მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

კურთხევა ოდიკისა

 

წირვის დაწყებადმდე, უწინარეს ჟამნთა წარკითხვისა, მოიტანენ ოდიკსა (ანუ ოდიკთა), რომელსა უკანით კერძო, საშუალ, მიკერებული აქვს ჯიბისებრი ქსოვილი წმიდათა ნაწილთათვის, ცვილ-დანამასტაკსა, ვარდის-წყალსა, წმიდასა მირონსა, ჩხირსა და წმიდათა ნაწილთა. ოდიკსა დასდებენ ტრაპეზსა ზედა, ხოლო წმიდათა ნაწილთა დაასვენებენ კამარისა ქვეშე ფეშხუმსა ზედა, რომელსა დაჰბურვენ პერექლითა და დაფარნითა, დასდგმენ სამკვეთლოსა ზედა და აღანთებენ მის წინაშე ორსა სანთელსა. ოდესცა მოიწევის ჟამი წირვისა, მღვდელთმთავარი შეიმოსების სრულითა შესამოსლითა, რომლისა ზემოდ შთაიცვამს ანუ მოირტყამს საგანგებოდ განმზადებულსა არდაგსა, და შევალს წმიდად საკურთხეველად, და მისთანა აგრეთვე მღვდელნი და დიაკონნი.


არქიდიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელთმთავარი, მდგომარე წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, წარსთქვამს ოდიკსა (ანუ ოდიკთა) ზედა ლოცვასა სასმენელად ყოველთა.


მღვდელთმთავარი: უფალო ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, რომელი ყოველსა იქმ და განაგებ ცხოვრებისათვის კაცთა ნათესავისა, შეიწირე ვედრება ჩვენ უღირსთა მონათა შენთა და ღირს-მყვენ ჩვენ ჟამსა ამას დაუსჯელად სრულ-ყოფად კურთხევაი ამის ოდიკისა (ბინა ოდიკთა), რომელი განმზადებულ არს დიდებისმეტყველებისა შენისათვის. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



არქიდიაკონი: მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მღვდელთმთავარი ამბიონსა ზედა მუხლთ-მოდრეკით იტყვის ლოცვასა.


მღვდელთმთავარი: ღმერთო დაუსაბამოო და სამარადისოო, რომელმან არა-არსისაგან არსად მოიყვანენ ყოველნი, რომელი ნათელსა შინა მკვიდრ ხარ მიუწვდომელსა და საყდრათ გაქვს ცაი, ხოლო ქვეყანა კვარცხლბეკად; რომელმან მიეც მოსეს ბრძანებაი და სახე, ხოლო ბესელიელს შორის სული სიბრძნისა დასდევ, და კმა-ჰყვენ იგინი აღშენებად კარვისა წამებისასა, რომელსა შინა იყვნეს მსახურებანი და სამართალნი, სახე ჭეშმარიტებისა და წინასწარ მოსწავებანი; რომელმან მიანიჭე სოლომონს სივრცე და სიმდიდრე გულისა და მის-მიერ ოდესმე ძველ აღაშენე ტაძარი, ხოლო წმიდათა და ყოვლად-ქებულთა შენთა მოციქულთა განუახლე სულიერისა მსახურებისა და ჭეშმარიტისა კარვისა მადლი და მათ მიერ წმიდანი ეკლესიანი და საკურთხეველნი შენნი, უფალო ძალთაო, დანერგენ ყოველსა ქვეყანასა შესაწირავად შენდა გონიერთა და უსისხლოთა მსხვერპლთა; რომელმან სათნო-იყავ აწცა კურთხევაი ოდიკისა ამის (გინა ოდიკთა ამათ) სადიდებელად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა. შენ, უკვდავო და ნიჭ-მრავალო მეუფეო, მოიხსენენ წყალობანი შენნი და მოწყალებანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან, და ნუ მომიძაგებ ჩვენ, შემწიკულებულთა სიმრავლითა ცოდვათათა, ნუცა დახსნი აღთქმასა შენსა არა-წმიდებისა ჩვენისათვის, არამედ უგულებელს-ყვენ აწცა შეცოდებანი ჩვენნი, განმაძლიერენ ჩვენ და შემძლებელ-მყვენ მადლითა და გარდამოსლვითა ყოვლად-წმიდისა და ცხოველს-მყოფელისა სულისა შენისათა დაუსჯელად სრულ-ყოფად კურთხევა ამის ოდიკისა (ბინა ოდიკთა), რათა გაკურთხევდეთ შენ ფსალმუნითა და გალობითა და საიდუმლოითა მას ზედა მსახურებითა, და მარადის ვადიდებდეთ მოწყალებასა შენსა.

