კათოლიკოსად აღრჩეული მღვდელთმთავარი წარემართების ტაძრად; კარიბჭესა შინა შეემთხვევიან მას აღნთებულითა სანთლებითა, მღვდელთმთავარნი მოსილნი მანტიითა (უკვერთხოდ), მღვდელნი, დიაკონნი საცეცხლურითა და სანთლებითა.
დიაკონი: სიბრძნით.
არქიდიაკონმან: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მგალობელთა: მრავალჟამიერი.
შემდგომ: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
თუ დღესასწაული დაემთხვიოს, გალობენ ძლისპირსა მეცხრისა გალობისასა.
კათოლიკოსად აღრჩეული აღსავლის კარის წინ იტყვის: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკონი: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
კათოლიკოსად აღრჩეულმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკონი: ამინ.
მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განგვირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენ ზედა წყალობით ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსნენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ ვართ ერნი შენი, და ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ, სახელი შენი წოდებულ არს ჩვენ ზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვსცემთ, სახიერ, და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა, ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსლვა ჯვარსა ზედა, რათა იხსნნე, რომელნი შექმნენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულითა აღმავსენ ყოველნი, ვითარ მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.
სახიერებისა წყარო ხარ შენ, წყალობასა შენსა ღირს მყვენ, ღმრთისმშობელო, მოხედენ ერსა შეცოდებულსა, ყოვლად წმიდაო, და აჩვენე მარადის ძლიერებაი შენი, რამეთუ შენ გესავთ და გიხაროდენსა გიღაღადებთ, ვითარცა იგი ოდესმე უხორცოთა მთავარმან გაბრიილ გიღაღადა.
უფალო, გარდამოავლინე ხელი შენი მაღლით სამკვიდრებელით შენით, და განმაძლიერე მე მსახურებასა ამას შენსა ზედა, დაუსჯელად წარდგომად წინაშე საშინელსა საკურთხეველსა შენსა, და შეწირვად შენდა უსისხლო იგი მსხვერპლი, რამეთუ შენი არს ძალი, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კათოლიკოსად აღრჩეულმან: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
კათოლიკოსად აღრჩეულმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესთა და უნეტარესთა პატრიარქთა, ყოვლადსამღვდელოთა ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთათვის.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
კათოლიკოსად აღრჩეულმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
არქიდიაკონმან: სიბრძნით.
კათოლიკოსად აღრჩეულმან: ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
კათოლიკოსად აღრჩეულმან: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
– უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
კათოლიკოსად აღრჩეულმან: რომელმან სახითა ცეცხლისა ენათათა, ზეცით გარდამოუვლინა ყოვლად წმიდა სული წმიდათა თვისთა მოწაფეთა და მოციქულთა, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
არქიდიაკონი, მდგომარე ამბიონის ქვემოთ, მიჰმართავს აღრჩეულსა მას დიდითა ხმითა.
არქიდიაკონმან: სამღვდელომან დასმან წმიდათა მღვდელთმთავართა და განკრძალულთა კრებულთამან და ყოველთა მორწმუნეთა საქართველოისათა ერთითა ნებითა, ერთითა გულითა და ერთითა პირითა აღარჩიეს ღირსებაი შენი, შთაგონებითა ღმრთისათა, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, და მოგიწვევენ შენ წმიდასა ამას კათოლიკე საყდარსა (ხელით უჩვენებს ტაძარსა შინა მდგომსა საყდარსა); აღვედ, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, ხარისხთა ზედა მისთა და ამკობდე მას ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვადმდე შენსა, განადიდე იგი, ვითარცა ნეტართა კირიონ, არსენ, მელქისედეკ, იოანე, ნიკოლაოზ, დომენტი, ანტონი და სხვათა, უწინარეს შენსა მყოფთა, დიდებულთა კათოლიკოსთა; დამწყსე ზეგარდამო შენდა რწმუნებული ერი გზასა ზედა საუკუნოსა ცხოვრებისასა და საძოვართა სახარებისა მადლისათა. იყავნ, იყავნ!
მგალობელთა: აქსიოს (3-გზის).
