღერით ახალ სიმღერას, გარდა ამისა გვესმის: "საკვირველებათა ერთადერთ შემოქმედს, რამეთუ საუკუნოდ არის წყალობა მისი ... დიდი მეფეების განმგმირავს ... და ძლიერი მეფეების მკვლელს; რამეთუ საუკუნოდ არის წყალობა მისი... რამეთუ ჩვენს სიმდაბლეში გაგვიხსენა... და გამოგვისყიდა ჩვენს მტერთაგან" (ფს. 98, 1; 136, 4.17; 18, 23‑24).
"არასოდეს დავცხრებით ამ სიტყვებით ყოვლიერების მამის განდიდებისაგან. მაგრამ ჩვენს სიკეთეთა მეორე მიზეზს, ღვთისმცოდნეობაში შემყვანს, ღვთისმოსაობის ჭეშმარიტ მოძღვარს, უღმერთოთა დამღუპველს, ტირანების მკვლელს, ცხოვრების გამომასწორებელს, ჩვენ სასოწარკვეთილთა მაცხოვარს იესოს ჩვენი პირით მივაგოთ პატივი; რადგან მან ერთადერთმა, როგორც ყოვლად კეთილი მამის ერთადერთ ყოვლადკეთილ შვილად მყოფმა, მამისეული კაცთმოყვარეობის განზრახვით მეტად გულმოდგინედ შეიმოსა ჩვენი, სადღაც ქვემოთ ხრწნილებაში მდებარეთა ბუნება ისე, როგორც რომელიმე საუკეთესო მკურნალი სნეულთა გადარჩენის გულისთვის "ხედავს საშინელებებს და მაინც ეხება საძაგლობებს, და სხვისი უბედურებებისთვის თვითონ იმკის მწუხარებას"*. არა მხოლოდ სნეულნი, არც საშინელი წყლულებით და დამპალი იარებით დატანჯულნი, არამედ მიცვალებულთა შორის მდებარენი ჩვენ თვით სიკვდილის წიაღიდან თვითონ საკუთარი თავით გამოგვიხსნა; რადგან ცაში სხვას არავის ჰქონდა ასეთი ძალა, რათა ესოდენ მრავალთა დაუზიანებლად გამოხსნისათვის ემსახურა. მხოლოდ იგი თვითონ შეეხო ჩვენი ხრწნილების მძიმე ვნებებს, მხოლოდ მან დაითმინა ჩვენი ტანჯვები, მხოლოდ მან აიღო ჩვენი უღმერთოებების სასჯელი, არა ნახევრად მკვდრების, არამედ მთლიანად საფლავებსა და სამარხებში [მდებარენი] საძაგელნი და აყროლებულნი აღადგინა; და ძველადაც და ახლაც კაცთმოყვარე მოშურნეობით ნებისმიერის, თვით ჩვენი იმედის საპირისპიროდ გვიხსნა, და სიკეთეთა მამის უშურველობა გადმოგვცა ცხოველმყოფელმა, ნათელმყვანებელმა, ჩვენმა დიდმა მკურნალმა, მეფემ და უფალმა, ღვთის ქრისტემ. მაგრამ იმ დროს, როდესაც უწმინდურ დემონთა საცთურით და ღვთისმოძულე სულთა მოქმედებებით ადამიანთა მთელ მოდგმას ბნელ ღამესა და ღრმა წყვდიადში ჩამარხულს [ხედავდა], მხოლოდ იგი გაცხადდა და როგორც ცვილი დნება მისი სინათლის სხივებით, ისე დახსნა ჩვენი უღმერთოებების ბორკილთა ჯაჭვები. (შდრ. ფს. 58,8).
"ახლა კი ესოდენი მადლისა და ქველმოქმედების გამო ბრაზით გამსკდარმა მშვენიერების მოძულე შურმა და უკეთურების მოყვარე დემონმა მთელი მისი მომაკვდინებელი ძალები დარაზმა ჩვენს წინააღმდეგ. პირველად გაცოფებული ძაღლის მსგავსად მისკენ ნასროლ ქვებს კბილებით ღრღნიდა და მის განმდევნელთა წინააღმდეგ მრისხანება გადაჰქონდა ნასროლ უსულო საგნებზე, სამლოცველოების ქვებსა და სახლების უსულო მასალას მხეცური სიშლეგით ეკვეთებოდა და, როგორც თვითონ ეგონა, ეკლესიებს აუდაბურებდა. შემდეგ ზოგჯერ უღმერთო ტირანების მუქარებით, ზოგჯერ კი უღმერთო მმართველების ბრძანებულებებით საშინელ სტვენას და გველის მსგავს ხმებს უშვებდა; და ამასთან თავის სიკვდილს გადმოღვრიდა, და დამღუპველი და სულთა გამხრწნელი შხამებით მის მიერ შეპყრობილთ სულს უწამლავდა და კლავდა მკვდარი კერპების მომაკვდინებელი მსხვერპლშეწირვებით, - კაცის სახის მქონე ყველა მხეცი და ყველა სახის სისასტიკე აღძრა ჩვენს წინააღმდეგ.
მაგრამ კვლავ თავიდან დიდი თათბირის ანგელოზმა, ღვთის დიდმა მხედართმთავარმა, საკმარისი წვრთნის შემდეგ, რაც მისი სამეფოს უდიდესმა ჯარისკაცებმა ყველაფრის დათმენისა და სიმტკიცის გზით აჩვენეს, მეყსეულად ასე გამოცხადებით უჩინარი და არარსებული გახადა მტერი და მოწინააღმდეგე, ისე რომ არც ჩანდა, თუ იყო ოდესმე სახელდებული; ხოლო მისი მეგობრები და შინაურები ყოველივეს დიდების, არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ციური ძალებისაც, მზისა და მთვარის, და ვარსკვლავების, მთელი ცისა და ქვეყნიერების მიღმა დააწინაურა; ამგვარად, მოხდა ის, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა: ყოველთა უზენაესი იმპერატორები, რომლებიც გრძნობენ, რომ მისგან მიიღეს პატივი, მკვდარ კერპებს პირში აფურთხებენ, თელავენ დემონთა უკანონო კანონებს და მამებისგან გადმოცემულ ძველ ცთომილებას დასცინიან, ხოლო სცნობენ ერთსა და მხოლო ღმერთს, ყოვლიერების მეუფედ აღიარებენ ყოველთა და მათ საზოგადო ქველმოქმედს, ქრისტეს, ღვთის შვილს, და ძეგლებზე მას მხსნელს უწოდებენ; მისი მართალი საქმეები და უღმერთოთა წინააღმდეგ გამარჯვება დედამიწაზე არსებულ ქალაქთა მეუფე ქალაქის შუაგულში საიმპერიო ნიშნებით წარუშლელი ხსოვნისათვის წააწერეს. ამგვარად საუკუნიდან მხოლო იესო ქრიტე, ჩვენი მაცხოვარი თვით დედმიწაზე ყველაზე აღზევებულთაგანაც არის აღიარებული არა როგორც ადამიანთა შორის ჩვეულებრივი მეფე, არამედ თაყვანის იცემება როგორც ყოვლიერების ღმერთის ნამდვილი შვილი და თვითონაც ღმერთი.
