მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

1919 წელს, მეჩეთად ქცეულ აია-სოფიას ტაძარში, საღმრთო ლიტურგია ჩატარდა

 

1919 წელს, მეჩეთად ქცეულ აია-სოფიას ტაძარში, საღმრთო ლიტურგია ჩატარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა მას მერე, რაც 1453 წლის 29 მაისს თურქებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. 1919 წელს, I მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, სტამბოლი ანტანტის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული, რომელთა შორის ბერძნული სამხედრო კონტიგენტიც იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც და მღვდელმონაზონი ლევთერის ნუფრაკისი. მამაცი ბერძნების ჯგუფმა გადაწყვიტა განეხორციელებინათ ნაციონალური ოცნება და საღმრთო ლიტურგია აღესრულებინათ ტაძარში. ეს ძალიან საშიში იყო, რადგან შეუძლებელი იყო იმის გათვლა, თუ რას მოიმოქმედებდნენ მუსლიმები...

იანვრის ერთ დღეს, ბერძენ ოფიცერთა ჯგუფმა ნავით გადაცურა ბოსფორი და აია-სოფიასთან გადასხდა. ხალხი ჯერ კიდევ არ იყო მეჩეთში მისული. დარაჯმა ვერც კი გაიაზრა ვინ იდგნენ მის წინ, მაგრამ დაემორჩილა სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს.

მამა ლევთერისმა, რომელსაც შინელის ქვემოთ სამღვდელო შესამოსელი ეცვა სწრაფად გადაჭრა ტაძრის სივრცე, მონახა მაგიდა და ზედ ოდიკი და სახარება დააბრძანა, გვერდით სხვა საღმრთო ჭურჭელიც დაალაგა და ლიტურგია დაიწყო. ერთ-ერთი უფროსი ოფიცერი მეფსალმუნის მოვალეობას ასრულებდა. მრავალსაუკუნოვანი წყვეტის მერე, მართლმადიდებლური სამყაროს უმთავრეს ტაძარში, პირველად გაისმა უფალ იესო ქრისტეს სახელი.

სანამ მღვდელი პროსკომიდიას აღასრულებდა ირიჟრაჟა და აია-სოფიაში, დილის ლოცვაზე, მუსლიმებმა იწყეს მოსვლა. კარებთან მდგომი ბერძენი ოფიცრები მათ ეუბნებოდნენ,რომ მეჩეთი, სამხედრო მოსაზრებებიდან გამომდინარე, დროებით იყო დაკეტილი, მაგრამ დარაჯმა ეჭვი აიღო და თურქული პოლიცია გამოიძახა. წუთი-წუთზე ტაძარში კონფლიქტის დაწყება იყო მოსალოდნელი, მაგრამ ბერძენებმა მოახერხეს დროის გაწელვა, სანამ მამა ლევთერისი წირვას დაამთავრებდა და იქ მყოფ ქრისტიანებს აზიარებდა. როცა ყველაფერი დასრულდა, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მღვდელმონაზონი სწრაფად გამოვიდა გარეთ, მას გამოყვნენ ბერძენი ოფიცრებიც და ნავითვე დაბრუნდნენ თავიანთი პოლკის განლაგებაში.

თურქმა სამხედროებმა, პროტესტი განუცხადეს საოკუპაციო ხელისუფლებას, მეჩეთში სიმშვიდის დარღვევისთვის. მამა ლევთერისმა ფორმალური საყვედური მიიღო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ვენიზელოსისგან, მაგრამ ყველას კარგად ესმოდა,რომ მღვდელი ნამდვილი გმირი იყო.