ტერმინ "ბიბლიის" შესახებ
„ბიბლია“ ბერძნული („ბიბლოს“) სიტყვაა. მისი თავდაპირველი მნიშვნელობა იყო მცენარის (ეგვიპტური „პაპირუსის“, ქართული „ჭილის“) აღნიშვნა. შემდეგ მან შეიძინა მცენარისაგან დამზადებული საწერი მასალის, ტყავის (ეტრატის ანუ პერგამენტის) გაგება, ბოლოს – „წიგნის“ მნიშვნელობა. (ნინო მელიქიშვილი, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, რედ. ედიშერ ჭელიძე, „ალილო“, თბ., 2009, გვ. 5.)
ძველად საწერ მასალად იყენებდნენ პაპირუსს, რომელიც მიიღებოდა იმავე სახელწოდების მცენარის ლერწმის შესაბამისი დამუშავების შემდგომ; ეს მცენარე კი იზრდებოდა მდინარე ნილოსის ნაპირას. დამუშავებული ლერწმის ზოლები ერთმანეთში ისე იწნიხებოდა, რომ გამოდიოდა ერთი ვიწრო (დაახლ. 30 სმ. სიგანის) ფურცელი, ჩვეულებრივ 9-10 მეტრი სიგრძის. ეს ფურცელი იხვეოდა მჭიდროდ და მოხერხებულად გრაგნილის შესანახად და თანმიმდევრულად იშლებოდა კითხვის დროს. ცნობილია კალიმაქეს გამოთქმა, რომელიც ჩვ. წ. აღ.-მდე III საუკუნეში, პტოლემეოს II-ის დროს, ხელმძღვანელობდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას: „დიდი წიგნი დიდი ბოროტებაა (Me/ga bible/on me/ga kako/n)“. (ბუნებრივია, აქ იგულისხმება ის, რომ რამდენადაც თავად პაპირუსი არ იყო პრაქტიკულად ადვილად მოსახმარი, რაც დიდი იყო წიგნი, მით უფრო დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული მისი გამოყენება – ანუ პაპირუსის გრაგნილის დაკეცვა და გაშლა.). მაგალითად, „საქმე მოციქულთას“ წიგნისათვის, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნი ახალი აღთქმისა, საჭირო იყო დაახლოებით 9 მეტრი სიგრძის პაპირუსი. მთლიანად პაპირუსზე ახალი აღთქმის არცერთი წიგნი არ შემორჩენილა (ყველა ის 115 პაპირუსი, რომლებიც ახლა ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში, შეიცავს ახალაღთქმისეული წიგნების ნაწყვეტებს. ყველაზე ძველი ნაწყვეტი (ნაჭერი) განეკუთვნება II საუკუნის დასაწყისს (ჩვ. წ. აღ.-ით 120-125 წწ.) – ეს არის P 52 , რომელიც შეიცავს იოანეს სახარებიდან საკითხავებს (კერძოდ – 18, 31-33 და 37-38) და ინახება ინგლისის ქალაქ მანჩესტერში John Ryland-ის ბიბლიოთეკაში.
