შესავალი
ამ წიგნის საილუსტრაციო მასალა პროფესორმა ენრიკო იოზიმ თავისი დღეგრძელი და ნაყოფიერი ცხოვრების ბოლო წლებში შეაგროვა. მისი საქმიანობის მთავარი მიზანი ძველი ქრისტიანული ძეგლების პოპულარიზაცია იყო. ამ წიგნში სინთზურად არის წარმოდგენილი რომის თავდაპირველი ეკლესიის კატაკომბებისა და საღვთისმსახურო ნაგებობების ყველაზე დამახასიათებელი ნიშუშები. ეს არის რომის ქრისტიანული თემის დასურათებული ისტორია. ამ თემმა, ალბათ, ყველაზე მეტი კვალი დატოვა სასაფლაოებსა და ეკლესიებში მატერიალური ძეგლების სახით. რომის მიწისქვეშეთში მეცნიერებმა მიაკვლიეს მორწმუნეთა თემის კვალს, მათი ყოველდღიური ცხოვრების დეტალებით, მათი დარდით და იმედით, მათი რელიგიური განცდებით. ეს იყო უძველესი თემი, რომელიც ქრისტიანობის ქადაგების ეშუალოდ პირველ წლებში ჩამოყალიბდა. როდესაც წმ. პავლე მოციქული რომში ჩავიდა ქრისტეს შობიდან 61 წელს, მას უკვე ძლიერი და ორგანიზებული თემი დახვდა. ქრისტიანებმა მისი ჩასვლის შესახებ წინასწარ შეიტყვეს და მაშინვე შეკრიბეს ჯგუფი, რომელიც მოციქულს შესაბამისი პატივით და სიხარულით მიიღებდა. პავლე მოციქული ჯაჭვით იყო შეკრული და სხვა პატიმრებთან, ალბათ, ბოროტმოქმედებთან ერთად, მოდიოდა ჯარისკაცების ბადრაგის თანხლებით. ქრისტიანები ქალაქიდან 50 კმ-ზე გავიდნენ მის შესახვედრად, ვია აპიას სადგურამდე, რომელსაც Tres Tabernae ერქვა, ზოგი უფრო შორსაც, Forum Appii-მდე. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და მიერ ძმათა ესმა ჩუენთვის და გამოვიდეს შემთხვევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფორადმდე და მესამედ ღვინის საფარდულად, რომელნი იხილნა რა პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა“ (28,15). მოციქული დარწმუნდა, რომ ქრისტიანობას აქ ღრმა ფესვები გაედგა. ამაო აღმოჩნდა ნერონის დევნა, რომელმაც, ტაციტუსის მოწმობით, უთვალავი ქრისტიანი შეიწირა; ვერც მომდევნო ორი საუკუნის მძვინვარებამ შეარყია ეკლესიის საფუძველი.
ქრისტიანთა სულ უფრო მეტი რიცხვის შემატებამ აიძულა მათი წინამძღვრები ეფიქრათ გონივრულ ორგანიზაციაზე. ეს ბუნებრივიც იყო რომაელებისათვის - მაშიწდელი ცივილიზებული სამყაროს ადმინისტრატორებისათვის. თემი დაიყო რამდენიმე ჯგუფად, შესაძლოა რომის მრავალრიცხოვანი ებრაული კოლონიის მიბაძვით. მართლაც, რომის ეკლესიაში დიდხანს ახსოვდათ თავიანთი იუდაური ფესვები. ჯერ კიდევ V ს. წმ. პუდენციანას და წმ. საბინას ბაზილიკათა მოზაიკებში განსხვავებული ფიგურებით გამოისახებოდა ecclesia ex circumcisione და ecclesia ex gentibus, როგორც ორი ჯგუფისა და ორი ტრადიციის სიმბოლოები, რომლებიც შეადგენდნენ რომის პირველ ქრისტიანულ მრევლს. თითქმის უდავოა, რომ ერთ რომელიმე მახარებელს რომში არ უქადაგია, როგორც ეს მოხდა მრავალ ქალაქში. პავლე მოციქული ამას დაამოწმებდა, მითუმეტეს თუ ეს იქნებოდა პეტრე მოციქული. ქრისტიანობა რომში, შეიძლება ითქვას, სპონტანურად გავრცელდა იუდეველთა ერთობის წიაღში, რომელთა უმრავლესობა ვაჭრობას მისდევდა და დედა-სამშობლოსთან მუდმივი კავშირი ჰქონდა. მათ ძალიან მალე შეიტყვეს იესო ნაზარეველისა და მისი მოწაფეების შესახებ. „საქმე მოციქულთა“ ახსენებს რომაელ მწირებსაც, რომლებიც სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში იმყოფებოდნენ (2,10). უეჭველია, რომ სწორედ რომის ებრაელთა შორის ახალ მოძღვრებაზე მოქცეულთა გამო ამტყდარმა კამათმა და შფოთმა აიძულა იმპერატორი კლავდიუსი დაახლოებით 50 წ. რომიდან გაეძევებინა ყველა ებრაელი, როგორც ამას გვაუწყებს წარმართი სვეტონიუსი და თვით წმ. პავლე მოციქული, რომელიც საბერძნეთში შეხვდა დედაქალაქიდან ლტოლვილ ებრაელებს. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ დევნილები უკან დაბრუნდნენ და ამიერიდან საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორი რელგიური კონცეფცია და ორგანიზაციული სახე. ქრისტიანულმა თემმა კარი გაუღო წარმართობიდან მოქცეულებს და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებს. წარმართების მიმართ ასეთმა გახსნილობამ, რაც ძალიან ეწინააღმდეგებოდა იუდეველთა თემის მკაცრ ჩაკეტილობას დიასპორის პირობებშიც კი, გამოიწვია ებრაული გარემოსგან მათი საბოლოო დაცილება.
რომის ქრისტიანთა უმეტესობა ღარიბი ხალხი იყო. ისინი ძირითადად გარეუბნებში სახლობდნენ, სადაც ცხოვრება დუღდა და საიდანაც დედაქალაქი მარაგდებოდა - ტიბრის სანაპიროხე, ან კიდევ, ვია აპიას დასაწყისში. ქრისტიანული იდეის გასავრცელებლად თავიდანვე ნაყოფიერი ნიადაგი მომზადდა არმიაში. გარდა ამისა, მრავალი ქრისტიანი მუშაობდა გასართობ ადგილებში - ცირკებში, ამფითეატრებში, თეატრებში. ისინი მრავლად იყვნენ მშენებლობის, წყალსადენების, კანალიზაციების, გზების მუშათა, მეხანძრეთა, მეეზოვეთა და მონათა შორის; თუმცა ისინი მდიდართა და გავლენიანთა შორისაც მრავლად იყვნენ. I ს. ბოლოს, თვით იმპერატორ დომიციანეს ნათესავი, ფლავია დომიტილა, ქრისტიანობის გამო გადაასახლეს და, ნეტარი იერონიმეს თქმით, პონცას კუნძულზე აღესრულა მოწამებრივად. სწორედ მდიდართა შემოწირულობებით ხერხდებოდა ეკლესიის ორგანიზება. მათს სახლებში იკრიბებოდნეწ წირვა-ლოცვაზე, ინათლებოდნენ, იღებდნენ საეკლესიო განათლებას და ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს. III ს. ამ სახლების გარკვეული ნაწილი ქრისტიანობის გავრცელების მყარ ცენტრებად იქცა (სურ. 1). IV ს-ში ასეთი ცენტრების რიცხვი უკვე ოცდახუთს აღწევდა. მათ „ტიტული“ ეწოდებოდათ და ერთმანეთისაგან მფლობელის სახელის მიხედვით განირჩეოდნენ. მფლობელს საერო ხელისუფლების წინაშე იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა იმის გამო, რაც მისი საკუთრების შიგნით ხდებოდა. რომის თემმა დიდხანს შეინახა მადლიერებით პირველ კეთილისმყოფელთა სახელები. მშვიდობიანობის პერიოდში, როდესაც ამ სახლების ადგილას დიდებული ტაძრები აიგო, ყველას შეუნარჩუნეს ძველი სახელი.