კათოლიკოსად აღრჩეულმან: ჭეშმარიტად საღმრთო, დიდ და აღმატებულ არს წმიდა ესე მსახურება, რომლისათვის, თქმულისაებრ წმიდისა ოქროპირისა, საჭირო არს ძალი და ბუნება ანგელოზთა; გარნა, მადლითა და სასოებითა კაცთმოყვარისა მეუფისათა, მივიღებ აღრჩევასა ქრისტეს მორწმუნისა ერისასა და მოსრული წინაშე ღმრთივ აღმაღლებულისა ამის სვეტისა ცხოველისა, აღთქმასა ვჰყოფ საღმრთოთა წესთა და სარწმუნოებისა დაცვისათვის, ერთგულებისათვის ამა კათოლიკე ეკლესიისა და თავისა და სულისა დადებისათვის ვიდრე სისხლთა დათხევადმდე ერისა ჩემისა კეთილდღეობისათვის.
უპირატესი მღვდელთმთავარი: მიიღე კვერთხი ესე, სახე მოსეს კვერთხისა, რათა, ვითარცა მან განაპო ზღვა მეწამული და აღიყვანა ძველი ისრაელი ქვეყანად აღთქმისა, ეგრეთვე შენცა, განძლიერებულმან და მას ზედა დაყრდნობილმან, განაპო ზღვაი მსოფლიო ღელვა-გვემისა და ძლო შეყვანად ახლისა ისრაელისა ქვეყანასა საუკუნოისა აღთქმისასა. განმხნდი და განძლიერდი, ვინაითგან სიტყვა გიძს მიცემად ღმერთსა ჩვენსა და მწყემსმთავარსა იესო ქრისტესა.
მგალობელთა: აქსიოს (3-გზის).
მგალობელთა: ტონ დესპოტინ, კე არქიერეა იმონ კირიე ფილატე ისპოლა ეტი დესპოტა.
ჟამსა მცირე შესვლისასა კრებული გამოვალს საკურთხეველით და დაიკავებს ადგილსა თვისსა მარჯვენით და მარცხენით კათედრისა.
არქიდიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
კათოლიკოსად აღრჩეული, ოდეს ლოცვანი წარიკითხებიან, მოიდრეკს მუხლთა თვისთა კათედრასა ზედა და აღიხდის მიტრასა.
უპირატესმან მღვდელთმთავარმან: ღმერთო რომელმან, ყოველივე შეჰქმენ ძალითა და დაამყარე სოფელი ზრახვითა; რომელმან შეამკვე გვირგვინი შენ მიერ შექმნულთა, რომელმან მოეც მათ შიშით მორჩილებისა შენისა დამარხვაი, რომელმან მოგვმადლე ჩვენ გონება ჭეშმარიტი და მაუწყე ჩვენ სული შენი წმიდა და ტკბილი, რომელმან ძე შენი საყვარელი გარდამოავლინე მაცხოვრად, მხოლოდ შობილი, უბიწო, ცხოვრებისა ჩვენისათვის; ღმერთო და მამაო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, ღმერთო მოწყალებათაო და ყოვლისა ნუგეშინისცემისაო, რომელი მაღალთა ზედა უხრწნელთა მათ წმიდათა შინა საუნჯეთა დამკვიდრებულ ხარ, რომელი მაღალ ხარ და დიდებულ, საშინელ და დიდ და ყოველთა მსტოვარ, რომელმან იცნი ყოველნივე ყოფადმდე მათთა, რომლისაგან ყოველივე ყოფადმდე იქმნა, რომელმან მოეც განათლებაი ეკლესიასა შინა მადლისასა მხოლოდ შობილისა მიერ ძისა შენისა, განაჩინენ დასაბამითგან, რომელთა წინასწარ სამართალი გამოურჩევიეს და რომელნი სიწმიდის მოქმედნი არიან, დამკვიდრებად იგინი საყოფელთა შენთა; რომელმან გამოირჩიე აბრაამ, რომელი სათნო გეყო შენ სარწმუნოებითა, და ენუქ ქალწული ცხოვრებისა საუნჯესა მიიყვანე; რომელმან მთავარნი და მღვდელნი განაწესენ სიწმიდესა მაღალთა შინა შენთა; უფალო, რომელმან მოუწოდე მთავართა ადგილსა დიდებისა შენისასა გალობად და დიდებად სახელისა შენისა და მხოლოდ შობილისა