პაპირუსი იყო საკმაოდ მსხვრევადი მასალა და, რამდენადაც მისი გატანა ხდებოდა მხოლოდ ერთი ქვეყნიდან – ეგვიპტიდან, მისი მოპოვება დაკავშირებული იყო გარკვეულ სიძნელეებთან. აქედან გამომდინარე, წერისთვის სხვა მასალის მოძებნა იყო აუცილებელი. თანდათანობით პაპირუსის შემცვლელად შემოდის პერგამენტი (pergamhnh/ ან membra/nh – თხელი ტყავი) (აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძველად პაპირუსსა და პერგამენტთან ერთად საწერ მასალად გამოიყენებოდა, ასევე, ტილო.), რომელმაც IV საუკუნისკენ, როგორც წერისთვის უკეთესი ხარისხის მასალამ, საბოლოოდ ჩაანაცვლა პაპირუსი (XIII საუკუნის დასაწყისში პერგამენტის შემცვლელად შემოდის ქაღალდი, რომელიც იყო საკმაოდ იაფი და უკვე მრავალი საუკუნის მანძილზე მზადდებოდა იაპონიაში და ცნობილი იყო ეგვიპტესა და სირიაში ახ. წ. აღ.-ით VIII საუკუნიდან.), ყოველ შემთხვევაში, ახალი აღთქმის წიგნებისთვის. ამ ახალ საწერ მასალას იღებდნენ ცხვრის, თხის, მოზრდილი რქოსანი პირუტყვისა და ანტილოპის ტყავის დამუშავების შედეგად, რაც ხდებოდა მცირე აზიის ქალაქ პერგამოში. პლინიუს უფროსი (ჩვ. წ. 23-79 წწ.) თავის შრომაში: „ჭეშმარიტი ისტორია“, გვაწვდის ცნობას პერგამენტის წარმოების დასაწყისის მიზეზსა და დროსთან დაკავშირებით: პერგამოს მეფე ევმენმა (შესაძლოა, ეს იყოს ევმენ II – ძვ. წ. 197-159 წწ.) მოისურვა, რომ თავისი სახელმწიფოს დედაქალაქში აშენებულიყო ბიბლიოთეკა, რომელიც არ ჩამორჩებოდა ალექსანდრიის ცნობილ ბიბლიოთეკას. ხოლო ეგვიპტელმა მეფე პტოლემეოსმა (სავარაუდოდ, პტოლემეოს V ეპიფანე – ძვ. წ. 205-182 წწ.) აკრძალა ეგვიპტიდან პაპირუსის გატანა, რათა ხელი შეეშალა მისთვის ამგვარი წამოწყებისთვის. გაღარიბებულმა ევმენემ დაიწყო პერგამენტის წარმოება, რომელიც ცნობილი იყო მის დრომდეც, მაგრამ ის, რომ პერგამენტის წარმოება უკავშირდება ქალაქ პერგამოს, რომლისგანაც მომდინარეობს მისი სახელწოდება, ჭეშმარიტია.
პერგამენტისგან დამზადებულ ხელნაწერებს იშვიათად ჰქონდა გრაგნილის ფორმა. როგორც წესი, ეს იყო ერთი მეორესთან დაკეცილი ფურცლები; ოთხი ფურცელი ქმნიდა რვეულს, რამდენიმე რვეული ერთად უკვე – კოდექსს. სრულიად ნათელია, რომ კოდექსით სარგებლობა პრაქტიკაში გაცილებით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე გრაგნილით, და ამ თვალსაზრისით შესამჩნევია, რომ ქრისტიანულ ბევრ პაპირუსსაც კი კოდექსის ფორმა ჰქონდა. II საუკუნის დასაწყისში კოდექსები (პაპირუსისგან თუ პერგამენტისგან დამზადებული) ეკლესიაში საყოველთაოდ გამოიყენებოდა. შესაძლოა კიდეც, რომ წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანები ეკლესიაში კოდექსებით სარგებლობდნენ იმ მიზნით, რათა მათი წმინდა წერილი გამოყოფილიყო იუდაური სინაგოგების წერილებისგან, სადაც ძველი აღთქმის წიგნებს გრაგნილის ფორმა ჰქონდა.