არქეოლოგიურ გათხრებში იშვიათად აღმოუჩენიათ პირველი პერიოდის საოჯახო ეკლესიების კვალი. ასევე იშვიათად მიუკვლევიათ ისეთი ქრისტიანული სიმბოლოსათვის, როგორიცაა მლოცველის ფიგურა ორანტის პობით (სურ. 2). ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ზოგჯერ ახალ ეკლესიას აშენებდნენ არა ზუსტად ძველ, არამედ მეზობელ, უფრო მოხერხებულ ადგილზე. ზოგჯერ ძველი სამრევლო ცენტრი მრავალსართულიანი სახლის ზედა სართულზე მდბარეობდა. ცნობილია, რომ მოსახლეობის სიჭარბის გამო რომის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა სიმაღლეში განვითარდა, ოთხ ან ხუთ სართულამდე, პომპეისა და სხვა ქალაქებში აღმოჩენილი ამავე პერიოდის საცხოვრებელი სახლებისაგან განსხვავებით. გასაკვირი არ არის, რომ IV-V ს.ს. ეკლესიებს ძველი ნაგებობისგან არაფერი შემორჩენიათ. სამაგიეროდ, კარგად არის შემონახული მდიდარ რომაელთა ქველმოქმედების კვალი მიწისქვეშა სასაფლაოებზე. მათი უმეტესობა ატარებს კერძო პირთა, ამ ტერიტორიის მფლობელთა, სახელებს: პრისკილა, დომიტილა, მაქსიმე, ტრაზონი, კომოდილა, აგნესა, ოქტავილა და სხვ. კონსტანტინემდელი პერიოდის სხვადასხვა კატაკომბაში ძნელი არ არის თავდაპირველი ბირთვის დადგენა, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და სადაც მხოლოდ ერთი ოჯახის წევრები არ იმარხებოდნენ. თანდათანობით ყველა სასაფლაო ეკლესიის საკუთრება გახდა, თუმცა მშვიდობიანობის დროსაც არსებობდა გამონაკლისი ოჯახები კერძო სასაფლაოებით. 1956 წ. აღმოაჩინეს ერთი ასეთ ოჯახური სასაფლაო ვია ლატინაზე: მცირე ზომის მიწისქვეშა ნაგებობა საოცარი მხატვრობით, IV ს-ის ნამდვილი სამხატვრო გალერეა.
საეკლესიო ორგანიზაციას სათავე დაედო ჯერ კიდევ პაპი ფაბიანეს დროიდან (236-250). მან ქალაქი შვიდ ნაწილად გაყო და მათი მართვა შვიდ დიაკონს მიანდო, რომელთაც უნდა ეზრუნათ სატაძრო საქმიანობაზე, კათაკმევლებზე და მოწყალების საქმეზე. მათვე ევალებოდათ დაკრძალვის საქმე, ამიტომაც ყოველ ნაწილს თავისი სასაფლაო უბანი მიეცა ქალაქის გალავნის გარეთ. უბანი რამდენიმე სასაფლაოს მოიცავდა. მიწისქვეშა სასაფლაოების თხრა არ იყო დევნისაგან თავდაცვის აუცილებლობით გამოწვეული, როგორც ამას რომანებში აღწერენ. ძველი რომაელები ხშირად სხვადასხვა მიზნით თხრიდნენ მიწის ქვეშ. ლაციოს რეგიონის რბილ ტუფში უძველესი დროიდან ჭრიდნენ საკანალიზაციო არხების ქსელს, სამარხებს; საცხოვრებელი ვილების ქვეშ თხრიდნენ გასართობ სივრცეს, კრიპტოპორტიკებს - მიწისქვეშა თაღოვან გალერეებს. რომის ებრაელებმა და ქრისტიანებმა თავიანთი მრავალრიცხოვანი ოჯახებისთვის გამოსავალი იპოვეს მიწის ქვეშ, - კრემაციის მაგივრად ისინი მიცვალებულს მარხავდნენ, - რადგან მიწა ძვირი ღირდა. მრავალსართულიანი კატაკომბური გვირაბების ქსელი, რომელიც სიღრმის მიმართულებით ხუთ მეტრამდე შეიძლებოდა გაზრდილიყო, კედლებში და მიწაში ათასობით საფლავის არსებობის შესაძლებლობას იძლეოდა.
საფლავის ყველაზე მარტივი ფორმა იყო ლოკული - მართხკუთხა ფორმის ღრმული ტუფის კედელში (სურ. 3). ლოკულებს ერთმანეთის თავზე ჭრიდნენ. სხეულს სუდარაში გახვეულს ათავსებდნენ, ზოგჯერ ერთი ოჯახის ორ ან მეტ წევრსაც კი. თიხის ან მარმარილოს დაფაზე, რომელსაც ღრმულს აფარებდნენ, ხატავდნენ ან კვეთდნენ განსვენებულის სახელს ან რაიმე მითითებას, უფრო ხშირად, გარდაცვალების დღეს; თუმცა საფლავთა უმეტესობა წარწერის გარეშე რჩებოდა. ხშირად დებდნენ თიხის კანდელს და საკმევლის ფიალას. კანდელთა ციმციმი ამ მიწისქვეშეთში უთუოდ შთამბეჭდავი სანახაობა იქნებოდა. საფლავის უფრო მდიდრული ფორმა იყო არკოსოლიუმი - ტუფში გამოკვეთილი სარკოფაგი ჰორიზონტალური ხუფით, რომლის ზემოთ თაღი იყო გადაყვანილი (სურ. 4). თაღი უმრავლეს შემთხვევაში შელესილია და ფრესკებით დამშვენებული. ასეთი საფლავები უფრო ხშირად გვხვდება ე.წ. კუბიკოლებში -სხვადასხვა არქიტექტურული ფორმის მომცრო ოთახებში, რომლებიც ოჯახის ან კორპორაციის სასაფლაოს წარმოადგენდა (სურ. 5). ზოგჯერ კუბიკოლი ნათდებოდა კამარაში დატანებული ღიობიდან, ჭის მსგავსი ერდოდან, რომელსაც ამოთხრილი მიწის გასატანად აკეთებდნენ.
კატაკომბებს სასაფლაოდ იყენებდნენ V ს.-ის დასაწყისამდე. ზოგმა მათგანმა მოწამეთა კულტის წყალობით კოლოსალურ ზომებს მიაღწია, რადგან მორწმუნეებს სურდათ დაკრძალულიყვნენ სათაყვანო საფლავების ახლოს. დაკრძალვების შეწყვეტის შემდეგ კატაკომბები სამლოცველოებად იქცა. რომში, წმინდა ქალაქში, მთელი ევროპიდან უამრავი მომლოცველი ჩადიოდა. მიუხედავად გუთებთან ომისა, ლონგობარდების შემოსევისა, სულ უფრო მზარდი სიღარიბისა და დაუცველობისა, პაპები აღადგენდნენ და ალამაზებდნენ კატაკომბებს. იტინერარიებად წოდებული VII-VIII ს.ს. შედგენილი მომლოცველთა გზამკვლევები გვიჩვენებს, როგორი ცოცხალი იყო ამ გარეუბნების სამლოცველოებისადმი სასოება და რწმენა. თითქმის ყველა მათგანი პაპმა ადრიანემ (772-795 წ.) აღადგინა. მაგრამ IX ს. პირველი ათწლეულიდან სულ უფრო გახშირდა წმინდა ნაწილების გადაბრძანება ქალაქის გალავნის შიგნით მდებარე ეკლესიებში. ეს კატაკომბების აღსასრულს მოასწავებდა - მომლოცველობისა და რესტავრაციების ძირითადი მიზეზი მოწამეთა კულტი იყო. მიწისქვეშა სამყაროს შესასვლელები მიწამ და მცენარეებმა დაფარა და კატაკომბები, რამდენიმე გვირაბის გარდა, XVI საუკუნემდე უცნობი დარჩა ხალხისთვის.
XVI ს-ში ანტონიო ბოზიომ, მიწისქვეშა რომის ამ კოლუმბმა, მიაკვლია 30-მდე კატაკომბას, რომელთა რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზარდა. პროფესორ იოზის მიერ მოპოვებულ მასალას ფაბრიციო მანჩინელიმ დაუმატა მოკლე ცნობები იმ საკულტო ნაგებობების შესახებ, რომლებმაც მშვიდობის პერიოდში იმპერიის დედაქალაქს მთელი საქრისტიანოს დედაქალაქის სახე შესძინა.