"და სამართლიანადაც. რადგან რომელ მეფეს მოუპოვებია ოდესმე ესოდენი სათნოება, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანების სმენა და ენა აღვსილია მისი სახელით? რომელ მეფეს, ასე ღვთისმოსავი და ბრძნული კანონების განმაწესებელს შესწევდა საკმარისი ძალა, რათა ისინი მიწის კიდეთაგან მთელი მსოფლიოს მწვერვალამდე ყველა ადამიანის მოსასმენად გამოექვეყნებია? ვინ დაარღვია უკულტურო ერების უკულტურო და ბარბაროსული ჩვეულებები მისი კულტურული და ყველაზე კაცთმოყვარე კანონებით? ვინ აჩვენა ზეადამიანური სათნოება, როდესაც ყველა მას ეომებოდა, ისე რომ დღითი-დღე იფურჩქნება და განახლდება მთელი მისი ცხოვრება? ვინ დააფუძნა ერი საუკუნიდან არ სმენილი, არა დედამიწის ერთ კუთხეში დამალული, არამედ მთელ მზისქვეშეთში [განვრცობილი]? ვინ შემოზღუდა ჯარისკაცები ღვთისმოსაობის საჭურველით ისე, რომ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამანტზე უფრო მტკიცე სული წარმოაჩინეს. რომელი მეფე იყო ესოდენი ძალაუფლების მქონე, რომ სიკვდილის შემდეგაც მიუძღოდა ჯარს, და მტრებზე გამარჯვების ძეგლებს დგამდა, და ყველა ადგილს, სოფელსა და ქალაქს, ბერძნულსა თუ ბარბაროსულს, მისი სამეფო სახლებისა და საღვთო ტაძრების სიწმინდეებით აღავსებდა, როგორც აღავსო ეს ტაძარი ამ მშვენიერი სამკაულებითა და საბოძვარებით? ჭეშმარიტად პატივსაცემი, დიდი, განცვიფრებისა და გაკვირვების ღირსია იგივე ეს საქმეები და არის როგორც ჩვენი მაცხოვრის სამეფოს ცხადი მტკიცებულებები; რადგან ახლაც, მან თქვა და იქმნა, მან ბრძანა და დაეფუძნა, რადგან რა შეძლებდა, რომ წინ აღდგომოდა ყოველთა მეუფესა და მმართველს, და თვით ღვთის სიტყვას? (ფს. 33, 9; 148, 5) ამ საკითხების ზედმიწევნით ჭვრეტასა და განმარტებას ცალკე მოცალეობა სჭირდება. მშრომელთა გულმოდგინებას არა ესოდენ დიდად და საუკეთესოდ მიიჩნევს იგი, ვისაც ღმერთს ვუწოდებთ, როდესაც უმზერს ყველა ჩვენგანისაგან შემდგარ სულიერ ტაძარს, და ზედამხედველობს ცოცხალი და მტკიცე ქვებისაგან ნაშენებ სახლს, კარგად და უსაფრთხოდ დაფუძნებულს მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, მაშინ როცა ქვაკუთხედი არის თვით იესო ქრისტე, რომელიც უარყვეს არა მხოლოდ ძველის და იმ უკვე აღარ არსებული [შენობის], არამედ ჯერ კიდევ ახლაც მრავალი ადამიანის შენობის ბოროტ საქმეთა ბოროტმა მშენებლებმა; მაგრამ მოიწონა მამამ, და მაშინაც და ახლაც ამ ჩვენი საერთო ეკლესიის კუთხის თავში დააფუძნა. ეს ცოცხალი ღვთის თვით ჩვენგან შემზადებული ცოცხალი ტაძარი, ვგულისხმობ უდიდეს და ჭეშმარიტი სიტყვით ღვთივშვენიერ საკურთხეველს, რომლის ყველაზე შიდა წმინდა ადგილი მრავალთათვის უხილავია, ნამდვილად წმინდაა და წმინდათა წმინდა, - რომელი მისი მხილველი გაბედავს მის აღწერას? ვინ შეძლებს მის გარშემო არსებული ტაძრის შენობების შიგნით თვალის შევლებას, თუ არა მხოლოდ ყოვლიერების დიდი მღვდელმთავარი, რომლისთვისაც ერთადერთისთვის არის ნებადართული ყველა გონიერი სულის გამოუთქმელი [საიდუმლოებების] გულმოდგინედ კვლევა? მაგრამ შესაძლოა სხვისთვისაც, თანასწორთაგან მხოლოდ ერთისთვის არის მისაწვდომი მის შემდეგ მეორე ადგილის მოპოვება, მმართველისათვის, რომელიც მეთაურობს ამ ჯარს, რომელსაც თვით პირველმა და დიდმა მღვდელთმთავარმა სამღვდელო მსახურებების ამ მეორე ადგილით პატივი სცა, თქვენი ღვთიური სამწსოს მწყემსს, ვისაც მამის წილისყრითა და განსჯით ერგო თქვენი ერი. მან იგი დაადგინა როგორც თავისი მსახური და მისი ნების განმმარტებელი, როგორც ახალი აარონი ან მელქისედეკი, მიმსგავსებული ღვთის ძისადმი, მისგან დატოვებული და ხანგრძლივად დაცული ყველა თქვენგანის ერთობლივი ლოცვებით. პირველი და დიდი მღვდელმთავრის შემდეგ მხოლოდ მისთვის არის ნებადართული, თუ პირველ ადგილზე არა, მეორეზე მაინც ჩვენი სულების უშინაგანეს ჭვრეტათა ხილვა და ზედამხედველობა, რომელიც არის გამოცდილებითა და დროის ხანგრძლივობით თითოეულის ზედმიწევნით მკვლევარი, და მან თავისი გულისხმიერებითა და მზრუნველობით ყველა თქვენგანი ღვთისმოსაობის წესრიგისა და მოძღვრების მიმართ განაწყო, მას ყველაზე მეტად ძალუძს იმ საქმეების სწორი სიტყვა აგოს, რომლებიც წარმართა ღვთის ძალით. (ებრ. 13, 17 არაზუსტი ციტატა).
