ეკლესია არს ტაძარი ღმრთისა, სახლი შესაკრებელი ერისა, გვამი ქრისტესი, და სძალი მისი წყლითა მით ნათლისღებისათა განწმედილი, და პატიოსნითა სისხლითა მისითა პკურებული, ვითარცა სძალი აღბეჭდული და შემკული საცხებელითა მით სულისა წმიდისათა. ეკლესია არს ცა ქვეყანასა ზედა, რომელსა შინა დამკვიდრებულ არს ცათა შინა მყოფი ღმერთი. ცად ვიტყვი ვიდრე მე ზენა კერძოდ და ზეციერად სამსახურებელად საკურთხეველსა. ხოლო ქვეყანად ეკლესიასა ვითარცა მუნ შემოკრებულნი, და ვითარცა ზენა ცით მოიღებენ წმიდათაგან წმიდა ქმნასა. მას შინა გამოისახვის ჯვარცმა, დაფლვა, და აღდგომა ქრისტესი, რომელ ესე უზესთაეს არს კარავსა მას საწამებელსა. რამეთუ ესე წმიდა ეკლესია მამათმთავართა წინათვე მოასწავეს, წინასწარმეტყველთა ქადაგეს, მოციქულთა დააფუძნეს, და მღვდელთმოძღვართა დაამტკიცეს.
ხოლო წმიდა ტრაპეზი პატიოსნისა საკურთხეველისა, უფლისა ჩვენისა საფლავისა სახე არს, რომელსა ზედა მდებარე არს ჭეშმარიტი იგი და ზეცისა პური ქრისტე, რომელი იგი უსისხლოდ დაიკლვის ვითარცა კაცი, და ხორცსა და სისხლსა თვისსა მისცემს მორწმუნეთა თვისთა ცხოვრებად საუკუნოდ.
ტრაპეზი არს საყდარი ღმრთისა, რომელსა ზედა განისვენებს ქერუბიმთა ზედა მჯდომარე ქრისტე ღმერთი ჩვენი, ცხოვრებისათვის ჩვენისა განკაცებული, ვითარცა იგი დიდებულსა მას საიდუმლოსა სერობასა მჯდომარე იყო შორის მოწაფეთა თვისთა და მოციქულთა. მოიღო პური და ღვინო, წმიდა-ჰყო, და თქვა: „მიიღეთ და სჭამეთ, და სვით ამისგან, ესე არს ხორცი ჩემი და სისხლი ჩემი“.
და კვალად ამისვე ტრაპეზისა მოსწავება გამოსახა დიდმან მოსე, ოდეს შემზადა ტაბლა იგი, რომელსა ზედა იყო მანანა, რამეთუ ჭეშმარიტად ქრისტე არს მანანა, რომელი გარდამოხდა ზეცით ცხოვრებისათვის ჩვენისა. სალხინებელი, რომელი ზედა ადგს წმიდასა ტრაპეზსა, სახე არს თხემისა ადგილსა, სადა იგი ჯვარს ეცვა ქრისტე ხსნისათვის ჩვენისა, რამეთუ ახს ადგილსა მას სადა დაეფლა უფალი. ამას გამოსახვიდა კიდობანიცა იგი რჯულისა, რომელი იყო წმიდა წმიდათა, სადა იგი ბრძანა ღმერთმან ორთა ქერუბიმთა ქმნა ამიერ და იმიერ. საკურთხეველი კვალად სახე არს საფლავისა, სადა იგი დაიკლა უფალი ჩვენი, მსგავსად კრავისა მის, რომელი ეგვიპტეს მოსეს მიერ ესწავა ისრაელთა, და სისხლითა მით კრავისათა პოვეს ლხინება მომსრველისა მისგან სენისა, და განთავისუფლდენ მონებისგან. შეიწირა მამისა კრავი ღმრთისა ჭეშმარიტი, მღვდელთმოძღვარი იგი დიდებისა, შობილი დედაკაცისაგან, და აწცა იგივე არს უსისხლოდ შემწირველი და შეწირული, რომლისა ზიარებითა ზიარ ვიქმნენით ცხოვრებასა საუკუნესა.
