საეკლესიო ისტორიის მერვე წიგნი შეიცავს შემდეგს:
I. ჩვენი დროის დევნულების წინმსწრები მოვლენების შესახებ.
II. ეკლესიათა განადგურების შესახებ.
III. დევნულების დროს ბრძოლათა ხასიათის შესახებ.
IV. ღვთის მიერ განდიდებულ მოწამეთა შესახებ, თუ როგორ აღავსეს ყველა ადგილი თავიანთი ხსოვნით, რომლებმაც ღვთისმოსაობის გამო სხვადასხვა გვირგვინები დაიდგეს.
V. ნიკომიდიაში მყოფთა შესახებ.
VI. სამეფო სახლებში მყოფთა შესახებ.
VII. ფინიკიაში მყოფი ეგვიპტელების შესახებ.
VIII. ეგვიპტეში მცხოვრებთა შესახებ.
IX. თებაიდაში მცხოვრებთა შესახებ.
X. მოწამე ფილეოსის მიერ ჩაწერილი ცნობები ალექსანდრიაში მომხდარი მოვლენების შესახებ.
თმუიტელების მიმართ ფილეასის წერილებიდან
XI. ფრიგიაში მცხოვრებთა შესახებ.
XII. მრავალი სხვა სხვადასხვა სახით მებრძოლი კაცებისა და ქალების შესახებ.
XIII. ეკლესიის თავმჯდომარეების შესახებ, რომლებმაც საკუთარი სისხლით წარმოაჩინეს იმ ღვთისმოსაობის სიწრფელე, რასაც შუამდგომლობდნენ.
XIV. ღვთისმოსაობის მტრების საქციელის შესახებ.
XV. იმ მოვლენების შესახებ, რაც შეემთხვათ [ეკლესიის] გარეთ მყოფთ.
XVI. საქმეების უკეთესობისაკენ ცვლილების შესახებ.
XVII. მმართველთა მიერ უარის თქმის შესახებ.
მთელ შვიდ წიგნში გარშემოვწერეთ მოციქულთა მონაცვლეობა. ვფიქრობთ, ამ მერვე წიგნის მეშვეობით მომავალ თაობებს ერთი რამ აუცილებლად უნდა გადაეცეს, რომ იცოდნენ, _ ჩვენი დროის ამბები, რაც არ იმსახურებს არათანმიმდევრულ ჩაწერას. და ჩვენი სიტყვაც აქედან დაიწყება.
I
ჩვენს ძალებს აღემატება ღირსეულად თხრობა იმისა, თუ რამდენი და როგორი დიდებისა და კადნიერების მაუწყებელი იყო ამ ცხოვრებისათვის ქრისტეს მეშვეობით ყოვლიერების ღმერთის მიმართ ღვთისმოსაობის სიტყვა ყველა ადამიანთან, ბერძნებთან და ბარბაროსებთან, პატივდებული. ამის მტკიცებულება იქნება ხელისუფალთა კარგი მოპყრობა ჩვენიანების მიმართ, რომლებსაც პროვინციების მმართველობაც კი ჩააბარეს და გაანთავისუფლეს მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებული აგონიისაგან მოძღვრების მიმართ დაცული დიდი მეგობრობის გამო. რა უნდა ითქვას სამეფო სახლებში მყოფთა და უზენაეს ხელისუფალთა შესახებ? რომლებიც გაკადნიერებულ შინაურებს, ცოლებს, შვილებს და მსახურებს[1], ნებას რთავდნენ მათ თვალწინ ღვთის სიტყვის და ცხოვრების წარმართვას და არა მხოლოდ ამას, არამედ რწმენის მიმართ კადნიერებისათვის მოქადულობასაც. მათ მათთან ერთად მყოფ [სხვა] მსახურებზე უფრო კეთილგანწყობითა და განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ. ასეთი იყო დოროთე[2], მათთვის ყველაზე მეტად ერთგული და სანდო, და ამიტომ მმართველობასა და ხელისუფლებაში მყოფებზე უფრო გამორჩეულად პატივდებული. მასთან ერთად კი იმყოფებოდა სახელგანთქმული გორგონიოსი[3], და რამდენი ვინმე გახდა მათ მსგავსად ღვთის სიტყვის გამო იმავე პატივის ღირსი. ვხედავდით, თუ როგორ ღირსეულად ეპყრობოდა ყველა პროკურატორი და ხელისუფალი თითოეული ეკლესიის მმართველს. როგორ შეძლებს ვინმე აღწეროს ეს მრავალათასიანი შეკრებები, ყველა ქალაქში შეკრებილთა სიმრავლე და სამლოცველოებში სახელგანთქმული თავყრილობები. ამიტომ, რაც ჯერ კიდევ ძველ დროს იყო აშენებული, ის აღარ კმაროდათ, და ყველა ქალაქში დიდი ფართობის მქონე ეკლესიებს საძირკვლიდან აგებდნენ. ჟამთა სვლისას, როცა მოვლენები ამგვარად ვითარდებოდა, დღითი-დღე იზრდებოდა და ძლიერდებოდა, ვერც შური აბრკოლებდა, ვერც დემონების უკეთურება, როგორიც იყო ცილისწამება, რამდენადაც საღვთო და ციური ხელი იფარავდა და იცავდა თავის ხალხს, როგორც ღირსეულს.
მაგრამ როგორც კი ზედმეტი თავისუფლებისაგან ჩვენი საქმეები მზვაობრობისა და მცონარებისაკენ შეიცვალა, ერთმანეთის მიმართ შური აღგვეძრა და დავიწყეთ ერთმანეთის ძაგება. ჩვენ თვითონ ვეომებოდით ჩვენსავე თავს, თუ შემთხვევა მიეცემოდათ, [ეკლესის] მეთაურები ერთმანეთს აძგერებდნენ სიტყვიერ საჭურველსა და შუბს, ერი ერზე აღდგებოდა, ენითუთქმელი პირმოთნეობა და თვალთმაქცობა წინ მიერეკებოდა ურიცხვ ბოროტებას. საღვთო განკითხვა გვინდობდა (კრებები ჯერ კიდევ იმართებოდა), როგორც მას ეს სჩვევია. მან მშვიდად და ზომიერად აღძრა თავისი ზედამხედველობა, როდესაც ჯარში [მსახური] ძმებისგან დაიწყო დევნულება. მაგრამ როდესაც უგრძნობლად მყოფნი არ ვზრუნავდით, რომ ჩვენდამი კეთილად განგვეწყო ღმერთი და მისთვის გული მოგველბო, და როგორც ვიღაც უღმერთოები ვფიქრობდით, რომ ჩვენი საქმეები მზრუნველობისა და ზედამხედველობის გარეშე წარიმართებოდა, ბოროტებას ბოროტება შესძინეს მათ, რომლებიც ჩვენს მწყემსებად ითვლებოდნენ, ღვთისმოსაობის მცნებას უგულებელყოფდნენ და ერთმანეთისადმი პაექრობას აღაგზნებდნენ; ზრდიდნენ მხოლოდ ამას: განხეთქილებას, მუქარას, შურს, ერთმანეთის მიმართ მტრობასა და სიძულვილს; როგორც ტირანები მთავრობისმოყვარეობის გამო გულმოდგინედ შურს იძიებდნენ. მაშინ, სწორედ მაშინ იერემიას სიტყვისამებრ უფალმა თავის მრისხანებაში დააბნელა სიონის ასული და ციდან ჩამოაგდო ისრაელის დიდება, და არ იქნა მოხსენიებული მისი ფეხების ფეხთსადგამი მისი რისხვის დღეს, არამედ გადარეცხა უფალმა ისრაელის ყველა მშვენება და მოარღვია მისი ყველა ღობე (იერემ. გოდ. 2,1‑2. ვარიაციებით სეპტუაგინტადან - მთარგ.). "ფსალმუნთა" წინასწარმეტყველების მიხედვით მან გაანადგურა მისი მონის აღთქმა, მიწაზე დასცა ეკლესიათა დანგრევის მეშვეობით მისი სიწმინდე და მოარღვია მისი ყველა ზღუდე, მისი სიმაგრეები ჯაბანი გახადა. ყველა გზაზე მავალი იტაცებდა ერის სიმრავლეს, და მათთვის გაკიცხვად იქცეოდა მისი მეზობლები. რადგან მისი მტრების მარჯვენა ამაღლდა და მისი მახვილის შეწევნა უკუიქცა და თავისი წილი არ გაიღო ომში. არამედ სიწმინდისაგან განაშორა იგი და მისი ტახტი მიწაზე დასცა, შეამცირა მისი ჟამის დღენი, და ყველაფერთან ერთად სირცხვილით დაფარა იგი (ფსალ. 88,40‑46. მცირედი განსხვავება).
