ხოლო შემდგომად ლიტურგიისა, მოვლენ შეუღლვილნი იგი საშუალ ტაძრისა. კაცი დასდგების მარჯვენით, ხოლო ქალი მარცხენით. მღვდელი დასწერს ჯვარსა თავსა ზედა მათსა 3-გზის, და მისცემს მათ ანთებულსა სანთლებსა. დასდებს ბეჭდებსა ტრაპეზსა ზედა და აკმევს საკურთხეველსა.
დიაკონი: გვაკურთხენ, მეუფეო.
მღვდელი: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისპოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა მოჰმადლოს ამათ შვილნი შესაწევნელად თვისად და პატიოსნად ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა მოანიჭოს ამათ სიყვარული სრული მშვიდობით და სიმართლით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა დაიფარნეს ესენი შეერთებითა, და მტკიცითა სარწმუნოებითა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იკურთხნენ ესენი ერთობითა მტკიცითა სარწმუნოებითა ღმრთისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა დაიცვნეს ესენი უბიწოითა მოქალაქობითა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან მოჰმადლოს ამათ პატიოსანი ქორწილი, და საწოლი შეუგინებელი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელი იტყვის ლოცვასა ამას დიდითა ხმითა:
უფალო საუკუნეთაო, რომელი განყოფილთა შეჰკრებ ერთად და საკრველითა სიყვარულისათა შეჰკრავ განუხსნელად, რომელმან აკურთხე ისააკი და რებეკა და მკვიდრად შენისა აღთქმისა გამოაჩინენ იგინი, ეგრეთვე აკურთხენ მონანიცა ესე შენნი და განამტკიცენ ყოვლითა საქმითა კეთილითა. რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან წარმართთაგან დაიწინდე თავისა თვისისა ეკლესია ქალწული უბიწო, აკურთხე წინდობაცა ესე, შეაერთენ და დაიცვენ მონანიცა ესე შენნი (სახელები) მშვიდობით და ერთობით. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმა მიიღოს ბეჭდები, პირველად მისცეს კაცსა ბეჭედი ქალისა. გამოსახავს ჯვარსა ბეჭდითა თავსა ზედა მათსა და იტყვის:
დაიწინდვის მონა ღმრთისა (სახელი კაცისა) და მხევალი ღმრთისა (სახელი ქალისა) სახელითა მამისათა ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
და გაუკეთებს კაცსა ბეჭედსა ქალისასა.
შემდეგ ეტყვის ქალსა:
დაიწინდვის მხევალი ღმრთისა (სახელი ქალისა) და მონა ღმრთისა (სახელი კაცისა) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
და გაუკეთებს ბეჭედსა კაცისასა ქალსა.
შემდეგ შეუცვლიან მიმქმელნი (ანუ მეჯვარეები) ბეჭდებსა და მისცემენ თავ-თავისსა.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა-იგი წარავლინა მამათმთავარმან აბრაამ მონა თვისი შუამდინარედ, სასძლოდ მოყვანებად ისააკისათვის ძისა თვისისა ცოლად, და მონისა მის შუამდგომელობითა დაეწინდა რებეკა, და მით წინდობა განაწესე, ეგრეთვე აკურთხე წინდობაცა მონათა ამათ შენთა (სახელი მამაკაცისა, და დედაკაცისა), დაამტკიცე ამათ ზედა აღთქმა სიტყვათა ამათთა, და განაძლიერენ ესენი შენ მიერითა წმიდითა შეერთებითა. რამეთუ შენ ხარ, რომელმან დასაბამსა შეჰქმენ მამაკაცი და დედაკაცი, და შენ მიერვე შეერთდებიან ქმარ-ცოლნი, შესაწევნელად თვისად და ნათესავთა ზედა კაცთასა. შენ ღმერთო ჭეშმარიტებისაო, გარდამოავლინე მაღლით სამკვიდრებელით შენით მონათა ამათ შენთა ზედა აღთქმა-იგი, რომელ აღუთქუ მიცემად მამათა ჩვენთა, და თვითოეულსა ზედა ნათესავსა, და ნათესავსა რჩეულთა შენთასა, ეგრეთვე მოიხილე მონათა ამათ შენთა ზედა (სახელი მამაკაცისა და სახელი დედაკაცისა), დაამტკიცენ წინდობა ამათი სარწმუნოებით და ერთობით, ჭეშმარიტებით და სიყვარულით, რამეთუ შენ ხარ უფალი იგი, რომელმან გამოაჩინე წინდობა და მიეც ყოველთა, და მით დაამტკიცებ ყოველთა. რამეთუ ბეჭდისა მიერ მიეც ხელმწიფება ეგვიპტისა იოსებს. ბეჭდისა მიერ იდიდა დანიელ სოფელსა ბაბილონისასა. ბეჭდისა მიერ გამოცხადნა ჭეშმარიტება თამარისი. ბეჭდისა მიერ მამა ჩვენი ზეცათა მოწყალე იქმნა ძესა ზედა თვისსა, ვითარცა იტყვის: შეაცუთ ბეჭედი მარჯვენესა მისსა და დაუკალთ ზვარაკი ჭამებული, ვჭამოთ და ვიხარებდეთ. მარჯუენე იგი შენი, უფალო უძღოდა მოსეს ზღვასა მას ზედა მეწამულსა. ჭეშმარიტისა შენისა სიტყვისა მიერ ცანი დაემტკიცეს და დაეფუძნა ქვეყანა. მარჯვენე მონათა შენთა იკურთხევის სიტყვითა სიმტკიცისა შენისათა, და მკლავითა შენითა მაღლითა. აწცა შენ, მეუფეო, აკურთხენ ესენი ბეჭდისა დადებისა მიერ, კურთხევითა ზეციერითა, და ანგელოზისა უფლისა მოვლინებითა წინაშე ამათსა ქმნად ნებისა შენისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთაზრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა)-თვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით ახალ დაწინდულთა მონათა ამათ ღმრთისათა (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა)-თვის.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, ყოველთა ძმათა, და ყოველთა ქრისტიანეთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა ძისა და და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
თუ მხოლოდ წინდობა აღესრულება, მღვდელი ჩამოილოცავს...
დასდგებიან შეუღლვილნი შუა ტაძარში ანთებულითა სანთლებითა. მღვდელი დასდგების წინაშე ტაბლისა, რომელსა ზედა დევს გვირგვინნი, უკმევს და წართქვამს ფსალმუნის მუხლებს.
მღვდელი: ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა.
მგალობელთა დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მღვდელი: და რომელნი ვლენან გზათა მისთა.
მგალობელთა დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მღვდელი: ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ.
მგალობელთა დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მღვდელი: ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ.
მგალობელთა დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მღვდელი: ცოლი შენი, ვითარცა ვენახი მსხმოი, კიდეთა სახლისა შენისათა.
მგალობელთა: დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მღვდელი:შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი გარემოს ტაბლისა შენისა.
მგალობელთა: დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მღვდელი: აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა.
მგალობელთა: დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მღვდელი: გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალემისა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა.
მგალობელთა: დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მღვდელი: და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი, მშვიდობა ისრაელსა ზედა.
მგალობელთა: დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: მონისა ამის ღმრთისა (სახელი მამაპაცისა) და მხევლისა ამის ღმრთისა (სახელი დედაკაცისა) აწ ურთიერთას შეერთებისათვის ქორწილისა მიერ ზიარებითა და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იკურთხოს ქორწილი ესე, ვითარცა იკურთხა ქორწილი იგი კანას გალილეასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა მოანიჭოს ამათ უმანკოება, და ნაყოფი მუცლისა სარგებელისა მარჯვე, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იხარებდენ ესენი ხილვითა ძეთა და ასულთა თვისთათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა მოანიჭოს ამათ კეთილ-შვილიერებით სიცოცხლე, და მეცნიერებით მყოფობა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა მოანიჭოს ამათ და ჩვენცა ყოველნი საცხოვრებელად თხოვანი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
