მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

გიორგი მთაწმიდელი

 

გიორგი მთაწმიდელმა თეოდოსის, ანტიოქიის პატრიარქს, მიმართა: "წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთასა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი; და ერთი წმიდა ათორმეტთა მოციქულათაგანი - სიმონს ვიტყვი კანანელსა, ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარ-გვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი და ყოველთა უარისმყოფელთა და მწვალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ. წმიდაო მეუფეო, შუენის ესრეთ, რაითა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს, რაითა დაემორჩილოს მწოდებელსა თვისსა და ძმასა ანდრეას და რაითა თქუენ ჩუენ დაგუემორჩილნეთ".

 

გიორგი მთაწმიდელის მიმართვა იმავე ლოგიკით იყო აგებული, როგორითაც პატრიარქის მოთხოვნა. პატრიარქმა განაცხადა, სახარების თანახმად, უნდა იყოს ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო, რადგანაც ანტიოქიის პატრიარქი ზის მოციქულთა თავის, წმიდა პეტრეს ტახტზე. ამიტომაც მისი მწყემსმთავრობის ქვეშ უნდა იყოს სხვა ეკლესიებიც, კერძოდ კი, ქართული ეკლესიაო. მთაწმიდელმა უპასუხა, რადგანაც ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო უნდა არსებობდეს, უმჯობესია, თქვენ დაემორჩილოთ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საყდარს, რადგანაც წმიდა ანდრიამ მოუწოდა წმიდა პეტრეს, რასაც პეტრე დაემორჩილა და უფალ იესო ქრისტეს ამ მოწოდებით დაემოწაფა, ამიტომაც ახლაც წმიდა პეტრეს ტახტი წმიდა ანდრიას ტახტს უნდა დაემორჩილოსო, ანუ ანტიოქიის საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქოს უნდა დაემორჩილოსო.

 

ამის შემდეგ გიორგი მთაწმიდელმა განაცხადა: "წმიდაო მეუფეო, რომელნი-ეგე ჩუენ უმეცარად და სუბუქად გუხედავთ და თავნი თქუენნი ბრძენ და მძიმე გიყოფიან, იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობა არა იპოებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას იკურთხა ებისკოპოსად, ვითარცა სწერია დიდსა სვინაქსარსა".

 

VIII საუკუნეში ქართული ეკლესია, ამ პასუხის თანახმად, არა მარტო ავტოკეფალურია, არამედ სხვა ქვეყნის ეკლესიის მეთაურსაც კი აკურთხებს. ასეთი უფლება მხოლოდ საპატრიარქო ეკლესიებს ჰქონდათ.

 

პატრიარქი სავსებით დაუკმაყოფილებია გიორგი მთაწმიდელის პასუხს და მასში კეთილგანწყობა აღუძრავს. პატრიარქს ხუმრობით დაუმთავრებია ეს შეხვედრა ქართველ წმიდა ბერთან: "...განიღიმა პატრიარქმან და ჰრქუა მღდელ-მოძღუართა მათ და ერსა: "ხედავთა ბერსა ამას ვითარ მარტო ესოდენსა სიმრავლესა გუერევის? ეკრძალენით... არა ხოლო თუ სიტყვით, არამედ საქმით გუამხილოს ძლეულება ჩუენი და დაგვიმრწემნეს და დაგუმრმელნეს".