არის მოწმობა იმისა, რომ პაპირუსზე დაწერილი ტექსტები ხშირად გადაიწერებოდა ხოლმე პერგამენტზე, რათა გადარჩენილიყვნენ ისინი დაღუპვისაგან, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პაპირუსი იყო საკმაოდ მსხვრევადი და მოუხერხებელი მიმოქცევაში. ნეტ. იერონიმე თავის 34-ე ეპისტოლეში გვაუწყებს, რომ აკაკი კესარიელი და კათედრაზე მისი მემკვიდრე ევზოე 340 და 380 წლებს შორის ზრუნავდნენ იმის შესახებ, რომ პერგამენტზე გადაწერელიყო კესარიის ბიბლიოთეკის (რომელიც დაფუძნებული იყო ორიგენესა და წმ. პამფილის მიერ) წიგნები.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღეისათვის ცნობილი ახალი აღთქმის წიგნების ბერძნული ხელნაწერებიდან მონასტრებსა და ბიბლიოთეკებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოღწეულია 5600. კურტ ალანდის კატალოგის მიხედვით: „Kurzgefasste Liste der griechischen Handschriften des Neuen Testaments“ (1994), შევსებებითურთ, რომელიც გამოქვეყნდა მიუნსტერში (გერმანია) ახალი აღთქმის ტექსტოლოგიის ინსტიტუტში, ახალაღთქმისეული ხელნაწერები არის – 115 პაპირუსი, 316 უნციალური (უნციალური – ეს იყო მოხატული დიდი ასოებით დაწერილი ტექსტი. მომდინარეობს ლათინური uncia-დან, რაც ნიშნავს რაღაცის მეთორმეტედ ნაწილს; ამ შემთხვევაში, იგულისხმება უნციალური ტექსტის სტროფი, რომელიც იკავებს ჩვეულებრივი გვერდის მეთორმეტედ ნაწილს. უნციალური დამწერლობა გვხვდება X საუკუნემდე.) ხელნაწერი, 2877 მინუსკულური (მინუსკულური ეწოდება ისეთ ტექსტებს, რომლებშიც მხოლოდ ნუსხური ასოებია გამოყენებული. IX საუკუნიდან გამოიყენება მინუსკულური წერილები, რომლებიც XI საუკუნიდან უკვე საყოველთაოდ გავრცელებული ხდება.) და 2432 ლექციონარული (ლექციონარი – საღვთისმსახურო თავების კრებული. მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან lectio, რაც ნიშნავს „საკითხავს“. „ლექციონარები“ შესრულებული იყო თითქმის უგამონაკლისოდ მინუსკულურ ხელნაწერებზე.) (e)kloga/dia) (მართალია, ლათინური წარმომავლობის სიტყვა „ლექციონარსა“ და ბერძნულიდან მომდინარე „ეკლოგადიას“ (e)kloga/dia) შორის პირდაპირი შინაარსობრივი დაკავშირება არ არის („ლექციონარი“ {lectio – „საკითხავს“} საკითხავთა კრებულს {ერთობას} ნიშნავს, ხოლო „ეკლოგადია“ {e)klogh/ – „გამორჩევა“, „გამოკრება“} – გამოკრებილ საკითხავთა (გამონაკრებთა) კრებულს), მაგრამ სხვადასხვა კუთხით ერთსა და იმავე მოვლენას უკავშირდება, ანუ – „ლექციონარის“ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ეს არის ლიტურგიისთვის გამზადებული წმინდა წერილიდან კონკრეტულ საკითხავთა კრებული; ხოლო „ეკლოგადიას“ შემთხვევაშიც მსგავსადვე მინიშნებულია, რომ ეს არის წმინდა წერილიდან კონკრეტული ადგილების გამონაკრებთა (წმინდა წერილიდან გამორჩეულია მხოლოდ ის ადგილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე იკითხებოდა ღვთისმსახურების ჟამს) კრებული.). ხელნაწერები, უმეტესწილად, წარმოადგენს ოთხთავს. პრაქტიკულად მთლიანი ახალი აღთქმის წიგნები მოცემულია სინის, ალექსანდრიის, ვატიკანის კოდექსებში, ეფრემის კოდექსსა და დაახლოებით 50 მინუსკულურ ხელნაწერში. ამასთან, ორ უნციალურ და 147 მინუსკულურ ხელნაწერში აკლია საკუთრივ გამოცხადების წიგნი. ქალაქებისა და მონასტრების ბიბლიოთეკები, რომლებშიც დაცულია ახალაღთქმისეული ხელნაწერების უმეტესი რაოდენობა, არის შემდეგი: კემბრიჯი (66 ხელნაწერი), რომთან ახლოს კრიპტოფერრაცკის მონასტერი (69 ხელნაწერი), ფლორენცია (79 ხელნაწერი), პატმოსი (81 ხელნაწერი), მოსკოვი (96 ხელნაწერი), იერუსალიმი (146 ხელნაწერი), ოქსფორდი (158 ხელნაწერი), სინა (230 ხელნაწერი), სანკტ-პეტერბურგი (233 ხელნაწერი), ლონდონი (271 ხელნაწერი), რომი (367 ხელნაწერი), პარიზი (373 ხელნაწერი), ათენი (419 ხელნაწერი), ათონის წმინდა მთის მონასტრები (1000 ხელნაწერი).