ღმერთო უხრწნელო, და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან გვერდისგან ადამ პირველისა მამისა ჩვენისა მოღებული ფერცხალი კაცთ-მოყვარებითა შენითა დედაკაცად შესცვალე, აკურთხენ იგინი, და არქუ: აღორძინდით და განმრავლდით, და სუფევდით ქვეყანასა ზედა, და ორნივე ერთხორცად გამოაჩინენ შეუღლვითა და სთქუ: ამისთვის დაუტეოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი, და მიეკრვის ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც, რამეთუ რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ. რომელმან მხურვალედ მოყვარული შენი აბრაამი აკურთხე, და განახვენ საშო სარრასი, და მამად მრავალთა წარმართთა ყავ იგი, რომელმან ისააკს მიანიჭე რებეკა, და ნაშობნი მათნი აკურთხენ, რომელმან იაკობის და რაქელის შეერთებასა მიჰხედე, და მათგან ათორმეტნი მამათმთავარნი აღმოაბრწყინვენ, რომელმან იოსების და ასინეთის შეუღლვითა ნაყოფად ეფრემი და მანასე მიანიჭე, რომელმან ზაქარიას და ელისაბედს მიჰხედე და შობითა მათითა წინამორბედი გამოაჩინე, რომელმან ძირისაგან იესესსა ხორციელად აღმოამორჩენ მარადის-ქალწული, და მისგან განხორციელდა და იშვა მაცხოვარი კაცთა ნათესავისა, რომელი შენითა გამოუთქმელითა ნიჭითა და მრავლითა სახიერებითა მიხვედ კანას გალილეასსა, და მუნ აკურთხენ ქორწილი იგი, რათა გამოაჩინო, რამეთუ ნება შენი არს, და შენ მიერ სჯულდებულ-არს მეუღლეობა, და მისგან შვილიერება, ეგრეთვე შენ, მეუფეო ყოვლად-წმიდაო, მოხედე ვედრებითა ჩვენითა მვედრებელსა შენსა, ვითარცა მუნ შეისმინე ვედრება და მიხვედ, ეგრეთვე აქაცა ჰქმენ უხილავად სიმტკიცითა შენითა და აკურთხე ქორწილი ესე; მონათა ამათ შენთა (სახელი კაცისა და ქალისა) მოანიჭე მშვიდობითი ცხოვრება, დღეთა სიგრძე, სიბრძნე და ურთიერთას სიყვარული, შეჰკარ სიმშვიდით ნაყოფთა მათთათვის, მოეც შვილთა მათთა კეთილი მოქალაქობა, მადლი და შენდობა ცოდვათა, გვირგვინი დიდებისა და ღირს-ყვენ ესენი ხილვად შვილთა და შვილისშვილთა, და საწოლი ამათი ყოვლისა განდგომილებისა საქმისაგან დაიცევ, და მოეც ამათ ზეგარდამო ცვარი ცისაგან და ქვეყანისაგან პოხიერება. განამრავლენ სახლნი ამათნი პურისაგან, ღვინისა, ზეთისა და ყოვლისაგან კეთილისა, რათა შენდა შესწირვიდენ, რაოდენიცა ჯერ-იყოს და მოანიჭე ამათ და აქა მდგომარეთა საცხოვრებელად თხოვანი მათნი. რამეთუ ღმერთი წყალობისა, და კაცთ-მოყვარებისა, და მაცხოვარებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან საიდუმლოსა ამის უხრწნელისა ქორწინებასა ზედა იმღვდელმოქმედე, და ხორციელებრივითა საქმითა სჯულდებულ-ჰყავ, რომელი განუხრწნელად სცავ მოქალაქობასა კაცთასა, და სახიერებითა შენითა განაგებ ყოველთა. აწ მეუფეო, რომელმან დასაბამსა დაჰბადე კაცი, და დაადგინე მეფედ დაბადებულთა ზედა და ბრძანე: არა კეთილ-არს მხოლოდ ყოფა კაცისა ოდენ ქვეყანასა ზედა, ვქმნეთ ამისა შემწე; გამოუღე გვერდი ერთი, და გვერდისა მისისაგან დაჰბადე დედაკაცი. ხოლო რაჟამს იხილა ადამ, თქუა: „ესე არს ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისგან გამოვიდა იგი. ვის დაუტევოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი, და მიეკრვის ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ. აწ, მეუფეო, უფალო ღმერთო ჩვენო, ზეგარდამოუვლინე მადლი შენი მონათა შენთა (სახელი კაცისა და ქალისა), და მოეც ასულსა ამას მორჩილება ქმრისა თვისისა. და მონასა შენსა, რათა იქმნას თავ ცოლისა თვისისა, და ცხოვრობდნენ ნებითა შენითა. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე აბრაამ და სარრა. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე ისააკი და რებეკა. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე იაკობ და ყოველნი მამათმთავარნი. