1. ხანმეტი ტექსტები
ა) ტერმინ „ხანმეტის“ მნიშვნელობა; სახარების ორი უძველესი რედაქცია.
ქრისტიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი ძველი ქართული მწერლობის საფუძველს წარმოდგენს ბიბლია. ქართლში ანუ იბერიაში (აღმოსავლეთ საქართველოში) ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად IV ს-ის დასაწყისში გამოცხადდა. ძველი და ახალი აღთქმის წიგნების პირველი თარგმანები სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება. ამის დასაბუთებას წარმოადგენს ე.წ. „ხანმეტი ტექსტები“, რომლებიც V-VII სს-ით თარიღდება. ქართული ეკლესია იერუსალიმურ-ანტიოქური წარმომავლობისაა, სადაც გავრცელებული იყო სეპტუაგინტას ლუკიანესეული და ახალი აღთქმის ე.წ. კესარიული ტექსტები. ამიტომ შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ქართულ ენაზე სწორედ ეს რედაქციები ითარგმნა. ეს დაადასტურა ბიბლიის ცალკეული წიგნების ისტორიულ-ფილოლოგიურმა ანალიზმა. ბიბლიის ქართულ ენაზე თარგმნა, რა თქმა უნდა, ერთჯერადი აქტი არ ყოფილა: ეს სამუშაო საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა და ჩამოყალიბდა ბიბლიის ქართული თარგმანის რამდენიმე რედაქცია.
ადრეული პერიოდიდან შეიძლება დავასახელოთ სახარების ორი სტილისტური რედაქცია. გიორგი მთაწმიდელი მის მიერ თარგმნილი სახარების ანდერძში წერს: „ჩუენნი ყოველნი სახარებანი პირველითგან წმიდად თარგმნილია და კეთილად, ხანმეტნიცა და საბაწმიდურნიცა“.
ქართულ სამეცნიერო მწერლობაში ტერმინი „ხანმეტი“ ესმოდათ, ჯერ როგორც გეოგრაფიული ტერმინი (თ. ჟორდანია, დ.ბაქრაძე), შემდეგ – როგორც ქრონოლოგიური (კ. კეკელიძე), ბოლოს – როგორც მუხლი, ტაეპი, სტიქი. გასაღები ამ ტერმინის გასაგებად მეცნიერებს მისცა XX ს-ის 20-იან წლებში აღმოჩენილმა პალიმფსესტებმა, რომელთა დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ფონეტიკურ-მორფოლოგიურად ხმარება ასო „ხან“-ისა პრეფიქსის სახით. ტერმინ „ხანმეტის“ საბოლოო, სრული ინტერპრეტაცია ეკუთვნის აკაკი შანიძეს. ხანმეტ ტექსტებში ნახმარ დღეისათვის ზედმეტ „ხან“-ს დაკისრებული ჰქონდა შემდეგი ფუნქციები: იხმარებოდა ზმნებში II სუბიექტური და III ირიბ-ობიექტური პირის გამოსახატავად; ინიანი ვნებითი გვარის ზმნებში; სახელებში აღმატებითი ხარისხის ფორმების საწარმოებლად. გიორგი მთაწმიდელი თავის ანდერძში გულისხმობდა სწორედ ასო „,ხან“-ით ზედმეტად (ხან+მეტი) შემკულ ტექსტებს. ,ხ“ პრეფიქსი VIII ს-იდან იწყებს მოშლას, ასეთი ტექსტები IX ს-ში აღარ გადასულა. ე.ი. „ხანმეტი“ არის ერთ-ერთი, შეიძლება, ერთადერთი რედაქცია I პერიოდის I ნახევარში არსებული სახარებისა და, საზოგადოდ, ბიბლიური ტექსტისა.
„საბაწმიდურ“ რედაქციაში იგულისხმება ის ტექსტი, რომელიც შემუშავდა საბაწმიდის ლავრაში. ეს სახელწოდება ამ ლავრამ თავისი დამაარსებლის, საბა განწმედილის (439-532 წწ.) პატივსაცემად მიიღო. საბას ლავრა იყო უმნიშვნელოვანესი და, ამავე დროს, ქართული კულტურისა და მწერლობის უძველესი საზღვარგარეთული ცენტრი, სადაც VIII-X სს-ში დუღდა ქართველების ინტენსიური ლიტერატურული მუშაობა. საბას ლავრა მდებარეობს იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 13-15 კმ-ში. მისი დამაარსებელი საბა კაპადოკიიდან იყო. VI ს-ში ქართველები ისე მომრავლდნენ ამ ლავრაში, რომ მათ საკუთარი ეკლესიაც კი ჰქონიათ. ზოგიერთ საეკლესიო წიგნს ისინი დედაენაზე კითხულობდნენ. ამის საბუთია ერთ ბერძნულ დოკუმენტში დაცული საბას ანდერძი: ,,.არც იბერიელებს და არც ასურებს უფლება არ უნდა ჰქონდეთ თავიანთ ეკლესიებში ჟამისწირვა შეასრულონ. მათ, ამ ეკლესიებში შეკრებილთ, ნება ეძლევათ წარმოთქვან ჟამნი და სამხრისაი, წარიკითხონ სამოციქულო და სახარება თავიანთ დედაენაზე; ხოლო ამის შემდეგ ისინი უნდა შეიკრიბნენ კათოლიკე ეკლესიაში და ყველა ძმასთან ერთად ეზიარონ საღმრთოთა, უხრწნელთა და ცხოველმყოფელთა საიდუმლოთა“. სხვა ცნობებიდანაც ჩანს, რომ ქართველებს თავიანთი ეკლესია და მღვიმეც („ქუაბი ქართველთაი“) ჰქონიათ. რასაკვირველია, საბას ლავრა ქართული სავანე არ ყოფილა, ის იყო დიდი მონასტერი, რომელშიც მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მათ შორის ქართველებიც. IX ს-ში საბაწმიდაში მივიდა და იქ რამდენიმე წელს დარჩა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ილარიონ ქართველი. XI ს-ში საბაწმიდას მიაშურა გიორგი პროხორემ, ჯვრის მონასტრის დამაარსებელმა და დაყო იქ „წელნი მრავალნი“.
