უწყებად ჯერ-არს ყოველთა, ვითარმედ ნუვინ სადმე იკადრებნ გარდასვლად და დარღვევად კანონთა მათ საქართველოს ეკლესიისათა, ნეტართა მამათმთავართა და მღვდელთმთავართაგან დადებულთა, რომელ არს: „თვინიერ მცხეთისა დიდისა სამოციქულოისა ეკლესიისა ყოვლითურთ დაყენებულ არს ხელისდასხმა მღვდელთმთავრობითი სხვასა ეკლესიასა შინა; ხოლო თუ სადმე იკადროს ვინმემ გარდასვლად კანონის ამის ჩვენისა, ხელისდამსხმელიცა იგი კრება და ხელთდასხმულიცა იგი განკვეთილ არნ“.
ერთხანს (XX ს-ის 20-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე) სამღვდელთმთავრო ქიროტონიის წესი თბილისის სიონის ტაძარშიც სრულდებოდა, რადგანაც – საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს 1921 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით დახსნილ და დაყენებულ იყო ზემოხსენებული წყევლა, და სამღვდელთმთავრო ქიროტონიის შესრულება მცხეთის სვეტიცხოვლის გარეთ — სხვა საკათედრო ტაძრებშიც იქნა დაშვებული. კათალიკოსის – კურთხევა კი უთუოდ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უნდა შესრულებულიყო (იხ. „საქართველოს ეკლესიის კალენდრის“ 1976 წლისათვის, გვ. 73).
განწესებულსა დღესა შეკრბებიან კათალიკოსისა თანა ეპისკოპოსნი დიდსა შინა ეკლესიასა წინაშე წმიდისა სვეტისა, სადა-იგი მახლობელად მდგომარე არს საყდარი სამამათმთავრო და მას ზედა დგას დასაჯდომელი კათალიკოსისა; მარცხენით და მარჯვენით დგანან მღვდელთმთავარნი და შემდგომად მათსა არქიმანდრიტნი, დეკანოზნი და სხვანი სამღვდელონი. კათალიკოსი და მღვდელმთავარნი მოსილ არიან მანტიითა, ხოლო სხვანი სამღვდელონი სამღვდელოითა სამოსლითა. მიართმევენ კათალიკოსსა ოლარს, სამკლავესა და მცირესა ომფორსა და შეიმოსს იგი მათ. გამორჩეული, მოსილი მანტიითა, სდგას საკურთხეველსა შინა; ორნი უპირატესნი არქიმანდრიტნი გინა თუ დეკანოზნი გამოიყვანენ მას ჩრდილოის კარით, წინაძღომითა კანდელაკისა და არქიდიაკონისა ჯვარითა და აიაზმისა წყლითა, და დაადგინებენ პირის-პირ უწმიდესისა მამათმთავრისა.
ბრძანებითა უწმიდესისა მამათმთავრისათა იქმნების „გამოცხადება“ ერთისა რომელისამე მღვდელთმთავრისაგან ესრეთ სახედ:
პატიოსანო არქიმანდრიტო (სახელი), (ან იღუმენო, მღვდელმონაზონო) სამღვდელონი და საერონი დასნი აწ დაქვრივებულისა (სახელი ეპარქიისა) ეპარქიის სამწყსოისანი, კურთხევითა და თანხმობითა უწმიდესისა და უნეტარესისა მამათმთავრისა ჩვენისა (სახელი მამათმთავრისა)-სითა, ბრძანებენ დადგინებად შენდა ეპისკოპოსად ღმრთივ-დაცულისა ეპარქიისა (სახელი ეპარქიისა).
გამორჩეული მიუგებს:
ვინაითგან სამღვდელომან და საერომან დასმან ღმრთივდაცულისა (სახელი ეპარქიისა) ეპარქიის სამწყსოისამან, კურთხევითა და თანხმობითა უწმიდესისა და უნეტარესისა მამათმთავრისა ჩვენისა (სახელი მამათმთავრისა)-სითა, ბრძანა დადგინება ჩემი მსახურებასა ამას ზედა, ვჰმადლობ მას, მორჩილ ვარ ბრძანებისა მისისა, მივიღებ და არა რას მცირესა წინააღმდგომსა ვიტყვი.
არქიდიაკონი: გვაკურთხენ უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო.
კათალიკოსი: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მღვდელთმთავარნი და სამღვდელონი: ამინ.
იწყებს პირველმდგომარე მღვდელთმთავარი:
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
კათალიკოსმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ტროპარი:
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყვარე, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კონდაკი:
რაჟამს-იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ, რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, ერთბამად მიიყვანნა იგინი; ამისთვისცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად წმიდასა, თანასწორსა მამისა და ძისასა.
არქიდიაკონმან: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
არქიდიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი; და ეპისკოპოსთა, იქ მდგომარეთა) -თვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
არქიდიაკონმან: მერმეცა გევედრებით მაღალღირსისა არქიმანდრიტისა (სახელი), (ან იღუმენისა, მღვდელმონაზონისა) აღრჩეულისა ეპისკოპოსად ღმრთივდაცულისა ეპარქიისა (სახელი ეპარქიისა).
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
არქიდიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთათვის.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
კათალიკოსმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
არქიდიაკონმან: სიბრძნით.
კათალიკოსმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
კათალიკოსმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
– უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
კათალიკოსმან: ჩამოლოცვა:
რომელმან სახითა ცეცხლისა ენათათა, ზეცით გარდამოუვლინა ყოვლად წმიდა სული წმიდათა თვისთა მოწაფეთა და მოციქულთა, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ.
