[7]მის შემდეგ, რაც ყოვლად სამღვდელომ, გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ხუთასი მანეთი შეჰსწირა ქართულის გალობის ნოტებზედ გადაღების სასარგებლოდ, მის შემდეგ მეთქი, გახშირდა ლაპარაკი ”ქართულის გალობის ნოტებზედ გადაღებაზე”. ამისათვის ჩვენ თამამად ვიტყვით, რომ ქართულის გალობის აღდგენის თაოსნობა მის ყოვლადსამღვდელოესობას ალექსანდრეს ეკუთვნის. გარდა ”დროებისა” ”ივერიაში” ხსენებულს საგანზე დაიბეჭდა ოთხი წერილი: უფ. ქართველისა №8-ში, უფ. არაგველისა №17, უფ. ივერიელისა №38 და პ. უ. №39. საჭიროდ არა ვრაცხ ამ წერილში მოვიყვანო თითოეულის აზრი ხსენებულს საგანზე, რადგანაც, იმედი მაქვს, ”ივერიის” მკითხველს ეხსომება თვითოეულის მათგანის შეხედულობა გალობაზე და მის ნოტებზე გადაღებაზე. მაგრამ აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ რადგანაც უფ. პ. უ. წერილში (”ივერია” №39), ჩვენის აზრით, ზოგიერთი შემცდარი შეხედულება დავინახეთ მუზიკაზე და ნოტების ანბანზე. არ შეგვიძლიან ისინი უყურადღებოდ და შეუნიშვნელად დავსტოვოთ. უფ. პ. უ. წერილი უკაკნასკნელია ხსენებულ საგანზე (ე.ი. სხვა წერილთა შორის უახლესია). უფ. პ. უ. შეუდარებია ქართლ-კახეთის გალობა იმერულ-გურულს გალობასთან და შეუნიშნავს, რომ ”ძირითადი ხმები (კილო) ერთი და იგივეა ორსავე გალობაში, მაგრამ ხმის ამაღლება და დადაბლება, დაკლაკვნა და გადასვლა, ორსავ გალობას შესამჩნევად ერთმანეთისაგან ჰყოფს და ერთმანეთში ასხვაფერებს”... როგორც ჰხედავთ, უფ. პ. უ. შეუმჩნევია - ”ძირითადი ხმები (კილო) ორსავე გალობაში ერთი და იგივეაო” და შემდეგ კი ამბობს: ”ნოტები ორსავე კილოს გალობისა (რა არის კილოს გალობა? - არ მესმის!!) უნდა დაიწეროსო უეჭველად და უეჭველადაო”. ამ აზრში ჩვენ ვერ დავეთანხმებით ავტორს. თუ ძირითადი ხმები ერთი და იგივეა ორსავე გალობაში, ნუ თუ არ შეიძლება ხმის სხვა-და-სხვა ამაღლება და დადაბლება ორსავე გალობაში შეთანხმდეს და დარჩეს ძველი, ძირითადი, ნამდვილი კილო ქართულის გალობისა? ჩვენის აზრით - შეიძლება. შეიძლება მით უმეტეს, რომ მ.გ. კარბელოვის გალობა, როგორც თვითონ მ. კარბელოვი ამბობს, გურიიდგან არის გადმოტანილი და, როგორც უფ. ივერიელი ამბობს, თუ მართალია, იმერეთ-გურულს ძველს მგალობლებს ”აი”, ”უი” არ ემჩნევათ და იგინი არიან მიმატებულნი მხოლოდ ახალის მგალობლებისაგან, ვითომ გასამშვენებლად, - ცხადია, რომ მ. კარბელოვის გალობა და ”ძველი” გურულის მგალობლების ძრიელ მიმსგავსებულნი იქმნებიან ერთმანეთთან. ამისათვის, ვამბობთ ჩვენ, სრულებით არ არის საჭირო ორსავე გალობის გადადება