მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

კურთხევა დიდისა სქემისა

 

წესი და განგება წმიდისა და ანგელოზებრივისა სქემისა, თქმული წმიდისა, და დიდისა ბასილისა. უწყოდეთ, რამეთუ რომელსა ეგულეგოდეს კურთხევა სქემისა, მწუხრსა ზედა შეიტანონ ყოველი სამოსელი მისი საკურთხეველსა შინა, და დასდვან ქვეშე წმიდისა ტრაპეზისა.


დღევანდელ პრაქტიკაში ხშირად დამოუკიდებელ მსახურებად ასრულებენ აღკვეცის წესს და არა წირვა-ლოცვასთან შერწყმით. ასეთ შემთხვევაში მღვდელი იტყვის ასამაღლებელს, მკითხველი დასაწყის ლოცვებს და შემდგომ ყოველსავე წარვთქვამთ წესისამებრ.


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ მას.


ფსალმუნი 50

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.



ხმა-2.
გალობა 1:


ძლის-პირი: მოვედით ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა ერი თვისი იხსნა, ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.


შენ კაცთ-მოყვარისა ღმრთისა წინაშე მომავალსა ქრისტე, წმიდისა სქემისა მიმართ, სულითა მდაბლითა, და კეთილითა გონებითა, მაცხოვარო მოხედე ვითარცა მოწყალე ხარ.


წინაშე შენსა მოსრული ტკბილისა უღლისათვის სახიერ, ტვირთისა აღებასა ღირს-ჰყავ ესე მაცხოვარ, და მრავალნი ცოდვანი აღუმსუბუქენ, ვითარცა მოწყალემან.


აურაცხელთა ცოდვათაგან ლტოლვილი შენდამი, მოსრული სათნო-იყავ, შეპყრობილი მრავალთა შეცოდებათაგან, და მწიკული ამისი განსწმიდე საღმრთოითა ძლიერებითა, და მადლითა შენითა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


რომელმან ჩვენთვის ხორცნი შეისხენ, და სიკვდილი დაითმინე, ვითარცა ქველის-მოქმედმან, და გამოსჩნდი ხორცითა ცოდვისა განმწმედელად, შეიწყალე აწ წინაშე შენსა მომავალი.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ნუგეშინის-მცემელად, შესავედრებელად, და საფარველად გამოსჩნდი და განმამდიდრებელად ჩვენდა შენ ღმრთისმშობელო, ყოვლად-წმიდაო დედაო, საღმრთოისა სიხარულისაო, ღირს-ჰყავ ესე სიხარულსა.



გალობა 3.


ძლის-პირი: განმაძლიერენ მოსავნი შენნი უფალო რომელმან, ჯვრითა მოჰკალ ცოდვა ჩვენი, და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩვენთა შენ კაცთ-მოყვარე.


განკურნე ქრისტე, შენდა მოსრული ვედრებად, და კეთილსა მოქალაქობასა ღირსთასა ღირს-ჰყავ, მართლმადიდებლობით სიხარულსა წმიდათასა, ვითარცა კაცთ-მოყვარე ხარ.


განსრულსა სოფლისა ამისგან მიღებითა საღმრთოისა ამის სქემისათა, მოჰმადლე შეცოდებათა განწმედა, შენ წინაშე სარწმუნოებით, შენდა მოსრულსა მონასა ამას შენსა.


მხოლოო სახიერო, რომელმან განაგე კაცთა სიკვდილი, შეიწყალე მონა ესე შენი წინაშე შენსა შევრდომილი, და გუნდთა თანა წმიდათასა აღრაცხე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


აწ ინება გზასა შენსა შედგომა, და საწუთოსა განეშორა და ჯვარი იტვირთა, მოხედე და განსწმიდე პირველთა შეცოდებათაგან ესე, მხოლოო კაცთ-მოყვარე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


.

ევას-მიერი საცდური დახსენ ქალწულო, რაჟამს ჰშევ ყოველთა კურთხევაი, განათავისუფლე ესე, მაცხოვარო სოფლისაო დედაო და ქალწულო.



წარდგომა, ხმა 1.


რომელმან ბრძანე უკანა შედგომა ჩემი, და უარყოფა სოფლიერისა მოქალაქობისა, თვისთა და მშობელთა, ცოლთა და შვილთა, ძმათა და მოყვარეთა, სახლთა და საფასეთა, მეცნიერთა და მონათა, ღირს-მყავ მე აღსრულებასა ბრძანებათა შენთასა.



გალობა 4.


ძლის-პირი: მესმა უფალო განგება, საიდუმლოთა მათ შენთა წმიდათა და გადიდე, შენ მხოლოო კაცთ-მოყვარე.


შენდა მოსრულსა მოხედე, სიტყვაო ღმრთისაო, ძველითგან, ვითარცა უძღებსა და მეზვერესა, მხოლოო კაცთ-მოყვარე.


მხსნელად ჩვენდა იქმნა ჯვარი, რომლითა სოფელი მოიყიდე, ამისთვის გევედრები, იხსენ ესე მეუფეო.


სასწაულად გამოსჩნდა მადლი იგი, და განმანათლებელად ღმრთივ-გონიერად, ამისთვის გევედრებით კეთილსა სამწყსოსა შენსა თანა აღრაცხე ესე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


რომელმან აღადგინე ლაზარე მკვდრეთით, ეგრეთვე ცოდვათა მიერ მომკვდარი და ტყვე-ქმნილი ესე განაცხოველე მეუფეო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მხოლოო ქალწულო დედაო ღმრთისაო და შესავედრებელო ჩვენო, შენითა საღმრთოითა საფარველითა დაიფარე დედოფალო.



გალობა 5.


ძლის-პირი: ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ ჩვენ, რამეთუ ჩვენ შენსა გარეშე სახიერ სხვა ღმერთი არა ვიცით.


მორჩილებითა შენითა ქრისტე, ურჩებაი ჩვენი ვითარცა ღმერთმან განხეთქენ, და სასუფეველისა შენისა შესავალი სარწმუნოებით და სინანულით გამოაჩინე.


უდებად ცხოვრებითა, დაკლებულ-ვიქმენ სარწმუნოებისა შენისა. დამამტკიცე ქრისტე, და შემმოსე მე სიმართლისა და სიწმიდისა ბადე, მრავალ-მოწყალე.