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე იოსებ და ასინეთ. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე მოსე და სეპფორა. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე იოაკიმ და ანნა. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე ზაქარია და ელისაბედ. დაიცვენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა დაიცევ ნოე კიდობანსა შინა. დაიცვენ ესენი უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა დაიცევ იონა მუცელსა ვეშაპისასა. დაიცვენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა დაიცევ სამნი ყრმანი ცეცხლსა შინა. გარდამოუვლინე ამათ ცვარი ზეგარდამო, მოვედინ ამათ ზედა მადლი იგი, რომელიცა იყო ნეტარსა ელენეს ზედა, რაჟამს ჰპოვა პატიოსანი ჯვარი. მოიხსენენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა მოიხსენე ენუქ, სემ, და ილია. მოიხსენენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა მოიხსენე წმიდანი ორმეოცნი შენნი მოწამენი, და გარდამოუვლინე მათ ზეგარდამო გვირგვინნი. მოიხსენენ, ღმერთო, გამზრდელნი ამათნი, და მშობელნი, რამეთუ ლოცვითა მშობელთათა დაემტკიცების საფუძველი სახლისა. მოიხსენენ, უფალო ღმერთო ჩვენო, მონანი შენნი, რომელნი გარემოს არიან სძალსა ამას თანა, და მოსულ არიან სიხარულსა ამას. მოიხსენენ, უფალო ღმერთო ჩვენო, მონანი ესე შენნი (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა), და აკურთხენ ესენი. მოეც ამათ ნაყოფი მუცლისა, კეთილშვილიერება, ერთობა სულთა და ხორცთა. აღამაღლენ ესენი, ვითარცა ნაძვნი ლიბანისანი, ვითარცა რქანი ვენახისანი. მოეც ამათ თესლი კეთილი, რათა ყოვლითავე კეთილშვილიერებისა ქონებითა გარდაემატნენ ყოვლისა კეთილისა საქმითა, შენ სათნო გეყვნენ და იხილონ შვილისშვილნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა მათისა, სათნო გეყვნენ წინაშე შენსა ბრწყინვალედ, ვითარცა მთიებნი ზეცისანი, უფალო, და შენდა დიდებასა აღავლენდენ. რამეთუ შენი არს დიდება, სიმტკიცე, პატივი, და თაყვანის-ცემა, თანა-დაუსაბამოით მამით შენით და ცხოველს-მყოფელით სულით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
ღმერთო წმიდაო, რომელმან დაჰბადე მიწისაგან კაცი და გვერდისა მისისაგან აღუშენე დედაკაცი, და შეაუღლე იგი შემწედ მისდა. ესრეთ განაგე დიდებულებითა შენითა, არა ყოფად მხოლოდ კაცი ქვეყანასა ზედა. და აწ შენ, მეუფეო, ამათ ზედა მოყავ ხელი შენი წმიდით სამკვიდრებელით შენით, და შეაერთენ მონანი ესე შენნი (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა), რამეთუ შენ მიერ შეერთდების კაცი და დედაკაცი. შეაუღლენ ესენი ერთითა გონიერებითა, გვირგვინოსან-ყვენ ესენი შეერთებითა, ერთხორც-ყავ და მოჰმადლე ამათ ნაყოფი მუცლისა, კეთილშვილიერებისა აღსრულება. რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
აღიღებს მღვდელი გვირგვინებსა. პირველად დაადგამს სიძესა და იტყვის:
გვირგვინოსან იქმნების მონა ესე ღმრთისა (სახელი), და მხევალი ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მერმე დაადგას სძალსა, და თქვას:
გვირგვინოსან იქმნების მხევალი ესე ღმრთისა (სახელი), და მონა ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემდგომად 3-გზის ჯვარი დასახოს მათ და 3-გზისვე თქვას ესე:
უფალო ღმერთო ჩვენო, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან-ყვენ ესენი.
დიაკონი: მოხედენ.
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 8: დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.
მგალობელთა: დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.
მკითხველმან: (მუხლი): რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისათა.
მგალობელთა: დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.