II
მართლაც, ჩვენს დროში აღსრულდა ყველაფერი, როდესაც ჩვენი თვალით ვხედავდით სამლოცველო სახლების სახურავებიდან ძირამდე თავისი საძირკვლითურთ ნგრევას, შუა აგორაზე საღვთო და წმინდა წერილთა ცეცხლში ჩაგდებას და თუ როგორ სამარცხვინოდ იმალებოდა ხან სად, ხან სად ეკლესიის ზოგიერთი მწყემსი, ზოგს კი მტრები უწესოდ შეიპყრობდნენ ხოლმე და დასცინოდნენ. როდესაც სხვა წინასწარმეტყველური სიტყვის მიხედვით მთავრებზე გადმოღვრიდა ზიზღს, შეაცდინა ისინი უვალი და უგზო ალაგით (ფს. 107, 40).
მაგრამ მათი საბოლოო მწუხარებისა და უბედურების აღწერა არ არის ჩვენი საქმე, რადგან ჩვენთვის მიუღებელია დევნულების წინ ერთმანეთთან მათი უთანხმოებებისა და უმსგავსო საქციელების ხსოვნისათვის გადაცემა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათ შესახებ მეტი აღარაფერი მოგითხროთ, გარდა იმისა, რასაც გაამართლებს ღვთის მსჯავრი. ამიტომ სრულებით არ გვიტაცებს დევნულებისგან განცდილების მოხსენიება, ანუ მათი, რომლებმაც ცხონების მარცხი იგემეს და თავიანთი ნებით დინების სიღრმეებში დაინთქნენ, ძირითად თხრობას მხოლოდ იმ ამბებს დავურთავთ, რაც პირველ რიგში ჩვენ თვითონ, შემდეგ კი მომავალ თაობებს მოუტანს სარგებელს. აქედან დავიწყოთ ღვთის სიტყვის მოწამეთა წმინდა ბრძოლების შეჯამებული სახით აღწერა.
დიოკლეტიანეს მმართველობის მეცხრამეტე წელი იყო, დისტროსის თვე, რომაელთა მიხედვით მას ეწოდება მარტი, როდესაც ახლოვდებოდა მაცხოვრის ვნების დღესასწაული, ყველგან გავრცელდა საიმპერიო წერილი, რომელიც ბრძანებდა ეკლესიების საძირკვლამდე დანგრევას და წმინდა წერილების დაწვას, და პატივის მიმღებებს აცხადებდა პატივაყრილად, მსახურებს კი, თუ ქრისტიანებად დარჩებოდნენ, წაერთმეოდათ თავისუფლება[4]. და ასეთი იყო პირველი წერილი ჩვენს წინააღმდეგ. მცირე ხნის შემდეგ მოსული სხვა წერილებით კი ნაბრძანები იყო, რომ ყველა ადგილას ეკლესიის ყველა თავმჯდომარე პირველ რიგში გადაეცათ საპყრობილეში, შემდეგ ყველა ხერხით იძულებული გაეხადათ, რომ მსხვერპლი შეეწირა.
III
მაშინ, სწორედ მაშინ იბრძოდა ახოვნად მრავალი ეკლესიის მმართველი საშინელი ტანჯვა-წამებით და წარმოაჩენდა დიდი ბრძოლების ისტორიას, ათასობით სხვას კი სული სილაჩრისაგან უხევდებოდა და ასე იოლად უძლურდებოდა პირველივე შემოტევისაგან. დანარჩენთაგან თითოეულმა კი სხვადასხვა სახის სატანჯველები განვლო: ზოგს მათრახით სცემდნენ სხეულზე, ზოგს კი ძელით და სხეულის გაუსაძლისი ჩამოფხეკვით სჯიდნენ, რითაც ზოგიერთი სიცოცხლის უბედურ აღსასრულს ეგებებოდა. ზოგი კი კვლავ სხვაგვარ ბრძოლას იტანდა: რადგან ზოგიერთ მათგანს ძალით შეაგდებდნენ და მიყავდათ ბინძურ და უწმინდურ მსხვერპლთან, შემდეგ უშვებდნენ როგორც მსხვერპლის შემწირველს, თუნდაც არ შეეწირა მსხვერპლი; სხვა კი, რომელიც საერთოდ არ მიახლოებია, არც შეხებია რაიმე უწმინდურს, როდესაც სხვები ამბობდნენ, რომ შეწირა მსხვერპლი, მას დუმილით ეტვირთა ცილისწამება და ასე გადიოდა. სხვას კი აიღებდნენ ნახევრად მკვდარს და როგორც უკვე მიცვალებულ გვამს აგდებდნენ. და კვლავ ზოგს ძირს მწოლარეს დიდ მანძილზე მიათრევდნენ ფეხებით და მათ შორის ირიცხებოდა, რომლებმაც თვითონ შეწირეს მსხერპლი. ვიღაცა გაჰყვირის და დიდი ხმით დაამოწმებს მსხვერპლის შეწირვის უარყოფას, და სხვაც გაიძახის, რომ ქრისტიანი არის, მაცხოვნებელი სახელის აღსარებით გაბრწყინებული; სხვა კი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მსხვერპლი არ შეუწირავს და არც არასოდეს შეწირავს. თუმცა, მათ ამ მიზნით განწესებული რაზმის მრავალი ჯარისკაცი პირზე სცემს და აჩუმებს, სახეზე და ყვრიმალებზეც სცემს, და ძალით აგდებს გარეთ. ასე ყველა ხერხით [მსხვერპლშეწირვის] მოჩვენებით აღსრულებას დიდ რამედ მიიჩნევდნენ ღვთიმოსაობის მტრები[5].
მაგრამ წმინდა მოწამეების წინააღმდეგ ესეც არ გამოსდიოდათ. რომელი ჩვენი სიტყვა იქნება საკმარისი მათი [ღვაწლის] ზედმიწევნით აღწერისათვის?
IV
რადგან ვინმემ შეიძლება მოგვითხროს ყოვლიერების ღმერთის ღვთისმოსაობის გამო ათასობით ადამიანის მიერ გამოჩენილი საკვირველი მოშურნეობა; არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველას წინააღმდეგ აღიძრა დევნულება, არამედ დიდი ხნით ადრე, როცა მშვიდობა ჯერ კიდევ მტკიცე იყო. პირველად ახლახანს, როდესაც თითქოს ღრმა ძილიდან გამოღვიძებულმა მიიღო ძალაუფლება[6], და ფარულად და უჩინრად დეკიუსისა და ვალერიანეს შემდეგ შეუტია ეკლესიებს, ერთბაშად არ აღჭურვილა ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ ჯერ მხოლოდ ჯარში მყოფებზე სცადა [შეტევა] (რადგან ამით ფიქრობდა, რომ დანარჩენების შეპყრობა იოლი იქნებოდა, თუ მათთან ბრძოლაში გაიმარჯვებდა)[7]: ჩანდა, რომ მრავალი ჯარში მყოფი დიდი სიხარულით მიესალმებოდა სამოქალაქო ცხოვრებას, რათა არ გამხდარიყვნენ ყოვლიერების შემოქმედის ღვთისმოსაობის უარმყოფელი. რადგან როდესაც მხედართმთავარს, ვინც იყო მაშინ, ჯერ ახალი დაწყებული ჰქონდა ჯარისკაცების წინააღმდეგ დევნულება, მან ჯგუფებად დაყო ისინი, ჯარში გულმოდგინედ ჩაატარა წმენდა და შესთავაზა მათ ან დამორჩილებოდნენ და მათი პატივით დამტკბარიყვნენ, ან, პირიქით, მოკლებოდათ ის, თუ შეეწინააღმდეგებოდნენ ბრძანებას. ქრისტეს სამეფოს უამრავმა ჯარისკაცმა უყოყმანოდ და უცილობლად ამჯობინა მისი აღსარება იმ მოჩვენებით დიდებას და კეთილდღეობას, რაც ჰქონდა. იშვიათად, მათგან ერთი თუ ორი არა მხოლოდ ღირსებისაგან განვარდა, არამედ ღვთისმოსაობაში დგომის სანაცვლოდ სიკვდილი მიიღო, მაშინ შეთქმულების მოქმედი ზოგჯერ ბედავდა, ზოგიერთის სისხლამდე მიეყვანა საქმე; როდესაც როგორც სავარაუდო იყო, მორწმუნეთა სიმრავლის ეშინოდა და ჯერ კიდევ თავს იკავებდა, რომ ერთიანად წარემართა ომი. როგორც კი უფრო შიშვლად აღიჭურვა საბრძოლველად, შეუძლებელია, სიტყვით მოგითხროთ, თუ რამდენი და როგორი მოწამეები ღვთისა იხილვებოდა ყველა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებთა წინაშე.