წმ. სებასტიანეს ეკლესია, ძველად basilica postolorum, აღმართულია ვია აპიას მარჯვენა მხარეს. ეს ადგილი ღრმა ტაფობს წარმოადგენდა, რადგან აქ იყო პოცოლანის - რბილი ტუფის კარიერი და ეწოდებოდა ad catacombas, რაც „მიწისქვეშა სასაფლაოს“ სინონიმია. ამ კარიერის მიტოვებულმა გვირაბებმა, შესაძლოა I საუკუნეშივე, სათავე დაუდეს წმ. სებასტიანეს კატაკომბას, რომელიც შემდეგ, განსაკუთრებით III ს. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელდა. ამ ზონის უძველესი ნაგებობა იყო I ს. ვილა და მის ირგვლივ ორ სართულბე განლაგებული ნაგებობები. უფრო გვიანდელი, ე.წ. „პატარა ვილა“, რომელიც ბაზილიკის ქვეშ აღმოაჩინეს, შემკულია იმ პერიოდის კედლის მხატვრობისათვის დამახასიათებელი დეკორით. II ს. ტაფობის ცენტრი მიწით ამოავსეს (ბაზილიკის ქვეშ 9 მ. სიღრმეზე) და შექმნეს ბაქანი, რომლის განაპირას სამი მავზოლეუმი ააშენეს (სურ.1). III ს. ეს ბაქანი მიწით კიდევ 6 მ. აამაღლეს და ზედ აღმართეს წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა მემორიალური ნაგებობა. თავდაპირველი ქრისტიანული ბაზილიკა IV ს. I ნახევარში აშენდა მემორიალისა და ადრევე არსებული ნეკროპოლის ზონაში. ბაზილიკის ცენტრალური და ორი მცირე ზომის გვერდითა ნავი ერთმანეთს უკავშირდებოდა გარშემოსავლელით აფსიდის მხარეს. თავიდან იატაკი მიწისა იყო, რაც, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ნაგებობა სასაფლაოსთვის იყო განკუთვნილი. წმ. სებასტიანეს კრიპტა ეკლესიაზე ადრინდელი უნდა იყოს. ის, ალბათ, წარმოიქმნა კატაკომბის ერთ-ერთი გვირაბის გაფართოების ხარჯზე. ადგილი, სადაც თავიდანვე საფლავი იყო წმინდა მოწამისა, ვის სახელზეც შემდეგ ტაძარი იკურთხა, დღეს კატაკომბის შესასვლელს წარმოადგენს. ბაზილიკის სამხრეთით IV ს. აგებული მრავალი მავზოლეუმია, რომელთა შორის აღსანიშნავია ურანიუსების როტონდა (349 წ.). დასავლეთით პაპი დამასეს (366-380) მიერ აშენებული მავზოლეუმია წმ. პეტრეს და პავლეს სახელზე, როგორც ეს ტრადიციულად მიაჩნდათ. სინამდვილეში ეს არის რომში მცხოვრები პანონიელების (უნგრელების) ასოციაციის სასაფლაო, სადაც V ს-ში დაიკრძალა პანონიელი მოწამის, კვირინეს, წმინდა ნაწილები.
წმ. კალისტოს კატაკომბა რომის ქრისტიანული თემის ყველაზე ძველი ოფიციალური სასაფლაოა. ის სათავეს იღებს ცეცილიუსების ოჯახის კუთვნილი ღია სასაფლაო უბნიდან. სახელი ეწოდა პაპ კალისტოსაგან (217-222), რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა იგი. III ს-ში ცხრა მწყემსმთავარმა განისვენა ამ სასაფლაოზე. კრიპტას, სადაც მათი წმინდა ნაწილები დაიკრძალა, ასავე ეწოდება, „პაპების კრიპტა“ (სურ.2). სასაფლაოს კომპლექსი ზოგ ადგილას ხუთ სართულამდე ვრცელდება, გვირაბების სიგრძე 10 კმ-ზე მეტია. ამ კატაკომბის ადგილმდებარეობა, ისევე როგორც სხვებისა, აღარავინ იცოდა მას შემდეგ რაც წმინდა მოწამეთა ნაწილები ქალაქის გალავნის შიგნით მდებარე ეკლესიებში გადაასვენეს. მთელი ვია აპიას უბნის მემორიალური კერა შემოიფარგლა ერთადერთი ადგილით, წმ. სებასტიანეთი, სადაც ხალხი ძველებურად დადიოდა. წმ. კალისტოს კატაკომბა შემთხვევით აღმოაჩინა ერთმა მეცნიერმა 1849 წელს, როდესაც წააწყდა პაპი კორნელიუსის ეპიტაფიის ნატეხებს. პაპმა პიუს IX-მ სასწრაფოდ შეისყიდა ეს მიწები და გათხრები გაგრძელდა. 1854 წ. აღმოაჩინეს პაპების კრიპტა, ხოლო 1856 წ. დიაკონ სევეროსის სამარხი კუბიკოლი. პაპების კრიპტაში განისვენებდნენ 230-283 წლებში მოღვაწე მღვდელმთავრები: პონტიანე, ანტეროტე, ფაბიანე, ლუკიუსი, სტეფანე, სიქსტე III, დიონისე, ფელიქსი, ევტიქიანე, ასევე რომში მოგზაურობის დროს გარდაცვლილი სამი აფრიკელი ეპისკოპოსი: ურბანი, ნუმიდიანე, ოქტატი. პაპების კრიპტა წარმოადგენს მართკუთხა ფორმის სივრცეს, რომელიც ერდოდან ნათდება. საფლავის და სარკოფაგის ნიშები გვერდითა კედლებშია გამოჭრილი. სიღრმეში მდებარე კედელზე მოთავსებულია მარმარილოს ფილა, რომელმეც ამოტვიფრულია პაპი დამასეს მიერ შედგენილი (IV ს.) კატაკომბაში დაკრძალულ ეპისკოპოსთა და მოწამეთა სახოტბო ტექსტი. დიაკონ სევეროსის კუბიკოლში, რომელიც მან პაპი მარკელინეს (296-304) ნებართვით თავისი ოჯახის სამარხად გაათხრევინა, მარმარილოს ტიხარზე არის წარწერა, სადაც რომის ეპისკოპოსი პირველად იწოდება პაპად. დიაკონ სევეროსის კუბიკოლის პირდაპირ 5 მოწამის კუბიკოლია, ფრესკით შემკული. ფრესკაზე გამოსახულია 6 ფიგურა ორაბტის პოზით, გვერდით მიწერილია სახელი და „განუსვენე“. ფრესკა IV საუკუნისაა და ფიგურები დახატულია თავისებური ტექნიკით, მხოლოდ ძირითადი შტრიხებით.
წმ. კალისტოს სასაფლაო კომპლექსის ყველაზე ძველი ბირთვია ლუკინას კრიპტა, საიდანაც დაიწყო კატაკომბის დანარჩენი სივრცის ხელახლა აღმოჩენა. აქ დაკრძალული იყო პაპი კორნელიუსი. ის გადასახლებაში გარდაიცვალა და ამ კატაკომბაში მოგვიანებით გადმოასვენეს. მის საფლავზე იკითხება გვიანდელი მინაწერი „მარტვილი“. ფრესკაზე გამოსახული „მწყემსი კეთილი“ III საუკუნისაა. ასევე უძველესია „საიდუმლოთა კუბიკოლი“, ამგვარად წოდებული ნათლისღებისა და ევქარისტიის გამომსახველი სცენების გამო. ფრესკებბე გამოსახულია იონა წინასწარმეტყველი, განრღვეულის განკურნება, აბრაამის მსხვერპლშეწირვა, მაცხოვრის ნათლისღება და ევქარისტიული პურის განტეხა, სადაც შვიდკაციანი გრაპეზის გვერდით გამოსახულია თევზი და რამდენიმე გოდორი, რომელიც მიანიშნებს პურის გამრავლების სასწაულზე.
განხილულ ეპოქაში ქრისტიანული თემი, თუ ის არ იყო დიდ ქალაქში, შეიძლებოდა დატეულიყო ერთ სტუმართმოყვარე სახლში. ძმობის ცნება აქ კონკრეტულ აზრს იძენდა. ყველა ძმა და და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ სახეზე და ერთმანეთს სახელებით მიმართავდნენ
დურა-ევროპოსის ბაზილიკა, რომელიც ჩვენამდე მოღწეულთა შორის ყველაზე ძველია პირველი ქრისტიანების შეკრების ადგილასაა აღმოცენებული. დურა-ევროპოსი პატარა ქალაქი იყო მცხოვრებთა საშუალო რაოდენობით, ქრისტიანული თემი აქ დაახლოებით სამოცამდე ადამიანს შეადგენდა.
"სირიულ დიდასკალიებში" აღწერილია ქრისტიანული თემი, სადაც ეპისკოპოსი თვითონ უნაწილებს დახმარებას, რადგან კარგად იცნობს ყველა გაჭირვებულს. თუ გზად მიმავალი ძმა შემოუერთდებოდა დროებით თემს, უნდა ეჩვენებინა რომ ცარიელი ხელებით მოვიდა.
