მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

ძველი ქართული ლექციონარი და მასში დაცული ბიბლიური ტექსტები.

 

1. ლექციონარის რაობა; შედგენილობა

 

ქართული ძეგლი თავისთავს „კანონსა“ და „განჩინებას“ უწოდებს, იოანე ზოსიმეც „კანონის“ სახელით მოიხსენიებს, ევროპელმა მეცნიერებმა კი მას ლექციონარი (ლათინურად - „საკითხავთა კრებული“) შეარქვეს.

 

ლექციონარი ანუ კანონი (კანონარი ანუ განჩინება) წარმოადგენს მთელი წლის ლიტურგიკული დღესასწაულების წეს-განგებათა და მათთვის განკუთვნილ საკითხავთა კრებულს. მასში შედის კალენდარული ნაწილი და საკითხავები ძველი და ახალი აღთქმიდან. ასეთი კრებული პირველად შეიქმნა იერუსალიმურ მღვდელმსახურებაში ბერძნულ ენაზე IV ს-ში. ამგვარი კანონ-კრებულის ტექსტობრივი სტრუქტურა დროთა განმავლობში იცვლებოდა საღვთისმსახურო პრაქტიკის სწრაფ განვითარებასა და ლიტურგიკული ცენტრის იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლში გადანაცვლებასთან დაკავშირებით. რადგან იერუსალიმის კანონარის არქაული ტექსტი IV ს–ისა, როგორც მოგვიანო საეკლესიო პრაქტიკაში უხმარი, დაიკარგა, მისი უძველესი სახის რეკონსტრუქციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სხვაენოვან ადრეულ თარგმანებს: სირიულს, სომხურს, ქართულს... ის ფაქტი, რომ იერუსალიმური კანონარი ქართულ ენაზე უკვე V ს-ში უნდა ეთარგმნათ, რასაც ცხადყოფს ხანმეტი ლექციონარის სტრუქტურა (საკითხავებთან არსებული ლიტურგიკული მითითებები), კარგად წარმოაჩენს ქართული ტექსტის მნიშვნელობას ბერძნული ორიგინალის თავდაპირველი სახის რეკონსტრუქციის საქმეში. ხანმეტ ლექციონარში შესული აღდგომის, ბრწყინვალე შვიდეულისა და შვიდი მაისის ჯვრის დღესასწაულისათვის განკუთვნილი საკითხავები უმეტესად ოთხთავიდანაა.

 

ა) ლექციონარში უდიდესი ადგილი უკივია ძველი დი ახალი აღთქმის წიგნებიდან ამოღებულ ღვთისმსახურებაში საკითხავად გამოსაყენებელ ტექსტებს, სწორედ ამის გამო ლექციონარი, ასე ვთქვათ, „გამოკრებილი ბიბლიაა”. ფრანგმა ქართველოგმა, ბერნარ უტიემ, გამოავლინა იერუსალიმური კანონარის ქართული თარგმანის ოცამდე ახალი ფრაგმენტი და წინასწარი დაჯგუფების, საფუძველზე გამოყო: ა) დიდფორმატიანი, ხელნაწერები, რომლებიც გადაწერის ჟამს სრული უნდა ყოფილიყო

 

ბ) გამოკრებილი ლექციონარის ხელნაწერები (სრული ლექციონარიდან მომდინარე), რომლებიც შეიცავს საკითხავებს მხოლოდ ზოგიერთი დღესასწაულისათვის;

 

გ) შემოკლებული ხელნაწერები, ხელახლა შედგენილი მცირე საკრებულოსათვის: მათში სრული ლექციონარის ტექსტი ისეა შემოკლებული, რომ ხან გამოტოვებულია ზოგი დღესასწაული, ხან – ზოგიერთი დღესასწაულის რომელიმე საკითხავი.

 

2. ძველი ქართული ლექციონარის რედაქციები

 

ა) უძველესი ლექციონარი (ხანმეტი)

 

ლექციონართა შორის უძველესია ხანმეტი ლექციონარი. მკვღევართა აზრით, მასში არსებული პირვანდელი (არქაული) ტექსტი თარგმნილი უნდა იყოს V ს-ის I ნახევარში, რადგან ასახავს სწორედ ამ პერიოდის იერუსალიმური ღვთისმსახურების პრაქტიკას (მ. თარხნიშვილი, აკ. შანიძე). ეს ლექციონარი VII ს-შია გადაწერილი: მასში თავდაპირველ ტექსტებს გარკვეული რედაქტირება განუცდიათ. ამჟამად ხანმეტი ლექციონარი (54 გვერდი) დაცულია ქ. გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. მისი ტექსტი ფოტოტიპიურად,გამოკვლევითურთ, გამოსცა აკ.შანიძემ.