V
მყისვე, ნიკომიდიაში ეკლესიების წინააღმდეგ დეკრეტის გამოქვეყნებისთანავე, ერთი, არათუ უცნობი, არამედ ამ ცხოვრებაში დიდებულების მიხედვით ყველაზე სახელგანთქმულთა შორის დიდგვაროვანი, მოშურნეობითა და ღვთის მიმართ ცეცხლოვანი რწმენით აღძრული, როდესაც იგი ღიად და ხალხის თვალწინ დააყენეს, დაგლიჯეს როგორც უწმინდური და ყველაზე უღმერთო. როდესაც ეს ხდებოდა, იმავე ქალაქში იმოფებოდა ორი იმპერატორი, ერთი სხვებზე უფროსი და მეორე ის, რომელსაც მისგან ხელისუფლების მეოთხე საფეხური ეპყრა[8]. მაგრამ ეს კაცი იყო პირველი იმ დროს, რომელმაც ასეთი საქციელით გამოიჩინა თავი და ამასთან ისეთი რამ დაითმინა, რაც ბუნებრივად მოყვებოდა ასეთ კადნიერებას, თვით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეინარჩუნა შეუწუხებელი და უშფოთველი განწყობა[9].
VI
ბერძნებთან თუ ბარბაროსებთან [მცხოვრებ] ყველა იმ საკვირველ და სიმამაცით სახელგანთქმულ კაცებს შორის, რომლებსაც ოდესმე უმღეროდნენ, დრომ მოიყვანა საღვთო და გამოჩენილი მოწამეები დოროთე და მასთან ერთად საიმპერატორო კარის მსახურები. ისინი უმაღლესი პატივის ღირსი გახდნენ მეუფეებთან, რომლებსაც ისინი თავიანთ კანონიერ შვილებზე არა ნაკლებ უყვარდათ; მაგრამ მათ ამქვეყნიურ დიდებასა და ფუფუნებაზე ჭეშმარიტად უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნიეს ღვთისმოსაობის გამო ძაგება, ვნება და მათთვის ახლად გამოგონილი მრავალი სახის სიკვდილი. მათგან რომელიმე ერთის სიცოცხლის აღსასრულს მოვიხსენიებთ და მას სხვებზე მოწევნულ [ტანჯვებზე] წარმოდგენის შესაქმნელად დავუტოვებთ მკითხველებს.
გამოყვანილ იქნა ერთი კაცი ზემოხსენებული ქალაქის შუაში ზემოხსენებული მმართველების წინაშე. უბრძანეს მსხვერპლის შეწირვა და როდესაც წინააღმდეგობა გაუწია, ბრძანეს, მაღლა აეწიათ შიშველი და მათრახებით დაესერათ მთელი სხეული, ვიდრე არ დანებდებოდა და თუნდაც თავისი ნების წინააღმდეგ არ შეასრულებდა ნაბრძანებს. მაგრამ როდესაც ვნებული უდრეკი დარჩა, შემდეგ უკვე ძვლებიც გამოუჩნდა მას და მარილით განზავებული ძმარი დაასხეს სხეულის მომპალ ასოებზე. როდესაც მან ეს ტკივილებიც უგულებელყო, შუაში გამოიტანეს მაყალი და ცეცხლი, და საჭმელი ხორცის მსგავსად მისი სხეულის დარჩენილ ნაწილს ცეცხლით არა ერთბაშად, სწრაფად რომ არ გარდაცვლილიყო, არამედ ნელ-ნელა წვავდნენ; მის ცეცხლზე დამდებთ მანამდე არ აძლევდნენ ახსნის ნებას, სანამ ასეთი ვნებების შემდეგ ნაბრძანებზე თანხმობას არ ანიშნებდა. იგი მტკიცედ იდგა განზრახვაზე და გამარჯვებულმა ამ ტანჯვაში ამოუშვა სული. ასეთი იყო საიმპერიო კარის ერთ-ერთი მსახურის მოწამეობა, ნამდვილად ღირსი მისი სახელისა. რადგან პეტრე ეწოდებოდა[10].
დანარჩენთა მოწამეობაც არა ნაკლები იყო, მაგრამ ვუფრთხილდებით წიგნის სიმეტრიულ განაწილებას და ამიტომ მათ გამოვტოვებთ. მხოლოდ იმას მოგითხრობთ, თუ როგორ გარდაიცვალნენ ჩამოხრჩობით და ღვთივბოძებული გამარჯვების ჯილდო მოიპოვეს დოროთემ და გორგონიოსმა საიმპერატორო კარის სხვა მრავალ მსახურთან ერთად მრავალი სახის ბრძოლის შემდეგ.
ამ დროს ნიკომიდიაში ეკლესიის იმდროინდელ წინამდგომელს, ანთიმოზს[11] ქრისტესადმი მოწმობის გამო თავი მოკვეთეს. მას დაემატა ერთობლივად წამებულთა სიმრავლე. არ ვიცი როგორ, მაგრამ ნიკომიდიაში საიმპერატორო სასახლეში გაჩნდა ცეცხლი, და ცრუ ეჭვით ჩვენიანების წინააღმდეგ ხმა გავარდა და იმპერატორის ბრძანებით ერთიანად, მთელი ოჯახებით ადგილობრივ ღვთისმოშიშთაგან ზოგი მახვილით მოიკლა, ზოგი ცეცხლით აღესრულა, როდესაც გადმოცემით საღვთო რამ და გამოუთქმელი მოშურნეობით მამაკაცები ქალებთან ერთად ცეცხლში ვარდებოდნენ. ჯალათები მრავალ სხვას დაბმულს სვამდნენ ნავებში და ზღვის წიაღში გადაუძახებდნენ. საიმპერატორო კარის მსახურები სიკვდილის შემდეგ, მიწაში სათანადოდ დაასაფლავეს. მაგრამ მათ მეუფეებად მიჩნეულმა პიროვნებებმა ჩათვალეს, რომ კვლავ თავიდან უნდა ამოეთხარათ და გადაეგდოთ ზღვაში, რათა საფლავებში მდებარეთათვის ზოგიერთებს თაყვანი არ ეცათ, როგორც ფიქრობდნენ, ისინი მათ თვით ღმერთებად მიიჩნევდნენ.