პირველთა მამათაგან, ურჩებით მოცემულთა ცოდვათაგან, სარწმუნოებისა ბადითა განგვწმიდენ, და შემდგომთაგან აწ ცრემლითა განბანე შემწიკულებული ესე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


არავინ არს უცოდველი, და უმწიკულო ქვეყანასა ზედა, ვითარ ესე მე, სიკვდილ-შემოსილისა ცოდვისა ტვირთი მკიდავს. მეუფეო მოჰყავ ხელი შენი, და აღმიმსუბუქე ესე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მამისა თანასწორი დაუსაბამო, ხატითა ჩვენითა იქმენ სწორ ჩვენდა, უქორწინებელისა დედისა მიერ მოხვედ შობად, ღმერთო და კაცო გვაცხოვნენ ჩვენ.



გალობა 6.


ძლის-პირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი, აღმომიყვანე სახიერ, დანთქმისაგან ღმერთო ჩემო გევედრები.


ნუ უგულებელს-ჰყოფ დაბადებულსა შენსა მეუფეო, არამედ მადლითა ჯვრისა შენისათა, და საღმრთოისა სისხლისა შენისათა, რომელი გარდამოხდა გვერდით შენით, აცხოვნე.


ვითარცა პირველ არა არსისაგან დაგვბადენ, ეგრეთვე წარწყმედული ესე ცოდვისაგან მოიძიე და აცხოვნე, ვითარცა მწყემსმან, სახიერმან და მოწყალემან.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ნეტარ-არს, რომელსა აქუს შენდა მომართ სასოება, აწ წყალობასა შენსა ღირს-ჰყავ ესე უფალო. მოქალაქობა ამისი მოიხსენე და დაიფარე ყოველთა განსაცდელთაგან.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ხელითა სახიერითა გამომხატე მე, ხოლო ურჩებითა რა განვიხრწენ, კვალად განმაახლე მე შობითა შენითა დედოფლისაგან, და შემწე მეყავ ვითარცა მოწყალე.



კონდაკი, ხმა 2.


მამულნი წიაღნი შენნი მამაო ზეცათაო განმიხვენ მე სახიერებით, ბოროტთაგან მოქცეულსა ამას უძღებსა, და ნუ განმიშორებ შენგან მხოლოო, რომელსა გაქუს უფსკრული წყალობათა, უსაზღვრო, და განუცდელი შეცოდებულთათვის.



გალობა 7.


ძლის-პირი: ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა, ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისა მის, და შეითხინეს სახმილსა მას, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.


მომავალსა გზასა წრფელსა, წინაშე შენსა სახიერ, გული ამისი დაძველებული, და ბუნება ამისი განაახლე საღმრთოითა სულითა შენითა, და სიწმიდე მოანიჭე შენდამი მღაღადებელსა, კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.


გულის-წყრომისა ამის სოფლისა საცდურისაგან, გამოიყვანე შენ მეუფეო, აწ შენ წინაშე სახიერისა სურვილით მომავალი, და შენ მხოლოსა მრავალ-მოწყალისა შევრდომით მღაღადებელი და მეტყველი, კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


პატიოსნისა ჯვრისა შენისა, და საღმრთოისა სულისა შენისა სადიდებელად განსწავლე მეუფეო, და ზეცისა სამკვიდრებელსა ღირს-ჰყავ ესე შესლვად, რათა ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მაცხოვარი ღმერთი, და სოფლისა მხსნელი ჰშევ ყოვლადწმიდაო, აწ რომელიცა შენ გევედრების, შემკობითა საქმეთა კეთილთათა განაბრწყინვენ, და საღმრთოითა მადლითა დაიფარე მღაღადებელი ესე შენი, კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.



გალობა 8.


ძლის-პირი: სახმილი იგი, ცეცხლისა ბაბილონს, პირველად განეზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწვნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.


საჭურველად გვაქუს ეშმაკთა ზედა, რომელთა ჯვრისა შენისა სახე მოგვეც, რომელსა მოვიღებთ, და სიბოროტისა მთხრებლსა შთათხეულნი ვიხსნებით, და სიხარულით ვღაღადებთ, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.


მომეც ჩვენ ძალად მადლი შენი უფალო, ნათლისღებითა განახლებად, და მომიყიდენ სოფლისა ამის საცდურისაგან სიწმიდედ, ცრემლთა დათხევითა, და გონებისა სინანულითა კაცთ-მოყვარე.


მონებად ხორცთა მოჰმადლე, მარხვა, მორჩილება, და განშორება ბოროტთაგან მონასა ამას შენსა, და საჭურველად სიმართლისა, წმიდა-ყოფა ხორცთა, და მოუკლებელად მცნებისა შენისა დამარხვა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ზეგარდამო შენ მიერისა შვილებისა მადლისა სახითა, განმაახლენ ჩვენ საღმრთოითა სულითა შენითა, მადლითა და კეთილითა საქმითა, მხოლომან კეთილის-მოქმედმან და კაცთმოყვარემან, დაუსრულებელსა სიტკბოებასა ღირს-ჰყავ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


დადნობილ-ჰყავ საქმენი ცოდვათა ჩვენთანი, და ცოდვისა ხელით-წერილი საღმრთოითა საქმითა განხეთქე მოწყალეო, აწცა შენი მსასოებელი და მადლისა მიმღებელი ყოვლად-წმიდაო, მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა დაცულ-ჰყავ ესე.



გალობა 9.


ძლის-პირი: დაუსაბამოსაგან მამისა ძე ღმრთისა გამოსჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩვენდა განხორციელდა, განგვანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.


ღირს-ჰყავ წოდებად წმიდისა სქემისა შემოსითა მოქალაქობასა, რომელი მოჰმადლე სიტყვაო ღმრთისაო, და ცოდვათა ამისთა მწიკული და საცდური, საღმრთოითა მადლითა შენითა განჰკურნე მრავალ-მოწყალე.


მაცხოვარ, რომელმან მოუწოდე ამას, გევედრებით აცხოვნე განწმედილითა გულითა შენ წინაშე მოსრული, და სიბოროტისა სიმძიმენი აღუმსუბუქენ, ვითარცა მხოლომან მოწყალემან და ყოვლად-ძლიერმან.


აწ მოგმადლებს ქრისტე კეთილთა, რომელი არს მოწყალე, სასოებით მოსრულსა წინაშე მისსა, და ნიჭისათვის საღმრთოისა მადლისა განსვენებასა ღირს-გყოფს, და ნიჭითა მით სულისა წმიდისათა დაცულ-გყოფს.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


რომელთა გვნებავს მოსლვა ნებითა და ძალითა ღმრთისათა, ღირსებით მსახურებად გამოგვაჩინენ ჩვენ სახიერებისა შენისა სიტყვაო, და ლოცვითა წმიდათა შენთათა ღირს-გვყვენ სასუფეველსა, და ცხოვრებასა არა-ღირსნი ესე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ძესა შენსა ყოვლად-მოწყალესა ევედრე უბიწოო, სარწმუნოებით მოსრულისა ამის საღმრთოისა სქემისათვის, და ღირს-ჰყავ ესე ფრიადსა კეთილსა სასუფეველისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ყოვლად უხრწნელო, მკურნალი განწირულთა.