 

კ. კეკელიძის აზრით, რომელსაც მ. თარხნიშვილიც ეთანხმება, ლექციონარის ტექსტი VII-VIII სს-თა მიჯნაზე უკვე საგრძნობლად განსხვავდებოდა იმ საღვთისმსახურო წესებისაგან, რომლებიც VII ს-ში (634-644 წწ-ში) შემუშავდა ბერძნულ ენაზე იერუსალიმში ადრე არსებული კანონის შევსება-გავრცობის საფუძველზე. ამიტომ საჭირო გახდა ხელახლა ეთარგმნათ VII ს-ში შექმნილი ლექციონარი. ამ თარგმანს უნდა შეიცავდეს ლატალის, კალის, სინისა და პარიზის ხელნაწერები.

 

ათანასე რენუ, რომელმაც 1967-71 წწ-ში გამოსცა სომხური ლექციონარის ტექსტი უძველესი ნუსხების საფუძველზე ვრცელი გამოკვლევითურთ, ქართულ ლექციონარსაც ეხება და მიაჩნია, რომ ამ ძეგლმა ცვლილება განიცადა თავის პროტოტიპთან მიმართებით და იგი ასახავს V ს-ის II ნახევრიდან VIII ს-ის ნახევრამდე იერუსალიმური კანონის განვითარების სურათს.

 

 

ბ) ძველი ქართული ლექციონარის განვითარების II ეტაპი.

 

აკად. ელ. მეტრეველმა სცადა, გაერკვია შემდეგი საკითხი: VII ს-ში შევსებულ-გავრცობილი ბერძნული ლექციონარი ხელახლა ითარგმნა ქართულად VIII ს-ში, თუ V ს-ში თარგმნილი ლექციონარის ქართულმა ტექსტმა განიცადა ევოლუცია ახალი დღესასწაულებისა და, დროის შესაბამისად, ახალი მასალის თანდათან გაზრდის გზით. მკვლევარმა ამ კარდინალური საკითხის გადასაწყვეტად ხანმეტი და ჰაემეტი ლექციონარის ფრაგმენტები შეუდარა უძველესი სომხური კანონისა და მოგვიანო ქართული ვრცელი ლექციონარის შემცველ ნუსხათა (ლატალის, პარიზის, სინისა და კალის) საერთო ან მსგავს ადგილებს და შემდეგ დასკვნამდე მივიდა: ქართული ვრცელი კანონი არ უნდა იყოს VIII ს-ში თარგმნილი, რადგან მასში გამოყენებულია ხანმეტი ლექციონარის ტექსტი. იმის გამო,რომ ეს ორი რედაქცია გენეტიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ისინი სხვადასხვა დროს შესრულებულ ორ თარგმანად ვერ ჩაითვლება. პირვანდელი ხანმეტი ლექციონარი თავისი ბიბლიური საკითხავებით საფუძვლად დასდებია ახალ, გავრცობილ რედაქციას, რომლის ჩამოყალიბება ბერძნულ ლექციონარში მომხდარი ცვლილებების ასახვას ემსახურებოდა. ხანმეტი ლექციონარის შევსების შედეგად შეიქმნა ვრცელი კანონის თავდაპირველი ვერსია. შევსება მოხდა ახალი ხსენებებითა და ჰიმნოგრაფიული ტროპარებით. კანონის X ს-ის ხელნაწერები (ლატალის, კალის, სინის, პარიზის) შედგენილობით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და არ წარმოადგენენ კანონის თავდაპირველ რედაქციას, ვინაიდან თითოეულ მათგანში მეტ-ნაკლებად ასახულია ცვლილებები, რომლებიც განუცდია კანონს თავისი განვითარების რამდენიმე საუკუნის მანძილზე. ამავე მკვლევარის აზრით,ჰაემეტი ლექციონარი არის ვრცელი კანონის ადრეული სახე. ის წარმოადგენს სრული ლექციონარიდან გამოკრებილი სახარების საკითხავებს, გაწყობილს კანონის მთელი წლის კალენდარზე. ლექციონარის დღემდე მოღწეული ნუსხები (ვრცელი თუ ფრაგმენტული) „ერთი ბერძნული დედნიდან მომდინარე ერთი თარგმანის შევსება-განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავენ“.

 