"ჩვენმა პირველმა და დიდმა მღვდელმთავარმა (ებრ. 4, 14) თქვა, რომ რასაც ხედავს, რომ მამა იქმს, მსგავსადვე მას ძეც იქმს (იოან. 5, 19). ასევე ესეც განწმენდილი გონების თვალებით უმზერს პირველს, როგორც მოძღვარს, და რასაც ხედავს, რომ იქმს, იყენებს როგორც პირველსახის ნიმუშებს, ყველაზე დიდი მსგავსებით ქმნის მათ ხატებს, როგორი ძალაც არის მასში; იგი არაფრით ჩამოუვარდება იმ ბესელიელს, რომელიც თვით ღმერთმა აღავსო სიბრძნისა და გონიერების, და სხვა ხელოვნებისა და მეცნიერების ცოდნის სულით (გამოს. 31, 2‑35, 30‑31), და მოუწოდა ყოფილიყო სიმბოლოების მეშვეობით ციურ სახეთა მატარებელი ტაძრის შემზადების შემოქმედი (ებრ. 8, 5). ამგვარად, იგიც ატარებდა თავის სულში მთლიანი ქრისტეს, სიტყვის, სიბრძნისა და სინათლის ხატს, და არავის ძალუძს, აღწეროს როგორი ამაღლებული სულით, ხვავიანი ხელით და გაცემის დაუკმაყოფილებელი სურვილით და ამასთან ყველა თქვენგანის როგორი მონდომებითა და შემომწირველთა დიდსულოვანი მეტოქეობით, - რომ არ ჩამორჩენოდნენ მის განზრახვას, - დააფუძნა უზენაესი ღმერთის დიდადშვენიერი ტაძარი, ბუნებით უფრო უკეთესი ნიმუშის მსგავსი, როგორც უხილავის ხილული [გამოხატულება]. და ეს ადგილი, რომელიც ღირსია ითქვას, რომ არის ყველაზე პირველი ადგილი, და მტრების განზრახვით ყველა უწმინდურობებით იყო დაფარული, არ უგულებელყო არც ამის მოქმედთა ბოროტებას დაუთმო, თუმცა, შეეძლო, სხვა ადგილას წასულიყო (ქალაქი ათასობით სხვა ადგილით იყო უზრუნველყოფილი) და ეპოვა შრომის შემსუბუქება და უსიამოვნებათაგან თავისუფლება. მაგრამ იგი პირველ რიგში თვითონ შეუდგა საქმეს, შემდეგ მთელი ხალხი გააძლიერა თავისი მოშურნეობით და ყველასაგან ერთი დიდი ხელი შეკრა, და პირველი შეტაკება გადაიტანა; მან ჩათვალა, რომ ის, რომელიც მტრების მიერ განსაკუთრებით განადგურებული იყო, ის, რომელიც ადრე დაიტანჯა და ჩვენამდე იგივე დევნულებები დაითმინა, რაც ჩვენ, და მსგავსად დედისა შვილებისგან გაუდაბურებულ იქნა, - ეს ეკლესია უნდა ზიარებოდა ყოვლადკეთილის დიდ საბოძვართ. რადგან მას შემდეგ, რაც დიდმა მწყემსმა განდევნა მხეცები, მგლები და ყველა სასტიკი და ველური მოდგმა და, როგორც საღვთო წერილი ამბობს, ლომის ეშვები შემუსრა (ფს. 58, 6), შვილები კვლავ ერთად შეკრების ღირსი გახადა, ყველაზე სამართლიანი იქნებოდა, რომ სამწყსოს ფარეხიც აღემართა "მტრისა და შურისმაძიებლის შესარცხვენად" (ფს. 8, 2), რათა უღმერთოთა ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები საქვეყნოდ ემხილებინა. ახლა კი აღარ არიან ეს ღვთისმოძულეები, რადგან არც იყვნენ; მაგრამ მცირე ხნით შექმნეს შფოთი და იქნენ შეშფოთებულნი, შემდეგ კი სამართლიანობას გადაუხადეს საკადრისი საზღაური, სრულიად დაღუპეს თავიანთი თავი, მეგობრები და შინაურები; ისე რომ ძველად წმინდა ფილებზე დაწერილი წინასწარმეტყველებები საქმეებით აწ სარწმუნოდ არის აღიარებული, მათი მეშვეობით საღვთო სიტყვა სხვა საქმეებსაც ჭეშმარიტად წარმოაჩენს, მათ შესახებ ცხადყოფს ამასაც: "ცოდვილებმა ამოიღეს მახვილი, მოზიდეს მათი მშვილდი გლახაკისა და უპოვარის დასაცემად, გულით წრფელის მოსაკლავად. მახვილი მათი შევიდეს მათ გულში და მშვილდი მათი შეიმუსროს" (ფს. 36, 14‑15). და კვლავ: "განადგურდა მათი ხსოვნა ხმასთან ერთად", და "მათი სახელი წაიშალა საუკუნოდ და უკუნითი უკუნისამდე" (ფს. 9, 5‑6), რადგან ბოროტ ყოფაში ჩავარდნილებმა "შეჰღაღადეს, და არ იყო მხსნელი; უფლის მიმართ, და არ შეისმინა მათი" (ფს. 17, 14), არამედ მათ "ერთად შეებორკათ ფეხები და დაეცნენ, ჩვენ კი ავდექით და წამოვიმართეთ" (ფს. 19, 8). და მათ შორის წინამოსწავებულის,- "უფალო, შენს ქალაქში მათი ხატი გაანადგურე" (ფს. 72, 20), - ჭეშმარიტება ყველას თვალწინ გაცხადდა.