მკითხველმან: დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
მგალობელთა: ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: ეფესელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათვის, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ღმერთსა და მამასა. დაემორჩილენით ურთიერთარს შიშითა ქრისტესითა. ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გვამისა. არამედ ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა; ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითავე. ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია, და თავი თვისი მისცა მისთვის, რათა იგი წმიდა-ყოს, განსწმიდა იგი საბანელითა მით წყლისათა და სიტყვითა, რათა წარუდგინოს თავადმან თავსა თვისსა დიდებულად ეკლესია, რათა არა აქუნდეს მწიკულევანება, არცა ნაოჭ ბრძვილისა, არცა სხვა რა ესე-ვითარი, არამედ რათა იყოს წმიდა და უბიწო. ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს. რამეთუ არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ჰზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა, რამეთუ ასონი ვართ გვამისა მისისანი, ხორცთა მისთაგანნი და ძვალთა მისთაგანნი. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი, და მიეკრვის ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც. საიდუმლო ესე დიდ ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა. გარნა თქვენცა კაცად-კაცადმან თვისი ცოლი ეგრეთ შეიყვარეთ, ვითარცა თავი თვისი. ხოლო ცოლსა მას რათა ეშინოდის ქმრისა.
მკითხველმან: ალილუია (3-გზის).
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: შენ უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელი: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მას ჟამსა შინა ქორწილი იყო კანას გალილეასასა და მუნ იყო დედა იესოსი. მიჰხადეს იესოს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას, და ვითარ მოაკლდა ღვინო, ჰრქვა იესოს დედამან მისმან: ღვინო არა აქუს. ჰრქვა მას იესო: რა არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი. ჰრქვა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაცა გრქვას თქვენ, ყავთ! იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექვსნი მდგომარენი, მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათასა, რომელთა შთაასხიან საწყაული ორ-ორი, გინა სამ-სამი. ჰრქვა მათ იესო: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ, და ჰრქვა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართვით პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართვეს, და ვითარცა გემო იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღვინო იქმნა, და არა უწყოდა, ვინა იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა. მოუწოდა პურისა უფალმან სიძესა და ჰრქვა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღვინო პირველად წარმოდგის და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დამარხე ღვინო კეთილი აქამომდე. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესო კანას გალილეასასა და გამოუცხადა დიდება თვისი და რწმენა მისი მოწაფეთა მისთა.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: ვთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა, ვთქვათ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: უფალო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვიწყალენ, ჩვენ, ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით სიმრთელისა, ცხოვრებისა, მშვიდობისა, მონისა ღმრთისა (სახელი კაცისა) და მხევლისა ღმრთისა (სახელი ქალისა) ვთქვათ ყოველთა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მაცხოვარებისა შენისა განგებულებითა ღირს-ყავ კანას გალილეასსა პატიოსნად გამოჩინებად ქორწილი იგი მუნ მისლვითა შენითა, შენვე აწ მონათა ამათ შენთა (სახელი მამაპაპისა და დედაკაცისა), რომელნი სათნო-იყვენ შეერთებად ურთიერთას, მშვიდობით და ერთობით დაიცევ. ქორწილი ამათი პატიოსნად, წმიდად და შეუგინებელად გამოაჩინე. საწოლი ამათი დაიფარე შეუძრველად. მოქალაქობა ამათი დამყარებულ-ყავ სათნო-ყოფითა შენითა, და ღირს-ყვენ ესენი სიბერისა სიპოხისასა მიწევნად, და ქმნად წმიდითა გულითა აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, ღმერთი წყალობისა და მაცხოვარებისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოით მამით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი, და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: ქრისტეანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველი, ურცხვენელი, მშვიდობითი, და კეთილი სიტყვის-გება წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: ერთობასა სარწმუნოებისასა, და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოველთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელი: და ღირს-მყვენ ჩვენ, მეუფეო, კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა, და თქმად:
ერთად თქვან მამაო ჩვენო სრულად:
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ამისა შემდგომად მოიღოს მღვდელმან ბარძიმი საყოველთაო და აკურთხოს და თქვას ლოცვა ესე. იცის ღმერთო, რომელმან ყოველივე შეჰქმენ ძლიერებითა შენითა და დაამტკიცე სოფელი და შემკულ-ყავ გვირგვინითა ყოველნი ქმნულნი შენ მიერ, შენვე ბარძიმი ესე საყოველთაო, რომელი გვიპყრიეს ზიარებად, წარსამართებელად ქორწილისა ამის გამოაჩინე, და აკურთხე კურთხევითა სულიერითა. რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან მოიღოს ბარძიმი, და მისცეს პირველად სიძესა და მერმე სძალსა, და ქმნას ესე 3-გზის.
