მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

ძველი აღთქმის ქართული რედაქციები;
ბიბლიის წიგნთა ქართული თარგმანის შემცველი კრებულები.

 

ბიბლიის წიგნთა ქართული კრებული

 

ბიბლიის წიგნთა ქართულ ენაზე თარგმნა ქვეყანაში ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელებისთანავე, IV საუკუნიდან უნდა დაწყებულიყო. ამას ამოწმებს ხანმეტი პალიმფსესტები, რომლებიც უძველეს ენობრივ-სალიტერატურო ფენას ინახავენ. თუმცა ამ პერიოდიდან ხდება არა მთლიანად, არამედ ბიბლიის ცალკეული ნაწილების (ინდივიდუალურად ცალკეული წიგნის) თარგმნა; შემდეგ ხდებოდა ცალკეული წიგნების ერთად შეკრება, რედაქტირება და ერთ კრებულად ჩამოყალიბება. საკუთრივ კრებულად ჩამოყალიბება კი საკმაოდ გვიან პერიოდამდე (X საუკუნემდე) არ ჩანს. ბიბლიის სრული რედაქცია უეცრად არ შეუდგენიათ. მას წინ უსწრებდა ძველი აღთქმის რამდენიმე წიგნის თავმოყრით შეკრული ხელნაწერების არსებობა, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ძველი აღთქმის სრული კრებული.

 

დღეისათვის ჩვენამდე ბიბლიის (კერძოდ, ძველი აღთქმის) წიგნთა ძველი ქართული თარგმანის შემცველმა 60-ზე მეტმა ხელნაწერმა და ფრაგმენტმა მოაღწია. აქედან ბიბლიის წიგნთა , როგორც შედარებით სრულ კრებულზე, მხოლოდ ოშკისა (X ს.) და მცხეთის (XVII-XVIII სს.) ბიბლიებზე შეიძლება საუბარი.

 

დღეისათვის ცნობილია ბიბლიის წიგნთა ძველი ქართული თარგმანის შემცველი სამი მეტ-ნაკლებად სრული კრებული: ოშკის, მცხეთური და ბაქარის ბიბლიები (ეს უკანასკნელი ახალი აღთქმის ტექსტებსაც შეიცავს).

 

ოშკის ბიბლია

 

წიგნი გადაწერილია 987 წ. დღეისათვის შეიცავს 954 ფურცელს. აკინძულია ორ ტომად. შესრულებულია მაღალი ხარისხის ეტრატზე. ჰყავს სამი კალიგრაფი გადამწერი: მიქაელი, სტეფანე და გიორგი. ნაწერია ნუსხურად, სათაურები - მრგვლოვანით. ერთვის გადამწერისა და დამფინანსებლის, ანუ მომგებლის ანდერძები. შედის: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, მსაჯულთა, რუთი, იობი, ესაია, იერემია, ბარუქი, გოდება, ეპისტოლე იერემიასი, ეზეკიელი, დანიელი, ეზრა I, ეზრა II, ნაუმი (ნეემია), ეზრა სუთიელი, ესთერ-მარდოქე, ივდითი, ტობი, I მეფეთა, II მეფეთა, III მეფეთა, IV მეფეთა, იგავნი, ეკლესიასტე, სიბრძნე სოლომონისნი, ისო ზირაქი და მცირე წინასწარმეტყველთა 12 წიგნი; ხელნაწერის დაზიანების გამო დაკარგულია: რიცხვთა, II სჯულისა და ისო ნავეს წიგნები.

 

საინტერესოა, რომ ოშკის ბიბლიის ეს ნუსხა არ შეიცავს ფსალმუნს, რადგანაც ეს უკანასკნელი ღვთისმსახურებაში დამოუკიდებლად გამოსაყენებელ წიგნს წარმოადგენდა.