უკანასკნელი ხანის კვლევამ საგრძნობი კორექტივი შეიტანა იერუსალიმის ლექციონარის ქართულ თარგმანთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში. „იერუსალიმური ლექციონარის“ ქართულ თარგმანს, რომელიც მოღწეულია X-XI სს-ის ნუსხებით (პარიზის, ლატალის, კალის, სინის) ე.ჭელიძე უკავშირებს წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელს. მკვლევრის აზრით, ეს სწორედ ის თარგმანია, რომელიც შეიქმნა გრიგოლ ხანძთელის მეცადინეობით IX ს-ის I მეოთხედში საბაწმიდურ და კონსტანტინეპოლურ წეს-განგებებზე დაყრდნობით. ამგვარი ,,საწელიწდო განგებაი” მანამდე ქართულად სრული სახით რომ არსებულიყო, გრიგოლ ხანძთელი ამდენ დროსა და შრომას არ დახარჯავდა და თავიდან არ დაიწყებდა ბერძნული კანონარის თარგმნისათვის ზრუნვას. საბაწმიდური ტიპიკონი, რომელიც გრიგოლ ხანძთელს საგანგებოდ ჩამოუტანეს იერუსალიმიდან, არქეტიპი უნდა ყოფილიყო იმ წეს-განგებისა, რომელსაც თვით გიორგი მერჩულე ხაზგასმით უწოდებს „ეკლესიის განგებას“ და რომელიც „იერუსალიმურ ლექციონარად“ და „,,დიდ კანონად”, ანუ იერუსალიმის აღდგომის ეკლესიის ტიპოსად არის ცნობილი. „კონსტანტინეპოლის წეს-განგება“ „მეორე იერუსალიმის“ წეს-განგებაა, პირველი, ანუ ნამდვილი იერუსალიმისა კი არის საბაწმიდიდან ჩამოტანილი. IX-X სს-ის ტაო-კლარჯეთში, საქართველოს იმდროინდელი საღვთისმსახურო მოღვაწეობის ცენტრში, ფუნქციონირებდა წერილობით არსებული „განგებათ ეკლესიისაი“, რაც უეჭველად წარმოადგენდა კაპიტალურ საწელიწდო ტიპოსს და, შესაბამისად, უიგივდება ქართულ ენაზე არსებულ ამ ეპოქის ერთადერთ ანალოგიურ ძეგლს, „იერუსალიმის ლექციონარს“, რომელიც განკუთვნილი იყო როგორც სამრევლო, ისე სამონასტრო ღვთისმსახურებისათვის.

 

მტკიცებულებები იმისა, რომ ხსენებული ქართულენოვანი, „იერუსალიმური ლექციონარი“ თავისი პირველსაფუძვლით სწორედ ბერძნულიდან შესრულებული თარგმანია და არა საუკუნეების მანძილზე საკუთრივ ქართულ ნიადაგზე „ხანმეტი ლექციონარიდან“ ეტაპობრივად ჩამოყალიბებული რედაქცია, შემდეგია:

 

ა) არ არსებობს გენეტიკური ტექსტობრივი კავშირი (იგულისხმება კალენდარულ-ჰეორტოლოგიურ ნაწილში) „ხანმეტ ლექციონარსა“ და „იერუსალიმის ლექციონარს“ შორის. ეს ორი ძეგლი ერთიმეორისაგან დიამეტრულად სხვაობს.

 

ბ) ,ლექციონარის“ ქართულ თარგმანში წარმოდგენილი მისი უძველესი სახელწოდება – „ესე განგებანი და განწესებანი მოძღუართა მიერ მართლმორწმუნეთა, რომელსა ჰყოფენ იერუსალემს“ – ასეთი უცვლელი სახით ვერ შენარჩუნდებოდა, თუ დავუშვებთ VI ს-იდან დაწყებული 2-3 საუკუნის მანძილზე ტექსტის მრავალ შედარება-რედაქტირებას.

 

 

გ) „იერუსალიმური ლექციონარის“ ქართულ თარგმანში დაცულია იერუსალიმის უძველესი ტოპონიმური მითითებანი, რომელთა შემდგომი ჩართვაც შეუძლებელია ვივარაუდოთ „ხანმეტი“ ლექციონარის ეტაპობრივი შევსების დროს, რადგან იერუსალიმის გარეთ მოღვაწე პიროვნებისათვის ამისი არავითარი საჭიროება არ არსებობდა - ეს იყო სპეციფიკური იერუსალიმური რეალიები და ლიტურგიკული ასპექტით სრულიად გამოუყენებელი. ე.ი. „იერუსალიმის ლექციონარის“ ქართულ თარგმანში შენარჩუნებულია აღნიშნული ლექციონარის არქეტიპი - ყველაფერი ამით „ხანმეტი ლექციონარი“ ქართულ ნიადაგზე საუკუნეების მანძილზე ვერ შეივსებოდა. ამგვარად, „იერუსალიმური ლექციონარის“ სახით გვაქვს VIII ს-ის იერუსალიმური კალენდარულ-ჰეორტლოგიური წეს-განგების IX ს-ის I მეოთხედში შესრულებული საბაწმიდური ქართული თარგმანის ტაო-კლარჯული რედაქცია.