არქიდიაკონმან: კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება, სიმრთელე და ყოველთა შინა კეთილ-წარმართება, ხოლო მტერთა ზედა ძლევაი და გამარჯვება მოანიჭე უფალო, უწმიდესსა და უნეტარესსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მეუფესა, მამასა ჩვენსა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) და დაიცევ იგი უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.
მგალობელთა: მრავალჟამიერ (3-გზის).
არქიდიაკონმან: ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და (მაღალყოვლადუსამღვდელოესი ან ყოვლადუსამღვდელოესი (ეპარქიის სახელი), მიტროპოლიტი მთავარეპისკოპოსი ან ეპისკოპოსი (სახელი) დაიცევ უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.
მგალობელთა: მრავალჟამიერ (3-გზის).
არქიდიაკონმან: კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება, სიმრთელე და ყოველთა შინა კეთილ-წარმართება, ხოლო მტერთა ზედა – ძლევა და გამარჯვება მოანიჭე უფალო, ღმრთისმოყვარესა არქიმანდრიტსა (სახელი) (ან იღუმენსა, მღვდელმონაზონსა) გამორჩეულსა და დამტკიცებულსა ეპისკოპოსად ღმრთივდაცულისა ეპარქიისა (სახელი ეპარქიისა), და დაიცევ იგი უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.
მგალობელთა: მრავალჟამიერ (3-გზის).
არქიდიაკონმან: კეთილმორწმუნენი, ნაყოფის შემომწირველნი და კეთილის მყოფელნი წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და მას შინა მშრომელნი, მგალობელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი დაიცევ უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.
მგალობელთა: მრავალჟამიერ (3-გზის).
ამისა შემდგომად ახლად გამორჩეული იგი წარმოსთქვამს სამადლობელსა სიტყვასა.
დასასრულ თაყვანის-სცემს კათალიკოსსა, ხოლო კათალიკოსი ჰყოფს კურთხევასა, თავსა მისსა ზედა გამომსახველი ნიშისა ჯვარედად წმიდითა მით ჯვარითა, და ასხურებს წყალსა აიაზმისასა.
იქმნების შესლვა - ეკლესიად წირვად განმზადებულთა აღრჩეულითურთ, შემთხვევა ხატთა და შემოსვა წესისაებრ.
არქიდიაკონმან: მოიყვანების ღმრთისმოყვარე არქიმანდრიტი (სახელი) (ან იღუმენი, მღვდელმონაზონი) გამორჩეული და დამტკიცებული ეპისკოპოსად ღმრთივდაცულისა ეპარქიისა (სახელი ეპარქიისა).
შემდგომად ამისა ჰყოფს კითხვასა კათალიკოსი გამორჩეულისა მის მიმართ.
კათალიკოსმან: რომლისა მიზეზისათვის მოხველ წინაშე ჩვენსა?
გამორჩეულმან: მღვდელთმთავრობითისა მადლისა მოღებად, უწმიდესო მამაო.
კათალიკოსმან: და ვითარ გრწამს?
ხოლო ახლად გამორჩეულსა მას უპყრიეს ხელთა შინა წერილი მართლმადიდებლობითისა სარწმუნოებისა, რომელსა წარიკითხავს და აღიარებს სასმენელად ყოველთა.
გამორჩეულმან: მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა;
და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდ-შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცნა და ჯვარს-ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს-ზე, და ივნო, და დაეფლა და, აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ;
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყუელთა მიერ; ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლის-ღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკვდრეთით. და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.
ამისა შემდგომად შევიწყნარებ და დავიცავ კანონთა წმიდათა მოციქულთასა, და მრწამს, და აღვიარებ შვიდსა მას მსოფლიოსა კრებასა და ადგილობრივთა კრებათა, რომელნიცა შეკრბენ მართლმადიდებლობისა დასამტკიცებლად; ვსჯერვარ და აღვიარებ მათსა მას კანონსა და წესსა წმიდათა მამათასა, რომელიცა მღვდელთა მამათა ჩვენთა დააწესეს და დაამტკიცეს ჟამსა და წელსა მას; რაოდენიცა მათ სთქვეს და ჰრწმენათ, მეცა ვსჯერვარ და აღვიარებ, და რაოდენიცა მათ განაგდეს, მეცა განვაგდებ. კვალად აღვიარებ წმიდათა ეკლესიათა მშვიდობასა და შევიწყნარებ და არცა ერთსა განდგომილებისა საქმესა შემოვიღებ; ვიდრემდის ვსცხოვრობ ყოველთავე შეგივრდები და ხელდადებულ ვიქმნები თქვენ სანატრელისა და ყოვლად წმიდისა მამისა ჩვენისა და მამათმთავარისა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი)-ს მიერ. შევიწყნარებ და აღვიარებ, რომელთა შიშითა ღმრთისათა და კეთილითა სწავლითა და საღმრთოითა · მცნებითა გვასწავეს, ყოვლისა რომელისამე სიბოროტისა არა ქმნად, რაოდენიცა ძალმიძს ძალითა ღმრთისათა. კვალად დავიცავ რაოდენიცა წმიდათა მამათა ბრძანეს და დააწესეს, მათსა მას წესსა და რიგსა არცა გარდავალ და არცა სხვარიგად შევიწყნარებ, მათთა მცნებათა და ამათ ყოველთავე ესრეთ აღვიარებ. კვალად რაოდენიცა მცნება და სწავლა არს ჩვენ ზედა თქვენ სანატრელისა და ყოველთა თქვენთა მღვდელთმთავართა და ტახტისა თქვენისა და ძალითა თქვენითა და შეწევნითა მამათმთავრობისა თქვენისათა, მასცა აღვიარებ მადლითა ღმრთისათა, რომელსაცა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხოლო ზეაღდგების კათალიკოსი და აკურთხევს ჯვარისა გამომსახველი ახალ გამორჩეულსა მას.