ჰე მეუფეო უფალო, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა, მვედრებელთა შენთა, და გარდამოავლინე შენი ყოვლად-წმიდა და თაყვანისსაცემელი და ყოვლად-ძლიერი სული და წმიდა-ჰყავ ოდიკი ესე, აღავსე ესე მადლითა და ნათლითა სამარადისოითა და სათნო-იყავ სამკვიდრებელად შენდა, ჰყავ ესე საყოფელ დიდებისა შენისა და შეამკევ საღმრთოითა მადლითა შენითა, დაამტკიცე ესე ნავთსაყუდელად ღელვა-გვემულთა, საკურნებელად ვნებათა, შესავედრებელად უძლურთა, საოტებელად ეშმაკთა; რათა განმარტებულ იყვნენ თვალნი შენნი მას ზედა დღე-და-ღამ და მსმენელ ყურნი შენნი ვედრებისა მათისა, რომელნი კრძალულებითა და შიშითა შენითა მლოცველ იყვნენ მას ზედა და ხადოდენ ყოვლადპატიოსანსა და თაყვანის-საცემელსა სახელსა შენსა, რათა რასაცა ითხოვდენ, შეისმინო მათი შენ ცათა შინა ზე, მოწყალეო, და მლხინებელ ექმნე მათ. დაიცევ ესე შეურყეველ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა და წმიდად-წმიდათა გამოაჩინე იგი ძალითა და მოქმედებითა სულისა შენისა წმიდისათა. ადიდე ესე უფროს სჯულიერისა სალხინებელისა, რათა ამას ზედა აღსრულებულნი მღვდელ-მოქმედებანი აღიწეოდენ წმიდასა ზედა, ზესთა ცათასა და საცნაურსა საკურთხეველსა შენსა და გარდამოგვცემდენ ჩვენ მადლსა უხრწნელისა მოხედვისა შენისასა, რამეთუ არა უღირსთა ხელთა ჩვენთა მოქმედებასა ვესავთ, არამედ გამოუთქმელსა სახიერებასა შენსა.



აღსდგების მღვდელთმთავარი და მივალს წინაშე წმიდისა ტრაპეზისა. ხოლო არქიდიაკონი შინაგან წმიდისა საკურთხეველისა იტყვის კვერექსსა.


არქიდიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგვადგინენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.


მგალობელთა უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა, და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი:უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიც იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: რათა წმიდა იქმნას ოდიკი (გინა ოდიკნი) ესე დანერგვითა და ძალითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: კეთილ-შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა, და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


არქიდიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელთმთავარი: რამეთუ წმიდა ხარ ღმერთო ჩვენო, რომელი წმიდათა და პატიოსანთა, ღვაწლით-შემოსილთა და შენთვის წამებულთა მარტვილთა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


არქიდიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელთმთავარი თავ-მოდრეკით წარიკითხავს ლოცვასა ვარდის წყალსა ზედა.


მღვდელთმთავარი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან განსწმიდენ ნაკადულნი იორდანისანი ცხოველს-მყოფელითა მით გამოჩინებითა შენითა, – შენვე აწ გარდამოავლინე მადლი სულისა შენისა წმიდისა და აკურთხე წყალი ესე განსაწმედელად და განსასრულებელად წმიდისა ამის ოდიკისა (ან ოდიკთა) შენისა, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



შემდგომ ლოცვისა ამის წარკითხვისა მღვდელთმთავარი გამოსახავს ჯვარს სამჯერ ვარდის-წყალსა ზედა და ასხურებს მას ოდიკსა ზედა ჯვარის-სახედ სამ-გზის.


ყოველი სხურებისას იტყის: სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე.


და წარვთქვამთ: მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცამეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.



მღვდელთმთავარმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მღვდელთმთავარი მოიღებს მირონსა.


არქიდიაკონი: მოხედენ. (ყოველსა ცხებასა ზედა).