სიტყვა „ბიბლია“ გულისხმობს ერთ მთლიან წიგნს, რომელიც მოიცავს როგორც ძველი აღთქმის, ისე ახალი აღთქმის წმინდა წერილებს. მაგრამ არსობრივად ეს არაა ერთი წიგნი რაოდენობრივი თვალსაზრისით, არამედ ერთიანი (სრული, მთლიანი), ეკლესიის მიერ მკაცრად განსაზღვრული კრებული, რომელშიც შესულია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა მიზნით დაწერილი წმინდა წიგნები როგორც კანონიკური, ისე არაკანონიკური. ბიბლიის ასეთი შედგენილობა და წარმომავლობა უკვე იხსნება თავად ტერმინის („ბიბლია“) ისტორიიდან. ტერმინი აღებულია ბერძნული ენის სიტყვიდან - Βίβλος („ბიბლოს“), რაც ნიშნავს წიგნს, და ჩასმულია მრავლობით რიცხვში – ta Βίβλia, სიტყვის კნინობითი ფორმიდან – to Βίβλiov, რომელიც აღნიშნავს „მცირე ზომის წიგნს“. ასე რომ, ta Βίβλia ბუკვალურად აღნიშნავს ასეთი მცირე ზომის წიგნების კრებულს. ამ თვალსაზრისით, წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს ამ სიტყვას როგორც ერთ კრებით მცნებას. იგი ამბობს: „ბიბლია ეს არის მრავალი წიგნი, რომელიც ქმნის ერთ ერთეულს“.
თავისი ჭეშმარიტი ბერძნული ფორმით ta Βίβλia პირველად გვხვდება მაკაბელთა პირველ წიგნში (1 მაკაბ. 12, 9), ხოლო ამის შესაბამისი ებრაული თარგმანი მოცემულია წინასწარმეტყველ დანიელთან (დან. 9, 2), სადაც წმინდა წერილების წარმომავლობა აღნიშნულია ტერმინით – „ჰა-სეფარიმ“, რაც ნიშნავს –„წიგნებს“, უფრო ზუსტად - კონკრეტულ, განსაზღვრულ წიგნებს (ებრაულ ენაში პრეფიქსი „ჰა“ არის განსაზღვრებითი არტიკლი. აქედან გამომდინარე, ცალკე „სეფარიმ“ ზოგადად წიგნებს ნიშნავს, მაგრამ ზედ დართული განსაზღვრებითი არტიკლით ის კონკრეტულ წიგნებს უკავშირდება.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ როგორც ბერძნული, ისე ებრაული სიტყვები უკავშირდება მასალას, რომელზეც წერდნენ რაიმე ტექსტებს. ებრაული წიგნები ძველად იწერებოდა პერგამენტზე, ე. ი. გაწმენდილ და დამუშავებულ ტყავზე, რადგან სიტყვა „სეფერ“ („სეფარიმ“ მრავლობითი ფორმაა) მომდინარეობს ებრაული ზმნიდან „საფარ“, რაც ნიშნავს „გაპარსვას“, „ტყავის გაწმენდას ბეწვისგან“. ბერძენი ავტორები კი წერდნენ პაპირუსზე, რაც იყო საკუთრივ ეგვიპტური მცენარისგან სპეციალურად დამუშავებული ფურცელი. სიტყვა Βίβλος ან Βuβλος თავდაპირველად აღნიშნავდა „პაპირუსს“, ხოლო აქედან – „პაპირუსის გრაგნილი“ ან „წიგნი“.).
