მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო გალობა

 

XIX საუკუნის ქართული პრესა ქართული გალობის შესახებ

 

გაზეთი "ივერია", 1878 წ. 23 თებერვალი, №8
ქართული გალობის ნოტებზე გადაღება

 

[2] ქართული გალობის ნოტებზე გადაღება ფრიად სასიამოვნოა და თითქმის ეპოქად  ჩაითვლება ჩვენში. მით უფრო სასიამოვნოა, რომ ამ ჟამად მხოლოდ 10-15 გვამი თუ მოიპოვება ჩვენს სამშობლოში, რომ "ნამდვილი" გალობა იცოდეს. ჩვენდა სამწუხაროდ აქამომდე არავინ გამოჩნდა ჯერ, რომ ეს კეთილი საქმე შეესრულებინა. მე ძალიან გამიხარდა, რომ წავიკითხე ერთს "დროების" ნომერში, რომ "გადაიღესო და სიონშიც იგალობესო და კარგადაც გამოვიდაო". ღმერთმა ინებოს, რომ ეს მართალი იყოს! მაგრამ, დალახვრა ღმერთმა, როგორღაც ეჭვი მაქვს ამ ამბის სიმართლეში.


აი, ბატონებო მოგახსენებთ რამ დამიბადა ეს ეჭვი ამ საქმის შესახებ. მე მითხრეს, თუ ჭორი არ არის, რომ ქართული გალობა ვითომ უფ. მ. მ-ნს გადაეღოს ნოტებზე: თუ ეს მართალია - ეხლავე იმედგადაწყვეტილი ვიტყვი, რომ ის გალობა "გადამახინჯებულია" და არა "ნამდვილი" მ. კარბელოვის ქართული გალობა. მე ვამბობ "გადამახინჯებულია" მეთქი, ამიტომ, რომ მე თვითონ მიჩვენა თავისი შრომა უფ. მ. მ-მა ჩემს თბილისში მყოფობის დროს. ერთხელ, ბატონო, მე დავესწარ ქართულის გალობის გაკვეთილზე (რუსულს გალობას ასწავლიდა და ქართულიც ჩააბარეს, თუმცა უფ. მ. მ-მა იმდენივე იცის ქართული გალობა, რამდენიც მე ჩინური). უფ. მასწავლებელს ეკავა ხელში თავის ნაშრომი და იმით აგალობებდა შეგირდებს. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც გავიგე კილო გალობის! ისეთ ნაირად იყო დამახინჯებული პატივცემულის მ. გ. კარბელოვის მშვენიერი კილო, რომ სრულებით ვერ ვიცან კილო კარბელობის გალობისა! როდესაც დავხედე თვით შრომას - თქვენს მტერს ეცეს ელდა, როგორც მე მეცა! ოთხს ხმაზე არ იყო თურმე გადაკეთებული ქართული მ. გ. კარბელოვის გალობა! (სამს ხმასაც არ დასჯერებოდა კომპოზიტორი) როდესაც მე ვკითხე ამის (ოთხის ხმის) მიზეზი, მან თამამად მიპასუხა: მე თვითონ გავამშვენეო! ნეტავი საზოგადო კილო მაინც გადაეღო, თორემ გამშვენებას ვინა ჩივის! იქნება სთქვას ვინმემ, რომ "ოთხ-ხმიანი გალობა უფრო კარგი არ არისო?" კარგი გახლავთ, ბატონო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართული არც ეკკლესიური გალობა და არც ხალხური სიმღერა არ არის ოთხს ხმაზე საგალობელი არც იმერეთში და არც ამერეთში. რამდენათაც მე მითვალიერებია (მე ძალიან მოსიყვარულე გახლავართ ქართულის გალობისაც და სიმღერისაც), არსად არც ერთს გალობაში და არც სიმღერაში ოთხ-ხმიანი გალობა და სიმღერა არ შემხვედრია. მე არ ვამბობ, რომ რაკი არ არის არც შეიძლება ოთხ-ხმიანი ქართული სიმღერა ანუ გალობა მეთქი, - რატომ არა, მაგრამ თუ ახლანდელს ქართულს გალობას აწყობენ ნოტებზე - როგორიც არის ისე უნდა გადაიღოს და არა ჩირთი-ფირთებით გადაამახინჯოს. მართალია, შეიძლება (თუმცა მაინცა და მაინც განვითარებული არ იქნება), რომ კომპოზიტორმა ის გალობა, რომლის გადაღებაც ჰსურს, არ იცოდეს და გადიღოს მხოლოდ რამოდენიმე ”იმ” გალობაში განვითარებულის გვამების შემწეობით; მაგრამ ისეთს კომპოზიტორებს კი როგორიც არის უფ. მ-ნი და მის მსგავსნი არ შეუძლიათ ეგ. საქმე იმაშია, რომ უფ. მ. არც მუსიკის ტეორია (ურისოთაც არ შეიძლება გადაღება ნოტებზე გალობისა) აქვს გვარიანად შესწავლილი და ქართული გალობა ხომ, როგორც თვითონ აღიარებს, სრულებით არ იცის. ყველა დამეთანხმება, რომ ”დო, რე, მი”-ს ცოდნა კიდევ არ ჰნიშნავს მუსიკის [3]ტეორიის ცოდნას. ახლა გითხრა, ჩემო მკითხველო, რათა ვჰყვები ამდენს. თუ გალობა გადამახინჯდა გადაღებაში და ამ გვარად დაუწყეს სწავლა მოსწავლეებს - ქართული გალობა სრულიად დაიკარგება. ”სიონში იგალობეს და კარგად გამოვიდაო!” შეიძლება, მსენელს იქნება იმიტომ მოეწონა (იქნება მარტო თვითონ შემდგენელს მოეწონა ვინ იცის!), რომ ხმები ცოტად თუ ბევრად შეწყობილნი იყვნენ, ანუ უკეთ ვსთქვათ: ”ტერციაზე იყო ხმები დაწყებული. ან კიდევ: რასაკვირველია ორის ხმის გალობა უფრო სასიამოვნო გასაგონია, ვიდრე ერთისა, როგორც გალობენ ჩვენს ეკკლესიებში. აბა თვითონ მ. კარბელოვს გააგონეთ ახლად გადაღებული ნოტებზე გალობა, ვნახოთ იცნობს თავის საკუთარს კილოს თუ არა. უკანასკნელი სიტყვა ეს არის ჩემი: ქართულის გალობის ნოტებზე გადაღება არ არის ისრე ადვილი, როგორც ჰგონიათ ზოგიერთებს; იქნება იმას დეეხარბოს ზოგი ”ცრუ კომპოზიტორი”, რომ ეგება ორმოცი თუმანი პრემია მივიღოო, ოღონდ კი დავბღაჯნო რამეო; მაგრამ ქართველები კიდევ ისე არ დამცირებულან, რომ ტყუილ-უბრალოდ გადაყარონ ფულები, თან და თან ჭკუასა სწავლობენ... ღმერთმა ინებოს, რომ ამ ერთს წელიწადს ”ქართული” გალობა გალობად გვენახოს ნოტებზედ გადაღებული!