მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

ცოტნეს გმირობას გაექვავებინა მონღოლთა ბანაკი

 

1245 წელს მონღოლ დამპყრობთაგან შევიწროებული საქართველო უპატრონოდ დარჩა. ლაშას აღსრულების შემდგომ ტახტზე ასული თამარის ასული რუსუდანი წინ ვეღარ აღუდგა იმ დროის მსოფლიოში ყველაზე მძლავრ საომარ ძალას და მამულზე დარდი და წუხილი სამარეში ჩაიყოლა. მონღოლებმა ტახტის კანონიერი მემკვიდრის გამეფება არ ინებეს და ქვეყანა სამართავად ქართველ ერისმთავრებს დაუნაწილეს. 8 დუმნად დაყოფილი ქვეყანა დამპყრობლებმა მძიმედ დახარკეს - ხარაჯის (ბეგრის, რომელიც ყოველწლიურად 50 ათას ოქროს პერპერას უდრიდა) გადახდის გარდა, ომის შემთხვევაში ქართველები თავიანთი ჯარებით მონღოლთა რიგებში უნდა ჩამდგარიყვნენ.

 

ბრძოლა კი არ წყდებოდა. ცხენის ზურგზე და კარვებში გაზრდილ მონღოლებს მუდამ ლაშქრობებზე ეჭირათ თვალი და ქართველებსაც სხცა რა გზა ჰქონდათ - მონღოლთა სახელით უნდა ებრძოლათ...

 

 

კოხტასთავის შეთქმულება

 

ორი წელი უძლებდნენ ქართველები ბეგარას, მაგრამ მუდმივ ომებში სხვისი საქმისთვის თავგანწირვასაც საზღვარი ჰქონდა და ერისმთავრები ჯავახეთში, კოხტას ციხეში შეიკრიბნენ და „ბჭობად დასხდნენ“, თუ როგორ აღდგომოდნენ წინ მონღოლებს. გადაწყდა, რომ ერისმთავრები გაერთიანდებოდნენ და ერთიანი ძალით მოიშორებდნენ დამპყრობლის უღელს. შეთქმულთა შორის იყვნენ: ეგარსლან ბაკურციხელი, სარგის თმოგველი, ვარამ გაგელი, ივანე-ყვარყვარე ჯაყელი, კახაბერ კახაბერისძე, შოთა კუპრი, თორღა პანკელი, გამრეკელი თორელი და ცოტნე დადიანი. ითათბირეს, ჯართა შეყრის ადგილიც დათქვეს და წასასვლელად მოემზადნენ. პირველად ცოტნე დადიანი დაადგა ოდიშის გზას, დანარჩენებიც აღიკაზმნენ, მაგრამ კოხტასთავიდან გასვლა ვეღარ მოასწრეს. მოულოდნელად მონღოლთა ჯარი გამოჩნდა და ერისმთავრებს გარს შემოერტყა...

 

არც გამცემი და მოღალატე აკლდა საქართველოს...

 

 

ერისთმთავართა წამება

 

მონღოლთა მთავარ ბანაკში, ანისში, მიიყვანეს შებოჭილი ერისმთავრები და ნოინთა შორის აღმატებულს, ჩარმაღანს, წარუდგინეს. ჰკითხეს ქართველებს შეთქმულების მიზეზი. „შევიკრიბეთ, რათა განვაგოთ საქმენი თქვენნი და ხარაჯა განგიჩინოთო“, - იყო პასუხი. არ დაიჯერეს მონღოლებმა და ქართველთა გამოსატეხად მათი წამება გადაწყვიტეს. შეთქმულები გააშიშვლეს, ტანზე თაფლი შეაზილეს, თოკებით შებოჭეს და მზის გულზე, შუა მოედანზე, დაყარეს...

 

ცალკე სიცხე და ცალკე სირცხვილი სწვავდათ ქართველებს. ისხდნენ თავჩაქინდრულნი, კრაზანებისაგან დაკბენილ-დასივებულნი, მშიერ-მწყურვალნი. აუარება ხალხი მოდიოდა მათ სანახავად, მონღოლები ყოველდღე ჩასჩიჩინებდნენ, - გამოტყდით და გაგვიმხილეთ თქვენი შეკრების ნამდვილი მიზანი, თორემ ტანჯვა-წამებით სიკვდილი მოგელითო... ქართველებიც ყოველდღე იმას იმეორებდნენ, რაც ერთხელ უკვე მოახსენეს ჩარმაღან ნოინს...

 

სიკვდილის აჩრდილი გადმოსწოლოდა ანისის მოედანს...

 

 

„საით, სარდალო?!“

 

აფხაზ-ოდიშართა გულანთებულ ლაშქარს ჯავახეთისკენ ცოტნე დადიანი მიუძღვის წინ. რამდენი წელია, ერთიანი ჯარით მტრის წინააღმდეგ არ გამოსულა საქართველოს და როგორც იქნა, შეიკრიბა ამერ-იმერი...

 

მიაღწიეს დათქმული პაემნის ადგილს. გაუკვირდათ ფრიად - არსად ჩანდა სრულიად საქართველოს ლაშქარი...

 

ამასობაში ანისიდან მოსული მაცნე მიეახლა ცოტნე დადიანს და აუწყა შეთქმულების გაცემის, მოთავეების შეპყრობისა და მათი წამების ამბავი. ცოცხლები თუ არიანო, - მიაძახა თავზარდაცემულმა მაცნეს. - ცოცხლები არიან, მაგრამ ვაი ასეთ სიცოცხლესო...