ასეთი ამბები ხდებოდა ნიკომიდიაში დევნულების დაწყებისას. როდესაც მცირე ხნის შემდეგ ზოგიერთებმა მელეტინედ წოდებულ მხარეში და კალავ სხვებმა სირიაში საიმპერიო ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადეს, იმპერატორის ბრძანება გამოვიდა, რომ ყველგან ეკლესიათა წინამდგომელები საპყრობილეებში ჩაეგდოთ და ბორკილები დაედოთ. და სანახაობა, რაც ამას მოყვა, იყო ყოველგვარ თხრობაზე აღმატებული, როდესაც ათასობით ადამიანი ყველა ადგილას იქნა დატუსაღებული, და ყველა საპყრობილე, ძველად პირველ რიგში კაცისმკვლელთათვის და საფლავების მძარცველთათვის გამზადებული, მაშინ ეპისკოპოსებით, ხუცესებით და დიაკვნებით, წიგნის მკითხველებით და შემფუცებლებით ივსებოდა, ისე რომ ბოროტმოქმედების გამო მსჯავრდებულთათვის ადგილი აღარ რჩებოდა.
უფრო მეტიც, პირველ წერილს მოყვა სხვებიც, რომლებშიც ნაბრძანები იყო, რომ თუ საპყრობილეში მყოფი მსხვერპლს შეწირავდა, გაენთავისუფლებიათ, წინააღმდეგობის გამწევი კი ათასობით სატანჯველით ეწამებიათ. როგორ შეძლებს ვინმე, აღრიცხოს თითოეულ პროვინციაში მოწამეები, განსაკუთრებით აფრიკაში, მავრების პროვინციაში, თებაიდასა და ეგვიპტეში? ამ ქვეყნიდან ზოგი სხვა ქალაქებსა და პროვინციებში წავიდა და [იქ] თავი გამოიჩინა მოწამეობით.
VII
ვიცით მათგან, ვინ გაბრწყინდა პალესტინაში, ვიცით ფინიკიის ტვიროსში მყოფნიც. ვინ არ შეძრწუნდება, როდესაც იხილავს უთვალავჯერ მათრახით ცემას და ამ დროს ღვთისმოსაობის ჭეშმარიტად სასწაულებრივ მებრძოლთა შეუპოვრობას, და მათრახით ცემის შემდეგ მყისვე კაციჭამია მხეცებთან ბრძოლას, და ამ დროს ლეოპარდების, სხვადასხვა სახის დათვების, ველური ტახებისა და გახურებული რკინით დაშანთული ხარების თავდასხმას, და თითოეული მხეცის მიმართ კეთილშობილ კაცთა გასაოცარ მოთმინებას? როდესაც ეს ხდებოდა, ჩვენ თვითონაც ვესწრებოდით, როდესაც მათი მოწმობის საგნის, ჩვენი მაცხოვრის, თვით იესო ქრისტეს საღვთო ძალა იქ იმყოფებოდა და იგივე ძალა მოწამეებისათვის წარმოჩნდებოდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში კაციჭამია მხეცები ვერ ბედავდნენ ღვთისსათნო ადამიანების სხეულებთან შეხებას და მიახლოებას, არამედ სხვებს ესხმოდნენ თავს, რომლებიც გარედან აღიზიანებდნენ. წმინდა მებრძოლები მარტო, შიშველი იდგნენ და ხელებს უქნევდნენ, თავიანთ თავზე იწვევდნენ მათ (რადგან ეს ჰქონდათ ნაბრძანები), მხეცები საერთოდ არ ეკარებოდნენ, მაგრამ როდესაც მათზე წამოვიდოდნენ, როგორც რამ საღვთო ძალისგან ნაცემები კვლავ უკან იხევდნენ. ეს გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში და მაყურებლებში არა ნაკლებ გაოცებას იწვევდა, ისე რომ პირველის უმოქმედობის გამო მეორე და მესამე მხეცს მოუშვებდნენ ხოლმე ერთსა და იმავე მოწამეზე.
შემაძრწუნებელი იყო ამ [განსაცდელის] წინაშე ამ წმინდანების წარბშეუხრელი დგომა და ახალგაზრდა სხეულებში სიმტკიცე და ურყევი შეუპოვრობა. ნახავდით იმასაც, რომ ყმაწვილს ჯერ არ შესრულებოდა ოცი წელი და ბორკილების გარეშე იდგა, ხელები ჯვრის სახედ ჰქონდა გაწვდილი, და შეურყეველი და მშვიდი გონებით ღვთის მიმართ ყველაზე თავისუფლად აღავლენდა ლოცვებს; სრულიად არ იცვლიდა ფეხს, არც იხრებოდა იმ ადგილიდან, სადაც იდგა, როდესაც რისხვითა და სიკვდილით მქშინავი ლეოპარდები და დათვები თითქმის ეხებოდნენ მის სხეულს. მაგრამ არ ვიცი, თუ როგორ ხდებოდა, რომ საღვთო და გამოუთქმელი ძალით მათი პირი დახშული იყო და კვლავ უკან მირბოდნენ. და ასეთი კაცი იყო იგი. კვლავ ნახავდით სხვებს (ყველანი სულ ხუთი იყვნენ) ველური ხართან მიგდებულს, რომელმაც სხვები, გარედან მიახლოებულნი ჰაერში რქებით ააგდო, დაგლიჯა, და ნახევრად მკვდარი დატოვა. მხოლოდ წმინდა მოწამეებზე რისხვითა და მუქარით წამოსული ვერ უახლოვდებოდა მათ, რომლებიც იდგნენ შეუჭურველად, ჩლიქებით და რქებით სცემდა აქეთ-იქით; როდესაც გახურებული რკინით გაღიზიანების გამო რისხვითა და მუქარით ქშინავდა, საღვთო წინაგანგებით უკუ იქცეოდა, ისე რომ როდესაც მან ვერაფერი დაუშავა, სხვა მხეცები მიუშვეს მათზე. ბოლოს, ამ მხეცთა მრავალნაირი საშინელი თავდასხმების შემდეგ მახვილით მოკლეს ყველა და დასამარხად მიწის ნაცვლად ზღვის ტალღებს მისცეს.
VIII
ასეთი შერკინება იყო წარმოდგენილი ტვიროსში ღვთისმოსაობის გამო ეგვიპტელი მებრძოლების მიერ.
მაგრამ კაცი აღტაცებაში მოვა მათგან, რომლებიც მშობლიურ მიწაზე ეწამენ, სადაც ათასობით კაცმა ქალთან და შვილებთან ერთად ჩვენი მაცხოვრის მოძღვრების გამო, უგულებელყვეს ეს დროებითი ცხოვრება და მრავალი სახის სიკვდილი დაითმინეს: ზოგი მათგანი სხეულის ჩამოფხეკვისა და ძელზე გასმის, და ყველაზე მძიმე გამათრახების და ათასი სხვა მრავალი სახის მოსასმენად შემზარავი სატანჯველების შემდეგ ცეცხლს გადასცეს, ზოგი კი ზღვაში დაახრჩვეს, სხვები ვაჟკაცურად უშვერდნენ თავს მოსაკვეთად, ზოგი ტანჯვით კვდებოდა, მეორენი შიმშილით იღუპებოდნენ, და სხვებს კვლავ ჯვარს აცმევდნენ, ზოგს როგორც ჩვეულებრივ ბოროტმოქმედებს, ზოგს კი უფრო მძიმედ, თავდაღმა აჭედებდნენ და ცოცხალს იცავდნენ, ვიდრე ზედ ხეზე შიმშილით არ მოკვდებოდა.
IX
ყოველგვარ სიტყვას აღემატება ის, რა ტანჯვაცა და ტკივილიც დაითმინეს მოწამეებმა თებაიდაში. მთელი სხეული ფრჩხილების მაგივრად თიხის ნატეხების დაუგლიჯეს ვიდრე არ დაიხოცნენ, ქალები კი ფეხებით ერთად შეკრული ჰაერში ზემოთ რაღაც მანქანებით თავდაყირა აწიეს, სრულიად შიშვლები და დაუფარავი სხეულით, და ეს სასირცხვილო, ყველაზე სასტიკი და ყველაზე არაადამიანური სანახაობა მიანიჭეს ყველა მაყურებელს. სხვები კი ხეებსა და ხის ტოტებზე მიბმული იხოცებოდნენ. განსაკუთრებით მაგარ ტოტებს რაღაც ხრიკებით ერთმანეთთან აერთებდნენ, თითოეულზე ამ მოწამეთა ფეხებს გადაჭიმავდნენ, შემდეგ ტოტებს თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში დასაბრუნებლად აუშვებდნენ: მყისვე გლეჯდა ასოებს მათ, რომელთა წინააღმდეგაც ამას აკეთებდნენ მისი მომგონნი. ეს ყველაფერი ხდებოდა არა რამდენიმე დღის ან მოკლე დროის განმავლობაში, არამედ ხანგრძლივად მთელი წლების მანძილზე, ზოგჯერ დღეში ათზე მეტს კლავდნენ, ზოგჯერ - ოცზე მეტს, სხვა დროს - არა ნაკლებ ოცდაათისა, და კვლავ ზოგჯერ - ასს; კაცებს სრულიად ჩვილებთან და ქალებთან ერთად, ერთიმეორის მონაცვლეობით სხვადასხვა სასჯელებით სჯიდნენ.
