ერთ კაცს სამი მეგობარი ჰყავდა.
პირველი ორი ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა, მესამეს კი აგდებულად ეკიდებოდა.
ერთხელ ამ კაცთან მეფის შიკრიკები მივიდნენ და უთხრეს: - სასწრაფოდ მეფესთან გამოცხადდი და ათი ათასი ფრანკის ვალი გადაუხადე!
კაცს ასეთი ვალის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონდა და დახმარების სათხოვნელად მეგობრებს მიმართა.
პირველმა თხოვნაზე ასე უპასუხა: - უშენოდაც ბევრი მეგობარი მყავს, ახლა სწორედ მათთან მივდივარ საქეიფოდ. აჰა, ეს ორი ძონძი გამომართვი, ამაზე მეტს ვერაფერს მოგცემ.
მეორე მეგობარმა უთხრა: - თვითონაც გასაჭირში ვარ, მაგრამ შემიძლია მეფის სასახლემდე მიგაცილო. ამაზე მეტს შენთვის ვერაფერს გავაკეთებ.
ხოლო მესამე მეგობარმა, რომლის იმედიც კაცს არ ჰქონდა, უთხრა: - იმ მცირედისთვისაც, რაც ჩემთვის გაგიკეთებია, სიკეთით გადაგიხდი. მეფესთან წამოგყვები და შევევედრები, რომ შენი მტრების ხელში არ ჩაგაგდოს.
პირველი მეგობარი, მოგებისა და სიმდიდრის დამღუპველი ჟინია, ადამიანს მხოლოდ პერანგსა და სუდარას აძლევს დასამარხად.
მეორე მეგობარი ადამიანის ნათესავები და ახლობლები არიან, რომლებსაც მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ სამარემდე მიაცილოს.
მესამე მეგობარი კი ჩვენი კეთილი საქმეებია, სწორედ ისინი გახდებიან ჩვენი შუამავალნი უფლის წინაშე. სიკვდილის შემდეგ მსუბუქი გაჭირვების გამოვლაში დაგვეხმარებიან და ჩვენთვის შეევედრებიან ღმერთს.