ახალი აღთქმის დასაწყის პერიოდში საბოლოო ფორმით ჩვენ ჯერ კიდევ არ გვხვდება სიტყვა „ბიბლია“, არამედ გამოყენებულია სხვადასხვა სინონიმები, ასე მაგალითად: „წერილი“ ან „წიგნი“ (ლუკ. 4, 21; ინ. 20, 9; გალატ. 3, 22), „წერილნი“ ან „წიგნები“ (მათ. 21, 42; ლუკ. 24, 32; ინ. 5, 39; 2 პეტრ. 3, 16), „წმინდა წერილნი“ ან „წმინდა წიგნები“ (რომ. 1, 2), „საღვთო წერილნი“ ან „საღვთო წიგნები“ (2 ტიმ. 3, 15). მაგრამ უკვე მოციქულებრივ მამებთან, აქ ჩამოთვლილ სახელწოდებებთან ერთად, გამოიყენება ტერმინი „ბიბლია“ (ta Βίβλia) (მაგალითად, წმ. კლიმენტი რომაელი კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში (43-ე თავში) უკვე იყენებს ტერმინ „ბიბლიას“, როდესაც ამბობს: „მთელს მის სახლში სარწმუნო მსახურმა – ნეტარმა მოსემ, მისთვის ნაბრძანები ყველაფერი აღნუსხა საღვთო წიგნებში (ev taiς Βίβλος)“ (THE EPISTLES OF S. CLEMENT OF ROME, ΠΡΟΣ ΚΟΡΙΝΘΙΟΥΣ, XLIII, THE APOSTOLIC FATHERS, revised texts by J. B. LIGHTFOOT, edited and completed by J. R. HARMER, London, 1912, col. 28). თუმცა, საყოველთაო გამოყენებით ის შემოდის მხოლოდ წმინდა წერილის ცნობილი განმმარტებლის, ორიგენეს დროს (II-III სს.), და განსაკუთრებით წმ. იოანე ოქროპირის დროს მკვიდრდება.
თუკი ადრეულ პერიოდში ტერმინი „ბიბლია“ აღნიშნავდა ნებისმიერ ნაწერს, რომელიც შესრულებული იყო პაპირუსზე ან პერგამენტზე, უკვე ზემოხსენებული პერიოდიდან (III საუკუნიდან და, განსაკუთრებით, IV საუკუნიდან) სახელწოდება „წიგნი“ ანუ „კოდექსი“ (ბი/ბლოჯ) მხოლოდ და მხოლოდ საღვთო წერილმა შეინარჩუნა. აკინძული და ყდით შეკრული ფურცლების უძველესი ნიმუში არის ბიბლიის უადრესი ხელნაწერები, რომლებიც II-III საუკუნეებით თარიღდება. ისინი 1931 წელს ეგვიპტეში, ფაიუმში, ინგლისელმა მოგზაურმა ჩესტერ ბიტმა აღმოაჩინა.
„ძველი“ და „ახალი აღთქმის“ ეტიმოლოგიური განამრტება და მათი მნიშვნელობა
წმინდა წერილის წიგნები გაყოფილია “ძველ აღთქმად” და “ახალ აღთქმად”. ასეთი დაყოფა დაკავშირებულია მესიასთან: ყველა ის წიგნი, რომელიც დაწერილია ქრისტეს მოსვლამდე, შესულია “ძველი აღთქმის” შემადგენლობაში; ხოლო ისინი, რომლებიც აღმოცენდა მაცხოვრის ქვეყნად მოსვლის შემდეგ და უწყებულია მისი გამომხსნელობითი ღვაწლის შესახებ და გადმოცემულია დაწყება იესო ქრიტესა და მისი წმინდა მოციქულების მიერ დაფუძნებული ეკლესიისა, ქმნიან “ახალ აღთქმას”.
ყველა ეს ტერმინი, როგორც თავად სიტყვა “აღთქმა”, ისევე როგორც მისგან წარმომდგარი “ძველი” და “ახალი”, აღებულია თავად ბიბლიიდან.