"მაგრამ ასე დაიღუპნენ ბუმბერაზების ღვთისმბრძოლ გზაზე დამდგარი ადამიანები. გაუდაბურებული და ადამიანებისგან უგულებელყოფილის საღვთო მოთმინების დასასრული კი არის ისეთი, როგორსაც ვხედავთ, როგორც მოუხმობს მას ესაიას წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით: "გიხაროდეს, მწყურვალე უდაბნოვ; მხიარულებდეს უდაბნო და ყვავოდეს როგორც შროშანი; და აყვავდება და იმხიარულებს უდაბური ადგილები... გაძლიერდით ჩამოშვებულო ხელებო და მოუძლურებულო მუხლებო. ნუგეშინისცემულ იყავით სულმოკლენო, გაძლიერდით, ნუ გეშინიათ. აჰა, ჩვენი ღმერთი მსჯავრს მიაგებს და მომავალშიც მიაგებს, იგი მოვა და გვიხსნის ჩვენ... რადგან", იგი ამბობს, "წყალი ამოხეთქავს უდაბნოში, და ნაკადები მწყურვალე მიწაზე, და უწყლო ადგილი ტბორი გახდება, და მწყურვალე მიწაზე წყლის წყარო გაჩნდა" (ეს. 35, 1‑4, 6‑7).
"და ეს ამბები ძველად ნაწინასწარმეტყველები სიტყვებით იქნა დაწერილი წმიდა წერილებში, მოვლენები კი ამიერიდან არათუ სმენით, არამედ თვით საქმეებით გადმოგვეცა ჩვენ. ეს უდაბნო, ეს უწყლო, დაქვრივებული და მშვიდი ადგილი, რომლის "კარიბჭე ცულებით დაჩეხეს როგორც შეშის ტყეში; ერთად ცულითა და წერაქვით შემუსრეს" (ფს. 73, 5‑7), რომლის წიგნები გაანადგურეს და ღვთის საკურთხეველი ცეცხლით დაწვეს, მიწაზე დაამხეს მისი სახელის კარავი; რომელსაც კრეფდა ყველა გზად მიმავალი, წინდაწინ ამსხვრევდნენ მის ბეჭდებს, რომელსაც ანადგურებდა ტყის ღორი და მარტოსული მხეცი ჭამდა (ფს. 79, 13‑14), - იგი ახლა ქრისტეს სასწაულებრივი ძალით, როდესაც მან ინება, გახდა როგორც შროშანი. ამავე დროს განისწავლებოდა მისივე წამისყოფით, როგორც მზრუნველი მამის მიერ. რადგან "ვინც უყვარს უფალს, განსწავლის, ყველა მის ძეს, რომელსაც ღებულობს, ამათრახებს" (ებრ. 12, 6). ზომიერად სათანადოდ გამოსწორების შემდეგ, კვლავ ზემოდან ებრძანა თავიდან დაეწყო მხიარულება და აყვავებულიყო როგორც შროშანი და ღვთიური კეთილსურნელება ყველა ადამიანისათვის მიებერა. რადგან, როგორც თქვა, ამოხეთქა უდაბნოში წყალმა, საღვთო კვლავშექმნის მაცხოვნებელი განბანვის ნაკადმა, და მცირე ხნის წინ უდაბნო ახლა ტბორად იქცა, და მწყურვალე მიწა ცოცხალი წყლის წყარომ მორწყა; და ჭეშმარიტად გაძლიერდა მანამდე ჩამოშვებული ხელები, და ამ ძლიერი ხელების საქმე არის ეს დიდი და ნათელი მტკიცებულებები.
და დიდი ხნის წინ მოუძლურებულმა და მოშვებულმა მუხლებმა დაიბრუნეს მათთვის ბუნებრივი სვლა, ღვთისმცოდნეობის გზაზე პირდაპირ მიაბიჯებენ, ყოვლადკეთილი მწყემსის სახლში მიეშურებიან (შდრ. იოან. 10, 16). და თუ ზოგიერთს ტირანთა მუქარებით სული გაუქვავდა, მაცხოვნებელ სიტყვას ისინი უმკურნალოდ არ დაეტოვებია, არამედ კარგად განკურნა ისინი, საღვთო ნუგეშისცემისაკენ აღძრა, და უთხრა: "ნუ გეშინიათ, გონებით სულმოკლენო, გაძლიერდით, არ შეშინდეთ" (ეს. 35, 6).
როდესაც სიტყვამ წინამოასწავა, რომ ის, ვინც ღვთის გამო გაუდაბურებული იყო, ამ [კურთხევით] უნდა დამტკბარიყო, ამ ჩვენმა ახალმა და მშვენიერმა ზორობაბელმა გონების მახვილი ყურით ისმინა ამ მწარე ტყვეობისა და გაუდაბურების სისაძაგლის შემდეგ; მან არ უგულებელყო დაცემული სხეული, უპირველს ყოვლისა ვედრებებითა და ლოცვებით ყველა თქვენგანის ზიარი ერთსულოვნებით გული მოულბო მამას; და მკვდართა ერთადერთი ცხოველმყოფელი თავის თანამებრძოლად და შემწედ მიიღო; დაცემული აღადგინა, ბოროტებათაგან განწმინდა და განკურნა, და შემოსა სამოსელით, არა დასაბამიდან მქონე ძველით, არამედ რომელიც კვლავ საღვთო წინასწარმეტყველებებისგან ისწავლა, როდესაც ასე ნათლად ამბობს: "და წინაზე აღმატებული იქნება" (ანგ. 2, 9).
"ამრიგად, მთელი ადგილი გაცილებით დიდი სივრცით შემოსაზღვრა**, საზღვარი გარედან ირგვლივ მთლიანად კედლებით გაამაგრა, რათა დაცვა ყველაზე უსაფრთხო ყოფილიყო. მან დააყენა კარიბჭე დიდი და ზე აღმართული თვით ამომავალი მზის სხივების შემხვედრად, რომელიც შიგნით [არსებულის] ხილვას წმინდა ზღუდეების გარეთ შორს მდგომთაც უშურველად ანიჭებდა; რწმენისაგან უცხოთა მზერას თითქოს პირველი შესასვლელებისაკენ მოაქცევდა, რათა ვინმეს გვერდით ისე არ ჩაევლო, რომ სული არ შემუსვროდა წინათ უდაბნოდ ქცეულის და აწ სასწაულებრივი საკვირველმოქმედების მოხსენიებით. ამით იმედოვნებდა, რომ სწრაფად მიიზიდავდა [სულით] შემუსრულს და მარტო მზერა მოაბრუნებდა მასში შესასვლელად. მაგრამ კარიბჭის შიგნით შემავალს მყისვე არ აძლევდა ნებას, რომ უწმინდური და განუბანველი ფეხებით წმიდათას შიგნით შესულიყო, ტაძარსა და პირველ შესასვლელს შორის დიდი ადგილი დატოვა, ირგვლივ ოთხი გარდიგარდმო აგებული კოლონადით შეამკო და ოთხკუთხა რამ ფორმის მქონე ადგილი შემოღობა, ყველა მხრიდან სვეტებით აზიდული. მათ შორის სივრცე შემოსაზღვრულია ხის ცხაურით, ზომიერად, სათანადო სიმაღლეზე აწეული; შუა წინკარი ღია დატოვა ცის სახილველად, - განათებული და სინათლის სხივებისთვის გამჭვირვალე ჰაერი მოგვანიჭა. აქ მოათავსა სამღვდელო განწმენდის სიმბოლოები, ტაძრის საპირისპირო მხარეს მოაწყო ნაკადულები, და წყლის დიდი ნაკადი წმიდათას შიგნით შემავალთ განბანვას სთავაზობს. და ეს არის შემავალთა პირველი შეყოვნება, მთელი ნაგებობისათვის ერთდროულად სამკაულიცა და ბრწყინვალებაც, და პირველი განსწავლის მსაჭიროებელთათვის ერთადერთი სათანადო ადგილის მბოძებელი.