ხმა, 2:


სარწმუნოებით წინაშე შენსა მოსრული ესე, სიხარულსა მას გამოუთქმელსა სახიერებისა შენისასა მკვიდრ-ჰყავ, და განამტკიცე, ვითარცა მხოლომან მოწყალემან, და მოუტევენ აურაცხელნი ცოდვანი ამისნი მაცხოვარო, და აღადგინე ესე მსასოებელი ანგელოზებრივისა ამის სქემისა, და კეთილი მოქალაქობა მოანიჭე, ვითარცა კაცთ-მოყვარე ხარ.


წყარო ხარ სახიერებისა ცოდვილთათვის უფალო, რამეთუ არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ გამოუთქმელითა მოწყალებითა შენითა, სარწმუნოებით მოსრულთა შენდამი სინანულსა მიანიჭებ, და გულის-ხმის-მყოფელთა შენთა მოუკლებელად სცავ და განაგებ. აწცა მოხედე ამას შენ წინაშე მოსრულსა გულსმოდგინებით საღმრთოისა ამის სქემისათვის, და აცხოვნე მაცხოვარო ჩვენო შევრდომილი ესე წინაშე შენსა.


ზღუდე უბრძოლველი ხარ ჩვენ ცოდვილთათვის მაცხოვარო და მხსნელო ჩვენო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი ჩვენნი, და ინებე გამოუთქმელითა სახიერებითა შენითა, და სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა, უფსკრულთა წყაროთაგან მომიყიდენ ჩვენ ტყვე-ქმნილნი მტერისაგან, ამისთვის ყოველნი ჯერისაებრ მარადის გიგალობთ შენ კაცთ-მოყვარე.


ღმრთისმშობლისა:


ყოვლისა ცხოვრებისა ჩვენისა შესავედრებელი შენ ხარ სახიერო, და სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილნი დაგვიფარენ, და ხელი წყალობისა შენისა აღგვიპყარ, რამეთუ სხვა შუამდგომელი არავინ გვივის ჩვენ ცოდვილთა, თვინიერ შენსა ჭირთა შინა და განსაცდელთა. გვიჩვენე ძალი შეწევნისა შენისა, რამეთუ შენ ხარ მარადის შემწე ჩვენი, და ცოდვათაგან მხსნელი დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვინაცა შენდა შევედრებულნი გვიხსნენ, ყოველთა განსაცდელთაგან მონანი შენნი.


(თუ ლიტურგიასთან შერწყმით აღვასრულებთ დიდი სქემის კურთხევას, მცირე შესვლის დროს (იქმნების ყოველნი ქვემოთ თქმულნი მოქმედებანი და სახარება და სამოციქულოც ლიტურგიაში წარიკითხვის განწესებულ ადგილზე. ხოლო თუ არ არის ლიტურგია ჩვეულებისამებრ წარიკითხება ყოველივე რაიცა დაწერილ არს წესსა ამას შინა).


განიმოსების თვისისა შესამოსელისაგან და შემოსილი კვართითა, ფეხშიშველი დასდგების სტოასა და ჰყოფს მეტანიასა სამ-გზის.


შესვლად ტროპარი დღისა, და შემდგომად ესე ხმა, 4:


მინდა ცრემლთა მიერ აღხოცაი შეცოდებათა ჩემთა ხელით-წერილისა უფალო, და ნეშტსა ცხოვრებისა ჩემისასა, სინანულით სათნო-ყოფად შენდა, არამედ მტერი მაცდუნებს მე და ჰბრძავს სულსა ჩემსა.


უფალო პირველ სრულიად წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე.


ვინ ღელვა-გვემული მოივლტინ ამას ნავთ-საყუდელსა, და არა განერის, ანუ რომელი უძლური მოუხდის ამას სამკურნალოსა, და არა განიკურნის. დამბადებელო ყოველთაო და მკურნალო განწირულთაო.


უფალო პირველ სრულიად წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე.


ცხოვარი სიტყვიერისა სამწყსოისა შენისა, შენდა მოვივლტი მწყემსისა მაგის კეთილისა, მომიძიე შეცდომილი ესე ღმერთო, და შემიწყალე მე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოველთა ძვირთაგან გვიხსნენ ჩვენ ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ ხარ მეოხი და ნუგეშინის-მცემელი ყოველთა მოსავთა შენთა, ქალწულო უბიწოო.



აღსავალნი, ხმა 2:


წყაროსა მას განწმედილსა საიდუმლოისსა, მეორედ შობითა შვილებისა პატივი მოვიღე, და აწ ცოდვასა შინა უდებად დღენი ჩემნი წარვხადენ. ხოლო აწ ვხმობ ცრემლით შენდამი, მამაო სახიერო, განბანე სიმყრალე ჩემთა მათ მედგრობათა, და მაცხოვნე მე მოწყალებითა შენითა, ყოვლად-ძლიერო და კაცთ-მოყვარეო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ღუართა მათ ცოდვისათა მომიცვეს მე მაცხოვარ, და ვერღარა დაუთმობ ღელვათა და შენ შეგივრდები, მაცხოვარსა მხოლოსა, მენავეთ-მოძღვარსა, ვითარცა პეტრეს ხელი აღმიპყარ მე კაცთ-მოყვარებითა შენითა, და მაცხოვნე მე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


გვიხსნენ ჩვენ ჭირთაგან ჩვენთა დედაო ღმრთისაო, რომელმან ჰშევ ყოველთა მეუფე და შემოქმედი ქრისტე, რათა ყოველნი გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ მხოლოო ცხოვრებაო სულთა ჩვენთაო.



აღსავალნი, ხმა 3:


სადა არს უკვე სოფლისა ამის საშვებელნი, და სადა არს საწუთოისა საოცრება, ყოველსავე ვხედავთ მიწა და ნაცარქმნილსა. რაისათვის ცუდად ვშურებით, რაისათვის არა უარვყოფთ სოფელსა, და შეუდგებით მას, რომელი ღაღადებს: რომელსა ნებავს შემოდგომა ჩემი, აღიღენ ჯვარი ჩემი მხართა ზედა და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს.


მოვედით შვილნო ისმინეთ ჩემი, შიში უფლისა გასწაო თქვენ.


მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისვენო თქვენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ-ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა.


ვითარცა ცხოვარი წყმედული მომიძიე მონა შენი.


ცხოვარი სიტყვიერი სამწყსოისა შენისა, შენდა მოვივლტი მწყემსისა მაგის კეთილისა. მომიძიე შეცდომილი ესე ღმერთო, და შემიწყალე მე.


მოვედით თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ, და ვსტიროდეთ წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩვენისა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


უფალო, უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე, და მოხედე ვენახსა ამას, და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან უთესლოდ ღმერთი მუცლად-იღე, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის.



ტროპარი, ხმა 1:


მგალობელთა: წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე ცხოვრებაი ჩემი. სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ ვარ კაცთ-მოყვარებისა შენისასა მაცხოვარ, დაგლახაკებულსა ამას სულსა ჩემსა ნუ უგულებელს-ჰყოფ. რამეთუ შენ უფალო - სინანულით გიღაღადებ: ვსცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა.


ჰყოფს მოდრეკასა სრულსა სტოაში მყოფი იგი. ხოლო ძმანი მანტიებითა მოსილნი გარემოზღუდავენ მას.


მგალობელთა: წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე ცხოვრებაი ჩემი. სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ ვარ კაცთ-მოყვარებისა შენისასა მაცხოვარ, დაგლახაკებულსა ამას სულსა ჩემსა ნუ უგულებელს-ჰყოფ. რამეთუ შენ უფალო - სინანულით გიღაღადებ: ვსცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა.



მეორედ გალობისას შუაგულ ტაძარში ჰყოფს მოდრეკასა, წინაშე ანალოღიისა.


მგალობელთა: წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე ცხოვრებაი ჩემი. სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ ვარ კაცთ-მოყვარებისა შენისასა მაცხოვარ, დაგლახაკებულსა ამას სულსა ჩემსა ნუ უგულებელს-ჰყოფ. რამეთუ შენ უფალო - სინანულით გიღაღადებ: ვსცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა.



მესამედ გალობისას ამბიონის წინ ჰყოფს მოდრეკასა.


მღვდელი დგას ამბიონზე შემოსილი მანტიითა, კუნკულითა და ოლარითა.
(თუ ლიტურგია აღესრულება ცხად-არს, რამეთუ იქმნების შემოსილი სრულად).


მღვდელმან: რაისათვის მოსრულ-ხარ ძმაო, შევრდომად წმიდასა საკურთხეველსა, და წმიდასა ამას კრებულსა?


მიგება: მსურს სოფლისა ამის განშორება, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: გნებავსა ღირსებაი ანგელოზებრივისა სქემისა, და შეერთება კრებულსა თანა მონაზონთასა?


მიგება: ჰე, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: ჭეშმარიტად კეთილი და სანატრელი საქმე გამოგირჩევიეს, უკეთუ სრულ-ჰყო, რამეთუ კეთილნი საქმენი შრომითა მოიგებიან, და სალმობით წარემართებიან. თვისითა ნებითა მოსრულ-ხარა უფლისა?


მიგება: ჰე, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: ნუ უკვე იძულებისა რაისათვისმე მოსრულხარ, ანუ ჭირისა?


