|
ამის შემდეგ უკვე დგება მეოთხე პერიოდი, რომელმაც, ფაქტობრივად, დააგვირგვინა ორსაუკუნოვანი მსჯელობა და საბოლოო სახით წარმოადგინა ახალი აღთქმის წიგნთა კანონი. ხსენებული პერიოდის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელია III საუკუნის პირველი ნახევრის საეკლესიო ავტორი ორიგენე (დაახლ. 185-253/254 წწ.). ორიგენე იყენებს ტერმინ „ახალ აღთქმას“, რომელიც უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო, და ახალი აღთქმის წიგნებს ყოფს ორ ჯგუფად:
1) საყოველთაოდ აღიარებული (ομολογουμενα) ან არასადავო (αναντιιρρητα) და
პირველს განეკუთვნება ოთხი სახარება, პავლეს 13 ეპისტოლე (ებრაელთა მიმართ ეპისტოლის შესახებ ორიგენე აღნიშნავს საეჭვოობას ზოგიერთი ეკლესიისა მხოლოდ მისი პავლე მოციქულისადმი მიკუთვნებულობასთან დაკავშირებით), „საქმე მოციქულთა“, კათოლიკე ეპისტოლეთაგან პეტრეს I და იოანეს I, და აპოკალიპსი.
ხოლო მეორეს, რომელსაც ორიგენე უწოდებს „საეჭვოს“, რამდენადაც მთელი ეკლესია არ თანხვდება მათს კანონიკურობაზე, განეკუთვნება კათოლიკე ეპისტოლეთაგან პეტრეს II, იოანეს II და III, იაკობისა და იუდასი. დიდი პატივისცემით აღნიშნავს ის ჰერმესის „მწყემსს“, წმ. კლიმენტი რომაელის I ეპისტოლეს, პავლეს საქმეებს, ბარნაბას ეპისტოლესა და დიდაქეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ ადარებს მათ ღვთივსულიერსა და კანონიკურ წიგნებს. ნაყალბევ (ψευδη) წიგნებად ორიგენე მოიხსენიებს თომას ერეტიკულ სახარებას, ბასილიდეს სახარებას, თორმეტი მოციქულის სახარებასა და ეგვიპტელთა სახარებას.
ასე რომ, მთელი III საუკუნის განმავლობაში და IV დასაწყის პერიოდში გრძელდებოდა განხილვა სადავო წიგნებისა. ზოგიერთი მათგანის კანონიკურობა იყო აღიარებული, ხოლო ზოგი უარყოფილ იქნა, როგორც აპოკრიფი. იმ პერიოდის საეკლესიო პრაქტიკის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ევსები კესარიელი. თავის „საეკლესიო ისტორიაში“ ის ციტირებს უფრო მეტად ადრეული ავტორების გამონათქვამებს კანონთან დაკავშირებით. თავს უყრის რა თავისი გამოძიების შედეგებს, ევსები კესარიელი გვთავაზობს კანონის შემდეგ კლასიფიკაციას:
1) 22 „არასადავო“, „საყოველთაოდ აღიარებული“ წიგნი: ოთხი სახარება, „საქმე მოციქულთა“, პავლეს ეპისტოლეები (შედის ებრაელთა მიმართ ეპისტოლეც), იოანეს I ეპისტოლე, პეტრეს I ეპისტოლე და იოანეს აპოკალიპსი.
2) 5 „საეჭვო, მაგრამ ბევრის მიერ მიღებული“ წიგნი: იაკობის ეპისტოლე, იუდას ეპისტოლე, პეტრეს II ეპისტოლე და იოანეს II და III ეპისტოლეები (საყურადღებოა, რომ თავად ევსები აღიარებს ყველა ამ ტექსტს).
3) 5 ნაყალბევი (ნატყუარი) წიგნი: პავლეს საქმეები, ჰერმესის „მწყემსი“, პეტრეს აპოკალიპსი, ბარნაბას ეპისტოლე და დიდაქე. ამასთან, ევსები ამატებს: „და, როგორც უკვე ვთქვი, თუ გნებავთ, იოანეს აპოკალიპსი, რომელსაც ერთნი უარყოფენ, ხოლო მეორენი აღიარებენ“.
საბოლოოდ, IV საუკუნე, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის დამაგვირგვინებელი პერიოდი ახალი აღთქმის კანონიზაციის ისტორიაში. ევსები კესარიელიდან მოყოლებული ამ პერიოდში ჩნდება საკმაოდ ბევრი ნუსხა (ინდექსი), რომლებშიც ჩამოთვლილია ის წიგნები, რომლებსაც იწყნარებს კათოლიკე (ერთიანი) ეკლესია (განსხვავებული ვითარებაა მხოლოდ იოანეს აპოკალიპსთან დაკავშირებით, ზოგიერთ ნუსხაში შესულია, ზოგში კი არა).