შეუღლებულ6ი ჩასჭიდებენ მარჯვენესა ხელსა ურთიერთს.
მეჯვარეთა ეპყრათ გვირგვინი ხელითა თავთა მათთა ზედა.
მღვდელი წინა-უძღოდეს სასაკმევლითა და შემოუვლიან ანალოღიას 3-გზის და გალობენ:
ესაია, მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შვა ძე დაუსაბამო, ემმანუილ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.
წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ, და გვირგვინოსან იქმენით, უფალსა ევედრენით ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა სიხარულო, რომელთა ჰქადაგეს სამებისა წმიდისა ერთ-არსება.
ამისა შემდგომად დასდგებიან კვალად - ანალოღიის წინ გვირგვინებითურთ.
მღვდელმან აღიღოს გვირგვინი სიძისა და თქვას:
განსდიდენ სიძე, ვითარცა აბრაამ, და იკურთხენ ვითარცა ისააკ, და განმრავლდინ ვითარცა იაკობ, სლვითა მშვიდობისათა, მოქმედებითა სიმართლისათა, მცნებათა ღმრთისათა.
და სძალსა ჰრქვას:
და შენ, სძალო, განსდიდენ, ვითარცა სარრა, და იშუებდ ვითარცა რებეკა, და განმრავლდინ ვითარცა რაქილ, სიხარულითა თვისისა ქმრისათა, დაცვითა მათისა მის სჯულისათა, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო ღმერთმან.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
ღმერთო, ღმერთო ჩვენო, რომელი მიხვედ კანას გალილეასასა და მუნ ქორწილი აკურთხე, შენ აკურთხენ მონანიცა ესე შენნი, რომელმანცა წინასწარმხედველობითა შენითა ქორწილისა ზიარებითა შეაერთენ. აკურთხენ ესენი შესლვად და გამოსლვად. განამრავლენ ყოვლითა კეთილითა ცხოვრება ამათი, და აღიხვენ გვირგვინნი ამათნი სასუფეველსა შენსა, უბიწოდ და შეუგინებელად, და უშფოთველად დაიცვენ საუკუნოდ, უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მამამან, ძემან და წმიდამან სულმან, ყოვლად-წმიდამან და თანა-არსმან, ცხოველმან სამებამან, ერთ-ღმრთეებამან და ერთ-მეუფებამან, გაკურთხენ თქვენ, მოგმადლენ თქვენ დღეთა სიგრძე, შვილიერება, კეთილმოქალაქობა, სიმდიდრე და სარწმუნოება კეთილი და აღგავსნეს თქვენ ყოვლითა ქვეყნიერითა კეთილითა, და ღირს-გყვნეს თქვენ აღთქმულსა მას კეთილსა განსვენებასა, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა მისთათა.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან აკურთხე გვირგვინი წელიწადისა, და გვირგვინისა ამის დადგმითა მიეც სჯულიერი ქორწინება ყოველთა შესაერთებელად და ურთიერთას სასყიდელი მიანიჭე, ვითარცა კეთილითა განზრახვითა და გონიერებითა მათითა, რამეთუ სიწმიდით წინაშე შენსა ქორწილი სჯულდებულ-ყავ და გამოაცხადე. ეგრეთვე განხსნა გვირგვინისა ამათისა და შეერთება ურთიერთას აკურთხე, და ერთობა ამათი განუშორებელად დაამტკიცე, რათა მარადის ჰმადლობდენ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელი: შეერთებითა დაამტკიცენ მონანი ესე შენნი, უფალო, და ლოცვითა განასრულენ, ვითარცა კანას გალილეას ქორწილი, წარავლინენ ესენი განზრახვასა მათსა ზედა. რამეთუ შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მღვდელი: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელი: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
– უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელი: რომელი კანას მივიდა და ქორწილი იგი პატიოსნად და წმიდად გამოაჩინა, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა და ღმრთივ-გვირგვინოსანთა მეფეთა და მოციქულთა თანა-ზიართა კონსტანტინე და ელენესითა, წმიდისა დიდისა მოწამისა პროკოპისათა, (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
და გალობენ მრავალჟამიერსა...
შემდგომად ამისა მოვლენ და დალოცვენ მათ, და იქმნების შემთხვევა ურთიერთას, და განასრულონ ესრეთ.