მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

მცირე აიაზმა

 

მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.


მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.


ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.


მუჴლი ა: აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი


მუჴლი ბ: ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.


მუჴლი გ: არა მოვკუდე, არამედ ვცხონდე და გავთქუნე მე საქმენი უფლისანი.


მუჴლი დ: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.



ტროპარი


ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩვენ, ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისათ: ჰოი, დედოფალო, წყალობით შემწე მეყავნ ჩვენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ მეწიენ, ჩვენ, რამეთუ წარვსწყმდებით ჩვენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთასა, და ნუ გარე-მიმაქცევ მონათა შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩვენი წინაშე ძისა შენისა, და ღმრთისა ჩვენისა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არა-თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩვენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩვენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნნი სულთა ჩვენთა ყოველთა განსაცდელთაგან.



ფსალმუნი 50


მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცამეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.



ხმა 7, გალობა 1.


ძლის-პირი: წამის-ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენ და მას შორის განიყვანე ერი ისრაელთა ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.


რომელმან სიხარული მთავარანგელოზისაგან შეიწყნარე, მშობელო დამბადებელისაო სძალო. აცხოვნებდ მაქებელთა შენთა ქალწულო, და სარწმუნოებით მგალობელთა.


უგალობთ ძესა შენსა, ქალწულო, და ვღაღადებთ, ყოვლად-უხრწნელო დედუფალო, მვედრებელნი შენნი დაიფარენ მარადის განსაცდელთაგან ოხითა შენითა, კურთხეულო.


წინასწარმეტყველთა და მოციქულთა, მოწამეთა და მეფეთა შენ ხარ სიმტკიცე და სიქადულ. და ჩვენ პატივის-მცემელთა შენთა, ქალწულო, ცხოვრება, ნათელ და სიხარულ.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,


ყოველნივე ენანი მორწმუნეთანი გაქებენ და გნატრიან და ადიდებენ, უხრწნელო, შობილსა შენსა, მარიამ სძალო, ღმრთისმშობელო, კურთხეულო დედუფალო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მომანიჭენ ჩვენ, ქრისტე, უღირსთა ამათ მოტევება თანანადებთა ჩვენთა, გევედრებით შენ ოხითა მშობელისა შენისა უბიწოისათა, ვითარცა მოწყალე ხარ.



გალობა 3.


ძლის-პირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი ყოვლით ძალით მათით, და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩვენ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.


შენდა მომართ სასოება ჩემი დამიძს, ღმრთისმშობელო, მაცხოვნე მე მეოხებითა შენითა, და მომანიჭე ბრალთა შენდობა, ჰოი სასოო სოფლისაო, რომელსა არცა ერთი რა კეთილი მომიგიეს, უსძლოო.


მაცხოვნენ ჩვენ, მეუფისა საყდარო და მაცხოვრისა მშობელო, სძალო ღმრთისაო მარიამ და დაგვიფარენ ყოველნი, რომელნი პატიოსანსა ტაძარსა შენსა ძრწოლით მდგომარენი, სურვილით გიგალობთ, უხრწნელო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


დამბადებელისა ყოველთასა, წმიდასა საშოსა შენსა შემწყნარებელო და ქალწულებით მშობელო, მისა მიმართ ნუ დასცხრები ვედრებად სარწმუნოებით შემსხმელთა და მგალობელთა შენთათვის, ყოვლად-წმიდაო დედუფალო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ღმრთისმშობელო უბიწოო ქალწულო და უზესთაეს მშობელო სიტყვისა ღმრთისაო, ყოვლად-წმიდაო, ყოველთა ვნებათაგან, ჭირთა და განსაცდელთა სამწყსო შენი უვნებელად დაიცევ, ყოვლად-საგალობელო.



გალობა 4.


ძლის-პირი: რაჟამს ესმა მოსლვა შენი წინასწარ-მეტყველსა, ქრისტე, განკვირვებით ღაღად-ყო: მესმა მე სმენაი შენი, უფალო, რამეთუ მოხვედ ქვეყანად, რათა აცხოვნნე დღეს ცხებულნი შენნი.