 

ვრცელი მსჯელობისა და ფაქტობრივი მასალის მოტანის შემდეგ ე. ჭელიძე ასკვნის: „ის ფაქტი,რომ „ხანმეტ ლექციონარსა“ და „დიდ კანონს“ („იერუსალიმის ლექციონარს“) შორის ლიტურგიკულად თანმხვედრ ტიპიკარულ ადგილებში არ მოიპოვება ტექსტობრივი დამთხვევის (ან მცირედი მსგავსების) არც ერთი ნიმუში, აშკარად ცხადყოფს (ზემორე არგუმენტებთან ერთად), რომ მათი სახით საქმე გვაქვს ორ სრულიად სხვადასხვა ძეგლთან. რაც შეეხება ახალი აღთქმის საკითხავთა რედაქციულ თანხვდომას, ეს არის არა საკუთრივ ამ ორი ძეგლის თანხვდომა ურთიერთთან, არამედ ორივესი (და კიდევ სხვა მრავალი ქართულენოვანი ტექსტის) ჯრუჭ-პარხლის რედაქციასთან, რაც, როგორც ცნობილია, ვულგატის ფუნქციას ასრულებდა წინაათონურ ეპოქაში.

 

მეორე უძველესი ქართული ლექციონარი არის „ჰაემეტი ლექციონარი“ ეს არის პალიმფსესტით (ქვედა, გადარეცხილი ფენით) მოღწეული ტექსტი. მისი 51 ფურცელი, რომელიც აკ. შანიძემ ამოიკითხა, გამოაქვეყნა და VIII ს-ით დაათარიღა, დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (H 1329); მისი მეორე ნაწილი, სოფელ იფარში ნაპოვნი, ადრე მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახებოდა, დღესდღეობით კი ისიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული (Q 333). ელ. მეტრეველმა ამ ძეგლს ლიტურგიკული კვალიფიკაცია მისცა, აღნიშნა, რომ იგი „წარმოადგენს კანონის ტიპის ლექციონარიდან გამოკრებილ მთელი წლის სახარების საკითხავების კრებულს“ (უძველესი იადგარი... გვ. 82). ე. ჭელიძემ ზემოთ დასახელებულ ნაშრომში (გვ. 790-810) გადასინჯა როგორც ძეგლის აკაკი შანიძისეული დათარიღება (VIII ს), ასევე მისი გამოკრებილობის საკითხი. მისი აზრით, ,,ჰაემეტი ლექციონარი“ არის IX ს-ის I მეოთხედის ძეგლი („,იერუსალიმურ ლექციონარზე” უწინარესი), როდესაც ჰაემეტობის ეპოქის ძეგლები ჯერ კიდევ იხმარებოდა და ამით აიხსნება მასში ჰაემეტი ოთხთავიდან გადმოსული ფორმები. მაგრამ ჰაემეტი ოთხთავიდან აღებული ტექსტების გამოყენება არ გულისხმობს თვით ძეგლის ჰაემეტობას - ამ ლექციონარის ტიპიკონურ მითითებებში არსად დასტურდება თუნდაც უმნიშვნელო არქაული ენობრივი მოვლენა, სიახლე კი აშკარად არის: მასში არ გვხვდება ჰაემეტი ფორმები; I თურმეობითში ნაცვლად ძველი, „იეს“ დაბოლოებისა, იხმარება ახალი, „ია“ დაბოლოება; არის მოგვიანო ხანის ტერმინოლოგიური მახასიათებელიც (,ამინიშნავს“ ფორმა). რაც შეეხება „ჰაემეტი ლექციონარის“ გამოკრებილობას, ამ აზრის გაჩენის საფუძველი გახდა ბიბლიური ტექსტიდან მასში ოდენ სახარების საკითხავების არსებობა. ე. ჭელიძის აზრით, ეს არ არის არგუმენტი ამ ძეგლის გამოკრებილობისა. მხოლოდ სახარებისეული საკითხავების არსებობა უნდა აიხსნას იმით, რომ „ჰაემეტი ლექციონარი“ წარმოადგენს „იერუსალიმური დიდი კანონის“ ლიტურგიკული ბირთვის თავდაპირველი (IX ს-ის IL მეოთხედის) თარგმანის ფრაგმენტს, რაც მალევე, ეპოქის მოთხოვნილების გამო, აუცილებლად შეივსებოდა სხვა საკითხავებითაც და ხსენებებით თავიანთი განგებებითურთ როგორც ტაო-კლარჯეთში, ასევე საბაწმიდაში. სავარაუდოა, რომ დროით 'შემოსაზღვრულ მთარგმნელს საბაწმიდური განგების შექმნისას გაუჭირდებოდა ყველა ბიბლიური წიგნის ქართული თარგმანის მოპოვება. ე.ჭელიძე გამოკვლევაში ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდაპირველი, უადრესი ფენა ლექციონარში წარმოდგენილი ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისა უკვე არსებული ქართული რედაქციების მიმყოლია და არ წარმოადგენს დამოუკიდებელ თარგმანს (შდრ.: კ. დანელია, ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი; ნაწ. I გვ: 517, ნაწ.II გვ.511). ამიტომ მთარგმნელმა გადმოიღო მხოლოდ სახარების ტექსტი და ჩათვალა, რომ დანარჩენი ნაწილის შევსება მერეც არ გაჭირდებოდა სრულად თარგმნილი კალენდარულ-ჰეორტოლოგიური ნაწილის არსებობის პირობებში. ამ ვარაუდის ერთ-ერთი დამადასტურებელი არგუმენტი ისიც არის რომ სახარების საკითხავები „იერუსალიმურ ლექციონარში ფორმალურად გამიჯნულია სხვა საკითხავებისაგან იმით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ არ ეწოდებათ ლექციონარში „საკითხავი („ხანმეტ ლექციონარში“, განსხვავებით „ჰაემეტი ლექციონარისა“ და „იერუსალიმური ლექციონარისაგან“ მათ, ისევე როგორც სხვა ბიბლიური წიგნებიდან ამოღებულ ტექსტებს, „საკითხავები“ ეწოდებათ. ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია მათი სხვადასხვა წარმომავლობის სავარაუდოდ). აქედან გამომდინარე, ე. ჭელიძე ასკვნის,რომ „ჰაემეტი ლექციონარი“ წარმოადგენს არა ვრცელი ქართულენოვანი „იერუსალიმური ლექციონარიდან“ გამოკრებილ ძეგლს, არამედ ხსენებული ლექციონარის პირველადი (პირველთარგმნილი) ტექსტობრივი პლასტის შემცველ წეს-განგებას.