ა) საკურთხეველი სახე არს ზეცისა მის უხილავისა საკურთხეველისა, რამეთუ მსგავსად მუნ მდგომარეთა მათ ძალთასა, მდგომარე არიან მღვდელნი აქა წინაშე უფლისა, ამისთვისცა ჯერარს, რათა იყვნენ მსგავსად მათსა ცეცხლებრ შემწველ ყოვლისავე ვნებისა, რამეთუ ზეცისა იგი მღვდელობანი და ქვეყანისა ყოველივე განაწესა ძემან ღმრთისამან შემოქმედმან ყოველთამან. საკურთხეველისა იგი საჯდომი ადგილი, არს საყდარი სადა იგი უფალი ჩვენი მჯდომარე არს მოციქულთა თანა, ვითარცა თქვა: „დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა ზედა“. და სახე არს მეორედ მოსლვისა, ოდეს დაჯდეს უფალი საყდართა დიდებისათა, განკითხვად სოფლისა, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი, ვითარმედ მუნ დაიდგნენ საყდარნი სასჯელისანი.
კანკელი არს მაუწყებელი სალოცველისა ადგილისა, რომელ მოასწავებს გარეშე მისა დადგრომასა ერისასა, ხოლო შინაგან წმიდა წმიდათასა, შესლვა და მსახურება მღვდელთა მიერ. ნამდვილვე წმიდასაცა ქრისტეს საფლავსა კანკელი არს რვალისა, რათა არავინ ურიდად შევიდეს. კანკელისა ზედა იგი სამკაული, მოასწავებს სამკაულსა მას კარვისა საწამებელისასა, რომელსა ზედა არს სახე ჯვარისა, რომელ ბრწყინვიდეს ბეჭედი ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა.
საფსალმუნე, მის ლოდისა სახე არს, რომელ გარდააგორვა ანგელოზმან, კარისაგან საფლავისა, და დაჯდა მას ზედა, და ახარა მენელსაცხებლეთა აღდგომა უფლისა, სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა რომელი იტყვის, აღიღეთ სასწაული მთასა მას ზედა ველოვანსა, მახარებელი ეგე, აღიმაღლე ხმა.
პირველად რომელსა ენებოს აღშენება ეკლესიისა, მოვალს წინაშე მის ეპარქიის მღვდელთმთავრისა, და გამოითხოვს ნებასა. იმ ადგილზე, სადაც უნდა აშენდეს ტაძარი აღმოიღებენ მიწას საძირკველის ჩასაყრელად. საკურთხევლის ადგილზე დაიდგმება მაგიდა და ზედა დაასვენებენ სახარებას, ხელის ჯვარს და კურთხევანს. ასევე უნდა მიიტანონ ნაკურთხი ზეთი და ნაკურთხი წყალი. წინათვე განმზადდების ოთხი ცალი ოთხკუთხა ქვა, რომელთა ზედა უნდა იყოს გამოსახული ჯვარი. ტრაპეზის ადგილზე მზადდება კვარცხლბეკი ხის ჯვარის დასამაგრებლად. (ხის ჯვარი უნდა იყოს დაახლოებით ადამიანის სიმაღლის). მოამზადებენ ჯვარსა ხისასა, რომელსა ზედა უნდა იყოს წარწერა:
ნებითა და ჯერჩინებითა უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასითა, მღვდელთმთავრობასა მაღალყოვლადუსამღვდელოესისა (სახელი ეპარქიისა) მიტროპოლიტისა (სახელი ეპარქიის მღვდელთმთავრისა) შეიქმნა ჯვარი ესე განსაწმედელად მის მიერ, რომელიცა წმიდა-ჰყოფს ღმრთივ დამტკიცებულსა ქალაქსა ჩვენსა (სახელი ქალაქისა მის).