რჩევები რომელიც მოცემულია დიდასკალიაში შთამბეჭდავია თავისი პატრიარქალური და ასევე პიროვნული ხასიათით. არავითარი მინიშნება რაიმე სახის ბიუროკრატიაზე ან ადმინისტრაციაზე. დიაკონი დგას კარებთან და ხვდება ყველა შემოსულს. ის ყველას იცნობს. მან იცის ვინ არის მდიდარი და ვინ ღარიბი. არჩევს კეთილმსახური მშობლების ბავშვებს და ობლებს, ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ სამუშაო და ქვრივებს. მან იცის რას ნიშნავდა თითოეულისთვის ნათლობა, მრავალმა უარი თქვა თავის ძველ ცხოვრებაზე და ეხლა ერთადერთი დასაყრდენი ეს ახალი ოჯახია, რომელთან შეერთებისთვის მათ უარი თქვეს ყველაფერ დანარჩენზე
"დიაკონი უნდა იყოს ეპისკოპოსის ყურები, მისი ბაგეები, მისი გული და სული" წერია "დიდასკალიაში". ამ რეკომენდაციებს უდიდესი მნიშვნელობა ქონდა დიაკვნისთვის. "მისი გული" და "მისი სული" ეკუთვნოდა მთელ ძმებს და დებს, ყველას გააჩნდა თავისი ისტორია, მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებები. ამ დროს არ იყო არც ართი ადამიანი ვისთვისაც რწმენა არ იქნებოდა დაკავშირებული რისკთან, ვინც არ თქვა უარი ძველ ცხოვრებაზე ახლის მოლოდინში
დიაკვნები დღეღამის ნებისმიერ დროს მიდიოდნენ ციხეებში რომ შეემსუბუქებინათ ქრთამის საშუალებით ტუსაღთა ხვედრი. ასეთი იყო სახე ურთიერთძმობისა და დახმარებისა
თემში შესვლა არ იყო ადვილი. როგორც წესი ერთერთი ქრისტიანი წარუდგენდა თემს ნათლობის მსურველს. წარმართი, რომელიც მიიზიდა ქრისტეს სწავლებამ იწყებდა იმით, რომ დაყვებოდა თავის ქრისტიან მეგობარს, რომელიც განუმარტავდა ქრისტიანულ სწავლებას. ქრისტიანობის მიღებისთვის მოსამზადებელ პერიოდს კატეხუმინატი ეწოდებოდა. ეკლესია ფრთხილი და მომთხოვნი იყო ახალი წევრების მიღებისას, ამ სიფრთხილითა და ხანგრძლივი გამოსაცდელი პერიოდითაა განპირობებული იმ მრავალი მოწამის არსებობა, რომლებმაც ვერ მოასწრეს წყლით ნათელღება და სისხლით მოინათლნენ. იმ დროს უკვე არსებობდა გარკვეული ფორმულა "მრწამსი" რომელსაც მორწმუნე წარმოთქვავდა ნათლობისას.
"დიდახე" ასე მოგვითხრობს ნათლობის შესახებ: "ასე მონათლეთ:როცა წარმოთქვამთ ყველაფერ ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმიდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. თუ არა გაქვთ მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. თუ არც ერთი გაქვს და არც მეორე, სამგზის დაასხი თავზე წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმიდისა. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმა და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე იმარხულოს ერთი-ორი დღე"
დაახლოებით 150 წელს იუსტინმა აღწერა თავის აპოლოგიაში ნათლობის წესი. კათაკმეველი ემზადებოდა ლოცვით და მარხვით, ნათლობაში მონაწილეობდა მთელი თემი, რადგან ის მომზადებული უნდა დახვედროდა ახალ წევრებს "შემდეგ ჩვენ ისინი მიგვყავს იმ ადგილას სადაც არის წყალი. და იქ იმის მსგავსად როგორც ჩვენ უკვე განვიცადეთ აღორძინება, ისინიც აღორძინდებიან. სახელითა ღმრთისა, მამისა და უფლისა ყოვლისა არსებულისა და იესო ქრისტესი მხსნელისა ჩვენისა, და წმიდისა სულისა, ისინი განიბანებიან წყალში. ამ განბანვას განათლვაც ეწოდება, რადგან ვინც იღებს ქრისტიანულ სწავლებას იღებენ ნათლით სავსე სულს. რაც შეგვეხება ჩვენ, განბანვის შემდეგ ჩვენთან ახალ შემოერთებულები მიგვყავს იქ, სადაც უკვე არიან შეკრებილი ისინი, ვისაც ჩვენ ძმებს ვუწოდებთ და იქ ჩვენ მთელი გულმოდგინებით აღვავლენთ ერთობლივ ლოცვებს ჩვენთვის, ახლად ნათელღებულთათვის და ყველა სხვისთვის."
წყლიდან ამოსული ახლად მონათლული იმოსებოდა თეთრი სამოსით.
რა დროიდან ხდებოდა ნათელღებულისთვის თაფლის და რძის მირთმევა ძნელი სათქმელია, თუმცა ნათელია რომ ეს ჩვეულება აღთქმულ ქვეყანაში შესვლის სიმბოლო იყო.
დომიტილას კატაკომბა მიწისქვეშა რომის ყველაზე ვრცელი სასაფლაოა. ის სათავეს იღებს ფლავია დომიტილას კუთვნილი მიწის ნაკვეთში გათხრილი რამდენიმე საფლავისაგან. ეს მიწა მან საკუთარ ლიბერტებს უბოძა. ფლავია დომიტილა ფლავიუს კლიმენტის, 95 წელს რომის კონსულის, ძმისშვილი იყო. ის ენათესავებოდა იმპერატორის ოჯახს, რადგან ბიძამისმა ცოლად შეირთო ერთ-ერთო დომიტილა - ვესპასიანეს ძმისშვილი. ფლავია დომიტილა, როგორც ქრისტიანი, იმპერატორმა დომიციანემ გადაასახლა პონცას კუნძულზე, სადაც ის აღესრულა კიდეც.
კატაკომბა ორ ძირითად დონეზე ვრცელდება და მხოლოდ აქა-იქ გვხვდება მათში მესამე ან მეოთხე დონის გალერეები და კუბიკოლები. ყველაზე ძველი ქრისტიანული ბირთვი თარიღდება II საუკუნის II ნახევრით. III საუკუნის ბოლოს და IV საუკუნის დასაწყისში მოწამეების, ნერევსისა და აქილევსის, ნაწილები გადააბრძანეს II დონეზე მდებარე კრიპტაში, რომელიც პაპმა დამასემ (366-384) მცირე ზომის ბაზილიკად გადააკეთა, ხოლო პაპმა სირიციუსმა (390-395) დღევანდელ ზომებამდე გააფართოვა (სურ.1). IV საუკუნის ბოლოს აგებული ბაზილიკა, რომელიც დღეისთვის ძირითად ხაზებში აღდგენილია, მიწის ზემოთ ჩანდა ზედა ნაწილით: ხოლო იატაკი კატაკომბის II სართულის დონეზე მდებარეობდა. ნაგებობის წინა ნაწილს სტოა წარმოადგენდა, ჰქონდა სამი ნავი, რომელსაც ჰყოფდა თაღედით დაკავშირებული ოთხი სვეტისგან შემდგარი ორი რიგი. ცენტრალური ნავი (20 X 8,50 მ), რომელიც გვერდითა ნავებზე უფრო მაღალი იყო, ნათდებოდა განიერი, თაღოვანი სარკმლების ორი რიგით და დასავლეთით აფსიდით ბოლოვდებოდა. გვერდითა ნავების თავზე, სავარაუდოდ, მატრონეა - წარჩინებულ დედათა გალერეები - იყო მოთავსებული. საკურთხევლის ნაწილი შემოსაზღვრული იყო ტრანსეპტით, ხოლო მოწამეთა საფლავზე აღმართული ტრაპეზი გამოირჩეოდა მარმარილოს სანაწილით; მისგან შემორჩენილია მცირე ოზმის საყრდენი სვეტები, რომელთაგან ერთზე წმინდა აქილევსის წამებაა გამოსახული. ბაზილიკამდე მიდიოდა კიბე, რომელიც გვერდიდან - დღევანდელი კიბის მსგავსად - სტოას უკავშირდებოდა.
VIII საუკუნის ნაგებობა მთლიანად გაძარცვეს და წაიღეს, რისი წაღებაც შეიძლებოდა, თვით იატაკიც კი; შემდეგ სრულიად ჩამოიქცა, შესაძლოა, 897 წლის მიწისძვრის გამო. ის აღმოაჩინეს 1873-1874 წლებში არქეოლოგიური გათხრების დროს.