გიორგი მთაწმიდელის მიერ თავის ანდერძში ნახსენები ოთხთავის „საბაწმიდურ რედაქციად” სავსებით მართებულად მიაჩნიათ ოთხთავის საბას ლავრაში შემუშავებული რედაქცია, მაგრამ საკმაოდ გაძნელდა იმის დადგენა, თუ რას გულისხმობდა ეს ტერმინი.
ივ. ჯავახიშვილის აზრით, რადგან გიორგი მთაწმიდელს სახარების ადრინდელ და უძველეს რედაქციათა შორის „,,საბაწმიდური“ აქვს დასახელებული, ამიტომ, შესაძლებელია, ეს ხანმეტისა და შატბერდის ხელნაწერებს შუა არსებული რედაქცია იყო, რომლის ტექსტი ზოგიერთ შემთხვევაში პირველისაგან განსხვავდებოდა.
ს. კაკაბაძეს საბაწმიდურ რედაქციად მიაჩნდა ბერძნულთან შეთანხმებული ტექსტი.
კ· კეკელიძე რამდენჯერმე შეეხო საცილობელ ტერმინს. ადრე, 1912 წ-ს, იგი საბაწმიდურ რედაქციას არ მიიჩნევდა მაინცდამაინც საბას ლავრაში შექმნილად. მისი აზრით, ეს რედაქცია შემუშავდა საბაწმიდის ტიპიკონისათვის და საბაწმიდური მხოლოდ ამიტომ ეწოდა. თუ ადრე „იერუსალიმის განჩინების“ გამოყენებისას ხანმეტური რედაქციის ოთხთავი იხმარებოდა, მას შემდეგ, რაც „იერუსალიმის განჩინებამ” დაკარგა თავისი მნიშვნელობა და საბაწმიდური ტიპიკონი გავრცელდა, შესაბამისად მოხდა ოთხთავის რედაქციის შეცვლა. ცოტა მოგვიანებით იგივე მკვლევარმა რამდენადმე შეიცვალა აზრი და განაცხადა, რომ ეს რედაქცია საბაწმიდაში შეიქმნა და სცადა მისი რაობის გარკვევაც: მისი აზრით, გიორგი მთაწმიდელს მხედველობაში ჰქონდა ლექციონარული ან გამოკრებილი სახარება, რომელშიც ტექსტი დალაგებული იყო არა ოთხთავის მიხედვით, არამედ საეკლესიო საწელიწდო საკითხავებად. საბოლოოდ, კ. კეკელიძემ დაასკვნა: ოთხთავის საბაწმიდური რედაქცია შემუშავდა საბას ლავრაში IX ს-იდან და ხანმეტისაგან იგი გამოირჩეოდა არა ტექსტობრივად, არამედ ფონეტიკურად (მასში ხანები აღარ იხმარებოდა, მათი ადგილი დაიკავა ჰაემ).
კ. კეკელიძის მსგავს აზრს ავითარებს აკ. შანიძეც. მისი აზრით, VII-IX სს-ში საბაწმიდაში გაჩაღდა ინტენსიური მუშაობა: გატარდა ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა; ხმარებიდან ამოიღეს ძველი, დრომოჭმული ფორმები – ხანმეტის საპირისპიროდ შეიქმნა საბაწმიდური რედაქცია – ენობრივად განსხვავებული, ხანდაკლებული. ამ კონცეფციით, რეფორმამდელია ხანმეტი ლექციონარი, ოთხთავის ხანმეტური რედაქცია და ა.შ.., ხოლო რეფორმის შემდეგდროინდელია ოთხთავის საბაწმიდური რედაქცია, 864 წ-ის მრავალთავი და სხვა ძეგლები. საბაწმიდურია ის ოთხთავები, რომელთაც ხანმეტობა არ ახასიათებთ (ადიშის, ოპიზის, ჯრუჭის, პარხლის, ტბეთის.). ხანის ადგილი ამ ოთხთავებში დაიკავა ჰაემ. აკ. შანიძის აზრით, VII-VIII სს-ისათვის ჰაემეტი ბიბლიის არსებობას ჰაემეტი ფორმების გადმონაშთები გვიდასტურებენ. ეს ფორმები ძველი აღთქმის სხვადასხვა წიგნებში გვხვდება. მაგ: ლევიტელთა წიგნის ძველ რედაქციაში (ჰშაბათობდეთ, შეჰჭირდეს, ჰშჭამოთ, ჰჭამდეთ). Ier 7/11 ხელნაწერში ეზრა სუთიელისა და ეზეკიელის წიგნებში (დაჰწონა, განჰწმიდნე, დაჰჭრე, დაჰჭრიდით, შეჰჭამდენ განჰვარდი), აგრეთვე ფსალმუნთა წიგნის X საუკუნის Sin 42 ხელნაწერში (ჰთქუ, ჰძინავნ, შეჰძინეს, შევჰძინო, შეჰძინოს, ჰჯობს, ჰჭამთ, ჰჭამო, გამოჰჩნდე).
გიორგი მთაწმიდელი საბაწმიდურ ოთსთავს იხსენიებს თავის ანდერძში და ამიტომაც ამ მოკლე მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია სწორედ ოთხთავზე, მაგრამ ,,საბაწმიდური“ რა თქმა უნდა, ეწოდებოდა არა მხოლოდ ოთხთავს, არამედ უთუოდ ბიბლიის სხვა წიგნებსაც, რომელთა თარგმნა-გავრცელება საბას ლავრასთან იყო დაკავშირებული. საფუძველს მოკლებულია აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწეებმა, შექმნეს რა ახალი რედაქცია დაბადებისა, საბაწმიდელებს დააწვევინეს ადრინდელი რედაქცია (პ. კენჭოშვილი, მოგზაურობა, გვ. 108-109). გაუგებრობის მიზეხი გამხდარა ცნობილი მინაწერი მცხეთის ბიბლიაზე: „ღმერთო, წარწყმიდე, ვინც დაბადების წიგნი დააწვევინა საბას“ (A 51, 344r). დღეს გარკვეულია, რომ ამ მინაწერში იგულისხმება არა საბაწმიდური რედაქცია, არამედ ბიბლიის ის ტექსტი, რომელზეც რედაქტორულ მუშობას ეწეოდა სულხან-საბა ორბელიანი””. საქართველოში გავრცელდა არა მხოლოდ ბიბლიური წიგნების საბაწმიდაში შემუშავებული რედაქცია, არამედ იქ შემუშავებული ტიპიკონიც.