"მაგრამ ამ სანახაობის გვერდით ჩავლისას, ტაძრისკენ მიმავალ გზას უფრო მრავალრიცხოვანი შიდა კარებებით ხსნიდა, მზის სხივებქვეშ ერთ მხარეზე ჩამოჰკიდა სამი კარი, რომელთაგან თითოეულს სიდიდითა და სიფართოვით აღემატებოდა შუაკარი, სპილენძთან რკინის შენაერთებითა და მრავალგვარი ჩუქურთმებით გამორჩეულად შემკული, რომელსაც სხვები ისე მიუერთა, როგორც დედოფალს - შუბოსნები. ამ სახით მთელი ტაძრის თითოეულ მხარეზე კარიბჭეთა რაოდენობის კოლონადები განალაგა; მეტი სინათლისათვის მათ თავზე მოიფიქრა სახლში შემავალი სხვადასხვა ღიობების გაკეთება, ხის ოსტატურად ნაკვეთი ჩუქურთმებით მათ გარშემო ჭრელი სამკაული შემოავლო.
"სამეფო სახლი*** მდიდრული და უხვი მასალებით განამტკიცა, უშურველი ხელგაშლილობით გაწია ხარჯი. აქ ვგონებ, ზედმეტია შენობის სიგრძისა და სიგანის აღწერა, სიტყვით გადმოცემა ამ სხივმფინავი მშვენიერებისა და სიტყვაზე აღმატებული სიდიადისა, ბრწყინვალე სახის ნამუშაკევის, სიმაღლისა, რომელიც ცას სწვდება, და მასზე ზემოდან დალაგებული ლიბანის ძვირფასი კედრების, რომელთა მოხსენიებას არ დაიდუმებს საღვთო წინასწარმეტყველება, და ამბობს: "გაიხარებს უფლის ხეები, და ლიბანის კედრები, რომლებიც დარგო" (ფს. 104, 16 ვარიანტული წაკითხვით).
"რა საჭიროა, ახლა ყოვლად ბრძნული და ოსტატური ნაგებობის, და მისი თითოეული ნაწილის ზეაღმატებული მშვენიერების ზედმიწევნითი განხილვით გადმოცემა, როდესაც თვალით ხილვის მოწმობა ახშობს სმენის გზით სწავლას? მაგრამ რადგან ასე სრულყო ტაძარი და [ეკლესიის] მეთაურთა პატივისთვის მთელი შენობა მაღალი საყდრებით, და ამას გარდა საკარცხულებით მოწესრიგებულად და შესაფერისად შეამკო, და ყველაფერთან ერთად წმიდათა წმიდა სამსხვერპლო შუაში განათავსა, და კვლავ ეს, მრავალთათვის რომ შეუვალი ყოფილიყო, ხელოვნების უაღრესად დახვეწილი ოსტატობით მორთული ხის ცხაურით შემოღობა, რათა მაყურებელთათვის საკვირველი სანახაობა მიენიჭებია.
"მაგრამ არც იატაკი დარჩა მის ზრუნვის გარეშე; და ესეც მარმარილოს ქვის ყველანაირი სამკაულით დიდად განაბრწყინა. და ბოლოს, ტაძრის გარეთ გადავიდა, თითოეულ მხარეს უდიდესი გალერეები და შენობები ააგო, დიდი ოსტატობით სამეფო სახლის გვერდებს შეუერთა და სახლის შუაში ღიობებს მიუერთა. ესენი ჩვენმა ყველაზე მშვიდმა სოლომონმა, ღვთის ტაძრის ამგებმა წყლისა და სულიწმინდის მეშვეობით განწმენდისა და სხურების მსაჭიროებელთათვის გააკეთა, ისე რომ არა სიტყვა, არამედ საქმედ იქცა ზემოთ ნათქვამი წინასწარმეტყველება. რადგან ახლაც იქმნა, როგორც არის ჭეშმარიტად, ამ სახლის უკანასკნელი დიდება წინაზე აღმატებული (ანგ. 2, 9).
"რამეთუ აუცილებელი და მართებული იყო, რომ მას შემდეგ, რაც მისმა მწყემსმა და მეუფემ მის გამო ერთხელ თავს იდო სიკვდილი, და ვნების შემდეგ სხეული, რომელიც მისი სიბინძურის გამო შეიმოსა, ბრწყინვალეზე და დიდებულზე გადაცვალა, თვითონ ხორცი ხრწნილებისგან გაანთავისუფლა და უხრწნელებისაკენ წარუძღვა მას, მსგავსადვე დამტკბარიყო მაცხოვრის განგებულების [ნაყოფით]. რადგან ბევრად უკეთესი აღთქმა მიიღო მისგან (იხ. ებრ. 11, 39‑40), ძლიერ ესწრაფვის უხრწნელი სხეულის აღდგომაში ნათლის ანგელოზთა დასთან ერთად თვით ქრისტე იესოსთან, ყოველთა ქველმოქმედთან და მაცხოვართან ერთად მომდევნო საუკუნეში კვლავშობის ბევრად დიდი დიდების მიღებას. მაგრამ რადგან დიდი ხნის განმავლობაში ქვრივი და უდაბნო აწ ღვთის მადლით ამ ყვავილებით შეიმოსა, ჭეშმარიტად შეიქნა ვითარცა შროშანი, რომელზეც წინასწარმეტყველებამ თქვა: და მიიღო სძლის სამოსელი და კეთილშვენიერების გვირგვინი დაიდგა (შდრ. ეს. 35, 1). რომელმაც ესაიას მეშვეობით ისწავლა როკვა და ღმერთს, მეუფეს ქების სიტყვებით, მადლიერების მსხვერპლით განადიდებს. ვისმინოთ მისი სიტყვები: "გაიხაროს სულმა ჩემმა უფლის მიმართ; რადგან შემმოსა ცხონების სამოსელი და სიხარულის მოსასხამი, და დამადგა გვირგვინი როგორც სიძესა და როგორც სძალი შემამკო სამკაულით. და როგორც მიწა ზრდის თავის ყვავილს, და როგორც ბაღს თავისი თესლი ამოყავს, ასე ამოიყვანა უფალმა, უფალმა სამართალი და სიხარული ყველა ერის წინაშე" (ეს. 61, 10‑11).