მიგება: არა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: განეშორები სოფლისაგან, და სოფლისა საქმეთაგან, მცნებისაებრ უფლისა?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: დაადგრებია მონასტერსა შინა მოღვაწებასა, ვიდრე უკანასკნელად აღმომშვინვადმდე?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: დაიმარხავა, სიკვდილადმდე მორჩილებასა უფროსისასა, და სიმდაბლესა ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათასა?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: დაითმენა, ყოველსა ჭირსა და იწროებასა ბოროტისა ამის სოფლისასა, სასუფეველისათვის ცათასა?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: დაიცავა, თავსა შენსა ქალწულებით, სიწმიდით, და კრძალულებით?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: იხილე შვილო თუ ვითართა აღთქმასა აღუთქვამ მეუფესა ქრისტესა. რამეთუ ანგელოზნი აქა მდგომარე არიან უხილავად, და აღსწერენ აღსარებასა შენსა, რომელი ესე იძიოს შენგან დღესა მას მეორედ-მოსვლასა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისასა. მიგითხრობ უკვე სულიერსა ამას ცხოვრებასა, რომლითა გამოსჩნდების მიმსგავსებულად უფლისა მოქალაქობა, და გიჩვენებ თუ რომელთა საქმეთა ჯერ-არს მოგება, ანუ რომელთაგან სივლტოლა. უწყოდე უკვე, ვითარმედ მონაზონება სხვა არა-რაი არს, ვითარცა წერილ-არს, გარნა ჯვარცმისა და სიკვდილისა მიმართ განმზადება. მეცნიერ-იყავ ვინაითგან ამიერითგან ჯვარს-ეცმი და მოკვდები სოფლისაგან, და სოფლისა საქმეთაგან სრულითა მით მათგან განშორებითა, რამეთუ განეშორები მშობელთაგან, ძმათა, შვილთაგან, და მეუღლისა, თვისთა და მეგობართაგან, და ამაოთა სოფლისა ზრუნვათა, და მონაგებთა სიმდიდრეთაგან, და ცუდისა მისგან და ამაოისა გულის-თქმისა, და დიდებისა. და უარ-ჰყოფ არა თუ პირველ-თქმულთა ამათ ოდენ, არამედ სულსაცა შენსა სიტყვისაებრ უფლისა, რომელი იტყვის: რომელსა უნებ შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე. ამისთვისცა უკეთუ ჭეშმარიტებით შედგომაი მისი გამოგირჩევიეს, და უკეთუ უტყუელად გსურის მოწაფე ყოფად მისა, განემზადე ამიერითგან, ნუ განსვენებად, ნუცა განცხრომად და შვებად, და უზრუნველად წოლად, ნუცა სხვად რადმე სოფლისა ამის საწადელთა და სასურველთაგანად. არამედ ღვაწლთა მიმართ სულიერთა, მარხვისა მიმართ ხორციელისა, და სიწმიდისა სულიერისა, სიგლახაკისა მიმართ და გლოვისა კეთილისა, და ყოვლისავე ჭირისა მიმართ, სიხარულისა მომატყუებელისა მის საღმრთოისა ცხოვრებისა. რამეთუ მოგემშიოსცა, და მოგეწყუროს, და განშიშვლდე, და განსცივდე, და იგინო, და იყვედრო, და იდევნო, და სხვასა მრავალსა მწუხარებასა და ჭირსა შეხვიდე, რომლითა საღმრთო ცხოვრება გამოისახვის. და ოდეს ესე ყოველი თავს-იდვა, მაშინ გიხაროდენ და მხიარულ-იყავ, რამეთუ სასყიდელი შენი დიდ-არს ცათა შინა. სიხარულით უკვე გიხაროდენ, და ცხოვრებითა სულიერითა იშვებდ, რამეთუ დღეს გამოგირჩია უფალმან ღმერთმან, და განგაშორა საწუთოისა ამის ცხოვრებისაგან, და დაგადგინა წინაშე პირსა მისსა განწყობილსა ამას შინა მონაზონთა დასისასა, მხედრობასა შინა ანგელოზთა ცხოვრებისასა, სიმაღლესა ამას შინა ზეცისა მოქალაქობისასა, რათა მას თავადსა ანგელოზებრ ჰმონებდე, და მას სამარადისოდ მსახურებდე, ზეცისასა ზრახვიდე, და ზეცისასა ეძიებდე, რამეთუ ჩვენი მოქალაქობა ზეცას არს, ვითარცა წმიდა მოციქული იტყვის: ეჰა ახალი ესე წმიდა წოდება, ეჰა ნიჭი საიდუმლოისა ამის, მეორესა ნათლისღებასა მიიღებ დღეს ძმაო, სიმრავლითა მით კაცთ-მოყვარისა ღმრთისა ნიჭთათა, და ცოდვათა შენთა განწმედასა მიემთხვევი, და შვილ ნათლისა იწოდები. და თავადი ქრისტე ღმერთი ჩვენი იხარებს წმიდათა ანგელოზთა მისთა თანა, შენსა ამას ზედა სინანულსა, დაგვიკლავს ჩვენ ჭამებულსა მას ზვარაკსა. აწ უკვე ღირსად წოდებისა ამის ვიდოდე, და განეყენე ამაოთა მათ სიყვარულთაგან. მოიძულე ჯოჯოხეთი, და მიმყვანებელი იგი გულის-თქმაი, ყოველივე სურვილი შენი ზეცისა კეთილთა მიმართ მისცვალე. ნუ მიიქცევი ყოვლადვე უკუღმართ, რათა არა იქმნე ძეგლ-მარილის, ვითარცა ცოლი ლოთისი, ანუ ვითარცა ძაღლი ნათხევრისა მიმართ მიქცეული, და აღესრულოს შენ ზედა სიტყვა უფლისა, რომელსა იტყვის: ვითარმედ არავინ დასდვის ხელი ერქვანსა, და მართლ-უკუნ-ხედავნ, და წარემართის სასუფეველისა მიმართ ცათასა. რამეთუ არა მცირე ბოროტი არს, უკეთუ აწ აღუთქვა ყოვლისა მის პირველ-თქმულისა დამარხვად, და მერმე შემდგომად მცირედისა სულ-მოკლე იქმნე, და პირველისა მის ცხოვრებისადვე მიიქცე, ანუ მამისაგან განეშორო, და თანა-მოღვაწეთა ამათ ძმათაგან. ანუ დაღაცათუ იყო, ურჩებით და უდებებით გარდაიხდიდე დღეთა შენთა, თუ არა უმძიმესი სასჯელი მიგეხადოს, საშინელსა მას და თვალ-უხუავსა ქრისტეს საყდარსა წინაშე, ვიდრეღა პირველ რაოდენიცა ესე აწ უზესთაესი მადლი მოგეცემის. და კეთილ-იყო, ვითარცა წერილ-არს, არა აღთქმა ყოვლადვე, ვიდრეღა აღთქმა, და არა აღსრულება. ნუცა კვალად მას ჰგონებ, თუ პირველ გარდასრულსა ამას ჟამსა აქა ყოფისა შენისასა ჯეროვნად გიღუწიეს უხილავთა ძალთა მიმართ მტერისათა, ვითარმცა კმა იყოს შენდა. არამედ უწყოდე, ვითარმედ უფროსად ამიერითგან მოგიხდეს უმეტესი ღვაწლი მისისა მის ბრძოლისა, ხოლო სძლოს ვერარაი შენდა მომართ, უკეთუ ოდენ გპოვებდეს შეზღუდვილად წინამძღვრისა მიმართ და მოძღვრისა შენისა, ძლიერითა სარწმუნოებითა და მორჩილებითა, სიმდაბლით და სიწრფოებით. ამისთვის განიშორე შენგან ურჩება, სიტყვის-გება, ამპარტავნება, ზვაობა, უჟამოდ ჭამა, კადნიერება, შური, ხდომა, რისხვა, გულის-წყრომა, ხმა-მაღლოობა, გმობა, ძვირის ზრახვა, ზოგად სიყვარული, უქმობა, ცილობა, დრტვინვა, ცუნდრუკება, მოგობა, განუყოფელობა უნდოსა რაისამე საქმისა, და სხვანი ყოველნი უკეთურებისა სახენი; რომელთათვის მოვალს რისხვა ღმრთისა ესე-ვითარისა მოქმედთა ზედა, და ძირთა დაბმად იწყებს მათ შორის განმხრწნელი იგი სულთა. ხოლო უფროსად მოიგე ამის ყოვლისა წილ, რაი იგი შვენის წმიდათა. სიყვარული, მყუდროება, სიმშვიდე, კრძალულება, წურთა სიტყვათა საღმრთოთა, წიგნთა კითხვა, და დაცვა გულისა შეგინებულთა გულის-სიტყვათაგან, საქმე მსახურებისა, ძალისაებრ მარხვა, მორჩილება, ვიდრე სიკვდიდმდე მამისა მის, რომლისა მიმართცა ჰყოფ აღთქმასა შენსა. ხოლო დასაბამად და აღსასრულად ყოვლისავე,აღსარება ყოველთავე დაფარულთა გულისა შენისათა, ვითარცა წმიდანი წერილნი გვასწავებენ. რამეთუ იტყვის, ნათელს-იღებდესო და აღიარებდეს ცოდვათა თვისთა.


მღვდელმან: ამას ყოველსა ესრეთ აღიარება სასოებითა ძალისა ღმრთისათა, და აღთქმათა შინა შეერთდები ყოფად, ვიდრე სიკვდიდმდე, მადლითა ქრისტესითა?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.



