მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ბრძენი და ქრისტიანი

 

ერთმა ამქვეყნიურმა ბრძენმა და ქრისტეს უარმყოფელმა კაცმა, რომელიც თავისი ცოდნით ამაყობდა, ქრისტიანთან პოლემიკაში შესვლა გადაწყვიტა:

 

- თქვენი სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ჯვარცმა ადამიანთა მაცხოვნებელია სისულელეა.

 

- დიახ, ახლა ნამდვილად მჯერა, რომ ბრძენი ხართ! - მდაბლად მიუგო ქრისტიანმა.

 

- მიცნობთ? თქვენ საიდან იცით ჩემი სიბრძნის შესახებ? - ჰკითხა გახარებულმა " ბრძენმა".

 

- წმინდა პავლე მოციქულისგან, - უპასუხა ქრისტიანმა და წმინდა წერილში შესაბამისი ადგილი უჩვენა:
"

რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლად, არამედ სახარებლად. არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.

 

ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.

 

რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ.

 

სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?

 

და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.

 

ვინაიდან იუდეველნი სასწაულებს მოითხოვენ, ხოლო ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,

 

ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის - უგუნურებას. ( 1 კორინთელთა 1,17-23).

 

გაკვირვებული " ბრძენი" გულდასმით და ბეჯითად შეუდგა წმინდა წერილის კითხვას.

 

გარკვეული დროის შემდეგ მან საკუთარი "სიშლეგე" და ღვთის ყოვლადსიბრძნე და სიძლიერე აღიარა.

 

დღესაც ბევრია ჩვენ ირგვლივ ისეთი ადამიანი, ვისაც მხოლოდ იმიტომ არ სწამს ღვთის სიტყვა, რომ წმინდა წერილი არასდროს წაუკითხავს.