კათალიკოსმან: მადლი ყოვლად წმიდისა სულისა იყავნ შენ ზედა.
კვალად მოყვანებად იქმნების მომყვანებელთა მათგანვე გამორჩეული (იგი და დადგინებულ საშუალ არწივსა ზედა.
არქიდიაკონმან: მოიყვანების ღმრთისმოყვარე არქიმანდრიტი (სახელი) (ან იღუმენი, მღვდელმონაზონი) გამორჩეული და დამტკიცებული ეპისკოპოსად ღმრთივდაცულისა ეპარქიისა (სახელი ეპარქიისა).
მარჯვენით მდგომარე კათალიკოსისა უპირატესი მღვდელთმთავარი მიმართავს გამორჩეულსა მას.
უპირატესი მღვდელთმთავარი: გამოგვიცხადე მტკიცედ სიტყვა ეგე, თუ ვითარ აღიარებ სამგვამოვნებასა მიუწვდომელისა ღმრთეებისასა?
ხოლო გამორჩეული (იგი მიუგებს და იტყვის მაღლითა ხმითა სასმენელად ყოველთა მეორესა მას წერილსა, პყრობილსა ხელთა შინა.
გამორჩეულმან: მრწამს ერთი ღმერთი, სამგვამოვნებით ცნობილი, მამასა ვიტყვი და ძესა და სულსა წმიდასა, პირებით განყოფილად თვის-თვისად, ხოლო განუყოფელად არსებითა, რამეთუ სამება ესე ერთი არს არსებითა და ბუნებითა, ხოლო პირებითა თვითოეულად სახელიდების მამა, ძე და სული წმიდა. მამა უშობელი და დაუსაბამო, რამეთუ არავინ არს უმთავრეს მისა და იგი არს ჭეშმარიტად ღმერთი დაუსაბამო, რამეთუ არავინ არს დასაბამ მისა, არამედ მხოლოდ თვით არს დასაბამ ყოველთა. მრწამს ჭეშმარიტად, ვითარმედ მამა არს მიზეზი ძისა და სულისა წმიდისა, რამეთუ ძისა მშობელი არს და სულისა წმიდისა გამომავლინებელი. არცა განიყოფის არსებითა და არცა შეერთდების გვამებითა, არამედ მხოლოდ პირებითა განყოფილ არიან ესრეთ. რამეთუ მამა ჰშობს ძესა და გამოავლინებს სულსა წმიდასა, ხოლო ძე იშვების მხოლოდ მამისაგან და სული წმიდა გამოვალს მხოლოდ მამისაგან. რამეთუ ამათსა ერთმთავრობასა აღვიარებ და მიზეზად ვიცნობ მამას ძისა და სულისა წმიდისად. ძესა ვიტყვი პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილად და ყოველთაგან მოუკლებლად, არა დაბადებულად, ნუ იყოფინ, ვითარცა არიან სხვანი დაბადებულნი, არიანოსთა მწვალებელთა წვალებისაებრ და თქმულთა მათთა, არამედ მე ესრეთ ვიტყვი, ვითარმედ არს ძე დაუსაბამოისაგან მამისა, რათა არა ითქვას ორთავე დასაბამობა; ეგრეთვე სულისა წმიდისასა, რამეთუ ამათ ორთავე აქვს მამისაგან არსება, ხოლო ძე შობილ არს და სული წმიდა გამომავალ, ვითარცა ზემო გვითქვამს, რამეთუ მამა არა განიყოფის ძისაგან და არცა ძე სულისა წმიდისაგან, არცა სული წმიდა მამისა და ძისაგან; ვითარცა სრული არს მამა ძისა და სულისა წმიდისა თანა, ეგრეთვე სრული არს ძე მამისა და სულისა წმიდისა თანა, ეგრეთვე სრული არს სული წმიდა მამისა და ძისა თანა. შეერთებული შეერთებითა არსებისათა და განყოფილი განყოფითა გვამებისათა. აღვიარებ სიტყვასა ღმრთისასა, რომელი არსებითა მამისა თანა პირველსაუკუნეთა მოუკლებელად მარადის მყოფ არს და გარდამოხდა ბუნებისა ჩვენისა შემოსად და დამდაბლდა, ვითარცა კაცი, და ხორცნი შეისხნა უბიწოისა და მარადის ქალწულისა სისხლთაგან, რათა ყოველსა სოფელსა მოწყალებითა თვისითა ცხოვრება მოანიჭოს; და იქმნა საღმრთოისა და კაცებისა ბუნებათა შეერთებითა ერთ, ვინაითგან სიტყვა იგი გარდამოხდა საშოსა ქალწულისასა, არცა ღმრთეებაი მოაკლდა ხორცთშესხმასა ქრისტესსა და არცა განხორციელებაი მისი მოაკლდა ღმრთეებისაგან, არამედ იქმნა ორთავე შეერთებაი ერთ. ამისთვის განვეშორები წვალებასა ნესტორისსა, არცა ვიტყვი უსულოდ და უგონებოდა, ვითარცა იტყოდა აპოლინარი, რამეთუ იგი იტყოდა კმა არსო მის შორის მხოლოდ ღმრთეებაი უსულოდ და უგონებოდ. ხოლო მე ესრეთ აღვიარებ ღმერთად სრულად, რომელიცა განხორციელდა სიტყვა ღმრთისა და მიიღო