ჩვენ თვითონ იქ ვიმყოფებოდით, როცა ერთ დღეში ამ ადგილებზე ერთბაშად უამრავმა ადამიანმა დაითმინა თავის მოკვეთა, სხვებმა კი - ცეცხლით სასჯელი; ისე რომ მკვლელი მახვილი ბლაგვდებოდა, სუსტდებოდა და ტყდებოდა, ან თვითონ ჯალათები ძალიან იღლებოდნენ და ერთმანეთს ცვლიდნენ. მაშინ ვუყურებდით ღვთის ქრისტეს მიმართ მორწმუნეების უსაკვირველეს აღძვრას, ჭეშმარიტად საღვთო ძალასა და მოშურნეობას. პირველთა წინააღმდეგ ბრძანების გამოცემასთან ერთად სხვა ადგილებიდან სხვები მირბოდნენ მსაჯულის სავარძელთან და მის წინაშე აღიარებდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ. საშინელი და მრავალგვარი სატანჯველების მიმართ ყოვლიერების ღმერთის ღვთისმოსაობის გამო სიხარულით, უზრუნველად იდგნენ უშიშრად გაკადნიერებულები, ისე რომ ფსალმუნებდნენ, საგალობლებსა და მადლიერებას აღავლენდნენ ყოვლიერების ღმერთისადმი მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ესენი საოცარი პიროვნებები იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებით უფრო საკვირველი იყვნენ ისინი, რომლებიც სიმდიდრით, გვარიშვილობით, დიდი სახელით და ფილოსოფიით გამოირჩეოდნენ, და ყველაფერს მეორე ადგილზე აყენებდნენ ჭეშმარიტი ღვთისმოსაობისა და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტესადმი რწმენის გულისთვის. ასეთი იყო ფილორომოსი, ვისაც ებარა ალექსანდრიაში საიმპერიო გამგებლობის არც თუ ნაკლები მნიშვნელობის რამ ძალაუფლება, რომელიც რომაელთა ღირსებითა და პატივით შემკული, შუბოსან ჯარისკაცთა თანხლებით, ყოველ დღე ასრულებდა მსაჯულის მოვალეობას. ასეთი იყო ფილეასი თმუიტელთა ეკლესიის ეპისკოპოსი, სამშობლოში სამოქალაქო მდგომარეობითა და მსახურებით, და ფილოსოფიაში განსწავლულობით გამორჩეული კაცი. მათ ათასობით ადამიანი, სისხლით ნათესავები და სხვა მეგობრები თხოვდნენ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირებიც, გარდა ამისა თვითონ მსაჯული მოუწოდებდა, რათა თავიანთი თავი შესცოდებოდათ, მოფრთხილებოდნენ შვილებსა და ცოლებს, ასეთმა თხოვნებმა ვერანაირად ვერ მიიყვანეს ისინი იქამდე, რომ სიცოცხლის სიყვარული აერჩიათ და ჩვენი მაცხოვრის მცნებები აღსარებისა და უარყოფის შესახებ უგულებელეყოთ; მამაცი და ფილოსოფიური გადაწყვეტილებით, უფრო კი ღვთისმოსაობითა და ღვთისსათნო სულით მსაჯულის არანაირი მუქარას და შეურაცხყოფას არ შეეპუენ. და ორივეს თავი მოკვეთეს[12].
X
მას შემდეგ, რაც გარეშე განსწავლულობის გამო, როგორც ვთქვით, მრავალი სიტყვის ღირსი გახდა ფილეასი, დე, თვითონ მოგვევლინოს საკუთარი თავის მოწმედ, წარმოგვიჩინოს თავისი თავი, თუ ვინ იყო; ამასთან მის დროს ალექსანდრიაში მომხდარი მოწამეობანი ჩვენზე უფრო მეტი ზედმიწევნითობით მოგვითხროს შემდეგი სიტყვებით:
თმუიტელების მიმართ ფილეასის წერილებიდან
"მაშინ როცა ყველა ეს მაგალითი, ნიმუში და მშვენიერი ნიშანი ჩვენს წინაშე დევს საღვთო და წმინდა წერილებში, ნეტარი მოწამენი ჩვენთან ერთად არანაირად არ ყოყმანობდნენ, და სულის თვალებს ყოველივეზე მაღლა მდგომ ღმერთს უმწიკვლოდ მიაპყრობდნენ და ღვთისმოსაობის გულისთვის სიკვდილს გონებაში შეიწყნარებდნენ, მტკიცედ ეპყრათ მოწოდება, აღმოაჩენდნენ რა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს ჩვენს გამო განკაცებულს, რათა ყველა ცოდვა ამოეძირკვა, და საუკუნო ცხოვრებაში შესასვლელი უზრუნველეყო ჩვენთვის. რადგან ნატაცებად არ მიიჩნია ღვთის სწორად ყოფნა, არამედ წარმოიცარიელა თავისი თავი და მონის ხატი მიიღო, და გარეგნობით წარმოჩნდა როგორც ადამიანი და თავი დაიმდაბლა სიკვდილამდე, ჯვრის სიკვდილამდე (ფილ. 2, 6‑8). ამიტომ ეშურებოდნენ უფრო მეტ მადლს ქრისტეშემოსილი მოწამეები ყველანაირი ვნებითა და ყველა სახის ხრიკებით დატანჯულნი, არა ერთიანად, არამედ ზოგჯერ განმეორებით [ტანჯვის] დათმენითაც, შუბოსნები მათ არა მხოლოდ ყველა სახის სიტყვიერი მუქარით, არამედ საქმეებითაც შეურაცხყოფდნენ, ისინი თავიანთ გადაწყვეტილებაზე უარს არ ამბობდნენ, რადგან "სრული სიყვარული განაგდებს შიშს" (1 იოან. 4, 18). მათი სათნოებისა და თითოეულ ტანჯვაზე მათ მიერ გამოჩენილი სიმამაცის ჩამოსათვლელად ვის ეყოფა სიტყვა? როდესაც შეურაცხყოფის მიყენების ყველა მსურველს ნება ეძლეოდა, ზოგი ჯოხით სცემდა, ზოგი წკეპლით, სხვები კი მათრახით, ზოგიც კვლავ ღვედით, ან თოკით. და იყო ტანჯვა-წამების სანახაობა ცვალებადი და მრავალი ბოროტების მომცველი. რადგან ზოგს უკან ხელშეკრულს კიდებდნენ ძელზე და რაღაც ხრიკებით უჭიმავდნენ ყველა კიდურს, შემდეგ მტარვალებს ებრძანებოდათ ასეთ მდგომარეობაში მყოფებისათვის მთელ სხეულზე გადაევლოთ, წამების იარაღებით ეგვემათ არა მხოლოდ გვერდები როგორც ეს ხდება მკვლელებზე, არამედ მუცელი, წვივები და ყვრიმალები. სხვებს კი ცალი ხელით სვეტზე კიდებდნენ და მაღლა წევდნენ, კიდურების და ასოების დაჭიმულობა ყველაზე საშინელ ტკივილს აყენებდა მათ. ზოგს სვეტზე პირშექცევით აბამდნენ ისე, რომ ფეხებით მიწას არ ეხებოდნენ, სხეულის სიმძიმის დაწოლით ბორკილები