ჯვრის მეორე მხარეს უნდა ეწეროს:
წარსამართებელად ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა და მეუფებისა მისისათვის. წელი, თვე და რიცხვი.
რაჟამს მობრძანდების მღვდელთმთავარი მიეგებებიან სამღვდელონი და საერონი.
მღვდლები ოლარით და ფილონით, ორნი. დიაკონნი საცეცხლურებით, იპოდიაკონნი დიკირ-ტრიკირით.
მღვდელთმთავარი იმოსება მანტიით, ოლარით, ომოფორით და საბუხარენით. ესრეთ წარემართებიან ტაძრის საძირკველისაკენ.
მღვდელთმთავარმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელთმთავარმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ტროპარი ტაძრისა და სხვანი ტროპარნი, რომელიცა ენებოს მღვდელთმთავარსა.
მგალობელნი გალობენ ტროპართა კმევის დასრულებამდე.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან ჯერიჩინე, ამასცა კლდესა ზედა აღშენება ეკლესიისა შენისა, ჩვენ შენნი, შენთაგან შენდა შევსწირავთ. მოხედე აღმართებასა ამის ტაძრისასა, დიდების-მეტყველებად შენდა. სიმრავლე ზეცისა კეთილთა შენთა მოანიჭე. და მშრომელნი ამისნი განაძლიერენ,და უვნებელად დაიცვენ, და საფუძველი ამისი მტკიცედ, შეუძრველად და დაურღვეველად დაამტკიცე, და განსრულებულად გამოაჩინე სახლი ესე შენი, რათა ამას შინა ყოვლად საგალობელად შესხმათა მიერ და დიდების მეტყველებითა გიგალობდეთ შენ, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩვენსა.
რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
აღიღებს, ორითა ხელითა ოთხკუთხა ქვას, ერთ ცალს (რომელზეც გამოსახულია ჯვარი) და მით ჯვარის სახედ გამოსახავს საძირკველსა ზედა, დაასხამს მას ზედა ნაკურთხ ზეთს და ასხურებს აიაზმას და დასდებს საფუძველის კუთხეში და იტყვის: დააფუძნენ ესენი მაღალმან, ღმერთი მის შორის, და იგი არა შეიძრას უკუნითი უკუნისამდე, და შეეწიოს მას დღითი დღედმდე.
უკეთუ იყოს მომზადებული სამშენელო მასალა, ნიჩაბითა დაასხამენ ზედა და დაჰფარვენ ქვასა მას.
საძირკველის ოთხივე კუთხეში იგივეს გაიმეორებენ.
აღიღებს ჯვარსა მას ხისასა, ასხურებს მას აიაზმას და ტრაპეზის ადგილზე მომზადებულ კვარცხლბეკზე დაამაგრებს და იტყვის ლოცვას.
მღვდელთმთავარმან: უფალო ღმერთო ჩვენო, ყოვლისა მპყრობელო, რომელმან გამოსახე პირველად კვერთხი იგი მოსესი, სახედ პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისა, საყვარელისა ძისა შენისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, ეგრეთვე აკურთხე და განწმიდე ადგილი ესე, ძალითა და შეწევნითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა და ყოვლად უხრწნელისა ჯვარისა მიერ, შემუსრვად ეშმაკთა, და ყოველთა მანქანებათა მისთა, და დაიცევ ადგილი ესე, და სახლი ესე, და რომელიცა შემოკრებილ არიან ამას შინა მკვიდრნი ერნი, სულნი ამათნი ღირს-ყვენ კეთილსა ცხოვრებასა, მეოხებითა ყოვლად დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა, ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა. რამეთუ კურთხეულ-არს და დიდებულ სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მღვდელთმთავარმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელთმთავარმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
მღვდელთმთავარმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).