მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ტროპარი წმიდისა, რომლისაცა იყოს ხატი იგი.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
მღვდელმან: უფალო და მეუფეო ჩუენო, ყოვლისა მპყრობელო, მამაო უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესო, რომელმან უბრძანე მონასა შენსა მოსეს, რათა გამოსახოს ხატი ქერუბიმთა კარავსა წმიდასა, და ჩვენცა, უფალო, ეგრეთვე მოგვიღებიეს ხატი წმიდა, და დღესასწაული ამათი, და გევედრებით, მეუფეო ჩვენო, რათა მოუვლინო მადლი სულისა შენისა წმიდისა, და ანგელოზი შენი ამას ხატსა ზედა წმიდასა, რათა, რომელიცა ევედრებოდეს, აღუსრულდებოდეს ვედრება მისი. მადლითა და მოწყალებითა საყვარელისა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და კაცთ-მოყვარისა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა, იესო ქრისტესითა. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა მხოლოდ-შობილით ძით და ყოვლადწმიდით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ასხურებს წმიდა წყალს ჯვარის-სახედ (3-გზის) და იტყვის:
იკურთხება ხატი ესე, სხურებითა წმიდისა აიაზმისა, მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, სიმრთელისა, მშვიდობისა, დღეგრძელობისა, კეთილად წარმართებისა მონისა შენისა (სახელი)- სათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა გარდამოავლინოს უფალმან და მოანიჭოს და დაემკვიდროს ამას ხატსა ზედა მადლი ყოვლად-წმიდისა სულისა და ანგელოზი ღმრთისა მოვიდეს და დაემკვიდროს ამას თანა, და რომელიცა ევედრებოდეს, სწრაფად აღუსრულდებოდეს, ამისთვის ვსთქვათ ყოველთა ვედრებით:
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (12-ჯერ).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).