 

ბიბლიის სრული რედაქცია უეცრად არ შეუდგენიათ. მას წინ უსწრებდა ძველი აღთქმის რამდენიმე წიგნის თავმოყრით შეკრული ხელნაწერების არსებობა, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ძველი აღთქმის სრული კრებული. სავსებით ბუნებრივია, რომ პირველი ასეთი წიგნი გადაიწერა დიდი გამოცდილების სამწიგნობრო სირცეში - ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, ოშკის ტაძარში. სწორედ ამ წიგნმა ჩაუყარა საფუძველი ათონის ივერთა მონასტრის ქართულ ბიბლიოთეკას. მისი დამკვეთი და ფინანსურად უზრუნველმყოფი პირია ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელი, მხედართმთავარი დავით კურაპალატის კარზე, შემდგომ ბერად აღკვეცილი და სვინგელოზის ტიტულის მატარებელი თორნიკე ჩორჩანელი, რომელსაც ბერობაში ეწოდა იოვანე-თორნიკყოფილი. XIX ს-ში ხელნაწერი ასლის დამზადების მიზნით წიგნი საქართველოში ჩამოიტანა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ პლატონ იოსელიანმა. ბიბლიის გადაწერის შემდგომ იგი კვლავ ათონის მთაზე დააბრუნეს. იგი დღესაც ათონის მთის წიგნსაცავის ქართულ კოლექციაში ინახება.

 

 

მცხეთის ბიბლია

 

მცხეთის ბიბლია ცნობილია, ასევე, „მცხეთური ხელნაწერის“ სახელით. მას სხვაგვარად საბას ბიბლიასაც უწოდებენ. იგი შეადგინა დიდმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, ცნობილმა ლექსიკოლოგმა და ფილოლოგმა, სულხან-საბა ორბელიანმა (1658-1725 წწ.). მცხეთის ბიბლია გადაწერილია რამდენიმე პირის მიერ. ერთ-ერთი გადამწერი თვითონ სულხან-საბაცაა (იგულისხმება ხელნაწერის მხედრული ხელით ნაწერი ნუსხურად ნაწერ რამდენიმე სხვა ადგილთან ერთად). კრებულში შეტანილია ძველი აღთქმის 44 დასახელების წიგნი.

 

აღსანიშნავია მცხეთური ბიბლიის ორი მთავარი თავისებურება:

 

1) მისი ცალკეული ნაწილების რედაქციული მრავალფეროვნება და

 

2) ბიბლიის სომხურ - ლათინური ვერსიების ფართო გამოყენება, როგორც კრებულის სტრუქტურის, ისე მისი ცალკეული წიგნების ტექსტობრივი სწორების მხრივ.

 

კრებულის უდიდეს ნაწილში გამოყენებულია უძველესი, ოშკის ბიბლიის მიმყოლი რედაქციის ტექსტები; ფსალმუნთა წიგნისათვის მას უსარგებლია გიორგი ათონელისეული რედაქციის ტექსტით. რედაქციულად მცხეთური ბიბლია ზოგიერთ შემთხვევაში ახლოს დგას როგორც იერუსალიმურ, ისე ოშკურ ბიბლიებთან, თუმცა მათ შორის სხვაობა ბევრია.

 

 

ბაქარის ბიბლია

 

ბიბლიის მესამე, შეიძლება ითქვას, ყველაზე სრული კრებული, რომელიც ნაბეჭდი სახით არსებობს, ე. წ. მოსკოვური ბიბლიაა. მას ბაქარის ბიბლიასაც ვუწოდებთ. მოსკოვური ბიბლია დაიბეჭდა ქალაქ მოსკოვში 1743 წელს. იგი შეიცავს ძველი აღთქმის ყველა წიგნს და მთელ ახალ აღთქმას. ეს გამოცემა განხორციელდა გადასახლებაში მყოფი, ვახტანგ VI-ის შვილის, უფლისწულ ბაქარის (1700-1750 წწ.) სახსრებით. ბიბლიას წინ უძღვის ბაქარის წინასიტყვაობა და ამთავრებს მისი ძმის, ვახუშტის (1696-1757 წწ.), ბოლოსიტყვაობა. ეს წინასიტყვაობა და ბოლოსიტყვაობა მოიცავს ცნობებს არა მარტო ამ გამოცემის შესახებ, არამედ, ზოგადად, ბიბლიის ქართული თარგმანის ისტორიასაც. ამ ბიბლიის შედგენისა და გამოცემის ისტორია მოთხრობილია მისი გამომცემლების − ბაქარ ბატონიშვილის წინასიტყვაობასა და ვახუშტი ბატონიშვილის ანდერძში.