დაძაბულობის ძალით ზემოთ ქაჩავდა. და ამას ითმენდნენ, არა იმ დროის განმვლობაში, როდესაც მმართველი ესაუბრებოდა მათ და მათი საქმით იყო დაკავებული, არამედ თითქმის მთელი დღის განმავლობაში. რადგან როდესაც სხვებზე გადადიოდა, პირველთა დაკვირვებისათვის უტოვებდა თავისი ძალაუფლებით აღჭურვილ მსახურთ; თუ მათ შემთხვევით მოეჩვენებოდათ, რომ ვინმე იძლია ტანჯვებისგან და დანებდა, ულმობლად ბრძანებდა ბორკილებითაც მიახლოებოდნენ, ამის შემდეგ სულთმობრძავებს ძირს აგდებდნენ და მიწაზე მიათრევდნენ. მათ ჩვენს მიმართ ზრუნვის ნატამალიც არ მოეპოვებოდათ, არამედ ისე მსჯელობდნენ და მოქმედებდნენ, თითქოს ჩვენ მეტად აღარ ვარსებობდით. ეს მეორე სატანჯველი მოიფიქრეს ჩვენმა მტრებმა ამ გვემაზე დამატებით. ზოგიერთს ამ ტანჯვების შემდეგ აწვენდნენ ფიცარზე და ფეხებს უჭიმავდნენ მეოთხე ნახვრეტამდე, ისე რომ იძულებული იყვნენ ფიცარზე გულაღმა დაწოლილიყვნენ, რადგან [წამოჯდომა] არ შეეძლოთ გვემისგან მთელ სხეულზე ახლადმიყენებული ჭრილობების გამო. სხვები პირქვე დამხობილი იწვნენ სატანჯველების ერთბაშად გამოყენების გამო; მაყურებელთათვის მოქმედებაზე უფრო საშინელ სანახაობას წარმოადგენდნენ, მრავალნაირი და სხვადასხვა სახის ტანჯვა-წამების კვალს ატარებდნენ სხეულებზე. საქმის ასეთ ვითარებაში ზოგი ტანჯვით კვდებოდა, მტერს მოთმინებით არცხვენდა, ზოგი კი ნახევარდამკვდარი საპყრობილეში ჩამწყვდეული არცთუ მრავალი დღის შემდეგ ტკივილებისაგან აღესრულებოდა; დანარჩენები მკურნალობით გამომჯობინდებოდნენ და დროთა განმავლობაში საპყრობილეში ცხოვრებისგან კიდევ უფრო მამაცი ხდებოდნენ. ასე რომ, როდესაც ებრძანებოდათ არჩევანის გაკეთება: ან შეხებოდნენ უწმინდურ მსხვერპლს და ხელშეუხებელი ყოფილიყვნენ, და მათგან მიეღოთ დაწყევლილი თავისუფლება, ან არ შეეწირათ და სიკვდილის სასჯელი მიეღოთ; ისინი უყოყმანოდ, სიხარულით მიდიოდნენ სიკვდილზე, რადგან წმინდა წერილიდან იცოდნენ, რაც იყო ჩვენთვის წინაგანსაზღვრული. რადგან ამბობს: "სხვა ღმერთებისთვის მსხვერპლის შემწირველი დაიღუპება" (გამოს. 22, 20), და რომ "არ იყოს შენთვის სხვა ღმერთები ჩემს გარდა" (იქვე 20, 3).
ასეთი არის ჭეშმარიტად ფილოსოფოსის და ამასთან ღვთიმოყვარე მოწამის სიტყვები, წარმოთქმული მისი აღსასრულის წინ, როდესაც ჯერ კიდევ პატიმრობის წესის ქვეშ იმყოფებოდა, რომლებიც მიწერა მის სამრევლოში მყოფ ძმებს. ერთი მხრივ, წარმოაჩენს იმ მდგომარეობას, რაშიც იმყოფებოდა, მეორე მხრივ, მათ ამხნევებს, რათა მტკიცედ ეპყრათ ქრისტეში ღვთისმოსაობა მისი მოსალოდნელი აღსასრულის შემდეგ. მაგრამ რა საჭიროა ბევრი ლაპარაკი და მთელ მსოფლიოში ღვთივშვენიერ მოწამეთა ბრძოლების ახალ მაგალითებზე ახლის დართვა, განსაკუთრებით მათი, რომლებსაც არა საზოგადო კანონით, არამედ მტრის მსგავსად თავს ესხმოდნენ?
XI
ფრიგიაში მთლიანად ქრისტიანებით დასახლებულ მცირე ქალაქს[13] წრედ შემოერტყნენ შეიარაღებული ჯარისკაცები, ცეცხლი წაუკიდეს და ისინი, რომლებიც ყოვლიერების ღმერთს მოუხმობდნენ, ჩვილ ბავშვებთან და ქალებთან ერთად დაწვეს; რადგან ქალაქის მთელი მოსახლეობა, თვითონ ქალაქის თავი და სარდლები სხვა მაგისტრებთან, ერთად და მთელი ხალხი თავის თავს ქრისტიანებად აღიარებდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ, ვინც უბრძანებდა კერპთმსახურებას.
და იყო ერთი სხვა კაციც, რომაელებთან მაღალი წოდების მქონე, სახელად ადავქტიუსი, წარმომავლობით იტალიელებს შორის გამოჩენილი ოჯახიდან. იგი იყო კაცი, რომელმაც იმპერატორებთან ყველა სახის პატივი მოიპოვა, ისე რომ მთავარი განმგებლის თანამდებობა, რასაც მათთან ხაზინის მაგისტრი და განმგებელი ეწოდება, უმწიკვლოდ გაიარა, ამ ყველაფერთან ერთად თავი გამოიჩინა ღვთისმოსაობაში კეთილი საქმეებითა და ღვთის ქრისტესადმი აღსარებებით, და მოწამეობის გვირგვინით შემკულ იქნა; როდესაც თვით ხაზინის გამგებლის თანამდებობაზე იმყოფებოდა, ღვთისმოსაობის გამო ბრძოლა დაითმინა.
XII
რა საჭიროა ახლა დანარჩენთა სახელებით მოხსენიება, ან მამაკაცთა სიმრავლის აღრიცხვა, ან საკვირველ მოწამეთა მრავალი სახის ტანჯვების აღწერა, რომლებსაც ზოგჯერ ნაჯახებით ჩეხავდნენ, როგორც არაბეთში მოხდა, ზოგჯერ წვივებს უმტვრევდნენ, როგორც ეს მოხდა კაბადოკიაში, და ზოგჯერ ფეხებით თავდაყირა კიდებდნენ და, ვიდრე ნელ ცეცხლზე იწვოდნენ, დამწვარი ხის გამოშვებული კვამლით იხრჩობოდნენ, როგორც შეემთხვათ მესოპოტამიაში მცხოვრებთ, ზოგჯერ ცხვირს, ყურებსა და ხელებს აჭრიდნენ, და სხეულის დანარჩენ ასოებსა და ნაწილებს, როგორც ეს ალექსანდრიაში მოხდა?
რატომ უნდა აღვადგინოთ ხსოვნა ანტიოქიელი მოწამეებისა, რომლებსაც გახურებული შანთით არა სასიკვდილოდ, არამედ ხანგრძლივი ტანჯვის მიზნით წვავდნენ; და სხვათა, რომლებიც უმალ საკუთარ მარჯვენას მისცემდნენ ცეცხლს, ვიდრე უწმინდურ მსხვერპლს[14], და სანამ შეიპყრობდნენ და შეთქმულთა ხელში ჩავარდებოდნენ, მაღალი სახლების სახურავიდან იგდებდნენ თავს, და სიკვდილს უღმერთოთა ბოროტებათაგან გამოტაცებულ ჯილდოდ მიიჩნევდნენ[15]?