ქართველები საბას ლავრაში მოღვაწობდნენ XI ს-შიც, მაგრამ ეს დიდხანს აღარ გაგრძელებულა. არაბთა მოძალებისა და მონასტრის ხშირი დარბევის გამო იქ დარჩენა თანდათანობით გაძნელდა, ხოლო შემდეგ შეუძლებელიც შეიქნა. ქართველმა მოღვაწეებმა სხვა სავანეებს მიაშურეს და ხელნაწერი წიგნებიც იქ გადაიტანეს.
ბ) პალიმფსესტებში დაცული ხანმეტი ბიბლიური ტექსტები.
ბიბლიური წიგნების ხანმეტი ტექსტები (V-VII სს.) შემონახულია პალიმფსესტებში (παλιμφηδος = წაშლილი, გადარეცხილი). ეს იყო ხელნაწერი ან ფრაგმენტი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელმეორედ გამოიყენებოდა. ამ მიზნით იხმარებოდა მხოლოდ ტყავი. ტყავის უკმარისობით იყო გამოწვეული პალიმფსესტის შექმნა.
საქართველოში პალიმფსესტების აღმოჩენა უკაქმირდება ივ.ჯავახიშვილის სახელს. მათ გაშიფვრაზე მუშაობდა აკ. შანიძეც. ხანმეტი ფორმები პალიმფსესტების გარდა უძველეს ეპიგრაფიკულ წარწერებშიც დასტურდება: ბოლნისის სიონის (493-494 წწ), მცხეთის ჯვრის დემეტრე ვიპატოსის (591-600 წწ), უკანგორის (V-VI სს.).
ბეთლემის მახლობლად იტალიელი არქეოლოგის, ვ. კორბოს გათხრების დროს აღმოჩნდა IV ს-ის ცნობილი მოღვაწის, თეოდორე ტირონის სახელზე აგებული ქართული ეკლესიის ნაშთები. ეს პირი დიდი პატივით სარგებლობდა იერუსალიმის ეკლესიაში, იქ მისი სახელობის ტაძარიც კი არსებობდა. ასეთივე პატივით სარგებლობდა თეოდორე ქართველთა შორის. ამ ეკლესიის კედლებზე არის უძველესი ქართული წარწერები. გარდა თეოდორესი, ამ წარწერებში მოხსენიებულნი არიან ბაკური, ბურზნი (იგივე ბუზმირი), მარუანი და ანტონი. ბაკური იყო პეტრე იბერის პაპა, ბურზნი - პეტრეს მამა, ხოლო მარუანი ან მირვანი - პეტრე იბერის ერისკაცობის დროინდელი სახელია. დადგინდა, რომ ეს ტაძარი პეტრე იბერის დაარსებული ყოფილა (411-491 წწ.), ანტონი კი ის ანტონ ქართველია, რომელიც „მართას ცხოვრებაში“ იხსენიება – იგი 532-552 წწ-ში ჩანს პალესტინაში. ეს მონასტერი VI ს-ში განაახლა იუსტინიანემ. პეტრეს მიერ დაარსებულმა სავანემ საფუძველი ჩაუყარა იერუსალიმის ქართულ კოლონიას.
ივ. ჯავახიშვილმა ბოლნისისა და მცხეთის ჯვრის წარწერების დახმარებით ხანმეტი პალიმფსესტები V-VI სს-ით დაათარიღა. მანვე დაადგინა, რომ გადარეცხილი ტექსტები შეიცავს ძველი აღთქმისა და სახარების ფრაგმენტებს, აგრეთვე აპოკრიფულ „საქმე მოციქულთა“-ს. ივ. «ჯავახიშვილმა ამოიკითხა და 1926 წ-ს გამოაქვეყნა ზოგიერთი ტექსტი შემდეგი პალიმფსესტებიდან: A 89; A 737; A 844; H 999 (ფრაგმენტები წიგნებიდან: შესაქმე, იგავნი სოლომონისნი, ოქსფორდული წინასწარმეტყველება იერემიაისი, მათეს, მარკოzის, ლუკას, იოანეს სახარებები, აპოკრიფული საქმე მოციქულთა). შემდგომში პალიმფსესტების ამოკითხვასა და შესწავლაზე მუშაობდა აკ. შანიძე. მან მიაკვლია ორ ახალ პალიმფსესტს – H 1329-სა და S 3902-ს. პირველის ქვედა ფენა ,იერუსალიმის განჩინებას“ წარმოადგენს.
სწორედ ამ ტექსტთან დაკავშირებით შემოიღო აკ. შანიძემ ტერმინი ,ჰაემეტი“, რადგან აქ ,ხან“-ის ნაცვლად იხმარებოდა „ჰაე“. მეორე პალიმფსესტის გადარეცხილი ფენა აღმოჩნდა ხანმეტი მრავალთავი.
გარდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა ხანმეტი პალიმფსესტები დაცულია ოქსფორდში - ბოდლეს ბიბლიოთეკაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. ოქსფორდისა და კემბრიჯის ფრაგმენტების ზედა ტექსტები ებრაულია და წარმოადგენს იერუსალიმური თალმუდის ფრაგმენტს (XI ს), ხოლო ქვედა - ქართული (იერემია წინასწარმეტყველის წიგნის ნაწილი V-VI სს). ქვედა ფენა გაშიფრა ივ. ჯავახიშვილმა. აკ.შანიძემ დაადგინა, რომ ოქსფორდისა და კემბრიჯის პალიმფსესტები ერთი მთლიანი ხელნაწერის – იერემიას წინასწარმეტყველების წიგნის ნაწილს წარმოადგენდა. დღეისათვის ამ პალიმფსესტის 4 ფურცელია ოქსფორდულ ფრაგმენტში, ხოლო, კემბრიჯულში – 2. ამ ორ ფურცელზე ქართული ტექსტი ძალზე ცუდად არის შემონახული. ეს ტექსტი, ამოიკითხა და გამოსცა აკ. შანიძემ. დაცულია „იერემიას წინასწარმეტყველების“ შემდეგი ადგილები: 12, 10-16; 17, 26-27; 18, 2-8; 29, 9-16. შეიძლება გვეფიქრა, რომ ეს ხანმეტი ნაწყვეტები მომდინარეობს ხანმეტი ლექციონარიდან, მაგრამ ამ ვარაუდს ეწინააღმდეგება ის, რომ ხანმეტ ხელნაწერში დაცული ადგილები არც ერთ ქართულ ლექციონარში არ შედის საკითხავებად. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელნაწერი კი არ იყო, არამედ იგი თავიდანვე შეიცავდა თუ მთელ ბიბლიას ან წინასწარმეტყველთა კრებულს არა, იერემიას წინასწარმეტყველების სრულ ვერსიას მაინც.
უძველესი ქართული ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზღვარგარეთაც. ამერიკელი მეცნიერის, რ. ბლეიკის მიერ გამოიცა ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკის ზემოთ დასახელებული ფრაგმენტი. გერმანელმა ორიენტალისტმა და ქართველოლოგმა, ი. მოლითორმა თავი მოუყარა ივ. ჯავახიშვილისა და აკ. შანიძის მიერ გამოცემულ ხანმეტ და ჰაემეტ ტექსტებს და გამოაქვეყნა ისინი ლათინური თარგმანითურთ. ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული პალიმფსესტით Georg. 2), რომელიც ცნობილი იყო გრიგოლ ფერაძის აღწერილობით, დაინტერესდა ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯ. ბერძოლი. ამ ხელნაწერიდან მან ამოიკითხა და გამოსცა იაკობის ჟამისწირვის, ოთხთავისა და I ეზრას წიგნის ტექსტთა ფრაგმენტები (1971-1972 წწ).
კ. კეკელიძის სახ.-ის ხელნაწერთა ინსტიტუტში გაგრძელდა ზემოთ ჩამოთვლილი პალიმფსესტების (A 89, A 737, A 844, H 999, Georg. 2) ხელახალი შესწავლა და პუბლიკაცია. ამოკითხული მასალა მეტია ივ. ჯავახიშვილის გამოცემასთან შედარებით. ამასთანავე, გამოვლენილია ახალი ტექსტებიც: ნაწყვეტები ესაიას წინასწარმეტყველების წიგნიდან, ხანმეტი ლექციონარიდან, ქრისტინასა და კვიპრიანეს წამებიდან. 1984 წ-ს გამოვიდა „ხანმეტი ტექსტების“ I წიგნი (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სიმფონია დაურთო ლ. ქაჯაიამ). ამ გამოცემაში შევიდა მხოლოდ ოთხთავის ტექსტი A 89 და A 844 ხელნაწერი პალიმფსესტებიდან, რადგან მათი ფურცლები, როგორც ეს გამოკვლევამ ცხადყო, ერთი საერთო ხელნაწერის ნაწილს შეადგენს. ეს არის ოთხთავის ხანმეტური ტექსტების ყველაზე სრული პუბლიკაცია. მანამდე, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, არსებობდა ამ ტექსტების ივ. ჯავახიშვილისეული, აკ. შანიძისეული და ბერძოლისეული გამოცემები.
A 89-ის აღწერილობა პირველად 1902 წ-ს გამოაქვეყნა თ. ჟორდანიამ. მან ქვედა ფენა VI-VII სს-ით დაათარიღა, ზედა ტექსტი, იოანე ოქროპირის მათეს თავის სახარების თარგმანება - IX ს-ით. ქვედა ფენის რაობაზე (სახარების ტექსტი) პირველ ცნობას ივ. ჯავახიშვილი გვაწვდის (ქართული პალეოგრაფია..., თბ., 1949, გვ. 293-294). ამ ხელნაწერის უკანასკნელი დათარიღება (ხელის მიხედვით) ეკუთვნის ლ. ქაჯაიას (XL ს). უკანასკნელად ეს პალიმფსესტი მრავალმთის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს საკუთრება ყოფილა.
A 844 პირველად მ. ჯანაშვილმა აღწერა და 1908 წ-ს გამოაქვეყნა. ზედა ტექსტი, რომელიც არის საწელიწდო სახარება, დაათარიღა XI-XII სს-ით; ქვედა ტექსტის შესახებ იგი არაფერს წერს. მასზე პირველ ცნობებს ისევ. ივ. ჯავახიშვილი გვაწვდის - ისიც სახარების ტექსტი აღმოჩნდა, ძალიან დაზიანებული.
ლ. ქაჯაიამ დაადგინა, რომ ეს პალიმფსესტი სხვადასხვა დროს გადაწერილი ხელნაწერის ფურცლებისაგან შედგება. ქვედა ფენის მიხედვით, ეს ფურცლები იყოფა 4 ნაწილად. ერთია ნუსხურით ნაწერი, დანარჩენი – ასომთავრულით. ნუსხური ტექსტი არის არაუგვიანეს IX ს-ისა, სამივე ასომთავრული ტექსტი ხანმეტია.
A 89-ისა და A 844-ის ფურცლები,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი ძველი, საერთო ხელნაწერისაა: შინაარსის მიხედვით ეს ორი ტექსტი ერთმანეთს ავსებს. მათი პალიმფსესტური ფურცლების შეერთებით ვიღებთ 261 ფურცლისაგან შემდგარ უძველესი პერიოდის ხანმეტ ოთხთავს. ტექსტი გადაწერილია ორი ხელით, ეი. ორი პირის მიერ (ლ. ქაჯაიას გამოცემა, გვ. 297-298). ამ ოთხთავის გარკვეული ადგილები პირველად ივ. ჯავახიშვილმა ამოიკითხა.