"ასე რომ, ამ [სიტყვებით] როკავს იგი. მაგრამ თუ რომელი [სიტყვებით] პასუხობს მას, სიძე, ციური სიტყვა, თვით იესო ქრისტე, ისმინე, როდესაც ამბობს უფალი: "ნუ გეშინია, რომ შერცხვი, ნუ იქცევ პირს, გაკიცხული რომ ხარ; რადგან დაივიწყებ საუკუნო სირცხვილს და შენი ქვრივობის გაკიცხვას აღარ გაიხსენებენ... არა როგორც ცოლი მიტოვებული და სულმდაბალი მოგიწოდა შენ უფალმა, არც როგორც ცოლი სიყმაწვილიდან შეძულებული, თქვა შენმა ღმერთმა. ცოტა ხნით დაგტოვე, და დიდი წყალობით შეგიწყალებ. მცირე გულისწყრომაში გარე მივაქციე პირი შენგან, და საუკუნო წყალობით შეგიწყალებ, გითხრა შენმა მხსნელმა უფალმა. აღდექ, აღდექ (ეს. 54, 4, 6‑8)... უფლის ხელიდან მისი გულისწყრომის სასმისის მსმელო; რადგან დაცემის სასმისი, ჩემი გულისწყრომის ფიალა, შესვი და გამოსცალე და არ გყავდა შენ ნუგეშისმცემელი ყველა შენს შვილთაგან, რომლებიც შობე და არ გყავდა შენი ხელის აღმპყრობელი … აჰა, მივიღე შენს ხელთაგან დაცემის სასმისი, ჩემი გულისწყრომის ფიალა; და მეტად აღარ შესვამ მას. და მივცემ მას მათ ხელებში, ვინც უსამართლოდ მოგექცა შენ და დაგამდაბლა... აღდექ, აღდექ, შეიმოსე ძალა, შეიმოსე შენი დიდება,…ჩამოიფერთხე მტვერი და აღდექ. დაჯექ... მოიხსენი ბორკილი შენი ქედის (ეს. 51, 17‑23; 52, 1‑2). ირგვლივ მოატარე შენი თვალები და იხილე შენი შვილები შეკრებილი. აჰა, შეიკრიბნენ და მოვიდნენ შენთან. როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, რომ ყველა მათგანით როგორც სამკაულით შემოსილი იქნები და მობლარდნული იქნები მათგან როგორც სიძის სამკაულით. რადგან შენი გაუდაბურებული, დანგრეული და დაცემული ადგილები შევიწროვდება მაცხოვრებელთაგან, და მოგშორდებიან შენ შენი მშთანთქმელები. რადგან ყურში გეტყვიან შენი შვილები, რომლებიც დაკარგე: "ვიწროა ჩემთვის ეს ადგილი, მომეცი ადგილი, რათა დავსახლდე", და იტყვი გულში: "ვინ მიშვა მე ესენი? მე ვარ უშვილო და ქვრივი, ესენი კი ვინ გამომიკვება? მე მარტო ვარ დარჩენილი, ესენი კი საიდან მყავს?" (ეს. 49, 18‑21).
"ეს იწინასწარმეტყველა ესაიამ, ჩვენს შესახებ ადრე ეს ჩაწერა წმინდა წიგნებში; მაგრამ საჭირო იყო ოდესმე მათი უტყუარობის როგორმე საქმეებით მიღება. მაგრამ როდესაც სიძემ, სიტყვამ, თავის სძალს, სამღვდელო და წმინდა ეკლესიას ასე მიმართა, შესაბამისად სიძის მეგობარმა**** ეს უდაბნო, ძირს დაგდებული, რომელიც ადამიანთათვის იმედს აღარ იძლეოდა, ყველა ჩვენგანის ერთობლივი ლოცვებით თვით თქვენი ხელები გაიწოდა, წამოაყენა და აღადგინა ღვთის, ყოველთა მეუფის წამისყოფითა და იესო ქრისტეს ძალის გამოცხადებით; და აღადგინა რა იგი, დაადგინა, როგორც ისწავლა წმინდა წინასწარმეტყველთა წერილთაგან.
"ეს არის ყველაზე დიდი საკვირველება და ყოველგვარი განცვიფრების უკიდურესი გამოვლინება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მხოლოდ გარეგნულ წარმოსახვას მიაპყრობს გონებას. საოცრებებზე უფრო საკვირველი არის მათი გონისმიერი პირმშო ხატები, პირველსახეები და ღვთივშვენიერი ნიმუშები, ვგულისხმობ ღვთივბოძებულ და გონისმიერი შენობის სულში განახლებას*****. ეს შენობა თვითონ ღვთის შვილმა თავის ხატის მიხედვით შექმნა და უბოძა უხრწნელი ბუნება, უსხეულო, გონისმიერი, ყოველგვარი მიწიერი ნივთისგან უცხო, თავის თავად გონიერი არსი. ოდესღაც არაარსისგან არსებობისთვის პირველად მისმა შემამტკიცებელმა თავისი თავისთვის და მამისთვის შექმნა წმინდა სძალი და ყოვლად სამღვდელო ტაძარი. აგრეთვე, თვითონ წარმოაჩინა იგი ნათლად, როდესაც აღიარა და თქვა: "დავიმკვიდრებ მათში და ვივლი მათში, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი" (1 კორ. 6, 16). და ასეთი არის სრული და განწმენდილი სული, ამგვარად თავიდან შობილი, როგორც ციური სიტყვის ხატის მატარებელი.