მღვდელმან: ყოვლად-სახიერმან და მრავალ-მოწყალემან ღმერთმან, რომელი კარსა წყალობისა მისისასა განუღებს ყოველთა, რომელნი მოვიდოდენ მისა, სურვილითა და სიყვარულითა მხურვალითა, რომელმან სთქვა, ვითარმედ დაივიწყნეს დედამან შვილნი თვისნი, ვიდრეღამცა მე დაგივიწყე შენ. რომელმან იგი იცის სიყვარული შენი, და მოსწრაფებასა შენსა თანა მოგცემს მის მიერსა ძალსა სრულ-ყოფად მცნებათა მისთა. მან მხოლომან ხელი აღგიპყრას, და შეგიტკბენ შენ, და შეგეწიენ, და გეყავნ ზღუდე მტკიცე პირისაგან მტერისა, კლდე მოთმინებისა, მიზეზ ნუგეშინის-ცემისა, მომცემელ ძალისა, განმამრავლებელ გულსმოდგინებისა, თანა შემწე სიმხნისა, თანა-მყოფ შენდა დღე და ღამე, დამატკბობელ და მხიარულ-მყოფელ გულისა შენისა, ნუგეშინის-ცემითა წმიდისა სულისათა. და ღირს-გყვენ ნაწილსა წმიდათა და ნეტართა მამათა ჩვენთასა, ანტონისსა, და ექვთიმისსა, საბასსა, და მათთანათასა, რომელთა თანა-მკვიდრ იქმნე სასუფეველსა ცათასა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელმან: ჯვარი დასწეროს თავსა სამ-გზის და მოიქცევის აღმოსავლეთად.


დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: რომელი ეგე ხარ მარადის უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მაღალო, მეუფეო დიდებისაო, ცხოველისა მის და თანა-არსისა სიტყვისა შენისა თანა, და შენგან გამომავალისა სულისა ჭეშმარიტისა. რომელი უფლებ ყოველთა ზედა დაბადებულთა, ხილულთა და უხილავთა, რომელი ჰზი ქერუბიმთა ზედა, და სამ-წმიდაობითა ხმითა სერაბიმთა მიერ იქები დაუცხრომელად, რომლისა წინაშე სდგანან ათასნი ათასთანი, და ბევრნი ბევრთანი, წმიდათა ანგელოზთა და მთავარ-ანგელოზთა მხედრობანი, შენ ხარ ნათელი, რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად. მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოვლისავე ზეცათა კრებულისა პირმშოთა მათ შენთა ზეცისა იერუსალიმისათა, მოიხილე მოწყალითა თვალითა სიმდაბლესა ზედა მონისა ამის შენისა (სახელი), რომელმან ესე შეგვედრა შენ თავი თვისი, და ჰყო აღთქმა წინაშე მრავალთა მოწამეთა. შეაერთე მოცემულსა მას მისდა პირველითგან მადლსა თანა, შვილებისა შენისასა წმიდისა ნათლისღებისა მიერ ქმნილსა, მონაზონებისაცა ესე ანგელოზებრივი აღთქმა, შეურყეველად დამყარებული, მტკიცესა მას და შეურყეველსა კლდესა ზედა შენდა მომართ სარწმუნოებისასა. განაძლიერე ესე სიმტკიცითა ძალისა შენისათა, და შემოსე ამას ყოვლად-საჭურველი წმიდისა სულისა შენისა. რამეთუ არა არს ბრძოლა მისი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მათ მიმართ ბნელისათა, სულთა მიმართ უკეთურთა. შეარტყ წელთა ამისთა ძალი ჭეშმარიტებისა, და შემოსე ჯაჭვი სიმართლისა და სიხარულისა, და შეასხენ ფერხთა ამისთა განმზადებულებაი სახარებისა მის მშვიდობისა, განაბრძვნე ესე აღებად ფარსა მას სარწმუნოებისასა, რომლითა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა მტერისათა განხურვებულთა დაშრეტად, და ჩაფხუტსა მას ცხოვრებისასა მიღებად, და მახვილსა მას სულისასა, რომელ-არს სიტყვა შენი. შეისმინენ ყოველნი სულთქმანი და ვედრებანი გულისა ამისნი, და შერაცხე ესე რჩეულთა შენთა თანა, რათა იქმნას ჭურ რჩეულ, შვილ, მკვიდრ სასუფეველისა შენისა, ძე ნათლისა და დღისა. მოეც ამას სიბრძნე, სიმართლე, სიწმიდე, და გამოხსნა, შემზადე ესე ორღანოდ მომზადებულად საგალობელად შვენიერად წმიდისა სულისა შენისა, რათა ამიერითგან აღიძარცოს ძველი იგი კაცი, განხრწნადი გემოთ მოყვარებითა საცდურისათა მრავალფერისა მის გველისათა, და შეიმოსოს ახალი ადამი, მსგავსად ღმრთისა დაბადებული სიწმიდით და სიმართლით. დაამტკიცე ესე, რათა ყოვლადვე წყლულებანი და ჯვარი ქრისტესი გვამსა შინა თვისსა ეტვირთნენ, რომელთა მიერ სოფელი ამისდა ჯვარცმულ-იყოს, და ესე სოფლისა. ჰყავ ესე ჭეშმარიტებისა სათნოებისა მოღებად, და ნუ კაცთ-მოთნებისა, და თავ-მოთნებისა, არამედ რათა მოიგოს მოთმინებითა სარწმუნოება, და ღმრთის მოშიშებითა სიყვარული, და მორჩილებაი ძმათა. მოეც ამას მადლი შენი, რათა ყოველსა შინა იღვიძებდეს, გინათუ ეძინოს, სდგეს, ანუთუ სჯდეს, რათა ფსალმუნითა და ქებითა და გალობითა სულიერითა ანგელოზებრ გმონებდეს, და შენ გხედვიდეს მარადის წმიდითა გულითა, და თაყვანის-გცემდეს შენ მხოლოსა ცხოველსა და ჭეშმარიტსა ღმერთსა, სიხარულად მისსა საუკუნოდ.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და ხელმწიფება, და შენდა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: წმიდაო უფალო ღმერთო ძალთაო, მამაო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, აკურთხე მონა ესე შენი (სახელი), რომელსა მოუწოდა მარჯვენემან შენმან სულიერისა მის სასძლოისა შენისა მიმართ, და ღირს-ჰყავ ესე, რათა იყოს მონად შენდა წმიდად, განაბრძვნე ესე, და მოჰფინე ამას ზედა წმიდისა მის და მთავრისა სულისა შენისა მადლი და მეცნიერებაი. განაძლიერე ესე უხილავისა მის მტერისა ბრძოლასა ზედა, და მძლავრებანი იგი ხორცთანი ძლიერითა მით ძალითა შენითა დაამდაბლენ. მოეც ამას მეცნიერებაი სათნო-ყოფად შენდა, ქებად დიდების-მეტყველებად, დაუცხრომელად გალობად, მარადის ლოცვად, სიწმიდით განზრახვად, სიმართლით დამდაბლებად გულითა, სიმშვიდით და ჭეშმარიტებით. და ღირს-ჰყავ ესე მონებად შენდა სიმშვიდით, სიყვარულით, ჭეშმარიტებით, სიბრძნით, და სიმხნით, შეწირვად შენდა დიდების-მეტყველებისა, და გალობისა, და ლოცვისა სუნად-სუნნელად, სრულ-ჰყავ ცხოვრებაი ამისი სიწმიდით და სიმართლით, რათა აქუნდეს შენდამი ერთობა განუყოფელი, და რათა ღირს-იქმნას ზეცისა სასუფეველსა შენსა. მადლითა და კაცთ-მოყვარებითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ, თანა ყოვლად-წმიდით სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელმან: აღიღოს სახარება, რომელსა ზედა ედვას მაკრატელი.