მოწყალე ყავ ჩვენ ზედა დღეს ძე შენი, ჰოი ღმრთისმშობელო, მწუხარებათა შინა საწუთოსათა, ყოვლით კერძოვე ღელვა-გვემულთა ამათ, რათა ვპოვოთ ბრალთა შენდობა შენ მიერ, კურთხეულო, და გადიდებდეთ.


თანა-მდებობით შევსწირავთ გიხაროდენსა, ქალწულო, და ცრემლით გიღაღადებთ ყოვლად-უხრწნელო, ოხითა შენითა ძვირთაგან სამწყსო შენი განათავისუფლე, კაცთ-მოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ყოველთა თანა-ნადებთა ჩვენთა დახსნი თხზულებასა, ღმრთისმშობელო უბიწოო, და მოგვანიჭებ ლხინებასა და კურნებასა, უხრწნელო დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო, და მეოხ-ხარ სოფლისათვის დაუცხრომელად.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მხოლო ქვეყანასა ზედა და უფსკრულ ცათა შინა. საფარველ მტკიცე ყოვლად-წმიდაო, რომელნიცა მოივლტიან შენდა სარწმუნოებით, სულითა სახარულევანო.



გალობა 5.


ძლის-პირი: ღამე ბნელი ურწმუნოთა, ქრისტე, მორწმუნეთა ნათელ-ჰყოფ სიტყვათა შენთა მადლითა. ამისთვის ჩვენცა შენდა აღვიმსთობთ და ღმრთეებასა შენსა ვადიდებთ.


სნეულებათაგან და ყოველთა წყლულებათა ყოველნი განათავისუფლენ, ღმრთისმშობელო, რომელნი-ესე ტაძარსა შენსა მარადის მოივლტიან, ყოვლად-უხრწნელო.


უცხო საკვირველება აღესრულა შენ ზედა, ღმრთისმშობელო, რამეთუ ყოველთა შემოქმედი და უფალი ხორცითა იშვა შენ მიერ, სძალო, ცხოვრებისათვის ყოვლისა სოფლისა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ტაძარი შენი, ღმრთისმშობელო, გამოჩნდა სულიერთა ვნებათა განმწმედელად, და მწუხარეთა მიანიჭებს დღეს სიხარულსა გამოუთქმელსა, ქალწულო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, ღმრთისა მეუფისა და მაცხოვრისა დედაო, ჭირთაგან განგვარინენ ჩვენ, და ყოველთა სავნებელთაგან მონანი შენნი დაგვიცვენ, ყოვლად-უხრწნელო.



გალობა 6.


ძლის-პირი: დანთქმული ღელვითა სოფლისა ამის განსაცდელთათა, ნავითა ცოდვისათა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ, ვითარცა იონა, ხრწნილებისაგან და სიკვდილისა მიხსენ, ქრისტე.


ყოვლისა სალმობისა, ხრწნილებისა და წყლულებათა და ჭირთაგან გვიხსენ და განგვარინენ პატივის-მცემელნი შენნი, დედუფალო წმიდაო, უბიწოო, ყოვლად-ქებულო, ღმრთისმშობელო ქალწულო, სასოო ჩვენო.


აცხოვნენ ყოველნი მორწმუნენი, ყოვლად-წმიდაო, და იხსნენ ყოველთა ცოდვათა, ვნებათა და საცდურთაგან საეშმაკოთა, და ნუ უგულებელს-მყოფ ჩვენ ჟამსა განკითხვისასა, რამეთუ შენ ხარ სასოება ჩვენ მოსავთა შენთა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ვინ-მე მოივლტოდა პატიოსანსა ტაძარსა შენსა, ღმრთისმშობელო, და არა მსწრაფლ მიემთხვია კურნებასა სულთა და ხორცთასა უხვებით შენ მიერ, და ღირს იქმნა წყალობასა, უხრწნელო ქალწულო საგალობელო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოველთა წმიდათა ზეცისა მხედრობათა და მეოხებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, გვილხინე ჩვენ და მოგვიტევენ ცოდვანი ჩვენნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან ჩვენმან.



გალობა 7.