ხორცი სულიერი და სული გონიერი და სიტყვიერი, რამეთუ ღმრთეებისა და კაცებისა ბუნებისა ყოველივე მას შინა დამკვიდრებულ არს. რამეთუ არა მოკლებულ არს ღმრთეებაი კაცებისა თანა შეერთებითა და არცა კაცებაი ღმრთეებისა თანა, რამეთუ ერთსა გვამსა შინა ორი ბუნება იხილვების: ღმრთეებისაი და კაცებისაი. ესრეთ მრწამს და ესრეთ აღვიარებ იესო ქრისტეს განხორციელებასა და ვიტყვი, ვითარმედ ქრისტემან ივნო ხორცითა და არა ღმრთეებითა, რამეთუ ქრისტესა კაცობრივისა ბუნებისა საქმე ყოველივე აქუნდა თვინიერ ცოდვისა: მოემშია, მოეწყურა, დაშურა, სცრემლეოდა და მსგავსნი ამისნი; არა იძულებით ვისგანმე ჰყოფდა ამას, არამედ ნებსით მოიმშია, ნებსით მოიწყურა, ნებსით დაშურა და ნებსით მოკვდა, რამეთუ ნებსით ინება სიკვდილი ხორცითა კაცობრივითა, არამედ ღმრთეებაი ეგო უვნებელად. მას რად ენება სიკვდილი, არამედ ჩვენთვის დაითმინა სიკვდილი, რათა ჩვენ გამოგვიხსნას უძღებისა მისგან სიკვდილისა და თვისითა სისხლითა მიმგვარნეს ჩვენ მამასა თვისსა. კაცობრივითა ხორცითა ინება სიკვდილი და მოკვდა, ხოლო ღმრთეებისა ძალი შთახდა ჯოჯოხეთად, რათა მას შინა დასჯილნი სულნი გამოიხსნნეს; და შემდგომად აღდგომისა დღესა ორმეოცსა ქვეყანასა ზედა იქცეოდა მოციქულთა თანა, ამისა შემდგომად ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა. ხოლო მარჯვენესა ვიტყვი მამისასა არა ადგილსა რასმე: მარჯვენე ღმრთისაი არს დაუსაბამოობაი და პირველსაუკუნეთა დიდებულებაი, რომელი აქუს ძესა ღმრთისასა მამისა თანა პირველ განკაცებისა და შემდგომად განკაცებისაცა იგივე აქუნდა და თაყვანის-იცემების წმიდითა ხორცითა თვისითა ღმრთეებისა თანა შეერთებული და პატივით თაყვანის-ცემული. ხოლო მეოთხე პირი არა ითქმის წმიდისა სამებისა, ნუ იყოფინ, რამეთუ სამება იგი სამებადვე ჰგიეს, ხოლო შეერთებასა ვიტყვი მხოლოდ-შობილისა ძისასა, რამეთუ შეერთებითა ღმრთეებისათა კაცობრივისა ბუნებისა შეერთებაი განუშორებელად ჰგიეს ღმრთეებისა თანა უკუნისამდე. შემდგომად ამისა მოვალს განსჯად ცხოველთა და მკვდართა, მართალთა და ცოდვილთა; ხოლო მართალთა მისცემს მოღვაწებისა თვისისა სასყიდელსა ზეცისა სასუფეველსა, რომელნიცა კეთილითა მოღვაწებითა აღესრულნენ; ხოლო ცოდვილთა საუკუნესა სატანჯველსა და ცეცხლსა გეენისასა მოუკლებელსა, რომლისაგან განგვაშორნეს ჩვენ ღმერთმან და ღირს მყვნეს ჩვენ, რომელი აღგვითქვა მოცემად სასუფეველი ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, ამინ.
ხოლო აღდგების მარჯვენით მჯდომარე უპირატესი მღვდელთმთავარი და აკურთხევს ჯვარისა გამომსახველი ახალგამორჩეულსა მას.
უპირატესი მღვდელთმთავარი: მადლი ყოვლად წმიდისა სულისა იყავნ შენ თანა განმანათლებელად, დამამტკიცებელად და განმაბრძნობელად ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა.
კვალად მოყვანებულ იქმნების მომყვანებელთავე მათგან გამორჩეული იგი და დადგინებულ ვიდრე თავადმდე არწივისა. ხოლო არქიდიაკონი ჰქადაგებს მესამესა მოყვანებასა.
არქიდიაკონმან: მოიყვანების ღმრთისმოყვარე არქიმანდრიტი (სახელი) (ან იღუმენი, მღვდელმონაზონი) გამორჩეული და დამტკიცებული ეპისკოპოსად ღმრთივდაცულისა ეპარქიისა (სახელი ეპარქიისა).
შემდგომად ამისა მარცხენით მჯდომარე კათალიკოსისა მესამე მღვდელთმთავარი მიმართავს გამორჩეულსა მას.
მესამე მღვდელთმთავარი: გამოგვიცხადე მტკიცედ, თუ ვითარ აღიარებ ერთსა პირსა ძისა და სიტყვისა ღმრთისასა, ანუ რაოდენსა ბუნებას აღიარებ უფლისა იესო ქრისტეს, ღმრთისა ჩვენისასა?
ხოლო გამორჩეული იგი იტყვის მაღლითა ხმითა მესამესა აღსარებასა.