ნოტებზე. ერთის სიტყვით, უნდა გადაიღოს ნოტებზე მხოლოდ ერთი კილო გალობისა, ის კილო, რომელიც არის ნამდვილი ძირითადი ქართული კილო, რომელიც, ვგონებთ ჩვენ, ჯერ არ დაკარგულა... წინააღმდეგ ამისა, ორის გალობის ნოტები კი არ უნდა დაიწეროს მხოლოდ, უნდა დაიწეროს ბევრის, რადგანაც საქართველოში მხოლოდ ორს კილოზედ არა გალობენ. ჯერ ქართლ-კახეთში ოთხი-ხუთი კილოა... მით უმეტეს საჭიროა მხოლოდ ერთს კილოზედ გალობა, რომ, თუ ვინც იცის გალობის პედაგოგიური მნიშვნელობა, იგი ულბილებს და უკეთილშობილებს ხასიათს ხალხსა, იგი აკავშირებს ერთმანეთთან ხალხსა... ერთის მხრით საზოგადო გალობით შეიძლება შეკავშირება იმ ჩვენის ხალხის სხვა-და-სხვა ნაწილებისა, რომელნიც ამ ჟამად განშორებულნი არიან ”ხასიათით...”
უფ. პ. უ. შეუდგება ამ კითხვის განმარტებას, თუ რომელის მგალობლების გალობით და რა ნოტებით, [8]უნდა დაიწეროს ქართული გალობა”. ავტორის აზრით ”ქართულს საკრავებში და სიმღერებში ისეთი ხმებია, რომლისათვისაც ევროპიელი ნოტები არ არის (საკმაო?) სწორედ ამ გვარად, როგორც ქართული ასო ყ და ჭ არც ერთს ევროპიელს ანბანში არ არის...” ამის პასუხი მოკლეა: თუ ქართულის სიმღერების ხმებისათვის ევროპიელი ნოტები საკმაონი არ არიან, მაშ უფ. მ. მაჭავარიანმა როგორ გადიღო ქართული სიმღერები იმ ნოტებზე, რომელთაც თქვენა სცოტაობთ ქართულის სიმღერების გადასაღებად? ნუ თუ უფ. მაჭავარიანმა ”ქართული ნოტებიც” მოიგონა? გარდა ამისა უფ. პ. უ. ამბობს: ”ვისაც მუზიკისა და გალობისათვის თვალ-ყური მიუჩვევია, ის ადვილად განარჩევს ევროპიულს მუზიკას, გალობას, ჩვენის ქართულისაგან”; მართალია, მაგრამ რა გამოდის აქედგან? განა თვით ევროპის თითოეულის ხალხის მუზიკა და გალობა კი არ განირჩევიან ერთმანეთიდგან?
”ნოტების ანბანი ევროპიულის ხმებისა და მუზიკისთვის არის შემოღებულიო”, ამბობს კიდევ პ. უ. ცხადია, რომ უფ. პ. უ. ვერაფრად სცოდნია გალობის ანუ სიმღერის კანონები, თორემ მოყვანილს აზრს იგი ისე გაბედვით და თამამად არ იტყოდა. თუ ევროპიული ნოტების ანბანი საკმაო არ არის გალობისათვის, მაშ სხვა-და-სხვა ხალხებს სხვა-და-სხვა კანონები ჰქონიათ ტონების ხმების გამოცვლაში, ხმის ამაღლებ-დადაბლებაში. ნუ თუ უფ. პ. უ. ჰგონია, რომ ასოს გამოთქმას და ხმის ამაღლებ-დადაბლებას ერთი და იგივე კანონი აქვს? არა. შეიძლება ფრანციელმა ვერ გამოსთქვას ქართული ასო ყ და ჭ, მაგრამ იგი მშვენივრად იგალობებს (გალობის ნოტების მცოდნე) ქართულის სიმღერის კილოს, როგორიც უნდა იყოს, ასოებზე - ანბანზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ხალხს თვისი საკუთარი ნოტის ანბანი და მუზიკის კანონები ექმნებოდა, რადგანაც ევროპაში ყველა ხალხს არც ერთნაირი (გამოთქმა) - ანბანი აქვს და არც ერთნაირი კილო მუზიკისა. პ. უ.