 

განმარტოვდა ცოტნე დადიანი, ლოცვად ხელაპყრობილმა უფალს შეავედრა ფიცით შეკრული, ტანჯული მეგობრები და სრულიად საქართველო...

 

ჯარს გამოხედა - ყველას უსაზღვრო წუხილი აღბეჭდოდა სახეზე, ყველა მზად იყო, თავი შეეკლა მონღოლთათვის, მაგრამ კარგად იცოდნენ: ვერც ერისმთავრებს დაიხსნიდნენ და გამძვინვარებული მონღოლები საქართველოსაც წაახდენდნენ...

 

ბრძანება გახმიანდა მეომრებში - ლაშქრული წყობის აურევლად უნდა გავბრუნდეთ დასავლეთისკენო. წელმოწყვეტილნი შეტრიალდნენ მოლაშქრენი. ცოტნემ დაარიგა რაზმების მეთაურები და ცხენი გამოაბრუნა...

 

ორიოდ ერთგული მხედარი მაშინვე გვერდში ამოუდგა დადიანს. - საით, სარდალო? - შეჰკადრეს. - ანისისკენ, - მტკიცე ხმით მოჭრა ცოტნემ და ცხენს მათრახი უჭირა...

 

 

„კაცი პატიოსანი და სათნოებიანი“

 

მიჰქრის ცოტნე დადიანი ანისის ხრიოკ გზაზე. არც ცხენს ზოგავს და არც თავს. „ჩქარა! ჩქარა! - ზარივით რეკავს გონებაში ეული სიტყვა...

 

მიჰქრის თითქმის უეჭველი სიკვდილისკენ საკუთარი ნება-სურვილით, შეგნებულად და მოყვასისთვის თავდადებით...

 

არა, სიკვდილის შიში რა სათქმელია, საქართველო არ ააოხრონ შეთქმულებით გაგულისებულმა მონღოლებმა, ხალხს არ აზღვევინონ მეთაურთა განდგომა. იქნებ მიუსწროს, დაარწმუნოს ჩარმაღან ნოინი, როგორმე ხელი ააღებინოს საქართველოსკენ გამოლაშქრებაზე...

 

უნდა მიუსწროს, „ჩქარა, ჩქარა...“ - უნაგირზე ვეღარ ისვნებს ცოტნე!

 

აგერ ანისიც. სიცხისა და ხვატის ალმური ასდის მოედანს. ქართველი ტყვეების გარშემო შემოჯარულან მონღოლები, შესცქერიან და ჰკვირობენ მათ გაუტეხლობას...

 

წყურვილით დახეთქილ ტუჩებს იკვნეტენ შებოჭილი ერისმთავრები, რათა კვნესა არ აღმოხდეთ აუტანელი ტანჯვისაგან...

 

მხედარი შემოიჭრა მოედანზე. შეჩოჩქოლდნენ მონღოლები, იარაღი ააჟღარუნეს, იცნეს ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი, ბრძოლათა შინა სახელოვანი...“

ცხენიდან გადმოხტა და შეთქმულებთან დაიჩოქა ცოტნემ, მსწრაფლ გაიძრო ტანსაცმელი, თაფლი შეიზილა ტანზე, მოსართავები ააჭრა ცხენს, მხარ-მკლავი თავისივე ხელით შეიბოჭა და გაწამებულ თანამებრძოლთა შორის ჩაჯდა...

ტყვეებს ნათელი გადაეფინათ სახეზე, მონღოლებს სიტყვა გაუწყდათ...

 

სამარისებული მდუმარება ჩამოწვა მოყაყანე მოედანზე...

 

 

† † †

 

ჩარმაღან ნოინს თათბირი ჰქონდა სეფეკარავში. მცველები შემოიჭრნენ და მოახსენეს ცოტნეს არნახული და არგაგონილი თავგანწირვის ამბავი...

 

გამოვიდა კარვიდან ჩარმაღანი, გზა უტიეს მონღოლებმა...

 

გასუსულ მოედანზე გაისმა ნოინის ხმა - ასეთი თაგვანწირვის მიზეზის ახსნას ითხოვდა მონღოლი...

 

წამოიმართა ცოტნე დადიანი: - მეც ვიყავი კოხტასთავში, ვთათბირობდით, რათა ხარაჯა შეგვეკრიბა თქვენთვის. თუ ამისთვის ჩემს თანამემამულეებს სიკვდილი გადაუწყვიტეთ, მაშინ მეც მათთან ერთად უნდა მოვკვდე, რადგან ჩემს გარეშე არ ჩაუვლია თათბირსო...

 

განცვიფრდა ჩარმაღან ნოინი - ასეთი გმირობისა და თავდადების ამბავი ჯერ არ სმენოდა და ბრძანა: „ვინაიდან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ტყვე ქართველთა შენ მოგანიჭებთ და განგიტევებთ და შენდა მონდობილ ვართ...“

 

აჰყარეს ბორკილები ერისმთავრებს. თავი დაუკრა ჩარმაღან ნოინს ცოტნე დადიანმა, ტყვედყოფილი თანამებრძოლნი სათითოად გულში ჩაიკრა.

 

წასასვლელად აღიკაზმნენ და დაიძრნენ...

 

ჩარმაღან ნოინი მანამდე იდგა ანისის მოედანზე მდუმარე და გამტკნარებული, ვიდრე ქართველები თვალს არ მიეფარნენ...

 

ცოტნეს გმირობას გაექვავებინა მონღოლთა ბანაკი...

 

საქართველო კიდევ ერთხელ გადარჩენილიყო...

 

მოამზადა ზვიად სეხნიაშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 14 (25), 2005 წ.