ძლის-პირი: ყრმათა ბაბილონს, სახუმილსა მას შინა ცვარი ეცვრია ზეგარდამო, ღმრთისა მიერ; ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო, მამათა ჩვენთა ღმერთო, უკუნისამდე.


შეიწყალენ შენ, მაცხოვარ, სულნი მიცვალებულთა ძმათა ჩვენთანი, რამეთუ შენ ხარ სასოება ცხოვრებისა ჩვენისა; იხსენ, ულხინე და შეუნდვენ შეცოდებანი მათნი, ვითარცა მოწყალემან.


გიხაროდენ შენ, სოფლისა სალხინებელო ქალწულო; გიხაროდენ ბაზმაკო და ტაკუკო ოქროისაო, საღმრთოისა მის მანანასაო და ნათელო ყოვლადწმიდაო კურთხეულო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


გაქებთ შენ, ერთსა ღმერთსა სამებით, და გიღაღადებთ ხმითა სამწმიდაობითა. ვედრებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, ერსა შენსა მოჰმადლე მოწყალებანი შენნი აურაცხელნი.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ჰოი ქალწულო, რომელმან ჰშევ მაცხოვარი, მეუფე და უფალი, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, დედაო ქრისტეს ღმრთისაო.



გალობა 8.


ძლის-პირი: რომელი მხოლო არს მეუფე დიდებისა, რომელსა გუნდნი ზეცათანი აქებენ, და ეშინის ანგელოზთა კრებულსა; მღვდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.


მეოხებითა მით უბიწოისა დედისა შენისათა, მოწყალეო, და ყოველთა წმიდათა შენთათა, წყალობანი შენნი მოგვანიჭენ ჩვენ და ერსა ამას შენსა, ვითარცა მოწყალემან და კაცთმოყვარემან.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მეოხებითა მით, დიდებულთა მთავარ-ანგელოზთა და ანგელოზთა და ყოველთა ზეცისა ძალთათა, მაცხოვარ, მონანი შენნი უვნებელად დაგვიცვენ, ვითარცა სახიერ-ხარ და კაცთმოყვარე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მეოხებითა დღეს პატიოსნისა და დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, იესო ქრისტე ღმერთო მაცხოვარო, დაგვიცვენ მონანი ესე შენნი.



გალობა 9.


ძლის-პირი: მტვირთველმან გამოუთქმელად უხრწნელებისამან, სიტყვასა დამბადებელსა ავასხა ბუნება; მოვედ უბიწოო ქალწულო ღმრთისმშობელო, შენგან შობილისა თანა, მასწავენ მორწმუნეთა, რათა ღირს-ვიქმნნეთ ჩვენ დიდებად შენდა.


მეოხებითა, უფალო, დიდებულთა მოციქულთა, მოწამეთა და ყოველთა წმიდათა შენთათა, წყალობანი შენნი მოგვანიჭენ უხვებით ერსა ამას შენსა დღეს, ვითარცა სახიერმან და მოწყალემან.


ოხითა დიდებულთა უვერცხლოთა მკურნალთათა, ღმრთისმშობელო ქალწულო, მონანი ესე შენნი დაგვიცვენ ბოროტთაგან, ვითარცა სასომან და სიქადულმან ყოვლისა სოფლისამან, უხრწნელო, და მფარველმან სულთა ჩვენთამან, კურთხეულო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მამასა და ძესა დიდების-ვმეტყველებდეთ ყოველნი, ხოლო სულსა წმიდასა აღვამაღლებდეთ მეტყველნი: სამებაო წმიდაო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი, რომელნი ღმერთად და უფლად აღგიარებთ და გმონებთ სარწმუნოებით, და გვიხსნენ განსაცდელთა მათგან.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


გამოუთქმელად ჰშევ პირველ საუკუნეთა ღმერთი და დამბადებელი შენი, ქალწულო უხრწნელო, რომელმანცა აცხოვნა ყოველი სოფელი, სიწმიდით დამტევნელო და ქალწულებით მშობელო უფლისაო, გვაცხოვნენ მადიდებელნი შენნი.



მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.



დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: რამეთუ წმიდა ხარ ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



ტროპარი, ხმა 8:


აჰა წარმოდგა ჟამი ყოველთა განწმედისა, და მართლმსაჯული მიგველის ჩვენ განკითხვად. არამედ მოიქეც, სულო ჩემო, სინანულად, ვითარცა მეძავი იგი, და ღაღადებდ: მხსნელო იესო, შემიწყალე მე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ვითარცა ღმერთ ხარ, ქრისტე, აღმოუცენე წყარო კურნებისა, პატიოსანსა ტაძარსა ქალწულისა ღმრთისმშობელისასა დღეს კურთხევაი შენი.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ქალწულებით ჰშევ, უქორწინებელო, და ქალწულადვე ჰგიე, უსძლოო დედაო ღმრთისაო, ღმრთისმშობელო მარიამ, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.


ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, საქმენი ხელთა ჩვენთანი წარმართე და შენდობა ცოდვათა მოანიჭე სულთა ჩვენთა, რომელნი ვღაღადებთ ქებასა ანგელოზთასა:


წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.



დიაკონი: მოხედენ.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 4: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მკითხველმან: (მუხლი): უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევსძრწუნდე.


მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მკითხველმან: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა.


მგალობელთა: ვისა მეშინოდეს?!


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ.


სამოციქულო ებრაელთა II, 11-18.


ძმანო, განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათვისცა არა ჰრცხვენის ძმად წოდებაი მათი და იტყვის: მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ. და მერმე იტყვის: მე ვიყო მოსავ მისსა; და კვალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან. რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ხორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რათა სიკვდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ხელმწიფება აქუნდა სიკვდილისა, ესე იგი არს ეშმაკი. და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკვდილისათა სამარადისოდ ცხოვრებად თანამდებ იყვნეს კირთებისა. რამეთუ არასადაით ანგელოზთაით იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაამისა იწყო. ამისთვის ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსება, რათა მოწყალე ექმნეს და სარწმუნო მღვდელთმოძღვარ ღმრთისა მიმართ, რათა ულხინებდეს ცოდვათა ერისათა. რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალუძს, რომელნი-იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): მხიარულ იქმნა გული ჩემი.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).



დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.


სახარება იოანესი 5: 1-4.


მას ჟამსა შინა, აღვიდა იესო იერუსალიმად. და არს იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაი, რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთა, ბრმები, მკელობლები, განხმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმღვრევასა. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამღვრიის წყალი იგი, და რომელიცა პირველ შთავიდის აღმღვრევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა.


მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


მშვიდობიანი კვერექსი


დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმინდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა და მეუფებისა მისისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: კეთილ-შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა, და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა წმიდა იქმნას წყალი ესე, ძალითა და შეწევნითა და დანერგვითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა დაენერგოს წყალთა ამათ შინა წმინდამყოფელი ძალი ერთ-არსისა სამებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა იქმნას წყალი ესე საკურნებელ სულთა და ხორცთა ჩვენთა, და ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა მოენიჭოს წყალსა ამას მადლი გამოხსნისა და კურთხევა იგი იორდანისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რომელნი ითხოვენ ღმრთისაგან შეწევნასა და შეწყნარებასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა განგვანათლნეს ჩვენ უფალმან ნათლითა მეცნიერებისა წმიდისა და ერთარსისა სამებისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან გამოგვაჩინნეს ჩვენ ძედ და მკვიდრად სასუფეველისა ცათასა, წყლისა ამის მოღებითა და სხურებითა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა გვიხსნნეს ჩვენ ყოვლისა სენისა და სნეულებათაგან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელმან: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი დიდ ხარ ზრახვათა შინა შენთა და საკვირველ ყოველთა შინა საქმეთა შენთა, შემოქმედო და დამბადებელო ყოველთაო, რომელი სცავ აღთქმათა შენთა და სწყალობ მოყვარეთა შენთა და მცველთა ბრძანებათა შენთასა, რომელი ყოველთა ჭირვეულთათა ლმობიერად მიითვალავ ცრემლთა, რამეთუ ამისთვისცა მებრ ხატი მონისა შეიმოსე, არა საოცრად ჩვენდა გამოჩინებულმან, არამედ სრულითა ხორცითა ჭეშმარიტებით მნებებელმან ჰბრძანე: აჰა მრთელ-იქმენ და ნუღარა სცოდავ; და მიწისაგანცა ცხოველად შეჰქმენ თვალნი შობითგან ბრმისანი და მისმან განბანად ბრძანებელმან მყისსა შინა ნათლისა შემწყნარებელ-ყავ იგი სიტყვით; რომელი ყოველთა წინააღმდგომთა და მწიკულევანთა აღძრვათა დააცხრობ და სოფლისა ამის მწარესა და მარილიანსა ზღვასა დააყუდებ ქვესკნელისათა, და წყვდიად-შემოსილთა გემოთა ცოდვისათა დაშრეტ მღელვარებასა; შენ უკვე კაცთ-მოყვარეო მეუფეო, რომელმან მომეც მე თოვლებრ ბრწყინვალე ნათელი შემოსად სამკაული წყლისა მიერ და სულისა, განგვწმიდენ ჩვენ აწცა წყლისა ამის შეხებითა, სხურებითა და კურთხევითა შენითა და განბანენ ბიწნი ვნებათა ჩვენთანი. ჰე გევედრებით, მოიხილე ჩვენ ზედა, სახიერო, სნეულთა ამათ და განკურნენ უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩვენთანი მოწყალებითა შენითა და მეოხებითა ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა და უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა ყოვლად-პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთათა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, და წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა მამათა ჩვენთა, ათანასე და კვირილე, ალექსანდრიისა პატრიარქთა; წმიდისა მამისა ჩვენისა სპირიდონ საკვირველთმოქმედისა ტრიმიფუნტელისათა; და წმინდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისათა, წმიდისა დიდებულისა დიდისა მოწამისა დიმიტრისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, წმიდათა დიდებულთა და საკვირველთ-მოქმედთა უვერცხლოთა მკურნალთა კოსმა და დამიანე, კვიროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, სამსონ, დიომიდე, მუკი, ანიკიტე, თალალე და ტრიფონისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, მისი ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, დაიცევ, უფალო, ღმრთივ-დაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, და მოანიჭე სულთა და ხორცთა სიმრთელე, და აქა მდგომარეთა ამათ მონათა შენთა და ყოველთა სახლთა ამათ შინა მყოფთა ქრისტიანეთა კეთილი მოქალაქობა მოანიჭე. მოიხსენე, უფალო, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და (მაღალყოვლადუსამღვდელოესი ან ყოვლადუსამღვდელოესი (ეპარქიის სახელი), მიტროპოლიტი, მთავარეპისკოკოსი ან ეპისკოპოსი (სახელი) მართლმკვეთელნი სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისანი, და ყოველი სამღვდელო და სამონაზნო წესი კეთილითა ცხოვრებითა დაიცევ. მოიხსენე, უფალო, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩვენნი. მოიხსენე, უფალო, კეთილ-მსახურნი ძმანი ჩვენნი აქა-მყოფნი და რომელნი თანამდებთა საქმეთათვის დაკლებულ არიან და რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთა ამათდა. მოიხსენე, უფალო, რომელნი ტყვეობასა შინა არიან და ანუ ჭირსა შინა არიან, მამანი და ძმანი ჩვენნი, და იხსნენ ყოვლისა განსაცდელისაგან და შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. რამეთუ შენ ხარ წყარო იგი კურნებათა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა: შენ, უფალო.



მღვდელმან: (ლოცვა საიდუმლოდ) მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩვენი, რომელმან იორდანეს ნათლისღება თავს-იდევ და განწმიდენ წყალნი. გვაკურთხენ ჩვენ ყოველნი, რომელნიცა მოდრეკითა ქედთა ჩვენთათა, ვაჩვენებთ მონებრივსა სახესა. და ღირს მყვენ ჩვენ სიწმიდითა შენითა აღვსებად წყლისა ამის მოღებითა და სხურებითა, და გვექმნენ ჩვენ, უფალო, საკურნებელ სულთა და ხორცთა ჩვენთა. რამეთუ შენ ხარ განმწმედელი ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ამისა შემდგომად მღვდელმან მოიღოს პატიოსანი ჯვარი და აკურთხოს წყალი, სამ-გზის შთაიყვანოს და აღამაღლოს ზე აღმართებით და თითოეულსა შთაყვანებასა ჯვარისასა იტყოდეს:


აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ – უფალო, დიდება შენდა.