რასაკვირველია, ქრისტეს განკაცებამდე წმინდა წერილის ძველ და ახალ აღთქმად დაყოფა არ არსებობდა, იყო მხოლოდ წმინდა წიგნების ერთი კრებული. მაგრამ მას შემდეგ, რაც სხვა წიგნები დაიწერა, ეკლესიამ ისინი ძველი და ახალი აღთქმის წიგნებად დაყო. სიტყვა “აღთქმა” (ებრ.: “ბერით”) ებრაულიდან შეიძლება ითარგმნოს, როგორც “შეთანხმება”, “მოლაპარაკება”, “კავშირი”. სიტყვა “ბერით” ბერძნულად ითარგმნება როგორც διαθηκη (“დიათეკე”), რაც ნიშნავს “ანდერძს” ან “აღთქმას”. ეს აღთქმა იდება ღმერთსა და ადამიანს შორის კაცობრიობის სულიერი დამოძღვრისა და კეთილდღეობისათვის. აღთქმა არ იცვლება. კაცობრიობას შეუძლია მიიღოს ან უგულებელყოს ის, თუმცაღა მისი შეცვლა არ შეუძლია.
სიტყვა აღთქმა (ებრ.: ბერით, ბერძ.: διαθηκη, ლათ.: testamentum) (ძველი ქართული სიტყვა აღთქუმა ნიშნავს – შჯული, პირობა, ზავი; დაპირება, აღიარება. ბერძნული სიტყვა διαθηκη აღნიშნავს როგორც აღთქმას, სჯულს, დაპირებას, შეთანხმებას, შერიგებას, თანხმობას, ხელშეკრულებას, ასევე ანდერძს; სხვა მხრივ, ხსენებული ბერძნული სიტყვა იტევს მოწყობის, გამართვის შინაარსსაც. ლათინური სიტყვა testamentum აღნიშნავს ანდერძს, დაპირებას, ხელშეკრულებას. რუსული ტერმინი завет უპირატესად უკავშირდება ანდერძს, ასევე შეთანხმებას, ხელშეკრულებას. საინტერესოა, რომ ძველი სლავური სიტყვა завет ზემოხსენებულ მნიშვნელობებთან ერთად აღნიშნავს მოწოდებას, ბრძანებას, სურვილს. ასევე, ებრაული სიტყვა ბერით აღნიშნავს ხელშეკრულებას, შეთანხმებას, კავშირს, შეკავშირებას. ) წმინდა წერილის ენაზე და ბიბლიური გამოყენებით ყველაზე უწინ აღნიშნავს ცნობილ დადგენილებას, პირობას, კანონს, რომლითაც თანხმდება ორი მოლაპარაკე მხარე, ხოლო აქედან უკვე წარმოდგება თავად შეთანხმება ან კავშირი.
ხოლო უკვე საკუთრივ ძველ და ახალ აღთქმად დაყოფა უკავშირდება იერემია წინასწარმეტყველის ცნობილ სიტყვებს: `ესერა დღენი მოვლენან, - იტყვის უფალი, - და აღთქუმა ვყო სახლსა ზედა ისრაილისასა და სახლსა იუდაისსა აღთქუმაი ახალი. არა აღთქუმისა მისებრ, რომელ აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ ხელი მათი გამოყვანებად მათა ქუეყანით ეგვიპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქუმათა ჩემთა, და მე შეურაცხვყვნე იგინი, - თქუა უფალმან“ (იერემ. 31, 31-32).