ლ. ქაჯაიამ, რომელმაც ამოიკითხა ამ ოთხთავის ხანმეტი ტექსტის ძირითადი ნაწილი, შეადარა ის IX-X სს-ის ხელნაწერებით მოღწეული ოთხთავის ცნობილ ტექსტებს (ადიშის, ოპიზის, ჯრუჭის, პარხლის, ბერთას, ტბეთის). ოთხთავის ეს ნუსხები ორი რედაქციის ტექსტებს მოიცავს:
1. ადიშის ოთხთავის ტექსტი (897 წ);
2. ყველა დანარჩენი (აკ. შანიძის ტერმინით – პროტოვულგატა: „ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით“, თბ., 1945, გვ. 08). შედარების შედეგად ლ. ქაჯაიამ დაასკვნა,რომ ხანმეტი ოთხთავის ტექსტი თავიდან ბოლომდე ერთი რედაქციისა არ არის: მასში მკვლევარმა გამოყო ორი ფენა: პირველი ემსგავსება ადიშის ხელნაწერისას, მეორე – პროტოვულგატას. მათეს თავის დასაწყისი (5,18-11,7) ხანმეტი ტექსტის ორგანული ნაწილი არ აღმოჩნდა – ლ. ქაჯაიას ვარაუდით, ხელნაწერი, საიდანაც გადაიწერა ეს ოთხთავი, ნაკლული ყოფილა და გადაწერისას ის სხვა ნუსხით შეუვსიათ, ეს უკანასკნელი კი, როგორც ჩანს, ძირითადი ტექსტისაგან რედაქციულად სხვაობდა. მკვლევრის აზრით, ეს ის რედაქციაა, რომელიც შემოგვინახა ადიშის ხელნაწერმა. ხანმეტი ოთხთავის ძირითადი ტექსტი ასახულია პროტოვულგატაში. აქედან გამომდინარე, ლ. ქაჯაია ვარაუდობს, რომ ქართულ სინამდვილეში ხანმეტი ტექსტის ორი სხვადასხვა თარგმანი ერთმანეთის პარალელურად ადრეული პერიოდიდანვე (V-VI სს.) არსებულა.
ხანმეტი ოთხთავის ტექსტის უცხოენოვან წყაროებთან შედარებამ ხელშესახებად წარმოაჩინა ბერძნული ტექსტის გავლენა ლექსიკაზე,სიტყვათწარმოებაზე, სინტაქსის სფეროში, ე.წ. ნონსენსები (მცდარი ფორმები), რომელთა ასახსნელ გასაღებსაც იძლევა ბერძნული ტექსტი.
ხანმეტი ტექსტი, პალიმფსესტების გარდა, ლექციონარმაც შემოგვინახა: ის VII ს-ის II ნახევარში დაუმზადებიათ პალესტინაში. X ს-იდან ინახებოდა სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტერში. სადაც ნახა და აღწერა ალ. ცაგარელმა; ამჟამად დაცულია გრაცის უნივერსიტეტის (ავსტრია) ბიბლიოთეკაში. ხანმეტ ძეგლთა შორის ის ერთადერთია, რომლის ტექსტი ჩვენამდე გადაურეცხავად არის მოღწეული”. ქართველი მკვლევრებისათვის ხანმეტი ლექციონარი ხელმისაწვდომი გახდა აკ. შანიძის ფოტოტიპიური გამოცემის შემდეგ (აკ. შანიძე,ხანმეტი ლექციონარი, 1944). ამ ხელნაწერის ერთი ფურცელი, რომელიც პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში მოხვდა, გამოსცა ფრანგმა ქართველოლოგმა, ბერნარ უტიემ (დაბეჭდილია „მუზეონში“ ფრანგულ ენახე; ქართულად - „მაცნეში“, ელს, #1, 1973, გვ. 173-175).
გ) ძველი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტები და ქართული ბიბლიის ტექსტის ისტორიის საკითხები”.
ეს ნაწილი (გ, დ, ე პუნქტები) მთლიანად ემყარება ანა ხარანაულის ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებს, რომლებიც წარმოდგენილია მის სადოქტორო დისერტაციაში: ძველი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტები და ქართული ბიბლიის ტექსტის ისტორიის საკითხები, თბილისი, 2005 (ხელნაბეჭდი), გვ. 52-132. ამ ნაშრომში მითითებულია ის გამოცემა და მისი ის ტომები, რომლებშიც დაცულია ხანმეტი ესაიას, იერემიასა და ეზრა I-ის ბერძნული ფრაგმენტები. ეს გამოცემაა: Septuaginta, Vetus Lestamentum Graecum, Auctoritate Academiae Scientiarum Gottingensis editum, vol. VIII/1, Esdrae Liber I, ed. R. Hanhart, Gottingen, 1974; vol. XV, Jeremias, Baruch, Threni, Epistula Jeremiae, ed. J. Ziegler, Géttingen, 1. Aufl. 1957, 2 Aufl. 1976; vol. XIV, Isaias, ed. J. Ziegler, Géttingen, 1. Aufl. 1939, 3. Aufl. 1983.. ამ თავში მითითებული ბერძნული ხელნაწერების ნომრებიც დასახელებული გამოცემებიდანაა ამოღებული.
დღეს ცნობილ და ნაწილობრივ ამოკითხულ ძველი აღთქმის ხანმეტ ხელნაწერთა შორისაა ნაწყვეტები შემდეგი წიგნებიდან: დაბადება, II სჯულთა, მსაჯულთა, ისუ ნავე, იგავნი, იერემია, ესაია, ეზრა I.