წმინდა ნერევსისა და აქილევსის ბაზილიკის აფსიდის უკან გამოჭრილ კუბიკოლში მდებარეობს ვენერანდას არკოსოლიუმი; სხვათა შორის, ამ კატაკომბაში დასტურდება პეტრე მოციქულის შვილის, წმინდა პეტრონილას - რომელიც ამ კუბიკოლიდან შორს არ უნდა ყოფილიყო დაკრძალული - კულტის არსებობა; ნახევარსფერული ფორმის თაღის სიღრმეში, ფრესკაზე გამოსახულია შესვენებული ვენერადა, რომელიც სამოთხის წალკოტში შეჰყავს თეთრმოსასხამიან გოგონას, წარწერის მიხედვით - წმინდა პეტრონილას. 1854 წელს აღმოაჩინეს კატაკომბის I და II სართულების დამაკავშირებელი დიდი კიბე, რომლის კედელიც შემკულია III საუკუნის შუა წლების ფრესკით და გამოსახულია ჭაბუკი მწყემსი ხელში სტვირით, ცხვრის ფარის შუაში მდგარი. სიღრმეში ოთხი ბორცვი კრავს სცენას. სცენაზე ნართაულად მინიშნებულია სახარების იგავის „მწყემსი კეთილი“ (იოანე 10,1-16), როგორც დღეს ლატერანის მუზეუმში დაცული ეპისკოპოს აბერკის სვეტის წარწერაშია: „წმინდა მწყემსი, რომელიც აძოვებს ფარას მთაში და ბარად“.
პრეტესტატის კატაკომბა მდებარეობს ვია აპია პინიარელის №11-ში. ეს სახელი ეწოდა მიწის მფლობელის მიხედვით, რომელიც, შესაძლოა, ცეცილიუსების ოჯახის წევრი იყო. კატაკომბა II საუკუნისაა და სათავე დაედო წარმართული ღია სასაფლაოსგან, რომელიც მარკუს ავრელიუსის შვილების აღმზრდელის, ჰეროდე ატიკუსის, ვილის ახლოს მდებარეობდა. იქ დაკრძალეს წმინდა იანვარიუსი, წმინდა ფელიკისიმე და აგაპიტე დიაკონები და წმინდა მოწამეები: ვალერიანე, ტიბურტი, მაქსიმე და კვირინე. კატაკომბა რამდენიმე ბირთვისაგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა წარმომავლობისაა. მათ შორისაა: „დიდ კიბედ“ წოდებული უბანი, შესაძლოა ყველაზე ძველი, რომელიც ქრისტეს ცხოვრების გამომსახველი ეპიზოდებით არის მოხატული: „დიდი ქვაბული“ - დიდი ზომის გვირაბი - კუბიკოლები ამოშენებული შესასვლელებით და „მცირე კიბე“ რომელიც გვირაბების ხშირი ქსელისაგან შედგება. კატაკომბის თავზე ორი მუზეუმია: წარმართული და ქრისტიანული ქანდაკების.
ჯორდანების კატაკომბას მიაკვლიეს 1966-1969 წლებში გათხრების დროს. თავდაპირველად მიიჩნიეს ტრაზონის კატაკომბად. ასე ეწოდა მფლობელის სახელის გამო. შესასვლელი მდებარეობს ვია სალარიას და ტაროს ქუჩების გადაკვეთაზე, ტრაზონის კატაკომბა კი იზერის ქუჩაზეა. წარსულში ამ კატაკომბას ვილა მასიმოსასც უწოდებდნენ. ის რომის ყველაზე ღრმა კატაკომბაა, 5 დონეზე ვრცელდება და მოიცავს ვრცელ არენარიუმის კარიერის ნაწილს, სადაც, გადმოცემის მიხედვით, ვალერიანეს დევნის დროს (257-258 წწ.) ცოცხლად დამარხეს დარია - ქრისტიანობაზე მოქცეული ვესტალი და მისი ქმარი, ქრისანთე. არენარიუმში წარმოიქმნა სამლოცველო, რომელსაც დიდ პატივს მიაგებდნენ შუა საუკუნეებში, ხოლო შემდეგ ამ ორი მოწამის წმინდა ნაწილები მოციქულთა სახელობის ბაზილიკაში გადააბრძანეს (SS. Apostoli). ამავე არენარიუმში დაკრძალული იყო მოწამე მუარო. არენარიუმის ერთ-ერთ განყოფილებაში ორი, ერთმანეთის პირისპირ გამოსახული ორანტას ფიგურის ზემოთ (სურ. 2) მოთავსებულია იონას ორი ეპიზოდი და მოსე, რომელიც კვერთხს კრავს კლდეს. ფრესკები IV საუკუნისაა. მეოთხე სართულზე გამოსახული ფიგურა IV საუკუნის ნახევრით თარიღდება. მხატვარი გულმოდგინედ ამუშავებს დეტალებს და ცდილობს გამოსახულება დაემსგავსოს შესვენებულის სახის ნაკვთებს, რაც რომის კატაკომბების მხატვრობაში ძალზე იშვიათია, ნეაპოლის მხატვრობისაგან განსხვავებით. რომში ორანტა, ზოგადად, ცხონებული სულის სიმბოლოა და არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ შესვენებულს. ზოგჯერ ორანტათი გამოსახული ქალის ფიგურა მამაკაცის საფლავზე გვხვდება ან პირიქით. მხოლოდ ბავშვების შემთხვევაშია გამოსახული ბავშვი ორანტა შესვენებულის ასაკით.
პრისკილას კატაკომბა მდებარეობს ვია სალარიას №430-ში, ვრცელდება ორ სართულზე და, სავარაუდოდ, სახელი ეწოდა სენატორ აკილიუსების ოჯახის ერთ-ერთი წევრის, პრისკილასაგან, რომლის სახელი ფიგურირებს პირველ სართულზე მდებარე აკილიუსების სამარხში. მისი წარმოშობა სხვა კატაკომბებისაგან განსხვავებულია, რადგან თავდაპირველად ეს ადგილი იყო არენარიუმი - პოცოლანის კარიერი; მას შემდეგ, რაც მეწყერმა ჩაკეტა შესასვლელი ვია სალარიას მხრიდან, იგი მიატოვეს.
ქრისტიანებმა III საუკუნის პირველი წლებიდან დაიწყეს იმ კარიერის განიერი და უსწორმასწორო გვირაბების გამოყენება, რომლებიც კატაკომბის პირველ სართულს შეესაბამება; ააგეს იქ ოცამდე ნიშის ფორმის საფლავი და კედლებში გამოჭრეს ასობით ლოკული, რომელთა უმრავლესობა ამოიქოლა, რათა კედელი ჩამოქცევისაგან დაეცვათ. ამ სართულზე მოთავსებულია ყველაზე დიდი სამარხები, მათ შორის აკილიუსების საძვალე და ე.წ. „ბერძნული კაპელა“, რომელიც II საუკუნით თარიღდება. ეს კაპელა წარმოადგენს ოთხკუთხა ოთახს, რომელსაც შუაში მოთავსებული თაღი ორად ყოფს. მეორე განყოფილების კედლები სამი დიდი ნიშით არის გახსნილი. „ბერძწული კაპელა“ იმის გამო ეწოდება, რომ მარჯვენა ნიშაში ორი ბერძნული წარწერაა, რომელიც მავანი ობრინოსაგან ეძღვნება საკუთარ ბიძაშვილ და თანამოაზრე პალადიოს და მის მეუღლეს, ნესტორიანას. მარცხენა კედელს ებჯინება გრძელი ნაშენი მერხი. დეკორი, რომელიც II საუკუნეს მიეკუთვნება, წარმოადგენს ორნამენტით მოჩარჩოებულ ფრესკებს ბიბლიური სიუჟეტებით, რომლებიც ფარავენ კამარას და კედლების მაღალ რეგისტრს; ხოლო ქვედა რეგისტრის თაბაშირის დაფების მოხატულობა მარმარილოს იმიტაციაა. თაღის პირველ ნაწილში გამოხატულია მოგვთა თაყვანისცემა - ეკლესიის დაარსების სიმბოლო, აქვეა ღვთისმშობლის ყველაზე ძველი გამოსახულება ყრმით (სურ. 3). შესასვლელის კედელზე არის ფრესკა - „სამი ებრაელი ყრმა სახმილსა შინა“ (სურ. 4) - სარწმუნოების სიმბოლო, და მოსე, რომელიც კლდიდან წყალს ადენს - ნათლისღების წინა სახე. გვერდითა კედლებზე გამოხატულია განრღვეულის განკურნება - სინანულის სიმბოლო და სუსანას ეპიზოდი (დან. 13), მარცხნივ - სუსანა, რომელსაც მახეს უგებენ მზაკვარი უხუცესები და მარჯვნივ - სუსანა და დანიელი მადლობენ ღმერთს - ღვთის რწმენის სიმბოლო დევნისა და მწუხარების დროს. მოშორებით, შესასვლელ კართან ახლოს გამოსახულია ფენიქსი, რომელიც კოცონში იწვის - სხეულით აღდგომის სიმბოლო; ხოლო ზემოთ - თავთავების გვირგვინით შემკული თავი - ზაფხულის სიმბოლო. თაღის მეორე სივრცეში გამოსახულია დანიელი ლომთა ხაროში (დან. 14,31), მარცხნივ - „აბრაამის მსხვერპლშეწირვა (დაბ. 22,9-10), გამყოფ თაღზე გამოხატულია ლაზარეს აღდგინება (იოანე 11,14), ხოლო აფსიდის სიღრმეში, ნიშაში, ევქარისტიული ტრაპეზი, იკონოგრაფიულად ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ტრაპეზს უზის შვიდი პიროვნება, მათ შორის ერთი თავდაბურული ქალის ფიგურაა. მარცხენა უკიდურეს კუთხეში გამოსახულია წვერიანი ფიგურა სამღვდელო შესამოსლით, რომელსაც ხელები წინ აქვს გაწვდილი პურის გასატეხად (Fractio panis). მის წინ მაგიდაზე (ტრაპეზზე) დევს ფიალა ღვინით, თეფში ორი თევზით და სხვა თეფში ხუთი პურით. კომპოზიციას კრავს პურით სავსე შვიდი გოდორი - სამი ერთ მხარეს და ოთხი - მეორეს.