გამორჩეულმან: მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა, დაუსაბამო, უშობელი და უმიზეზო, ხოლო დასაბამი და მიზეზი ბუნებითა ძისა და სულისა წმიდისა. მრწამს მხოლოდშობილი ძე, მისგან პირველ საუკუნეთა შობილი და თანაარსი, რომლისა მიერ ყოველი შეიქმნა.
მრწამს სული წმიდა, რომელი მამისაგან გამოვალს და იდიდების, თანასწორი და თანაარსი და თანამოსაყდრე, ერთპატივი, ერთდიდება და ყოველთა დაბადებულთა დამბადებელი.
მრწამს ერთი სამებისაგან უზესთაესი ყოველთა დაბადებულთა: მხოლოდშობილი სიტყვა, რომელი გარდამოხდა ზეცით ჩვენ კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის, ხორცანი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა, ესე იგი არს, ვითარმედ სრული ღმერთი და სრული კაცი იშვა და არა იცვალა ღმრთეებისა არსება შეერთებითა ხორცისათა, არამედ განუყოფელად შეერთდა ხორცთა, ხოლო ხორცითა მით ჯვარცმა დაითმინა, რამეთუ ყოველთა ვნებათაგან განთავისუფლებულ არს ღმრთეებისა ბუნება. აღსდგა მესამესა დღესა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ღმრთისა და მამისა. მრწამს ღმრთისა მიერ მონიჭებული ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა მას ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკვდართასა და ცხოვრებასა მერმისა საუკუნისასა, ამინ.
კვალად მრწამს და აღვიარებ შემდგომად განხორციელებისა ქრისტესსა ორსა ნებასა: ღმრთეებისა და კაცებისასა.
თაყვანის-ვცემ სარწმუნოებით ხატსა ქრისტესსა და ყოვლად უბიწოისა ღმრთისა დედისასა და ყოველთა წმიდათასა, რამეთუ ხილულისა მის ხატისა პატივი აღიწევის პირმშოისა მის ხატისადმი ზეცათა შინა წინაშე მისსა. ხოლო რომელნიმე სხვანი უცხოდ და სხვად რადმე იტყვიან, გარნა მე სიტყვათა მათთა განვაგდებ და შევაჩვენებ. დედოფალსა ქალწულსა ღმრთისმშობლად აღვიარებ და ვიტყვი: რომელმან ერთი სამებისაგანი ხორცითა გვიშევ, ქრისტე ღმერთი ჩვენი, შეწევნითა სულისა წმიდისათა მექმენ მე შემწედ, მცველად და მფარველად ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ამინ.
კვალად აღვიარებ შვიდსა მას საიდუმლოსა, რომლითაცა ცხოვრობენ ქრისტიანენი; პირველად ნათლისღებასა, რომელ არს კარი და დასაბამი ყოვლისა საიდუმლოისა, იქმნების სამ-გზის შთასვლითა ემბაზსა შინა და აღმოყვანებითა და არა მსგავს ლათინთა მიერ ახლად შემოღებულთა, რომელნი იტყვიან, ვითარმედ სხურებით იქმნების ნათლისღება. კვალად მრწამს წმიდა იგი მსხვერპლის შეწირვა მაშინ განსრულებულად, ოდეს იგი იტყვის მღვდელი საუფლოსა მას ხმასა:
„მიიღეთ და ჭამეთ“ და „სვით ამისგან ყოველთა“, და შემდგომად ამისა ევედრების მამასა მეტყველი: „შესცვალე სულითა შენითა წმიდითა“. ამით განსრულდების და იქმნების ჭეშმარიტად ხორცად და სისხლად, რამეთუ თვინიერ სულისა წმიდისა არარაი სრულ იქმნების და არა ეგრეთ, ვითარ იგი ლათინნი იტყვიან, ვითარმედ მხოლოდ საუფლოითა ხმითა, თვინიერ სულისა წმიდისა, სრულ იქმნებისო.
კვალად ვიჯმნი კალვინიანთა და ლუთერიანთა წვალებისაგან, რომელნი იტყვიან, ვითარმედ ლიტურგიასა ზედა პური ლიტონივე პური იქმნებისო და ღვინო კვალად ლიტონივე ღვინო იქმნებისო, რამეთუ ესე არს დიდი წვალებაი. ხოლო ვიტყვი, რამეთუ კურთხევითა მით მღვდელთაითა შეიცვალების პური იგი ხორცად უფლისად და ღვინო შეიცვალების სისხლად უფლისად. ამათ ჭეშმარიტთა აღსარებათა ჩემთა თანა აღვსთქუამ დაცვად და მტკიცედ პყრობად ეკლესიისა მშვიდობასა და გულსმოდგინედვე აღვსთქუამ სწავლად ჩემდა მომართ რწმუნებულისა ერისა და არაოდეს ბრძნობად რომელისამე უკვე ჩვეულებისა, რომელიცა ეწინააღმდეგების მართლმადიდებლობითსა აღმოსავლეთისა ეკლესიისა სარწმუნოებასა და შევუდგებოდე ყოველთა შინა სრულიად საქართველოისა მამათმთავარსა, ვითარცა ჭეშმარიტსა მწყემსთმთავარსა ჩემსა, და მოვიხსენებდე კანონთა მისთა; და ყოვლად-სამღვდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, ძმათა ჩემთა ერთხმა ყოფად ყოველსავე შინა და სიყვარული უკვე სულიერი სრულებით მაქუნდეს მათ თანა სულითა და სიყვარულით პატივს-ვცემდე მათ, ვითარცა ძმათა: კვალად აღვსთქუამ არა მიღებად უცხოთა ჩვეულებათა, რომელი ეწინააღმდეგების საეკლესიოსა გარდამოცემასა და დაცვად უცვალებელად ყოველივე წესი, მოცემული მართლმადიდებლობითისა აღმოსავლეთისა ეკლესიისა; და თანა-ვხმობდე