მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საეკლესიო გალობა

 

XIX საუკუნის ქართული პრესა ქართული გალობის შესახებ

 

გაზეთი "ივერია", 1878 წ. 4 მაისი, №17
ქართულს გალობაზედ

 

[5]ამ მოკლე ხანში ძალიან გახშირდა ლაპარაკი გალობაზედ და იმის ნოტებზედ გადაღებაზედ. ყველამ ამოიღო ხმა, ყველანი ცდილობენ, რომ თუ ნივთიერათ არა, სიტყვიერათ მაინც თანა-გრძნობა განაცხადონ ამ სასარგებლო ქართულის გალობის აღდგენაზედ. მართლაც სასიამოვნოა იმ საქმეზედ ერთხმობა და საზოგადო თანაგრძნობა, რადგანაც ეს საქმე მარტო ერთს არ ეკუთვნის, არამედ მთელს საზოგადოებას. ამ ლაპარაკს უთუოდ კაი შედეგიც ექმნება. მაგრამ ეს კი არ მეჭაშნიკება, რომ იმ ერთი ანდაზისა არ იყვეს ”ჯერ ღვინო არ იყო და ეშმაკები ტიკებს ალბობდნენო”. ჯერ ქართულის გალობის ნოტები თვალით არავის უნახავს (ის ნოტები არ გახლავსთ, რომლებსაც ეხლა ეძახიან) და მთელი ქვეყანა შეძრეს: ”ქართველებმა ნოტებზედ გავაწყვეთ გალობაო”. ”დროებამაც” კი ბევრი მოატყუვა. რომელღასაც №-ის დღიურში ეწერა: წმინდა ნინოობას სიონში ქართულად სწირა ყოვლად სამღვდელომ და ახალის ნოტებით ქართულად იგალობესო. ეს დღიურიც უფ. მრევლოვს წაუკითხავს იმერეთში, რომელსაც ადრევ მოცლის დროს უცდია გალობის ნოტებზედ გაწყობა და რომლისგანაც ეს ნოტები სემინარიის რუსულის (და მგონი ქართულისაც) გალობის მასწავლებელს უ. მაჭავარიანს გამოურთმევია იმერეთში ყოფნის დროს. ზემო-ხსენებულს უფ. მენოტეს რა კი ”დროებაში” წაუკითხავს, რომ ნოტებით იგალობეს კიდეცო, მაშინვე ”არიქა ჩემის ნოტებით გალობენო!” მაშინვე დროებაში დასწერა, რომ მე გამომართო ჩემი ნოტები მაჭავარიანმაო და სხვა. ”ქართველსაც” შეუტყვია გალობის ნოტებზედ დაწერა, გული შესტკივნია და იხვეწება: ქართული გალობა არ გააფუჭოთო! (”ივერია” №8) ეს კი უფრო მართალს ლაპარაკობს, მაგრამ საქართველოში თხუთმეტი მგალობელი კი ტყუილია, ვინც წირვის გალობა იცის, იმას ვერ დავარქმევთ მგალობელს. ჩვენ მარტო ერთი გვყავს ნამდვილი მგალობელი, მღვდელი გრიგოლ [6]კარბელოვი, რომელსაც მტკიცედ ახსოვს გალობის კილოები. ესეც ჩვენდა საუბედუროდ მოხუცებულია.

თუ მართლა რიგიანად შემდგენელი ვინმე გამოჩნდა ნოტებისა, რასაკვირველია სასიხარულო იქმნება და აღარ შეგვეშინდება გალობის მთლად გაქრობისა, მაგრამ თუ იმისთანა ნოტებზედ დამწყობნი შეგვხვდნენ, როგორნიც ამ ჟამად იქადიან და ჩვენის გალობის ცოდნას ჩემულობენ, ვაი შენს მტერს! საქმე მარტო დაწერა კი არ არის, საქმე ის არის, რომ ჩველი კილო შეუცვლელად დარჩეს გალობაში. ამ ცოტა ხანში ბევრმა გამოიჩინა ნოტის ცოდნა და თავიანთ ნოტებს არქმევენ ნამდვილს ქართულს კილოს, მაგრამ სულ სხვა ხასიათისანი არიან. თუნდ ავიღოთ შრომა უფ. მრევლოვისა, რომელსაც დაუწერია რამდენიმე გალობა კილოზედ და რომლებიც ტფილისის სასულიერო სემინარიის გალობის მასწავლებელს გამოურთმევია გასაშინჯავათ, მაგრამ ვის უნდა გაეშინჯა? რასაკვირველია მოსწავლეებს, რომელთაც მასწავლებელზედ უფრო უკეთ იციან ქართული გალობა და რომელთაც შემდეგ გაშინჯვისა კიდეც დაუწუნეს. მეტათ გარყვნილიაო. ბევრი აი-უი, აქა-იქა, აი-აი ურევიაო. ისევ პატრონს გაუგზავნეო. წარსრულს ზაფხულში თვით ამ უფალმა მაჭავარიანმაც ბევრი იარა იმერ-ამერში. ჭალა-ჭულში გალობის შესადგენათ ნოტებზედ, მაგრამ ”წმინდაო ღმერთოს” და ”რომელი ქერუვიმთას” მეტი ვერ დასწერა რა. ამბობენ ესენი კარგად არისო, მაგრამ, მკითხველო, თქვენგანმა რომელმა ნახეთ ეს ნოტი? თუ კარგია, რატო საჯაროდ არ გამოიტანეს! ან რა საჭიროა სკივრში შესანახად, იქნება დამი აკლდეს? თუ ესრე ნელ-ნელა იწერა ნოტები, ადრე გვეშველება განა საგალობლები არა გვაქვს? სამასზედ მეტია.