სიტყვათშეთანხმება „ახალი აღთქმა“ გამოყენებითად დამკვიდრა თავად იესო ქრისტეს მიერ. სახარებისეული თხრობისა და გადმოცემის მიხედვით საიდუმლო ღამეს ევქარისტიული საიდუმლოს დაწესების დროს მაცხოვარმა თქვა: „ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაი { ιης καινιης διαθηκης } (ბერძნულ ზოგიერთ ნუსხაში არ გვაქვს სიტყვა „ახალი“, არამედ მხოლოდ „აღთქუმისი“. მაგალითად, ვატიკანის კოდექსში (რომელიც დათარიღებულია IV საუკუნით) ვკითხულობთ: „ესე არს სისხლი ჩემი აღთქუმისაი“ , მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 28). ამ სიტყვებით მაცხოვარმა მიუთითა ჩვენი ხსნის საღვთო განგებულების ახალ პერიოდზე, რომელიც დაფუძნებულია მის სისხლსა და ხორცზე. კაცობრიობისათვის ეს ახალი პერიოდი, რომელიც ღვთის ძემ დაიწყო თავისი განკაცებით და დაბეჭდა ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით, არის აღსრულება ძველი აღთქმის დაპირებისა, რადგან უკვე იმ პერიოდში წინასწარმეტყველები ჭვრეტდნენ ახალ, ღვთის საუკუნო აღთქმას თავისი ერისადმი.
იერემიას დამოწმებული სიტყვებიდან ცხადად ჩანს, რომ ღმერთი ერს აღუთქვამს არა ისეთ აღთქმას, რომელიც აღსრულებისთანავე იქნება დაძველებადი, არამედ დაუსრულებელ, დაუძველებელ, საუკუნო აღთქმას. ხსენებული წინასწარმეტყველი პირდაპირ მიუთითებს ამაზე, როდესაც ამბობს: „და აღუთქუა მათ აღთქუმაი საუკუნო, რომელ არა გარდავაქციო შემდგომად მათსა, რაითა კეთილი უყო მათ; და შიში ჩემი მივსცე გულთა მათთა, რაითა არა განდგნენ იგინი ჩემგან“ (იერემ. 32, 40). საუკუნო აღთქმის შესახებ საუბრობს წინასწარმეტყველი ეზეკიელიც: „ამას იტყვის უფალი: და გიყო შენ, ვითარცა-ეგე შენ ჰყავ, ვითარცა-ეგე შეურაცხ-ჰყავ გარდასვლად აღთქუმასა ჩემსა, რომელ იყო შენდა მიმართ დღეთა სიჩჩვილისა შენისათა, და აღგიდგინო შენ აღთქუმაი საუკუნოი“ (ეზეკ. 16, 59-60). ეგევე წინასწარმეტყველი სხვა ადგილას ამბობს: „და აღუთქუა მათ აღთქუმაი მშვიდობისაი, აღთქუმაი საუკუნოი იყოს მათ თანა და დავამტკიცო სიწმიდე ჩემი შორის მათსა საუკუნოდ“ (ეზეკ. 37, 26).
როგორც ნათლად დავინახეთ წინასწარმეტყველთაგან უწყებულში ღმერთის მიერ ახალი, მოწევნადი აღთქმა წარმოჩენილია როგორც დაუსრულებელი, განუქარვებელი აღთქმა. თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ძველი აღთქმა ბიწიერი და აღუსრულებელი იყო, არამედ კონკრეტულ ჟამს, როდესაც, კვლავ აღვნიშნავთ, მაცხოვარი განკაცდა და საკუთარი თავი ჯვარზე მსხვერპლად მიიყვანა, აღდგა მკვდრეთით და ჯოჯოხეთში შემწყვდეულ მართალთა სულები გამოიხსნა, რითაც აღსრულდა პირველი აღთქმა, ამის შემდეგ ვიღებთ ახალ, დაუსრულებელ, წარუვალ აღთქმას. პავლე მოციქული, განმარტავს რა იერემია წინასწარმეტყველის ზემოდამოწმებულ სიტყვებს (იხ. იერემ. 31, 31-32), ამბობს: „რაჟამს-იგი თქუას: «ახალიო», დააძუელა პირველი იგი; ხოლო დაძუელებადი იგი და დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა“ (ებრ. 8, 13).
თუმცა სახელწოდება „ძველი აღთქმა“ პავლე მოციქულმა პირველად გამოიყენა არა ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, არამედ კორინთოელთა მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში: „არამედ დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების“ (2 კორინთ. 3, 14).