იმის გასარკვევად, თუ საიდან და როდის ითარგმნა წმიდა წერილი ქართულად, როგორი ხასიათისა იყო ეს თარგმანი და როგორ გაგრძელდა თარგმნის პროცესი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხანმეტ ფრაგმენტებში დაცულ ძველ ფორმებს. გარდა ამისა, მათი, როგორც ბიბლიის უძველეს წყაროთა შესწავლა, უაღრესად აქტუალურია, საზოგადოდ, ბიბლიისა და, კერძოდ, სეპტუაგინტას ტექსტუალური კრიტიკისა და ეგზეგეტიკისათვის.
ხანმეტი ფრაგმენტების შესწავლის პერსპექტივა დღეს უკვე პალიმფსესტების დიგიტალურ დამუშავებას უკავშირდება, რაც უთუოდ გაზრდის გაშიფრული ხანმეტი ტექსტების მოცულობას და ძველ წაკითხვებსაც დააზუსტებს.
ძველი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტების გენეზისის კვლევამ გააბათილა სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრება, რომ ქართული ქრისტიანული მწერლობის ძირები სომხურ მწერლობაშია საძიებელი: ძველი აღთქმის ქართული თარგმანები შესრულებულია სუაგტინტას ლუკიანური (ესაია, ეზრა I) და ჰექსაპლური(იერემია) რედაქციების ბერძნული ხელნაწერებიდან.
უძველესი ქართული ხანმეტი ხელნაწერების უნიკალურობა და მათში შემონახული ტექსტების სიძველე და ავთენტურობა, მათი მოგვიანო ხანის ბიბლიის ქართულ ტექსტებთან შეპირისპირებითი შესწავლა საშუალებას იძლევა, მთლიანობაში იქნას წარმოდგენილი ბიბლიის ცალკეულ წიგნთა ქართული თარგმანის განვითარების ისტორია. ძველი აღთქმის ხანმეტი ტექსტების მომდინარეობა სეპტუაგინტას სხვადასხვა რედაქციიდან და თარგმანის განსხვავებული ხასიათი იმაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა ტრადიციის (ანტიოქურ და პალესტინურ) თარგმანებთან გვაქვს საქმე. ასევე სსვადასხვანაირად წარიმართა სხვადასხვა წიგნის ტექსტის ისტორია: ესაიას წინასწარმეტყველების ტექსტი, ფაქტიურად, არ შეცვლილა; ეზრა I-ის თარგმანი ახალი, სრულიად სხვა ტრადიციის სომხურიდან შესრულებული თარგმანით შეიცვალა. ასევე, სხვადასხვა ტექსტუალური ტრადიციიდან მომდინარე ლოკიანური და ჰექსაპლური ბერძნული ხელნაწერებიდან შესრულებული თარგმანებია შემონახული იერემიას ხანმეტ ფრაგმენტსა და ამ წიგნის გვიანდელ ხელნაწერებში. გამოვლენილი ფაქტობრივი მასალა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ძველი აღთქმის წიგნები არაერთხელ, სხვადასხვა დედნიდან და სხვადსხვა გარემოში, ყოფილა თარგმნილი და რომ ქართული ბიბლიის თარგმანის თაობაზე საუბარი მხოლოდ დიფერენცირებულად უნდა ხდებოდეს.
დ) ძველი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტების რედაქციული კუთვნილება და დედანი
1) ხანმეტი ესაიას უცხოენოვანი წყაროდან მომდინარეობის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ
ა) ხანმეტი ესაიას თარგმანის სომხურიდან მომდინარეობა გამოირიცხება უმთავრესად იმის გამო, რომ მასში არ ასახულა სომხურის კითხვასხვაობები;
ბ) რაც შეეხება მიმართებას ჰექსაპლურ და ლუკიანურ რედაქციებთან, რომლებიც უმეტესად ერთად დგას ხოლმე, ესაია წინასწარმეტყველის ხანმეტური ტექსტი რაოდენობრივი მონაცმებით ლუკიანურს უჭერს მხარს. ამ დასკვნას უფრო დამაჯერებელს ხდის ესაიას ოშკურ და იერუსალიმურ ხელნაწერთა მონაცემები მთელი წიგნის მანძილზე (ეს ხელნაწერები ესაიას წინასწარმეტყველებაში ხანმეტ ფრაგმენტებთან დგას ახლოს).
2) ხანმეტი იერემიას ფრაგმენტებში შემონახული თარგმანი ჰექსაპლური რედაქციიდან მომდინარე ტრადიციისაა, რომელსაც ლუკიანური რედაქცია და სომხური თარგმანი უერთდება. თუ ლუკიანური რედაქციის ხელნაწერები ემიჯნება ჰექსაპლურს, ხანმეტი იერემია ამ უკანასკნელის გვერდით რჩება. იმის გამო, რომ სომხური ფრაგმენტი ჰექსაპლური რედაქციისაა, ხანმეტი ფრაგმენტისა და სომხურის ვარიანტები ხშირად ერთად დგას ჰექსაპლური ვარიანტების გვერდით. მაგრამ როდესაც სომხური ჰექსაპლურ რედაქციას სცილდება, ხანმეტი ფრაგმენტი მის დიდ თუ მცირე ცვლილებებს, როგორც წესი, არ იზიარებს.
რ. ბლეიკმა და ი. მოლითორმა თავიანთი გამოკვლევებით დასავლეთში განამტკიცეს აზრი ქართული ბიბლიის სომხურიდან წარმომავლობის შესახებ. ამ აზრის არგუმენტირება მათ ყველაზე მეტად იერემია წინასწარმეტყველის ხანმეტური ტექსტის ბაზაზე მოახდინეს: ამ ტექსტის წარმომავლობის დასადგენად ბერძნულ წყაროთა შორის მხოლოდ ვატიკანის კოდექსი გამოიყენეს, ტექსტი არ შეუდარეს ჰექსაპლურ-ლუკიანურ ხელნაწერებს, რომლებიც იერემიას წინასწარმეტყველებაში განსაკუთრებით განსხვავდება ვატიკანის კოდექსისაგან. ის, რაც ქართულ ტექსტში ვატიკანური ხელნაწერისაგან განსხვავებულია, ბლეიკმა და მოლითორმა, ბერძნული ხელნაწერების მონაცემთა გათვალისწინების გარეშე, სომხურიდან მომდინარედ მიიჩნიეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ქართული ხელნაწერები სომხურს სცილდება, დასახელებული მკვლევრები, ბერძნულ წყაროებთან მსგავსების მიუხედავად, სომხური ტექსტის თავდაპირველ ვარიანტში ქართულის შესაბამის ფორმებს აღადგენენ. სწორედ ამ მეთოდოლოგიური შეცდომის შედეგად არასწორი დასკვნები იქნა მიღებული.