ძისა შენისა; უფალო, მაშინდითგანვე სიწმიდე შენი მაღალთა შინა უმსახურებელად არა დაუტევე; უწინარეს სოფლის დაბადებისაით, ღმერთო, და კვალად სოფლის დაბადებითგან სიწმიდე შენი მთავართაგან და მღვდელთა შეამკვე ხატად სიწმიდეთა მათ შენთა ზეცისათა; შენ, უფალო, ინებე დიდებად აწ და ღირს ყავ ესე მთავრად ერისა შენისა, განანათლე ესე და მოეც მთავრობისა მისგან შენისა სულისა გულისხმის ყოფაი და მადლი, რომელი მოეც საყვარელსა ძესა შენსა იესო ქრისტესა; მოეც სიბრძნე, ღმერთო, ზრახვაი, სიმხნე, ძალი, სულისა ერთობაი, ყოველივე ყოფად მოხედვითა შენითა; მოეც სულისაგან შენისა, წმიდაო, რომელი-იგი წმიდათა შენთა მოანიჭე მოციქულთა, შეუგინებელსა და წმიდასა შენსა ეკლესიასა და ყოველსა ადგილსა სიწმიდისა შენისასა; მოეც მონასა ამას შენსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად, ახლად გამორჩეულსა (სახელი), უფალო, რათა იყოს სათნო შენდა, მადიდებელად და მაქებელად დაუკლებელად, ღმერთო, გალობათა მარჯვეთა და შეწყნარებულთა ლოცვათა, თხოვათა სარწმუნოთა, ზრახვასა მართალსა გულითა მდაბლითა, საქმესა ცხოვრებისასა და მშვიდობისასა და ჭეშმარიტებისასა, მეცნიერად სიწრფოებისა; გულთა მეცნიერო მამაო, მონასა ამას შენსა ზედა, რომელი გამოირჩიე კათოლიკოსად, რათა მწყსიდეს სამწყსოსა შენსა წმიდასა, გარდამოავლინე მადლი შენი მღვდელთმოძღვრებად შენდა უბიწოდ და წმიდად, მოუკლებელად მსახურებად დღე და ღამე, გამოცხადებად ამას პირი შენი; ღირს ყავ ესე, უფალო, შეწირვად შესაწირავსა წმიდასა ეკლესიასა შენსა კრძალულად ყოვლითა მოშიშებითა, რათა სული ხელმწიფებისა აქუნდეს; მომადლე განხსნა ყოვლისა კრულებისა, ვითარცა მოჰმადლე წმიდათა შენთა მოციქულთა სათნოებად შენდა, განამტკიცე სიმშვიდითა, სიყვარულითა, სწავლულებითა და მეცნიერებითა, სიმხნითა, მლოცველად ერისა, რათა იგლოვდეს უმეცართა, და მოხადად შენდა შემწედ, რათა შესწირვიდეს შენდა გალობასა და აღსარებასა და ლოცვასა სულად სულნელებისად ძისა შენისა მიერ საყვარელისა, იესო ქრისტესა, რომლისა მიერ შვენის შენდა დიდება და ძალი სულისა წმიდისა შენისა თანა, უწინარეს საუკუნეთა, აწ და მარადის, და ნათესავითი-ნათესავად, დაუსრულებელთა საუკუნეთა საუკუნეთასა.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
არქიდიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.
მგალობელთა: აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.
არქიდიაკონმან: (მუხლი) შენდამი, უფალო, ხმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან.
მგალობელთა: აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.
არქიდიაკონმან: აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.
მგალობელთა: და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.
დიაკონი: სიბრძნით.
არქიდიაკონმან: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
(სამოციქულოს წარიკითხავს არქიდიაკონი).
