ერთ ადგილას ერთი კაცი ცხოვრობდა. მართალი კაცი იყო, მაგრამ არ იცოდა რა. ლოცვა ეს იცოდა: "ღმერთო, შურდულს მოგიქსოვო". ერთმა ბერმა გამოიარა, გაიგონა ამისი ლოცვა და ჰკითხა: რას ამბობო? იმან უთხრა, - ლოცვასაო. ბერმა უთხრა: აგრე კი არ უნდა, ასე უნდაო, - ასწავლა "მამაო ჩვენო". ბერი გამოეთხოვა, ჩაჯდა გემში და წავიდა. რომ მოშორდა, მართალს კაცს ლოცვა დაავიწყდა, გამოუდგა ბერს - გაიხადა წამოსასხამი, გაფინა ზღვაზე, დაჯდა და ბერთან მივიდა ხვეწნით, - ლოცვა დამავიწყდაო და ისევ მათქმევინეო. ბერმა ნახა, რომ წმინდა კაცი ყოფილა და დაუძახა: როგორც გილოცნია, ისევე ილოცეო, ღმერთს შენი ლოცვა უფრო შეუწყნარებიაო.