3) ხანმეტი ეზრას თანხვედრებიცა და განსხვავებებიც ეზრა I-ის ლუკიანური ხელნაწერებისაგან შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა: ისევე, როგორც საკუთარ სახელთა გადმოცემის შემთხვევაში, მორფოლოგიისა და სინტაქსის, სიტყვათა გადაადგილების და კლება-მატების სფეროშიც
ა) ხანმეტი ეზრას ფრაგმენტი იზიარებს ლუკიანური მე-19 და 108-ე ხელნაწერების კითხვასხვაობათა დიდ ნაწილს;
ბ) ხანმეტი ფრაგმენტის მე-19 და 108-ე ხელნაწერებისაგან გადახრების დიდი ნაწილი პარალელს პოულობს ეზრა I-ის არალუკიანესეულ ხელნაწერებსა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეზრა II-სა და ნეშტთა მეორეში. ეს იმის საფუძველს იძლევა, რომ ხანმეტი ფრაგმენტის ზოგიერთი იკითხვისი ლუკიანური რედაქციის უძველეს ვარიანტებად მივიჩნიოთ. ამდენად, იგი მნიშვნელოვანი წყაროა ამ რედაქციის ტექსტის ისტორიის შესასწავლად.
ე) ხანმეტი ფრაგმენტები ბიბლეისტიკის კონტექსტში და მათი როლი სეპტუაგინტას ტექსტის ისტორიის შესწავლაში.
1) ესაიას ქართული თარგმანი ლუკიანური რედაქციის ბერძნული ხელნაწერიდან არის შესრულებული. ლუკიანური რედაქციის ჩვენთვის ცნობილი წყაროები X ს-ისა და შემდეგდროინდელი ბერძნული ხელნაწერებია. ამრიგად, ესაიას ხანმეტი ფრაგმენტი, რომელსაც ალ. ქაჯაია V-VI სს-ით ათარიღებს, ხუთი საუკუნით ადრინდელია სხვა ლუკიანურ წყაროებზე. ეს გარემოება და ამას გარდა, ხელნაწერში დაცული თარგმანის ზუსტი ხასიათი ამ წყაროს მნიშვნელობაზე მეტყველებს ესაიას ლუკიანური რედაქციის ტექსტის დადგენისათვის. ესაიას ხანმეტ ფრაგმენტში ასახულია ლუკიანურ ხელნაწერებში შესული სეპტუაგინტას ტექსტის ყველანაირი წარმომავლობის ცვლილება:
ა) ჰექსაპლურიდან ლუკიანურ ხელნაწერებში გადმოტანილი შესწორებები;
ბ) საკუთრივ ლუკიანური შესწორებები;
გ) ცალკეულ ლუკიანურ ხელნაწერებში ასახული შესწორებები. ყველა ამ შემთხვევაში ხანმეტი ფრაგმენტი ადასტურებს V ს-მდელ ბერძნულ დედანში არსებულ ცვლილებებს.
2) ხანმეტ იერემიას ივ. ჯავახიშვილი პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით VI ს-ეს მიაკუთვნებს, რ. ბლეიკი – VIII ს-ის შუა წლებს. ორიგენეს რედაქცია, საიდანაც ქართული თარგმანი უნდა იყოს შესრულებული, ჩვენამდე მოღწეულია X ს-ის ორი ბერძნული ხელნაწერით (№№ 88, 233), სირიულ-პალესტინური და სომხური თარგმანებით, ამდენად, ბერძნულ ხელნაწერებზე სულ ცოტა სამი საუკუნით ადრინდელი ხანმეტი ფრაგმენტი უკვე თავისი სიძველის გამოა საინტერესო ორიგენესეული რედაქციის ტექსტის ისტორიის შესასწავლად. იერემიას ხანმეტი ფრაგმენტი ადასტურებს, რომ მის დედანში (VI ს–მდელ ჰექსაპლური რედაქციის ბერძნულ ხელნაწერში) არსებობდა:
ა) ჰექსაპლური ვარიანტები, რომლებიც სრულადაა დამოწმებული და აღნიშნულია ორიგენესეული კრიტიკული ნიშნებით, ჰექსაპლური წყაროებითა და პარალელით მასორეთულ ტექსტთან;
ბ) ჰექსაპლური ვარიანტები, რომლებიც მწირად არის დამოწმებული ხელნაწერებით, მაგრამ პარალელი აქვთ მასორეთულ ტექსტთან ( ასეთ ვარიანტებს ხანმეტი ფრაგმენტი, როგორც დამატებითი და უძველესი წყაროს ჩვენება, ავთენტურს ხდის);
გ) ჰექსაპლური ხელნაწერების ვარიანტი, რომელსაც მასორეთულ ტექსტთან პარალელი არა აქვს, შესაძლოა, ჰექსაპლურ წყაროებშიც გვიან არის შესული. ასეთ ვარიანტს ხანმეტი ფრაგმენტი ადრეული ხანით ათარიღებს.