ამდენს ”ნოტის” ძახილში და სიარულში, ის კაცი, რომლის თავშიაც დამარხულია ნამდვილი მამა-პაპური კილო გალობისა, გამოგვეცლება ხელიდამ, როგორც მოხუცებული და წაიღებს ისევ იმასთან, ვისგანაც მიუღია1. მაშინ ვისაც როგორა სურს ისეთი კილოები შეადგინოს, აღარც არავინ დამწუნებელი იქმნება და არც მომწონებელი.

რაღა ბევრი გავაბა და თავი მოგაწყინო, მკითხველო. ყველანი უნდა ვეცადნეთ, რომ როგორმე ისევ აღვადგინოთ ძველებური გალობა და მამა-პაპურის საღმრთო ზნეობით ისევ ძველებურათ შევამკოთ ჩვენი ეკკლესიები. ამისთანა საქმეს გულ-გრილობაც არ გამოადგება, არც ერთმანერთზედ მიგდება. ეს გალობა, ჩემო ძმავ მკითხველო, ჩემიც არის და შენიცა. შენმა წინა-პარმა შენ გიანდერძა, ჩემმა მე, - საზიაროა. ამისთანა საზიარო საქმე მარტო ერთს არ უნდა მივანებოთ. ”ერთი პურის ჭამაშიაც ბრალია”. მე, აქ ის მინდა მოგახსენოთ, რომ მარტო ბერებს და მღვდლებს არ დავავალოთ ამ საქმის შესრულება. მარტო მღვდლებისთვის არ არის გალობა. თვით მღვდლებიც და ეკკლესიაც ერისთვის არის და ამისთვისაც უნდა შევაერთოთ მეცადინეობა სასულიერი ხალხთან და თუ რამ მოევლება, მოვუაროთ. მაგრამ ჯერ კი უნდა დახელოვნებით შევისწავლოთ ნოტები და ამასთანავე ქართული გალობაცა, მაშინ მივყოთ ხელი ნოტებზედ ქართულის გალობის წერას.

ამ თხუთმეტის წლის წინათ, თუ ყური უდევნებია ვისმეს, ეხსომება თუ როგორის შესაზიზღარის კილოთი გალობდნენ ქართლ-კახეთის ეკლესიებში. ამისი მიზეზი ის კი არ იყო, რომ ვითომც ძველადვე არა ჰქონდესთ ქართველებს კილო, არამედ ის, რომ გამღვიძებელი ანუ აღმადგენელი არავინ გამოუჩნდა და ხომ მოგეხსენებათ ”უპატრონო ეკკლესიასაც კი ეშმაკები დაეპატრონებიან ოხრობის დროს”. აგრეთვე ჩვენი გალობაც უპატრონობამ დავიწყებას მისცა და სრულებითაც დაგვავიწყდებოდა, თუ ამ დროს არ გამოსჩენოდა გულის შემატკივარი. ეს იყო არხიმანდრიტი მაკარი, რომელმაც როგორც იყო წამოაყენა ფეხზედ. ეს წინამძღვრობდა ამ დროს სიღნაღის უეზდის ს. ბოდბის წმინდა ნინოს საბოროში და გულ-მტკივნეულად უყურებდა ნაკლულევანებას წმინდის ეკკლესიებისას გალობის შესახებ. ამისთვის ამან მოახსენა ექსარხოსს ყოველ გვარი ნაკლი ღვთისმსახურების გალობის თაობაზე და ექსარხოსმა მიანდო აღდგინება გალობისა არხიმანდრიტს მაკარისვე. ეს შეუდგა საქმეს ამ სახით: შეადგინა საზოგადოება სიღნაღის და ზოგიერთის თელაველის სამღუდელოებისაგან (ამათ შორის მიიღო მონაწილეობა ეხლანდელმა ქალაქის მეთაურმა - დ. ყიფიანმა). ამ საზოგადოებას უნდოდა დაეკმაყოფილებინა გალობის სასწავლებლის[7]მოთხოვნილება. დიაკვნები ვალდებულ იყვნენ გალობა ესწავლათ. მასწავლებლათ მოიწვია მგალობელი კარბელოვი და ამ სახით გამართა ჩინებული სასწავლებელი, რომელშიაც გამუდმებით სწავლობდა ორმცზედ მეტი მოსწავლე, რომელთა შორის სიღნაღის სასწავლებლის მასწავლებელი უფ. სარაჯოვიც იყო. სამის წლის შემდეგ სიღნაღის უეზდში გაიმართა მშვენიერი გალობა, რომლის მსზგავსიც თვით მგალობლის - კარბელოვის სამშობლო სოფელშიაც არ მოიპოვებოდა. ყველა საბლაღოჩინოში ოროლი გუნდი იყო მგალობლებისა. მაგრამ, განა არ მოგეხსენებათ უმწყემსო ცხვრებს მგლები დაიტაცებენ. მაკარი არხიმანდრიტი მგონი იმერეთში რაღაც საქმეზედ გაგზავნეს ერთის წლით და ამ ხანში სასწავლებელი შესუსტდა და კიდეც დაიშალა. ეხლაც კარგად და უფრო უკეთესად არის აქ გალობა გავრცელებული ვიდრე ქართლში. დღესაც კაი გალობა შესდგება ხოლმე.

