ვირმა ჰკითხა ვეფხვს: – ბალახი ლურჯია?
ვეფხვმა უპასუხა: – არა, ბალახი მწვანეა!
ისინი შეკამათდნენ და შემდეგ ტყის მეფესთან, ლომთან წავიდნენ უთანხმოების მოსაგვარებლად.
მანამდე, სანამ მიუახლოვდებოდნენ დანიშნულების ადგილს, სადაც ლომი იჯდა ტახტზე, ვირმა შორიდანვე დაიწყო ყვირილი: – თქვენო უდიდებულესობავ, მართალია, რომ ბალახი ლურჯია?
ლომმა უპასუხა: – დიახ, მართალია, ბალახი ლურჯია.
გახარებულმა ვირმა განაგრძო: – ვეფხვი არ მეთანხმება, მეჩხუბება და მაღიზიანებს. გთხოვთ, დასაჯოთ.
ცხოველთა მეფემ ბრძანა: – ვეფხვი 5-წლიანი დუმილით დაისჯება.
ვირი სიხარულით წამოხტა და კმაყოფილმა განაგრძო შეძახილები: – ბალახი ლურჯია, ბალახი ლურჯია...
ვეფხვმა, მიიღო რა მიკუთვნებული სასჯელი, ჰკითხა ლომს: – თქვენო უდიდებულესობავ, რატომ დამსაჯეთ? ბალახი ხომ მწვანეა?
ლომმა უპასუხა: – რასაკვირველია, ბალახი მწვანეა.
გაკვირვებულმა ვეფხვმა ჰკითხა: – მაშინ რატომ მსჯით?
ლომმა უპასუხა: – საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ბალახი ლურჯია თუ მწვანე. სასჯელი, რომელიც მიიღეთ, არის იმისთვის, რომ ისეთი მამაცი და ჭკვიანი ცხოველი, როგორიც ვეფხვია, არ უნდა კარგავდეს დროს ვირთან კამათში. და კიდევ, ამ კამათის შემდეგ მოვიდეს ჩემთან მსგავსი კითხვით!..
ყველაზე ცუდია დროის კარგვა ფანატიკოსთან კამათში, რომელსაც არ აინტერესებს სიმართლე ან რეალობა, არამედ მისთვის მხოლოდ მნიშვნელოვანია საკუთარი მტკიცებულების და ილუზიების გამარჯვება.
არასოდეს დაკარგოთ დრო უაზრო კამათზე. არიან ადამიანები, რომლებსაც რამდენი მტკიცებულება და ფაქტიც არ უნდა მიაწოდონ, მაინც არ სურთ გაგება. მათი ერთადერთი სურვილია – იყვნენ მართალნი, თუნდაც ეს ასე არ იყოს.
როცა უმეცრება ყვირის, ინტელექტი დუმს.