ძველი აღთქმის განქარვებადობა სრულებითაც არ მიანიშნებს მის ბიწიერებასა და, მით უმეტეს, უკეთურებაზე, რადგან ისევე როგორც ახალი, ძველიც თავად ღმერთის მიერ არის აღთქმული. როდესაც პავლე მოციქული ამბობს: „უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არღარამცა მეორისა მის საძიებელ იყო ადგილი“ (ებრ. 8, 7), აქ უბიწოობაში უნაკლულობა იგულისხმება.
ამგვარად, წინადადების აზრი ასეთი იქნება: თუკი პირველი სჯული {აღთქმა} იქნებოდა უნაკლო, მაშინ საძიებელი აღარ იქნებოდა მეორე, უსრულესი სჯული {აღთქმა}. მართლაც, ძველი სჯული არ იყო საკმარისი იმისათვის, რათა უბიწო და უდანაშაულო გაეხადა ადამიანი. წმ. იოანე ოქროპირი დამოწმებულ მუხლს ამგვარად წარმოაჩენს: ე. ი. თუკი არ ექნებოდა ნაკლოვანება, თუკი უბიწოებებს იმოქმედებდა, ასეთ შემთხვევაში აღარ იქნებოდა ახალი საჭირო. ბუნებრივია, ამ ყველაფრით ცხადჩენილია არა ძველი სჯულის უკეთურება, არამედ უბრალოდ ახლის უპირატესობა ძველთან მიმართებით. მართლაც, ძველი აღთქმა ადამიანს მიანიშნებდა ეშმაკის მძლავრებისგან გამოხსნაზე, ჯოჯოხეთის ხელმწიფების დასრულებაზე, ხოლო ახალი აღთქმა მიუთითებს საუკუნო, განუხრწნელ ცხოვრებაზე, რომელიც არასდროს განქარდება და რომელშიც ადამიანი სრული დიდებით დაუსრულებლად ინეტარებს. („სრულ დიდებაში“ იგულისხმება სასუფეველში არა მხოლოდ სულით, როგორც ახლა იმყოფება ადამიანი, არამედ ხორცით მყოფობა.)
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა ქრისტიანებისათვის საღვთო ზებუნებრივი გამოცხადებაა. ძველი აღთქმა გვიცხადებს იმას, რომ ღმერთი კაცობრიობას მესიას შეჰპირდა და თანდათანობითი გამოცხადებით, წინასწარმეტყველებებითა და გარდაქმნებით მოამზადა ისინი ამისათვის. ახალი აღთქმა კი ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ აღასრულა ღმერთმა დანაპირები და მოსცა კაცობრიობას მხსნელი (მაცხოვარი). სახარების შესახებ წმ. მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს: „ამგვარად, წმინდა სახარება არის ღვთის შემოქმედების ნაყოფი თვითქმნილი სხეულის მეშვეობით, რომელსაც საუკუნეთა განუსაზღვრელობებში აქვს მეუფება, რომელშიც გვაქვს დაურღვეველი სიხარული და მხიარულება, როგორც დაუღამებელი და დაუსრულებელი დღე. რადგან ითქვა: „ეს არის დღე, რომელიც შექმნა ღმერთმა; ვიხარებთ და გავმხიარულდებით მასში“ (ფს. 117, 24); (ძვ. ქართ.: „ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ მას შინა“. სეპტუაგინტისეულ ბერძნულ თარგმანსა და წმ. გიორგი ათონელისეულ თარგმანშიც „უფალმან“ წერია, მაგრამ ჩევნ დავტოვეთ წმ. მაქსიმეს თხზულებაში დამოწმებული ტექსტის ვერსია – „ღმერთმან“ (ο Θεος)). დღეს უწოდებს სახარებისეულ მადლს, რომელიც არის საიდუმლოება იმისა, ვინც შექმნა ეს მადლი, რომელშიც სურს, რომ ჩვენ ყველანი, საღვთო მოციქულის სიტყვისაებრ, „როგორც შემეცნებისა და ჭეშმარიტების დღეში მშვენივრად ვიარებოდეთ“ (შდრ. რომ. 13, 13) . რადგან დღე დაუსრულებელი ნათლისა არის ქრისტე“. |