ამ დროს სემინარიამაც მოიწადინა, რომ დაეარსებინათ გალობა და კიდეც გაამწესეს ესევე მგალობელი კარბელოვი მასწავლებლათ. ნეტავი წარმოიდგინო, მკითხველო, თუ როგორის აღტაცებით მიეგებნენ მოსწავლენი გალობის სწავლებას! - დიდის სიხარულით ეთანხმებოდნენ, რომ ამათგან მგალობელთა დასი შემდგარიყო და ტფილისში ქართვლის ეკკლესიებში ეტარებინათ საგალობლად უფასოთ. თვით მაშინდელმა რეკტორმა მ. ვიკტორინმაც ძალიან შეიყვარა ეს გალობა და ამის გულისთვის ისწავლა ქართულად წირვა, რომელზედაც მოიხმარებდა ხოლმე ქართულს მგალობლებს. ამ ხანებში თუ შებრძანებულხარ, მკითხველო, ანჩხატის სობოროში, გენახებათ მშვენიერი გუგუნი, იქ ერთის დასის მაგიერ ორივე იყო ხოლმე. მარჯვენაცა და მარცხენაცა და ლამაზათ გამოისმოდა ხუთი-ექვსი ხმა2. მაგრამ ჩვენდა საუბედუროთ ესეც არ შეგვრჩა: სემენარიაში ... აღკრძალეს - გალობა... ამ გვარად ისევ ჩქარა მიეფარა ეს მამა-პაპური ეკლესიის სამკაული და ეხლა ესე საწეწათ გაგვიხდა საქმე.

მგონია ჯერ-ჯერობით ყველას ემჯობინებოდა, რომ გალობის აღდგენა მიენდოთ ისევ არხიმანდრიტის მაკარისთვის, როგორც ამ საქმეში გამოცდილისთვის, რომ ჯერ ზეპირი კილო გავრცელდეს და ხალხში გალობის სურვილი დაიბადოს. ეს თუ იქმნება, ესრე უნდა იქმნეს: გაიმართოს სასწავლებელი უფასოთ, რომელშიაც ყველას შეეძლოს სწავლა ვისაც კი სურს. დიაკვნები ვალდებულათ გახადონ და როგორმე მოიპოვონ ის ღინისძიება, რომლითაც შეიძლებოდეს, რომ სასოფლო სასწავლებლებშიაც სახალხო სიმღერეებთან შემოიღონ გალობაცა. თუ ეს ესრე არ იქმნა, ნოტებიც რომ შეადგინონ, მარტო იმათთვის იქმნება, ვინც რუსული გალობა იცის და ქართვლის ეკლესიებს რას არგებს? მართალია, თუ არა?

ნეტავი ვიცოდეთ ვინ არის ეხლა მოთავე ამ საქმისა ან ის 500 მ. როგორ უნდა მოიხმარონ, ან მარტო ამის იმედზედ არიან, თუ სხვა იმედიც აქვთ!




1 - ამ გრიგორ კარბელოვის მამა, პეტრე, იყო ერის-კაცი, რომელიც თურმე ჩინებულს მგალობლად ითვლებოდა სტეფანე რუსთველ არხიეპიზკოპოზის მგალობლების გუნდში, და ამ შვილმაც ისწავლა მამისგან და თვითონაც კარგა ხანს მსახურებდა ხსენებულის არხიეპისპოკოზის გუნდში სოფელს მარტყოფში.

2 - სრული ქართულის გალობის ხმები არიან: 1. პირველი ანუ წინათქმა; 2. მეორე ანუ მოძახილი. 3 . ბანი (ესენი უბრალო გალობის ხმებია, რომლითაც დღესაც გალობენ და ჭრელის თქმაში (концертъ) სჭირდება ეს ხმებიცა). 4. კრინი - алтъ; 5. ზილი - дишкантъ და 6. დვრინი ანუ დაბალი ბანი - октава.


არაგველი