"მაგრამ როდესაც ბოროტების მოყვარე დემონის არაკეთილმოსურნეობითა და შურით თავისუფალი არჩევანით ვნებისა და ბოროტების მოყვარე გახდა, ღმერთი განეშორა მას და მიტოვებულ იქნა მფარველისაგან, დიდი ხნის მანძილზე მისი მოშურნეებისათვის ადვილად შესაპყრობი და შეთქმულებისადმი იოლად დამთმობი გახდა, უხილავ მტერთა და გონისმიერ მებრძოლთა ქალაქის დამანგრეველი მოწყობილობებითა და მანქანებით ძირს დაეცა, საშინელი დაცემით დაეცა, ისე რომ [მისი] სათნოებისაგან ქვა ქვაზე აღარ დარჩა რომ მდგარიყო მასში, მთლიანად მიწაზე იწვა სრულიად მკვდარი, ღვთის შესახებ ბუნებით აზროვნებას ყოვლითურთ მოკლებული. თვით ეს ღვთის ხატის მიხედვით შემზადებული და დაცემული გაანადგურა არა ამ ტახმა ჩვენთან ხილული ტყიდან გამოსულმა, არამედ რომელიღაც განმხრწნელმა დემონმა და გონისმიერმა ველურმა მხეცებმა, რომლებმაც ვნებებით როგორც მათი ბოროტებისაგან ცეცხლწაკიდებული ისრებით აღაგზნეს იგი, ცეცხლში დაწვეს ჭეშმარიტად ღვთის საკურთხეველი და მიწაზე დასცეს მისი სახელის სამკვიდრებელი, შემდეგ მრავალი ნარიყით დამარხეს საბრალო, და ყოველგვარი ხსნის სასო წარუკვეთეს.
"მაგრამ მისმა მცველმა, ღვთივმბრწყინვალე სიტყვამ და მხსნელმა, მამის ყოვლად კეთილი კაცთმოყვარეობის მორჩილმა ცოდვების გამო საკადრისად დასჯილი კვლავ თავიდან აღადგინა. პირველ რიგში აირჩია უზენაეს იმპერატორთა სულები. ამ ყველაზე ღვთისსათნო კაცთა ხელით ურჯულო, ყოველთა დამღუპველ, თვით ამ საშინელ და ღვთისმოძულე ტირანთაგან გაწმინდა მთელი მსოფლიო. შემდეგ კი მისი მახლობელი კაცები, ძველთაგანვე ცხოვრების წესით მისთვის განწმენდილები, მისი დამცველობის საფარველით მძიმე უბედურებებში დაფარულები, სააშკარაოზე გამოიყვანა და მამის დიდი საბოძვრებით ღირსეულად მიაგო პატივი, და კვლავ მათი მეშვეობით ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ნივთისა და გროვისაგან, მათ თავს დატეხილი ურჯულო ბრძანებულებებისაგან დასვრილი სულები დასარტყამი წერაქვებით, [მისი] მოძღვრების სწავლებებით, განწმინდა და განბანა; ყველა თქვენგანის აზროვნების ალაგი მბრწყინავი და გასხივოსნებული გახდა, შემდეგ სამომავლოდ გადასცა ყოვლადბრძენ და ღვთისსათნო მმართველს. იგი სხვა [საქმეებითაც] განმსჯელი და კეთილგონიერი არის, და მისთვის ჩაბარებული სულების აზრთა კარგი გამომცნობი და განმსჯელი; როგორც იტყვიან, პირველი დღეებიდან აქამომდე მას ჯერ არ შეუწყვეტია შენება, ყველა თქვენგანში შეაერთებს ზოგჯერ მბრწყინავ ოქროს, ზოგჯერ გამოცდილ და განწმენდილ ვერცხლს, პატიოსან და ძვირფას ქვებს, ისე რომ ამ საქმეებით ჩვენს მიმართ კვლავ სრულყოფს წმინდა და საიდუმლო წინასწარმეტყველებას, რომლის მეშვეობით ნათქვამია: "აჰა, მე გავამზადე შენთვის შენი ლალის ქვა და შენი საძირკველი საფირონისა, და შენი ქონგურები იასპის, და შენი კარიბჭეები ბროლის ქვის, და შენი კედელი რჩეული ქვების, და ყველა შენი ძე - ღვთისგან განსწავლული და შენი შვილები - დიდ მშვიდობაში; და აღეშენები სამართლიანობაში" (ეს. 54, 11‑14).
"სამართლიანობით აღმშენებელმა ღირსების მიხედვით გაანაწილა მთელი ერის ძალები: ზოგიერთისთვის მხოლოდ გარეთა კედელი დაიცვა, და უცთომელი სარწმუნოების კედელი შემოავლო (ერში ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვისაც არ შეეძლო შენობის ტვირთვა), ზოგს კი, სრულიად ბუნებრივად ტაძრის კარიბჭეებად მიჩნეულთ, სახლის შესასვლელები ჩააბარა, კარებთან დააყენა შემომავალთა სვლის წარსამართავად; სხვები კი გარეთ ოთხკუთხედისაგან [წარმოქმნილი] გზის მახლობლად პირველ სვეტებთან განამტკიცა, ოთხი სახარების წერილის პირველ შეხებასთან მიიყვანა; ზოგიერთს კი ჯერ კიდევ კათაკმეველს, და ზრდასა და წინსვლაში მყოფს, შიგნით მყოფ მორწმუნეთა ღვთისმხილველობისგან არცთუ ძალიან დაშორებულს სამეფო სახლის მახლობლად თითოეული მხრიდან შეაუღლებს. მათგან ღებულობს წმინდა სულებს საღვთო განბანვით ოქროსებრ განწმენდილთ, და ზოგიერთ მათგანს წმინდა წერილის შინაგანი საიდუმლო მოძღვრებებისაგან გარეთაზე ბევრად აღმატებულ სვეტებთან დაამტკიცებს; სხვებს კი სინათლისკენ მიმართული ღიობებით განანათლებს. ერთი ყველაზე დიდი კარიბჭით, ყოველთა მეუფის ერთი და მხოლოდ ღმერთის დიდებისმეტყველებით, შეამკო მთელი ტაძარი, თითოეულ მხარეზე, ქრისტესა და სულიწმინდის მამის ხელმწიფური ძალაუფლების თითოეულ მხარეზე ქრისტესა და სულიწმინდის სინათლის მეორად ბრწყინვალებას გვანიჭებს. დანარჩენი ნაწილებიდანაც მთელი სახლის გავლით თითოეულ მათგანში წარმოაჩენს ჭეშმარიტების უშურველ და მეტად მრავალფეროვან სიცხადესა და სინათლეს, ყველგან და ყველაფრიდან ამოარჩევს ცოცხალ, გამტკიცებულ, მყარად შეკავშირებულ ქვებს სულისას, ყველაფრისგან შეამზადებს დიდ და სამეფო სახლს ბრწყინვალებითა და სინათლით აღსავსეს შიგნიდანაც და გარედანაც, რადგან არამხოლოდ სულსა და გონებას, არამედ მათ სხეულსაც სიწმინდისა და გონივრულობის მრავალყვავილოვანი სამკაულით ასხივოსნებს.