მღვდელმან: აჰა ესერა ქრისტე უხილავად აქა მდგომარე არს, იხილე, რამეთუ არავინ გაიძულებს მიღებად წმიდისა ამის სქემისა. იხილე, რამეთუ შენ თვისითა ნებითა გამოირჩიე ესე წინდი, დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისა.


მიგება: ჰე, მაღალღირსო მამაო, ნებითა ჩემითა.


მღვდელი ძირს აგდებს მაკრატელს.


მღვდელმან: მიიღე მაკრატელი და მომეც მე.


აღიღებს და მისცემს მაკრატელს მღვდელსა.


მღვდელმან: მიიღე მაკრატელი და მომეც მე.


აღიღებს და მისცემს მაკრატელს მღვდელსა.


მღვდელმან: მიიღე მაკრატელი და მომეც მე.


აღიღებს და მისცემს მაკრატელს მღვდელსა.


მღვდელმან: აჰა ესერა ხელისაგან ქრისტესისა მიიღებ ამას, იხილე თუ ვის შეერთები, მოუხდები, თუ ვის შეეწყნარები, ანუ ვისგან განეშორები.


ხელთ იპყრას მაკრატელი


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი, რომელსა ნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება, და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვა, რომელი იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.


მოჰკვეცოს ჯვრის-სახედ თმა, აღკვეცადსა მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი) აღიკვეცს თმასა თავისა თვისისასა,


სახელითა მამისათა, ამინ.


და ძისათა, ამინ.


და სულისა წმიდისათა, ამინ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს კაბას (ჩოხას) და შთააცმევენ მას.


მღვდელმან: სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს სარტყელს და მისცემს მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი) შეირტყამს სარტყელსა ჭეშმარიტებისასა, ძალად ღმრთისა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს სქემასა და მისცემს მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი) მიიღებს სქემასა ტვირთვად ჯვრისა მხართა ზედა, და შედგომად მეუფისა ქრისტესა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს სამხრესა და მისცემს მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი) მიიღებს სამხრეთა დიდისა და ანგელოზებრისა სქემისათა, საბლარდნელად უხრწნელებისა და სიმართლისა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს ანაფორას და შთააცმევენ მას.


მღვდელმან: სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს მანტიას და შთააცმევენ მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი) შთაიცვამს სამოსელსა სიმართლისა და სიხარულისასა, დიდისა მის და ანგელოზებრივისა სქემისასა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს კუნკულსა და მისცემს მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი) შეიმოსს კუნკულსა უმანკოებისასა თავსა თვისსა ზედა, ჩაფხუტად სასოებისა და ცხოვრებისა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს სანდალთა და შთააცმევენ მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი) შეისხამს სანდალსა განმზადებად სახარებასა მას მშვიდობისასა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.

მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


და ესრეთ განსრულდების შემოსვა მისი.


მღვდელმან: ძმამან ჩვენმან (სახელი) მიიღო დიდი და ანგელოზებრივი სქემა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



რაჟამს ყოველნი შეჰმოსონ, რომელიმე ძმათაგანი იტყვის ამას, ხმა-4:


შეიმოსეთ სამოსელი ცხოვრებისა, შეირტყთ სარტყელი სიწმიდისა, მიიღეთ სასწაული ჯვრისა, ფერხნი იგი სულიერნი შეიჭურენით მარხვისა საჭურველითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა.


იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი ცხოვრებისა, და კვართი სიხარულისა, ვითარცა სიძესა დამადგა მე გვირგვინი, და ვითარცა სასძლოდ მიმავალი შემამკო მე სამკაულითა.



დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი სარწმუნო ხარ აღთქმათა შენთა ზედა, და შეუნანებელ მადლთა ზედა შენთა, და გამოუთქმელ კაცთ-მოყვარებითა შენითა, რომელმან უწოდე დაბადებულსა ამას შენსა წოდებითა წმიდითა, და შეიყვანე მონა ესე შენი (სახელი) სულიერსა მას ცხოვრებასა. მოეც ამას მოქალაქობა წესიერი, ქცევა სათნო და უცდომელი, რათა სიწმიდით ვიდოდეს, და უბიწოდ დაიცვას, რომელმან ესე ძალითა შენითა შეიმოსა სქემაი. რათა სამოსლისა ამის შთაცმითა სიწმიდე შეიმოსოს, და სარტყელითა მოკვდინებაი ხორცთა, და სიწმიდე მოირტყას, ხოლო კუნკულითა სიმდაბლეი ჩაფხუტად დაიდგას, ხოლო სქემითა ჯვარი საჭურველად მიიღოს, და საბლარდნელითა სამოსელი უხრწნელებისა შთაიცვას, ხოლო სანდალთა მიერ, რათა ვიდოდეს გზასა მშვიდობისასა და ცხოვრებისასა, და იქმნას საშინელ წინა-აღმდგომთა ძალთა, და უძლეველ მბრძოლთა მიერ, და უცხო ყოვლისა ბოროტისა გულის-თქმისაგან, და ისწაოს მორჩილება, შეიმოსოს მარხვა, და მხნე იყოს ყოველთა შინა მონაზონებისა კანონთა, რათა ფსალმუნითა, და გალობითა, და ქებითა სულიერითა ადიდებდეს ყოვლად-პატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა. რათა შეუდგეს კვალსა წმიდისა დიდისა წინასწარმეტყველისა ილიასსა, და წმიდისა იოანე წინა-მორბედისა და ნათლის-მცემელისასა, და მიიწივოს საზომსა სისრულისასა, და სრბაი აღასრულოს, სარწმუნოება დაიცვას, და შეიმოსოს წმიდათა ანგელოზთა უხრწნელება, და შეირაცხოს წმიდასა სამწყსოსა შენსა თანა, და ღირს-იქმნას მარჯვენით დადგომად, და ესმას სანატრელი იგი ხმა: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა. რომელთა თანა ღირს-მყვენ ჩვენცა მკვიდრ-ყოფად სახიერმან ღმერთმან. რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, და კაცთ-მოყვარებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა: შენ, უფალო.


მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, შეიყვანე მონა ესე შენი (სახელი) სულიერსა მას ეზოსა შენსა, და შერაცხე ესე სიტყვიერსა სამწყსოსა შენსა თანა, განსწმიდე გონება ამისი ხორციელთა გულის-თქმათაგან, და ამაოისა ამის სოფლისა საცდურისაგან. ხოლო მოეც ამას მარადის ხსენებაი კეთილთა მათ განმზადებულთა მოყვარეთა შენთათვის, რომელთა ჯვარს-აცვნეს თავნი თვისნი სოფელსა ამას სასუფეველისათვის შენისა. რამეთუ შენ ხარ მწყემსი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა, და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



კვერექსი


დიაკონმან: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ზეგარდამო მშვიდობისა, და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: კეთილ-შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა, და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ძმისა ამის ჩვენისა (სახელი), ქალწულებით დაცვისა, და შეწევნისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა უბიწოებით დაუსჯელად, და დაუბრკოლებელად აღასრულოს სრბაი მონაზონებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა განათლდეს სული ამისი მარხვითა და მოღვაწებითა, და სოფლისა ამის განშორებითა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა განეშოროს ყოვლისა სოფლისა გულისთქმისაგან, და ხორციელთა საქმეთა თვისთაგან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: შენდობისათვის ცოდვათა ამისთა, და მოტევებისათვის ცდომათა ამისთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა უმაღლეს-იქმნას ესე ყოველთა სოფლისა ამაოთა ზრახვათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა სცხოვნდებოდეს ესე ყოვლითა კრძალულებითა და სიწმიდითა და შიშითა ღმრთისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა აღიძარცვოს ძველი იგი კაცი, და შეიმოსოს ახალი ხატად ღმრთისა დაბადებული, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ, ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელმან: რამეთუ წმიდა ხარ ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია. (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია.


რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია.


დიაკონმან: მოხედენ.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 6: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მკითხველმან: (მუხლი): უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევსძრწუნდე.


მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მკითხველმან: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა.


მგალობელთა: ვისა მეშინოდეს?!


დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: ეფესელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.


დიაკონმან: მოხედენ.


სამოციქულო ეფესელთა VI, 10-17.


ძმანო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა; შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ თქვენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა, რამეთუ არა არს ბრძოლა ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის-მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთოისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. ამისთვის აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რათა სდგეთ. მტკიცედ უკვე სდეგით, და მოირტყენით წელნი თქვენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისა. და შეისხენით ფერხთა თქვენთა განმზადებულებაი სახარებისა მის მშვიდობისა. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისა, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად; და ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა დაიდგთ და მახვილი იგი სულისა, რომელ-არს სიტყვა ღმრთისა.



მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი, და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: მათესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.



სახარება მათესი X, 37 — XI, 1.


ჰრქვა უფალმან: რომელსა უყვარდეს მამაი, ანუ დედაი უფროს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. რომელმან მოიპოვოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი. რომელმან შეგიწყნარნეს თქვენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს. და რომელმან ასვას ერთსა მცირეთაგანსა სასმელი ერთი, წყალი გრილი, სახელად მოწაფისა, ამინ გეტყვი თქვენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. და იყო რაჟამს დაასრულნა იესო ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა.



მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონმან: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა კაცთ-მოყვარე, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, შენდობისათვის და ცოდვათა მიტევებისათვის მონისა ღმრთისა (სახელი).


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელი მისცემს ჯვარსა ახალ აღკვეცილსა მას.


მღვდელმან: თქვა უფალმან: რომელსა ნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და მომდევდინ მე.


მისცეს სანთელი აღნთებული.


მღვდელმან: თქვა უფალმან: ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი, და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა.


ხმა-1.


გულისხმა-ვყოთ ძმანო, საიდუმლოისა ამის ძალი, რამეთუ ცოდვისაგან მამულთავე წიაღთა მომართ მოქცეულსა უძღებსა შვილსა, სახიერი იგი მამა მიეგებვის, და ამბორს-უყოფს, და კვალად დიდებისა სამკაულსა შეჰმოსს, და საიდუმლოდ სიხარულსა ჰყოფს ზეცისა ძალთა თანა, და დაგვიკლავს ჩვენ ჭამებულსა მას ზვარაკსა, რათა ჩვენ ვმოქალაქობდეთ ღირსად, კაცთ-მოყვარისა მის მიმართ, და დიდებულისა ზვარაკისა, რომელი დაიკლა ჩვენთვის, მაცხოვარი სულთა ჩვენთა.



დიაკონმან: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



იქმნების შემთხვევა და განსრულდების ესრეთ სადიდებელად ღმრთისა.


ლოცვა აღხდასა კუნკულისასა დღესა მეშვიდესა


– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: მრავალ-მოწყალეო ღმერთო, რომელმან მოეც მონასა ამას შენსა (სახელი) მოღებითა ანგელოზებრივისა სქემისათა, კუნკული ჩაფხუტად სასოებისად მიუღებელად, დაიცევ მადლი იგი თავსა ზედა ამისსა. რათა დამარხულ-იყოს მთავარი იგი გონება ამისი წინა-აღმდგომთა გულის-სიტყვათაგან შეურყეველად. რათა თავი იგი ბოროტისა მის გველისა, რომელი უმზირის ბრჭალსა ამისსა დასთრგუნოს, და შენდა მომართ საშინელისა მაგის მხოლოსა ყოველთა თავისა, სულისა იგი თვალნი აღეხილნენ. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი, და განმწმედელი ჩვენი, და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა: შენ, უფალო.


მღვდელმან: შენ რომელსა გაქუს ცეცხლ-მგზებარე ბრწყინვალედ შვენიერი თავი, შენ უხილავისა მხოლოისა ბრძნისა ღმრთისა მოუდრეკია თავი თვისი მეუფეო. აკურთხე, წმიდა-ჰყავ, დაიცევ ყოველთაგან სავნებელთა ხილულთა და უხილავთა მტერთასა.

ასამაღლებელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ხელმწიფება და ძალი, და შენდა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მგალობელთა: ამინ.