კაპელაზე გვიანდელია III საუკუნის მეორე ნახევრის მხატვრობით გამშვენებული „ველაციოს“ კუბიკოლი, რომელსაც ასე ეწოდება კუბიკოლის შიგნითა კედლის ფრესკის გამო, სადაც შესვენებული ქალის ცხოვრების სცენებია გამოსახული. ცენტრში დგას შესვენებული, ორანტას პოზით. მარცხნივ ეპისკოპოსია, რომელიც აკურთხებს მის ქორწილს, ხოლო მის ახლოს გამოსახული ჭაბუკი აწვდის საქორწინო რიდეს (flammeum). გრაგნილი, რომელიც ქალს ხელში უჭირავს, არის tabula nuptialis - ქორწინების დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილია მეუღლეთა მოვალეობები. მარჯვენა სცენაში ქალს, უკვე დედას, მკლავზე ჰყავს ბავშვი. წარსულში მიაჩნდათ, რომ ამ სცენაზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით. ველაციოს ფრესკის მარცხნივ, კედელზე აბრაამის მსხვერპლშეწირვაა გამოსახული (დაბ. 22,9-10), მარჯვნივ - „სამი ყრმა სახმილსა შინა“ იკონოგრაფიულად საინტერესო სცენა აქვე გამოსახული მტრედის გამო, რომელსაც ნისკარტით უჭირავს რტო - ღვთის განგების სიმბოლო. კამარაში გამოსახულია მწყემსი კეთილი და იონას ციკლი (იონა 1,1-15).
I სართულზე დაიკრძალა მრავალი პაპი: მარკელინე (296-304), მარკელე (308-309), სილიბისტრო (314-315), რომელიც დაიკრძალა მის მიერვე წმინდა მოწამეების ფელიქსის და ფილიპეს საფლავზე აგებულ მცირე ბაზილიკაში, ლიბერიუსი (352-366), სირიციუსი (384-399), კელესტინე (422-432), ვირგილიუსი (537-555).
განსხვავებული ხასიათისაა II სართული, სადაც გალერეები შემთხვევითი მიმართულებით როდი ვრცელდება, როგორც I სართულზე, არამედ შეესაბამება გარკვეულ პროექტს. მართლაც, აქ პარალელური გალერეა გვერდულად ვრცელდება, თევზის ფხის მსგავსად. თავდაპირველი შესასვლელი მიწის ქვეშ იყო და შედგება ორი დიდი დარბაზისაგან. უფრო გვიანდელია ორი სართულის გალერეების შემაკავშირებელი ოთხი შესასვლელი. კატაკომბაში მრავალი წმინდანი იყო დაკრძალული, მათ შორის პუდენციანა და პრაქსედა, პუდენტის ქალიშვილები და მოციქულთა თანამედროვენი, აკვილა და პრისკილა, რომელთა სახელზეც არის აგებული ავენტინოზე მდებარე ტაძარი santa prisca.
პავლე მოციქულის ბაზილიკა მდებარეობს ვია ოსტიენსეზე ავრელიანეს გალავნიდან და სან პაოლოს კარიბჭიდან ორიოდ კილომეტრზე. ახლანდელი ნაგებობა წარმოადგენს 1923 წელს ხანძრით განადგურებული ნაგებობის რეკონსტრუქციას (1852-54), რომლის სქემა, ზომები და, ნაწილობრივ, გადარჩენილი სტრუქტურები შენარჩუნებულია. 1890-1928 წლებში თავიდან აშენდა დასავლეთით მდებარე მართკუთხა პორტიკი. თეოდოსის წინა ეპოქაში, შესაძლოა, კონსტანტინეს დროსაც, ამ ნაგებობის ადგილზე მცირე ბაზილიკა აღუმართავთ. როგორც 1850 წლის გათხრების დროს აღმოჩენილი აფსიდის კვალი აჩვენებს, ის ახლანდელისაგან განსხვავებულად იყო ორიენტირებული და აგებული იყო I-II საუკუნის მონუმენტზე, რომელიც წარმოადგენდა პავლე მოციქულის საფლავს ზედ აღმართული მემორიალური მონუმენტით.
384 ან 386 წელს ამავე ადგილზე სამმა იმპერატორმა, თეოდოსიმ, ვალენტინიანემ და არკადიუსმა დაიწყო ახალი ბაზილიკის შენება, რომელიც დასრულდა 402-403 წლებში პაპი ონორიუსის დროს. ახალმა ბაზილიკამ მონუმენტური სახე მისცა პავლე მოციქულის საფლავს, სწორედ ისე, როგორც წმინდა პეტრეს საფლავს კონსტანტინეს დროს, რომელიც მრავალი ასპექტის გამო სან პაოლოს პროტოტიპი ტაძარია.
ვია ოსტიენსეს ბაზილიკას წინ პორტიკიანი ეზო ჰქონდა. ინტერიერში თაღედით დაკავშირებული კოლონებით გამოყოფილ ხუთ ნავს ტრანსეპტში შევყავდით. რომელიც ისეთივე ერთიან სივრცეს წარმოადგენდა, როგორც სან პიეტროში. წმინდა პავლე მოციქულის საფლავის მონუმენტი ცენტრალურ ნავთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე აფსიდთან. ბაზილიკის ზომები გრანდიოზული იყო და ყველა სხვა ტაძრისას აღემატებოდა: ცენტრალური ნავი სიგრძით 89,87 მ. იყო, სიგანით - 24,22, სიმაღლით - 30,77. შიდა გვერდითა ნავი სიგანით - 8,88 და სიმაღლით - 11,65 მ.
ცენტრალური ნავი ნათდებოდა 21 სარკმლით, ხოლო ტრანსეპტი - 12 თაღიანი და 12 მრგვალი სარკმლით. აფსიდი და გვერდითა ნავები არ იყო გაჭრილი ექსტერიერისკენ. ნავების მთელი კორპუსი გადახურული იყო ორქანობიანი სახურავით. სვეტები დეკორის გარეშე იყო, ხოლო კაპიტელები საგანგებოდ დამუშავებული: ცენტრალურ ნავში იონურის და კორინთულის კომპოზიტი, გვერდითა ნავებში - კორინთული (სურ.6). მწირია ცნობები ბაზილიკის დეკორის შესახებ, რომელიც თავიდან მოზაიკისა იყო და რომელიც მთლიანად ხელახლა შესრულდა თაბაშირით და ფრესკებით ლეონ დიდის დროს (440-461).
მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა გრიგოლ დიდმა (590-604), რომელმაც 90 სანტიმეტრით აამაღლა ტრანსეპტის ნაწილი და ახლებურად მოაწყო მოციქულის საფლავი, რომელზეც ბაზილიკის საკურთხეველი აღმართა. გარდა ამისა, პაპი სვიმაქეს დროინდელი უნდა იყოს ბაპტისტერიუმი (498-514).
წმინდა სტეფანეს ეკლესია, რომელსაც გასულ საუკუნეებში მრავალგვარი ინტერპრეტაციით მოიხსენებდნენ (წარმართული ტაძარი, სასაკლაო, ბაზილიკა) აღმართულია ჩელიოს ბორცვის კალთაზე. შესასვლელი აქვს ამავე სახელწოდების ქუჩიდან. ის 468-483 წლებში ააშენეს პაპი სიმპლიციუსის დროს, ხოლო 523-530 წლებში პაპებმა იოანემ და ფელიქსმა მოზაიკებით და მარმარილოს ინკრუსტაციებით შეამკეს, რომლებიც დღეს აღარ არსებობს. ამ ტაძარს არ ჰყოლია მუდმივი სამღვდელოება და ამ მხრივ დამოკიდებული იყო ლატერანის წმ. იოანეს ტაძარზე. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ნაწილები აღმოჩენილი ან დოკუმენტებში დაფიქსირებული არ ყოფილა, მოწამე, რომელსაც ამ ადგილზე თაყვანს სცემდნენ და რომლის სახელზეც ეს ტაძარი ააგეს, ნამდვილად წმინდა სტეფანე იყო.