ხოლო რაჟამს სრულ-ჰყოს ესე ყოველი მგალობელნი გალობენ ტროპარსა.


მგალობელთა: ღირსად გამოგვაჩინენ ჩვენ ნიჭთა შენთაგან, ქალწულო ღმრთისმშობელო, დედოფალო წმიდაო, და განგვწმიდენ ჩვენ ცოდვათა მწიკულისაგან და უყისა შეცოდებათასა, და მოგვმადლე კურნება სულთა და ხორცთა, რომელნი სარწმუნოებით მოვიღებთ კურთხევასა შენსა, უხრწნელო.


მღვდელი ემთხვევის პატიოსანსა ჯვარსა და ეგრეთვე ყოველივე ერნი; და ასხურებს ყოველსა ერსა, და ადგილთა და ეკლესიისა.


დასდებელი, ხმა 4:


წყარო გაქუს კურნებათა, წმიდანო უვერცხლონო, და მიანიჭებთ კურნებასა ყოველთა მვედრებელთა, ვითარცა ნიჭთა დიდთა ღირს-ქმნილნი წყაროსაგან დაუწყვედელისა ქრისტეს მაცხოვრისა ჩვენისასა. რამეთუ თქვა თქვენდა მომართ უფალმან, ვითარცა მოციქულთა მობაძავთა: აჰა მიგცემ თქვენ ხელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა, განკურნებად ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. ვინა ვითარცა ბრძანებათა მისთა კეთილად დამცველთა, უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩვენ, და განკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩვენთანი. მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, ყოვლად უბიწოო, და დააცხრვე ძვირთა ჩვენ ზედა აღდგომა, და ყოვლისა მწუხარებისაგან გვიხსნენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო გვაქუ მტკიცედ და შეურყეველად სიმტკიცედ, და შენსა შეწევნასა შევევედრებით, ნუმცა სირცხვილეულ-ვიქმნებით დედოფალო, შენნი მვედრებელნი, არამედ ისწრაფე მეოხებად ჩვენდა, რომელნი სარწმუნოებით ვხმობთ შენდამი: გიხაროდენ, დედოფალო, ყოველთა შემწეო, სიხარულო და მცველო სულთა ჩვენთაო.



დედოფალო, მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, და გვიხსნენ ჩვენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.


კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან წმიდა ესე მონასტერი და ადგილი და ქალაქი ესე და ყოველნივე ქალაქნი და სოფელნი, სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისა, ცეცხლისა, მახვილისა და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან მბრძოლისა, და სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, რათა მოწყალე გვექმნეს ჩვენ ღმერთი, კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა და გარე წარაქციოს რისხვა მარადღე ჩვენდა მომავალი, და გვიხსნნეს ჩვენ სამართლად ჩვენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩვენ.


მგალობელთა უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).


მღვდელმან: შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა: შენ, უფალო.



მღვდელმან: მეუფეო მრავალმოწყალეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მეოხებითა ოვლადუხრწნელისა, დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, ქართველთათვის პირველმქადაგებელისა ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომე და თადეოზისათა, წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და კეთილად-მძლეთა მოწამეთა, წმინდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა სვიმეონ საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა (და იმ წმინდანის, სახელი ვისი ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, კეთილმითვალულ-ჰყავ ვედრებაი ჩვენი, მოგვანიჭე ჩვენ შენდობა შეცოდებათა ჩვენთა, დაგვიფარენ ჩვენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, წარსდევნენ ჩვენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ჩვენი, დაამშვიდე ცხოვრებაი ჩვენი, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ და სოფელი შენი, და აცხოვნენ სულნი ჩვენი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ.



დიაკონი: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.


- უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)


სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).