და ერთ-ვგონიერებდე უნეტარესისა და უწმიდესისა მამათმთავრისა ჩვენისა თანა და უნეტარესთა და უწმიდესთა აღმოსავლეთისა ოთხთა მსოფლიოთა პატრიარქთა, კეთილმსახურებისა დამცველთა და განმგებელთა. კვალად შევსძინებ ამასცა აღთქმათა ჩემთა, ვითარმედ არა სადა განშორებად გონებაი ჩემი შჯულიერისაგან მიმართებისა სრულიად საქართველოს კათოლიკე ეკლესიისა მიმართისა, ესე იგი არს წმიდისა და დიდისა სამოციქულოისა ეკლესიისა, სვეტისა ცხოველისა; ეგრეთვე ყოველსა შინა ყოველგან და მარადის ყოვლისა უმჯობესისა მეცადინობად სანათესავოისა მშობელობითისა ქვეყანისა ჩემისა. ამათ ყოველთა აღთქმულთა ჩემთათვის აღვსთქუამ და დავამტკიცებ წინაშე ყოველთა, აღთქმულთა ჩემთათვის აღვსთქუამ და დავამტკიცებ წინაშე ყოველთა მხილველისა ღმრთისა, დაცვად ყოველთავე აღთქმულთა ამათ ჩემთა ყოვლითა სულითა ჩემითა, ყოვლითა გონებითა ჩემითა და ყოვლითა ძალითა ჩემითა — ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე ჩემდა თანაშეწევნითა და თანამოქმედებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა თანა დაუსაბამოით მამით მისით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემდგომად სრულყოფისა გამორჩეულისაგან აღსარებულთა ამათ აღთქმულთა კათალიკოსი, კურთხევისა გამომსახველი, იტყვის გამორჩეულისა მიმართ;
კათალიკოსმან: მადლი ყოვლად წმიდისა სულისა საზომისაებრ ჩემისა განგაჩინებს ჩემ მიერ შენ, ღმრთის მოყვარესა და გამორჩეულსა არქიმანდრიტსა (სახელი) (ან იღუმენსა, მღვდელმონაზონსა) ეპისკოპოსად ღმრთივდაცულისა ეპარქიისა (სახელი ეპარქიისა).
შემდგომად გამორჩეული (იგი თაყვანის-სცემს კათალიკოსს სამ-გზის; არქიდიაკონი მიიყვანს მას წინაშე კათალიკოსისა, და იგი ამბორს-უყოფს ხელსა კათალიკოსისასა და შთამოვალს ქვე და თაყვანის-სცემს კვალად. ხოლო კათალიკოსი დასახავს და აკურთხევს მას.
კათალიკოსმან: მადლი ყოვლად წმიდისა სულისა იყავნ შენ თანა.
ესრეთ გამორჩეული მოიყვანების არქიდიაკონისაგან და დაიდგინების არწივსა ზედა.
არქიდიაკონმან: კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება, სიმრთელე და ყოველთა შინა კეთილ-წარმართება, ხოლო მტერთა ზედა ძლევაი და გამარჯვება მოანიჭე უფალო, უწმიდესსა და უნეტარესსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტსა, დიდსა მეუფესა, მამასა ჩვენსა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) და დაიცევ იგი უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.
მგალობელთა: მრავალჟამიერ (3-გზის).
არქიდიაკონმან: ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და (მაღალყოვლადუსამღვდელოესი ან ყოვლადუსამღვდელოესი (ეპარქიის სახელი), მიტროპოლიტი მთავარეპისკოპოსი ან ეპისკოკოსი (სახელი) დაიცევ უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.
მგალობელთა: მრავალჟამიერ (3-გზის).
არქიდიაკონმან: კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება, სიმრთელე და ყოველთა შინა კეთილ-წარმართება, ხოლო მტერთა ზედა – ძლევა და გამარჯვება მოანიჭე უფალო, ღმრთისმოყვარესა არქიმანდრიტსა (სახელი) (ან იღუმენსა, მღვდელმონაზონსა) გამორჩეულსა და დამტკიცებულსა ეპისკოპოსად ღმრთივდაცულისა ეპარქიისა (სახელი ეპარქიისა), და დაიცევ იგი უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.
მგალობელთა: მრავალჟამიერ (3-გზის).
არქიდიაკონმან: კეთილმორწმუნენი, ნაყოფის შემომწირველნი და კეთილის მყოფელნი წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და მას შინა მშრომელნი, მგალობელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი დაიცევ უფალო, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.
მგალობელთა: მრავალჟამიერ (3-გზის).
შემდგომად ამისა მიულოცავენ გამორჩეულსა მას უწმიდესი კათალიკოსი და მღვდელთმთავარნიცა და იგი ხელსა ამბორს-უყოფს მათ და აღვალს საკურთხეველად, სადა დადგების არწივსა ზედა მარცხენით კერძო წმიდისა ტრაპეზისა.
შემდგომად აღსლვისა კათალიკოსისა და მღვდელთმთავართა წმიდად საკურთხეველად და “სამწმიდაობითისა” გალობის აღსრულებისა მოიყვანების გამორჩეული (იგი უპირატესისა არქიმანდრიტისა და არქიდიაკონისა მიერ წინაშე წმიდისა კარისა სამეუფოისა და ორნი მღვდელთმთავარნი, მომგებებელნი წმიდით საკურთხეველით, აღიყვანებს მას საკურთხეველად.