მღვდელთმთავარი მირონით გამოსახავს ოდიკსა ზედა სამსა ჯვარსა, ერთსა საშუალ, ხოლო ორთა მცირედ ქვემორე მისსა.


მღვდელთმთავარმან: ალილუია (3-გზის, ყოველსა ცხებასა ზედა).



ოდესცა ჰყოფენ ამას, წარითქმის ფსალმუნი 132


აჰა ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შვენიერ, არა-მე დამკვიდრება ძმათა ერთად? ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისათა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა; ვითარცა ცვარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა; რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევა და ცხოვრება უკუნისამდე.



მღვდელთმთავარმან: დიდება შენდა სამებაო წმიდაო, ღმერთო ჩვენო, უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

ფსალმუნი 131:


მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი, ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქვა ღმერთსა იაკობისსა: უკეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვხდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა, ანუ თუ ვსცე ძილი თვალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსვენება ხორცთა ჩემთა, ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისა და საყოფელი ღმრთისა იაკობისი. ესერა გვესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა. შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყვანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი მისნი. აღდეგ, უფალო, განსასვენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა; მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ. დავითისთვის, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა. ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა. და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა. რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკვიდრებელად თვისა: ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე. ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა. მღვდელთა მისთა შევმოსო ცხოვრება, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ. მუნ აღმოუცენო რქა დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა. მტერთა მისთა შევმოსო სირცხვილი, ხოლო მის ზედა აღყვავნეს სიწმიდე ჩემი.

ამ დროს დაიხურება აღსავლის კარი.


მღვდელთმთავარი (და მასთან მღვდელნი და დიაკონნი), წარვალს სანთლებითურთ სამკვეთლოდ და დასდგება წინაშე წმიდათა ნაწილთა.


არქიდიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელთმთავარი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი სარწმუნო ხარ სიტყვათა შინა შენთა და უტყუარ აღთქმათა შინა შენთა, რომელმან მოჰმადლე წმიდათა შენთა მოწამეთა კეთილისა ღვაწლისა მოღვაწება, სარბიელისა კეთილ-მსახურებისა სრულ-ყოფა და აღსარებისა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა დამარხვა, – შენ, ყოვლად-წმიდაო მეუფეო, ოხათა მათთა მიერ ვედრებულ იქმენ და მოგვმადლე ჩვენ, უღირსთა შენთა მონათა, ნაწილისა და სამკვიდრებელისა ქონებაი მათთანა, რათა მსგავს მათდა ქმნილნი, ღირს ვიქმნეთ მათთვის დამარხულთა კეთილთა. წყალობითა და მოწყალებითა და კაცთ-მოყვარებითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელთმთავარმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


არქიდიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელთმთავარმან: უფალო ღმერთო ჩვენო, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა, საქმენი ჩვენ უღირსთა მონათა შენთანი წარმართენ და ყოველსა შინა სათნო-ყოფად სახიერებისა შენისა ღირს-მიჩინენ ჩვენ.

იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ, და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელთმთავარი მიიღებს ფეშხუმსა წმიდა ნაწილებითურთ, დაბურვილსა დაფარნითა, დაიდგამს თავსა ზედა და გამოვალს ჩრდილოის კარით, მღვდლებით და დიაკონებითურთ, სანთლებითა და სამწერობლებითა; მის წინ ვლენან ლამპრებითა და დიაკონნი საცეცხლურებითა, მკმეველნი წესისაებრ; და წარმოემართებიან ამა სახით აღსავლის კარისადმი, და მგალობენი გალობენ ტროპარსა.



ტროპარი, ხმა-3.


მგალობელთა: რომელმან კლდესა ზედა სარწმუნოებისასა აღაშენე ეკლესია შენი სახიერ, წარმართენ მას შინა ლოცვანი ჩვენი, და შეიწყნარენ ერნი სარწმუნოებით მღაღადებელნი შენნი, გვაცხოვნენ ჩვენ ღმერთო, გვაცხოვნენ ჩვენ.


მღვდელთმთავარი მივალს წინაშე დახშულთა აღსავლის კართა.


მღვდელთმთავარმან: აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი, და შევიდეს მეუფე დიდებისა.


განიღებიან კარნი, მღვდელთმთავარი შევალს საკურთხეველად და გარს-შემოუვლის წმიდასა ტრაპეზსა.