და ერთმა წმინდა ადამიანმა, სულის სათნოებით საკვირველმა, სხეულით კი ქალმა და ანტიოქიაში მცხოვრებთაგან სიმდიდრით, წარმომავლობითა და პატივით ყველასთან სახელგანთქმულმა ღვთისმოსაობის მცნებებით გამოზარდა ორი ქალიშვილი სხეულის სილამაზით გამორჩეული და სრულად გაფურჩქნული. მრავალი მათ მიმართ შურით აღძრული ყველა საშუალებით ეძებდა მათ კვალს, რომლებიც დამალული იყვნენ; შემდეგ გაიგეს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ, მზაკვრულად მოიფიქრეს და ანტიოქიაში მოუხმეს, და ჯარისკაცების მიერ გაბმულ ბადეში გაეხვივნენ. როდესაც დაინახა, რომ თვითონაც და შვილებიც გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ, ქალიშვილებს დაუწყო საუბარი ამ ადამიანთაგან მოსალოდნელ საშინელ საქმეებზე და ყველა საშინელებაზე უფრო აუტანელზე, გარყვნის მუქარაზე. იგი მოუწოდებდა თავის თავს და მათ, რომ ყურის კიდითაც არ აეტანათ ამის მოსმენა, არამედ ეუბნებოდა, რომ სულის მიცემა დემონთა მონობისათვის ყველა სახის სიკვდილზე და ყველანაირ დაღუპვაზე უარესი იყო. ყოველივე ამისგან ხსნის ერთ გზას სთავაზობდა, უფალთან გაქცევას. და როდესაც აზრით დაეთანხმნენ და სხეული ტანისამოსით სათანადოდ შეიმოსეს, შუა გზაზე მცველებს სთხოვეს მცირე ხნით შესვენების ნება დაერთოთ, და მდინარეში გადახტნენ[16].
ასე დასაჯეს მათ საკუთარი თავი. იმავე ანტიოქიაში ცხოვრობდა სხვა ორი ქალწული ყველა საქციელით ღვთივშვენიერი, ჭეშმარიტი, გვარით - სახელოვანი, ცხოვრებით - ბრწყინვალე, ასაკით - ახალგაზრდა, სხეულით - ლამაზი, სულით - მოკრძალებული, საქციელით - ღვთისმოსავი, მოშურნეობით - გასაოცარი. დემონთა მსახურებმა ბრძანეს მათი ზღვაში ჩაგდება, თითქოს მიწა ვერ ზიდავდა ასეთ [სრულყოფილებას].
ეს ამბები მოხდა მათთან. სხვები პონტოში ევნენ იმ სახით, რომ მოსასმენადაც კი შემზარავია. ლერწმის ღეროებს ხელის თითებში ფრჩხილებქვეშ უყრიდნენ. სხვების შემთხვევაში, ტყვიას ადნობდნენ, მდუღარე და ცეცხლოვან ნივითერებას ზურგზე ასხამდნენ და სხეულის განსაკუთრებით სასიცოცხლო ნაწილებს უწვავდნენ. სხვები კი ენითუთქმელი ასოებისა და შიგნეულობის სასირცხვილო, ულმობელი და სიტყვით აუწერელი ვნებები დაითმინეს, რომლებიც კეთილშობილმა და კანონმორჩილმა მსაჯულებმა ჩვეულებრივზე მეტი გულმოდგინებით მოიფიქრეს და თავიანთი სისასტიკე წარმოაჩინეს, როგორც რამ სიბრძნის სათნოება; მუდამ უფრო ახალი სატანჯველებით, როგორც რამ შეჯიბრებაში მოპოვებული ჯილდოებით, ერთმანეთს აღემატებოდნენ ერთმანეთთან მოპაექრენი.
მაგრამ დადგა ამ უბედურებების დასასრული, ამიერიდან უარი თქვეს ბოროტებათა ზეაღმატებულებაზე და მკვლელობებით დაიღალნენ და სისხლის ღვრისგან აივსნენ და გაძღნენ, მოუბრუნდნენ იმას, რასაც ისინი სიკეთედ და კაცთმოყვარეობად მიიჩნევენ, ისე რომ მეტად აღარ ფიქრობდნენ ჩვენს წინააღმდეგ საშინელებათა ჩადენას. ამბობდნენ, რომ თანატომელთა სისხლით არ უნდა დაესვარათ ქალაქები, არც სისასტიკეში ბრალეული გაეხადათ უზენაეს მმართველთა ძალაუფლება; არამედ ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და მშვიდი უნდა ყოფილიყვნენ, და ყველას უნდა მიწვდომოდა კაცთმოყვარეობისა და საიმპერიო ხელმწიფების უფრო აღმატებული ქველმოქმედება, და სიკვდილით მეტად აღარ უნდა დაესაჯათ. რადგან ჩვენს წინააღმდეგ მათი ეს სასჯელი გაუქმდა მმართველთა კაცთმოყვარეობის გამო. მაშინ ნაბრძანები იქნა თვალების ამოთხრა და ერთი წვივის დასახიჩრება. რადგან ეს იყო მათთვის კაცთმოყვარეობა და ჩვენს წინააღმდეგ სასჯელების შემსუბუქება. ასე რომ, უღმერთოთა ამ კაცთმოყვარეობის გამო შეუძლებელია, აღიწეროს ყოველგვარ სიტყვაზე აღმატებული სიმრავლე მათი, რომლებსაც ჯერ მარჯვენა თვალი ამოთხარეს მახვილით, შემდეგ ცეცხლით მოუწვეს, მარცხენა ფეხი სახსრებში შანთისაგან გამოუსადეგარი გაუხადეს და ამის შემდეგ პროვინციებში სპილენძის მაღაროებში გაგზავნეს, არა იმდენად მსახურებისათვის რამდენადაც ზიანის მიყენებისა და ტანჯვა-წამებისათვის მიუსაჯეს. ყველა მათთან ერთად იყვნენ სხვებიც, სხვა ბრძოლებში ჩაბმულები, რისი ჩამოთვლაც შეუძლებელია; რადგან მათი სიმამაცე სძლევს ყველა სიტყვას.
ამ დროს მთელ მსოფლიოში გაბრწყინდნენ ქრისტეს დიდად სახელოვანი მოწამეები, რომლებმაც მათი სიმამაცის თვითმხილველები, ბუნებრივია, ყველგან განაცვიფრეს, და ჩვენი მაცხოვრის ჭეშმარიტად საღვთო და გამოუთქმელი ძალის ცხადი მტკიცებულება თავიანთი თავის მეშვეობით წარმოადგინეს. თითოეული სახელის მოხსენიებას დიდი დრო დასჭირდება, რომ არა ვთქვათ, - ეს შეუძლებელი რამ არის.