-ის აზრიდგან ის დასკვნაც შეიძლება გამოვიყენოთ, რომ რადგანაც ბერძნებს მხოლოდ 19 ასო აქვთ ანბანში, ნოტების ანბანიც მოკლე უნდა ქონდეთ. კილო აქვს და არა საკუთარი მუზიკის კანონები და ნოტების ანბანი. მუზიკის კანონები და ნოტების ანბანი ერთი და იგივეა ყველა ხალხებისათვის - ევროპიელისათვისაც და აზიელებისათვისაც, მუზიკის კანონები და ნოტების ანბანი ისეთნაირად არიან შედგენილნი, რომ რა ხასიათისაც უნდა იყვნენ გალობა და სიმღერა საკმაონი არიან იგინი (კანონები და ანბანი) ხმების გამოსახატავად. ამისათვის ევროპიულის ნოტების ანბანი და მუზიკის კანონები საკმაონი არიან ქართულის გალობის გადასაღებადაც; არც ახალის მუზიკის კანონები დაგვჭირდება ჩვენ, არც ახალის ნოტების ანბანი ქართულის გალობის გადაღებისათვის. ვიმეორებ: ევროპიულისა და ქართულის გალობის სხვა-და-სხვაობა სრულიად არ ამტკიცებს, ვითომ მუზიკის კანონებიც განსხვავდებიან. მე ვეთანხმები უფ. პ. უ. იმ აზრზე, რომ გალობის გადამღებმა კარგად (სპეციალურად) უნდა იცოდეს მუზიკის კანონები, მაგრამ ჩვენის აზრით მხოლოდ მუზიკის კარგად ცოდნა საკმაო არ არის გალობის ნოტებზე გადაღებისათვის: გადამღებმა აგრეთვე კარგად უნდა იცოდეს ქართული გალობაც; წინააღმდეგ ამისა ნამდვილად გადაღება ქართულის გალობისა ძნელია - თითქმის შეუძლებელიც. ამ უკანასკნელის აზრის დასამტკიცებლად ჩვენ წარმოვადგენთ სომხურის გალობის ნოტებზე გადაღებას ერთის იტალიელის მიერ, რომელმაც სომხურს გალობას თითქმის დაუკარგა ნაციონალური (ხალხური - მშობლიური) ხასიათი იტალიანურის კილოს დამატებით... ამ ჟამად ”გადამღებლად” ვერავის ვაღვიარებთ ჩვენში (ქართლ-კახეთში მაინც), ”უფ. სავანელმა იცის კარგად მუზიკის კანონებიო”. მართალია, მაგრამ თუ ამასთანავე უფ. სავანელმა თვით ქართული გალობაც არ იცის (ამისი რა მოგახსენოთ) არა გამოვა რა. ჩვენის მხრით ვიტყვით, რომ ამ მიზნისათვის უნდა გაიგზავნოს ერთი თუ რამდენიმე ახალგაზდა ქართველი კონსერვატორიაში (გალობის უმაღლესს სასწავლებელში), რომელმანც ქართული გალობა თუ ძალიან კარგად - სრულიად არა - რამოდენადმე იცოდეს, რომ გადაღებაში ქართული ხალხური ხასიათი და კილო არ შესცვალოს. რამდენიმე ამ გვარი პირები შემიძლიან დავასახელო, ქართლ-კახეთში მყოფთა შორის. ისეთი პირებიც მოიპოვებიან ჩვენში (ქართლ-კახეთში), რომელთაც გვარიანად იციან ნოტებზე გალობა და რამდენადმე ქართული გალობაც. ყველა დამეთანხმება, რომ ამ უკანასკნელ ყმაწვილ-კაცებს უფრო უნდა მიეცეთ უპირატესობა, რადგანაც იგინი უფრო ადვილად შეისწავლიან მუზიკის კანონებს და აგრეთვე თვით ქართულს გალობასაც, რადგანაც მათ საკმაოდა აქვთ სმენა გალობისა გახსნილი. მაგალითად, მე შემიძლიან დავუსახელო საზოგადოებას, [9]ძმები კარბელოვები (მ. გ. კარბელოვის შვილები), რომელთაც ქართული გალობა კარგად, უკეთესად იციან, ნოტები კი, საუბედუროდ, არა. ძმები ციმციევები, რომელთაც ნოტებზე გალობა გვარიანად იციან და ქართულიც რამდენადმე. უფროსი მათგანი, უფ. აპოლლონ ციმციევი სამი წელიწადი იტალიანურის ოპერის გუნდშიაც გალობდა და შემიძლიან თამამად ვსთქვა, ნოტებს კარგად კითხულობს. იგი ამ ჟამად იმყოფება ქ. გორის სასულიერო სასწავლებელში გალობის მასწავლებლად. მეორე ძმა, რომან ციმციევი თელავის სასულიერო სასწავლებელშია გალობის მასწავლებლად. ამ უკანასკნელმაც გვარიანად იცის ნოტები და ქართული გალობაც მე მითხრეს, რომ უფ. რ. ც. ”რომელი ქერუბიმთა” გადაიღო ნოტებზე და ეკკლესიაშიც აგალობებს თავის მოწაფეებსაო. ქართული სიმღერებიც ჰქონია 30-მდის გადაღებული ნოტებზე და უფ. როჟნოვის ”ნოტების ანბანიც” გადუთარგმნია ქართულად, სახალხო სიმღერები და უფ. როჟნოვის ”ნოტების ანბანიც” გადაუთარგმნია ქართულად, სახალხო სიმღერები და უფ. როჟინოვის ”ნოტების ანბანი” თ. ი. ჭავჭავაძისათვის გარდაუცია 1877 წელში და ეხლაც იმას აქვს თურმე თ. ი. ჭ. გაუშინჯვინებია და შესწორება დასჭირებია, მაგრამ უფ. რ. ც. შეუძლებლობისა გამო ვერ ჩასულა ქალაქში, რომ შეასწოროს იგინი (სიმღერები), თორემ აქამდინაც დაიბეჭდებოდა თურმე. თუ კი უფ. რ. ც. მცირეს ცოდნით დაუწყვია შრომა ქართულის კილოების ნოტებზე გადაღებისათვის, ცხადია, რომ მას უნდა უყვარდეს მუზიკა და თვით ქართული კილოც. ამისათვის, ამ უკანასკნელს რომ გაგზავნიდეს საზოგადოება მუზიკის შესასწავლად მოსკოვში, პეტერბურღში, ანუ ვარშავაში, (მხოლოდ ამ ქალაქებში არსებობენ კონსერვატორიები), ძალიან კარგს იზამდა; მით უმეტეს, რომ თვითონ რ. ც. ძრიელა სურს ქართულს გალობას და საზოგადოდ მუზიკას შესწიროს თვისი სიცოცხლე. იმედია, რომ ამ წერილს ყურადღებას მიაქცევს საზოგადოება. - თუ კი მხატვრობის შესასწავლად საზოგადოებამ რამდენიმე ახალ-გაზრდა ქართველი გაგზავნა სამზღვარს გარეთ, ნუ თუ ქართულის მოტივების (კილოების) ნოტებზე გადაღება მხატვრობაზე ნაკლებად ყურადღების ღირსი და სასარგებლოა, რომ ერთი ახალ-გაზრდა ქართველი მაინც არ გაგზავნოს საზოგადოებამ თავის ხარჯით, თავისავე სასარგებლოდ?! დროა საქმეს შევუდგეთ. აქამდინაც გვეყო მოცდა.
ქართულის გალობის მოყვარე