 

ლექციონარის ქართული თარგმანის ქრონოლოგიის, სტუქტურისა და ხელნაწერთა რედაქციული მიმართების რთული საკითხების შესწავლისას მკვლევართა (ჰ. ლეები,ელ. მეტრეველი..) ინტერესს ამ მიმართულებით დიდად განაპირობებდა ქართული იადგარის ისტორიის დადგენის სურვილი. ელ. მეტრეველი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უძველესი იადგარი არ არის დამოუკიდებელი თარგმანი. მან ლექციონარის ტექსტისაგან მიიღო კალენდარი, განგებანი და პოეტური მასალაც. შემდეგ ასეთი იადგარი შეივსო ბერძნულიდან თარგმნილი ახალი პოეტურ-ლიტურგიკული მასალით და ამ გზით მივიღეთ ორფენოვანი ჰიმნოგრაფიული კრებულები. ელ. მეტრეველის აზრით, ლექციონარებიდან იადგარების ცალკე კრებულებად გამოყოფა უნდა მომხდარიყო VII ს-ის შუა წლებამდე. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრება არსებობს. გარკვეული მასალის გაანალიზების საფუძველზე ედ. ჭელიძე ას კვნის: „იერუსალიმური ლექციონარი“ და „ძველი საწელიწდო იადგარი“ ორი სხვადასხვა წარმომავლობის ლიტურგიკული ძეგლია,რომელთაგან პირველი („იერუსალიმური ლექციონარი“-ს ქართული ტექსტი) არქეტიპულად ოდენ IX ს-ის დამდეგის თარგმანს წარმოადგენს და, შესაბამისად, ბუნებრივ ნიშნად განიკუთვნებს თავისი ბერძნული დედნის კალენდარულ რაგვარობას - შობის წელიწადს, მეორე კი („ძველი საწელიწდო იადგარი“) საქართველოში ადრეული ეპოქიდანვე დამკვიდრებული ლიტურგიკული ტრადიციის ღვიძლი შვილია და ისიც ასევე ბუნებრივ ნიშნად შეიცავს ამ ტრადიციის არსებით მახასიათებელს – ხარების წელიწადს“ (დასახ. ნაშრ. გვ. 867-872).

 

 

გ) ლექციონარში შეტანილ ბიბლიურ საკითხავთა წყარო.

 

ლექციონარის ბიბლიური საკითხავების შესწავლას ორმხრივი მიზანი აქვს: ფილოლოგიური და ენათმეცნიერული. ფილოლოგიური თვალსაზრისით ეს იძლევა ძვირფას მასალას ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ისეთი კარდინალური საკითხების გადასაწყვეტად, როგორებიცაა: ქართული ეკლესიის უძველესი კონტაქტები აღმოსავლეთის ქრისტიანულ ცენტრებთან; ბიბლიური წიგნების ძველი ქართული რედაქციების რაობა; ამ რედაქციებსა და ლექციონარში შესული საკითხავების ურთიერთმიმართება და სხვ. ენათმეცნიერული თვალსაზრისით ბიბლიური საკითხავები წარმოადგენს უძველეს წერილობით მასალას ქართული ენის ისტორიული გრამატიკისა და ქართული სამწერლობო ენის სხვადასხვა უბნის (ფონეტიკის, გრამატიკის, ლექსიკის, სტილური საშუალებების) შესასწავლად.