მგალობელთა წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ, და გვირგვინოსან იქმენით, უფალსა ევედრენით ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.


დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა სიხარულო, რომელთა ჰქადაგეს სამებისა წმიდისა ერთ-არსება.


დასდგამს წმიდასა ფეშხუმსა ტრაპეზსა ზედა. მერმე მოიღებს საცეცხლურსა და უკმევს გარშემო წმიდისა ტრაპეზისა.



ვიდრე აკმევდეს წარითქმის ფსალმუნი 25:


მისაჯე მე, უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რათა არა მოუძლურდე. გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოახურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი. რამეთუ წყალობა შენი წინაშე თვალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა. არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე. მოვიძულე კრებული უკეთურთა და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე. დავიბანნე უბრალოებით ხელნი ჩემნი და გარე-მოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო; სმენად ჩემდა ხმა ქებისა შენისა და მითხრობად ყოველი საკვირველება შენი. უფალო, შევიყვარე შვენიერება სახლისა შენისა და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა. ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხოვრებასა ჩემსა; რომელთა ხელნი უშჯულოებით არიან, მარჯვენა მათი აღივსო ქრთამითა. ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიხსენ მე, უფალო, და მიწყალე მე. ფერხი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.


არქიდიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელთმთავარი: ღმერთო ცათა და ქვეყანისაო, რომელმან გამოუთქმელითა სიბრძნითა შენითა დააფუძნე წმიდა ეკლესია შენი და მსგავსად ანგელოზებრივისა მის ზეცათა შინა მსახურებისა სამღვდელო წესი შეჰმზადე ქვეყანასა ზედა. შენ, ნიჭ-მრავალო მეუფეო, შეგვიწყნარენ ჩვენ, მვედრებელნი შენნი, არა ვითარცა ღირსნი ესე ვითართა თხოვათანი, არამედ რათა საცნაურ იქმნეს უსაზღვროება სახიერებისა შენისა; რამეთუ არა დააკელ მრავალ-სახედი ქველის-მოქმედებაი კაცობრივსა ნათესავსა, არამედ თავად ქველის-მოქმედებად მოგვანიჭე ჩვენ ხორცით-მოსლვაი მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა, რომელი ქვეყანასა ზედა გამოსჩნდა და გამოუბრწყინდა ბნელსა-შინათთა ნათლად მაცხოვარებისად, შესწირა თავი თვისი მსხვერპლად ჩვენთვის, სალხინებელ ექმნა ყოველსა სოფელსა და თანა-ზიარად აღდგომისა თვისისა გამოგვაჩინა ჩვენ; ხოლო, ამაღლდა რა ზეცად, შეჰმოსა მოწაფეთა თვისთა და მოციქულთა, ვითარცა აღუთქვა, ზე-გარდამოი ძალი, რომელ არს სული წმიდა თაყვანისსაცემელი და ყოვლად-ძლიერი, შენ, ღმრთისა და მამისაგან გამომავალი, რომლისა მიერ სიტყვით და საქმით განძლიერებულთა მოსცეს ნათლისღება შვილობილობისა, ეკლესიანი აღმართნეს, საკურთხეველნი დააფუძნეს, მღვდელობისა დაჰსხნეს კანონნი და სჯულნი, რომელთა მქონებელნი, ჩვენ ცოდვილნი, შეგივრდებით შენ საუკუნესა ღმერთსა, და გევედრებით შენ, მოწყალეო: ქების-მეტყველებისა შენისათვის განმზადებული ესე ოდიკი აღავსე საღმრთოითა დიდებითა შენითა და გამოაჩინე იგი წმიდად წმიდათად, რათა ჩვენცა, მდგომარენი წინაშე მისსა, ვითარცა შესაძრწუნებელსა საყდარსა სუფევისა შენისასა, დაუსჯელად ვმსახურებდეთ მას, ვედრებასა აღვავლენდეთ თავისა თვისისა და ყოვლისა ერისა შენისათვის და უსისხლოსა მსხვერპლსა შევსწირვიდეთ სახიერებისა შენისა მიმართ ნებსითთა და უნებლიეთთა ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად, ცხოვრებისა საჭეთ-მპყრობელად, კეთილისა მოქალაქობისა წარსამართებელად და ყოვლისა სიმართლისა აღსრულებად. რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად-წმიდა სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელთმთავარმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


არქიდიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელთმთავარმან: გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, რამეთუ ღირს-იჩინე სიმრავლითა კაცთ-მოყვარებისა შენისათა ვიდრე ჩვენდამდე, უღირსთა და უხმართა მონათა შენთა, განვრცობად მადლისა მის, რომელი მიჰფინე წმიდათა მოციქულთა შენთა და ღირსთა მამათა ჩვენთა; რომლისათვისცა გევედრებით შენ, მეუფეო მრავალ-მოწყალეო, აღავსე დიდებითა და სიწმიდითა და მადლითა ოდიკი ესე, რათა შეიცვალებოდენ ამას ზედა შეწირულნი შენდა უსისხლონი მსხვერპლნი უხრწნელ ხორცად და პატიოსან სისხლად დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა, მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა, საცხოვრებელად ყოვლისა ერისა შენისა და ჩვენისა უღირსებისა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, ღმერთი წყალობისა და მაცხოვარებისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

განწესებული მღვდელი მოიღებს წმიდასა მირონსა და ცვილ-დანამასტაკსა წმიდათა ნაწილთათვის.


(კურთხევისამებრ შესაძლებელია, რომ წინასწარ მომზადდეს და დანამასტაკის ცვილით დაფარული, საჭირო ფორმა მიცემული დახვდეს მღვდელთმთავარს წმინდა ნაწილები, ოდიკის შუაგულში დაკერებულ ჯიბისებრ ადგილში ჩასაბრძანებლად).


უკეთუ არ იყოს მზად მაშინ მოიღებს იპოდიაკონი მასალასა ზომიერად გაციებულსა და გამყარებულსა (ამისათვის წინასწარ გადაიღებს მცირედსა ცვილ-დანამასტაკსა ცალკე ჭურჭელში და შეაგრილებს).


აღიღებს მღვდელთმთავარი წმიდათა ნაწილთა, ცვილსა შინა წარახვევს და მისცემს საჭიროსა ფორმასა. სცხებს მირონსა და შთაასვენებს ოდიკის შუაგულში დაკერებულ ჯიბისებრსა ადგილსა შინა.


არქიდიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელთმთავარი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან ესეცა დიდებაი მიანიჭე შენთვის ტანჯულთა წმიდათა მოწამეთა, რათა ნაწილნი მათნი განითესნენ ყოველსა ქვეყანასა და წმიდათა შინა ტაძართა შენთა და ნაყოფთა კურნებისათა აღმოაცენებდენ. შენ, მეუფეო, მომცემელო ყოველთა კეთილთაო, მეოხებითა წმიდათა მათ, რომელთა ნაწილი ჯერ-იჩინე დასხმად ქვეშე პატიოსნისა ამის ოდიკისა, ღირს-მყვენ ჩვენ დაუსჯელად შეწირვად შენდა ამას ზედა უსისხლოისა მსხვერპლისა და მომანიჭენ ჩვენ ყოველნი საცხოვრებელნი თხოვანი, და ესეცა მიჰმადლე წმიდისა სახელისა შენისათვის წამებულთა მარტვილთა, რათა საკვირველ-მოქმედ იყვნენ მათ მიერითა საქმითა საცხოვრებელად ჩვენდა. რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელთმთავარი მოიხსნის არდაგსა და იტყვის წინაშე ტრაპეზისა:

მშვიდობით წარვიდეთ.


გამოვალს და დასდგების კათედრაზედ და დაიწყების საღმრთო ლიტურგია.


ხოლო ოდიკი (გინა ოდიკნი) იგი დარჩება ტრაპეზსა ზედა შვიდეული ერთი, და დღესა ყოველსა აღესრულების მას ზედა წმიდა ლიტურგია.


(წესი ესე აღესრულების, ვითარცა ზემოთ გვითქვამს, საღმრთო ლიტურგიის დაწყებადმდე; შესაძლებელ არს აღსრულება მისი თვით წირვაზედაც, შემდგომ ასამაღლებელისა: რათა და ესენიცა ჩვენთანავე ადიდებდენ. გარნა უმჯობეს არს, რათა აღესრულებოდეს იგი წირვისა უწინარეს).