XIII
ცნობილ ქალაქებში წამებულ საეკლესიო მმართველთაგან ქრისტეს სამეფოს მოწამედ ღვთისმოსავთა სვეტებზე ჩვენს მიერ პირველ რიგში უნდა ჩაიწეროს ნიკომიდიელთა ქალაქის ეპისკოპოსი ანთიმოზი, რომელსაც თავი მოკვეთეს; ანტიოქიაში მოწამეთაგან მთელი ცხოვრებით ეკლესიური ადგილობრივი სამრევლოს საუკეთესო პრესვიტერი იყო ლუკიანე; მანვე იქადაგა ნიკომიდიაში იმპერატორის ყოფნისას ქრისტეს ზეციური სამეფო ჯერ სიტყვით აპოლოგიის მეშვეობით, შემდეგ კი საქმეებითაც. ფინიკიაში მოწამეთაგან ყველაზე გამოჩენილი იქნებიან ყველაფრით ღვთის სათნონი, ქრისტეს მოაზროვნე ცხვრების მწყემსნი: ტირანიონი, ტვიროსის ეკლესიის ეპისკოპოსი, სიდონის ეკლესიის პრესვიტერი ზენობიოსი და მათ გარდა სილბანოსი, ემესის შემოგარენში მყოფი ეკლესიების ეპისკოპოსი. მაგრამ იგი იმავე ემესაში სხვებთან ერთად გახდა მხეცების საჭმელი და მოწამეთა დასში იქნა შერაცხილი; სხვა ორმა ანტიოქიაში სიკვდილამდე დათმენით განადიდა ღვთის სიტყვა, ერთი ზღვის სიღრმეებს მიეცა, ეპისკოპოსი, მეორე კი მკურნალთა შორის საუკეთესო ზენობიოსი გვერდებზე მიყენებული ტანჯვები ახოვნად დაითმინა და მოკვდა. პალესტინის მოწამეთაგან სილბანოსს, [ქალაქ] გაზას ირგვლივ მდებარე ეკლესიების ეპისკოპოსს, ფაენოში[17] სპილენძის მაღაროებში თავი მოკვეთეს სხვებთან, რიცხვით ორმოცზე ერთით ნაკლებთან ერთად; ადგილობრივმა ეგვიპტელმა ეპისკოპოსებმა პელევსმა და ნილოსმა[18] სხვებთან ერთად დაითმინეს ცეცხლით აღსასრული. და მათ შორის ჩვენს მიერ მოხსენიებული უნდა იქნას კესარიის სამრევლოს დიდება, პრესვიტერი პამფილი, ჩვენი დროის ყველაზე საკვირველი კაცი, რომლის ახოვანების სიქველეს თავის დროზე აღვწერთ. ალექსანდრიაში, მთელს ეგვიპტესა და თებაიდაში გამორჩეულად აღსრულებულთაგან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს პეტრე, ამავე ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ქრისტეში ღვთისმოსაობის მოძღვართა საღვთო რამ ნიმუში, მასთან ერთად ხუცესთაგან ფაუსტუსი, დიოსი და ამონიოსი, - ქრისტეს სრული მოწამეები; ფილეასი, ჰესიქიასი, პახუმი და თეოდოროსი, - ეგვიპტეში ეკლესიათა ეპისკოპოსები, მათ გარდა ათასობით სხვა გამოჩენილი კაცი, რომელთაც მოიხსენიებენ მათ ქვეყნებსა და ადგილებზე არსებულ საკრებულოები. მთელ მსოფლიოში ღვთის მიმართ მსახურების გამო მებრძოლთა შეტაკებების წერილობით გადმოცემა და მათ თავზე გარდამხდარი ამბების ზედმიწევნით და დაწვრილებით თხრობა ჩვენი საქმე არ არის. ეს არის ალბათ ამ მოვლენების მხილველთა კერძო საქმე. ხოლო ვისთან ერთადაც თვითონ ვიმყოფებოდი, ამას სხვა თხზულების მეშვეობით გაგაცნობთ. ამ წიგნში ჩვენთან დაკავშირებით ჩადენილ საქმეთა აღწერას დავურთავ დევნულების დასაწყისიდან მომხდარი მოვლენების უარყოფას, რაც დიდი სარგებლის მომტანია მკითხველთათვის.
რაც შეეხება რომაელთა ხელისუფლებას, ჩვენს წინააღმდეგ ომის წინ ესოდენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მმართველებს ჩვენს მიმართ ჰქონდათ კეთილგანწყობა და მშვიდობა. და თუ როგორი ნაყოფიერებითა და სიუხვით იყო ამ დროს ღირსქმნილი მათი კეთილი საქმეები, ამის მოსაყოლად რა სიტყვა იქნება საკმარისი? როდესაც მსოფლიო იმპერიის განსაკუთრებით დიდი ძალაუფლების მპყრობელნი აღასრულებდნენ დეკენალიებსა და ვიკენალიებს*, დროს ატარებდნენ დღესასწაულებსა და სახალხო ზეიმებზე, და ყველაზე მხიარულ ნადიმებზე, ამასთან სრულყოფდნენ მყარ მშვიდობას.
მაგრამ როდესაც ასე შეუფერხებლად იზრდებოდა და დღითი დღე უფრო მეტად წინ მიიწევდა მათი ძალაუფლება, ერთბაშად შეცვალეს ჩვენს მიმართ მშვიდობიანი [დამოკიდებულება] და შეურიგებელი ომი გაგვიმართეს. მათთვის ამგვარი მოქმედების მეორე წელი ჯერ არ იყო მიწურული, რომ მთელ პრინციპატთან დაკავშირებით სიახლე რამ მოხდა** და ყველა საქმე აირია. რადგან როდესაც უბედური სნეულება თავს დაატყდა ზემოხსენებულთა შორის უპირველესს***, რისგანაც იგი ჭკუიდან გადავიდა, მასთან ერთად მეორე ადგილით პატივდებულმა მოქალაქის უბრალო ცხოვრების წესი მიიღო[19], მაგრამ მას ეს ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული, რომ მთელი ძალაუფლება ორად გაიყო, - საქმე, რაც არ შემონახულა ხსოვნაში, რომ ძველად ოდესმე მომხდარიყო.
დიდი ხანი არ გასულა, რაც იმპერატორი კოსტანტიუსი, მთელი ცხოვრებით მშვიდი და ქვეშევრდომთა მიმართ კეთილგანწყობილი, და ღვთის სიტყვისადმიც მეგობრულად განწყობილი ბუნების საყოველთაო კანონის მიხედვით აღესრულა[20], და მის ნაცვლად იმპერატორად და ავგუსტუსად კანონიერი შვილი კონსტანტინე დატოვა. იგი პირველი იყო, ვინც მათთან ღმერთებს შორის შერაცხილად იქნა გამოცხადებული, სიკვდილის შემდეგ ყველა იმ პატივის ღირსი გახდა, რაც ვინმემ შეიძლება მიანიჭოს იმპერატორს, იმპერატორთა შორის ყველაზე კეთილსა და მოწყალეს. ჩვენს თანამედროვეთაგან მხოლოდ მან განვლო მმართველობის მთელი ხანა მეუფების შესაფერისად და სხვა მხრივაც ყველას ყველაზე შემწყნარებლურად და ქველმოქმედებით უძღვნიდა თავის თავს, ჩვენს წინააღმდეგ ომს არასოდეს ეზიარებოდა, არამედ მის ხელქვეით ღვთისმოშიშთ დაუზიანებლად და დაუსახიჩრებლად იცავდა, არც ეკლესიის სახლებს ანგრევდა, არც ჩვენს წინააღმდეგ იგონებდა რაიმე სიახლეს; და ბედნიერი და სამგზის ნეტარი ცხოვრების აღსასრული მიიღო. მხოლოდ იგი აღესრულა მშვიდად და დიდებით თავისი ზეობის დროს მისი მონაცვლის, კანონიერი შვილის, ყველაფერში ყველაზე გონიერისა და ღვთისმოსავის წინაშე.
მისი შვილი, კონსტანტინე თავიდანვე ყველაზე სრულ იმპერატორად და ავგუსტუსად იქნა გამოცხადებული ჯარისკაცების მიერ და მათზე დიდი ხნის წინათ თვით ყოველთა მეუფის, ღვთის მიერ; მან თავისი თავი დაადგინა ჩვენი სიტყვისადმი თავისი მამის ღვთისმოსაობის მოშურნედ.
და ასეთი იყო იგი. ლიკინიუსი კი მალევე წარმოჩნდა იმპერატორად და ავგუსტუსად მმართველთა საერთო არჩევანით. ამან მაქსიმინე საშინლად დაამწუხრა, რადგან მაშინ ყველა მხოლოდ მას უწოდებდა კეისარს. მას ჰქონდა განსაკუთრებით ტირანული ხასიათი, მან მიიტაცა ღირსება და გახდა ავგუსტუსი, თვითონ თავისი თავის მიერ დანიშნული. ამ დროს შეპყრობილ იქნა კონსტანტინესთვის სიკვდილის მზაკვრულად მხლართველი, - ზემოხსენებული პიროვნება, რომელმაც განდგომის შემდეგ კვლავ მოიპოვა ძალაუფლება და დაიღუპა სამარცხვინო სიკვდილით. ეს [იმპერატორი] იყო პირველი, ვისი საპატიო წერილები, ქანდაკებები და რამდენი რამ, რისი მიძღვნის ჩვეულებაც იყო, როგორც უწმინდურის და ყველაზე უღმერთოს კუთვნილი, გაანადგურეს.
|
|