 

ქართული სამწერლობო კულტურის ამ უძველესი ძეგლის მრავალმხრივ მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ, როგორც ეს სხვადასხვა მკვლევრის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ ცხადყო, ბიბლიური საკითხავების საგრძნობი ნაწილი დამოუკიდებელ თარგმანს წარმოადგენს და არა ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანიდან მზამზარეულად შეტანილს ლექციონარში.

 

ამდენად, ლექციონარის საკითხავები,არსებითად,ქართული სამწერლობო ენის დამოუკიდებელი და ერთ-ერთი «უძველესი ნიმუშია. ამ გარემოების გათვალისწინებით, ნათელი ხდება, თუ რატომ განსხვავდება ზოგ ნაწილში ლექციონარში წარმოდგენილი ბიბლიური ტექსტები ძველი ქართული თარგმანებისაგან, ანუ, ფაქტობრივად, სხვა თარგმანს წარმოადგენს, ხოლო ზოგიერთ ნაწილში იდენტურნი არიან. ლექციონარის საკითხავებისა და ბიბლიური თარგმანის ურთიერთმიმართების დადგენისას ყველაზე რთული დაბრკოლება ის არის, რომ როგორც ერთის, ასევე მეორის ტექსტები მოღწეულია არა თავდაპირველი, არამედ გადამუშავებული სახით. მათი თარგმნისა (V ს.) და მოღწეულ ხელნაწერთა შექმნა-გადაწერის დრო (VII-VIII სს. ხანმეტი ფრაგმენტებისა და IX-XI სს. მეტ-ნაკლებად სრული ნუსხებისა) საგრძნობლად არის დაშორებული ერთმანეთს და უცნობია, რომელ ტექსტში რა მასშტაბის ცვლილებებია შეტანილი. ფაქტი ის არის, რომ ლექციონარისა და ბიბლიური თარგმანის დღემდე მოღწეულ საერთო ტექსტებში მსგავსი და იდენტური საგრძნობლად მეტია, ვიდრე განსხვავებული. ამ გარემოების გათვალისწინებით, ზოგი მკვლევარი ვარაუდობდა,რომ ლექციონარში საკითხავები მზამზარეულად უნდა ყოფილიყო შეტანილი ადრე არსებული ბიბლიური წიგნების ქართული თარგმანიდან (კ. კეკელიძე პ. ინგოროყვა, მ. თარხნიშვილი, ბ. უტიე). კ.კეკელიძემ მოგვიანებით შეიცვალა თავისი თვალსაზრისი: ,ლექციონარებში იშვიათად შეჰქონდათ მზამზარეული თარგმანიდან ადგილები, უფრო ხშირად მათ ხელახლა, დამოუკიდებლად თარგმნიდნენ ხოლმე, მომეტებულ ნაწილად – ბერძნული ენიდან. ასეთ კრებულებს ბიბლიის ტექსტის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს (კ. კეკელიძე,ძვ. ქართ. ლიტერ. ისტორია ტ. 1, 1960,გვ. 431). პარიზის ლექციონარის გამომცემელმა, კ· დანელიამ, საგანგებოდ შეისწავლა ეს საკითხი და დაასკვნა: ,,ლექციონართა ბიბლიური საკითხავების გარკვეული (ძველი) ფენა მომდინარეობს არა ადრე არსებულ ბიბლიურ წიგნთა ქართული თარგმანიდან, არამედ წარმოადგენს დამოუკიდებელ თარგმანს, რასაც სხვა გარემოებებთან ერთად ცხადყოფს შემდეგი ფაქტი: გამეორებული (ორჯერ შეტანილი) ბიბლიური საკითხავები ტექსტუალურად განსხვავებულნი არიან, რაც არ იყო მოსალოდნელი, თუ საკითხავები ბიბლიურ წიგნთა ადრე არსებული თარგმანიდან იქნებოდა აღებული; რადგან დროთა განმავლობაში ლექციონარი ივრცობოდა არა მარტო კალენდარულად, არამედ ბიბლიური საკითხავებითაც, ამ უკანასკნელთა ნაწილი (მოგვიანო, მეორე პლასტისა) აღებულ იქნა უშუალოდ ბიბლიურ წიგნთა ადრე არსებული თარგმანიდან.“ (შდრ. ე· ჭელიძე, ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა.., გვ. 867-872).

 

ახალი აღთქმის წიგნების ქართულ ვერსიებთან ლექციონარის საკითხავების შედარება ცხადყოფს, რომ საკითხავები, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ხან ერთ ვერსიას მიჰყვება, ხან – მეორეს,მაგრამ არა გვიანდელებს. ოთხთავის ნაწილში ლექციონართა საკითხავები ხან პროტოვულგატას უჭერს მხარს, ხან ადიშის რედაქციას. ეს ფაქტი იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ადიშური რედაქციის ტექსტი ცნობილი ხელნაწერის (897 წ.) უწინარესი სხვა ნუსხებითაც უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომლებითაც შეეძლოთ ესარგებლათ ლექციონარის გამავრცობელთ თუ რედაქტორთ.