ამ პერიოდის ერთ-ერთი პირველი უმნიშვნელოვანესი წყარო გახლავთ მოციქულთა კრების კანონები (85-ე კანონი), სადაც ჩამოთვლილია ახალი აღთქმის 26 წიგნი (არ არის აქ იოანეს აპოკალიპსი). შემდეგი მნიშვნელოვანი წყაროა ლაოდიკიის ადგილობრივი საეკლესიო კრების (დაახლ. 363 წ.) კანონები (59-ე კანონი), რომელშიც, ასევე, 26 წიგნია ჩამოთვლილი (აქაც არ არის იოანეს აპოკალიპსი). აღმოსავლეთში წმ. ათანასე ალექსანდრიელი არის პირველი ავტორი, რომელსაც მოაქვს საკუთრივ იმ 27 წიგნის ჩამონათვალი (ნუსხა) (წმ. ათანასე ალექსანდრიელის ეს ჩამონათვალი ანუ ინდექსი არის მის სადღესასწაულო (პასქალურ) ეპისტოლეში, რომელიც დაწერილია 367 წელს.) , რომელიც შეადგენს საბოლოოდ ახალი აღთქმის კანონს. ამავე პერიოდის მნიშვნელოვანი ინდექსებია წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისა (არ არის მასში იოანეს აპოკალიპსი) და წმ. ამფილოქე იკონიელის. უკანასკნელ ინდექსში აპოკალიპსთან დაკავშირებით წერია, რომ ზოგიერთი სცნობს იოანეს აპოკალიპსს, ზოგი კი უარყოფს.
რაც შეეხება დასავლეთის ეკლესიას, იქ ახალი აღთქმის 27 წიგნის ნუსხა (ინდექსი) დამტკიცდა აფრიკაში – ჰიპონიისა (393 წ.) და კართაგენის (397 და 419 წწ.) საეკლესიო კრებებზე.
ასე რომ, V საუკუნის დამდეგისთვის ახალი აღთქმის კანონი ფაქტობრივად საბოლოოდ დადგენილია (თუ არ ჩავთვლით „გამოცხადების“ (აპოკალიპსი) წიგნს, რომელიც VI-VII საუკუნეებამდე ერთმნიშვნელოვნად არ აღირიცხება კანონიკურ წიგნებში), რაც გადაწყდა ერთიანი საეკლესიო შეთანხმების შედეგად. აქედან გამომდინარე, კვლავ გავიმეორებთ და შევაჯამებთ, კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენებოდა კანონიზაციის პროცესში, იყო შემდეგი:
1) „მართლმადიდებლობა“ – პირველ რიგში გათვალისწინებული იყო ის, რომ ესა თუ ის ტექსტი რამდენად შეესაბამებოდა „სარწმუნოების განსაზღვრებას“, ე. ი. დასაძირკვლებულ ქრისტიანულ გადმოცემებს.
2) „სამოციქულო ავტორობა“ და
3) „საეკლესიო შეთანხმებულობა“ – გათვალისწინებული იყო ის, თუ რამდენად გამოიყენებოდა და ავტორიტეტული იყო ეკლესიაში ესა თუ ის ტექსტი.
ამასთან, დავძენთ, რომ ახალი აღთქმის წიგნთა კანონიზაციის პროცესის ნათელ დადასტურებად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ საეკლესიო მოძღვრები, რომლებიც განმარტავენ კონკრეტულ წიგნებს. ასე მაგალითად: როდესაც წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს ახალი აღთქმის კონკრეტულ წიგნებს, ამით, ფაქტობრივად, ადასტურებს მათს კანონიკურობას (წმ. იოანე ოქროპირს განმარტებული აქვს ახალი აღთქმის 26 წიგნი, გარდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებისა). ასევე, მნიშვნელოვან წყაროდ უნდა მივიჩნიოთ წმ. ეფრემ ასურის (ოთხთავისა და პავლეს 14 ეპისტოლის განმარტება), ნეტ. იერონიმეს (ოთხთავი და პავლეს 14 ეპისტოლე), ნეტ. თეოდორიტე კვირელისა (პავლეს 14 ეპისტოლე) და სხვათა განმარტებანი.
საკუთრივ გამოცხადების წიგნის კანონიკურობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს წმ. ირინეოს ლიონელისა და, განსაკუთრებით, წმ.იპოლიტე რომაელის შრომები. წმ. ირინეოს ლიონელს „გამოცხადების“ წიგნიდან აქვს განმარტებული მცირე ადგილები. რაც შეეხება წმ. იპოლიტე რომაელს, მას გაცილებით მეტი ადგილი აქვს განმარტებული თავის ცნობილ შრომაში – „ქრისტესა და ანტიქრისტეს შესახებ“. |