"ამ ტაძარში დგას საყდრები, ათასობით საკარცხული და სკამი, რამდენიც არის სული, რომელზეც სხდებიან საღვთო სულის ნიჭები, რომლებიც ძველადაც იხილვებოდა წმინდა მოციქულებთან და მათთან ერთად მყოფ პიროვნებებთან, რომლებსაც ეჩვენათ ცეცხლის მსგავსად განყოფილი ენები, თითოეულ მათგანზე რომ დაივანა. მაგრამ მასში, ვინც არის ყველას მმართველი, მართებულად დამკვიდრდა თვით მთელი ქრისტე, ხოლო მის შემდეგ მეორე [საფეხურზე] მდგომთ, რამდენსაც თითოეული იტევს, შესაბამისად დანაწილებული აქვთ ქრისტეს ძალისა და სულიწმინდისგან. საკარცხულები ასევე შეიძლება იყოს ანგელოზთათვის თითოეულის განსწავლისა და დაცვისათვის გადაცემული სულები. პატივსაცემი, დიდი და ერთადერთი სამსხვერპლო რა შეიძლება იყოს, თუ არა ყველას საერთო [სულის] მღვდლის უმწიკვლო და წმიდათა წმიდა? მის მარჯვენა მხარეს დგას ყოველთა დიდი მღვდელთმთავარი თვით იესო, ღვთის მხოლოდშობილი, რომელიც ყველასაგან კეთილსურნელოვან საკმეველსა და ლოცვების მეშვეობით უსისხლო და უნივთო მსხვერპლებს სიხარულით აღსავსე მზერით და ამობრუნებული ხელებით ღებულობს, და ციურ მამასა და ყოვლიერების ღმერთს უგზავნის; პირველად თვითონ სცემს თაყვანს და ერთადერთი ის მიაგებს მამას ღირსეულ პატივს, შემდეგ კი ითხოვს, რომ ყველა ჩვენგანისთვის მარად კეთილგანწყობილი და მოწყალე დარჩეს.
"ასეთი არის ეს დიდი ტაძარი, რომელიც მთელ მზისქვეშა მსოფლიოს ყოვლიერების დიდმა შემოქმედმა სიტყვამ შეამტკიცა, კვლავ თვითონ მან შექმნა ციურ თაღთა მიღმიერის ეს გონისმიერი ხატი დედამიწაზე, რათა მთელი ქმნილებისა და დედამიწაზე [მყოფი] მოაზროვნე და ცოცხალი [არსებების] მეშვეობით პატივცემული და სათაყვანებელი ყოფილიყო მისი მამა. მაგრამ ზეციური ადგილი და ეს აქ არსებულთა ნიმუშები, და ზენა ეგრეთ წოდებული იერუსალიმი და სიონის მთა, ცოცხალი ღმერთის ზეციური და ზექვეყნიური ქალაქი, რომელშიც ათასობით ანგელოზი და ეკლესია პირმშოთა, ცაში ჩაწერილთა, ხოტბას ასხამენ, გამოუთქმელი და ჩვენთვის შეუცნობელი ღვთისმეტყველებებით განადიდებენ მათ შემოქმედსა და ყოვლიერების მბრძანებელს. ვერცერთი მოკვდავი ვერ უგალობს მას ასე ღირსეულად, რადგან თვალს არ უხილავს და ყურს არ სმენია და ადამიანის გულში არ გაუვლია თვით ეს, რაც ღმერთმა მოამზადა მის მოყვარულთათვის (1 კორ. 2, 9). თუმცა მათგან ნაწილობრივ ღირსქმნილებმა, მამაკაცებმა ბავშვებთან და ქალებთან ერთად, მცირეთაც და დიდებმაც, ყველამ ერთად არ უნდა შევწყვიტოთ ერთი სულითა და ერთი სამშვინველით ჩვენთვის ესოდენ დიდ სიკეთეთა მიზეზის, ჩვენი ყველა ურჯულოებათა მიმტევებლის, ჩვენი ყველა სნეულების მკურნალის, ჩვენი სიცოცხლის ხრწნილებისაგან გამომსყიდველის, წყალობითა და თანალმობით ჩვენი დამაგვირგვინებლის, ჩვენი გულისთქმის სიკეთით აღმავსებლის აღსარება და განდიდება; რამეთუ არა ჩვენი ცოდვების მიხედვით გაგვიკეთა ჩვენ, არც ჩვენი ურჯულოებების მიხედვით მოგვაგო ჩვენ; რადგან რამდენადაც აღმოსავლეთი დაშორებულია დასავლეთისგან, განაშორა ჩვენგან ჩვენი ურჯულოებები. როგორც მამა იბრალებს თავის ძეთ, უფალმა შეიბრალა მისი მოშიშნი (ფს. 103, 3‑5, 10, 12, 13).
"ამას ახლაც და მომავალშიც ყოველთვის გავაცოცხლებთ ხსოვნაში, ამ საერთო კრების და ამ სასიხარულო და ბრწყინვალე დღეების მიზეზისა და კრების წარმმართველის დღე და ღამე, ყოველ საათსა და, როგორც იტყვიან, ყოველი ამოსუნთქვისას გონებაში მჭვრეტელნი, სულის მთელი ძალით მოყვარულნი და თაყვანისმცემელნი, ახლაც ავდგეთ ფეხზე და დიდი ხმით ვევედროთ, როგორი განწყობაც გვაქვს, რათა აღსასრულამდე დაგვიცვას და შეგვინახოს მის ფარეხში, დაგვაჯილდოვოს მისგან მომავალი შეუმუსრავი და ურყევი საუკუნო მშვიდობით ჩვენს მაცხოვარ ქრისტე იესოში, რომლის მიერ დიდება მას საუკუნეთა ყველა საუკუნეებამდე. ამინ".
|
|