 

ლექციონარებში ბიბლიური საკითხავების შეტანა გარკვეულ პრინციპს ემყარებოდა: ბიბლიის კანონიკურ ტექსტთან შედარებით საკითხავად მოტანილი ტექსტი ზოგჯერ მოკლდებოდა, იკუმშებოდა, გამოიტოვებოდა მთელი მუხლი თუ მუხლების ნაწილი, რის შედეგადაც შეირწყმებოდა მომიჯნავე მუხლები. მატება ბიბლიურ წიგნთა თარგმანში ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან სულიწმიდის მადლით დაწერილ ტექსტში შეგნებულად რაიმეს ჩამატება მკრეხელობა იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ბიბლიურ წიგნთა ქართულ რედაქციებში მაინც არის კონკრეტული ადგილების გავრცობილი თარგმანის ფაქტები, რომლებიც სამი სახისაა:

 

1. გლოსალურ-ჰენდიადისური;

 

2. სიტუაციური;

 

3. ასოციაციური.

 

ასეთი გავრცობა ლექციონარის ბიბლიურ საკითხავებშიც შეინიშნება. მაგ: ლუკა 16,24-ში პარიზის ლექციონარში არის სიტუაციური გავრცობა: დამატებული აქვს ფრაზა – ,მოუსუას ბაგეთა ჩემთა“, რომელსაც არ მოეპოვება არც ქართულ თარგმანში, არც უცხოენოვან რედაქციებში; „საქმე მოციქულთას“ II თავის მე-13 მუხლში პარიზის ლექციონარს დამატებული აქვს ფრაზა: „და რაიცა ჰნებავს, მასცა იტყვიან“ – ესეც სიტუაციური გავრცობის მაგალითია.

 

ლექციონართა ძველი აღთქმის საკითხავებში მცდარი ფორმები მეტია, ვიდრე ახალი აღთქმის საკითხავებში. იგივე ვითარებაა ბიბლიურ წიგნთა თარგმანებში. ამის მიზეზი ის არის, რომ ახალი აღთქმის წიგნთა ქართული თარგმანი, როგორც საეკლესიო პრაქტიკაში უფრო სახმარი წიგნი, საუკუნეების მანძილზე უსწორებიათ ბერძნული წყაროს კვალობაზე. ამიტომ შეცდომები მათში ნაკლებია.

 

პარიზის ლექციონარი (XI ს.) ამჟამად დაცულია პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. ეს ხელნაწერი 1731 წ-ს თბილისიდან კონსტანტინეპოლში იქნა ჩატანილი კაპუჩინ მისიონართა მიერ, საიდანაც იგი შემდებ ვატიკანის ბიბლიოთეკაში მოხვდა, ნაპოლეონ I-ის დროს კი რომიდან პარიზში ჩაიტანეს. ამ ხელნაწერის სათაურია: „კანონი წელიწადისაი წესისაებრ ქალაქისა იერუსალიმისა“.

 

ლატალის ლექციონარი (X ს.) 1910 წ-ს აღმოაჩინა თ. ჟორდანიამ ლატალის თემის სოფელ ლაჰილში, წმ. გიორგის ეკლესიაში. ამჟამად იგი დაცულია მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ამ ლექციონარის სახელწოდებაა: „ესე განჩინებაი და განწესებაი მოძღუართა მიერ მართლმორწმუნეთა, რომელსა იყოფენ იერუსალემს“.

 

კალის ლექციონარს (X ს.) კ. კეკელიძე წააწყდა 1912 წ-ს სვანეთში მოგზაურობისას. იგი ინახებოდა სოფ. კალაში, კვირიკესა და ივლიტეს სახელობის ეკლესიაში. ეს ლექციონარი ლაგურკის ლექციონარის სახელწოდებითაც არის ცნობილი (ლაგურკა წმ. კვირიკეს ეკლესიას ეწოდება). სვანეთიდან კალის ლექციონარი სოლომონ იორდანიშვილმა ჩამოიტანა თბილისში და მას შემდეგ ის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება.

 

სინის ლექციონარი (X ს.) ალ. ცაგარელმა სინის მთაზე მოგზაურობისას ნახა და აღწერა. მისი სახელწოდებაა: „ესე განგებანი და განწესებანი მოძღუართა მიერ მართლმორწმუნეთა, რომელსა ჰყოფენ იერუსალიმს“. სინის ლექციონარი თარიღიანია: ის 982 წელს გადაუწერია იოანე ზოსიმეს. ამავე იოანე ზოსიმეს სახელი, როგორც გადამწერისა, შეუნარჩუნებია ლატალის ხელნაწერსაც. კ· კეკელიძე თვლიდა, რომ ლატალის ლექციონარი მომდინარეობს სინის ლექციონარიდან, მაგრამ არა უშუალოდ, არამედ რომელიღაცა შუალედური ხელნაწერის მეშვეობით.

