მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

ძველი აღთქმის წიგნთა კანონიზაციის ისტორია.

 

ეკლესიური მოძღვრების თანახმად, ბიბლია (ძველი და ახალი აღთქმა) იქმნებოდა და იწერებოდა ცამეტი საუკუნის მანძილზე. ძველი აღთქმა თარიღდება ჩვ.წ. აღ.-მდე XII-II საუკუნეებით: უძველესია „მოსეს ხუთწიგნეული“, უგვიანესი - „მაკაბელთა წიგნები“. რაც შეეხება ახალი აღთქმის წიგნებს, დაწერილია ჩვ. წ. აღ.-ით I საუკუნეში იესო ქრისტეს მოციქულებისა და მოწაფეების მიერ.

 

ძველი აღთქმის წიგნების რედაქტირება და კანონიზაცია მჭიდროდ უკავშირდება ძველი ებრაული მონოთეისტური კონცეფციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. მისი კანონიზაცია დაიწყო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ – ჩვ. წ. აღ.-მდე V საუკუნიდან და დამთავრდა დაახლოებით ჩვ. წ. აღ.-ით II საუკუნეში.

 

ძველი აღთქმის წმინდა წერილის წიგნების შეკრება და დაკანონება იწყება ჩვ. წ. აღ-მდე V საუკუნიდან და დაკავშირებულია ეზრასა და ნეემიას სახელებთან. იუდეის დაცემისა და ხალხის ბაბილონში გადასახლების შემდეგ (ჩვ. წ. აღ.-მდე 587 წ.) ერში რელიგიური და სჯულისეული ცხოვრება შესუსტდა. როდესაც 70 წლიანი ტყეობის შემდეგ ერი დაბრუნდა სამშობლოში, საჭირო იყო რელიგიური გრძნობების კვლავ აღდგენა და გაღვივება. ეს ღვაწლი თავს იდვეს, როგორც უკვე ვახსენეთ, ეზრამ და ნეემიამ. მათ ხალხს მოუწოდეს, რომ ბაბილონური წეს-ჩვეულებები უკუეგდოთ და დაბრუნებოდნენ მოსეს სჯულს. ამისთვის საჭირო იყო გარკვეული საკრებულოების შექმნა, სადაც მოხდებოდა სჯულის წაკითხვა და განმარტება. ისტორიულად სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ე. წ. „დიდი სინაგოგის“ შექმნა. ეზრამ ბაბილონიდან ჩამოიტანა წმინდა წერილის ხელნაწერები და, საერთოდ, იგი შეეცადა წმინდა წერილის წიგნების ერთ კრებულად შედგენას. ჩვ. წ. აღ.-მდე დაახლოებით 190 წელს როდესაც ისუ ზირაქის ძემ აღრიცხა წმინდა წერილის წიგნები, იხსენიება უკვე არა მხოლოდ მოსეს სჯული და ისტორიული წიგნები, არამედ წინასწარმეტყველთა კრებულიც, დანიელის წიგნის გამოკლებით. ჩვ. წ. აღ.-ით I საუკუნის დასასრულს ისრაელის ქალაქ იამნეში რაბინებმა ხანგრძლივი კამათის შემდეგ შეადგინეს „წერილთა კრებული“ (ებრ.: „ქეთუბიმ“ – წერილნი). ამიერიდან მთელი კანონი შეიცავდა 22 წიგნს (ებრაული ანბანის მსგავსად). ეს კანონი გვხვდება ჩვ. წ. აღ.-ის I საუკუნის ებრაელ ისტორიკოსთან, იოსებ ფლავიუსთან (აპიონის წინააღმდეგ, I, 8).

 

თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ხსენებულ პერიოდში (იგულისხმება ქალაქ იამნეში და ცოტა მანამდეც) ძველი აღთქმის წიგნთა კანონიზაციასთან დაკავშირებული მოვლენები უფრო გადამოწმება იყო, ვიდრე ჩამოყალიბების პროცესი; რადგან, ებრაული ტრადიციის მიხედვით, ძველი აღთქმის წიგნთა კანონიზაციის პროცესი უნდა დამთავრებულიყო გაცილებით ადრე – ბაბილონის ტყვეობიდან დასრულების შემდგომ ეზრასა და ნეემიას და უკანასკნელი წინასწარმეტყველების: ანგიას, მალაქიასა და ზაქარიას დროს.

 

რაც შეეხება ძველი აღთქმის წიგნთა კანონიზაციის ქრისტიანულ ტრადიციას, ჩვ. წ. აღ.-ით II საუკუნეში წმ. მელიტონ სარდინიელი (ონისიმესადმი წერილში) აღრიცხავს ეკლესიაში მიღებულ ძველი აღთქმის წიგნებს; ასახელებს მხოლოდ კანონიკურ წიგნებს. უკვე IV საუკუნეში ჩნდება რამდენიმე ინდექსი, რომელშიც წმინდა წერილის წიგნებია ჩამოთვლილი. წმ. ათანასე ალექსანდრიელი 39-ე სადღესასწაულო ეპისტოლეში იუდაური კანონის მზგავსად აღრიცხავს 22 კანონიკურ წიგნს. ამავე რიცხვს ასახელებენ წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. ეპიფანე კვიპრელი და სხვები. ამგვარად, პირველი ორი მსოფლიო საეკლესიო კრების ეპოქაში ეკლესიამ საბოლოოდ მიიღო ძველაღთქმისეული (იუდაური) კანონი.