გამორჩეული იგი, ჰყოფს მეტანიასა წინაშე ტრაპეზისა.
გამორჩეულმან: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე.
ორთავე მუხლთა მოიდრეკს არწივსა ზედა წინაშე ტრაპეზისა და ხელთა ჯვარედად დასდებს მას ზედა, დასდებს შუბლსაცა შორის ხელთა, ხოლო კათალიკოსი, გამოსახავს კურთხევასა თავსა ზედა მის ხელდასხმადისასა.
კათალიკოსმან: სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისაითა ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო შეეწიე მონასა ამას შენსა (სახელი).
და ესრეთ დამდები ორთავე წვერთა ომოფორისა თავსა ზედა მისსა და მომღები წმიდისა სახარებისა მღვდელთმთავართა თანა-შეწევნითა, განჰყოფს წმიდასა მას სახარებასა და დასდებს თავსა ზედა მის ხელდასხმადისასა.
უპირატესმან მღვდელთმთავარმან: მოხედენ.
კათალიკოსი დასდებს ხელსა თავსა ზედა ხელდასხმადისასა.
კათალიკოსმან თქვას საიდუმლოდ: გამორჩევისაებრ და გამოწულილვისა სამღვდელოთა და საეროთა დასთა ღმრთივდაცულისა ეპარქიისა (სახელი) ეპარქიისა) სამწყსოისათა.
მაღლითა ხმითა: საღმრთო მადლი, უძლურთა ყოვლადვე მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, ხელდასხმულ ჰყოფს ღმრთის მოყვარესა არქიმანდრიტსა (სახელი) (ან იღუმენსა, მღვდელმონაზონსა) გამორჩეულსა ეპისკოპოსად ღმრთივდაცულისა ეპარქიისა (სახელი) ეპარქიისა) ვილოცოთ უკვე ამისთვის, რათა გარდამოვიდეს ამას ზედა მადლი ყოვლად წმიდისა სულისა.
მღვდელთმთავარნი და მღვდელნი: კირიე, ელეისონ (3-გზის).
მგალობელთა: კირიე, ელეისონ (3-გზის).
და ესრეთ ორთა მათ მღვდელთმთავართა იპყრან წმიდა სახარება ხელითა, ისე რომ შესაძლებელ იყოს კათალიკოსისაგან კურთხევისა გამოსახვა სამ-გზის თავსა ზედა ხელდასხმადისასა; კათალიკოსი სამ-გზის გამოსახავს ჯვარსა თავსა ზედა მისსა.
კათალიკოსმან: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.
დამდებელი ხელისა თავსა ზედა ხელდასხმადისასა, წარიკითხავს ლოცვასა.
კათალიკოსმან: მეუფეო უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან სჯულდებულ ჰყავ ყოვლად ქებულისა მოციქულისა შენისა პავლეს მიერ პატივითა და განწესებითა შენითა მოწესენი მსახურებად და შეწირვად პატიოსანთა და უხრწნელთა შენთა საიდუმლოთა წმიდასა საკურთხეველსა შენსა ზედა: პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარმეტყველნი, მესამედ მღვდელთმოძღვარნი, – შენ, მეუფეო ყოველთაო, ესეცა გამორჩეული, რომელი ღირს იქმნა შესლვად უღელსა სახარებისასა და პატივსა მღვდელთმთავრობისასა დასხმითა ხელთა ჩემ ცოდვილისა და თანამყოფთა და თანამსახურთა ეპისკოპოსთათა, განაძლიერე მოსლვითა, მადლითა, ძალითა და დანერგვითა ყოვლად წმიდისა სულისა შენისათა, ვითარცა ცხებულ ყვენ მეფენი, ვითარცა წმიდა ყვენ მღვდელთმთავარნი; გამოაჩინე უნაკლულოდ მღვდელთმთავრობა ამისი და ყოვლითა პატიოსნებითა შემკული, წმიდად წარადგინე, რათა ღირს იქმნას თხოვად შენგან საცხოვრებელად ერისა და შენ ისმინო ამისა, რამეთუ წმიდა არს სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემდგომად მარჯვენით მდგომარე იტყვის დაბლითა ხმითა, კვერექსსა.
მღვდელთმთავარი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: ზეგარდამო მშვიდობისა, და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (სახელი მამამთავრისა) მღვდელთმთავრობითისა შეწევნისა, მშვიდობით ყოფისა, სიმრთელისა და ცხოვრებისათვის მისისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: მონისა ღმრთისა (სახელი) აწ ხელდასხმადისა ამის ეპისკოპოსად და ცხოვრებისათვის მისისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: რათა კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუგინებელად და უბიწოდ მოჰმადლოს ამას მღვდელთმთავრობა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: კეთილ-შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა, და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ, ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
ამას რა იტყოდენ, კათალიკოსსა ხელნი ედვას თავსა ზედა კურთხევადისასა და შემდგომად კვერექსისა წარიკითხოს ლოცვა.
კათალიკოსმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან უძლურებისათვის კაცთა ბუნებისა, რომელსა ვერ ეძლო ტვირთვად ღმრთეებისა მის არსებაი, განგებულებითა შენითა მსგავსნივე ჩვენნი მოძღვარნი დაადგინენ, მპყრობელნი ტაძართა შენთანი, შემწირველად მსხვერპლისა და შესაწირავისა ყოვლისათვის რისა შენისა; შენუფალო, ესეცა, რომელ გამოჩნდა შენ მიერ მნედ სამღვდელთმთავროისა მის მადლისა, ღირს ყავ მსგავს ყოფად შენდა, კეთილისა მაგის მწყემსისა, რომელმან დასდევ სული შენი ცხოვართა შენთათვის, რათა წინამძღვარ ბრმათა, ნათელ დაბნელებულთა, მასწავლელ უგუნურთა, მოძღვარ ყრმათა და მნათობ სოფლისა ეგოს და რათა წარუმართოს სულთა მათ, რწმუნებულთა ამისდა, საწუთოისა ამისგან ცხოვრებად საუკუნოდ და წარდგეს ურცხვენელად წინაშე საყდარსა შენსა და სასყიდელი დიდი მიიღოს, რომელი განუმზადე მოღვაწეთა ქადაგებისათვის სახარებისა შენისა. რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელთმთავარნი აღიღებენ წმიდასა სახარებასა თავისაგან ახალ ხელდასხმულისა და დასდებენ წმიდასა ზედა ტრაპეზსა, და აღადგენს ზე კათალიკოსი ხელდასხმულსა მას;
მღვდელთმთავარნი მოიღებენ ბისონსა მიართმევენ კათალიკოსს, რომელსა ზედა კურთხევისა გამომსახველი მისცემს ხელდასხმულსა.
კათალიკოსმან: აქსიოს.
მგალობელთა: აქსიოს (3-გზის).
ომოფორსა ზედა
კათალიკოსმან: აქსიოს.
მგალობელთა: აქსიოს (3-გზის).
ჯვარსა და პანაღიასა ზედა
კათალიკოსმან: აქსიოს.
მგალობელთა: აქსიოს (3-გზის).
მიტრასა ზედა
კათალიკოსმან: აქსიოს.
მგალობელთა: აქსიოს (3-გზის).
შემდგომად ამისა ხელდასხმული იგი ამბორს-უყოფს კათალიკოსსა მხართა ზედა, მარჯვენესა და მარცხენესა, და ხელსა მარჯვენესა, და სხვათა მღვდელთმთავართა.
შემდგომად ამისა იქმნების აღსლვა უზედაესსა ადგილსა, ახალ ხელდასხმული დგას მარჯვენით კერძო კათალიკოსისა და სამოციქულოსა ზედა იტყვის: მშვიდობა ყოველთა.
შემდგომად სახარებისა, დიდისა გამოსლვისა და „აცხოვნე ღმერთო ერი შენი“-სა ახლად ხელდასხმული გამოსახავს ჯვარსა დიკირითა და ტრიპირითა; იგივე იტყვის ასამაღლებელს „რამეთუ მოწყალე – და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ“. და დიდსა გამოსვლასა ზედა მიირქუამს წმიდასა ბარძიმსა უპირატესისა არქიმანდრიტისაგან და ჰყოფს ჯეროვანსა მოხსენებასა.
უკეთუ იყოს ხელდასხმა მღვდლისა გინა თუ დიაკონისა, აღასრულებს მას ახალ ხელდასხმული მღვდელთმთავარი, ეგრეთვე იგი აზიარებს წმიდასა სისხლსა ყოველსა სამღვდელოსა თანამწირველსა დასსა.
შემდგომად სრულყოფისა საღმრთოისა ლიტურგიისა, ოდეს განიმოსებიან კათალიკოსი და მღვდელთმთავარნი შესამოსელთა, მოიყვანენ წინაშე კათალიკოსისა ახალ ხელდასხმულსა მას და მიართმევენ კათალიკოსსა სამღვდელთმთავროსა ანაფორასა, რომელსა ზედა კურთხევისა გამომსახველი, კათალიკოსი შთააცმევს მას, და ეგრე სახედ მისცემს მას პანაღიასა, მანტიასა და კუნკულსა.
კათალიკოსი გამოვალს რა წმიდით საკურთხეველით და თაყვანისმცემელი წინაშე წმიდისა სამეუფოისა კარისა და მოქცეული ჩვეულებისაებრ დასამალად, სამხრეთად და ჩრდილოდ ჰყოფს კურთხევასა მდგომარეთა ერთასა.
მგალობელთა: ტონ დესპოტინ, კე არქიერეა იმონ კირიე ფილატე ისპოლა ეტი დესპოტა.
შემდგომად აღვალს კათალიკოსი კათედრასა ზედა და საშუალ ეკლესიისა დადგების; უპირატესისა არქიმანდრიტისა და არქიდიაკონისაგან მოიყვანების ახალი იგი მღვდელთმთავარი, რომელსაცა მისცემს კათალიკოსი კვერთხსა მწყემსობითსა.
კათალიკოსმან: მიიღე კვერთხი ესე, რათა დამწყსო რწმუნებული შენდა სამწყსო ქრისტესი; რომელსა რწმენეს შენი, იყავნ მას ზედა კვერთხ და სიმტკიცე, და რომელსა არა რწმენეს შენი და უდებ იქმნეს, მიაქციე მას ზედა საგვემელად კვერთხი ესე შენი სატანჯველად მისა.
და ესრეთ თაყვანის-სცემს ახალ ხელდასხმული იგი მღვდელთმთავარი კათალიკოსსა და ამბორს უყოფს მას ხელსა მარჯვენესა, ეგრეთვე სახედ ამბორს უყოფს ძმათა თვისთა მღვდელთმთავართა.
ყოველნი სამღვდელონი და საერონი დასნი ამბორს უყოფენ ახალ ხელდასხმულსა მას მღვდელთმთავარსა, კეთილ საქებელითა სიტყვებითა მიმთხვეულნი, და ესრეთ დაიხსნების კრებაი და იქმნების ყოველთა გამოსლვაი ეკლესიით.