 

ამ ოთხი ხელნაწერის შედარებამ ცხადყო, რომ მათში არსებული ტექსტი ერთი რედაქციისაა. გამოვლინდა რედაქციულად განსხვავებული მუხლების გარკვეული რაოდენობაც. ამ განსხვავებული მუხლების შედარებამ ოშკის (978 წ.) ბიბლიასთან, ბერძნულ სეპტუაგინტასა და სომხურ ბიბლიასთან აჩვენა, რომ ამ უკანასკნელთ მისდევს არა ეს ერთმანეთისაგან რედაქციულად განსხვავებული მუხლები, არამედ ძირითადი ტექსტი,რომელიც ყველა ლექციონარში საერთოა. ეს განსხვავებული მუხლები არის რომელიღაცა სხვა რედაქციის კვალი, შესაძლოა, ის თავდაპირველი ფენა, რომელიც ბერძნული ლექციონარიდან მომდინარეობს და ხელნაწერთა დაზიანების გამო სხვადასხვა წყაროებით არის აღდგენილი.

 

ლექციონარის ქართული თარგმანის ენა არსებითად კლასიკური ძველი ქართულის (V-X სს.) ნორმებს მისდევს. მაგრამ მოგვიანო (XI ს.) პარიზული ხელნაწერი ამჟღავნებს, რომ ტექსტს მსუბუქი ენობრივი მოდერნიზაცია მაინც უნდა განეცადა გადამწერთა თუ რედაქტორთა ხელში. ამის შედეგი უნდა იყოს ის ლექსიკური და გრამატიკული ნეოლოგიზმები, რომლებიც ამ ხელნაწერის ტექსტს ახასიათებს.

 

ქართული ლექციონარის მეცნიერულ შესწავლას სათავე დაუდო კ. კეკელიძემ, რომელმაც X ს-ის ორი სვანური (ლატალისა და კალის) ხელნაწერის მიხედვით 1912 წელს გამოსცა „იერუსალიმური კანონის“ ქართული თარგმანის კალენდარული ნაწილი რუსული თარგმანითურთ, გამოკვლევითა და საღვთისმსახურო ტერმინების მოზრდილი ლექსიკონით. ეს შრომა გამოცემიდან ოთხ წელიწადში ითარგმნა ბერძნულ და გერმანულ ენებზე.

ქართული ლექციონარის ხელნაწერთა ასე თუ ისე სრული გამოცემის დიდი საქმე იტვირთა მ. თარხნიშვილმა. მან ყველაზე სრული პარიზული ნუსხა შეავსო ლატალის ხელნაწერიდან, ხოლო ვარიანტებში უჩვენა იკითხვისები იმავე ლატალის,

 

კალისა და სინის ხელნაწერებიდან, აგრეთვე ხანმეტი ლექციონარის და ჰაემეტი ლექციონარის (პალიმფსესტის) ფრაგმენტებიდან. მ. თარხნიშვილის გამოცემა შეიცავს ქართული ლექციონარის მხოლოდ კალენდარულ-ლიტერატურულ ნაწილს, ხოლო ბიბლიური საკითხავები, რომელთაც ტექსტში უდიდესი ადგილი უჭირავთ, წარმოდგენილია დასაწყისი და დასასრული ფრაზებით, მითითებულია თავებისა და მუხლების მაჩვენებლებიც. ეს ნაშრომი ორ წიგნად გამოვიდა უკვე მ. თარხნიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1959-1960 წწ-ში. გამოცემა შეიცავს ქართულ ტექსტსა და ლათინურ თარგმანს

 

1987-1997 წწ-ში კ. დანელიამ გამოაქვეყნა ლექციონარების უდიდესი და უმთავრესი ნაწილი – ღვთისმსახურების მთელი წლის მანძილზე გაწყობილი ბიბლიური წიგნების საკითხავები პარიზის ლექციონარის საფუძველზე ორ წიგნად. ეს გამოცემა შეიცავს ვრცელ გამოკვლევასაც, რომელსაც ნაწილობრივ ვეყრდნობით ჩვენი მსჯელობისას.

 

პალიმფსესტი (ბერძნ. παλίμψηστον, παλιν ისევ, ხელახლა და ψαω ვფხეკ, ვშლი) — ხელნაწერი (ჩვეულებრივ ეტრატი), რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად. ეტრატი ძვირი ჯდებოდა, ამიტომ გამოუსადეგარ ტექსტს რეცხავდნენ და მასზე ხელმეორედ წერდნენ ახალს, მაგრამ მელანი ისე იყო ტყავში გამჯდარი, რომ ძველი ტექსტის კვალი მაინც არ ქრებოდა და ქვედა ფენის ამოკითხვა შესაძლებელი იყო.