ძმანო მივის ჩვენ მღვდელთმთავარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესო ძე ღმრთისა, მტკიცედ ვსდევდეთ აღსარებასა ჩვენსა. რამეთუ არა ეგევითარი გვივის მღვდელთმთავარი, რომელიმცა ვერ შემძლებელ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩვენთა, არამედ გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თვინიერ ცოდვისა. მოუხდეთ უკვე განცხადებულად საყდარსა მას მადლისასა, რათა მოვიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი შემწეობისათვის ჟამიერისა. რამეთუ ყოველი მღვდელთმთავარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათვის დასდგის მსახურებად ღმრთისა, რათა შესწირვიდეს შესაწირავთა და მსხვერპლთა ცოდვათათვის. შენდობით და სწორად წყალობად შემძლებელ არს უმეცართა მათ და შეცდომილთა, ვინაითგან მასცა ზედა-აძს უძლურება, და ამისთვის თანა-აძს, ვითარცა ერისათვის, ეგრეცა თავისა თვისისათვის, შეწირვად მსხვერპლი ცოდვათათვის. და არავინ თავით თვისით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა იგი აარონ. ეგრეთცა ქრისტე არა თავი თვისი ადიდა ყოფად იგი მღვდელთმთავრად, არამედ რომელი იგი ეტყოდა მას: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ. ვითარცა იგი სხვასაცა ადგილსა იტყვის: შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. ვითარცა იგი დღეთა მათ ხორცთა მისთასა, ხმითა მაღლითა და ცრემლითა ვედრებასა და ლოცვასა შესწირვიდა შემძლებელისა მის მიმართ, ხსნად მისსა სიკვდილისაგან, და შეისმინა მისი მოშიშებისა მისგან. და თუმცა ძე არს, ისწავა, ვნებითა მორჩილებაი, და სრულ იქმნა და ექმნა ყოველთა მორჩილთა მისთა მიზეზ საუკუნოისა ხსნისად. და სახელ ედვა ღმრთისა მიერ მღვდელთმთავარ წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
არქიდიაკონმან: ალილუია (3-გზის).
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
არქიდიაკონმან: (მუხლი): შენ თანა არს მთავრობა დღესა ძლიერებისა შენისასა, ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
არქიდიაკონმან: (მუხლი): კვერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლებდე შორის მტერთა შენთა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
არქიდიაკონმან: (მუხლი) შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
არქიდიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მეორემან მღვდელთმთავარმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მეორემან მღვდელთმთავარმან: მათესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
არქიდიაკონმან: მოხედენ.
(სახარებას წარიკითხავს მეორე მღვდელთმთავარი).
მას ჟამსა შინა, მო-რა-ვიდა იესო ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თვისთა და ჰრქვა: რაი თქვიან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? ხოლო მათ ჰრქვეს: რომელთამე იოანე ნათლისმცემელი, რომელთამე ელია და სხვათა იერემია, გინა ერთი წინასწარმეტყველთაგანი. ხოლო მან ჰრქვა მათ: თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად? მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქვა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა. მიუგო იესო და ჰრქვა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ-იონა, რამეთუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. და მე გეტყვი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი, და რომელი შეჰკრა ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განხსნა ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა. რომელსა უყვარდეს მამაი, ანუ დედაი უფროს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. რომელმან მოიპოვოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი. რომელმან შეგიწყნარნეს თქვენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს. და რომელმან ასვას ერთსა მცირეთაგანსა სასმელი ერთი, წყალი გრილი, სახელად მოწაფისა, ამინ გეტყვი თქვენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაი, ანუ დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს. ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკანანი წინა.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
არქიდიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