თავდაპირველი სტრუქტურის ცნობა ჯერ კიდევ შეიძლება ახლანდელ ნაგებობაში, მიუხედავად შუა საუკუნეებში გადატანილი მრავალი ნგრევისა და ცვლილებისა. გეგმა წარმოადგენს სამ კონცენტრულ წრეს, რომელიც შეკრულია 65,80 დიამეტრის მქონე პერიმეტრის კედლით. გარეთა ზონა სიგანით 10,60 მეტრია და სწორედ მან განიცადა ყველამე მეტი ნგრევა. თავდაპირველად ტაძარი რვა სიმეტრიულ სექტორად იყოფოდა - ოთხი კარდინალური მიმართულებით, ოთხიც დიაგონალურად პირველ ოთხთან მიმართებაში. რვა კარი იხსნებოდა დიაგონალურ სექტორებში და შედიოდა პერიმეტრის კედლის პარალელურ რკალისებურ გასასვლელებში, რომლებიც ბოლოებით კარდინალური სექტორების ოთხ კაპელას უკავშირდებოდა (დღეს მათგან მხოლოდ აღმოსავლეთის კაპელა არსებობს). კაპელების სახურავი დიაგონალური სექტორების სახურავზე მაღალი იყო და ეს ნაგებობას გარედან ჯვრის ფორმას ანიჭებდა. დიაგონალურ სექტორებში რკალისებურ გასასვლელებს შორის თავისუფალი სივრცეები კაპელებს უკავშირდებოდა და შესაძლოა, ეს სივრცეები ყოფილიყო ეზოები ღია ცის ქვეშ. წრიული თაღოვანი კოლონადა, რომელიც დღეს ამოშენებულია, ყოფდა გარეთა ნაწილს შუა ნაწილისაგან: 9,40 მ. სიგანის რკალის ფორმის ნავი, რომელიც რადიალურ კაპელებს უკავშირდებოდა და ნათდებოდა დიაგონალური სექტორების ეზოებიდან. ძელური ბმით დაკავშირებული 22 იონური სვეტისგან შემდგარი მეორე რიგის წრიული კოლონადა გამოყოფს შუა რიგის ნავს ცენტრალური როტონდისაგან. როტონდის დიამეტრი 22,50 მეტრია და დაახლოებით ასეთივეა სიმაღლეც. ის ნათდებოდა 22 ფანჯრიდან, რომლებიც დღეს ნაწილობრივ ამოშენებულია. როტონდის ცენტრში არსად შეინიშნება საკურთხევლის კვალი და შესაძლებელია, რომ ის აღმოსავლეთის კაპელაში ყოფილიყო მოთავსებული, დღევანდელის მსგავსად.
ეს მონუმენტური კომპლექსი სამი ნაწილისაგან შედგება: წმინდა აგნესას ტაძარი „გალავნის გარეთ“, ეგრეთ წოდებული Coemeterium Agnentis სასაფლაოს შთამბეჭდავი ნანგრევები და წმინდა კონსტანცას მავზოლეუმი. ბაზილიკის და მიმდებარე ტერიტორიის ქვეშ ვრცელი კატაკომბის გვირაბებია, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს 1865-1866 წლებში და მთელი გასული საუკუნის მანძილძე თხრიდნენ. სასაფლაო სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება, ამათგან ორი კომპლექსის დანარჩენ ნაწილებზე უფრო ძველია, რომლებიც კონსტანტინეს დროინდელია და, როგორც ჩანს, იმპერატორის კერძო სამფლობელოშია აგებული. პირველი ნაწილი, რომელიც ახლანდელი ბაზილიკის მარცხნივ მდებარეობს ყველაზე ძველია და II საუკუნის ბოლო წლებით და III საუკუნის დასაწყისით თარიღდება. მეორე ნაწილი, რომელიც წმ. აგნესას ბაზილიკის უკან იშლება ვია ნომენტანას მიმართულებით, თარიღდება III საუკუნის ბოლოთი და IV საუკუნის დასაწყისით. მესამე, რომელიც ბაზილიკას წმ. კონსტანცას მავზოლეუმთან აკავშირებს, ყველაზე გვიანდელია და IV-V საუკუნეებით თარიღდება. ამ კატაკომბის კედლები ფრესკებით არ ყოფილა შემკული, მაგრამ აღმოჩენილია მრავალი წარწერა, ქვაზე ნაკაწრი და სამგლოვიარო დანიშნულების ნივთი.
წმინდა აგნესას ბაზილიკა ახლანდელი სახით პაპი ონორიუსის (625-638) დროინდელი რეკონსტრუქციის შედეგია. ის აღმართულია ბორცვის კალთაზე, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის მხარეს ხეობისაკენ ეშვება. აფსიდი გაუქმებულია და გადის ვია ნომენტანაზე, ხოლო ფასადი ხეობას გაჰყურებს. ნაგებობა ნაწილობრივ ჩაფლულია ბორცვის ფერდობში და კვეთს უფრო ადრე გაჭრილი კატაკომბის გალერეას. პირველი სართული კატაკომბაშია მოქცეული, უფრო ზუსტად, უკავშირდება წმინდა აგნესას საფლავს, რომელიც დეკიუსის დევნის დროს ეწამა. ზედა, ანუ გალერეების სართული, რომლებიც გვერდითა ნავებისა და სტოას თავზე გადიან, პატარა ხიდით აფსიდის ნაწილში ვია ნომენტანას უკავშირდება. ონორიუსის დროინდელი ბაზილიკა აღმართულია ბორცვის ფერდში თითქმის მთლიანად ჩაფლული კაპელის ადგილას, რომელიც კონსტანტინეს ბაზილიკის თანადროულად აშენდა იმ მიზნით, რომ წმინდანის საფლავზე ტრაპეზი აღმართულიყო. მისი სიმაღლე დადგინდა 0,65 მ. სიღრმეზე ახლანდელი ქოროს ქვეშ. V საუკუნეში ეს კაპელა მცირე ბაზილიკად გადააკეთეს. ამ ორი ნაგებობიდან მცირე ნაწილია შემორჩენილი, მათ შორის, ახლანდელის ქვეშ მოქცეული აფსიდი, რომელიც გაურკვეველია, რომელ შენობას ეკუთვნოდა.
დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით, მცირე კაპელის სამხრეთით მდებარეობდა ეგრეთ წოდებული Coeneterium Agnentis, ცირკის მსგავსი დიდი ნაგებობა, სიგრძით 98,30 და სიგანით 40,30 მეტრი, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ პერიმეტრის კედლის ნანგრევები და გარსშემოსავლელი დასავლეთის მხარეს.
ეს სტრუქტურა, მძლავრი კედლის გამაგრებით და დიდი მართკუთხა ფანჯრებით, სხვა არაფერია, თუ არა დიდი სასაფლაო ბაზილიკა, რომელიც დაქვრივებულმა კონსტანცამ, კონსტანტინე დიდის ქალიშვილმა, რომში ცხოვრების დროს (338-350) ააგებინა წმინდა აგნესას სახელზე. ნაგებობას წინ ატრიუმი ჰქონდა; ცენტრალური ნავი სიგრძით 80 და სიგანით 17,50 მეტრი იყო.
გვერდითა ნავები აფსიდის ნაწილში ერთმანეთს უერთდებოდა და ქმნიდა ერთიან გარშემოსავლელს. ქოროში შეინიშნება აფსიდიანი ნაწილის კვალი (15 X 5,70), რომლის დანიშნულება დაუდგენელია. უცნობია, როგორი საყრდენები, სვეტები ან ბურჯები ჰქონდა ცენტრალურ ან გვერდითა ნავებს, მაგრამ უდავოა, რომ ორქანობა გადახურვა შეკრული და გამაგრებული იყო ძელებით, იატაკი ფილებით არ იყო მოპირკეთებული და მთელი შიდა სივრცე დაფარული იყო საფლავებით. მსგავსი ნაგებობებია Basilica Apostolorum, (დღევანდელი სან სებასტიანი), წმინდა მარკელინეს და პეტრეს ტაძარი (SS. Marcellino e Pietro) და წმინდა ლავრენტის ტაძარი (San Lorenzo). ყველა მათგანი სასაფლაოდ გამოიყენებოდა (coemeteria subteglata, ანუ დახურული სასაფლაო). დოკუმენტებზე დაყრდნობით, Coemeterium Agnentis, სხვებისგან განსხვავებით, ბაპტისტერიუმი ჰქონია, V საუკუნეში უეჭველად, შესაძლებელია კონსტანტინეს დროიდანვე.