3) ეზრა I-ის ხანმეტ ფრაგმენტს მისი გამომცემელი, ნევილ ბერძოლი, პალეოგრაფიული და გრამატიკული ნიშნებით (ხანმეტი ფორმები) VII ს-ეს მიაკუთვნებს. ლუკიანური რედაქციის ტექსტმა, საიდანაც ხანმეტი ეზრას თარგმანი მომდინარეობს, ჩვენამდე ორად-ორი გვიანდელი ხელნაწერის სახით მოაღწია (№19, XII ს-ისა და №108, XIII ს-ისა). ამიტომ ცხადია, რომ ხუთი საუკუნით ადრინდელ ხანმეტ ფრაგმენტს, რომელსაც რედაქტირების კვალი თითქმის არ ამჩნევია და საკმაოდ ზუსტ თარგმანს ინახავს, უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს ლუკიანური ეზრას ტექსტის ისტორიისათვის. ლუკიანურ წყაროთა სიმწირე და მათი გვიანდელობა, არ არსებობა ებრაული ტექსტისა, საიდანაც ეს აპოკრიფული წიგნი უნდა იყოს თარგმნილი, არარსებობა ჰექსაპლური რედაქციისა, ანუ ფაქტორების არქონა, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება ხოლმე ბიბლიის სხვა წიგნებში რედაქციის განსაზღვრა და ამ რედაქციის ფარგლებში ამა თუ იმ ვარიანტის პირველადობის თუ გვიანდელობის დადგენა, ქართული ტექსტის მნიშვნელობას კიდეც უფრო ზრდის. ხანმეტ ფრაგმენტში ასახულია ლუკიანესეულ რედაქციაში სხვადასხვა გზით შესული შესწორებები. თითოეულ შემთხვევაში ბერძნულ ენაზე არსებული ხანმეტი ფრაგმენტის ტექსტოლოგიური ღირებულება ლუკიანური რედაქციისათვის სხვადასხვაა.
ძველი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტების შესწავლამ გამოავლინა ის მნიშვნელობა, რომელიც ამ ფრაგმენტებს აქვს სეპტუაგინტასა და ქართული თარგმანის ტექსტის ისტორიის შესწავლისათვის:
1. ხანმეტი ფრაგმენტების სახით ჩვენამდე მოღწეულია ჰექსაკლური და ლუკიანური რედაქციების უძველესი და ავთენტური წყაროები, რომლებიც ამ რედაქციათა ტექსტის დადგენისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
2. ხანმეტი ფრაგმენტები შეძლებისდაგვარად ზუსტ პასუხს სცემს ქართული ბიბლიის თარგმანთან დაკავშირებულ ზოგად და კონკრეტულ საკითხებს, როგორებიცაა:
ა) თარგმნის დრო. ხანმეტი ფრაგმენტების ტექსტების ერთგვაროვანი ხასიათი არ იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ არსებობდა მათი პრევარიანტი, რომლის შემდგომმა გადამუშავებამ ლუკიანური ან ჰექსაპლური რედაქციების საფუძველზე მოგვცა ხანმეტი ფრაგმენტების ჩვენამდე მოღწეული ტექსტი. თარგმანი, რომელიც ესაიასა და ეზრას ხანმეტ ფრაგმენტებშია დაცული, არ შეიძლება შესრულებულიყო IV ს-ის I ნახევრამდე, მანამ, სანამ ლუკიანური რედაქცია შეიქმნებოდა (312 წ-ამდე) და სანამ ამ რედაქციაში ხანმეტ ფრაგმენტებში დადასტურებული გვიანდელი სწორებები შევიდოდა. თარგმანის ის სახეობა, რომელიც ხანმეტმა იერემიამ შემოგვინახა, ასევე ვერ შესრულდებოდა IV ს-ის დასაწყისამდე, სანამ ჰექსაპლური რედაქცია, ებრაელებთან პოლემიკის იარაღად შექმნილი, ეკლესიის ყოფაში არ დამკვიდრდებოდა.
ბ) თარგმნის ადგილი. ხანმეტ ფრაგმენტებში დაცული ორი ტექსტუალური ტრადიციის არსებობა (ანტიოქური – ესაიასა და ეზრა I-ის, და პალესტინური – იერემიას წინასწარმეტყველების შემთხვევაში), აგრეთვე VI ს-ისათვის ქართულ ენაზე არსებული წმიდა წერილის წიგნების ტექსტების შემდგომი ისტორიაც, რომელზეც ოშკურ-იერუსალიმური ხელნაწერების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ (ეზრა I-ის სომხურიდან თარგმნა, ესაიას პერიფრაზხული თარგმანი და იერემიას ლუკიანური ვერსია), ერთსა და იმავეზე მიუთითებს, კერძოდ: უკვე ადრეულ ხანებში არსებობდა წმიდა წერილის ერთი და იმავე წიგნის სხვადასხვა ადგილას შესრულებული თარგმანი.
გ) თარგმანის ხასიათი. ხანმეტი ფრაგმენტების ტექსტები წარმოდგენას გვიქმნის ბიბლიის უძველესი ქართული თარგმანის შესახებ: ეს სიტყვასიტყვითი თარგმანები ქმნიან ახალ ენას, რომელიც ქართული ენის საშუალებით გადმოცემულ ბიბლიურ სახეებსა და სააზროვნო ფორმებს წარმოდგენს. ეს ენა, მიუხედავად თავისი უნიტარულობისა, სხვადასხვა თარგმანებში ინდივიდუალური ნიშნებითაც ხასიათდება, რაც დედნის სემანტიკისა და ფორმის გადმოსაცემად ქართული ენის პოტენციის სხვადასხვაგვარი გამოყენებით მიიღწევა.
დ) მთარგმნელები. რადგანაც ხანმეტ ფრაგმენტებში დადასტურებული ტექსტები სხვადასხვა ხასიათის თარგმანებია, ცხადია, რომ ისინი სხვადასხვა მთარგმნელის ხელიდან ან სხვადასხვა მთარგმნელობითი სკოლიდან არის გამოსული.
ე) ტექსტის ისტორია. იმ წიგნების ტექსტის ისტორია, რომლებიც ხანმეტმა ფრაგმენტებმა შემოგვინახა, გვიჩვენებს ბიბლიის ქართული თარგმანების განვითარების სხვადასხვა გზას: ეზრა I-ის ხანმეტ ფრაგმენტში შემონახულ თარგმანს სრულიად განსხვავებული თარგმანი ჩაენაცვლა, იერემიას ხანმეტი ტექსტიც სხვა ტრადიციის ვერსიით შეიცვალა, ხოლო ესაიას წინასწარმეტყველება, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. |