სხვამან მღვდელთმთავარმან: ღმერთო, რომელი დიდ ხარ და საუკუნო და არარა არს დაფარულ შენგან; რომელმან შეჰქმენ ყოველივე სიტყვითაბრძანებისაშენისაითა; რომელმან უმეტესად ჰყვი ჩვენისა თხოვისა და გულისხმისყოფისა; რომელმან დაამტკიცენ ეკლესიანი პატიოსნითა სისხლითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა და გამოაჩინენ მათ შინა მოძღვარნი, რომელთა მიერ განეფინა ყოველთა ცის კიდეთა მეცნიერება ჭეშმარიტებისა შენისა, რომელი თავადმან მხოლოდ შობილმან მაგან ძემან შენმან მოჰმადლა ნაშობსა კაცთასა, რომელმან თითოეულად-თითოეულად ნათესავად-ნათესავადისა ნაშობთაგანი გამოაჩინენ რჩეულნი შენნი; შენვე თავადმან ღმერთმან აწცა მოხედე მონასა ამას შენსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად, ახლად გამორჩეულსა (სახელი) და გამოარჩიე ესე გამორჩევითა მაგით სულისა წმიდისათა, რათა იყოს ესე სრულ მღვდელ მსგავსად ჭეშმარიტისა მის მწყემსისა, რომელმან დადვის თავი თვისი ცხოვართა ზედა; დაამტკიცე სულითა მაგით მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა მსახურებასა ამას წმიდათასა და დიდებულსა, რათა მწყსიდეს სამწყსოსა შენსა მართალითა გონებითა, და წარუმართე ამას სიტყვათა შინა ჭეშმარიტებისათა და ეც ამას სიტყვა აღებასა პირისასა, რათა იყოს განმანათლებელ მსხდომარეთა ბნელისათა, მასწავლელ უგუნურთა, მოძღვარ ჩვილთა; შეჭურე და შთააცვი ამას ძალი ზეცითა გარდამო, რათა ოდეს დასდვოდის ხელი სნეულთა ზედა, იქმნებოდის ნიშები და სასწაულები ერსა შენსა შორის, რათა ასწაოს სრულიად და დაამტკიცოს სულიერად ყოველივე, რომელი ესე სარწმუნოდ გამოარჩიე შენისა მაგის სიმდიდრისა, და მწყსად ერისა შენისა ჩვენისა მის გლახაკებისაგან ნებითა შენითა; რათა დგეს წინაშე საკურთხეველსა შენსა წმიდასა და საშინელსა დღესა მას გამოცხადებისა შენისასა და მოელოდის მოსაგებელსა კეთილსა სარწმუნოდ მშრომელთა თანა შენითა მაგით კაცთმოყვარებითა, მოწყალებითა და შეწყნარებითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა შენდა დიდება შვენის წმიდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
არქიდიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
უპირატესმან მღვდელთმთავარმან: რომელმან მღვდელთ-მთავრობისა ნიჭი მიჰმადლე ისრაელსა ხორციელებისა მსახურებისა და სულიერებრი მღვდელობაი ჩვენ განმიწესე, ისმინე ჩვენი, უფალო, და დაადგინე მონა შენი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად, ახლად გამორჩეული (სახელი) მწყსად და სარწმუნოდ მსახურად და მცველად სარწმუნოებისა, მღვწელად ეკლესიისა შენისა, შემოკრებად უცხოთა და განმაკრძალებელად წმიდათა შენთა და სარწმუნოთა, რათა მოიღოს მადლი ქრისტეს შენისა, აღაორძინოს ეკლესია შენი შეწევნითა სულისა წმიდისათა და წარდგეს დიდებასა ქრისტეს შენისასა, რომელსა შვენის დიდება, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
შემდგომად არქიდიაკონი წესისამებრ მიართმევს მას წმიდასა სახარებასა და ეტყვის: აკურთხე უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო წმიდა შესავალი. აკურთხებს წესისამებრ, და შემდგომად მოართმევენ მას იპოდიაკონნი დიკირსა და ტრიკირსა და იქმნების მცირე შესვლა ჩვეულებისამებრ, ვითარცა უჩენს წესი მღვდელთმთავრის ლიტურგიისა.
ორნი უპირატესნი მღვდელთმთავარნი, მპყრობელნი მისნი მარჯვენით და მარცხენით, დააბრძანებენ მას მაღალდასაჯდომელსა და იტყვიან: სახელითა მამისათა, ამინ აქსიოს.
მგალობელთა: აქსიოს (3-გზის).
მღვდელთმთავარნი აღადგენენ კათოლიკოსსა, კვალად დააბრძანებენ და იტყვიან: და ძისათა, ამინ – აქსიოს.
მგალობელთა: აქსიოს (3-გზის).
ეგრეთვე მესამედ აღადგენენ და კვალად დააბრძანებენ და იტყვიან: და სულისა წმიდისათა, ამინ – აქსიოს.
მგალობელთა: აქსიოს (3-გზის).
შემდგომად ამისა წარიკითხავენ სამოციქულოსა და აღესრულების წმიდა ლიტურგია.
ლიტურგიის ბოლოს განიმოსების ახლად აღსაყდრებული პატრიარქი და შეჰმოსავენ მას საპატრიაქო მეწამულსა მანტიასა და გამოვლენ ამბიონსა ზედა. უპირატესი მღვდელთმთავარი ეტყვის მისალოცსა სიტყვასა და მიართმევს მას საპატრიარქო კუნკულ-ბარტყულსა და იტყვიან მისალოცთა სიტყვათა სხვანიცა. რაჟამს დაასრულონ მილოცვანი ახლად აღსაყდრებული პატრიარქი წარმოთქვამს სამადლობელსა სიტყვასა. დასასრულს იქმნების სამადლობელი პარაკლისი და განსრულდების ესე ყოველივე სადიდებელად ღმრთისა.