მავზოლეუმში შესასვლელი სამხრეთის ნავიდან ფასადის კედლის ხანს ოდნავ სცილდებოდა. ეს მონუმენტი 350 წელს ააშენეს იმ მიზნით, რომ აქ დაკრძალულიყო კონსტანტინეს ქალიშვილი, კონსტანცა და მისი და ელენე. ეს წრიული გემის მქონე ნაგებობაა, რომელსაც თავიდან გარს ეკრა პორტიკი წინ მართკუთხა ატრიუმით, გვერდებში ორი აფსიდით. ინტერიერს ორ კონცენტრულ სივრცედ ყოფს თაღედით დაკავშირებული 12 შეწყვილებული სვეტი (სურ. 7). რკალის ფორმის გალერიას, რომლის დიამეტრი 22,50 მეტრია, ადგას მოზაიკებით შემკული ნახევარსფერული ფორმის კამარა. ერთ-ერთ მოზაიკაზე გამოსახულია წარმართული წარმომავლობის სცენა: რამდენიმე ყმაწვილი კრეფს, ეზიდება და წურავს ყურძენს (სურ. 8). თემა არაეკლესიურია, მაგრამ მნიშვნელობა აშკარად ქრისტიანულია და უკავშირდება სახარების იმ ეპიზოდს, სადაც ქრისტე თავის თავს ადარებს ვენახს, ხოლო მოწაფეებს - რტოებს (იოანე 15,1-17).
შესასვლელში, პერიმეტრის კედელში იდგა წმინდა კოსტანცას სარკოფაგი, რომელიც დღეს ვატიკანის მუზეუმშია დაცული. გვერდითა კედლებზე ორი საფუძვლიანად რესტავრირებული მოზაიკაა შემორჩენილი. ნახევარსფერული გუმბათით დაბოლოებული ცენტრალური ნაწილი ეყრდნობა თაღოვან ფართო ფანჯრებიან მაღალ ტამბურს.
წმინდა საბინას ბაზილიკა აღმართულია ავენტინოს ბორცვზე და მისი ერთი მხარე გაჰყურებს ტიბრის ხეობას. ორიენტირებულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. ტაძარი აგებულია უფრო ადრინდელ რამდენიმე ნაგებობაზე, რომელთაგან ზოგიერთი ნაწილობრივ ჩართულია მის სტრუქტურაში, კერძოდ, ერთ-ერთი რომაული სახლის ფასადი. მიაჩნიათ, რომ ეს იყო ტიტულად წოდებული სამრევლო სახლი და ის, ეკლესიის მსგავსად, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული. XX საუკუნეში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ბაზილიკას დაუბრუნდა ადრექრისტიანული სახე. მისი შენება დალმატიელმა მღვდელმა, პეტრე ილირიელმა, დაიწყო პაპი კელესტინეს დროს (422-432) სიქსტე III დროს დაასრულა (432-440).
ტაძრის სქემა ძალიან მარტივია: ცენტრალური ნავი, რომელიც აფსიდით მთავრდება და ორი გვერდითა ნავი. ფასადის წინ მდებარე სტოას ორი შესასვლელი ჰქონდა ბაზილიკის მომიჯნავე ორი ქუჩიდან. დასავლეთის შესასვლელი დღეს აღარ არსებობს, აღმოსავლეთისა - დღევანდელ სანტა საბინას ქუჩაზე გადის. ინტერიერში შესასვლელი კარი სამი იყო, დღევანდელი ორის ნაცვლად. მთელი ბაზილიკის სიგრძე, სტოას ჩათვლით 62,98 მეტრია, სიგანე - 24,80 მეტრი. თაღედით დაკავშირებული 24- კორინთული სვეტის ორი რიგი ცენტრალურ ნავს გვერდითა ნავებისაგან ყოფს. ცენტრალური ნავი კარგად ნათდება სვეტების ზემოთ სიმეტრიულად განლაგებული ფანჯრებიდან. აფსიდი ნათდება სამი დიდი თაღოვანი ფანჯრიდან, ხოლო გვერდითა ნავები უფრო მცირე ზომის სარკმლებიდან. დეკორის დიდი ნაწილი, რომელიც ტაძარს V საუკუნეში ამკობდა, აღარ არსებობს. ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია ფრიზი opus sectile - ტონდოებით და კვადრატებით შემკული მარმარილოს ინკრუსტაცია, რომელიც კოლონადის თავზე გადადის.
სიმეტრიულად, ყოველი კოლონის თავზე გამოსახულია რაიმე საბრძოლო შინაარსის სიმბოლო - მთელს იმპერიაში ქრისტეს და მისი სარწმუნოების გამარჯვების ნიშნად. ზედა ნაწილის მორთულობის კვალი აღარ არსებობს, მაგრამ შესაძლოა, რომ ისიც მარმარილოს ინკრუსტაციები ყოფილიყო. ცენტრალურ ნავშივე, შესასვლელის გვერდითა კედელზე მოზაიკის ფართო ზოლზე შემორჩენილია ლათინური წარწერა, სადაც ნათქვამია: „როდესაც კელესტინე სამოციქულო ღირსების უმაღლეს ხარისხში იყო აღზევებული და მსოფლიოში ბრწყინავდა, როგორც პირველი ეპისკოპოსთაგანი, ეს საოცრება შექმნა რომაელმა, წარმოშობით ილირიელმა მღვდელმა, პეტრემ, კაცმა, ღირსმა ამგვარი სახელის ტარებისა, რადგან დაბადებიდან ქრისტეთი დაპურებული, გლახაკთათვის მდიდარი, საკუთარი თავისთვის გლახაკი, რომელიც გაექცა ამქვეყნიურ სიკეთეს, ღირს იქნა მომავალი ცხოვრების სასოების მოხვეჭისა“. გვერდებზე გამოსახულია ქალის ორი ფიგურა, ეკლესიის აღმოსავლური და დასავლური წარმოშობის მინიშნება: მარცხნივ სინაგოგა ძველი აღთქმის კოდექსით, მარჯვნივ - ეკლესია ახალი აღთქმის კოდექსით. მათ ზემოთ გამოსახული იყვნენ წმინდა პეტრე და პავლე მოციქულები და ოთხი მახარებლის სიმბოლოები.
ბაზილიკის აგების თანადროულია, ალბათ, ცენტრალურ ნავში შესასვლელი ხის კარი, რომელიც კედარის ან კვიპაროსისაა და შემკულია როგორც შიდა, ისე გარე პირზე. შიდა პირის დეკორს წარმოადგენს 18 მართკუთხა ფიცარი (თავიდან 28 იყო), დიდები - ვერტიკალურად, პატარები - ჰორიზონტალურად. ზოომორფული მოტივებით მორთული ჩარჩო ვაზის ორნამენტებითაა შემკული. ფიცრებზე გამოსახულია მოსეს, ილიას და ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდები. იკონოგრაფიაში აირეკლება აღმოსავლური გავლენა, ალბათ, სირიული, და შესაძლებელია დავაკონკრეტოთ მინიატურებით შემკული ხელნაწერის ორი ტიპი: დიდი ფიცრების კომპოზიციები მომდინარეობს ერთ-ერთი გრაგნილის მინიატურებიდან, პატარა ფიცრებისა - ერთ-ერთი კოდექსიდან. ამ თემის ყველაზე ძველი პლასტიკური გამოსახულებაა ჯვარცმა. ქრისტე გამოსახულია, როგორც სიკვდილის დამთრგუნველი: ღია თვალებით, წვერით და შარავანდის გარეშე, მისი ფიგურა აღმართულია ორ ავაზაკს შორის, რომელთა მოცულობები გაცილებით მცირეა. ჯვრების გამოსახულება მკრთალია, ფიგურები შიშველია და მხოლოდ თეძოზე აქვთ მოხვეული ტილო. ფონზე სამი სტილიზებული ნაგებობაა. ერთ-ერთ ფიცარზე გამოსახულია სამი სასწაული, იოანეს სახარების ეპიზოდები: ქვემოთ - კანას ქორწილი , შუაში - პურის და თევზის გამრავლება და ზემოთ - დაბადებით ბრმის განკურნება.
კარის გარეთა პირზე I საუკუნის ალექსანდრიელი მკურნალის, დიოსკორიდეს ბოტანიკური ტრაქტატით შთაგონებული მცენარეული ორნამენტებია. კარს რესტავრაცია ჩაუტარდა 1836 წელს.